ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

მაიკლ ჰოფმანი – უნდა გაუმკლავდე უსუსურ არსებებს (უოლეს სტივენსი)

wallace stevens

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

მახსოვს, როგორ მღეროდა ჯგუფ Soft Machine-ის მედოლე და ვოკალისტი რობერტ უაიატი თავისი მაღალი ხმით (რომელიც ხშირად უწყდებოდა ხოლმე) და კოკნისეული დიქციით:

ხუთი ფუტისა და შვიდი დუიმის სიმაღლისა ვარ,

მიყვარს თამბაქო, სმა და ფეხბურთი.

ეს ყვითელი კოსტიუმი პემმა შემიკერა.

ყოველდღე მივირთმევ ერბოკვერცხსა და ჩაის,

მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს საუბარი საკუთარი თავის შესახებ.

ამერიკელ პოეტს, უოლეს სტივენსსაც უყვარდა ჩაის სმა – და ყოველ საღამოს შეექცეოდა “იმპორტულ ჩაის”, რომელსაც პატარა ვაფლებს ატანდა. შესაძლოა, სტივენსს სურდა, ჩაით გაეზავებინა დალეული მარტინი (სტივენსის “პემი”, სახელად ელსი, ბუზღუნებდა, როდესაც პოეტი მარტინის სვამდა), სხვა მხრივ კი სრულიად განსხვავდებოდა უაიატისგან. სტივენსი ექვსი ფუტისა და ორი დუიმის სიმაღლისა იყო, 18 სტოუნს იწონიდა, ელეგანტურ ნაცრისფერ კოსტიუმებს იცვამდა, სძაგდა საუბარი თავისი თავის შესახებ, თამბაქოს არ ეტანებოდა – მხოლოდ შუა ხნის ასაკში ეწეოდა სიგარებს. არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთის ან ერბოკვერცხის მიმართ, რომელთა შესახებ, ოდენის თქმით, უხეირო ბიოგრაფიებში საუბრობენ ხოლმე.

ამასთან, არსებობს იმგვარი უხეირო ბიოგრაფიები, რომლებიც არაფერს გვამცნობენ პოეტთა კულინარიული მიდრეკილებების თაობაზე. პოლ მარიანის The Whole Harmonium სწორედ ასეთია. ავტორი შეეცადა ჩასწვდომოდა სტივენსის პოეზიის არსს და დაედგინა მისი ადგილი თანამედროვე ლიტერატურაში. მაგრამ უოლეს სტივენსი იყო მარტოსული პიროვნება, რომლის სახელიც უშუალოდ არც ერთ  მისი დროის ლიტერატურულ სკოლას ან პოეტს არ უკავშირდება.   გასაკვირი არაა, რომ ელსიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ გაყიდა სტივენსის წიგნები და ნივთები, გაანადგურა წერილები და მისწერა ერთ-ერთ ადრეულ ბიოგრაფს: “უნდა გითხრათ, რომ კრიტიკული ბიოგრაფიის დასაწერად აუცილებელი არაა მისტერ სტივენსის პოეზიის გააზრება. მისტერ სტივენსს სიამოვნებას ანიჭებდა პოეტური შემოქმედება, რომელიც მან მთლიანად გამიჯნა თავისი ოჯახური ცხოვრებისგან და თავისი პროფესიული საქმიანობისგან – არც ერთ მათგანს არ ჰქონდა უშუალო კავშირი მის პოეზიასთან”.

Harmonium (1923) – სტივენსის პირველი პოეტური კრებული – ისევე ბუნებრივად იშვა, როგორც ათენა ზევსის თავიდან. რა ტრადიციები იდგა ამ კრებულის უკან, თუ არ ჩავთვლით ფრანგულ dix-neuvième-სა და შექსპირს (საერთოდ, სტივენსის მთელი პოეზია შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც “ქარიშხლის” განვრცობილი ვერსია)? ალბათ, ყველა თვალსაჩინო მოდერნისტი პოეტის – პაუნდის, ელიოტის, მურის და სტივენსის – პირველწყარო ბრაუნინგის ან ჰენრი ჯეიმსის შემოქმედება იყო (რაშიც სულ უფრო მეტად ვრწმუნდები).

სტივენსის ნაწარმოებთა მკითხველთათვის საკმაოდ კარგადაა ნაცნობი პოეტის ცხოვრება: ის სწავლობდა ჰარვარდში; მუშაობდა იურისპრუდენციის სფეროში და, იმავდროულად, წერდა ლექსებს; მსახურობდა სადაზღვევო კომპანიაში; დაცოლშვილდა; უშფოთველად ცხოვრობდა ჰარტფორდში; არასოდეს გასცილებია ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს; ხანდაზმულობისას მიენიჭა ჩვეულებრივი პრემიები. არასოდეს მიგრძნია იმის საჭიროება, რომ სტივენსის ბიოგრაფია დაწერილიყო. ახლა, როდესაც წავიკითხე ბიოგრაფია, რომელიც დაწერა მარიანიმ – პოეტთა ბიოგრაფიების სერიის ავტორმა (მან უკვე გამოაქვეყნა ამერიკელი მწერლების – უილიამსის, კრეინის, ლოუელისა და ბერიმენის ბიოგრაფიები), ეს აზრი არ შემცვლია. გაცილებით უფრო ინფორმაციულია სტივენსის ცხოვრების 11-გვერდიანი ქრონოლოგია, რომელიც ამერიკის ბიბლიოთეკამ გამოსცა და, ალბათ, რამდენიმე ხნის წინ ჯოან რიჩარდსონის მიერ გამოქვეყნებული 15-გვერდიანი ესკიზიც, სახელწოდებით “უოლეს სტივენსი: პორტრეტი” (რომელიც არ წამიკითხავს), თუ არაფერს ვიტყვით ზეპირ ბიოგრაფიაზე “მოგონებები უოლეს სტივენსის შესახებ” (ავტორი – პიტერ ბრაზო, 1983 წ.).

სწორედ ბრაზომ შეადგინა სტივენსის ყოველწლიური შემოსავლების საინტერესო ნუსხა; მანვე მოიძია ძალზე საინტერესო მოგონებები (იმ ადგილების შესახებ სამხრეთის შტატებში, სადაც სტივენსი გაურეცხავი ხამანწკების რაგუთი იკვებებოდა; ბრაზო მოგვითხრობს, აგრეთვე, როგორ გამოიყურებოდა პოეტი პერიოდული დიეტების შემდეგ, როდესაც კოსტიუმი ტანზე ტომარასავით ეკიდა) და წარმოგვიდგინა მისი ყველაზე ზუსტი პორტრეტი. სტივენსი მუშაობდა ჰარტფორდის საგზაო შემთხვევებისა და სადაზღვევო კომპანიაში; თავის კაბინეტში, სამუშაო მაგიდაზე არ ედო ცოლისა და ქალიშვილის ფოტოსურათები. ბრაზოს თქმით, პოეტი ხშირად იყენებდა ვებსტერის დიდ ლექსიკონს; კითხვა და წერა დიდად არ უყვარდა; “ირონიული კილოთი ელაპარაკებოდა თანამშრომლებსა და ნაცნობებს; ახლო მეგობრები ჰყავდა, მაგრამ მაინც მარტოსული იყო; არ პასუხობდა კითხვებს პოეზიის შესახებ, რომლებითაც მას მიმართავდა ხოლმე ჰარტფორდის წიგნის მაღაზიის მეპატრონე”.

მარიანის წიგნი მეცნიერული, კრიტიკული, ან, უკეთ რომ ვთქვათ, “მშრალი” ბიოგრაფიაა, რომლიდანაც ვერ შეიტყობთ, სად ან როგორ გაიცნო სტივენსმა თავისი ცოლი, ელსი მოლი 1904 წელს. სამაგიეროდ, ავტორი ოთხ გვერდს უთმობს სტივენსის ერთ-ერთი ლექსის – “კვირადღის დილის” ანალიზს; ის არ განმარტავს, რა არის “თავმდების მოთხოვნა” (დაზღვევის სახეობა, რომლითაც სტივენსი დაკავებული იყო 1916 წელს ჰარტფორდის საგზაო შემთხვევებისა და დაზღვევის კომპანიაში; 1934 წელს სტივენსი ფირმის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა და გარდაცვალებამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა), მაგრამ ამტკიცებს, რომ სტივენსის ადრეულ ნაწარმოებში – “ფლორიდული ფაბლიო”- კალამბურულია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა barque of phosphor ან droning of the surf; მარიანის თქმით, უკანასკნელ წლებში სტივენსი მხოლოდ ლექციებს ამზადებდა და კითხულობდა (“აპრილის ბოლოს ის დაბრუნდა მაუნტ ჰოლიოკოს კოლეჯში, რათა კიდევ ერთხელ ესაუბრა… “, “1951 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ლექციების კითხვისას მას ჯერ კიდევ აინტერესებდა ეს საკითხი”) . მარიანი პარაფრაზირების მეშვეობით გადმოგვცემს სტივენსის წერილების, ლექსებისა და პროზის შინაარსს და ნერვულად, შიშით, ხშირად შეუსაბამოდ მოჰყავს ციტატები, ისე, თითქოს აკრძალული ჰქონდეს ამ ბიოგრაფიის წერა და სტივენსის ციტირება: “მას ბავშვობიდანვე ბიბლია დასანახავადაც კი სძულდა და ძალიან გაუხარდა, როდესაც ეს უაზრო წიგნი დაიხა”, – წერს მარიანი და გაუგებარია, სტივენსის აზრებს იმოწმებს, საკუთარ შეხედულებას გადმოგვცემს თუ ორივე მათგანს აერთიანებს ამ მკრეხელურ ფრაზაში. გარდა ამისა, მარიანისეულ ტექსტში მომიფანტულია მისი – ერთგვარად, ფამილარული – style indirect libre-ის დამადასტურებელი გამოთქმები: “გასაკვირი არაა, რომ……”, “დროა, რომ…” “შობადღე დადგა და დასრულდა” და, წარმოიდგინეთ, ძალზე “ორიგინალური”: “ცხოვრება გაგრძელდა”. ბევრი აბზაცი ასე იწყება: “მომდევნო დღეს”, “ერთი კვირის შემდეგ”, “იმ შაბათს” და “შუადღისას”, რაც მკითხველს ინტერესს არ აღუძრავს, რადგან ფრაზები, რომლებიც ამ სიტყვებით იწყება, მხოლოდ და მხოლოდ სტივენსის წერილებიდან ამოგლეჯილი ციტატებია. ამგვარი უფუნქციო დამაკავშირებელი გამოთქმები მხოლოდ ტექსტის ხარვეზების შესავსებადაა განკუთვნილი და ისევე მალე წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან, როგორც ქვიშაზე გამოყვანილი ნიშნები.

საოცარია, რომ სწორედ ელსის პროფილი იყო ამოტვიფრული იმდროინდელ ამერიკულ ათცენტიან და ორმოცდაათცენტიან მონეტებზე; მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ წიგნში იპოვით შესაბამის ილუსტრაციას ან უოლესის ლექსების ხელნაწერთა ფოტოასლებს, ან მისი შემოქმედებითი მანერის დეტალურ აღწერას, ან თხრობას სტივენსის ხანგრძლივი, მაგრამ არცთუ იდილიური ოჯახური ცხოვრების შესახებ (ნიშანდობლივია, რომ ცოლი და ქმარი სახლის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდა) სახლში, რომელიც სტივენსმა 1932 წელს იყიდა ჰარტფორდში, ან იმის შესახებ, რომ უოლესი შინ ყოფნისას კაბინეტში იკეტებოდა და წერდა, ხოლო ელსი – მზარეულთან ერთად? მოახლესთან ერთად? – სახლს ალაგებდა, კერძებს ამზადებდა და ბაღს უვლიდა. იქნებ, ელსის აგორაფობია სჭირდა? ან სოციოპათი იყო? პათოლოგიურად მორცხვი იყო? რილკეს ცოლის მსგავსად, თავის პირად ცხოვრებაში არავის ახედებდა? იქნებ, თვით სტივენსი გულცივი პიროვნება გახლდათ? ან სხვა ქალებით იყო გატაცებული? ტირანული ხასიათი ხომ არ ჰქონდა? მორცხვი იყო? თავისი კერძო ცხოვრებით ცხოვრობდა? სტუმრებს პოეტის სახლში ან არ იღებდნენ (“მისის სტივენსის ხიბლს ვერავინ გაუმკლავდება” – წერდა სტივენსი – ირონიით? გაბოროტებით? სიყვარულით? გულწრფელად?) და, როდესაც იღებდნენ, ისინი თავიანთ ავტომანქანებს იქაურ სასტუმროსთან ტოვებდნენ, სახლს გარს უვლიდნენ და შედიოდნენ ბაღში, სადაც ელსი ზოგჯერ ისე გაიელვებდა ხოლმე, როგორც მოჩვენება – ჰენრი ჯეიმსის მოთხრობაში (იგულისხმება The Turn of the Screw). ელსის ხათრით, სტივენსი შეელია ნიუ-იორკს, სადაც კოლეჯის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი სიღარიბეში ცხოვრობდა, ნაყოფიერად მუშაობდა, მაგრამ მას მიჰყავდა ხოლმე ელსი რედინგში (პენსილვანიის შტატი), სადაც ორივენი დაიბადნენ. ელსი სთხოვდა ქმარს, აქ დასახლებულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ცოლ-ქმარი დასახლდა ჰარტფორდში, რაც ბრწყინვალე კომპრომისი გახლდათ: “მისის სტივენსი გულგრილად ამბობს ხოლმე, რომ ჰარტფორდი შესანიშნავი ადგილია”, – დაწერა ერთხელ გულნატკენმა პოეტმა.

Adagia-ში – აფორიზმების მისეულ კრებულში – სტივენსი წერს: “ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ გარემომცველი ადამიანები, და არა ესა თუ ის ადგილი. მაგრამ მე ადგილებზე ვარ დამოკიდებული და ეს მაწამებს”. აშკარაა, რომ სტივენსს ნაგულისხმევს უნდა მივუხვდეთ: აფორიზმის არსი ისაა, რომ მასში სიტყვიერი ენიგმა აზრობრივს ენაცვლება. შეიძლება ვიკითხოთ, რა არის ყველა ეს “ადგილი”? და, საერთოდ, ძალზე უცნაურია, რომ სტივენსი “ადგილებზე დამოკიდებულებისა” და ამით გამოწვეული “წამების” გამო ჩივის. სამსახურებრივ საქმეთა მოსაგვარებლად ის ხშირად მიემგზავრებოდა დასავლეთში, დასასვენებლად კი – სამხრეთში, მოსამართლე პაუელთან (1920-იანი წლების შემდეგ – არც ისე ხშირად). ხომ არ გულისხმობდა სტივენსი კი-უესტს, რომელსაც ბოლოს 1940 წელს ეწვია და იმედი გაუცრუა როგორც კუნძულის მზარდმა “ლიტერატურულობამ”, ისე – მისმა გარდაქმნამ სამხედრო-საზღვაო ბაზად? ხომ არ წარმოუდგებოდა ჰავანა, სადაც 1923 წელს, მარტომ, ერთადერთი ღამე გაატარა? ხომ არ იყო ეს “ადგილი” ელიზაბეტ-სკვერი, სადაც სტივენსი ყოველდღე დადიოდა ხოლმე? როგორც ჩანს, მას სხვა რამ აწამებდა და, სავარაუდოდ, ის, რომ პოეტი გრძნობდა no se puede vivir sin amar -სიყვარულის ნაკლებობას. სწორედ ესაა პასუხი ჩემს გამოუთქმელ კითხვაზე.

“ნეტავ, – წერს ის 1940 წელს ლექსში “პირველი სითბო”, – “ჩონჩხად ხომ არ ვიქეცი, / როდესაც რეალობას კითხვებით ვცდიდი, / მე – მსოფლიოში არსებული ყველა ჩონჩხის თანამოძმე?”.

ბიოგრაფიის წერისას პოლ მარიანის წინაშე წამოიჭრა სტივენსის, როგორც შემოქმედის, განყენებული, “ლიტერატურული” და დისფორიული პორტრეტის დახატვის საფრთხე, რასაც მან თავი ვერ აარიდა; გაიხსენეთ, როგორი ბრწყინვალე დეტალებით და როგორი სიყვარულითაა დახატული სტივენსის კოლეგის (სადაზღვევო აგენტის) ფრანც კაფკას პორტრეტი მისი ბიოგრაფების, რაინერ სტახისა და კლაუს ვაგენბახის მიერ. მარიანის, როგორც ჩანს, არ სურდა ან არ შეეძლო სტივენსის ცხოვრების სათანადოდ აღწერა, რადგან ის, რაც მის მიერ ელიმინირებულ იქნა პოეტის ბიოგრაფიიდან (პოეზია, მუშაობა, პირადი ცხოვრება, წარმომავლობა, ოჯახი – რის გამოც მარიანის წიგნის კითხვისას არშემდგარი ან ნახევრადშემდგარი ცხოვრების შთაბეჭდილება გვრჩება), მისი, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრების არსს შეადგენს, ხოლო სტივენსის ხასიათი – შემწყნარებლური და, იმავდროულად, მომთხოვნი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, ან რეცესიულობა და სიჯიუტე, საკმარის მასალას იძლეოდა საინტერესო წიგნის დასაწერად.

“დროდადრო სიამოვნებისგან თავს ვიკავებ ხოლმე, რათა, უბრალოდ, შინაგანი წონასწორობა შევინარჩუნო.” – დაწერა ერთხელ სტივენსმა. მას სჩვეოდა სიცოცხლის სიყვარული, რაც მარიანიმ სრულიად ვერ შეამჩნია. დიახ, პოეტი გულჩათხრობილი იყო, წინდახედულიც (“ამ წერილის ციტირების ან გამოყენების უფლებას არავის მივცემ”), თავისნათქვამა, ახირებული, მაგრამ ეს იყო მამაკაცი, რომელსაც მძაფრი ვნებები ჰქონდა. ჩვენთვის ცნობილია ორი ეპიზოდი, რომლებიც ამას ადასტურებს: კი-უესტზე ჰემინგუეისთან წაკინკლავებისას პოეტმა რომანისტის ყბაზე ხელი მოიტეხა; კროს-კრიკში, როდესაც რომანისტმა მარჯორი კინან როულინგსმა სტივენსი სადილად მიიწვია, პოეტი დათვრა და ქალს “უხამსი წინადადებით მიმართა”. იმას, თუ როგორ უყვარდა სტივენსს ცხოვრების ყოველგვარი გამოვლინებები, მოწმობს პოეტის ხანგრძლივი სეირნობები პენსილვანიის სოფლებში და, შემდგომ პერიოდში – ნიუ-ჯერსის ბაღებში. რესტორნებში ის უკვეთდა ძვირად ღირებულ “ალიგატორის მსხალს” (იმხანად ასე უწოდებდნენ ავოკადოს). ჯექსონვილიდან სტივენსს უგზავნიდნენ ფორთოხლებს, ხოლო ლეონარდ ვან გეიზელი (პლანტატორი ჯენტლმენი), პოეტს (ამ უკანასკნელის თხოვნით) ამარაგებდა ცეილონზე შეძენილი ადგილობრივი ნივთებით. სწორედ ეს აღელვებდა სტივენსს; სწორედ ეს ახალისებდა. ვრცელ სამადლობელ წერილში ის წერს: “სასტუმრო ოთახი გამსჭვალულია თქვენი ნობათის სურნელით”; “ყოველ დილას თქვენ მიერ გამოგზავნილ ჩაის და ლიმონის ჯემს შევექცევი. ეს სურნელოვანი ჯემი არ ჰგავს გუავას შინნაკეთ ჯემს, თუმცა, კიდევ უფრო მეტად განსხვავდება გუავას ქარხნული წესით დამზადებული ჯემისგან”. მეორე კორესპონდენტს ის სწერს: “დიდი მადლობა ხურმისთვის. ველური ხურმის დანახვისთანავე შიმშილის აუტანელი გრძნობა მეუფლება. ხურმა მახსენებს ოპოსუმებსა და ჩიტებს, რომლებსაც ჩემსავით უყვართ ეს გემრიელი ხილი. მახსენდება ძველთაძველი იაპონური შავ-თეთრი გრავიურებიც, რომლებზეც მაიმუნები ხურმას შეექცევიან უფოთლო ხეებზე”. ახალგაზრდა კუბელი პოეტის, ხოსე როდრიგეს ფეოს აზრით, მისი უფროსი მეგობარი სტივენსი ტიპურ ამერიკელს (ან, ყოველ შემთხვევაში, norteamericano-ს) არ ჰგავდა: “ამერიკელებისთვის ყველაფერი, რაც თავისთავად სასიამოვნოა  (მაგალითად, სექსი ან გემრიელი კერძები ღვინითურთ), მიუღებელია”. ფეო სტივენსს უწოდებს “პოეტ-ჰედონისტს”, რადგან “თავის ლექსებში ის ხშირად საუბრობს ხილის, ფერწერის ან პეიზაჟების შესახებ, რაც ცხოვრებას სილამაზეს ანიჭებს… სტივენსი ყოველთვის თვითონ დადიოდა ხოლმე მაღაზიებში საუცხოო ხილის შესაძენად”. სწორედ აქ და არა მოსაწყენ ლექციებში შეიგრძნობა სტივენსის ცხოვრება. ანალოგიურად, Adagia-ში (აფორიზმებში), გვხვდება ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა: “პოეზია მეცნიერთა ხელოვნებაა”, “ჩვენი ცხოვრება გონებაში მიმდინარეობს”, “პოეზიის განდეგილი”, “ლექსი მეტეორია” ან (უფრო უკეთესი) “ლექსი ხოხობს წააგავს” და, ასევე: “მარტინიკული პარფე: ყავის მუსი მასზე გადასხმული რომით და ცოტაოდენი ნაღებით”. ის წააგავს ჰუისმანსის A rebours-ის გმირ-დეკადენტს, რომელიც სამყაროს შინიდან გაუსვლელად აღიქვამდა (სტივენსის წერილთა ინდექსი, მგონი, ყველა ევროპულ ქვეყანას მოიცავს). მისი ცხოვრების აღწერა ან სენსუალური უნდა იყოს, ან არ უნდა დაიწეროს.

მიყვარს კატრენი იოსიფ ბროდსკის ლექსიდან “დაზუსტებული პლატონი”:

Там была бы эта кофейня с недурным бланманже,

где, сказав, что зачем нам двадцатый век, если есть уже

девятнадцатый век, я бы видел, как взор коллеги

надолго сосредотачивается на вилке или ноже.

სტივენსს (რომელიც 1879 წელს დაიბადა) გარეგნულად ვიქტორიანული თავშეკავებულობა სჩვეოდა: არ იზიდავდა სანაოსნო სპორტი, მეგობრები არ ჰყავდა და არც კლუბების წევრი გახლდათ, მაგრამ ოთხშაბათობით სიამოვნებით საუზმობდა ჰარტფორდის ნაოსანთა კლუბში. “ადამიანმა დრო არ უნდა დახარჯოს მოდერნზე, რადგან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არსებობს”, წერდა ის: 1880 წლის შემდეგ დაბადებულები კი მოდერნისტებად დაიბადნენ. (სასარგებლო იქნებოდა სტივენსის შედარება – რაც, მგონი, არავის მოსვლია აზრად – მოდერნისტ მწერალთან, თომას მანთან, რომელიც 1875 წელს დაიბადა, არასოდეს ყოფილა ბანკირი და თითქმის აგრესიულად ეკიდებოდა მწერლის, როგორც ბურჟუასა და ოჯახის უფროსის მოვალეობებს. ექსპერიმენტირება ორივე მათგანის საყვარელი საქმიანობა გახლდათ. თავდაპირველად ორივენი იუმორისტები ან კარიკატურისტები იყვნენ, საბოლოოდ კი შეავსეს რამდენადმე ყავლგასული და იმედგაცრუებული ფილო-ინტელექტუალების რიგები). სტივენსის ფოტოსურათებზე – უმეტესად სამოცი წლის ასაკში და შემდგომ – ვხედავთ ჩაფსკვნილ, პირმსუქან, მშვიდ, თავშეკავებულ მამაკაცს, რომელსაც საყელო და ჰალსტუხი უკეთია და ფოლადის სავარცხლით ახლახან გადაუვარცხნია მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა თმა (1900-იან წლებში სტივენსმა თმა შუაზე გაიყო და ოსკარ უაილდს დაემსგავსა). როდესაც 1964 წელს ბროდსკის საბჭოთა კავშირში განაჩენი გამოუტანეს “სოციალური პარაზიტიზმის” გამო, მოსამართლემ პოეტის “ხავერდის შარვალი” ახსენა; ყურები ვცქვიტე მე-19 საუკუნის ბოჰემურ სტილთან ამ ჩაცმულობის ასოციაციის გამო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ “ველვეტის” უხეირო თარგმანი.

სტივენსი (თუ გავითვალისწინებთ მის ცხოვრებას) სამოთხის ჩიტი, ჭრელი თუთიყუში ან კეტსელი[1] კი არ გახლდათ, არამედ – ჩვეულებრივი მტრედი ან ინდაური. მის გვიანდელ ნაწარმოებებში არ შეინიშნება ადრეული ქმნილებების ხიბლი, ფერების, არომატებისა და ბგერების, მუსიკალური საკრავებისა და ხილის სიუხვე. ახალგაზრდა სტივენსის ლექსიკა ძალზე უჩვეულოა (“Pardie!”, “quotha” , “Ti-lill-o”, “Tum-ti-tum,/Ti-tum-tum-tum!”, “Ohoyaho,/Ohoo”). აქ გვხვდება არნახული პოეტური სიმბოლოები, თვალისმომჭრელი ფერებითაა დახატული სხვადასხვა ადგილები. “Harmonium-ზე უკეთესი სამოგზაურო რეკლამები არავის შეუქმნია”, – შენიშნა რენდალ ჯარელმა; რა ტკბილია მისი ბუტბუტიო, წერს ჯონ (ან ჰენრი) ბერიმენი “სიზმარეულ სიმღერებში”. მაგრამ სტივენსი ჩრდილოეთში ცხოვრობდა, მაშინაც კი, როდესაც აღტაცებით წერდა სამხრეთის შესახებ; ფერადოვანი ლექსების თხზვასთან ერთად, უფერულ საქმიან წერილებს ადგენდა, რათა საარსებო წყარო ჰქონოდა. ოდესღაც “ვნატრობდი, მეცხოვრა ქოხში სამხრეთ საფრანგეთში, მაროკოში, ან თუნდაც კი-უესტში. მაგრამ ვიცოდი, რომ გამაწამებდა ფიქრი ფულის შესახებ. ყოველთვის მეშინოდა სიღატაკისა. ამიტომ ვმუშაობდი, ვმუშაობდი, და ასე გაგრძელდა მრავალი წლის განმავლობაში”, სწერდა ის თავის გამომცემელს 1937 წელს. სტივენსი ერთგვარი ლიტერატურული ეკვივალენტია იმ მხატვრებისა, რომლებიც მხოლოდ კვირადღეობით თუ იცლიდნენ ფერწერისთვის (მაგალითად, გოგენი ან სეზანი).

“რიტმული მეტყველებით განუმეორებელი ტკბობა /ლექსების შეთხზვა და წარმოთქმა”, ასეთია სტივენსის საბრძოლო ყიჟინა და დევიზი. მისი ლექსიკა განსაცვიფრებელია, გაბედული, დახვეწილი. პოეტი იყენებს ფრანგულ გასტრონომიულ ტერმინოლოგიასაც. თვით გრამატიკულ ასპექტშიც კი სტივენსის პოეტური ენა უნიკალურია. მისი ესა თუ ის ლექსი შეიძლება იყოს მედიტაციური, დიდაქტიკური ან ფანტასტიკური, მაგრამ ის მთლიანად კითხვითი ან ბრძანებითი კილოთია გადმოცემული. თვით პუნქტუაციაც კი ექსპრესიულია. რომელ პოეტს გაუღიზიანებია ან დაურიგებია მკითხველი სტივენსზე უკეთ? ალბათ, მხოლოდ რომელიმე გენიალურ საბავშვო (არა მარტო საბავშვო) მწერალს:

“წყეულო ბელადო, აცკანელო იფუკან, / შენ, წითლად რომ შეგიღებია მკერდი, შეჩერდი”.

სტივენსის ადრეული ლექსები შეუდარებლად ფაქიზი და დახვეწილია. აი მისი საკუთარი მეტაფორა: “კნოფს ჩემი წიგნი გადავეცი. კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ბევრი ლექსი ამოვიღე – ძლივს გავუმკლავდი ამ უსუსურ არსებებს. დიდად დახელოვნებული უნდა იყო, რათა ნაყარ-ნუყარიდან ხრაშუნა სალათი გამოარჩიო”. ეს სტივენსის პოზიციაა: დახელოვნებული უნდა იყო, რათა გაუმკლავდე უსუსურ არსებებს.

შეიძლება ითქვას, რომ სტივენსი კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესის ფლორიდული ორეულია: მდიდარი ლათინიზებული ლექსიკა, მოქნილი კონსტრუქციები, ორიგინალური შეხამებები, მდიდარი წარმოსახვა; ერთის პროტაგონისტები არიან აურელიანო და ხოსე არკადიო, მეორის პოეზიაში თანამოსაუბრეები გახლავან რამონ ფერნანდესი და ფერნანდო. ზოგჯერ მათ სულ რამდენიმე მილის მანძილი აცილებდა ერთმანეთისგან. ერთი მათგანი არაკატაკაში დაიბადა, მეორე – რედინგში, მაგრამ დროდადრო ორივენი სტუმრობდნენ კი-უესტს, სადაც ბინოკლით შეიარაღებულ ახალგაზრდა ელიზაბეტ ბიშოპს შეეძლო ეთვალთვალა მათთვის. მარკესსაც და სტივენსსაც არ უყვარდათ ჩრდილოეთი, სადაც, სტივენსის თქმით, “გაზაფხულამდე დეპრესიას თავს ვერ აღწევ” და “ათ საათზე უკვე იმედგაცრუება გეუფლება”; სადაც “რაციონალისტები იხურავენ კვადრატულ ქუდებს / და კვადრატულ ოთახებში ფიქრობენ, / უყურებენ იატაკს, / გაჰყურებენ ცას”; სადაც “ადამიანი ავადაა, ავად. ადამიანი აქ თავს შეუძლოდ გრძნობს”. სტივენსი ამჯობინებდა დაეწერა (მხოლოდ სათაურებს ვგულისხმობ): “ჰიმნი საზამთროების პავილიონს”, “რევოლუციონერების შეჩერება ორანჟადის დასალევად”, “ყვავილებით მორთული ბანანები”, “სად ვეძებო ღრუბლები”, “ფრინველი ბრინჯაოსფერი ბასრი ბრჭყალებით”. მიუხედავად ამისა, მას არ ახასიათებდა ბობოქარი ტემპერამენტი; ის არ ჰგავდა უიტმენს ან შილერს, რომლებიც მზად იყვნენ, მილიონობით ადამიანი ჩაეკრათ გულში; სტივენსი თავშეკავებული, ზომიერი რესპუბლიკელი გახლდათ (მარიანი მას “ამერიკელ ქსენოფობს” და “ტიპურ ანტისემიტს” უწოდებს, თუმცა, ლექსებში ამგვარი განწყობილებები არ გამოსჭვივის). ამიტომ შეიძლება წარმოვიდგინოთ სტივენსი არა მარტო ფლორიდული სიგარებით და სასმელში ჩასაწურავად მომზადებული “დიდი, დიდი ლიმონებით”, არამედ შვილიშვილებით გარემოცული გრძელწვერა პატრიარქის სახითაც. ის, როგორც პოეტი, ხომ არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ ამერიკის ორივე კონტინენტის წარმომადგენელი იყო. ამასთან, სტივენსს შეიძლებოდა ჰქონოდა პენსილვანიელი ჰოლანდიელის ტიპური ხასიათი – გულჩათხრობილი, უკარება, პირქუში”, მაგრამ მისი ველური, სიყვარულით უხვად გაჯერებული მეტაფორული სამყარო პოეტს სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგენს.

ადრეულ მოკლე ლექსებში მძაფრი გრძნობები იჩენს თავს. ასეთია, მაგალითად, არაჩვეულებრივად ნაზი და აზრობრივად გამჭვირვალე მშვენიერი ლექსი “ჩაი”, რომლის მელოდიას წარმოქმნის”l” “სონანტისა და “e” ხმოვნის განმეორებანი (შესაძლოა, იგულისხმებოდა “ელსი”):

When the elephant’s-ear in the park
Shrivelled in frost,
And the leaves on the paths
Ran like rats,
Your lamp-light fell
On s
hining pillows,
Of sea-shades and sky-shades,
Like umbrellas in Java.

როდესაც სპილოს ყური პარკში

ყინვისგან დანაოჭდა,

და ფოთლები ბილიკებზე

თაგვებივით გაიქც-გამოიქცნენ,

შენი ნათურის შუქი დაეცა

ზღვის ჩრდილებისა და ცის ჩრდილების

კრიალა ბალიშებს,

როგორც ქოლგები იავაზე.

აქ, მარიანის თქმით, ყოველი სტრიქონი გვახსენებს ჩაის სურნელს, ზამთარს, ადრე ჩამოწოლილ ბინდს, ბუდუარის ნაზ ხიბლს (ნათურის შუქი მალარმესია, ბალიშები – დელაკრუასი), სადღაც სხვაგან ყოფნის სურვილს, ხოლო თემა ნახსენები  არაა (როგორც ეს სიმბოლისტებს სჩვეოდათ) და მისი დასახელება თითქოს ჯერჯერობით გადადებულია, რაც იშვიათია ინგლისურში (სიტყვა “იავა” ყავაზე მიგვანიშნებს და ლექსის თემას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ ის სათაურშია მოხსენიებული). ასეთივეა კრისპინის ქალიშვილების აღწერა გრძელ ლექსში “კომედიანტი როგორც ასო “C”:

თავდაპირველად კრისპინმა გაუღიმა

თავის ოქროსფერ ქალიშვილს, რომელიც

თითქოს ბერ-მონაზონთა ქვეყნის მკვიდრი იყო,

ისე შეეფაკლა სახე კდემისგან, ისეთი სათნო გამოხედვა ჰქონდა,

თითქოს თავის სულში აჟღერებულ იდუმალსა და

განსაკუთრებულ ხმას უსმენდა. მეორე,

პირველს კვალდაკვალ რომ შემოჰყვა,

დის ასლი იყო სწორედ. ჯერ კიდევ ეძინა თითქოს,

მხოლოდ დედის ფეხის ხმაზე ეღვიძებოდა

და უკვირდა, რომ ძილი უფრთხებოდა.

მესამეს თმა ოქროსფრად უბზინავდა,

და მხნედ მოგოგმანებდა

ხოლო მეოთხე, სამშვენისების მოყვარული,

ხმაურიანი, ფუნთუშა და ვარდისფერლოყება იყო.

კრისპინი დაკვირვებული და მზრუნველი მამაა. მასზე საუბრისას სტივენსი იყენებს არა ყალბ ეპიკურ სტილს, მისთვის დამახასიათებელი მახვილგონიერებითა და ირონიით – ესე იგი, მიჰყვება არა დრაიდენისა და პოუპის ტრადიციას, არამედ გვიანდელი შექსპირის ხალისიანსა და გულითად კილოს. სტივენსმა, აგრეთვე, შეიმუშავა დინჯი პროლიფერატიული სტილი, რომელიც მარკირებულ ბგერით სტრუქტურებსა და გრამატიკულ ოპოზიციებს ტექსტის გრძელსა და რეგულარულად მონაცვლე მონაკვეთებში ანაწილებს. ამ გზით შესაძლებელი ხდება თეთრი ლექსის მოწესრიგება, დაახლოებით ისე, როგორც თვითმფრინავის სტიუარდი ანაწილებს მგზავრებს სალონში და, შედეგად, წესრიგს ამყარებს. ამ სტილს შეიძლება საშუალოდისტანციური ვუწოდოთ. მისი ადრეული (1918 წლის) ნიმუშია 138-სტრიქონიანი “ბიძაჩემის მონოკლი” (“Le Monocle de mon oncle”):

This trivial trope reveals a way of truth.
Our bloom is gone. We are the fruit thereof.
Two golden gourds distended on our vines,
We hang like warty squashes, streaked and rayed,
Into the autumn weather, splashed with frost,
Distorted by hale fatness, turned grotesque.
The laughing sky will see the two of us
Washed into rinds by rotting winter rains.

ეს ტროპი ააშკარავებს ჭეშმარიტ ვითარებას:

ჩვენი ყვავილობის დრო დასრულდა. მაშასადამე, ახლა ხილი ვართ.

ჩვენ (ორი ყვითელი მეჭეჭებიანი გოგრა) დავმწიფდით ღეროზე,

და დავეკიდეთ – ძარღვიანნი და სხივიანნი.

შემოდგომაზე, სიცივეში

დაგვიჭკნა მსუქანი თეძოები და დავმახინჯდით.

ჩვენი დანახვისას ცას გაეცინება,

ზამთრის წვიმები კი დაგვალპობს.

რაოდენ სასიამოვნოა ეს სარდონიული და მდიდარი ლექსიკა, ეს შექსპირული სითამამე და მრავალფეროვნება. აბსტრაქციათა გაცოცხლების სტივენსისეული ხერხი (მაგალითად, “ტროპი” მოყვანილ ნაწყვეტში) და სახელთა შეწყვილება: “მარილიანი წყალი და შხუილი” (‘brine and bellowing’), “ზღვის მაღალი შიგნეულობა”(‘the high interiors of the sea’), “კომპასი და გეგმა” (’the compass and curriculum’), “ინტროსპექტული დევნილები” (‘introspective exiles’) თითქმის პაროდიული ვირტუოზულობით გამოირჩევა.

დროთა განმავლობაში სტივენსის ლექსები სულ უფრო მჟღერი ხდება და ისე ციმციმებს, როგორც ჯარისკაცთა სირმები – აღლუმზე, ზოგჯერ კი მაღალფარდოვანიცაა:

დას, დედას და სიყვარულის წინასწარმეტყველს,

და ყველაზე საყვარელ დას,

ყველაზე ახლოს, ყველაზე წმინდასა და მომხიბვლელს,

და სურნელოვან დედათაგან ყველაზე ძვირფასს,

დედოფალს და სიყვარულის წინასწარმეტყველს უყვართ დღე,

ალი, ზაფხული და ტკბილი ცეცხლი….

ეს უკვე შექსპირის კილო აღარაა. მოდერნიზმისთვის შესაბამისი სურვილებისა და მიზნების კომბინირებისას ნებისმიერი შუახნის პოეტი, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი პოეტი, სულ უფრო მეტს გვეუბნება ხოლმე სულ უფრო მცირის შესახებ. სტივენსი, რომელიც უწინ აცხადებდა, რომ “რეალობა ძირითადი თემაა” და “პოეტი ფილოსოფოსიც უნდა იყოს”, ახლა ახალი დევიზებით ხელმძღვანელობს: “ლექსი – გონებრივი აქტია” და “აუცილებელია განყენება”. გავიხსენოთ იმპერატიული სტრიქონები ლექსიდან “ლირიკული გადახვევები ჰობოიზე”: “პროლოგები დასრულდა; ახლა წამოიჭრება საკითხი/საბოლოო რწმენის შესახებ. ჰოდა, ვაღიაროთ, რომ საბოლოოდ უნდა ვიწამოთ / მხატვრული ლიტერატურა. დადგა არჩევანის დრო”.

სტივენსის დასახასიათებლად შემოგთავაზებთ გულწრფელ აღიარებას, მოგონებას და ლექსს. აი, რას აღიარებდა თვით სტივენსი: “მიყვარს რაინის ღვინო, შავი ყურძენი, კარგი ყველი, მწვანე სალათი და ბევრი წიგნი… რადგანაც მიყვარს კარგი ლიტერატურა”. რაც შეეხება მოგონებას, მარიანი, მისთვის ჩვეული უფერული, უპიროვნო კილოთი გვიამბობს:

“ერთ შაბათ საღამოს, როდესაც კარლ ვან ვეხტენი უკვე აპირებდა თავისი ოფისის დაკეტვას და შინ წასვლას, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ვან ვეხტენმა კარი გააღო და დაინახა მაღალი ჭაბუკი, რომელმაც მოკრძალებით გაუწოდა ქაღალდის ნაგლეჯი და რაღაც წაიბურტყუნა. შემდეგ ის მიტრიალდა და დერეფანში გაუჩინარდა. ეს ჭაბუკი სტივენსი იყო. ქაღალდის ნაგლეჯზე წვრილი ასოებით ეწერა მისი ორი მოკლე ლექსი. ვან ვეხტენმა ისინი ორი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა”. ჩემი აზრით, ეს ეპიზოდი გულისამაჩუყებელია: მაღალი, მორცხვი ჭაბუკი, მოკლე ლექსები, წვრილი ხელწერა.

ბოლოს უნდა შეგახსენოთ სტივენსის გვიანდელი ლექსი “პლანეტა მაგიდაზე”. ხანდაზმული პოეტის ამ სტრიქონებში ღრმა სევდა იგრძნობა. მათი კილო იმპერატიული კი აღარაა, არამედ – სადა და ჰეროიკული:

არიელს მოსწონდა მის მიერ შეთხზული ლექსები,

რომლებშიც აღწერილი იყო წარსული და

ყველაფერი, რაც მას უყვარდა.

 

მზის სხვა შვილები

უვარგისნი იყვნენ

და კოჟრიანი კუნძი გაიღუნა.

 

არიელის გონება და მზე ერთმანეთს შეერწყნენ

და მისი ლექსები, თუმცა კი მისივე გონების ნაყოფი იყო,

მზის ნაღვაწიც გახლდათ.

 

მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ

ლექსები გადარჩა და რომ მათში აღიბეჭდა

ნიშან-თვისებები და ხასიათი,

 

და რომ ის გვაგრძნობინებს,

უბადრუკი სიტყვების მიუხედავად,

სიმდიდრეს პლანეტისა, რომლის ნაწილებადაც ისინი იქცნენ.

 

პროსპერო კი დაზღვევის სფეროში მუშაობდა.

© The London Review of Books, 2016


[1] გვატემალის ულამაზესი ფრინველი, რომელიც გვატემალის ტყეებში ბინადრობს და ამჟამად თითქმის გადაშენებულია.

Facebook Comments Box