ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

ნანა ტრაპაიძე – კონვენციის აპოლოგია

nana trapaidze tariel

,,ღიმილი და ცრემლი – აი, უმაღლესი ლექსიკა…“

ტ.ჭანტურია

გამომსახველობითი კონვენცია უცვლადის მოხელთების გამოხატვაა. ეს დროში გაჩერებაა. დრო, რომელიც მოძრავია, ცვალებადია, [გვაიძულებს] შეთანხმებას იმაზე, რაც უცვლელია, იმ ფორმის პოვნას, რომელიც არსს დინებაშივე გაამყარებს. კონვენციური პოზიციებიც ცვლადია; [ხოლო] ყოველი პოზიცია, რომელსაც გამომსახველობითი პოლიტიკა ქმნის, ,,კოგნიტური შეჩერების“ პუნქტებს წარმოადგენს. ისტორიზმის თვალით, ,,კოგნიტური პუნქტები“ მკაცრი შემჭიდროების, რედუქციის გზით ინტენსიურად მოძრაობდნენ (თვით)გაუქმებისა და ავტოკომუნიკაციის მიმართულებით. კონვენციური პოეტიკის გზა – რიტმული ოპერატორის სინკრეტული წიაღიდან ვერლიბრამდე – ვერსიფიკაციის სწორედ გადამცემი/იდეოლოგიური ფუნქციის გაუქმებას ელტვის.

ამ მოძრაობის მიზანი ელემენტარულ, დაუშლელ ნაწილაკამდე, სამყაროს ემპირიული ფსკერის ატომატურ სტრუქტურამდე (მი)სვლაა. მაგრამ შეკუმშვის ამ პროცესამდე, სამყარო გლობალურ გაფართოებაში, შეთანხმებათა გლობალურ სისტემაში დასტურყოფდა თავს, რომელიც ცისა და მიწის საკრალურ კონვენციებს ეფუძნებოდა. არსებობისა და აზროვნების მიწიერი შეთანხმებებიც ამ საკრალურ პირობათაგან დაიბადა.

კლასიკური პოეტური კონვენცია სამყაროს ჰარმონიის, ცისა და მიწის კავშირ-შეთანხმების პოეტიკური მოდელირებაა და როგორც ეს კავშირ-შეთანხმება, ისიც დაუნაწევრებელია და  მთელი. ეს არის კონვენციის ექსტრავერტული პოზიცია.

რაც შეეხება შეთანხმების ინტროვერტულ არსს, შეთანხმება ნიშნავს არა განსხვავებათა (სტრუქტურის ელემენტთა) თანაარსებობაზე შეთანხმებას, არამედ სხვაობათა მეტაფიზიკურ შეთანხმებას. ჰარმონიის ინტენსივობას კონვენციის სტრუქტურის ჰომოგენური სიბლანტე განაპირობებს. რა არის ჰარმონია, თუ არა უსტრუქტურობა, დაუნაწევრებლობა. ჰარმონია ქმნის ილუზიას, რომ სტრუქტურა არ არსებობს. სამყაროს [ტყუილი] ჰარმონიაა, თითქოს მას სტრუქტურა არ გააჩნდეს. ან იქნებ ადამიანური ოპტიკური უნარია მიდრეკილი ამგვარი ილუზიისაკენ, რომელიც წარმოშობს აღქმის [სხვა] ცდუნებას – ბედნიერების ილუზიას, როგორც ჰარმონიის დასტურყოფას.

აზროვნება, როგორც არსებობის [უნარი] და ბედნიერება, როგორც არსებობის [მიზანი], მათ – აზროვნებას, როგორც მოცემულობასა და ბედნიერებას, როგორც არამოცემულობას შორის კონვენციონალურ ჟესტს – პათოსს/ემოციურ დაძაბულობას აწარმოებს.

პათოსი, ფუნქციურად, მაკავშირებელი ლიგაა, რომელიც ნიშნავს/მიანიშნებს უწყვეტ [მოდებას] აზროვნების პოლუსიდან ბედნიერების პოლუსამდე. კონვენცია, როგორც მოდების შესაძლებლობის დაშვება/გამოხატვა, წარმოქმნის ენის რიტმულ ინტენსივობას, რომელიც აბსოლუტიზებულია პოეტური ენის უნარში, იყოს პოეტიკური სტრუქტურის ყოველ ფაზაში და, საერთოდ, გამოიხატოს ამად – მუსიკალურად, კეთილხმოვნად, კონვენციონალობის უმაღლეს ფორმად – ჰარმონიად.

რაც უფრო დიდია პათოსის ,,ლიგა“  აზროვნებასა და ბედნიერებას შორის, რაც მეტია მათი – აზროვნებისა და ბედნიერების უწყვეტი [აღების] ენერგია, მით უფრო მთლიანდებიან და გამოიხატებიან ისინი სიმარტივის სიმსუბუქეში. ან ასე: პათოსი, როგორც მოდება, აზროვნებას/არსებობასა და ბედნიერებას შორის მანძილს მათი დამთხვევის უკიდურესობამდე ამცირებს; ამგვარი მიახლოების, მიჯრის, მიბმის შედეგად პათოსი აზროვნებას/არსებობასა და ბედნიერებას შორის არსებული სინამდვილის ონტოლოგიურ ინტერვალს მთელ მის რელიეფურ სიხეშეშეში მუსიკალურ/აკუსტიკურ [გაშლაში/გადასვლაში] გადაფარავს. [გაშლის/გადასვლის] ტონური ზეაწეულობა შემოხაზავს ფორმათა ნაივურ სიმრგვალეს, რომლის სიმსუბუქე მუდმივად ვიბრირებს კონვენციური ჰარმონიის მთელ სივრცეში და პათოსის სიხშირეში ნთქავს საზრისების ონტოლოგიას, როგორც კოგნიტურ სიღრმეებს, რომელთაც ფორმები მალავენდა/ან ააშკარავებენ. აზრის სიღრმეები თავიანთი ხისტი წახნაგებით სახიფათოდ ედებიან ილუზიის სფეროს- აზროვნებისა და ბედნიერების წრედს.  თუმცა საფრთხე, რომელიც ამ სფეროს შეიძლება ემუქრებოდეს არის არა [მარტო] ის, რომ იგი კოგნიტური წახნაგების ხისტი შეხებით შეიძლება გასკდეს (რაც ვერლიბრით მოხდა კიდეც), არამედ ისიც, რომ ,,ბავშვებს მიაწოდონ სათამაშოდ“.

ჩვენი განწყობები [ალბათ?], ერთი მხრივ, ზედაპირულად სერიოზულია, მეორე მხრივ, ესთეტიკურად გადაბერებული საიმისოდ, რომ სამყაროს ,,კოგნიტური წახნაგების“ კონვენციურ მომრგვალებებს თვალი დაუთმოს, მით უფრო – ღიმილი. მაშინ, როცა ღიმილი ესთეტიკური დისტანციის ყველაზე მკაცრი პოზიციაა, რომელიც უარყოფისა და მიღების  [ნაჩქარევი] მორალისაგან დელიკატურად შორსაა.

კონვენციური ესთეტიკა იმეორებს ჰარმონიის დაფარულ მორფოლოგიას, ამიტომ იგი მიმეტური ესთეტიკაა, რომელიც, სამყაროს რიტმული მატრიცის ბაძვით და ამგვარი მეხსიერებითი მიმაგრებით ფორმალურ გამყარებაში ბანალურდება. ბანალურობა კონვენციის გაბედულებაა: კონვენციონალური ბანალობა  თქმულის სიძველე კი არ არის, არამედ სამომავლო სიცოცხლის მრავალჯერადობა. კონვენციური ბანალურობა დახსომების პერსპექტივას,  მომავალს უკავშირდება და არა წარსულს, ამიტომაც არის იგი გაბედულება.

* * * *

საუბარი კონვენციური პოზიციების, როგორც  ,,კოგნიტური შეჩერების“  პუნქტების შესახებ დავიწყეთ. კონვენციური პირობები, რომელსაც რიტმიკა და მეტრიკა აწარმოებს,  იდეოლოგიურ ფუნქციასაც ტვირთულობს, რადგან სწორედ ისინი (რიტმიკა და მეტრიკა) წარმოადგენენ გადამცემ ოპერატორებს. მაგალითისთვის: საბჭოთა კონვენციური პოეტიკა გამომსახველობით ტრადიციას უარყოფდა, მაგრამ გამომსახველობით პოლიტიკაში კვლავ კონვენციური პოეტიკის ჩარჩოებში რჩებოდა.

ტარიელ ჭანტურიას პოეზიაში პოეტური შეტყობინების შინაარსობრივი ასპექტი თავისი ,,ყოფითობით“ თითქოს პირობითია, თითქოს აქ მიზანია ხმა, რომელსაც ჭურჭელი გამოსცემს. პაროდიისა და ირონიის ხმები გამოატარებენ შინაარსებს, თემებს, ამბებს.აქ თემები, ემოციები, განწყობილებები, როგორც პოეტური მასალები მხატვრულ სტრუქტურაში თავიანთ ემპირიულ მკაფიობას ატარებენ; პოეტის მიზანია არა ამ მასალის გამოყენება, არამედ მისი ჩვენება. ის, რაც ამ ელემენტთა გრავიტაციულ მოძრაობას ქმნის, არის რიტმი, როგორც სათქმელი. აქ მეტყველებს არა სიტყვები, არამედ ბგერები, ხმები. ევფონია და რიტმიკა გამოხატვის ფუნქციას კი არ ატარებენ, არამედ აზრის თვისებები არიან. ტ. ჭანტურიას კონვენციური პოზიცია, როგორც ,,კოგნიტური შეჩერება“ არსებული გამომსახველობითი სტერეოტიპებისაგან ამოწერას გულისხმობს. და, ალბათ, ეს ის პოზიციაა, რომელიც ყოველგვარ დაპირისპირებაზე ეფექტურია და დღეგრძელი.

ტვისტი და ტვისტი, ჰალი – გალი!

ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.

ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.

როკი და როკი. ჰალი – გალი!

 

ხომ არ გეშინია?

მეშინია!

რატომ გეშინია?

მეშინია!

 

-კიდევ გეშინია?

-მეშინია!

-გესმის? გერშვინია!

-გერშვინია.

 

-კონიაკს დალევ?

-მანგოს წვენს!

-უნდა გაკოცო!

-მაკოცე!

-შენ არ მაკოცებ?

-მე არა!

-მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

 

ტვისტი და ტვისტი. როკი!

დრო კი, ძვირფასო, დრო კი,

მიახრიგინებს ვნებებს,

როგორც პარტიზანს დროგი!

 

ცისფერი კაფე.

ჰალი-გალი!

ცისფერი კაბა. ჰალი-გალი!

ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი!

ქალი და ქალი! ჰალი-გალი!

,,ცეკვა კაფე ,,ამბასადორში“

animal ridens- ასე განმარტა არისტოტელემ ადამიანი. მის ,,პოეტიკაში“ სიცილი არა მხოლოდ ჟანრული მარკირების, არამედ მხატვრული ღირსების გამომხატველი ფენომენია: არისტოტელე ჰომეროსის სიდიდედ იმას მიიჩნევს, რომ  მან სიცილს კომიკურის, როგორც მდარეს, სამარცხვინოს კონოტაცია ჩამოაშორა და იგი ტრაგიკულის უკუფენით დატვირთა.

[თუ] პოეზია იმ განასერში იბადება, რომელიც სამყაროსა და ადამიანის შეხებაში წარმოიქმნება, შეუძლებელია  მისგან  სინამდვილის, როგორც ტკივილისა და სიხარულის შესახებ ის ამბივალენტური უწყება არ ამოიზარდოს, რომელიც სიცილ(შ)ია.

ტ. ჭანტურიას პოეზიაში სიცილი შეიძლება აღვწეროთ ორი ასპექტით: ერთი, სიცილი,  როგორც აფექტი, რომელიც წარმოიშობა ,,პირისა და სარჩულის“ იმ მყვირალა შეუსაბამობების შედეგად, რომლითაც გაჯერებულია ყოფა. სიცილი აქ უარყოფაა, მიუღებლობა, ირონიზება. პოეტური თქმის მიზანიც ამ შეუსაბამობის ეგზისტენციალური და ზნეობრივი არსის გადმოცემაა.

,,ყველაფერი – მდიდრული და

არაფერი ღარიფული;

მოსასხამი – დიდეფული;

ბოტასები – ევროფული;

…..

ქმარი სულ გამარჯვეფული;

რძალი -სულ გალაღეფული!

ჩინებფული!

,,სახლი  მტკვრის  პირას“

(ლამის ტიპური შემთხვევა)

და მეორე, სიცილი, როგორც ეფექტი, რომლითაც ტ. ჭანტურიას პოეტური თქმა ჩვენში აღიბეჭდება. ტ. ჭანტურიას პოეზიის შთაბეჭდილების ძალა აფექტის ეფექტია, რომელიც კონვენციურ ფარგლებს გამომსახველობითი საწყისის პირველქმნილ სიმარტივემდე აფართოებს. მისი შემოქმედების თავისებურებაც ამგვარი გაფართოების შედეგად წარმოქმნილი თავისუფლებაა.

,,- საქმე ახლა იმაშია –

ამას შია, იმას შია,

იმას შია, იმას შია…-

მოკლედ საქმე ამაშია-

იმას შია, ამას შია,

იმას შია, ამას შია…-

მოკლედ, საქმე ამაშია!“

ევფონია ტ. ჭანტურიას გამოხატვის დომინანტური პოეტური ხერხია. მისი მიზანი  ფორმისგზით შინაარსობრივი სივრცის აგებაა, რომელიც აკუმულირებულია ევფონიისა და რიტმის სიხშირეებში. პოეტური ვერბალობა ლექსიკურ და სინტაქსურ დონეებზე შინაარსობრივი უწყებების გადმოსაცემად გარდა რიტმული გრადაციებისა და ტონური სიუჟეტისა, ალიტერაციულ, დიაფორულ გამომსახველობას, ფონეტიკურ და ლექსიკურ ანაფორას მიმართავს. ტ. ჭანტურიას პოეტიკის შინაარსობრივი სისტემის შექმნას ემსახურება ლექსემის ფონეტიკური სტრუქტურის ემფატიკაც.

,,მილიონ,

მილიონ,

მილიონ,

მილიონ ადგილას მელიან:

 

ოქროს და ვერცხლის მილიან

მარანში მსმელები მელიან!

 

მშვენიერ ზურმუხტის მოლიან

იმერულ ოდაში მელიან“

,,პოეტი ცაიტნოტში“

ეს ტაეპები თავის ალუზიურ სიცხადეში, (თვით)ირონიულ საზრისში არ ქმნის კონოტაციებს, რომელზეც  ტექსტი შეიძლება იყოს ჩაბმული. პირიქით, კავშირი, როგორც ირონიული პაუზა ტექსტურ და გარეტექსტურ ხდომილებებს შორის დენოტაციურია.  სწორედ ამ პაუზიდან ამოიჭრება გამომსახველობის ის ბანალობა, ტრივიალობა, რომელიც გამოხატავს კონვენციის არა, ვთქვათ, ფორმისა და შინაარსის სტრუქტურული ჰარმონიის რაღაც კერძო, ვთქვათ, პოსტ-კლასიკურ ტიპს, არამედ ისეთ ელემენტარულ ჰარმონიას, რომელიც სტრუქტურის გარეთ წყდება. ტ. ჭანტურიას პოეზია, როგორც კულტურული ფაქტი, ამგვარი გადაწყვეტის შესაძლებლობის ონტოლოგიური და ეგზისტენციალური დადასტურების მცდელობაა, მცდელობა, რომელიც იმდენად ოპტიმისტურია, რომ შეუძლებელია სევდიანი არ იყოს. შეიძლება ვთქვათ ასეც: ტ. ჭანტურიას ლექსებს შეუძლიათ მოგვითხრონ სულიერი სამყარო, რომლის ბანალობა ექოა, რომელიც ხმას ეძებს.  ამ ლექსების სევდის მეტაფიზიკასაც [დაკარგული] ხმის სიცარიელე ქმნის, ხოლო ოპტიმიზმს ექოთა ვიბრაციის პერსპექტული  შექცევადობა  ხმ(ებ)ისაკენ.

ტ. ჭანტურიას პოეტიკის ,,მტკიცებითი შეტყობინება“ არსებობის/აზროვნების ბედნიერებაში (როგორც არსებობის ემპირიულ განამდვილებაში) დასტურყოფაა. ღიმილი, რომლის არარსებობის/უკმარობის შესახებაც ზემოთ შევნიშნეთ, ის სევდაა (გნებავთ, ირონია), რომელიც ამგვარი განამდვილების რწმენას თან ახლავს და რომელიც ერთგვარი განწყობილებითი გამტარია იმ კარისაკენ, რომლის მიღმაც რეფლექსური უნარები უნდა მოდუნდეს, რათა ვიაზროვნოთ, რაც [აქ] ნიშნავს, – ვიცინოთ, მაშასადამე, –  ვიარსებოთ.

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ტ. ჭანტურიას პოეზიას აქვს და რაც შესავალ მსჯელობებში მოვნიშნეთ, არის პათოსის ძალაუფლება. პათოსი ტ. ჭანტურიას პოეზიაში ავტორიტარულად მუშაობს წაკითხვის თავისუფლებაზე. აქ პათოსი არ არის იდეოლოგიის ხმა; იგი ემოციური აქტია, რწმენის ძალისხმევაა, რომ ბედნიერება, წამი შესაძლებელია. ჩვენ, პათოსის გზით, რომელიც ფორმის მიზეზია და არა შედეგი, ამ აქტზე პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. მაგრამ პათოსის ტონალობა სევდის სიღრმიდან აიღება. სევდა არ არის შინაარსი, ამბავი. ის ხმაა, რომლის სიხშირე განვრცობის თავისუფლებაში ლაღ, თითქოს მჩატე განწყობილებათა ექოებად გარდაიქმნება, რომელიც თავისუფალ ვერსიფიკაციასა და  ანჟამბემანის სინტაქსურ კონცეფციაში ჟღერს. სტრიქონთა პიკანტურ დინამიკას, რომელიც ასე ნიშნეულია ტ. ჭანტურიას პოეზიისთვის, პათოსის შინაგან ხარისხში  აყვანილი ემფატიკური მახვილები ქმნის:

,,ბალახში ორი ხოხობი გოგავს, წყვილი საყურე სიხარულს

მოჰგავს. წყვილი საყურე – მთვარე და მთვარე-ისევ

და ისევ ტოკავს და ტოკავს.

მიაფრენს ველბოტს ნიჩაბი წყვილი. თოლიას ფრთები

მძიმდება წვიმით. ღამეა! თითის მიუკარებლად გალობს და

გალობს სიმი და სიმი!.. სიყვარულს მუდამ იწყებენ სამნი,

და აგრძელებენ სიყვარულს ორნი!..“

,,ორნი“

დაბოლოს, კონვენცია, რომელსაც ტ. ჭანტურია ქმნის, თითქმის შეუძლებელია სტრუქტურულად აღიწეროს. სტრუქტურა აუცილებლად გულისხმობს კოდებს, პარადიგმებს, ნიშნებს, რომელთა  თავისებურებაა  დაიტოვოს ავტონომიური დისკურსული მნიშვნელობა და არ წავიდეს [უტრირებულ] კონვენციურ კოლაბორაციაზე. აქ კი, ამ კონვენციურ დისკურსში, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვით, ჰარმონია,  სტრუქტურის უქონლობას ნიშნავს, პოეტური სათქმელი ემფაზის სემანტიკური და გამომსახველობითი სფეროთი იფარგლება, რომელსაც შეუძლია აღ(ი)წეროს გრადაცია, მაგრამ – არა წყვეტა, დაშორება, მაგრამ – არა აცდენა. ეს ვერტიკალური დისკურსია, რომელსაც სწამს უნივერსალური და უწყვეტი კავშირების. ეს ჰარმონიის ტოტალობაა.

……………

არ ვიცი, რამდენად არსებობს სინამდვილე, რომელშიც ამგვარი უწყვეტობა  ანაქრონული რეალობა და აზრის გულუბრყვილობა არ არის, მაგრამ არსებობს ტ. ჭანტურიას ლექსები, რომლებიც ასეთი სამყაროს შესახებ გვიყვება. აქ კი უფლება არა გვაქვს ეჭვი შევიტანოთ მის არსებობაში, რადგან [თუ]  არსებობს მხოლოდ ის, რაც მოითხრობა, მაშინ ეს სინამდვილეც არსებობს.

თხრობას შეუძლია [საკუთარი ემპირიული] დროის გარეთ გაგვიყვანოს, იქამდე შორსაც, როცა/სადაც ჰარმონიას თავის შინაგან სარკეში საკუთარი ორეულის სტრუქტურული ფრაგმენტები ჯერ არ დაუნახავს.

ბათუმი,

ივლისი, 2015 წელი

© არილი

Facebook Comments Box