პროზა

ლუკა ბაქანიძე – სატანა

baqanidze 473

თაგვი ინდიელის ხელისგულზე აძვრა, ცოტა ხანში ისევ ჩამოძვრა და ზედ ცურცლი დატოვა. – თაგვო, შე პროჭო, – უთხრა ბიჭმა. მერე ძირს დაგდებული ჭუჭყიანი ლეიბიდან წამოდგა, შორტი, კედები და კაპიუშონი უცებ ჩაიცვა და ბეტონის იატაკზე ფრთხილად გაიარა, რომ არავის გაღვიძებოდა. გზაში ასევე ჭუჭყიან ლეიბზე მიგდებულ ინდიელს გადააბიჯა ცურცლიან ხელზე და ეზოში გავიდა. – როგორც ტომ სოიერი სიფხიზლის დამცველთა სამიკიტნოში, – თქვა გულში. შუა ეზოში მდგარ ფიცრულ ტუალეტში შევიდა, კუთხეში მიყუდებული ქოლგა გაშალა და ჩაიკუზა. წყლით სავსე ვედროში თევზი დაფრთხა და გატყლაშუნდა. ნუ გეშინია, რომ მოკვდება მაცივარს ამ ქინძებს დავუტოვებ, – უთხრა თევზს ბიჭმა. თევზმა ამოხედა და ვედროს ფსკერზე გაყუჩდა. ბიჭი თავის ეზოში გაძვრა ღობიდან, სახლში შევიდა, საწოლთან მივიდა და ბებიას ღია თვალებში ჩახედა. ხელისგულები უკვე აღარ უოფლიანდებოდა შიშისაგან. – ადექი, შენი დედაც, – შეაგინა ხმადაბლა. ხელისგულები უკვე აღარ უოფლიანდებოდა სირცხვილისაგან. ბებია არ განძრეულა. – წამოდექი, შენი დედა მოვტყან! – დაუღრიალა ყურში ბოლო ხმაზე და ღია თვალებში დაინახა, როგორ ნელ-ნელა ამოტივტივდა ბებია საიდანღაც, სხეულს ამოეფინა, თვალებს მოადგა და სახე დაუნაოჭდა. – შენი კუბო დავდგი. შენი კუბო დავდგი, – წაიჩიფჩიფა და ჭრიალით წამოიწია. ბიჭი თავის ოთახში გავიდა. საწოლის გვერდით მიყუდებულ სავსე და გატიკნილ სალაშქრო ზურგჩანთას შეხედა და ხელისგულებზე ოფლმა დაასხა ადრინდელივით, როცა ბებიას გაცოცხლება არ იცოდა. როცა ბებია მკვდარი იყო და ყარდა ფსლის სუნად. – რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს. – ლოცვასავით გაიმეორა რამდენჯერმე, ზურგჩანთას მოეფერა და დამშვიდდა. უჯრიდან ცელოფნის პარკი ამოიღო. ჯიბეში ჩაიტენა და სამზარეულოში შევიდა. ბებია ონკანთან რაღაცას რეცხავდა და ხმამაღლა იმეორებდა: – შენ ხარ ეშმაკი. შენ ხარ სატანა.

– მე ვარ ქრისტე, – უთხრა ბიჭმა, პურს ყუა მოატეხა და სახლიდან გავიდა.

* * *

– როგორც ჯო პორტუგალიელი, მაგრამ ეს სირია, – თქვა ბიჭმა გულში და ქუჩას გახედა. ჯერ მარტო პირველი ძაღლი მოჩანდა მოსახვევთან, მაგრამ უკვე ისმოდა შორიდანვე სხვადასხვა ტონალობის ხმა, კაცის თუ ქალის: – გამარჯობა! როგორ გიკითხო! – და დაბლიდან, პროსპექტებიდანაც ამოდიოდნენ ამ მიყრუებულ მთისძირა ქუჩაზე; ტაქსის თუ მარშუტკის მძღოლები რეისს იმრუდებდნენ და შიგადაშიგ ფეშენ-ტიპებიც, ძვირიან მანქანებზე მომჯდარი დეიდა-ბიძიებიც მოკრძალებით მოჰყვებოდნენ ერთი კილომეტრი საათში სიჩქარით, რომ ერთხელ ამასაც ეპასუხა: – ღმერთმა გამარჯვება მოგცეს, შვილოოო! – წამღერებით, როგორც ძველ რუსულ ფილმებში კეთილი ჯადოქრები. დაელოდა, როდის ჩაუვლიდა წინ ხუთი სხვადასხვა ზომის თუ სიმაღლის მაწანწალა ძაღლი, ზედ შუა ქუჩაზე ცხვრებივით რომ მოლალავდა მოხუცი ქალი, წელიწადის შვიდივე დროს ფეხზე უშველებელი ჩექმით და ხელში ჯოხით, ახლომახლო მეზობლები და ბებიაც როგორ შიგნაკრავივით გამოცვივდებოდნენ სახლებიდან, მისი ლოცვა-კურთხევა რომ არ გამოეტოვებინათ, როგორ შემოხედავდა ქალი და მფრთხალი და უგზო-უკვლო მზერა გაუხდებოდა, გეგონება მარშუტკაში ან ავტობუსში ზის და ხელჩანთას მაგრად იკრავსო გულში, და ესეც ხომ იხუტებდა თავის ჯოხს, და ძაღლებს ქუჩის იქითა მხარეს, მთის ძირებში წააბალახებდა, სანამ ბიჭს ჩაუვლიდა.

მაგრამ ეს სირია, – გაიმეორა ბიჭმა გულში, ქუჩაზე გადავიდა და მთას აუყვა.

* * *

ჯერ ბილიკით იარა, მერე გადაუხვია და კლდეზე იფორთხიალა ცოტა ხანს, სანამ თავის ხეს მიაღწევდა, სხვა ხეებისგან განსხვავებით წყნარ, უქარო ამინდშიც რომ ირწეოდა და შრიალებდა. ბიჭი ხეს ჩაეხუტა და ცოტა სული მოითქვა. მერე ორი-სამი გირჩა წამოკრიფა იქვე. ქუჩას გადახედა, ძლივს რომ მოჩანდა ხეებში და თავისი სახლის სახურავი გაარჩია. ზედიზედ და მთელი ძალით დაუშვა გირჩები და დაინახა დანგრეული სახლის ადგილზე ასული მტვრის კორიანტელი, სადაც მარტო სალაშქრო ზურგჩანთა აყუდებულიყო უვნებლად, როგორც ცეცხლგამძლე კარადა ნახანძრალში. – რამე არ დამრჩეს, – სთხოვა ხეს ბიჭმა და ზევით აუყვა. გეების მდელოს გასცდა, სადაც ერთხელ რამდენიმე ტიპს გადააწყდა, ერთმანეთში ჩახვეულებს, და მაშინ იქვე უპატრონოდ მიგდებული მობილურიც გააყოლა ხელს და ლომბარდში ჩააბარა ოცდაათ ვერცხლად. ბოლოს გაუვალ ეკლიან ბუჩქნარს მიადგა, ორი დიდი ეკლიანი ტოტი ჭიშკარივით გადაწია და პატარა განაკაფში შევიდა, რომელსაც ლამის მთლიანად ჩრდილავდა მარიხუანის ერთადერთი ბუჩქი. ტანსაცმელი უცებ გაიძრო. ცხელი წყლით სავსე აუზის ნაპირას, მარმარილოს ფილაზე გაიშოტა და ორთქლში მობოდიალე, მოსვირინგებულ, მუხლამდე ყვერებდაკიდებულ და კუზიან შიშველ სხეულებს უყურებდა და მღვდლის მონოტონურ გინებას უსმენდა და ზევით, გუმბათებქვეშ ექოდ დარიალებდა ვიღაცის ხრინწიანი ხველება-ფურთხება და:

– ესე არს ჭეშმარიტი ტაძარი ჩემი! – გაიფიქრა, სანამ ჩაიძინებდა.

* * *

– ვქმნა სასწაული? – ჰკითხა ბიჭმა ხალათმოსხულ და თვალებდასიებულ ქალს, პირველ სართულზე, ფანჯრიდან რომ იყურებოდა. ქალმა ბინდში სწრაფად გაიხედ-გამოიხედა და თავი დაუქნია. ბიჭმა ჯიბიდან ცელოფანში გახვეული მარიხუანა ამოიღო და შუბლზე მიარტყა:

– დინ-დონ, დინ-დონ, მწუხრისა შემოჰკრეს მოქალაქენო – ჟამის ავსულთა!

– ნუ ბაცნობ. – უთხრა ქალმა.

– ახლა ხოა მწუხრი? – აუხსნა ბიჭმა, – ხოდა – მე ვარ ავსული, თუ რაღაც ეგეთი. სატანას მეძახის ბებო.

– მარტო ბებო არა, ყველა ეგრე გეძახის, – გაეცინა ქალს და პარკს წაეტანა, – ისაა?

– იეს. – უთხრა ბიჭმა. პარკი გახსნა, მწვანე დაპრესილ გუნდას ცერის სიმსხო წებოვანი ბურთულა წააწყვიტა და დაანახა. ქალი ხარბად მიაშტერდა და შეეხვეწა:

– დღეს ისე მომე რა! თვიური მაქვს.

ბიჭს ეწყინა. მერე გაახსენდა: – პირი?

და იყო ნათელი.

* * *

შუაღამისას, რამდენიმე კილოვატიანი დინამიკების ღრიალში და მთვრალი ხალხით გაჭედილ მოედანზე ძლივს გამოაღწია, თავის მთისძირა ქუჩას შემოუყვა და ფეთქა და ფეთქა კიდევაც ზურგსუკან ფეიერვერკმა და ცა ააფერადა, და წინიდანაც, მოედნისკენ დაძრულმა ხალხმაც აატკაცუნა პეტარდები და შუშხუნები და მარტო ბიჭი, მეტსახელად სატანა, მოიკვლევდა გზას აქეთ, ფერად კვამლში გახვეული და მოწეული, და ეწვოდა ყელი, თვალები და ნაჯაფარი პენისი, და გზადაგზა ხანდახან ვინმე ქალი, ან ბავშვი ჩაულაპარაკებდა სიცილით: – შენ ხარ სატანა. შენ ხარ სატანა, და ბიჭი ხვდებოდა, რომ მარიხუანისმიერი პარანოიდული ხმები იყო ეს, მაგრამ მაინც იმეორებდა თავისთვის გულში ლოცვასავით: – რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს.

* * *

ბიჭი ფრთხილად შევიდა ჭიშკარში. თავის ჩაბნელებულ სახლს გახედა, სანთებელა-ფანარი აანთო და ღობიდან მეზობელ ეზოში გაძვრა. ფანარი ფიცრულ ტუალეტს მიანათა, მაგრამ იქ ნათურა არ იყო და ღამით ცალ ხელში ფანრით და მეორეში ქოლგით ჯდომა დაეზარა. შიგნით კი ნებისმიერ ამინდში წყალი ჩამოდიოდა ზემოდან და მთელ ფრესკებს აფუჭებდა. – დილამდე გავძლებ როგორმე, – თქვა ბიჭმა და თევზი გაახსენდა, ფიცრულისკენ წავიდა და ამ დროს იქიდან ინდიელი გამოვიდა. ბიჭმა ფანარი მიანათა და დაინახა, რომ თევზის კუდი უფართხალებდა ხელში. ინდიელი სახლისკენ წავიდა უხმოდ და ბიჭიც ჩუმად მიჰყვა. – გაქვს რამე? – ჰკითხა ინდიელმა კარებში, – ისე გამოგაგდებენ ეგ ბოზები. ბიჭის ენაზე მოლაპარაკეს არ ჰგავდა და ინდიელიც მარტო კეპზე ეხატა – მხოლოდ თავი, თავისი ბუმბულებით და მეტი დამაჯერებლობისთვის წარწერით – “INDIANS”, მაგრამ ბიჭის ენაზე მარტო ეს ლაპარაკობდა და ერთხელ ბიჭმა ქუჩაშიც ნახა: მეტროს წინ რაღაცას მღეროდა ვიღაც ორ ტიპთან ერთად, და სამივეს ეროვნული ინდური ზმანი ეცვა და მერე დაიჯერა, რომ ნაღდში ინდიელი იყო. წითელი სახის გამო კი ლოთი ეგონა უბრალოდ და მართლა სვამდნენ საღამოობით ესეც და დანარჩენებიც, მაგრამ ინდიელი მარიხუანას არ ეკარებოდა. ბიჭი სახლში შეჰყვა და ეგრევე სახეში ეცა ცხელი ბუღი და ცხვრის ქონის სუნი, შუა ოთახში, დიდ და მრგვალ პლიტაზე შემოდგმული უზარმაზარი ქვაბი რომ ახრჩოლებდა, და გარშემო შემოსხდომოდნენ შავი და ოფლისგან აპრიალებული სხეულები. ვიღაც ცდილობდა ქვაბში ერთი მსხვილი ძვალიც ჩაეკვეხებინა, სასაკლაოდან რომ მოეტანა, სადაც მუშაობდა, თან თავის ენაზე იგინებოდა და დანარჩენებიც ყაყანებდნენ რაღაცას. ამ დროს ბიჭი დაინახეს და შემოესივნენ. – ხუთი ზანგი ბნელ ოთახში, – წაიღიღინა ბიჭმა გულში, მერე ცელოფანში გამოკრული მარიხუანა ბეტონის იატაკზე დააგდო და ზანგები ახლა იმას წაესივნენ, თვითონ კი მათსავით წელსზემოთ გაიხადა და კუთხეში მიგდებულ ერთ-ერთ ჭუჭყიან ლეიბზე მიწვა. ინდიელმა ქვაბიდან ძვლები ტომარაში გადაყარა და ქვაბში ტუალეტში დაჭერილი თევზი და დიდი სტაფილო ჩაათალა. ცოტა ხანში ქვაბი იატაკზევე გადმოდგეს და ნათურა ჩააქრეს, დენი რომ დაეზოგათ; პლიტა ისედაც კოცონივით ანათებდა ოთახს. ზანგები ქვაბიდან ტოლჩებით სვამდნენ ცხელ ნახარშს და ზედ პურს აყოლებდნენ, მერე კი ბიჭის მარიხუანას ეწეოდნენ და პლიტის გარშემო ცეკვავდნენ შიშვლები. ინდიელი არაყს იყუდებდა ბოთლიდან და რაღაც ნაღვლიან და შორეულ მელოდიას მღეროდა, – რეპეტიციას გადიოდა მეორე დღისთვის. თაგვი ინდიელს სოროდან უთვალთვალებდა, ბიჭს კი ესიზმრებოდა, რომ სატანა კი არა, ქრისტე იყო, თავის ხესთან, კლდეზე იდგა და გირჩებს უშენდა მთელ სამყაროს.

* * *

დილით მკერდის წვამ და რაღაც ღრიალმა გააღვიძა. დაიხედა. მოკიდებული სიგარეტით ჩასძინებოდა. ოთახი მოათვალიერა. ზანგები სასაკლაოზე წასულიყვნენ და ინდიელს ისევ ისე ეძინა თავის ლეიბზე. – როგორც სიფხიზლის დამცველთა სამიკიტნოში, – გაიფიქრა. მერე წამოდგა, შორტი, კედები და კაპიუშონი სწრაფად ჩაიცვა და თაგვის სოროსკენ გაიხედა. – სად ხარ, შე პროჭო, – თქვა ბიჭმა გულში, ინდიელს ფრთხილად გადააბიჯა და ეზოში გავიდა.

– ქირა მაიტათ, თორემ გაგყრით სუყველას თქვენს სომალიში თუ ნიგერიაში, თქვე ნაბიჭვარო აფრიკელებო! – ღრიალებდა ეზოში ბებერი კაცი, ბიჭის მეზობელი.

– ინდიელია ერთი, – ბიჭმა ტუალეტისკენ გაიხედა. – ახალი თევზი ხომ არაა ნეტა ვედროში, – გაიფიქრა.

– გაგაინდიელებ ახლა შე ბარიგა, რომ დაძვრები ჩემს სახლში, სატანა ხარ თუ ვიღაცა!

– დამახტი აგერ, – უთხრა ბიჭმა, ლანძღვას ყური აღარ დაუგდო და ღობეში გაძვრა. სახლში შევიდა, ბებიის საწოლს მიუახლოვდა და დაიხარა, ღია თვალებში ჩახედა, მაგრამ იქ, დაბლა, ვეღარავინ დაინახა, რომ ეყვირა. რომ ეღრიალა. რომ ესეც ისე გაეცოცხლებინა, როგორც ის კაცი გააცოცხლა ადრე. ლაზარე რომ ერქვა. თავის ოთახში შევიდა, საწოლთან მიყუდებული ზურგჩანთა  მხრებზე მოიგდო და სახლიდან გავიდა.

* * *

ჯერ მარტო პირველი ძაღლი გამოჩნდა მოსახვევში, მაგრამ უკვე ისმოდა სხვადასხვა ხმა, ქალის თუ კაცის. დაელოდა, როდის ჩაუვლიდა წინ ხუთი ძაღლი, როგორ შემოხედავდა ქალი უგზო-უკვლო, დამფრთხალი მზერით, და უთხრა:

– გამარჯობა.

ქალმა, როგორც ყოველთვის, თვალი აარიდა და ქუჩის იქით მხარეს, მთის ძირს გაუყვა ძაღლებიანად, მაგრამ ბიჭი ქუჩაზე გადავიდა, ცხვირწინ აეტუზა და ცნობისმოყვარედ მიაშტერდა გლეხურ, უბრალო სახეზე. ასე ახლოდან პირველად ხედავდა.

– შენ ხარ, დედაო? გაქვს მართლა რაღაც სუფთა, მაგრამ შტერი ხარ. – გაიფიქრა ბიჭმა.

და მერე ჩუმად გამოსცრა კბილებში:

– გამარჯობა-მეთქი, ვის ვეუბნები, მე შენი!

და ქალს გაუხდა თიხის სახე და შუშის თვალები.

მერე გაინძრა, სახიდან ნაფშხვენი ჩამოეყარა, პირის ადგილას ფართოდ გადასკდა და ბიჭმა სიმღერა გაიგონა:

– ღმერთმა გამარჯვება მოგცეს, სატანავ, შვილოოო!

 

* * *

რამე არ დამრჩეს.

რამე არ დამრჩეს.

რამე არ დამრჩეს.

ჯიბეებზე ხელი მოისვა:

მარიხუანაც, სველი ფრესკებიც, თიხის სახეც, ორთქლიანი ქვაბიდან ამოჩრილი ბარძაყის ძვლებიც, ფეიერვერკის ათინათებით განათებული მთელი ეს დამპალი და გაზინთული სამყარო ადგილზე იყო.

და ბიჭმა თქვა:

– ახლა კი იერუსალიმისაკენ.

ოქტომბერი. 2015 წ.

© არილი

Facebook Comments Box