პროზა (თარგმანი)

ჩარლზ დ’ამბროზიო – სცენარისტი

charles dambrosio 32

ინგლისურიდან თარგმნა თინათინ ფალიაშვილმა

პარასკევ დილას, როდესაც ჩემს პალატაში შემოსულ ექიმებთან თვითმკვლელობა ვახსენე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ შაბათ-კვირას ქალაქში აღარ გამიშვებდნენ და თავისუფლად მოშარდვის საშუალებასაც აღარ მომცემდნენ. თვითმკვლელობის სურვილი  პირველად დაახლოებით ათი, თერთმეტი თუ თორმეტი წლის ასაკში (ან უფრო ადრე) გამიჩნდა. შემდეგ იმდენად შევეჩვიე მას, რომ “სუიციდური ოცნებები” (როგორც ამ დაწესებულებაში ამბობენ ხოლმე) თავისებურ იავნანად იქცა, რომელიც ყოველ ღამე – სანამ დავიძინებდი –  ჩამესმოდა.  ექიმებისთვის არც ის უნდა მეთქვა, რომ ღამღამობით მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლო დაძინება, თუ საბანს თავზე წავიფარებდი  და  წარმოვიდგენდი, რომ თავდახურულ კუბოში ვიწექი. ყოველნაირად ვცდილობდი გულწრფელი და სანიმუშო პაციენტის სახელი დამემსახურებინა, მაგრამ სწორედ ამის გამო ჩემმა მკურნალმა ექიმმა ისეთ პალატაში გადამიყვანა, სადაც მკაცრად მაკონტროლებდნენ. მანვე დაუყოვნებლივ მომამაგრა ყოფილი სპორტსმენი, რომელმაც მამობრივად მომითათუნა ხელი მხარზე და მითხრა, რომ მისი არ უნდა მშინებოდა – ისიც სცენარისტი იყო (ჩემსავით წარმატებული და მდიდარი არა, მაგრამ მაინც სცენარისტი). ბობი ერქვა. თურმე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრად იმ მიზნით დაიწყო მუშაობა, რომ სცენარისთვის მასალა მოეპოვებინა. მსურდა, საგიჟეთში მაინც დამევიწყებინა კინო, მაგრამ ბობის გაცნობის შემდეგ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გამოდგებოდა თუ არა აქ მომხდარი ეს თუ ის შემთხვევა კინოსთვის. ბობი აბეზარი აჩრდილივით ყველგან თან მდევდა. მისი რბილძირიანი ფლოსტების ფრატუნი ისეთსავე დამაყრუებელ ხმაურად მეჩვენებოდა,  როგორც ჭიანჭველას  – მტვრის ნაწილაკების მოძრაობა.

ერთ დილას, როდესაც ჯერ კიდევ ვიწექი და ქალთა ჟურნალებს ვფურცლავდი.  ბობმა ფეხის ფხანა დაიწყო.  წამოვხტი და საპირფარეშოში შევედი. თვითრეფლექსიით გატაცებულს მეჩვენებოდა, რომ შარდის ხმა ყველა დანარჩენ ბგერას ახშობდა და ისეთი ხმამაღალი იყო, თითქოს ჭავლი ჩემსავე ყურში იღვრებოდა. შემდეგ ტელევიზორს მივუჯექი. დიდხანს აჩვენებდნენ, როგორ ადიოდა მწვერვალზე უფეხო ინვალიდი-ალპინისტი; თოკებისა და ბლოკების დახმარებით მსუბუქად აჰქონდა საკუთარი სხეული მწვერვალისკენ, სადაც ამერიკის დროშა ჩაარჭო. ამ ხეიბრის თავგანწირულმა ჯახირმა და, ბოლოს, ტრიუმფმა გული ამიჩუყა; ცრემლებიც კი წამომცვივდა. ნერვების დასამშვიდებლად მივაყურადე თანაზომიერ ხმაურს, რომელიც სპორტული დარბაზიდან გაისმოდა – იქ ანტიდეპრესანტებით გაჭყეპილი ორი პაციენტი პინგ-პონგს თამაშობდა. მალე, საბოლოო ტკაცის შემდეგ, კვლავ სიჩუმე გამეფდა. ამ  სიჩუმისგან გაღიზიანებული, საავადმყოფოს შიდა ეზოში გავედი. დავჯექი თუ არა,  ბობიც მომიჯდა. ეზოში აღარ დამედგომებოდა. ჯდომა – უბრალოდ, ჯდომა! – ცხენით ჯირითზე უფრო რთული მეჩვენა. როგორც კი ავდექი და ეზოში ბოლთის ცემა დავიწყე, ბობიც წამოდგა და უკან ამედევნა.

მაღალი მესრით შემოღობილი ეზო ფრანკლინ დელანო რუზველტის სახელობის გზატკეცილსა და  ისტ-რივერს გადაჰყურებდა. მესრის გასწვრივ ჩარიგებული ბეტონის სკამები მელანთევზებს წააგავდა. ეზოს კუთხეებში დადგმულ კასრებში ბუჩქები ჩაერგოთ. ჩვენ ზემოთ თეთრი მტრედები და თოლიები ჰაერში ლივლივებდნენ. მარილიანი კრეკერები ცელოფანის პაკეტში მოვსრისე და  ნამცეცები ფრინველებს დავუყარე.

– როგორ ფიქრობ, გამოჯანმრთელდები? – მკითხა ბობმა.

– მოგწყინდა?

– ეს არ მითქვამს.

– შენ ხომ სცენარის დაწერა გინდა და  მასალას აგროვებ. მაგრამ აქ ისეთ მასალას ვერ შეაგროვებ, რომ ტრილერისთვის გამოგადგეს.

– ვერც დეტექტივს დავწერ – ამაში ხელს არ მიწყობ.

ეზოს მოპირდაპირე კუთხეში ცეკვავდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მთელი საავადმყოფო “ბალერინას” ეძახდა. მისი მაღლა ავარცხნილი  თმა და სხეული (რომელიც თითქოს ქალის ნებისგან დამოუკიდებლად  მოძრაობდა) მოწმობდა, რომ ის პროფესიონალი მოცეკვავე იყო. ქალის ცეკვას თვალს ადევნებდა ფართო პალტოებსა და პაწაწინა შავ ფეხსაცმელებში გამოწყობილი მოხუცი ცოლ-ქმარი. ალბათ, იმიგრანტები ან ლტოლვილები იყვნენ, რადგან ძველმოდური (იფიქრებდი, მეცხრამეტე საუკუნის დროინდელიაო) ტანსაცმელი ეცვათ და აქეთ-იქით გაფაციცებით იყურებოდნენ, თითქოს ტყვიებს უფრთხოდნენ. ეს მოხუცი ცოლ-ქმარი შვილიშვილის სანახავად ყოველ საღამოს მოდიოდა. ახლა, სკამზე მსხდომნი, უცქერდნენ, როგორ დაგოგმანებდა ის  – ლამაზი ჩიტივით –  გრძელ ჩრდილებს შორის. ბერიკაცი უფილტრო სიგარეტს ეწეოდა და ენას ხვლიკივით ამოძრავებდა, როდესაც პირიდან თამბაქოს ნამცეცებს ისროდა. დედაბერს გამხდარ სახეზე აღტაცება ეტყობოდა. დამჭკნარ ხელში ცხვირსახოცი ჩაებღუჯა. ცრემლებს ვერ იკავებდა შვილიშვილის მოხდენილი მოძრაობების შემხედვარე. ცეკვა გოგონას უჩვეულო ხიბლს ანიჭებდა და ექსტაზს განაცდევინებდა. ბალერინას ჩემსავით ფარფარა ხალათი ეცვა. ხელებს ისე ნარნარად  შლიდა, თითქოს თითის წვერებზე ბუმბულები ადევს  და მათი ჩამოვარდნისა ეშინიაო. შემდეგ ისე მაღლა ხტებოდა, გეგონებოდა, კანიდან ამოხტომას ლამობსო. ეზოს მთელ სიგრძეზე დარბოდა, დაფრინავდა, ტრიალებდა და ირაოს კრავდა, თითებით მესერს ებღაუჭებოდა და ანჯღრევდა. მაგრამ როგორც კი მოხუცები წავიდნენ, შეჩერდა. ერთ ადგილას გაშეშდა.

ტაში შემოვკარი და შევყვირე:

– შესანიშნავია. Brava, brava. Bravissima!

– სიგარეტი არა გაქვს? – მკითხა ქალმა.

ავდექი,  სიგარეტი და სანთებელა მივაწოდე და ცისფერ თვალებში ჩავხედე. უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა.

– მართლაც კარგად ცეკვავ. – ვუთხარი მე.

– არც ისე კარგად, – მომიგო ქალმა.

აგდებულად მიპასუხა. ამიტომ  გაჩუმება ვამჯობინე და სკამზე ჩამოვჯექი. ქალი მიბრუნდა, სანთებელა დაატკაცუნა და სიგარეტს ხელი მიაფარა, რომ ქარისგან დაეცვა. მუყაოს თეფში ეზოში ისე დაბზრიალდა, როგორც სათამაშო ჯოხიდან წამძვრალი ბორბალი, ოღონდ მოთამაშე ბავშვი არსად ჩანდა. პეპელა, თევზის ქერცლს რომ წააგავდა, ზემოდან ყვავილის ფურცელივით ჩამოფარფატდა, მესრის ღრიჭოში გამოძვრა და ხელზე დამაჯდა. საღამოს გრილმა ნიავმა დაბერა და სიგარეტის ბოლი ჰაერში გაფანტა. ქალის ხალათს ცეცხლი წაეკიდა. კალთაზე ალი არშიასავით შემოეხვია. სკამიდან წამოვხტი. მინდოდა, ბალერინასთვის მეთქვა, ცეცხლი გეკიდება-მეთქი. ჩემს ხელზე გარინდული პეპელა აფრინდა. მონაბერმა ქარმა ცეცხლი გააძლიერა. ალი ავარდა. ქალი სანთელივით იწვოდა. ცეცხლი ერთიანად მოედო სხეულზე. ცხელი ჰაერის ტალღა სახეზე მომელამუნა. ცეცხლი ისე გიზგიზებდა, რომ თვალები მოვჭუტე. ბალერინამ ხელები გაშალა და ეზოს თავზე აფრინდა sur les pointes. ფენიქსი გეგონებოდათ. ფეხები და ზურგი მთლიანად გაიშიშვლა და მხოლოდ მაშინ დაეშვა ძირს, როდესაც კაბის ნარჩენები ქარმა დაფლეთილი შავი აჩრდილივით აიტაცა და წაიღო. მან წარბშეუხრელად მიიღო ძველი პოზა.

უკვე ერთი თვე იყო, რაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი. აღარავინ მიგზავნიდა მოკითხვის ბარათებს და რბილ სათამაშო დათუნიებს. ლარნაკიდან გამხმარი ყვავილების ფურცლები ცვიოდა,  ღეროები კი ლპებოდა. ეს ამაზრზენი დრო ისე უძრავად იდგა, როგორც სარგასოს ზღვა: წარსული ცხოვრების ქარი ზურგში აღარ მიბერავდა. წარსულ ცხოვრებაში დე-იურე დაქორწინებული ვიყავი ქალზე, რომელიც ჩემი ფილმების პროდიუსერი იყო. მაგრამ ცოლმა დე-ფაქტო გამცვალა  უფრო  გლამურულ კაცზე – ჩვენი უკანასკნელი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელზე. სცენარში ჩემი ოჯახის რეალური ამბავი იყო ასახული, ხოლო მისი გმირის პროტოტიპი გარდაცვლილი მამაჩემი გახლდათ. როდესაც ცოლი მამაჩემის ორეულთან ჩახვეული ვიხილე, მასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე. ამის შემდეგ ან ფსიქოთერაპიის სეანსებზე დავდიოდი და ფსიქიატრიულ ტესტებს  (თემატური აპერცეფცია, რორშახის   ტესტები, M.M.P.I) ვხსნიდი ან დასასვენებელ ოთახში დივანზე ვიჯექი ხოლმე და ვიმედოვნებდი, რომ ძაძენის მეშვეობით (ძენ-ბუდიზმში “ძაძენი” “მჯდომარე პოზაში მედიტაციას” ნიშნავს) ნეტარი და ჩლუნგი ძანსინის მდგომარეობას მივაღწევდი, მაგრამ მხოლოდ სიგარეტის მოწევის სურვილი მიჩნდებოდა.

ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ, დივანზე ვიჯექი და ყურს, წარბს, სასას ვიზელდი – ვფიქრობდი, სად მივიჭირო ლულა-მეთქი. შემდეგ ახალგაზრდობის დროინდელი გატაცება გამახსენდა და ვცადე ლექსი შემეთხზა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სცენარების წერას ჩემში პოეტური ნიჭი ჩაეკლა. იამბები მეურჩებოდნენ და სიტყვები მხოლოდ უმწეოდ დაბარბაცებდნენ ფურცელზე. ბოლოს ნიკოტინის ნდომამ მაიძულა, ეზოში გავსულიყავი და ნამწვები ამომეკრიფა ყავა “ფოლჯერსის” ქილებიდან, რომლებსაც სამედიცინო პერსონალი საფერფლეებად იყენებდა. ბევრი ვერ შევაგროვე: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხარბად ეწევიან, სიგარეტებს ბოლომდე წვავენ. აქ ყველას ყვითელი, დაფუფხული თითები აქვს, ისე, როგორც – ეშმაკს.

ბოლოს გადავწყვიტე, სიგარეტები კარმენისთვის მეთხოვა. ეს იტალიელი ქალი მეზობელ პალატაში იწვა და ოპერის მომღერალს  წააგავდა. კარმენმა ახალი კოლოფი გახსნა და ამოიღო, რომელიც ისეთივე სტერილური და თეთრი სიგარეტი იყო, როგორც ყველაფერი ამ საავადმყოფოში. ვერასოდეს იფიქრებდი, რომ ის, შეიძლებოდა, კიბოთი დაავადების მიზეზი გამხდარიყო. სიგარეტი  დავყნოსე, ისე, როგორც საუკეთესო სიგარებს ყნოსავენ ხოლმე.

– სიკვდილს გადამარჩინეთ, – ვუთხარი კარმენს. – ასანთიც ხომ არ გექნებათ?

– იცით რა, – დაიწყო ქალმა. – და-ძმები არ მყოლია და სკოლაში ვერავინ დამიცავდა, იქ კი მასხრად მიგდებდნენ. განუწყვეტლივ დამცინოდნენ, თანაც დედაჩემი ისეთ ულამაზო კაბებს მაცმევდა! სკოლაში ყველა კლოუნად მთვლიდა. ერთი ბედნიერი დღე არ მქონია. თერთმეტი წლიდან თოთხმეტამდე ჩემზე ბიჭები ძალადობდნენ, თექვსმეტი წლისა შინიდან გავიქეცი. რამდენჯერმე გამაუპატიურეს. ათასჯერ ვცადე თავის მოკვლა… შემდეგ ერთ ოცდათხუთმეტი წლის კაცს შევხვდი, დავორსულდი, გავთხოვდი. შვიდი წლის განმავლობაში ვიტანდი ცემა-ტყეპას. ბოლოს ვეღარ გავუძელი და წავედი. არც ვიცოდი, სად მივდიოდი.  ჩემი სამი შვილიც თან წავიყვანე. ქუჩაში გული წამივიდა, საავადმყოფოში მეექვსედ მოვხვდი… იქიდან რომ გამოვედი, წასასვლელი არსად მქონდა. ერთმა  კეთილმა კაცმა შემიფარა, მიხმარა და  მეოთხე შვილი გამიჩნდა. ახლა, როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვხვდები: ჩემმა ახალგაზრდობამ ისე ჩაიარა, რომ სიყვარული არ განმიცდია. როგორ მძულს საკუთარი თავი! ჯობდა, ამქვეყნად არ გავჩენილიყავი! ახლა უკვე ისე გამოვსულელდი, რომ ზოგჯერ ორი საათის განმავლობაში აბაზანაში ვწევარ და ვერ ვხვდები, რატომ!

ბიჭოს! სიგარეტს  ითხოვ და აღსარებით გიმასპინძლდებიან. ერთი კვირის შემდეგ ყველას თავგადასავალი იცი. ავადმყოფობა გვაახლოებს. პაციენტები ჰყვებიან თავიანთი დაავადებების შესახებ, ნორმალურ ცხოვრებას კი არც ახსენებენ. ეს სამარცხვინო, აკრძალული თემაა.

კარმენს ძლივს დავუძვერი. სპორტულ დარბაზში, პინგ-პონგის მაგიდაზე,  ასანთის კოლოფი დავლანდე და მოვიპარე. შემდეგ ეზოში გავედი. ბალერინა უკვე ცეკვავდა.

– სიგარეტი არ გაქვს? – მკითხა მან.

– წინა შეხვედრისას ხომ მოგაწევინე, – ვუთხარი მე. – ერთადერთი სიგარეტი მაქვს. თუ გინდა, ნახევარ-ნახევარი მოვწიოთ.

ქალი მომიჯდა. კანზე მალამოებისა და სტეროიდული წამლების სუნი უდიოდა.

– პროფესიონალი ხარ? – ვკითხე მე.

– პროფესიონალი გიჟი გახლავარ. – მიპასუხა მან.

– არა, მართლა!

– ნახევარი სიცოცხლე საავადმყოფოებში მაქვს გატარებული.

– პროფესიონალი მოცეკვავე ხომ არ ხარ-მეთქი, ეს ვიგულისხმე.

– ასეთი სხეულით?

– ამას რატომ ამბობ?

– დანა გაქვს?

– ხუთი კვირაა, შარვალი არ ჩამიცვამს.

– მერე – რა?

– არაფერი. ჯიბეები არ მაქვს. არც ქისა, არც გასაღები, არც ხურდა ფული, არც ცხვირსახოცი, არც თილისმა, არც დანა. დამასაჭურისეს. დანა რად გინდა?

– ეს ჩემი საქმეა.

ფართო ცხვირი მსხალს მიუგავდა. პირუეტები, ჟეტე და პლიე ასეთ ცხვირს არ უხდება. თუმცა, ლამაზი ტუჩები ჰქონდა, ცივი ბიფშტექსის ფერისა, და  – ღრმად ჩამჯდარი  მოციმციმე ცისფერი თვალები. როდესაც ამ თვალებს ვუყურებდი, მეგონა, მათ სიღრმეში მფრთხალი თევზები დაცურავდნენ.

– ბავშვობიდან მხოლოდ ცეკვაზე ვოცნებობდი. გავიზარდე და ახლა მოჭიდავის ფეხები მაქვს. როგორ უნდა ვიცეკვო?

– მე კი სცენარისტობა მინდოდა და იცი რა მოხდა? სცენარისტი გავხდი. ეს ჩემი ტრაგედიაა. –  ზურგით მესერს მივაწექი. – ლამაზი ფეხები გაქვს. არ მესმის, რატომ არ მოგწონს.

– ბარძაყები არ მომწონს, სულელო.

ისტ-რივერის თავზე  საბაგირო გზის წითელი კაბინები  ქანაობდნენ და ნელ-ნელა მიიწევდნენ რუზველტ-აილენდისკენ. მზე ჩადიოდა. ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ახლა ერთ-ერთ მოქანავე  კაბინაში ვიჯდე, ვუყურებდე, როგორ ებრძვიან  ჰორიზონტთან გაშეშებული მზის სხივები    ბინდბუნდს,  და შუბლით ცხელ მინას ვეკვროდე-მეთქი.

– დამშვიდდი, – სიგარეტს მოვუკიდე და მივაწოდე. – მშვენიერი ფეხები გაქვს.

– დიდი მადლობა, – გაეცინა მას. შემდეგ ტუჩები მოამრგვალა, კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და  სიგარეტის ანთებული ბოლო ბარძაყზე მიიდო. ატრიალა. სანამ სიგარეტი ჩაქრებოდა, თვალი არ მოუცილებია ვარდისფერი, ფერფლდაყრილი ლაქისთვის.

– ჯობს აღარ მოსწიო, – ვუთხარი მე.

ბობი გამოგვყვა ბალერინას პალატამდე, სადაც ქალმა ჭრილობაზე ტკივილგამაყუჩებელი მალამო წაისვა. ისე ისვამდა, თითქოს საკუთარ სხეულს ეფერებოდა.  შემდეგ  წამოწვა.

– ასე რატომ მოიქეცი?

– ეს რომ ვიცოდე, აქ  ვიქნებოდი?

– ზოგჯერ ზუსტად იცი საკუთარი ქცევის მიზეზი, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდები ცდუნებას.

დავიხარე. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ტუჩებზე ხელი ამაფარა.

 

ამის შემდეგ ბალერინასთან ყოველ საღამოს მივდიოდი. მისი განუხორციელებელი სწრაფვა ბოჰემისადმი სრულიად განსხვავდებოდა ჩემი ცხოვრებისგან, ჩემი სულელური წარმატებისგან. გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩემი შემოსავალი წელიწადში მილიონ დოლარს შეადგენდა, მაგრამ ძალზე უბედურად ვგრძნობდი თავს. არ ვწუწუნებ. წუწუნი, საერთოდ, არ მჩვევია. იმ მდიდარ ადამიანთა რიცხვს არ ვეკუთვნი, თავიანთი ბედის უკმაყოფილონი რომ არიან. უბრალოდ, თავგზა ამერია და მეშინოდა, რომ წარმატება და სიმდიდრე გამანადგურებდა როგორც პიროვნებას. ჩემგან განსხვავებით, ბალერინა, რომელიც თავის დაწვაზე ოცნებობდა, პირიქით, არსებობდა; ექიმის ბრძანებით, ზუსტად ცხრა საათზე მას მთელი ღამით საწოლზე აბამდნენ. თავდაპირველად მიძნელდებოდა საუბარი ქალთან, რომელიც ცდილობდა გათავისუფლებულიყო ტყავის ღვედებისა და ფოლადის ბალთებისგან. ამიტომ შორს ვჯდებოდი და ვაცქერდებოდი მის მუხლებს, რომლებიც საავადმყოფოს ნათურების მოცისფრო შუქზე  ლაპლაპებდნენ.

– როგორ ხარ? – ვკითხე მე.

ბალერინამ უხეში ტყავის ღვედის ქვეშ მაჯა დაატრიალა. Comme ci, comme ça. თასმა უამრავ  სხვა  ოფლიან მაჯას გაეპრიალებინა ათასობით ღამის განმავლობაში.

– ფორთოხალს არ გამიფცქვნი?

კალათიდან ფორთოხალი ამოვიღე და გავფცქვენი; ბინდბუნდში ფორთოხლის სურნელი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა. ბობი დერეფანში იჯდა და ბლოკნოტში რაღაცას წერდა, მაგრამ ეს  ფეხზე მეკიდა. პალატის ფანჯარა ღია იყო. მძიმე ფარდებს ქარი აფრიალებდა. მომეჩვენა, რომ საავადმყოფოს ეზო, სველი შიშველი ხეებითა და თებერვლისეული სიცარიელით, ერთგვარად, მეცნობოდა – მაგონებდა სცენას ემიგრანტთა ცხოვრებიდან პარიზში, რომელსაც არასოდეს შევსწრებივარ, ან –  ახალგაზრდულ სასიყვარულო თავგადასავალს, რომელიც არასოდეს განმიცდია.

– ის თეთრი სისაძაგლეც მოაცილე, – მითხრა მან, – მეზიზღება.

– მეც ვერ ვიტან. – ვუთხარი, და  ძვირფასი ქვასავით მობრჭყვიალე ფორთოხლის ნაჭერი მივაწოდე. პირი გააღო. ტუჩებს შორის შორის ენა გამოსხლტა. კარგა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც  სხვა ადამიანს საჭმელი შევთავაზე. ფორთოხლის კიდევ ერთი წილაკი მივუტანე   გაღებულ პირთან, რომელიც პატარა დაქანცული ჩიტის ნისკარტს წააგავდა.

– ასანთი არა გაქვს, ხომ? – ვკითხე და სიგარეტი პირში ჩავიდე. – შენნაირ პირომანს საიდან ექნება!

– მეც მინდა მოწევა.

– ალბათ, გინდა. რატომ წაიკიდე ცეცხლი?

– ჩემი ექიმი ამბობს, რომ ამ ხერხით მტანჯველ ფიქრებს ვიშორებ.

– კარგად მესმის, რასაც გულისხმობს. მეგონა, რომ ამაში კინო დამეხმარებოდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ ჯობდა, ნაწილ-ნაწილ ავეკუწეთ.

– ჭკუის კოლოფი ხარ.

– აბა, რა გეგონა, აქ  ფეხებს კი არ მკურნალობენ.

– ღვედები მომაცილე, – წაიჩურჩულა მან.

– არ შემიძლია.

– გეხვეწები,

– ვერ ვიზამ.

– მოვწიოთ და მერე ისევ დამაბი.

– ასანთი არ მაქვს.

– მე მაქვს.

ბალერინამ მითხრა, მაგიდის ნათურა აწიეო. ნათურის ქვეშ უამრავი ასანთი ვიპოვე. როგორც ჩანს, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა აქ, რადგან ნათურის ძირზე მიკრული მწვანე ქეჩა ჩაზნექილი იყო.

– ძალიან კარგი! მაგრამ სიგარეტს მე მოგაწევინებ, ისე, რომ ღვედებს არ აგხსნი.

სიგარეტი ბოლომდე მოვწიეთ. შემდეგ ბალერინა შეეცადა ხალათის კალთები აეწია. ბამბის ქსოვილი ისე  შრიალებდა, თითქოს ბიბლიას ფურცლავდნენ.

– აქ ფეხი მაშინ დავიწვი, როდესაც ოლბანის საბალეტო დასში არ მიმიღეს, – თქვა მან და ოდნავ შესამჩნევ პატარა ნაიარევს ხელი გადაუსვა. – მინდოდა ბასრი სამართებლით გამეჭრა, მაგრამ სამართებელი ვერ ვიპოვე. ფეხების საპარსი ვიპოვე და სამართებლის ამოღება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. გული დამწყდა. ავტირდი. დასაწყნარებლად სიგარეტს მოვუკიდე, შემდეგ კი ხელმა თავისით ქნა საქნელი – თითქოს ვიღაც მართავდა. ზოგჯერ ახლაც ვიწვავ სხეულს – დაძაბულობის მოსახსნელად.

და ბალერინამ მიჩვენა მთელ მუცელზე დაჩნეული ყავისფერი წერტილები, რომელთაც ელიფსის ფორმა ჰქონდათ. ხალისოდენა წერტილები – ასანთის ცეცხლით დაჩნეული ნაკვალევები. მთელი სხეული პალიმფსესტს მიუგავდა: ახალი ნაიარევებიდან უკვე შეხორცებული ნაიარევები მოჩანდა. მკლავები დასერილი ჰქონდა რკინის  კაუჭით, რომელიც, თურმე,  წინასწარ გაევარვარებინა ანთებულ ქურაზე.

– შეიძლება ხელი მოვკიდო? – ვკითხე.

თითით შევეხე მუქ გამაგრებულ ამონაბურცს მის წაბლივით გლუვსა და მუქ ბარძაყზე. შემდეგ ხელი ქვემოთ ჩავასრიალე. ყოველ ნაიარევს თავისი ისტორია ჰქონდა და ბალერინა მიამბობდა კონკურსების, საბალეტო კლასების, საღამოს წვეულებების, სატელეფონო ზარების, ნიშნობების შესახებ. მის მიმართ ლტოლვას ახლა უკვე აღარ ვგრძნობდი. ბალერინას სხეულის ღირსშესანიშნაობები მიმზიდველი აღარ იყო, ისევე, როგორც ისტორიული ბრძოლის ველი აღარაა სისხლიანი.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტებს აკრძალული აქვთ ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა,  ბობის მუდმივი დევნაც არ გვაძლევდა განმარტოების საშუალებას. ზოგჯერ, როდესაც სასადილო ოთახში რიგში ვიდექი კერძის ასაღებად, ცალი ხელით სინი მეჭირა, მეორეთი კი ბალერინას მკვრივ გავას ველაციცებოდი. პარასკეობით, როდესაც მთელი საგიჟეთი ბინგოს თამაშობდა, ტერფით მის წვივს ვეფერებოდი. ზოგჯერ თითქოს შემთხვევით ვეკვროდი პაწაწინა სპორტულ მოედანზე, სადაც ფრენბურთის ძალზე უღიმღამო თამაშები ტარდებოდა. სკოლაში ყოველთვის ალღოთი ხვდები, ვინაა კარგი სპორტსმენი და  ვინ – ქალაჩუნა, ვისთან უნდა დაჯდე, რომ ისტორიის გამოცდაზე არ ჩაიჭრა და ვინ დაგამარცხებს  სპორტული შეჯიბრების დროს, მაგრამ გიჟებთან ალღო არ ჭრის – აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ფარმაკოლოგიას აქვს. ამიტომ,  სანამ სექსუალურ პარტნიორს აირჩევ, “ფსიქიკური გადახრების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის ცნობარში” უნდა ჩაიხედო და  ანამნეზი შეამოწმო!

თავისი დაავადების გამო ბალერინა გულგრილი იყო სექსის მიმართ, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ მანერიქსის სამკურნალო კურსი არა მარტო შეასუსტებდა მის მიდრეკილებას თვითგვემისადმი, არამედ დაპირებულ თანმხლებ ეფექტსაც გამოიწვევდა და მკვეთრად გაამძაფრებდა მის ლიბიდოს. მაგრამ ამაოდ გავიდა ერთი კვირა, შემდეგ – მეორე. უკვე მოთმინება მეწურებოდა. ჩვენი ყოველი ფიზიკური კონტაქტი შემთხვევითი და წამიერი იყო. შემეძლო მარტოც მივცემოდი სექსუალურ ფანტაზიებს, მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ ამის უნარი აღარ მქონდა. მკურნალობის შედეგად ერექციის უნარი დავკარგე და, გარდა ამისა, ბობი გაუწყვეტლივ შემოდიოდა პალატაში ყველაზე უხერხულ მომენტებში. მოკლედ, სამომავლოდ, იმ დროისთვის, როდესაც მანერიქსი ბალერინაზე თავის ეფექტს მოახდენდა,  თავი რომ არ შემერცხვინა,  ახლა ფანჯრიდან ვყრიდი ბუპროპიონს, ლითიუმის კარბონატსა და კლონაზეპამს.

ახალმა პრეპარატმა ბალერინაზე იმდენად კეთილისმყოფელი ზეგავლენა იქონია, რომ თებერვლის ბოლო რიცხვებიდან ღამღამობით  საწოლზე აღარ აბამდნენ. სადილის შემდეგ ეზოში გავდიოდით და ჩამავალი მზის სხივებით ვტკბებოდით. ვხვდებოდით, რომ მას მალე გაწერდნენ. მართლაც, ერთ დილას დავინახე, როგორ მიათრევდა ექთნის კაბინეტისკენ დაწნულ კალათას და თავისი ნივთებით გატენილ ბალიშისპირს.  საგიჟეთიდან გაწერა – მნიშვნელოვანი მოვლენაა. გაწერის  წინ ყველანი იფიცებოდნენ, რომ წერილებს მომწერდნენ და მინახულებდნენ, მაგრამ დანაპირები არც ერთს არ შეუსრულებია. როდესაც ვეტერანი პაციენტი ხარ, სკეპტიკოსი ხდები. ვიმედოვნებდი, რომ ამ ქალს აღარასოდეს ვნახავდი. ის გამოჯანმრთელდა, ესე იგი, ჩემთვის აღარ არსებობდა და სადღაც,  უცნობ სივრცეებში აპირებდა დაბინავებას. ბებია და ბაბუა ბალერინას სასტუმრო ოთახში დახვდნენ. კვლავ  ძველმოდური, სასოწარკვეთილი  გამომეტყველება ჰქონდათ და გრძელი, გაცრეცილი ტანსაცმელი ეცვათ. მათ გვერდით მდგარი, სიფრიფანა საგაზაფხულო კაბაში გამოწყობილი ბალერინა ნისლის გროვას ან მოხუცების სევდას განსახიერებდა. შემომთავაზა, როგორც კი ქალაქში გასვლის ნებას დამრთავდნენ, მასთან სტუმრად მივსულიყავი. ჩემი ხალათის სახელოზე  წითელი ფლომასტერით წააწერა თავისი სახელი და ტელეფონის ნომერი. შემდეგ ხელი ჩამომართვა და წავიდა, მე კი, ჩვეულებისამებრ, დივანზე მოვკალათდი. ვიცოდი, რომ აქედან მანამ არ ავდგებოდი, სანამ ციდან რომელიმე ანგელოზი არ ჩამოფრინდებოდა და სულს არ ჩამბერავდა.

ბალერინას გაწერიდან, მგონი, ორი კვირა იყო გასული, რომ ჩვეულებრივ პალატაში გადმომიყვანეს. ბობი გაუჩინარდა და მარტო დავრჩი. ფანჯარა ყოველთვის ღია მქონდა. ისევე, როგორც ბავშვობისას, მეჩვენებოდა, რომ საგნები მოძრაობდნენ, ხოლო იატაკზე ტანსაცმელი კი არ ეყარა, არამედ – გვამები. სიყმაწვილე ილავკოში (ვაშინგტონის შტატი) გავატარე. მამაჩემი და მისი ექვსი ძმა ოკეანეში ორაგულზე თევზაობდნენ ხოლმე. როგორც წესი, ორ წელიწადში ერთხელ ჩემი რომელიმე ბიძა იხრჩობოდა და მის გვამს ოკეანე  მდინარე ჩეჰალისის ჭაობიან ნაპირებზე გამორიყავდა ხოლმე. გლოვა გრძელდებოდა რამდენიმე დღეს, ზოგჯერ – მთელ კვირას ან თვეს, სანამ გადარჩენილ ძმებს არ მობეზრდებოდათ ყოველ საღამოს ბარში ლოთობა. იქ ისინი მთვლემარე გომბეშოებივით მდუმარედ ისხდნენ ხოლმე ძალიან, ძალიან დიდ ხანს. შინ მარტო დარჩენილი (დედაჩემი ახლაც ცოცხალია და სადღაც ცხოვრობს, თუმცა, წარმოდგენა არა მაქვს – სად), იატაკზე დაგდებული პერანგის ნაცვლად მკვდარ ბიძას ვხედავდი. საწოლიდან გადმოსვლისა  მეშინოდა და უსასრულოდ გაჭიანურებულ ღამეებს ლოდინში ვატარებდი. ოკეანის გრილი ნისლი წინათგრძნობებით იყო გაჯერებული, ხოლო შუქურის მოციმციმე სხივები ჩემი ოთახის კედლებზე მწვანე ჩრდილებს ათრთოლებდა. აი, ახლაც თავზე საბანი გადავიფარე. “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…” და ა.შ. “აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”. ჩემი წარმოსახული დაკრძალვის შემდეგაც კი ვერ დავიძინე. საბნიდან თავი გამოვყავი და ჭერს მივაჩერდი, თან ყურს ვუგდებდი იმ პაციენტთა მონოტონურ ხმებს, რომლებიც დერეფანში ფასიანი ტელეფონით საუბრობდნენ (20:02)… “ჩემი მშობლები ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, მაგრამ შემდეგ განქორწინდნენ და კიდევ უფრო გაუბედურდნენ”… (20:07)… “ახლავე დანას გავირჭობ. შემდეგ სასამართლოში მივალ და ყველას ჩემი სისხლით მოვთხვრი “… (20:47)… “ტაილენოლით ვერ მოიწამლები. მხოლოდ ღვიძლს დაიზიანებ. აგონია ხანგრძლივი და მტანჯველი იქნება”.

ამგვარი – ხან ფიცხი, ხან კი სევდიანი – საუბრები დერეფნიდან ყოველ ღამე მესმოდა. ადამიანები საავადმყოფოში იმის გამო ხვდებიან, რომ არ ძალუძთ საკუთარი ემოციების მოთოკვა, მაგრამ თუკი  მოუსმენთ მათ ბურტყუნს, მათ ხანგრძლივ ღამეულ საუბრებს, ტანჯვისა და შეშლილობის  მთელი ისტორია იქცევა ერთ მოსაწყენ ამბად, რომელშიც არავითარი დრამატიზმი არ იგრძნობა. აღქმის სიმძაფრე იკლებს. და რადგან ამგვარი დაწესებულებების მუდმივი სტუმარი ვიყავი, მარტოობას მივეჩვიე. ტელეფონ-ავტომატთან შეგროვილ გიჟებს ზიზღითა და სიამაყით ვუცქერდი, ისე, როგორც ვეტერანს შეეფერებოდა. მაგრამ ახლა საწოლიდან ავდექი  და რიგში ჩავდექი.

– მისმინე, – ვკითხე ბალერინას, – შეიძლება გინახულო?

– მერე, გამოგიშვებენ?

– რას გულისხმობ?

– თავს უკეთ გრძნობ?

– არა, – ვუთხარი მე, – მაგრამ აღარ მდარაჯობენ.

არაფერი უთქვამს. საავადმყოფოში ხშირად მინახავს,  როგორ ქანაობდა ცარიელ ჯიხურში მავთულზე დაკიდული ტელეფონის ყურმილი. წამლებისგან დასუსტებულ ან გაბრუებულ ადამიანებს დიდხანს საუბრის ილაჯი, უბრალოდ, აღარ აქვთ. როდესაც ბალერინამ პასუხი არ გამცა, სწორედ დაკიდული ყურმილი წარმომიდგა თვალწინ.

– მოვიდე? – ვკითხე ბოლოს.

– მოდი, – მითხრა მან.

ყურმილი დავკიდე. კვლავ დავწექი, ჭერს მივაჩერდი  და  მივაყურადე: (9:31)… “მგონი, ცხოვრების სამოცი პროცენტი გულისრევაში გავატარე”(9:33)… “რატომაა, რომ, როდესაც ავტომანქანაში ვჯდები და რადიოს ვრთავ, ყოველთვის “მისტერ ბოჯანგლსს” გადმოსცემენ?” (21:45)… “დღიურის წერა თითქმის ორი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად მხოლოდ მაშინ ვწერდი, როდესაც ბედნიერი ვიყავი. შემდეგ მივხვდი, რომ ნახევარ დროს კარგად ვგრძნობ თავს, მეორე ნახევრის განმავლობაში კი დეპრესია მეუფლება. დღიური გადავაგდე”. (22:07)..

პირველსავე დღეს, როდესაც ქალაქში გამიშვეს, ბალერინას ვესტუმრე. მხოლოდ  სამი საათით გასეირნების ნება დამრთეს, ამიტომ მაშინვე გავაჩერე ტაქსი, ღვინო ვიყიდე და ბალერინას მომცრო ბინაში მივედი. ოთახში შემიყვანა და ხელის სამი მოძრაობით მიჩვენა სამზარეულო, საწოლი ოთახი და სააბაზანო. ღვინის ბოთლი გავხსენით და ჩემი დროებითი თავისუფლების სადღეგრძელო დავლიეთ.

დიდი ხანი იყო, ღვინო არ დამელია, ამიტომ მაშინვე მომეკიდა. გადავიხარე, ბალერინას ფართო ცხვირის წვერზე ვაკოცე და სააბაზანოსკენ გავწიე, თან ვცდილობდი, ავეჯს არ დავჯახებოდი. მართლაც რომ ქალის სააბაზანო იყო, სადაც ეწყო უამრავი პუდრი, საპონი, ზეთი, ლოსიონი, სუნამო, ღრუბელი, პემზა და ა.შ. აბაზანის კუთხეებში ყვითელი სანთლები ენთო. გამჭვირვალე ფლაკონებში საფირონებივით ციმციმებდნენ არომატული ბურთულები. ლურჯი მინის ბოთლში არომატული სითხე ესხა, ხოლო ყავისფერ საპონს გლუვი ზედაპირი კი არ ჰქონდა, არამედ – ხორკლიანი. ყოველივე  ეს ძალზე ძვირადღირებული სიამოვნება იყო. ნიჟარის თავზე დაკიდული კარადის კარი გამოვაღე და შიგთავსი დავათვალიერე. ლოსიონზე ეწერა, რომ ის წმენდდა სახის კანს ტოქსინებისგან , რომლებიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ სისულელის არ მჯერა, მაგრამ  განა ყველას არ სურს კანის “გასუფთავება” და “განახლება”? ვინ გაუძლებს ამ სიტყვებით ცდუნებას? ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული ორი თვის განმავლობაში ასეთ ლექსიკას გადავეჩვიე და პარფიუმერიული ნაწარმის სახელწოდებებმა (ზეთისხილი, ლუმბანგი,  დიოსკორეა) მომნუსხა. მომეჩვენა, რომ ეს იყო სამოთხის ხილის სახელწოდებები, ხილისა, რომელიც მხოლოდ ზღაპრულ კუნძულზე ხარობდა, კუნძული კი სადღაც, ცისფერ მყოფადში ილანდებოდა. მის საძებრად ხომ არ გაემართა ოდესღაც კოლუმბი?

ამ მაცდური ფლაკონების გვერდით ეწყო ყვითელი პლასტმასის ქილები წარწერებით: ეფექსორი, პაქსილი, ველბუტრინი, პროზაკი და ზოლოფტი – ანტიდეპრესანტების კლასიკური ჩამონათვალი. ამ მედიკამენტებით ერთდროულად არ მკურნალობენ ხოლმე, ესე იგი, ბალერინას მკურნალობის კურსი გაუვლია. საინტერესოა, რა თანმიმდევრობით? ფლაკონები მათი გაყიდვის თარიღების მიხედვით დავალაგე. ქრონოლოგია ბალერინას საავადმყოფოში დაწოლამდე ერთი თვით ადრე წყდებოდა. მანერიქსის ფლაკონი აქ საერთოდ არ იყო.  ნეტავ რატომ? სხვა დასახელების მედიკამენტები თაროს კუთხეში სათადარიგო მოთამაშეების მსგავსად ჩამწკრივებულიყვნენ. მათ რიგებში ერთგვარი გამოცოცხლება შევიტანე – გადავყლაპე  ტუინალის რამდენიმე კაფსულა და მოვიპარე ორ-ორი აბი ზანაქსი და ვალიუმი. შემდეგ მოვშარდე, წყალი ჩავუშვი და დიდხანს ვუყურებდი საკუთარ სახეს სარკეში. თვალების ნაცვლად – ორი შავი ორმო გამჩენოდა. ღრძილები შემსიებოდა.. სარკიდან მიყურებდა კაცი, რომელსაც თითქოს წლების განმავლობაში არ გაესინჯა ხილის გემო.

როდესაც ოთახში დავბრუნდი, ბალერინამ მითხრა:

– ბევრი წამალი მოვიმარაგე, ხომ?

– კოლექცია გქონია, – ვუთხარი მე.

– კარადა გაქექე? გინდოდა ჩემი საიდუმლო გაგეგო? ყველაფერს მიგიხვდი. კრინტი არ დასძრა!

მხრები ავიჩეჩე

-როცა ვინმესთან სტუმრად ვარ, ყოველთვის ვათვალიერებ წამლებს. დიდი ამბავი!  მანერიქსი სადაა?

– ახალი ანტიდეპრესანტი, რომელიც უფრო ეფექტურია, ვიდრე  ძველები?

– ჰო, ის.

– გადავაგდე.

– ნაადრევად ხომ არ გადააგდე? როგორ ძლებ წამლების გარეშე?

– აი, ამ წუთას ვგრძნობ, რომ სიამოვნებით დავიწვავდი კანს, თუ ამას გულისხმობ.

ათი წლის განმავლობაში ვწერდი სცენარებს ჰოლივუდისთვის, რათა ისეთი ცხოვრებით მეცხოვრა, რომლისგანაც, საბოლოოდ, შევიშალე, ახლა კი ყველაფერი სულ ერთი იყო. სისულელეებს თავი დაანებე და ცხოვრებას რეალურად შეხედე!. გული დამწყდა, რომ კიდევ ერთი ბოთლი ღვინო არ მოვიტანე. ის მაშინვე გააცოცხლებდა სიყმაწვილისდროინდელ ბოჰემურ სურვილებს. ლიტერატურა და სექსი. ბოდლერი და მყრალი ყველივით აქოთებული ქალები! სცენარისტობა არასოდეს მინდოდა, პოეტობა მსურდა. ახლა კი თვით პოეზიის წიაღში აღმოვჩნდი. სანთლები თაროებზე, იატაკზე, წვრილი და მსხვილი, გრძელი და მოკლე, წითელი, მწვანე – სანთლები, რომლებიც გუავის, ბროწეულის, მანგოს სურნელს აფრქვევდნენ. ყველაფერი luxe, calme და volupté იყო. გოგენის დღიურში წერია: “ცხოვრება ისეთი რამაა, რომ ძალაუნებურად ოცნებობ შურისძიების შესახებ”. მაგრამ რა შურისძიებაზეა საუბარი, როდესაც შარშან სამი ზაფხული, ორი გაზაფხული და ოთხი შემოდგომა მოვიწყვე (ერთი – მოსკოვში, მეორე – ფლორენციაში და კიდევ ორი – კაიროსა და ბირმაში)? ჩემი ბოლო ფილმის გადასაღები მოედნიდან გავიპარე, ისე სწრაფად, რომ ზამთარი ვერ დამეწია. სასიამოვნოა, როდესაც თავს ღვთაებად გრძნობ და ამინდს აბუჩად იგდებ. ვის სჭირდება გოგენი და მის მიერ დაჯღაბნილი სამოთხე? ჩემთვის იმ წუთას ყველაზე შორეული პოლინეზიური კუნძული ბალერინას თავის ქალაში იყო.

ქალი იატაკზე პირქვე  დაწვა. მუხლებსა და იდაყვებს ეყრდნობოდა. გულისპირიდან გუავას ნაყოფივით მძიმე და მრგვალი ძუძუები გამოუჩნდა. ხელი გავიწვდინე და ძუძუსთავზე ვუჩქმიტე. ბალერინამ გაიწია და მითხრა, ახლა ამ სისულელეებისთვის არ მცხელაო.

– არ გინდა?

– არა, – მითხრა მან, – რა მოგივიდა? შეგაშინე?

– შემაშინე? – დავწექი და ქვემოდან ავხედე. – არ ვიცი. არაფერი ვიცი. ახლა, მგონი, წყალმცენარე ვარ. ირგვლივ ბაზალური განგლიები და თევზები დაცურავენ.

– ჩემი აბები გადაყლაპე?

-აბა, რას ვიზამდი.

– ნუ მატყუებ! დალიე. ხომ?

– ხომ გითხარი, დავლიე-მეთქი, შე შერეკილო.

ბალერინა ახლა უკვე ოთახში ბოლთას სცემდა: თავაწეული, წელში გამართული, დაძაბული. იატაკს ისე ურტყამდა ქუსლებს, თითქოს ლურსმნებს აჭედებდა.  ჭურჭლის კარადასთან მივიდა და რაღაცები  გადააადგილა.  მომესმა, როგორ დაიწკრიალა ჭიქამ და სურამ. ფანჯარასთან მდგარი სკამი კართან მიიტანა. გადაშლილი წიგნი დაკეცა. მაცივარში თავი შეყო, ჭიქით ყინულის ნატეხები გამოიტანა და  პირში ჩაიყარა. ყინულის ნამსხვრევები პირიდან იატაკზე ცვიოდა. შემდეგ სკამს ხელი სტაცა და პირვანდელ ადგილას, ფანჯარასთან დააბრუნა. მეჩვენებოდა, რომ ადამიანი აღარ იყო და ცხოველად იქცა, მაშინ, როდესაც მე (აბების წყალობით) ერთუჯრედიან ორგანიზმად ვიქეცი. ხელ-ფეხი აღარ მქონდა, ხოლო თავს ძლივს ვატრიალებდი, რომ ბალერინასთვის თვალი მედევნებინა. კბილებში რამდენიმე სიტყვა გამოცრა, მაგრამ ისინი უკვალოდ გაქრნენ. არაფერი გამიგონია.

ბალერინამ კაბა გაიხადა და იატაკზე დააგდო, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. ობობას ქსელის მსგავსი შავი საცვალი ეცვა, რომლის ცენტრში ვეება ბანჯგვლიანი ობობა იჯდა. გვერდით დაიდო სიგარეტის კოლოფი, სანთელი და მწვანე საქსოვი ჩხირი (რისთვის სჭირდებოდა, არ ვიცოდი). სანთელი აანთო, სიგარეტი ზედ მოუკიდა და  გამდნარი ცვილი კანზე დაიწვეთა. თვალს არ მაცილებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ – მონუსხული და  ძლეული –  იმ ლურჯი ტბის ფსკერზე ჩავიძირე, სადაც მფრთხალი თევზები დაცურავდნენ. ბალერინამ სიგარეტს მოუკიდა, ანთებული ბოლოთი თავისკენ შემოატრიალა და ძუძუსთავი მოიწვა. შემდეგ ნაფაზი დაარტყა და მეორე  ძუძუსთავი მოიწვა. ორივეზე ფერფლმოყრილი წყლულები დაეტყო. ფართოდ გახელილი თვალებით კვლავ მიყურებდა, მაგრამ გაფანტული მზერა ჰქონდა. სახეზე ტკივილი არ ეტყობოდა.

ვუცქერდი, მაგრამ მისი ქცევა უკვე აღარ მაღელვებდა. აღგზნება ჩაცხრა. რა თქმა უნდა, ეს ბალერინას აბების ბრალი იყო, მაგრამ გარდა ამისა, საშინლად მთრგუნავდა აზრი მისი სააბაზანოს შესახებ, რომელიც იმედის კარგად ნაცნობი რეპერტუარის ნაწილი გახლდათ. სულ ახლახან მეც ისეთივე საპნით ვბანაობდი. იმავე აბებს ვსვამდი. ცხელ აბაზანაში ვჯდებოდი და სანთლების შუქზე ვნეტარებდი. როგორი ნაცნობი იყო ყველაფერი. მისი ფერადი ზეწრები, ფარშავანგის ბუმბულებისგან შეკრული მარაო და ფოჩებიანი აბაჟური ჩურჩულებდნენ: “ბუდუარი”. ნიჟარებს, კენჭებსა და ხმელი ყვავილების თაიგულებს უკავშირდებოდა მოგონება დიდი ხნის წინანდელი, მაგრამ ძვირფასი მოვლენის შესახებ. წარმართული ღვთაებების პაწაწინა ფიგურებში, რომლებიც ფანჯრის რაფაზე იყო ჩამწკრივებული, წვრილი, თითქმის უჩინარი  ძაფებით ჭერზე დაკიდებულ ბროლის პრიზმებში ვცნობდი იმავე მისტიკურ თილისმებს, რომლებიც ჩემი ყოფილი სატრფოების საწოლ ოთახებს ამშვენებდა. აღარაფერს ვგრძნობდი, არც –  ვნებას, არც – სურვილს.  გულმოდგინება, რომლითაც ბალერინა ცდილობდა, ტკივილი ტკბობად გადაექცია, ჩემზე აღარ მოქმედებდა.

დამწვარი თმის ტკაცატკუცი მომესმა. თავს იწვავდა là-bas. მთელ ოთახში უსიამოვნო სუნი დატრიალდა. ორგაზმის დროს ფეხებზე ჭვარტლის შავი წვეთები ჩამოეღვენთა – ასე ხდება, როდესაც სტიქიური უბედურების შემდეგ გულგრილი წვიმა ყველაფერს ზღვაში ჩარეცხავს ხოლმე…

– აიღე, – მითხრა მან და სიგარეტი მომაწოდა,

– არ მინდა, დიდი მადლობა.

– სიგარეტით დამწვი.

სცენარისტი ვარ. ჩემს ფილმებს მრავალმილიონიანი შემოსავლები მოაქვთ და საკმარისია დავწერო: “ავტომანქანა ფეთქდება”, რომ რეალური ავტომანქანა აფეთქდება, მაგრამ პირომანი ბალერინას გენიტალიების დაწვას ვერაფრით შევძლებდი. ამ ორგანოსთან, საერთოდ, რთული ურთიერთდამოკიდებულება მაქვს. ჩემგან არ გამოვიდა არც ჰენრი მილერი, არც – ეჟენ ანრი პოლ გოგენი. ამ დიად ექსპატრიანტებს არ ვგავდი. სექსუალური ავანტიურისტი ჩემში ისე მოკვდა, რომ ნახევარი საათიც კი არ უცოცხლია. ვკითხულობდი ბოდლერს, მაგრამ არ მსურდა, მასავით უზარმაზარი, მახინჯი შუბლი მქონოდა. მეგობრებს ღვინოების საუკეთესო სპეციალისტად მივაჩნდი, მაგრამ იმ საღამოს ნაყიდი ღვინით ძაღლების სალაფავსაც კი არ დავამზადებდი. ბალერინას ბინიდან გამოსულს, ადვილად შემეძლო საავადმყოფოს პალატის ნაცვლად “პლაზაში” დავბინავებულიყავი, იქ ერთი თვე მეცხოვრა, საჭმელი ნომერში შემეკვეთა, ჩემი საქმეები აგენტისთვის გადამებარებინა და ფანჯრიდან მეცქირა ნამდვილი შერეკილებისთვის, რომლებიც შადრევანში ბანაობდნენ, ჰიმნებს მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ოსანას უმღერდნენ ზეცას, სანამ პოლიციელები თავიანთი “ტეიზერებით” გამოაფხიზლებდნენ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის სანაცვლოდ ოცდათხუთმეტი ათასი უნდა გადამეხადა, ასე რომ, “პლაზაში” ფულსაც დავზოგავდი.

სული მეხუთებოდა. ძლივძლივობით ავდექი და ფანჯარასთან მივედი, მაგრამ როდესაც სახანძრო კიბეზე გადასვლა დავაპირე, კისერზე რაღაც სველი და ცივი დამეცა. ვიფიქრე, ფრინველის სკორეა-მეთქი. ზევით ავიხედე. ლამპიონების შუქზე დავინახე, რომ ლურჯი წვიმა მოდიოდა. კორეელების მინიმარკეტთან ხელჯოხიანი ინვალიდი ფორთოხლებს არჩევდა. ბებერი კორეელი ქალი თეთრ ვედროზე იჯდა და იორდასალამებს ღეროებს აჭრიდა; მათი ფაფუკ, ლომის ფაფრისებრ ყვავილებს ქარი არხევდა და ვარდისფერი ფურცლები სველ ასფალტზე ცვიოდა. ღამის განმავლობაში ქალაქი თითქოს ვიღაცას გაელაქა. მავთულები და ღობეები პრიალებდა. ჰაერი გრილი და სურნელოვანი იყო. გზაჯვარედინთან შუქნიშნის მწვანე ნათურა აინთო. ჩაიარა რამდენიმე ავტომანქანამ, რომელთა მთვლემარე მინასაწმენდები ზანტად მოძრაობდნენ. მინიმარკეტთან მდგომმა ინვალიდმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და ფორთოხლის საფასური გადაიხადა. დედაბერმა იორდასალამები გვერდზე გადააწყო, რათა ფული გამოერთმია. ნუთუ შესაძლებელი იყო ამგვარი ჰარმონია ადამიანებს შორის? ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ბალერინას თვალი შევავლე.

ამაზრზენი სანახავი იყო. ჭვარტლი, ფერფლი და ნაიარევები თითქმის მთელ სხეულს უფარავდნენ. ჩაცმული გეგონებოდათ. ვეღარასოდეს გაშიშვლდებოდა – კანი ზოლებით, კოპლებით და უჯრედებით მოჩითულ ქსოვილს მიუგავდა.

– რა თქვი? – მკითხა მან, თუმცა ხმა არ ამომიღია.

– ახლა რა უნდა აკეთო? – არ ვიცოდი, რა მეთქვა.

– არ ვიცი.

– წვიმს.

– რატომ?

– რატომ? რატომ წვიმს?

ოთახში ისეთი ცხელი და ჩახუთული ჰაერი იყო, როგორც ფურნეშია ხოლმე. მეორე ფანჯარაც გავაღე. გამჭოლმა ქარმა მყისვე შეისრუტა ფანჯრის მწვანე ფარდა, რომელიც ფილტვივით გაიბერა და ოთახი გააფართოვა. ტოსტერის კარში დავიწყებული პურის ნაჭერი მოჩანდა. ნიჟარის კიდეზე დადებულ ჩაის პაკეტში სიგარეტის ნამწვი იყო ჩარჭობილი. ბალერინა კვლავ საძინებელში იჯდა, თითქოს გაქვავებულიყო. უეცრად წარმოვიდგინე, როგორ დაიძინებდა  ფერფლში – შავბუმბულიანი ჩიტის  სადარი.  ჩემკენ ზურგშექცეული იჯდა. მივეპარე, მაგრამ სხეული ერთიანად დამწვარი ჰქონდა და დავფიქრდი – როგორ უნდა მივფერებოდი? ხომ მთელი კანი ეტკიებოდა? შევჩერდი. პირველად დავინახე მისი ზურგი – სუფთა, უნაკლო კანი ჰქონდა; ცისფერი დაჰკრავდა იქ, სადაც ვენები ილანდებოდა. თითები სუნთქვით გავითბე და ხელისგულით იმდენად ნაზად მივეალერსე  ბეჭებს შორის,  თითქოს მეშინოდა, ნაკვალევი არ დამეჩნია.

– იქნებ იბანაო? – ვკითხე მე.

– ოჰ, –წაიდუდუნა მან, – არ ვიცი.

აბაზანა ცხელი წყლით ავავსე. შემდეგ ფლაკონებს შევავლე თვალი. გამჭვირვალე ქილაში კრისტალები ეყარა – შაქარყინულს წააგავდა. რამდენიმე ცალი წყალში ჩავყარე, შემდეგ ყვითელი და მწვანე ბურთულები დავამატე, ბოლოს კი – აბი, რომელიც მაშინვე აშუშხუნდა და წყალი ცისფრად შეაფერადა. შემდეგ წყალში ჩავასხი “ფიჭვნარი”, “ტრამალის ბალახი”, “მთის თოვლი” და “ოკეანის ნიავი”, და, ინერციით, “ღვია”, “ვანილი”, “მოცვი”,  ნუშის ზეთი, bain moussant და ცოტაოდენი ვარდისფერი ფანტელები დავამატე, რომლებიც აბაზანის ჩვეულებრივი ქაფი აღმოჩნდა.

– ყველაფერი გავამზადე, – ვთქვი მე და კარი მივხურე, რომ ორთქლს ოთახში არ გაეღწია.

ბალერინა არ შერხეულა. წამოვაყენე. ფეხებს ძლივს ადგამდა. აბაზანაში ჩავაწვინე, მაგრამ შემეშინდა, არ ჩაძირულიყო. ჭერთან ორთქლის ბოლქვები ტრიალებდა, აბაზანაში კი – ქაფი. მომეჩვენა, რომ სააბაზანოში კი არა, ქუნქულა ღრუბელში ვიმყოფებოდი.  

– სანთელი, – მიბრძანა მან.

ჯაჭვი ჩამოვწიე და სარკის თავზე ნათურა აინთო.

– ამაღამ სანთლებს აღარ დაანთებ.

თაროდან ღრუბელი ავიღე და აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი.

– ბავშვი ხომ არ გგონივარ? – მკითხა მან.

– დღეს ბავშვი ხარ, – ვუთხარი და ღრუბელი მკერდზე ჩამოვუსვი. – მიამბე შენი ბებიისა და ბაბუის შესახებ.

– დედაჩემის სიკვდილის შემდეგ გადმოსახლდნენ აქ.

– საიდან?

-იუგოსლავიიდან. – მითხრა მან. – ბოსნია, ჰერცეგოვინა, ხორვატია, სერბია, მაკედონია უწინ ერთი ქვეყანა იყო.

– მათი ენა იცი?

– “Mala kolicina.”

მხრები და კისერი გავუსაპნე, შემდეგ ღრუბელი კვლავ დავასველე და ხელი დავუზილე, თან ბალერინას კანს ვაკვირდებოდი. რატომღაც გამიკვირდა, რომ გასაპნვის შემდეგ ნაწიბურები არ მოსცილდა. ქუჩიდან სირენის ხმა გაისმა. ბალერინა შეკრთა და  ქაფიანი ხელი აიქნია. თითები უთრთოდა.

– რა დაავადება გჭირს? – მკითხა მან.

– არ ვიცი, – ვუპასუხე.

– დიაგნოზი როგორია? დიაგნოზს ყველას უსვამენ.

– სანამ საავადმყოფოში მივიდოდი, სამას დოლარად ხელოვნური ბალახი და პლასტმასის მილები ვიყიდე – მინდოდა, სასტუმრო ოთახში გოლფის მოედანი მომეწყო.

– შენი სასტუმრო ოთახია, – მითხრა მან.  – როგორც გინდა, ისე მოაწყობ.

– ჩემს სიცოცხლეში გოლფი არ მითამაშია.

– ოჰ!

– ტურისტული სააგენტოების ბუკლეტების კითხვაც ცუდი სიმპტომია, მაგრამ ყველაზე უარესი, იცი, რა არის? ექსპერიმენტები წამლებით. მაგალითად, ლითიუმის კარბონატისგან ხელები მიკანკალებს და ფეხები მებლანდება. ამიტომ ლითიუმს თავი დავანებე და ბუსპარის თუ ლამიქტალის დოზა გავაორმაგე. ხელები აღარ მიკანკალებდა, მაგრამ ყველაფერი მავიწყდებოდა და ღორივით ხარბად ვსანსლავდი საჭმელს. ექსპერიმენტები გავაგრძელე: ზოგიერთ წამალზე უარი ვთქვი, სხვების დოზა გავაორმაგე. ვერ გეტყვი, რას განვიცდიდი. არ ვიცი, რას შევადარო.

– ვერაფერს შეადარებ, – მითხრა მან.

– ბოლოს საკუთარი ნება დავკარგე. ასე ხშირად მემართება ხოლმე. მაგალითად, ვფიქრობ, კარგი იქნება, ქუჩაში გავიდე-მეთქი. ქუდს ვიხურავ, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი. ამ სტადიაზე, ჩვეულებრივ, საავადმყოფოში ვწვები, მკურნალობის კურსს გავდივარ და  შემდეგ იქიდან მიშვებენ. ცოტა ხანს ვერთობი და შემდეგ კვლავ ჩიხში ვექცევი.

– კარგია, რომ იცი საკუთარი დიაგნოზი, – მითხრა მან.

– მერე – რა ხეირი?

 

– ჰო, მთელ სიცოცხლეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გავატარებთ.

– Au contraire – ხვალვე გამოვეწერები.

– სამაგიეროდ, ერთმანეთისა უსიტყვოდ გვესმის.

– აბა, რა!..

– ბავშვობისას, – მითხრა მან, – მეგონა, რომ კონსერვატორია კონსერვების ქარხანა იყო.

– ლამაზი პირი გაქვს, – ვუთხარი მე. – მინდა შიგ შევძვრე და მოვკვდე.

– ოცდაცხრა წლისა ვარ, – თქვა მან, – და პირი მკვდარი ბიჭებით მაქვს გამოტენილი.

ბალერინამ  საჰაერო კოცნა გამომიგზავნა დ დასძინა:

– ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ, გადაიღალე.  განა გადაქანცული არ ხარ?

– ჩემი წასვლის დროა, – ვუთხარი  უწადინოდ.

– სანთლების ჩაქრობის დროა.

ქვემოთ ჩაცურდა, ისე, რომ ჩამუქებულ წყალს ზემოთ, კუნძულებივით, მხოლოდ მუხლები, ორი პაწაწინა ძუძუ, ფართო ცხვირი, ლამაზი ტუჩები და ცისფერი თვალები მოჩანდა. აქა-იქ ფერფლი დაცურავდა.

– გინდა, სცენარისთვის იდეა მოგაწოდო? – მითხრა მან,  – სირენების გამკივანი ხმა გაისმის. ადამიანები ტირიან. მნიშვნელობა არა აქვს, სად ხდება ეს ყველაფერი, რადგან ბნელა. თვალებს ვერ გაახელ.

– რაზე ლაპარაკობ?

– უკაცრიელ კუნძულზე, ოკეანეში, ვირს დატოვებენ.  ვულკანი იწყებს ამოფრქვევას. მთის კალთებზე გავარვარებული ლავის ნაკადები ჩამოედინება. კუნძულს ცეცხლი ეკიდება. რას იზამდი?

სიტუაცია ავწონ-დავწონე და ვუპასუხე:

– არ ვიცი.

მან გაიღიმა და მითხრა:

– ჰოდა, ვირმაც არ იცის.

– სასაცილოა.

ბალერინა საპნის ბუშტებს იჭერდა. საათს დავხედე. თითქმის თორმეტი საათი იყო. მომავალი არაფერს მიქადდა, გარდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული მორიგი დილისა, როდესაც გრძელ დერეფანში უნდა გამევლო და წამლები გამომერთმია მოწყალების დისთვის. ერთი თვის ან წლის შემდეგ ბალერინა ნაწიბურებიან მკერდზე ხელს მოისვამდა და მავანს უამბობდა უაზრო ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო საავადმყოფოში ერთი სცენარისტი. წყლის ტალღა აბაზანის კედელს მიეხეთქა. ქალის სველი, პრიალა კანი დიოსკორეისა და ნუშის სუნს აფრქვევდა. შემდეგ უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი და აღარ მახსოვდა, რომ ფანჯრებს მიღმა კვლავ მანჰეტენი იყო.

© არილი

Facebook Comments Box