ესე

გრიგოლ გეგელია – როცა შექმნეს რესპუბლიკა – იტალიის დაბადება

gegelia 434

1864 წლის 11 აპრილს, შუადღის 2 საათსა და 30 წუთზე, ლონდონის ვატერლოოს მიმდებარე Nine Elms-ის სადგურზე მატარებელი გაჩერდა. სამხედროსთვის ჩვეული მძიმე ნაბიჯებით, მატარებლიდან 57 წლის ზედმეტად მკაცრი შესახედაობის ახმახი იტალიელი გადმოვიდა. სადგური დროშებით მოერთოთ, განწყობა საზეიმო იყო. გოროზი იტალიელის გამოჩენას მხურვალე ოვაციები მოჰყვა — მთელი სადგური, ახლომდებარე ქუჩები და რამდენიმე მეზობელი უბანიც კი ბრიტანელ გულშემატკივართა ლეგიონებს შეევსო. The Times-ის დილის ნომერი იტყობინებოდა, რომ იტალიელი სტუმარი შუადღის ოთხ საათზე სადგურიდან სულ რაღაც ოთხი კილომეტრის დაშორებით მდებარე Stafford House-ს ეწვეოდა. სტუმარი დანიშნულების ადგილს მართლაც ეწვია, თუმცა მთელი ოთხი საათის დაგვიანებით, საღამოს რვა საათზე. ხალხმრავლობის გამო, სახელგანთქმულმა იტალიელმა ოთხი კილომეტრის ეტლით გავლას ხუთ საათზე მეტი მოანდომა. გზად მას აღფრთოვანებულ ბრიტანელთა მასა აბრკოლებდა, რომელიც ცდილობდა ლეგენდარული იტალიელისთვის ხელი ჩამოერთმია, მადლობა გადაეხადა, ან უბრალოდ შეხებოდა მაინც. „ხოლო ამასობაში, იგი იჯდა ამაღლებული, ხან ქუდს მოიხდიდა, ან ხელს მშვიდად დაიქნევდა, ხანდახან კი ჩუმად იჯდა და ირგვლივ და ზევით იყურებოდა, თითქოსდა ძლივს იჯერებს, ასეთი დიდებული დახვედრა მხოლოდ მას რომ ეძღვნებაო … ათას სახეში ამოიცნობდი მის გმირულ სახეს“, წერდა თვითმხილველი.

გენერალს სამშობლოშიც მილიონობით ადამიანი აღმერთებდა. იტალიის ჯორჯ ვაშინგტონს, ჯუზეპე გარიბალდის, წმ. გიორგისა და წმ. ამბროსის ადარებდნენ და ჯვარცმის ახლებურ მხატვრულ ინტერპრეტაციებში „მეორე ქრისტედაც“ კი გამოსახავდნენ. გარიბალდი სიცოცხლეშივე შესულიყო თანამედროვე ლიბერალ წმინდანთა დასში – კრომველთან, ვაშინგტონთან, ლინკოლნთან და სხვა „თავისუფლების მოწამეებთან“ ერთად. იგი უკვე გამხდარიყო აღტყინებული მასების საუბრის, ფიქრისა და სიყვარულის საგანი. ყველაფერი კი მრავალი წლით ადრე დაიწყო. 1864 წლის 11 აპრილს გენერალი გარიბალდი 57 წლის  იყო, იტალია კი იბადებოდა. გასაერთიანებლად, რომელიც ამ დროს უკვე გარდაუვალი პერსპექტივა იყო, იტალიას რომისა და ვენეციის შემოერთებაღა აკლდა.

პრეისტორია

   ისტორიულად, იტალია სხვა არაფერი იყო, თუ არა კულტურული სივრცე და, როგორც ავსტრიის კანცლერი მეტერნიხი იტყოდა – „გეოგრაფიული ტერმინი“. თუმცა, იმის და მიხედვით, თუ როგორ აღვიქვამთ კულტურას, შესაძლოა კულტურულ მსგავსებაზე საუბარიც სადავო იყოს. ერთი რამ, რაც იტალიას, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოებით დაკომპლექტებულ ერთობას უდავოდ აერთიანებდა, ეს იყო რელიგია. იტალიელები იყვნენ ქრისტიანები, კერძოდ – catolici. ეს იყო და ეს. სხვა მხრივ, რასაც შემდგომში იტალია ეწოდებოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა სამთავროების, ქალაქ-სახელმწიფოებისა და სათავადოების ერთობა. 1796 წელს, როდესაც აპენინის ნახევარკუნძული ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარებმა დაიკავეს, იტალია ათ სახელმწიფოდ იყოფოდა: პაპის სახელმწიფო, ვენეციის, გენუის და ლუკას რესპუბლიკები, მოდენას, პარმას და მილანის სათავადოები (თუმცა, ეს უკანასკნელი ჰაბსბურგების ავსტრიას ეკუთვნოდა), ტოსკანას დიდი სათავადო, სარდიინიის სამეფო და ნეაპოლის სამეფო. გარდა იმისა, რომ ამ პოლიტიკურ ერთეულებს სამი სხვადასხვა პოლიტიკური ფორმა ჰქონდა (სამეფო, სამთავრო და რესპუბლიკა), მათ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ელიტები მართავდნენ, სხვადასხვა ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და ინსტიტუტების მეშვეობით. ამასთანავე, განსხვავებული იყო მათი კანონები, ეკონომიკური სტრუქტურები და ვალუტები. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, განსხვავებული იყო მათი კულტურა, ყოველდღიური ცხოვრებისეული წესრიგი, ადათ-წესები და დიალექტები.

მაშასადამე, აპენინის ნახევარკუნძული უთვალავი კედლით დაქსაქსული გეოგრაფიული ტერიტორია იყო. იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებს, სამთავროებსა და სამეფოებს „სხვა“ სივრცეებისგან მართლაც გამოჰყოფდა სქელი კედლები. თუმცა, ფიზიკური კედლების გარდა, მომავლის იტალიას კულტურული და ლინგვისტური კედლებიც ჰყოფდა – არც მეტი, არც ნაკლები, ათ სხვადასხვა მინისახელმწიფოდ. როდესაც 1870 წელს იტალია გაერთიანდა, იტალიელთა მხოლოდ 2.5% საუბრობდა იტალიურად, ხოლო დანარჩენები – გარკვეულ დიალექტზე. მათ უმრავლესობას იტალიის სხვა ნაწილები საერთოდ არ ენახა და არც ეროვნულობის რაიმე განცდა გააჩნდა. სწორედ ამ ვითარების საპირწონედ შენიშნა ინტელექტუალმა და პოლიტიკოსმა, მასიმო ტაპარელი დ’აძელიომ, რომ იტალია უკვე შექმნილიყო, ახლა კი დგებოდა დრო იტალიელების შექმნისა. თუმცა, იტალიის ისტორიული რეალობის პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ერთმა ფრანგმა წამოიწყო.

 

epoca francese

   იტალიის შექმნაში ყველაზე დიდი როლი საფრანგეთმა ითამაშა – თავდაპირველად, საფრანგეთის რევოლუციით, შემდეგ კი ბონაპარტის რეფორმების მეშვეობით. იტალიის ისტორიის ამ ვრცელ მომენტს „ფრანგული ეპოქა“ (epoca francese) ეწოდება, რომელიც ორ ფაზად – „რევოლუციურ სამწლედად“(1796-99 წწ.) და „ნაპოლეონურ წლებად“(1800-1814 წწ.) იყოფა. „ფრანგულ ეპოქამდე“ და შემდგომ იტალია ორი სრულიად განსხვავებული სოციალური, პოლიტიკური და კულტურული წესრიგია. მეტიც, Italia, როგორც ამ სახელის მატარებელი პოლიტიკური ფორმა, პირველად სწორედ ფრანგული მმართველობის წყალობით იბადება.

საფრანგეთის რევოლუციამ იტალიამდე შვიდი წლის თავზე მიაღწია, როდესაც 1796 წელს ბონაპარტმა ჩრდილოეთ იტალია ავსტრიელებს გამოსტაცა. ნაპოლეონამდე რამდენიმე წლით ადრე, იტალიაში უკვე ჩაეღწია ფრანგულ რევოლუციურ იდეალებს. მასონთა ლოჟებში, უნივერსიტეტების აუდიტორიებში, სამკითხველო კლუბებსა და ყავის სახლებში რევოლუციური და რეფორმისტულ იდეების ფართო არჩევანს გადაეყრებოდი.  „ძველი რეჟიმის“ უძრაობითა და სოციალური რეფორმების წარუმატებლობით გაწბილებულ ინტელექტუალურ წრეებს სამყაროს რადიკალური ცვლილების რწმენაღა ასულდგმულებდა, როდესაც იტალიაში საიდუმლო საზოგადოებები გამოჩნდა: სამხრეთით, განსაკუთრებით ნეაპოლში, დაფუძნდა Illuminati, იტალიის მასშტაბით კი – იაკობინელები (giacobini).  ცვლილების მოლოდინში მყოფ იტალიელ იაკობინელთა დასი, რომელიც საკუთარ თავს patrioti-ს უწოდებდა და სხვადასხვა სახის პროგრესისტებს, დემოკრატებსა და რევოლუციონერებს აერთიანებდა, ნაპოლეონის მმართველობას სიხარულით შეეგება. ნაპოლეონმა მათი იმედები 1796 წელს დაწყებულ რევოლუციურ სამწლედშივე (triennio rivoluzionario) გაამართლა.

სწორედ ამ დროს გადაიდგა იტალიაში ძველი რეჟიმის დასამხობად პირველი ნაბიჯები. მართლაც, ბონაპარტის მოსვლისთანავე, ancien regime-ის არისტოკრატიული ელიტების მმართველობა მყისიერად ჩანაცვლდა რესპუბლიკანური მმართველობით და გაუქმდა პრივილეგიათა ვრცელი სისტემა, რომლითაც აქამდე საეკლესიო და საერო არისტოკრატია სარგებლობდა. რაც მთავარია, პირველად აპენინის ნახევარკუნძულის ისტორიაში, ნაპოლეონის რეჟიმმა ხელი შეუწყო იტალიის აქამდე ცალკე ერთეულებად არსებული რეგიონების უფრო მოზრდილ, გაერთიანებულ პოლიტიკურ ფორმებად ჩამოყალიბებას. ეს, რა თქმა უნდა, იტალიის გაერთიანების სურვილის გამო არ მომხდარა. ამის მიზეზი საფრანგეთის ინტერესებიდან გამომდინარე სრულიად პრაგმატული გათვლები იყო. ჯერ ერთი, საფრანგეთის რევოლუციის პოლიტიკური აზრი რევოლუციური იდეალების განვრცობისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ფორმად ერ-სახელმწიფოს მიიჩნევდა, რაც, შესაბამისად,  გულისხმობს არა წარსულის ქალაქ-სახელმწიფოს, ან მომცრო პოლიტიკურ ფორმებს, არამედ ვრცელ და ცენტრალიზებულ პოლიტიკურ ერთეულს. ამის შემდეგ კი იტალიის მიმართ ნაპოლეონის გეგმა ორი პრაგმატული ნაბიჯის გადადგმას ითვალისწინებდა – გადასახადების აკრეფას და იტალიელთა ჯარში გაწვევას. ორივეს აღსრულება, თავის მხრივ, აუცილებლად საჭიროებდა ეფექტურ და ცენტრალიზებულ სახელმწიფო აპარატს. ამ თვალსაზრისით, აუცილებელი იყო ახალი იტალიური რესპუბლიკების ჩამოყალიბება, რომლებიც საფრანგეთის „და რესპუბლიკები“ იქნებოდა.

ახალ რესპუბლიკებს ფრანგული რევოლუციის იდეალებისადმი ლოიალურად განწყობილი ახალი პოლიტიკური ელიტები ეყოლებოდა, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ როგორც კულტურულ და პოლიტიკურ რევოლუციას, ასევე იტალიური რესპუბლიკების ფრანგულ სისტემასთან ინტეგრაციას. ბონაპარტმა პირველად ცისპადანის რესპუბლიკა დააფუძნა, რომელშიც რეჯო ემილია, მოდენა, ფერარა და ბოლონია შევიდა, რამდენიმე თვეში კი იგი მილანში დაფუძნებულ ცისალპურ რესპუბლიკას შეუერთდა, რასაც სულ მალე ვენეციის ნაწილების მიერთებაც მოჰყვა. ახალ რესპუბლიკაში 3.5 მილიონი მოქალაქე იყო და მას თავისი კონსტიტუციაც ჰქონდა, რომელიც, სხვა იტალიური რესპუბლიკების მსგავსად, საფრანგეთის 1795 წლის კონსტიტუციის მოდელს ეფუძნებოდა. 1797 წელს, ცისალპინურ რესპუბლიკას რომისა და ნეაპოლის რესპუბლიკებიც დაემატა.

მცირე პაუზის შემდეგ 1800 წელს იტალიაში დაბრუნებულმა ნაპოლეონმა კიდევ უფრო ყოვლისმომცველ და რადიკალურ რეფორმათა სერიას მიჰყო ხელი. 1802 წელს ნაპოლეონმა იტალია სამ ნაწილად დაყო.  ჩრდილოეთის ტერიტორიები ახლად შექმნილ „იტალიის რესპუბლიკად“ იქცა (1805 წლიდან – იტალიის სამეფო), სამხრეთის  მიწები ნეაპოლის სამეფოს დარჩა, დანარჩენი კი საფრანგეთს მიუერთა. 1810 წლამდე ნაპოლეონ ბონაპარტი უკვე მთელ იტალიას აკონტროლებდა, სიცილიის და სარდინიის გამოკლებით, რომელთაც ბრიტანეთი მფარველობდა. ფრანგულმა ეპოქამ იტალია სრულიად გადასხვაფერებული დატოვა. ჯერ ერთი, რომ სწორედ ამ ეპოქის შემდეგ, პირველად ისტორიაში, უკვე გაჩნდა პოლიტიკური ფორმა სახელად „იტალია“, და მეორეც – არაერთგვაროვნად დაკომპლექტებული აპენინის ნახევარკუნძულის ისტორიაში პირველად  სწორედ ნაპოლეონის წარმატებულმა რეფორმებმა შექმნა ერთიანი მმართველობის სისტემა, საერთო ადმინისტრაციული, ფისკალური და სამართლებრივი ნორმებითა და პრაქტიკებით.

ფრანგულ ეპოქამდე ათ პოლიტიკურ ერთეულად დაყოფილი ნახევარკუნძული, რომელსაც მოწყობისა და თვითმმართველობების მხრივ კიდევ უფრო მეტი განსხვავებულობა ახასიათებდა, ფრანგული ეპოქის შემდეგ გაცილებით ერთგვაროვანი გახდა. თუმცა, ნაპოლეონის მთავარი წვლილი მაინც „ძველი რეჟიმის“ სტრუქტურებისა და ქსოვილის რღვევა იყო, რომელიც მომავალში იტალიას თავის თავს აპოვნინებდა და გაერთიანებულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებდა. შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, რომ პირველი ნაციონალისტური აზრიც სწორედ ამ დროს დაიბადა, როდესაც იაკობინელმა პატრიოტებმა სოციალური რეფორმების პარალელურად ეროვნული დამოუკიდებლობის იდეაზე დაიწყეს წერა და მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კარგა ხანი უნდა გავიდეს, სანამ იტალია ერთიანი გახდება და რაიმე სახის კონსოლიდირებულ ეროვნულობას მიაღწევს, „ერის“ ცნებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიდგა ფესვები აპენინის ნახევარკუნძულზე – დაიბადა Italianità (იტ: იტალიურობა, იტალიური ხასიათი).   მართალია, „რესტავრაციის“ წლები, რომელიც ნაპოლეონის მმართველობას მოჰყვებოდა, ბევრ რამეს შეცვლიდა, მაგრამ, იგი ვეღარასდროს ამოძირკვავდა ფესვებს, რომელიც ფრანგულმა ეპოქამ იტალიაში გაიდგა.

სირცხვილი და ნაციონალიზმი

    რისორჯიმენტო, როგორც შეგნებული კულტურული და პოლიტიკური მოძრაობა „რესტავრაციის“ ჟამს დაიბადა, როდესაც ნაპოლეონი კვლავ ძველმა რეჟიმმა ჩაანაცვლა. თუკი Italianità განცდა პირველად ნაპოლეონურ წლებში დაიბადა, მიიჩნევა, რომ იტალია ცნობიერად უდავოდ „რესტავრაციის“ დრომ შვა.  ეს არის მომენტი, როდესაც იტალია სიმწიფისა და ზრდასრულობის ფაზაში გადადის და საკუთრი თავის შეცნობას იწყებს, და იქნებ სწორედ ამიტომ არის ის იტალიაც, რომელიც გულგატეხილია და რომელსაც საკუთარი თავის რცხვენია. ეს არის იტალია, რომლის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები განუწყვეტლივ საუბრობენ მორალურ და პოლიტიკურ გადაგვარებაზე, ყველანაირ წარუმატებლობაზე, სოციალურ და პოლიტიკურ მერყეობაზე.

იტალიის ცხოვრების ამ მომენტში, სირცხვილი პოლიტიკური ენერგია ხდება და რისორჯიმენტოს მთელ რიგ ნაწერებში იგი გამოიყენება არამარტო იტალიური რეალობის შეფასებისთვის, არამედ მის შესაცვლელად საჭირო ბრძოლისაკენ მოწოდების პოლიტიკურ კატეგორიადაც. იტალიის მდგომარეობით გამოწვეული სირცხვილი რისორჯიმენტოს ინტელექტუალთა ნაშრომებში უპირველეს ყოვლისა „სხვასთან“ მიმართებით იჩენდა თავს. „სხვა“ მრავალნაირი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ იგი, ფაქტობრივად, ყოველთვის იყო ჯაკომო ლეოპარდისეული „ამაყი ერის“ წარმომადგენელი, ტიპური ევროპელი, რომელიც ჩამორჩენილ და დანაწევრებულ იტალიას სკეპტიკური თანაგრძნობით შესცქეროდა. უცხოელის გამკიცხველი მზერა, რომელიც სიბრალულით აკვირდება იტალიას და ჩამორჩენილი, პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი და მოუმწიფებელი ბრბოს გარდა სხვა ვერაფერს ხედავს, რისორჯიმენტოს პერიოდის „სირცხვილის პოლიტიკის“ განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ჯუზეპე ბარეტი თვლიდა, რომ უცხოელები იტალიელ ქალებს აღვირახსნილად აღიქვამდნენ, დიდი უგო ფოსკოლო კი აღნიშნავდა, თუ როგორ აღიქვამდა უცხოელი იტალიას – არც მეტი, არც ნაკლები, სექსუალური ტურიზმის ეპიცენტრად, „თავისი თამაშობების, სიამოვნებების და ვნების ბაღად“. ხოლო ჩეზარე ბალბო, დიალოგში სახელად „უცხოელი“, ჩრდილო-ევროპელ უცხოელს ასეთ სიტყვებს ათქმევინებს: „შეუძლებელია ადამიანის ან ერის გახრწნა, თუკი მას არ სურს იყოს გახრწნილი“, რასაც შემდეგ იტალიელთა მანკიერებების სია მოსდევდა.

სირცხვილის პატრიოტული დისკურსი განსხვავებული ტიპისა და შინაარსის ტექსტებში სახეცვლილ ფორმებს იძენდა. თუმცა, უცვლელი იყო მთავარი პატრიოტული ნარატივი იტალიის გახრწნისა და გადაგვარების შესახებ, რაც თავის მხრივ მორალური და პოლიტიკური რეფორმის აუცილებლობას უსვამდა ხაზს. იტალიური ნაციონალიზმი, თავისი ორგანიზებული ფორმით, პირველად 1830-იან წლებში იბადება, სწორედ სირცხვილნარევი თვითგანცდის ჟამს, როდესაც იტალია საკუთარ თავს სარკეში ეჩეხება. სარკე „სხვას“ უპყრია ხელთ, იტალიას კი საკუთარი თავი არ მოსწონს. სწორედ ამ მომენტში იბადება ნაციონალიზმი, როგორც უფრო ფართო შინაარსის დამტევი ენერგია, ვიდრე ეს ნაპოლეონურ წლებში ჩამოყალიბებული Italianità განცდაა.

 

იტალიური ნაციონალიზმი არსებითად რომანტიკულ ენერგიას წარმოადგენდა და ემოციას დადებით ენერგიად აღიქვამდა, რომელსაც ქმნადობის პოტენციალი ჰქონდა. სირცხვილი ემოცია იყო, ხოლო ემოციებს სოციალური და პოლიტიკური ძალა გააჩნდა. ყველაზე უკეთ ეს ჯუზეპე მაძინიმ უწყოდა, რომლის ცეცხლოვანი პოლიტიკური გამოსვლებიც მუდმივად და შეგნებულად გამოიხმობდა კონკრეტულ ემოციებს: სირცხვილს, სიყვარულს, სიძულვილს, სოციალურ სოლიდარობას თუ დემოკრატიულ გულისტკივილს. მაგრამ მაძინისათვის ემოციები მხოლოდ ემოციები კი არა, პოლიტიკური ქმედების საწინდარი იყო ყოველთვის. თანამედროვე ისტორიოგრაფია სამართლიანად მიიჩნევს, რომ მაძინის უდიდესი ინოვაცია რომანტიკული ნაციონალიზმის რევოლუციურ აქტივობასთან და რესპუბლიკანურ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან შერწყმა იყო. მართლაც, მაძინის დისკურსი ისტორიულ დროებს აერთებდა – იგი თავის თავში იტევდა როგორც მაკიაველის და რენესანს, ასევე  რომანტიკულ ლტოლვას შუა საუკუნეებისადმი; როგორც ემოციურ სიყვარულს, ასევე რეალურ და რადიკალურ პოლიტიკურ ქმედებას.

სწორედ ასეთი იყო მაძინისეული პოლიტიკური ნაციონალიზმიც, როგორც სეკულარულ დროში არსებული რელიგია. სეკულარისტობისა და ანტიკლერიკალობის მიუხედავად, მაძინის აზრით, რელიგიას ხალხების სოციალური და მორალური რეფორმაციისთვის უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა.  მაურიციო ვიროლი შესანიშნავად აღნიშნავს, რომ “მაძინისათვის რელიგია რწმენაა, რომელიც იძლევა მორალური იდეალის კონკრეტულ ქმედებად გადათარგმნის ძალას და ამდენად, ის ხალხების განმაახლებელი ძალაა“. თუმცა, ამგვარად აღქმული რელიგია არა თეოლოგიური დოგმებისა და ჭეშმარიტებების კრებული, არამედ შინაგანი ენერგიაა, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი პოლიტიკური და სოციალური ფორმები – ეს არის „ცნება, რომელიც აამაღლებს ინდივიდს, განწმენდს მას ეგოიზმისაგან და მიანიჭებს უნარს იმოქმედოს ისტორიაში, რათა განახორციელოს მორალური იდეა”. მაძინის პოლიტიკური აზრი, უპირველეს ყოვლისა, შეყვარებული ადამიანის პოლიტიკური აზრია. სირცხვილის, სიყვარულის, სამშობლოსა და სოციალური სოლიდარობის განცდის გარეშე მაძინი არაფერია, შავებში გამოწყობილი, შუა ხნის გოროზი მამაკაცის გარდა, რომელიც მის ყველაზე ცნობილ პორტრეტებს შემორჩენია. მაძინისეული სიყვარული, ეს არის განცდა არამარტო მომავლისა, არამედ ასევე ღვთაებრივად სანქცირებული რომანტიკული მისიისა, რომელიც ნიშნავს ერთიან იტალიას.

თუმცა, მაძინის ცეცხლოვანი გამოსვლებისა და ამაღლებული მორალური იდეალების მიღმა არსებული ისტორიული რეალობა ხშირად საკმაოდ განსხვავებული იყო. რისორჯიმენტოს იდეალიზებულ ნარატივებს ეს არაერთგზის გამორჩენია (ხშირად კი შეგნებულადაც გამოუტოვია), რაც რისორჯიმენტოს მითოლოგიზებული ხედვის ერთი-ერთი უმთავრესი მიზეზია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იტალიის გაერთიანების იდეაზე არასდროს არ არსებობდა ჰარმონიული თანხმობა, არც პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტებში და არც იტალიელთა მასებში. რასაკვირველია, პროგრესისტებიც, ლიბერალებიც და რადიკალი დემოკრატებიც ცალსახად ანტიავსტრიელები იყვნენ და ძველი რეჟიმის ნებისმიერ გამოხატულებას მტრობდნენ. თუმცა, არც ანტიავსტრიულობა და არც პრორეფორმულობა თავისთავად არ გულისხმობდა კონსენსუსს იტალიის გაერთიანების თაობაზე. რადიკალი მაძინისაგან განსხვავებით, 1848 წლის რევოლუციამდე, ზომიერ ლიბერალთა დიდი ნაწილი იტალიით სავსებით არ ინტერესდებოდა, ან, თუ ინტერესდებოდა, მათი ყურადღების არეალი უმეტესწილად ლიტერატურითა და  კულტურით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ეს სავსებით არ გულისხმობდა არც პოლიტიკური ნაციონალიზმს და არც იტალიის გაერთიანების სურვილს. სინამდვილეში, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტებში 1848 წლის რევოლუციამდეც და შემდეგაც ყველაზე მეტად კვლავ ადგილობრივი „პატარა სამშობლოს“ (piccola patria) განცდა ჭარბობდა. მეტიც, იტალიის უნებლიედ გაერთიანების შემდეგაც, ისინი კვლავ თავ-თავიანთი ადგილობრივი სამშობლოების ინტერესების ლობირებას განაგრძობდნენ.    

მაგრამ, რატომ „უნებლიე გაერთიანება“? გარკვეული თვალსაზრისით, იტალიის გაერთიანება უდავოდ იყო მაძინის პოლიტიკური აქტივიზმის დამსახურება. თუმცა, ამ მხრივ საყურადღებოა, რომ მაძინიმ 1850 წლის შემდეგ დაკარგა პოპულარობა და სინამდვილეში ბოლოს უმნიშვნელო გავლენაღა ჰქონდა იტალიურ პოლიტიკაზე. ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 1830-იანებიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ვითარდებოდა ლიბერალური საჯარო სივრცე, რომელიც სხვადასხვა აქტივობით სულ უფრო მეტად შესასაძლებელს ხდიდა Italianità ახლებურ დამკვიდრებას. ამ მხრივ უდიდეს როლს ასრულებდა ბეჭდური მედია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში. მათ შორის იყო L’Antologia ტოსკანაში და Il Conciliatore ლომბარდიაში, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებდნენ არამარტო ნაციონალისტური აქტივიზმისა და იდეების გაშუქებაში, არამედ ლოკალურობის საპირწონედ იტალიურობის ძიებაშიც – საერთო იტალიური წარსულის, იტალიური ლიტერატურის და იტალიური აზრის განხილვასა და წინ წამოწევაში. 1840-იანი წლებიდან მოყოლებული, საერთო გზებს სხვადასხვა კერძო გაერთიანებებიც ეძებდნენ. მათ შორის იყო აგრარული ასოციაციები და სამეცნიერო კონგრესები, რომლებიც „ეროვნული“ პროფესიული საკითხების განსახილველად იკრიბებოდა. მაგალითად, ამ ტენდენციის ნაწილი იყო ახლებური დაინტერესება სტატისტიკით, რომელიც არა მომცრო, ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებს, არამედ უკვე მთელს იტალიას აღწერდა. სილვანა პატრიარკა მართებულად ამბობს, რომ იტალიის ამგვარი სტატისტიკური აღქმის განვითარება წარმოადგენდამკაფიო პოლიტიკურ განცხადებას მომავლის ერის ლეგიტიმურობასა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ“. აციონალისტურმა დისკურსმა, რომელიც პოლიტიკურ პრაქტიკაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში თანაბრად ფიგურირებდა, ისევე როგორც ლიბერალური საჯარო სივრცის გამოჩენამ, შეძლო და, „რესტავრაციის“ მიერ ხელახლა დაქუცმაცებულ იტალიაში, italianta-ს განცდა მეტნაკლებად შეინარჩუნა. სწორედ  ამ პროცესების წყალობით, ნაპოლეონურ წლებში დაბადებული Italianità კვლავ ცოცხლობდა და ახალი დროის საპირწონედ ახალ ფორმებს პულობდა.  

   მაგრამ, საერთო ჯამში, იტალია მაინც შემთხვევით გაერთიანდა. რეალურად ყველაფერი 1859 წლის აპრილსა და 1860 წლის ოქტომბერს შორის მოხდა და დიდწილად გეოპოლიტიკურ მომენტის ხასიათითა და სახარბიელო შემთხვევითობებით აიხსნება. 1859 წლის მაისში, სწორედ გეოპოლიტიკური შემთხვევითობის გამო როდესაც მოულოდნელად პრუსიამ ავსტრიას მოლოდინი გაუცრუა და არ მიემხრო საფრანგეთისა და პიემონტის არმიებმა ავსტრია ზედიზედ ორ ბრძოლაში დაამარცხა. ავსტრიის მარცხისთანავე, ძველი რეჟიმის ლიდერებმა დაუყონებლივ დატოვეს თავიანთი სამფლობელოები, რამაც ლომბარდია და რომანა პირდაპირ დაუქვემდებარა პრემიერ კავურისა და პიემონტის მმართველობას, რომელიც უკვე განიხილებოდა, როგორც იტალიის პოტენციურად გამაერთიანებელი ძალა. შემდგომ თვეებში, ადგილობრივი დემოკრატების ორგანიზებით დადგმულიპოპულარული პლებისციტებისშედეგად, რომლებიც აფიქსირებდა პიემონტთან მიერთების სახალხო სურვილს, პიემონტს შეუერთდა ემილიაც და ტოსკანაც. პიემონტის საგარეო წარმატება უდავოდ დიდი იყო, თუმცა პრემიერი კავური დამატებითი გაფართოების მიმართ  სერიოზული სკეპტიციზმით გამოირჩეოდა. როგორც პიემონტელ არისტოკრატსა და პრემიერს, კავურს სავსებით არ ადარდებდა იტალიის გაერთიანება. თუმცა, ამასთანავე იგი შიშობდა, რომ დამატებითი ექსპანსია დიდი ძალების გაღიზიანებას გამოიწვევდა, რაც მას ყველაფერს დააკარგვინებდა. სამაგიეროდ, აქამომდე ნელთბილად განწყობილი, თუმცა უკვე გამარჯვებებით განებივრებული საყოველთაო აზრი, ახლა მეტსა და მეტ Italia-ს მოითხოვდა. კავურისდა საუბედუროდ, ეს „აზრი“ ძალიან უთანაგრძნობდა ჯუზეპე გარიბალდის, რომელიც ამ დროს უკვე ცოცხალი ლეგენდა იყო. ამიტომ, კავურს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო გარიბალდის შესაჩერებლად.

ყველაფერი სწორედ გარიბალდიმ შეცვალა, როდესაც სიცილიელთა მოთხოვნით, თუმცა სკეპტიკურად განწყობილი პრემიერის სურვილის საწინააღმდეგოდ, იგი 1860 წლის 6 მაისს სამხრეთისაკენ დაიძრა და, მისი ბიოგრაფიის ყველაზე გასაოცარ მომენტში, სულ რაღაც 1087 სამხედროსთან ერთად, სამხრეთ იტალიიდან, არც მეტი, არც ნაკლები, ბურბონები გააძევა. თუმცა, სამხრეთშივე მყოფი გარიბალდი იტალიის უნებლიე გაერთიანების განმაპირობებელ უმთავრეს მიზეზადაც იქცა. სამხრეთის აღებისთანავე, გარიბალდიმ პაპის სახელმწიფოს დაადგა თვალი და რომისაკენ გაეშურა. საქმე ისაა, რომ რომში პიემონტის მოკავშირე საფრანგეთის არმიები იდგა, გარიბალდის იქ გამოჩენა კი აუცილებლად გამოიწვევდა სამხედრო კონფლიქტს. ამგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, გარიბალდის პოპულარულობითა და წარმატებით უკვე შეშფოთებულმა კავურმა, საფრანგეთთან შეთანხმებით, პაპის სახელმწიფოსაკენ დაუყონებლივ გააგზავნა თავისი არმია, რა დროსაც იტალიის დარჩენილი ნაწილიც აიღო. ასე გაერთიანდა ჩრდილოეთის, ცენტრისა და სამხრეთის ფაქტობრივად მთელი ტერიტორია, რომისა და ვენეტოს გამოკლებით. რამდენიმე წლის შემდეგ, ვენეტოს რეგიონისა და საკუთრივ რომის აღებაც საგარეო გეოპოლიტიკური მდგომარეობის წყალობით მოხდა – კერძოდ კი, პრუსიის მიერ ავსტრიასთან და საფრანგეთთან წარმოებული ორი წარმატებული ომის შედეგად: ავსტრიის დამარცხებით ვენეტო გათავისუფლდა, ხოლო საფრანგეთის დამარცხებით – რომი. იტალიელებმა ფაქტობრივად უბრძოლველად აიღეს რომიცა და ვენეტოს რეგიონიც. ასე დაიბადა იტალია – არა ელიტების შეგნებული მცდელობისა თუ განსაკუთრებული ჰეროიკული აქტების გამოისობით, არამედ გეოპოლიტიკური მომენტის წყალობითა და შემთხვევითობის ბრწყინვალებით. იტალიის გაერთიანება fait accompli უფრო მეტად იყო, ვიდრე რაიმე გრძელვადიანი პროცესისლოგიკური დასასრული“.  

 

კედლების ნგრევა

    მაშასადამე, „რისორჯიმენტო“ სავსებით არ ყოფილა თავისუფლებისთვის მებრძოლი „გმირების“ ეპიკური ამბავი, როგორადაც იგი ისტორიას ხშირად წარმოუჩენია. „რისორჯიმენტო“ არა მარტო გამარჯვებების, არამედ ვნებათაღელვების, შურისა და კონკურენციის ამბავია, ისევე როგორც დიდი იმედგაცრუებების ამბავიც. მათ შორის, მაძინის იმედგაცრუების ამბავი, რომელმაც მთელი ცხოვრება იტალიის გაერთიანებას მიუძღვნა, თუმცა კი გაერთიანების შემდეგ პიემონტის დომინაციას არ ეპუებოდა, რის გამოც პარლამენტარობაზეც უარი განაცხადა, მცირე ხნით ციხეშიც მოხვდა, შემდეგ კი ლონდონს მიაშურა. მაძინი ზედმეტად რადიკალი გამოდგა რისორჯიმენტოს გემოვნებისთვის, როცა რისორჯიმენტომ სარკეში ჩაიხედა და გმირთა ჰარმონიული პანთეონი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ რისორჯიმენტომ ცოცხალ ლეგენდად აქცია გარიბალდი,  საერთო იტალიური არმიის შემქმნელებმა, რეგიონალური დანაყოფების გაერთიანებისას, გარიბალდის 70 000-ჯარისკაციანი „სამხრეთის რაზმი“ – რისორჯიმენტოს უდავოდ ყველაზე წარმატებული სამხედრო რაზმი – გარიბალდის პოპულარულობის შიშით, არც მეტი, არც ნაკლები, დაშალეს, თუმცა დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე  პრემიერი კავური გმირთა პანთეონის ერთ-ერთ მთავარი ხატია. ჯუზეპე მაძინის კი რისორჯიმენტოს ძეგლი მხოლოდ მშობლიურმა  გენუამ დაუდგა – სხვებისთვის იგი ზედმეტად რადიკალი იყო. მასზე ვერ მიაღწევდნენ ისეთ კონსენსუსს, როგორიც  ვაშინგტონის შემთხვევაში მოხდა.

რისორჯიმენტომ კიდევ ბევრი რამ მოიგონა და გამოიგონა. ის, რაც მას აუცილებლად უნდა გამოეგონებინა, იყო ტრადიცია და ისტორია, რადგან იტალიას არ ჰქონდა საერთო წარსული და, შესაბამისად, არც  კოლექტიური მახსოვრობა ჰქონდა. უმბერტო ლევრა მართებულად აღნიშნავს, რომ რისორჯიმენტო არამარტო თავისუფლების მოპოვების პერიოდია, არამედ „საერთო ტრადიციის შექმნის დროც, როდესაც ხდება სურათხატების შეერთება იტალიის, როგორც ერის, წარმოსაჩენად“. თავად რისორჯიმენტოს პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური ბრძოლა ისტორიის მომგებიანი მნიშვნელობებისთვის. ყველას ჰქონდა საკუთარი ისტორიული არგუმენტი. მაგალითად, სიცილიელი ავტონომისტები მიუთითებდნენ ადგილობრივ საპარლამენტო ტრადიციაზე, რომელიც, მათი დაჟინებული მტკიცებით, შუა საუკუნეებიდან არსებობდა, ვიდრე ბურბონებმა არ  შეწყვეტეს ის 1815 წელს. მოკლედ, იმას, თუ ვისი ისტორიული ინტერპრეტაცია გაიმარჯვებდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკური გამარჯვების თვალსაზრისითაც. 1860 წლის შემდეგ, თვითონ რისორჯიმენტო გადაიქცა გამაერთიანებელ ისტორიულ მომენტად სეკულარული ისტორიიდან. ამდენად, რისორჯიმენტო უკვე იყო კოლექტიური მახსოვრობისა და აწმყოს კულტურული იდენტობის ერთგვარი ფორმაც. შესაბამიასდ, იტალიურ სასწავლებლებში, მსგავსად ევროპის სხვა ქვეყნებისა, ისტორია ისწავლებოდა, როგორც ნაციონალისტური ეპიკური ბრძოლის დიადი ამბავი. „რატომ გიყვართ იტალია?“ – ასეთი იყო სასკოლო ესეს ერთი ტიპური შეკითხვა.

თუმცა, იტალია უნდა გამხდარიყო არა მარტო თეორიული რამ, არამედ იგი უნდა შეგეგრძნო  და განგეცადა კიდეც. ეს რისორჯიმენტოს პროექტს სჭირდებოდა. 1860 წელს, იტალიის სამხედრო გეოგრაფიის ინსტიტუტმა პირველი იტალიური რუკის შედგენა დაიწყო, რასაც 40 წელზე მეტი დასჭირდა, თუმცა, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავისი ქვეყნის სხვა ნაწილებს სავსებით არ იცნობდა,  არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სკოლის მოასწავლეებისა და საჯარო მოხმარებისთვის გეოგრაფიის ადეკვატურად სწავლება, მომცრო რუკების წარმოება და მგზავრობის გახალისება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ფიზიკური და მეტაფორული კედლების ნგრევა, რასაც იმთავითვე ჰქონდა ადგილი. მილანში, ფლორენციაში, ბარიში, პალერმოში და მოდენაში ქალაქის კედლები დაეცა, იტალია კი გაიხსნა. მთელი სამეფოს მასშტაბით დაიწყო სადგურების აგება, დიდ ქალაქებში კი ურბანული რეორგანიზაცია. რომში ვიტორიო ემანეუელეს გრანდიოზული სასახლე აიგო, რომელიც რომის ფორუმს, კაპიტოლიუმსა და ვენეციის მოედანს გასცქეროდა და თავისი მედიდურობთ ხაზს უსვამდა როგორც ახალი დროის გრანდიოზულობას, ასევე ძველი და ახალი იტალიების შერწყმას. ფლორენციაში კი ებრაული გეტოს ადგილას ახალი რესპუბლიკის მოედანი გაჩნდა და ცენტრთან დამაკავშირებელი გზები დაიგო. სრულიად იტალიის მასშტაბით გავითარდა ფართო პიაცები და ქუჩების ახალი ქსელები. ასე იგონებდნენ ეტაპობრივად იტალიას, როგორც წარსულის დროთა, სიმბოლოთა და ფორმათა ერთობა.

…არავინ იცის, რას ფიქრობდა ვატერლოოზე მიმავალი ჯუზეპე გარიბალდი. მას აღმერთებდნენ, როგორც ცოცხალ ლეგენდას, რაზეც, ალბათ, ვერც კი იოცნებებდა ლონდონის ქუჩებში ეტლით მიმავალ გენერალი – მისი აწმყო ხომ სულაც არ ყოფილა ისეთი ჰარმონიული, როგორც  ისტორიამ დაალაგა; და არც თავად „რისორჯიმენტო“ იყო ისეთი ერთგვაროვანი, როგორადაც იგი ხშირად წარმოუჩენიათ. „რისორჯიმენტო – იტალიელი ხალხის ბრძოლა ეროვნული განთავისუფლებისა და თავისი ქვეყნის გაერთიანებისათვის“, გვამცნობს უცხო-სიტყვათა ლექსიკონი. თუმცა, „რისორჯიმენტო“ გაცილებით უფრო კომპლექსური და უცნაური მოვლენაა. ერთი შეხედვით, „რისორჯიმენტო“ ჯუზეპე მაძინის ათწლიანი ბრძოლის, რომანტიკული ნაციონალიზმის, კავურის მაკიაველიზმისა და გარიბალდის სამხედრო გენიის ერთობლივი ქმნილებაა, მეორე მხრივ კი, ის იტალიის შიდა პროცესებისაგან სრულიად დამოუკიდებლად დაბადებული პოლიტიკური ფორმაა, რომლის შექმნაშიც ყველაზე დიდი წვლილი არა მაძინისა და კავურს, არამედ საფრანგეთსა და პრუსიას მიუძღვის. იტალიის შექმნა, ასე თუ ისე, როგორც იქნა,  დასრულდა, იტალიელთა შექმნა კი  კიდევ დიდხანს გრძელდებოდა.

© არილი

Facebook Comments Box