პაროდიული ტექსტები კლასიკურ თემაზე
კარგად უნდა ვიყოთ, გოგო
/ლია ლიქოკელი/
სადმე ჩამოვჯდები და მოგიყვებით
როგორ გავხდი წითელქუდა.
მინდა იცოდეთ, რომ ეს სასაცილო არ არის.
მაშინ ასე გამჭვირვალე არ ვიყავი.
მთელი ზამთარი წითელ ქუდს ვქსოვდი
მაგრამ დედაჩემმა იტირა და მითხრა, რომ ვერ გავძლებ,
რომ ჩემთვის არ არის მოგონილი წითელქუდობა,
როცა ვკითხე, მაშ რა არის ჩემთვის მოგონილი,
ვერაფერი მიპასუხა.
ასე გავხდი წითელქუდა.
შაბათ-კვირას ბებიასთან დამაქვს ტკბილეული.
იმ დღესაც დილით შევიკარი გრძელი თასმები მთელი წვივის სიმაღლეზე
და ბებოსთან წავედი.
მიწა იყო გაყინული და გზაზე ჩემი ფეხის ხმა
ცხელ ტაფაზე დაყრილი წაბლივით სკდებოდა.
მივედი, ვნახე.
როგორი ბებო ხარ, – ვუთხარი, – წევხარ.
სამკვდრო სუფრით და სანთელდაკრული ქადებით მხვდები.
როგორი ბებო ხარ, – როგორ ჩიოდი უსტუმრო ზამთარს
და კარზეც მოგადგა ოხერი მგელი.
ვიცი, ადვილი არ იყო, მაგრამ ჩემო ბებო, ასე გადაწყვიტე,
ღამე იყო და კარი გაუღე, მარტო იყავი და უარი ვერ უთხარი.
ახლა გეყოლება ხმის გამცემი – სიჩუმეს ეტყვი, სიჩუმეს გიპასუხებს.
ახლა გეყოლება – ძვლებს აგიჭრიალებს,
უბეში ისეთი ვნებით ჩაგიხვევს.
მაგის სურვილი თუ გკლავდა, რა ვიცოდი,
ასეთები თუ მოგწონდა, რა ვიცოდი, როგორი ბებო ხარ
– რას ვიფიქრებდი, მხეცს და ნადირს თუ გაყვებოდი.
ახლა ნახე შენი სიცილი, შენი სიცოცხლე,
ხმელ პიტნასავით ჩაფშვნეტილი წყლიან ჭიქაში.
ასე დაიწყეს ცხოვრება.
თავიდან ვიწრო ბნელ მღვიმეში,
მაგრამ თავიდან იქ ყოფნა ძალიან უჭირდათ და სახლის შენება წამოიწყეს.
მგელიც დღედაღამ მუშაობდა და მაინც ვერ აუდიოდა
მისთვის ახალი სხივების გამოჭედვას
და ერთხელაც, როცა მთელი კვირის უძილო და დაქანცული სახლში ბრუნდებოდა,
მონადირეებს გადაეყარა.
გამოეკიდნენ. ტყეს მოედო დაგეშილი ძაღლების ყეფა და ცხენების ჭიხვინი.
მისდევდნენ და ესროდნენ. სწრაფად ვერ გარბოდა…
მთელი ღამე ირბინა მაინც და სახლამდე სხეულით მოიტანა ათასი ტყვია.
ასე გამოიკრა ძვლებში ბებიაჩემის ცხოვრება და თან წაიღო.
წითელქუდა 2-დან
/ თემურ ჩხეტიანი /
მთელი დღე მეხურა ქუდი,
რომელიც არ იდო ჩემს თავზე.
ჯეკ კერუაკი
* * *
არა კერუაკის,
არამედ წითელქუდას
ქუდშია LOVE.
* * *
გვიან დავწექი, მაგრამ მაინც არ დამეძინა
და კარგა ხანს არ დამეძინა
– სიბნელეში იწელებოდა დრო.
ვფიქრობდი:
შუქი ავანთო და წიგნი ვიკითხო?
რომ მეზარება?..
ავდგე და დავლიო?
– არა, არ მინდა!..
ასე, სამს იყო გადაცდენილი,
ხელი გავიწოდე და რადიოს გადავწვდი.
ჩავრთე, სიბნელეში გაისმა მუსიკა
– ის დრო იყო, როცა რადიოარხები
კლასიკას, ჯაზს ან ზღაპრებს ატრიალებენ.
…დასრულდა მოცარტის რომელიღაც სიმფონია,
შემდეგ კი წითელქუდას თავგადასავალი დაიწყო.
ზღაპარი რომელიც მეც მიყვარს
და რომელსაც ყოველთვის ხალისით ვუსმენ
ახლაც გავიბადრე – ზუსტად იმ ადგილას
როცა წითელქუდა იწყებს ამ დიალოგს:
,,გახსოვს მგელო
ორი წლის წინ რომ მესტუმრე
და ორი ბლოკი სიგარეტი რომ ჩამომიტანე?
რა კარგი საღამო იყო!
ეზოში ვისხედით და ვსვამდით.
ცა იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებიანი
და ცაზე
დასეირნობდნენ დათვები – დიდი და პატარა.
ძირს კი,
ბალახზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან
გაოცებული აქლემი გვიყურებდა:
– წითელქუდა და მგელი
ერთად სვამდეს აქამდე არც მინახავსო”.
დასრულდა ზღაპარი.
გამოვრთე რადიო
და ზუსტან ამ დროს მიკავშირდება
მეგობარი პოეტი და მთხოვს
ერთ ლექსს ახალი ჟურნალისთვის.
გვიანი კია
მაგრამ იყოს კიდევ ერთი ფინჯანი ყავა
და იყოს კიდევ ერთი ღერი სიგარეტი,
ლექსები კი… დაველოდოთ – მოვლენ, სად წავლენ?..
წითელქუდას უცნობნაცნობობა
/ ნუგზარ ზაზანაშვილი/
გასული საუკუნის 60-იანი წლები
№1, ლურჯი, მომრგვალო ტროლეიბუსით, რაღაცით ბეჰემოტს რომ ვამსგავსებ, უმცროსკლასელი, ჩამრგვალებული მე, თავზე წითელ ქუდჩამოფხატული მივემგზავრები კარლ მარქსის (ანუ ყოფილი “ვარანცოვის”) მოედნიდან – ბებიაჩემის სახლისაკენ, სანაპიროსთან რომ მდებარეობს, დგებუაძის ქუჩაზე, რომელიც პერპენდიკულარულია კამოს ქუჩისა, რომელიც პასტერის და კრილოვის ქუჩების პერპენდიკულარულია, რომლებიც პლეხანოვის გამზირის პერპენდიკულარულია, სადაც ჩამოვდივარ ხოლმე “გაზიან-სიროფიანი” წყლების მაღაზიასთან, სპორტული მაღაზიის მოპირდაპირედ, ან კინოთეატრ “ოქტომბერთან” – იმის მიხედვით, კრილოვის ქ.-ის თუ პასტერის ქ.-ის მარშრუტს ვირჩევ ბებიაჩემთან მისასვლელად.
კონდუქტორის გახუნებული, ყავისფერი ტყავის ჩანთა მუქი-ყვითელი, დიდრონი ხუთკაპიკიანებით, საშუალო სამკაპიკიანებით, მომცრო ორკაპიკიანებით და პატარა კაპიკიანებითაა სავსე და წამდაუწუმ ჩხრიალებს, ხოლო ჩემი ლამაზად დაწნული კალათა სავსეა ნაირნაირი ტკბილეულით, რომელიც დედამ ბებიასთან წასაღებად ჩამილაგა. სავსე კონდუქტორი – რუსი, ფაშფაშამკერდიანი, ქერა, შუახნის ქალი – დასაბრუნებელ ხურდას ეძებს.
მგელი, ჩვეულებისამებრ, ფანჯარასთან მოკალათებულა და გაიძახის: წითელქუდას ბებია უნდა შევჭამოო”. ხალხი მიჩვეულია – მგელი ხომ კარგა ხანია, ვარანცოვზე უბნის გიჟადაა აღიარებული. განსაკუთრებით პოპულარული ცოტა ხნის წინ, ხრუშჩოვის დროს გახდა – ამსგავსებდნენ: გარეგნულადაც და გონებრივი მონაცემებითაც. მგელი გიჟია, უწყინარი გიჟი: რა ქნას – ბებიაჩემის შეჭმა განუზრახავს. განა ეს გაუგებარია?…
სხვა სახეებიც მეცნობა. არა, “პირადად” ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ სახეები ნაცნობია, ძალიან ნაცნობი: ხან გასტრონომში, ხან აფთიაქში, ხან საპარიკმახეროში, ხან თონესთან, ხან “ოსურ პივებთან” და ხან კაფეს წინ, “ბირჟაზე” რომ მხვდებიან ყოველდღე…
მივემგზავრებით უცნობნაცნობი, ქართველი, სომეხი, ებრაელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ასირიელი, ქურთი ვარანცოველები. ჩვეული მყუდროება სუფევს ლურჯ, მომრგვალო, მოუქნელ ტროლეიბუსში – უცნობნაცნობობის შეგრძნებით გამოწვეული მყუდროება… მივემგზავრებით: ვინ – საით… ყველა ერთად… მივემგზავრებით და სულ უფრო ვშორდებით, ვშორდებით, ვშორდებით მშობლიურ უბანს…
ქალაქში, მტვერში წაიქცა წითელქუდა
/შოთა იათაშვილი/
არა და არ გამოილია ეს ფანქარი
დაუღლელი ბებიაჩემის ხელში
რომლითაც წერს, ჯღაბნის
წითელქუდას თავგადასავალს
60-გრამიან, 80-გრამიან, 0,1-გრამიან, 1000-ტონიან
ქაღალდებზე.
არა და დრო იყო ის წერდა ასე
გაუგებარია – მგელი
გასაგებია – კუბიკი
ზუსტია – პარალელეპიპედი
ძნელია – სახლი
სახლშია – კუბიკი
კუბიკშია – მგელი
მგელია – გასაგები და ა.აშ.
მერე იყო დრო,
როცა თხზავდა ასეთ კუპლეტებს:
გამოვდიოდი გარეთ,
ამოდიოდა მზე,
ჩემს წითელქუდას მგელი
ტყეში უგებდა გზებს.
შემდეგ ასე დაიწყო წერა:
მე შენ მიყვარხარ,
ისე, როგორც სულ არავის დედამიწაზე…
მე შენ მიყვარხარ
და ყოველ დილით ველოდები,
როდის ამოვა მზე,
ჩემი სახლის მძიმე კარი როდის, როდის გაიღება
და მგელო ჩემო,
როდის დაიძვრები ჩემი გულისკენ…
ეს დროც გავიდა, და დაჯღაბნა:
მგელის კარგიც,
ფუ, ჩემი კარგიც!..
იყო მომენტი, გაიფიქრა:
რა არის ნეტა ეს კარგადყოფნა ან ცუდადყოფნა…
აი, ბოლოს კი მწოლიარემ ლოგინში,
თავის მწვანე კედლებს შეხედა
და გაახსენდა:
პარალელეპიპედი,
კუბიკი,
წითელქუდა,
სახლი,
ცხოვრება,
მგელი… – მარტივია, რთულია, ზუსტი…
და შეიმუშავა წითელქუდას
წერის ახალი მეთოდი
აურია ადამიანები და ცხოველები
მერე გამოაცალკევა.
სანამ გამოაცალკევებდა
ერთმანეთის თვისებები გადასცა
და ბოლოს და ბოლოს დაწერა:
რომ წითელქუდას დედამ
მისი ორი წინ გაშვერილი ხელით
კალათაში ჩაუწყო ათასნაირი ტკბილეული
რომ წითელქუდას ტყეში
შემოხვდა მგელი
ორი წინ გაშვერილი ეშვით
გადატყავებული მუხლით,
ჩაჭრილი თათით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით
და მაინც მოატყუა
და მაინც მოტყუვდა წითელქუდა
მისი ტყის მტვრიან ბილიკებში.
და ტყიდან ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცა და მიხვდა,
– მიხვდა, რომ ჭეშმარიტად დაეცა
– და დაეცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ის,
– ერთხელ ჭეშმარიტად დაცემული –
ადგა და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა მარადი გზა…
წითელქუდა 20 წლის შემდეგ
/ზვიად რატიანი/
მე ვინც არასდროს გამოვალ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებ მშიერ ნადირებს
– მე, ვინც არასდროს ავტუზულვარ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივარ, იქ შევდივარ, სადაც მიშვებენ.
– მე, ვინც არასდროს ვეზიდები კალათს, ცარიელს
არც სხვას დავიხმარ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
შვილო, განა შენ გაჩენიდან ასე იყავი!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგახმა
ვარდის ფურცლებით გაწყობილი წითელი ქუდი,
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა
– ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
საშინელ ქარში, დაბურულ ტყეში, როდესაც ქშენით,
ხმის ჩახლეჩვამდე გაყვიროდი: – მგელია, მგელი
მგელო შენი!
სულ შენი..
სულ შენი, შენი
შენი ბრალია ყველაფერი, ჩემს კარგ ბებიას,
შენვე ჩაარჭვე შენი შავი ბასრი კბილები
და გაახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო.
ეს შენ დაღუპე ჩემი ბებო,
ჩემი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით.
როგორ ვუმზერდი, როგორი რწმენით,
რამდენიმე ადგილას ნაკბენს.
უცებ იფეთქეს და აალდნენ, მე კი ვტიროდი,
ბოლოს გავფანტე მისი ფერფლი და მივიმალე.
– და მე არასდროს გამოვალ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებ, მხეცებს , ნადირებს
წითელქუდობას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებ
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევ
იმ მგლებს, იმ გვამებს, იმ საშინელ ტყეს,
სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც ის მგლები მოკლულ გვამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ.
იმ სიზმრებში ისევ განგაშის მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, წითელ ქუდში, როგორც სანგარში,
თავჩარგული, ბნელ ქუჩებში მივიპარები
და ვცდილობ, დროზე გავერიდო იქაურობას:
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
წითელქუდ…
მე კი ჩუმად ვარ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.
დაუჯდომელი წითელქუდა
/პაატა შამუგია/
ბოლოს და ბოლოს უარი თქვით დაფნაზე,
დაფნა კარგია წვნიანში!!! [ჰანს არტმანი]
To notice the light changing. [პაულ თეკი]
ღმერთო, დახოცე ისინი! [ზურა ჯიშკარიანი]
იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი… [მიშელ უელბეკი]
კლასიკა მხოლოდ გვანუგეშებს.
ჩვენ ეს არ გვყოფნის. [დერეკ უოლკოტი]
კონდაკი 1
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა პირველი ადამიანი გამოჩნდა,
რომელმაც გარკვეულ ხანს იცოცხლა
და ბოლოს ყოვლად ქრესტომათიული სიკვდილით მოკვდა
და სამი დღის მერე (კინოშიც ნახავდით) ფეხზე წამოდგა,
გაიარ-გამოიარა, თვალი ჭერს ჰკიდა,
ღიმილი ზარბაზანივით გადმოჰკიდა ტუჩებიდან
და ლექსი დაწერა,
ლექსი, რომელიც დღემდე იწერება და არა და არ უჩანს დასასრული.
აი ლექსი
აი ია
აი პატარა ძუძუებიანი წითელქუდა
და დამჭკნარ ძუძუებიანი ბებიამისი
აი მგელი, თვინიერ რომლისა არ არსებობს გზა,
რომელიც წითელქუდას ბებიის სახლთან მიიყვანს
სინამდვილეში, ბებიამისის სახლთან მისვლას მგელი კი არა
შორი გზიდან მოვლა სჭირდება
და ორიოდე სუფთა საცვალი
და ორიოდე კონა 100-დოლარიანების.
აი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური
სადაც ლარი ორი და ორმოცზეა
დოლართან მიმართებაში.
აი თბილისის მერი
მილიონი ხის ნერგით ხელში
აი გალაკტიონის “მერი”
აი მსუქანი მერი ჭანტურია (ჩემი მეზობელი)
აი ინგა გრიგოლია
ახალი გადაცემით
აი პრეზიდენტი
მდიდარი სექსუალური ცხოვრებით
აი თითი
კერძოდ შუა თითი
მგელის კონდაკი
საყოველთაო პატიება 2
მაპატიე, რომ გათენდა და ტყეში შემოგხვდი
მაპატიე, რომ ისევ იწვიმა და ნაწვიმარი ქუჩის გამოც და
სახლის გამოც და ყველაფრის გამო
მაპატიე, რომ მოგატყუე და შორი გზა მიგასწავლე
მოკლე გზის ნაცვლად
მაპატიე რომ ბებია შეგიჭამე და ამის შემდეგ ზეცა შავია
თუმცა იმასაც გეტყვი რომ
როცა ბებია შემოგეჭამოს სჯობს მისგან ეგზოკერძი მოამზადო
თქვი ამინ:
და არ აკლდეს ქინძი და რეჰანი და მარილი გემოვნებით არ აკლდეს და
ასდიოდეს ცხელი ორთქლი და ორთქლი იყოს, როგორც კუპრი,
დაპატიჟო დამშეული მეგობარი მგლები
და გიახლონ და თქვან: კარგია
თქვი: ამინ!
და დადგეს ეგზისტენციური კრიზისი და გაჩნდეს სინანული
და სინანული იყოს ხანგრძლივი და ხანგრძლივი იყოს სინანული,
როგორც ფრანგული კოცნა,
თქვი: ამინ!
წითელქუდას წარმოსახული კონდაკი 3
მზე იყოს ჯერ კიდევ შუბის ტარზე
და შიმშილის ანჩხლი კატა
დარბოდეს ბებიაჩემის კუჭში
და კლანჭებით სერავდეს მუცელს
მადლობა უფალს.
მე კი ვჯდე ინახად და წვიმდეს საჭმელი.
ოი შემწვარი ჯიხვი, ოი ქაბაბი, შაშხი, ლორი. ოი ლორი
ოი პაშტეტი, ღორის ენა, ათასგზის ოი
ცვრიანი სუკი, ოი სუკი, ოი უფალს,
ბიოეთიკა არ იძლევა წარმოსახვის უზომოდ გაშლის საშუალებას.
ოი ბიოეთიკა, ოი ღომი, ოი ელარჯი,
ოი არომატი ოი ვაზის ტოლმა ოი ხინკალი მოხეური და
ოი ოსტატის მოხვეული და
ზედ ჭაჭა–რაჭას ბოცეული და…
სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ,
მაჯებისკენ დაძრული ხინკლის წვენის ტრაექტორია,
შეფარდებული მისსავე სურნელთან,
რითაც, რასაკვირველია, არ მიიღება ოი მათემატიკური მუდმივა,
მაგრამ მიიღება ოი ოი ოი მუდმივი სიამოვნება.
მადლობა უფალს.
ოი უფალს
სამგზის ოი
მწვადგზის ოი უფალს
წითელქუდას ბებიის იკოსი 1
ორი რამ აღავსებს ჩემს სულს განცვიფრებით:
ვარსკვლავები ცაზე და მგლის პენისი ჩემში
დღეში ოთხჯერ
მადლობა უფალს
დიაზეპამი და ტიზერცინი დღეში სამჯერ
სამგზის მადლობა უფალს
უკუჩვენებები:
დახურულკუთხოვანი გლაუკომა
პარკინსონი
გაფანტული სკლეროზი
მიასთენია
ჰემიპლენია
ჰიპოტენზია
იშემია
პორფირია
მადლობა უფალს.
რა დროს ეგაა? – იტყვის მავანი
და თვალებს იარაღივით მოგაბჯენს შუბლზე,
– რეალობა სწორხაზოვანია
ის არ ტოვებს განსჯისთვის
საკმარის შრეებს.
ოხ ეს ტუტუცი ბებრუცანები,
ღმერთო, ჩახოცე ისინი,
მადლობა უფალს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ წარმატებულ თეორიებზე,
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე,
რომ არავის ესმის,
იმაზე, რომ ვერცერთი ჩვენი აზრი
ვერცერთ პატიოსან ყურში ვერ დასცემს კარავს.
და ეს არის ტრაგიკული დროის ნიშანი.
მადლობა უფალს.
წითელქუდას კრიტი(ტან)კა
/ლექსო დორეული, ნიკოლოზ აგლაძე/
,,მოდი როლები გავცვალოთ ლექსო!
შენ იყავი გია როინიშვილი
და მე ვიქნები ლექსო დორეული”
,,უფალო, იქნებ ცოტა ხანი გავცვალოთ როლი
შენ გახდი პეტრე…“
მამა პეტრე, იგივე კვარაცხელია
ძალიან ბევრი მიფიქრია იმაზე, რა შეიძლება ამ ნაწარმოებზე ითქვას. ორ ძირითად თვისებას გამოვყოფ. და ეს თვისებები იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიმართებას ამყარებს გია თავის ტექსტებთან – არის ის ავტორი, არის რიგითი ინტერპრეტატორი თუ არის თავისივე ტექსტების მკითხველი. პირველი ისაა, რომ ავტორი გვევლინება როგორც გარკვეული „იმიჯქილერი“. ეს კონცეფცია ძალიან კარგად არის გამოხატული თავად ნაწარმოებში. მუდმივი იმიჯები, ერთმანეთს ფარავენ და ცვლიან, და მუდმივი დეკონსტრუქციაა ამ იმიჯების. ავტორი კლავს ამას და ჩნდება სრულიად ახალი იმიჯები. და მეორე, ფრანგი ფილოსოფოსის, ემანუელ ლევინასის კითხვა, რომლითაც იგი თავის ერთ-ერთ სტატიას იწყებს: ვინ სვამს ამ შეკითხვას. ეს კითხვა, მგონია, რომ არის ამოსავალი წერტილი იმის განსაზღვრისათვის, თუ რა მიმართება აქვს გია როინიშვილს თავის ტექსტებთან, იმიტომ რომ ეს ტექსტები, რომლებიც ინტელექტუალური ტექსტებია და ამავე დროს პაროდიული ტექსტები, რომლითაც ხდება ინტელექტუალიზმის გადაფარვა და რაღაცნაირად ჩიხში შეყვანა და გამოთავისუფლება, მიუთითებენ საკუთარ თავზე. და როგორც გია თავის ნაწარმოებში წერს, ის გველაპარაკება არაფერზე არაფრიდან“.
ბოდრიარს აქვს ამასთან დაკავშირებით კონცეფცია, და საუბრობს ავტორზე, რომელიც არის პაროდისტი ავტორი, ავტორი რომელიც ახდენს სტილიზებას გარკვეული ტექსტებისას. ვთქვათ, ინტელექტუალური პოეზიის, თეოლოგიური შეფერილობის, ფილოსოფიური შეფერილობის პოეზიის და ა. შ. და ავტორი, რომელიც ახდენს სიმულირებას ამ დისკურსების და თემების. გიას თან აქვს ძალიან კარგი თვისება და უნარი, რომ რეალობის ასახვისას ყოველთვის გამოდევნოს ეს რუტინული პაროდირება და წინ მოდის უფრო მნიშვნელოვანი პლასტები. ბოდრიარი წეღან ტყუილად არ ვახსენე. ის ამბობს, რომ: ,,ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებს გიჟის როლს, ის გიჟია’’. მე მგონია, რომ ავტორი, რომელიც ინტელექტუალური პროზის იდეალურ და სრულყოფილ პაროდიას ახდენს, ის არის ერთდროულად პაროდისტიც და ინტელექტუალი მწერალიც.
მე მგონია, ლიტერატურისთვის და განსაკუთრებით ქართული ლიტერატურისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს ამ სტილისტიკით დაწერილი ნაწარმოები, რომელშიც ავტორი, ტექსტი და მკითხველი გაცვლიან ადგილებს. ხან ტექსტი ჩადგება ავტორსა და მკითხველს შორის, ხან ავტორი ჩადგება ტექსტსა და მკითხველს შორის და ხან მკითხველი ავტორსა და ტექსტს შორის.
თუმცა, ობიექტურობისათვის აუცილებელია ნაწარმოების უარყოფითი მხარეებიც განვიხილოთ.
გია როინიშვილი როგორც ,,ნივთი ჩვენთვის“ (ფენომენი), ჯერ არ არის იმ რანგისა და დამსახურების ავტორი, რომ ასე უდიერად მოეპყრას და პაროდირება გაუკეთოს ისეთ ტექსტებს და შეეხოს ისეთ საქვეყნოდ აღიარებულ ავტორებს, როგორებიც არიან: ლია ლიქოკელი, თემურ ჩხეტიანი, ნუგზარ ზაზანაშვილი, შოთა იათაშვილი, ზვიად რატიანი, პაატა შამუგია და ლექსო დორეული. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიამ მსგავსი გამონაკლისები შემოგვინახა ტოლსტოისა და შექსპირის, ნაბოკოვისა და დოსტოევსკის, ერეკლე საღლიანისა და ელიოტის, უელბეკისა და პრევერის, პაუნდისა და უიტმენის ურთიერთობათა მაგალითებით.
ახალგაზრდა, დამწყებისთვის, რომელსაც ჯერ ღირებული არაფერი შეუქმნია, ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების ამპარტავნული დაუდევრობით ,,პაროდირება“ მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და უბრალოდ ხაზს უსვამს მის ( გია როინიშვილის) უსუსურობასა და ზედაპირულობას.
ჰერმენევტიკა
ჯოისის აზრს თუ გავითვალისწინებთ, ლიტერატურამ უნდა აღწეროს ისეთი ჩვეულებრივი ამბები, როგორიცაა ის, რომ ,, მგელმა შეჭამა ბებია”, ხოლო თუ როგორ ,,შეჭამა მგელმა ბებია’ – ეს უკვე ჟურნალისტებისათვის გამზადებული ჰეროიკულ-სენსაციური თემაა და თუ იმ თეზისზეც შევთანხმდებით, რომ ინტერტექსტუალობა, გარკვეული თვლსაზრისით, შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც ჰერმენევტიკა, შემეძლება გამოვთქვა აზრი, რომ, უმეტეს შემთხვევაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰერმენევტიკის წინაპირობას ტექსტის ჰერმენევტულობა წარმოადგენს.
ანუ, უფრო გასაგებად და მარტივად რომ ვთქვა, ენის დისკურსის და დისკურსის ენის თვალსაზრისით, რაც უფრო დახუფულია ტექსტი, მით უფრო ღიაა ის ინტერპრეტაციისათვის და რაც უფრო ღიაა ინტერპრეტაციისათვის მით უფრო დახუფულია ენის დისკურსის და დისკურსის ენის თვალსაზრისით.
ზღაპარი და სინამდვილე – ფოკალიზაციის პრინციპი
სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ავტორმა გადაამლაშა და მთელ რიგ შემთხვევებში, ვერ მოახერხა ნაწარმოებში გმირები წარმოედგინა სრულფასოვან პერსონაჟებად, რადგან, ზოგჯერ, მისი უადგილო გამოსვლები ხელსაც კი უშლის, ერთი მხრივ, პერსონაჟებს, ხოლო, მეორე მხრივ, არ აძლევს მკითხველს საშუალებას, მარტო დარჩეს ტექსტთან.
კარგი იქნებოდა, თუ ავტორი, ამ შემთხვევაში, გამოიყენებდა თხრობის განხორციელების ფოკალიზაციის პრინციპს, რომელიც ნარატივის თეორიტიკოსების – ჟერარ ჟენეტისა და მიკე ბალის მიერ შემუშავებული ტერმინია და გულისხმობს ამბის განხორციელების ისეთ პერსპექტივას, რომლის მეშვეობითაც მოვლენები ჩვენს თვალსაწიერში ექცევა. ფოკალიზაცია არის ტექსტის უნარი, ერთდროულად რამდენიმე დროსა და სივრცეში რამდენიმე მწერლის/მკითხველის/პერსონაჟის მიერ განხორციელდეს. ამავე დროს, სწორედ ამიტომ, ის ტექსტის უფლებაც არის – იგულისხმებოდეს და დარჩეს მხოლოდ სინამდვილის ფიგურატიურობაში და არა პირიქით – შემოუშვას რეალობა დისკურსში, ან მოხდეს ტექსტის რეალობად დაკონკრეტება.
მუზა გამოძახებით
გულწრფელ გაოცებას იწვევს პატივცემული გია როინიშვილის გადაწყვეტილება, რომ ნაწარმოებში არ მოინახა ადგილი ბესიკ ხარანაულის ,,კარტოფილის ამოღება’’-ს, გიორგი ლობჟანიძის ,,არაბულის მასწავლებელი”-ის, ელა გოჩიაშვილის ,,შაბიამანი”-ს, ბელა ჩეკურიშვილის ,,ეპითალამა”-ს და ოთარ ჯირკვალიშვილის ,,კანფეტისთვის”, ან თუნდაც ამავე ავტორის ,,მღვდლისთვის”, მაშინ, როდესაც ნაწარმოებში მოყვანილია ლია ლიქოკელის საკმაოდ სუსტი ტექსტი.
ოთარ ჯირკვალიშვილის ორივე ხსენებული ნაწარმოები, ჩემის აზრით, თანამედროვე ქართული პროზის გამორჩეული ნიმუშია, რადგან მათში ჩნდება ის ხაზი, სტილისტიკა ,,ინტერპრეტაციუმართავი”, დახვეწილი თხრობის პრეცედენტი, რომელიც ჩვენი ლიტერატურისათვის არსებით და გადამწყვეტ სიახლეს შეიძლება წარმოადგენდეს.
გია როინიშვილის ტექსტის ერთ-ერთ მთავარ ნაკლს ის წარმოადგენს, რომ ავტორმა ღრმად ფილოსოფიური ტრაგედიის ნაცვლად, შემთხვევით კომედია შექმნა ალბათ. ამის მიზეზი ის არის, რომ, ერთი მხრივ, ხელოვნურად და წინასწარი ჩანაფიქრის გარეშეა აგებული ტექსტის არქიტექტონიკა, ხოლო, მეორე მხრივ მისი ენა არც პოეტურია და არც პროზაული და რაღაც გაუგებარ დიალექტთა სიმბიოზს ჰგავს. ამას ემატება ცუდი სტილი, არაარსებითი დეტალების დახვავება, ცუდი დასასრული და ფოკალიზაციის არადამაჯერებელი მცდელობა.
თუმცა, გია როინიშვილის ტექსტის მთავარ ღირსებასა და იმედგაცრუებასაც მისი ფინალი, უფრო სწორად, უფინალობა წარმოადგენს და უცნაური დასასრულის მოლოდინგაწბილებული მკითხველი ხვდება, რომ ტექსტის ფინალის მუღამი ის არის, რომ მას ფინალი არა აქვს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, ჩემი აზრით, ამგვარ არარსებულ დასასრულს სიუჟეტური გამართლება შეიძლება ჰქონდეს, რაც, თავის მხრივ, ინტერპრეტაციის საგანია.
ამ დაუსრულებელ დასასრულობას სწორედ სიუჟეტი აქცევს ტექსტად და ტვირთავს სემანტიკით, ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენი მცირე მიმოხილვითი რეცენზიის შემთხვევაში მოხდება…
© არილი