***
(ბონის დღიურიდან)
რაინს გულამდე ჩასდის მოწყენა
და ჩემი მზერაც გულამდე ჩასდის
და თვალის ანკესს – ღრმას და ორწვერას
მოსდევს თევზების სიბრძნე და დარდი,
„ჩემი მდინარე“- ვამბობ და მიკვირს
რომ უცხოს ასე უტიფრად ვჩემობ,
ის კი – მშვიდი და ბებერი წიწკვი
იხდენს დრო-ჟამის სუნსა და გემოს.
ომარს
როგორ გათეთრებულა,
როგორ დაბერებულა ჩემი მეგობარი,
ასაკში შესულა და ასაკიდან მშვიდად მიყურებს;
თითქოს სათქმელიც კანივით დაჭკნობია,
სათქმელივით სავსედ იმზირება სიბერიდან –
ჭრელი და ნაცხოვრები თვალებით მიყურებს.
მე კი არ ვიცი, ტალანების ცივ ნოხებზე
რომელი მდუღარე დუმილი გავუფინო,
რომელი გაწბილება დავუბნიო მძივივით,
რომელი ნათენები ღამიდან ამოვულაგო
დატეხილი მზის სხივები და ვუთხრა,
რომ
სანამ ის ასაკში შევიდოდა,
მე ცხოვრება შუბლზე უშნოდ ჩამოვიფხატე.
ლურჯი
ლურჯები იყო მოდაში.
ვწერდი ლურჯ სინამდვილეზე,
ვიცმევდი ლურჯ კაბებს და
ლურჯად ვუყურებდი სამყაროს,
რომელსაც
ცისფერი მოსწყინდა
და მოდად სილურჯე –
ბებერი ცისფერი –
შემოდო ფანჯრის და
სიცოცხლის რაფაზე.
სილურჯეს ვიცმევდი.
კაბებს ვყიდულობდი „სეკენდჰენდ“-ში,
ან სარდაფიდან ამომქონდა ძველი,
დამტვერილი
ჯინსები და პიჯაკები
და მზეზე ვფენდი –
ხელისგულზე არ მეტეოდა.
ლურჯები იყო მოდაში.
გიგზავნიდი ყოველ დილით ლურჯ გამარჯობას,
საგანგებოდ ნაყიდ ლურჯ ფინჯანს
ვავსებდი ცხელი, თუხთუხა ყავით
და ყავაში ვყრიდი შაქარს
ხელით, რომელზეც
მანიკური ლურჯად ყვაოდა.
მოდას ავყევი და ერთხელაც არ მიკითხავს
ამ ლურჯ ჩრდილებში
ასე სადად როგორ მხედავდი.
***
ზამთარი მოდის, მეგობარო,
ჩემო მართალო მეგობარო,
მე შარშანდელ ქურთუკს ჩავიცმევ,
შარშანდელ ყინვებს გამოვლილი ჩემი სხეული
შემოიხვევს სიკვდილის წინ მოცახცახე ცხოველის სითბოს
და გაივლის ნაადრევად შებნელებულ საღამოებში,
ნათელ, მაგრამ მობუზღუნე შუადღეში,
და მოვა შენთან,
კარს შემოხსნის,
კართან დადგმულ სკამზე დაჯდება
და მხრებს მიაყრდნობს
შენი მზერით დანაღმულ კედელს.
შემხედე, ჩემო მეგობარო,
ჩემო ჭკვიანო მეგობარო,
გაატარე შენი ორი
ბალახისფრად მოყვავილე სამართებელი
ჩემს ზამთარივით დაუნდობელ
სიცოცხლის ხაზზე.
არაფერს ვიტყვი.
არც ავდგები
უხმოდ ავიტან
წარსულის მსუსხავ ნამტვრევებზე როგორ სრიალებს
შენი თვალები შუადღიდან შაღამებამდე.
ხომ ასე მსურდა, შენი მზერა ბასრად მხედავდეს
და მაინც, მაინც, სიცივეში, როცა სახეებს
წითლად აყვავებს ყინვის ასე უშნო თითები,
მაშინებს ფიქრი იმაზე, რომ… რომ აცივდება
ორივე გრძელი ყინულიდან ჩამოვითლებით
და მერე, ალბათ, ერთმანეთს რომ არ გავუწოდოთ
ხელები – ღმერთის საჩუქრები – ვერ გადავიტანთ
ამ სითეთრეებს, ამ სიცოცხლეს, ყოველ საღამოს
რომ გამოჟონავს ძველ ქურთუკში ჩვენი ტანიდან.
აკუპუნქტურა
კვირაზე მეტია, ნემსებით დასჯილი
ძველისძველი მწიფე ნერვიდან
ბობოქრობს ჩემი წარსული და
ასე, მდუღარედ
იბურცებიან კანქვეშ ეჭვის მოლეკულები;
(ეჭვი ისეთი რამაა რომ გადაგიბრუნებს
ნახევრად დაცლილ ფიალებს და მერე სრულებით
აუღელვებლად აგიხსნის რომ სისულელეა
ამ ჭრელა-ჭრულა სიცოცხლეზე დარდი და დავა).
მე მაინც ვწუხვარ – ვფიქრობ: ”ნეტავ თუ გადარჩება
ნერვებზე მჭიდროდ დახვეული ყრმობის სიბერე,
ან, თუ უშველის და ჩააქრობს ამდენი ნემსი
ტანში წლების წინ შესახლებულ წარსულის ლავას”…
ექიმს მოსწონს, რომ როგორც იქნა, მიაგნო წამალს
რაც მატკენს, მაგრამ არაფერსაც არ ამატკივებს…
როგორც რეალურ ცხოვრებაში ამბობდა მამა –
სიტყვებს – წლებისგან გამოწვრთნილს და ბრძნულს და მარტივებს
(სისხლში თრთოლვით რომ შემდიოდა და მიბერებდა
ლამაზ ბავშვობას, მიკიდებდა ძველი ასანთით
ცეცხლის ენებს და ვერ ამჩნევდა ვერვინ გარედან
ვერც მაშინ, ვერც დღეს – სიტყვის ნემსი როგორ ანათებს
სხეულში, სადაც ყველა ნერვი ჰკიდია გამად.).
ძალიან მყარად და მარტივად ამბობდა მამა:
“- როდესაც გვჯერა, ყველა ტკივილს კარგად გავართმევთ
თავს და თითებშიც მოყვავილე სიტყვა გაჟონავს –
არა სისხლად და არა ცრემლად – სულის ბარათად”.
მამაც – ექიმი,
კეთილი და სხვებზე მზრუნველი,
ალბათ ამ ნემსებს გულისხმობდა,
რომ მაფრთხილებდა:
დადგება დრო და ათასები გატკენენ, მაგრამ
ათიათასი მადლობებით აგავსებენო.
© არილი