კრიტიკა

ნანა ტრაპაიძე – წერა-მწერელის წერითა

nana trapaidze65

      ,,თუ წერის ტიპი, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას განასახიერებს, ვერასოდეს იქცევა ჩემი პიროვნების ეტიკეტად, და ვერაფერს გიამბობთ ჩემს ისტორიაზე, ჩემს თავისუფლებაზე, მაშინ მზა მწერლობა, რომელზეც ვარ მინდობილი, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი დაწესებულება“.

როლან ბარტი,

,,წერის ნულოვანი დონე“ 

,,- შენ რა მიეცი ქალაქს, მონტეგ?

– ფერფლი!

– რას აძლევდა ხალხი ერთმანეთს?

– სრულიად არაფერს!“

რეი ბრედბერი,

,,451 გრადუსი ფარენჰაიტით“

         თუ მკითხავთ რა არის სნობიზმი, ვიტყოდი – პერსონის გადამეტებული მნიშვნელობა, ადამიანის ტოტალობა. ჩვენს ეროვნულ სამყაროში მხოლოდ პერსონა (1) ლაპარაკობს. უფრო სწორად, ლაპარაკობს გარკვეული სოციალური იმიჯი, ან დისკურსი, როგორც რეპრეზენტაციული აგენტი; აქ ინტენსიურად ითქმება აზრები, მაგრამ ისინი იშვიათად ხდებიან. სიტყვა აქ იშვიათად არის ქცევითი აქტი. იგი, ძირითადად, კომუნიკაციის იარაღი და მესიტყვეების სოციალური ფუნქციის გამოტარებაა. ამიტომაც, ხშირად, ამ ფუნქციასავით მერკანტილური და უნაყოფოა, ზედაპირ[ულ]ი, რომლისთვისაც სიღრმე არც შინაარსია, არც ატრიბუტი. გლობალურად, ეს ფუნქციური მესიტყვეობა ჩვენს ამორფულ კულტურულ სტაბილურობაში სათადარიგო მოწყვლადობაზეა პასუხისმგებელი, ლოკალურად კი იგი პოლიტიკურად სანქცირებული კერძო სოციალური ბიზნესია.

ეს ,,შავი შტრიხები“, არსებითად, სინამდვილის მომნიშვნელ კონტურებზე მითითებაა, რომელიც,  კეთილგონიერების კარნახით, შესაძლოა, ფატალურად სულაც არ შემოიწეროს. მთავარია, ,,გვესმოდეს ზოგიერთი რამ, კერძოდ კი – ყველაფერი“ (2). გვესმოდეს საკუთარი მოძრაობის არსი; გვესმოდეს ისიც, რომ ჭეშმარიტ მოძრაობებს გარანტიები არ ახლავს, რომ აქ დაზღვევის სოციალური სისტემა არ მუშაობს.

პერსონა (ინდივიდის ეს თანამედროვე ქიმერა) ბატონობს იქაც, სადაც მისი ესოდენი აქტუალობა თვითდისკრედიტაციულად უნდა აღიქმებოდეს – მწერლობაში. აქ ვერ მოკვდება ავტორი, ამას თვითონ ავტორები არ დაუშვებენ (გამონაკლისი აქაც წესს ადასტურებს). არ დაუშვებენ ისინი, ვისთვისაც სიტყვა საზოგადოებრივ კონვენციებსა და ამბიციებში გამობრძმედილი აზრების სოციალური მიმოქცევის საშუალებაა და არა ქცევა, რომელსაც მოეპოვება არსებობის საკუთარი ეთოსი, გამოხატვის პირადი მანერა, ის, რასაც ბარტი ეტიკეტს უწოდებდა, რაც, მთლიანობაში, გარკვეული ესთეტიკური ჟესტი და აზრობრივი პოზიციაა, როგორც არსებობის საკუთარი ფორმა და წესი.

სიტყვა, როგორც ქცევა, თავის მანერულ, ცოცხალ, პერფორმანსულ გამოხატვას წერაში პოულობს. მწერლობა აზრის ქცევითი მანერაა. ყოველი ქმნილების სახით ჩვენ წინაშეა არა მისი ავტორი, იურიდიული პირი, მისი პერსონალური ბიო-გრაფია, არამედ აზრის ქცევითი ბიო-გრაფია, რომელიც დამოუკიდებელია, თვითქმნადი.

ამიტომ წერა, როგორც ქცევითი აქტი, ეთიკური ფენომენიცაა, როგორც გამოხატვისა და არსებობის ექსისტენციური პოზიცია.

თავისუფალი პოზიციისადმი აგრესიული საზოგადოებრივი თუ კერძო შემართება საკუთარი კომფორტის დაცვის შინაგანი იმუნიტეტით აღიძვრება ხოლმე. ასეთი იმუნიტეტი პოლიტიკის რანგში რეგულირდება. უკიდურეს ფორმაში იგი მწერლობის სამართლებრივ განსჯასაც ნიშნავს. მწერლობის სამართლებრივი განსჯის შესახებ ჩვენივე უახლოესი ისტორიული გამოცდილებებიდანაც ვიცით. რეპრესიული რადიკალიზმი, რომელიც ფიზიკურ მოსპობას გულისხმობდა, დღეს აღარ არსებობს, მაგრამ კულტურული და ინტელექტუალური (თვით)კასტრირების სისტემა კვლავაც მუშაობს. თვალი/ძალა, რომელიც კონტროლის სისტემას ქმნის და აწესრიგებს, ახლა ძალაუფლებას საზოგადოებრივი უფლებამოსილებისა და ფუნქციონირების ასპექტში ახორციელებს. ამით არის იგი მანამდე არნახული, – ერთდროულად გლობალური, მოდერნულ-მოდერნიზებული და ჩვენ მიერვე ნებადართული: ჩვენ სისტემის არა ობიექტები, არამედ სუბიექტები ვართ.

როცა წერა ქცევის/აზროვნების საზოგადოებრივ ნორმას არ ესადაგება, როცა მას მავანის კომფორმისტულ სამოთხეში ,,უცხო ხილი“ შეაქვს, ის  დამამცირებელ და შეუწყნარებელ ყოფა-ქცევად შეირაცხება. იგი ისჯება სათვალავში არ მიღებით. ასეთი წერითი პრაქტიკების ემპირიული არსებობის დემოკრატიული უფლება მისი გამორიცხვის ასევე დემოკრატიული უფლების გვერდით მშვიდობიანად ,,ძევს“. შემდეგი სტრატეგია ჩანაცვლებითი აქციაა, როცა ავტონომიური დისკურსის კულტურული ხმა გადაიფარება მისი ოფიციალური ორეულით. აქ ორი კურდღლის დაჭერა ხდება: ერთი, სრულდება დროის მოთხოვნა (-ამა თუ იმ დისკურსის სანქცირება), ამასთან,  კონტროლის სადავეები ისევ სისტემის ხელში რჩება. ასეთი რეალობა აყალიბებს კულტურულ წრეებს, როგორც თვითიდენტობის ერთგვარ კამერულ მანიფესტებს, რომლებიც ავტორიტეტულად დახშულია და ამ დახშულობის გამო კიდევ უფრო მიმზიდველი. ისინი უხმობენ მეინსტრიმულ ლაჟვარდებზე მეოცნებე ათასობით ადამიანის სნობურ ვნებებს. ბუნებრივიცაა, ,,როცა მავანმა არ იცის, თუ რა უნდა აკეთოს, მართლაც სრულიად პრაქტიკული საქციელია იმაზე ორიენტირება, რასაც სხვები აკეთებენ. შესაბამისად, ადამიანები საკუთარ თვალსაზრისებს და ინფორმაციებს კი აღარ ენდობიან, სხვებს უერთდებიან. ეს მით უფრო სწრაფად ხდება, რაც მეტად ვიწროა ჯგუფური კავშირები… მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი ის კი არ არის, რასაც ადამიანები ფიქრობენ, არამედ – ის, რასაც ადამიანები ფიქრობენ იმაზე, თუ „რას ფიქრობენ ადამიანები“ (3).

ძალაუფლების/სისტემისა და ღირებულებების ეს ომი პერსონისა და სიტყვის/ხმის ომია. სისტემას არ შეუძლია პერსონალური არ იყოს. უფრო ზუსტად, არ შეუძლია არ ჰყავდეს პერსონალური წარმომადგენლობა. თუმცა შეუძლია პერსონათა სერიულ (მაგრამ ზღვრულ) წარმოებაში არაპერსონალობა და იდეური კრისტალურობა  მოხერხებულად ითამაშოს; მაშინ, როცა სიტყვის ანტი-პერსონალობა ხმის უსხეულობამდე  უკიდურესია. სიტყვა თავის ღირებულებით არსში აუქმებს პერსონის სოციო-ბიოლოგიურ საწყისს – ადამიანს. პერსონას, რომელიც სიტყვის წილ ბატონობს, ადამიანთა კულტურული გენოციდი შეუძლია.

წერა ინსტანციაა, სადაც სიტყვა თავის არსსა და სარეზერვო ძალებს (გადა)ინახავს.

წერა ენისა და აზრის პერსონალური ჟესტია და ამ ჟესტთა შორის ტიპოლოგიური სხვაობა არსებობს. სხვაობის პრინციპი ალბათ ის არის, თუ რასთან გვაქვს საქმე – აზრის თქმასთან თუ აზრის მოხდენასთან. პირველი ავტორის სოციალური ინსტანციაა, მეორე – წერის კულტურული ინსტანცია. აზრის მოხდენა ნიშნავს სულიერი, ცხოვრებისეული და ინტელექტუალური გამოცდილებების შეხვედრას ენასთან. როცა  ენა საშუალება კი არ არის, – მხარეა. მხარე, რომელიც ერთბაშად და ერთჯერადად არაფერს გასცემს. ამისთვის არავინაა მზად.

და წერა/მწერლობა დოკუმენტია, რომ ,,რაღაც“ მივიღეთ.

აზრი-ხდომილება არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ექსკლუზიური ნიჭი. იგი, ზოგადად, წერის ნიჭია. კრიტიკული ნარატივიც  წერის ფორმაა, ე.ი. ისიც ენობრივი პერსონალობაა.

როცა კრიტიკული ტექსტის პერსონალობა ხვდება მხატვრული ტექსტის პერსონალობას, ეს ,,ორთა“ ინტერ-ტექსტური, ინტერ-პერსონალური და ინტერ-კულტურული დიალოგია. მკითხველი ასეთ შემთხევევაში ამ დიალოგის მხოლოდ მოწმეა. მას, როგორც მოწმეს, შეუძლია გაიაზროს ამ შეხვედრის ეროტიკა, ან დატოვოს იგი, როგორც გაუგებარი, მისთვის უცხო ადგილი.

კრიტიკის ტრადიციით მარკირებული მისიაა იყოს ,,მესამე პირი“, რომელმაც მკითხველსა და ტექსტს უნდა უშუამდგომლოს, ჯვარი დასწეროს მათ კავშირს. მაგრამ კრიტიკა აზრის მოწმობაცაა, ავტონომიური დიალოგური ხდომილება, რომლის ენა უაღრესად ინტიმურია, როგორც ორთა კავშირი, რომელიც მესამის ენაზე მხოლოდ ამ უკანასკნელის შემხვედრ გამოცდილებათა პირობებში ითარგმნება.

ყოველ აზრ-ხდიმილებას აქვს ღია და დაფარული კოორდინატი. ,,მკითხველობა“, გაგება ღია კოორდინატიდან დახურულისაკენ ინტუიციური, „ბრმა“ მოძრაობაა. იქ, სადაც მოძრაობის ,,სიბრმავეს“ აღქმის სიბრმავე უსწრებს, ასეთი მოძრაობა ვერ განხორციელდება, რადგან ასეთმა აღქმამ უკვე წინდაწინვე წამოიკრა ფეხი საკუთარ სიბრმავეზე. ის ვერასოდეს შევა აზრის არქიტექტონიკაში, აზრის ლაბირინთში.

როცა ენა გადის გამოხატვის კანონიკური ფარგლებიდან, ეს კრიმინალია გრამატიკისთვის, მაგრამ თავისუფლებაა აზრისთვის. ენა თვითონ გვიბიძგებს დანაშაულისკენ – მათ შორის ყველაზე ,,მძიმე“ – ,,ბუნდოვანების დანაშაულისკენ“. ეს მისი თამაშია. ტროპების, პოეტური სინტაქსის მთელი სტრუქტურები ენის აკრძალული, უკანონო თამაშის კანონიერი შვილებია.

წერა ლაბირინთია, რომელშიც არსებობის ყველა ნაგულისხმევი, შესაძლო, გამოტოვებული ხდომილება აღდგება და (შე)მოედინება. იგი  სიმართლის ინტენსივობაა, რომელიც ჩვენი სამეტყველო სინამდვილის კონვენციურ არსებაში აზრ-ხდომილებათა აურად არსებობს. მისი ბუნდოვანებაც, დახშულობაც, ლაბირინთულობაც აქედან მოდის. სიმართლის სიჭარბე ქმნის პერსონალურ ენას, რომელიც იმუნურია არააზროვნების შეუცდომლობებისაგან, რადგან ყოველმა აზრმა  იცის, რომ იგი ცუდი გრამატიკაა(4).

(ასეთი) სიმართლის/წერის აქტუალური დრო აწმყოა. აწმყო დროის ზედაპირია. რაც მეტია მისი სიღრმე (-წარსულისა და მომავლის სახით გამოვლენადი დროის იპოსტასური სიღრმე), მით უფრო გლუვია ზედაპირი. რაც მეტია აწმყოს ინტენსივობა, მით ,,ვიწროა“ მისი ქრონოტოპოსი: იგი მხოლოდ აქ და ახლა ხდება, რადგან  ყველაზე ზუსტი აზრები მხოლოდ წამით არიან ზუსტნი(5). სიზუსტე კი ყოველთვის უზუსტობის ზღვართან ხდება. ამიტომ ექსისტენციური მოძრაობის, სულიერი დაძაბულობის შინაგანი ვექტორი აქეთკენ მიგვითითებს, – ,,აქ და ახლას“ სიზუსტისაკენ, რომელიც მარადმედინი დროის/აცდენებისა და ტყუილის ემპირიული მრუდითაა გარშემოწერილი და გვეძახის რათა გამოითქვას, მაშასადამე – მოხდეს.

შენიშვნები:

  1. ,,პერსონა“ – არამც და არამც არ არის ეზრა პაუნდის ,,პერსონის“ ალუზია.
  2. ,,მთავარია, ,,გვესმოდეს ზოგიერთი რამ, კერძოდ კი – ყველაფერი“//,,უნდა გვესმოდეს    ზოგიერთი რამ, კერძოდ კი – ყველაფერი“; პაატა შამუგია, ,,შიზოგადოება“; თბ; 2014; გვ. 76.
  3. ნორბერტ ბოლცი, ,,ვის ეშინია ფილოსოფიის?“//ჟურნ. ,,ახალი საუნჯე“, #1; 2016(იანვარი); გვ. 67 (მთარგმ.დათო ბარბაქაძე).
  4. ,,ყოველმა აზრმა იცის, რომ იგი ცუდი გრამატიკაა“//,,ყოველი ფილოსოფიური წინადადება ცუდი გრამატიკაა“, ბერტრან რასელი, შესავალი ლუდვიგ ვიტგენშტაინის ,,ლოგიკურ-ფილოსოფიურ ტრაქტატზე“; თბ. 2010, გვ.13 (მთარგმ. ივა მინდაძე).
  5. ,,ყველაზე ზუსტი აზრები მხოლოდ წამით არიან ზუსტნი“//,,ზუსტი აზრები ყოველთვის მოულოდნელი აზრებია. ყველა მოულოდნელი აზრი რამდენიმე წამსაა ზუსტი“, პოლ ვალერი, ,,აზრები“, იხ; ,,რჩეული პროზა“, თბ;1983, გვ. 130 (მთარგმ.ბაჩანა ბრეგვაძე).

© არილი

Facebook Comments Box