დრამატურგია,  თარგმანი

სარა კეინი – წყურვილი

sarah kkk

ინგლისურიდან თარგმნეს დავით გაბუნიამ და დავით ხორბალაძემ

ეძღვნება მარკს.

პერსონაჟები:

C

M

B

A

ავტორის შენიშვნა:

პუნქტუაცია გადმოსცემს ტექსტის მდინარებას და არ ემორჩილება გრამატიკის წესებს.

წილადის ნიშანი (/) მიუთითებს ურთიერთგადამფარავ რეპლიკებში მეორე ხმის შემოსვლის ადგილს.

 

C         შენ ჩემთვის მკვდარი ხარ.

B          ჩემს ანდერძში ასე წერია: არ შემისრულებთ და დედას გიტირებთ, მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვრება ჩემი აჩრდილი მოგელანდებათ.

C         უკან დამყვება.

A         რა გინდა?

B         სიკვდილი.

C         სადღაც, ქალაქგარეთ, დედაჩემს ვუთხარი, შენ ჩემთვის მკვდარი ხარ-მეთქი.

B         არა, ეგრე არაა.

C         ნეტავ შემეძლოს შენგან გავთავისუფლდე, ოღონდ ისე, რომ არ დაგკარგო.

A         ზოგჯერ ეგ შეუძლებელია.

M        სულ ვეუბნები ყველას, რომ ორსულად ვარ. მეკითხებიან, როგორ მოახერხე, რას იღებო? მე ვეუბნები, ერთი ბოთლი პორტვეინი დავლიე, რამდენიმე ღერი მოვწიე და უცნობთან ვიტყნაურე-მეთქი.

B         სულ ტყუილები.

C          ისე სჭირდება საიდუმლო, მაგრამ თავს ვერ იკავებს და ყვება. ასე ჰგონია, ჩვენ არ ვიცით. დამიჯერე, ვიცით.

M        ხმა უდაბნოში.

C         ჩემ შემდეგ მომავალი.

M        გზაში რაღაც გხვდება.

A         ისევ აქ.

C         სამი ზაფხულის წინ დავობლდი. არავინ მომკვდარა, მაგრამ დავკარგე დედა.

A         მან ის დაიბრუნა.

C          იუბილეები მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ მაინც შეიძლება გამეორდეს განწყობა, თუნდაც ამ განწყობის გამომწვევი მოვლენა ტრივიალური ან დავიწყებული იყოს. ამ შემთხვევაში არც ერთია და არც მეორე.

M        დავბერდები და ვიზამ, ან იქნება, ან რაღაც

B         იმდენს ვეწევი, სანამ გული არ ამერევა.

A         შავი თეთრზე და ლურჯი.

C          როცა ვიღვიძებ, მეჩვენება, თითქოს თვიური უკვე დამეწყო, ან არც არასოდეს შეჩერებულა, იმიტომ, რომ მხოლოდ სამი დღის წინ დამიმთავრდა.

M        სიცხისგან ვიცლები.

C          გულისგან ვიცლები.

B          ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს.

ვერაფერს ვგრძნობ.

M        ეს შესაძლებელია?

B          უკაცრავად?

A         მე არა ვარ სექსუალური მოძალადე.

M        დევიდ?

(წამი-პაუზა)

B          ჰო.

A         მე პედოფილი ვარ.

M        გახსოვარ?

(წამი-პაუზა)

B          ჰო.

C          გარეგნობით გერმანელს ჰგავს,

A         ლაპარაკობს ესპანელივით,

C          და ეწევა სერბივით.

M        დაგვიწყებია.

C          ყოველთა ვექმენ ყოვლად.

B          არა მგონია

M        ჰო.

C          რა დამავიწყებდა.

M        გეძებდი. მთელს ქალაქში.

B          მე მართლა არ

M        ჰო. ჰო.

A         შენ კი.

M        ჰო.

C          გთხოვთ შეწყვიტეთ.

M        და აი, ახლა გიპოვე.

C          ვიღაც მოკვდა, ვინც არ მომკვდარა.

A         და აი, ახლა მეგობრები ვართ.

C          ჩემი ბრალი არაა, არც არასოდეს ყოფილა ჩემი ბრალი.

M        ყველაფერი, რაც ხდება, აუცილებლად მოსახდენია.

B          სად იყავი?

M        ხან აქ – ხან იქ.

C          წადი.

B          სად?

C          ახლავე.

M        იქ.

A         იმიტომ, რომ სიყვარული თავისი ბუნებით ელტვის მომავალს.

C          ის ქალი რომ წასულიყო

M        შვილი მინდა.

B          ვერაფრით დაგეხმარები.

C          არაფერიც არ მოხდებოდა.

M        დრო გადის და მე კი დრო არა მაქვს.

C          საერთოდ არაფერი.

B          არა.

C          საერთოდ.

A         ავტოსადგომზე, ჩქაროსნულ ტრასასთან, რომელიც ქალაქიდან გამოდის, თუ ქალაქში შედის, გააჩნია, საიდან შეხედავ – პატარა, შავგრემანი გოგო ზის გაჩერებული მანქანის წინა, მგზავრის სავარძელში. ბებერი ბაბუამისი შარვალს იხსნის და საცვლებიდან ის გამოხტება – დიდი და აწითლებული.

C          ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს.

ვერაფერს ვგრძნობ.

A         და როცა გოგონა ატირდება, მამამისი უკანა სავარძლიდან ბოდიშს იხდის, ჩვეულებრივ ასე არ იქცევაო.

M        ჩვენ აქ ადრეც ხომ ვყოფილვართ?

A         და თუმცა გოგონას არ ახსოვს, მაგრამ არც ავიწყდება.

C          და მთელი ეს დრო იმ წამიდან გაგიჟებით ცდილობს გაქცევას.

B          მოხვალ ჩემთან და შემაცდენ? აუცილებლად ასაკოვანმა ქალმა უნდა შემაცდინოს.

M        მე ასაკოვანი ქალი არ ვარ.

B          ჩემზე ასაკოვანი-მეთქი, და არა ზოგადად ასაკოვანი.

C          ვიღაც ისეთი შეგყვარებია, ვინც არ არსებობს.

A         ტრაგედია.

B          ნამდვილად.

M        ო, დიახ.

A         რა გინდა?

C          სიკვდილი.

B          ძილი

M        სხვა არაფერი.

A         და ავტობუსის მძღოლს ეკეტება, ავტობუსს შუა გზაზე აჩერებს, გადმოდის კაბინიდან, ტანსაცმელს ბოლომდე იხდის და ქუჩას ჩაუყვება, პატარა, კოხტა ტრაკი მზეზე უელავს.

B          იმდენს ვსვამ, სანამ გული არ ამერევა.

C          სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მას ვხედავ. ნომერი ვიცი, მანქანაც ვიცი, ჰგონია, არ ვიცი?

A         არასოდეს ხარ ისეთი ძლევამოსილი, როგორც მაშინ, როცა იცი, რომ უძლური ხარ.

B          მაკანკალებს, როცა არა მაქვს.

M        სისხლდენა

B          ტვინი მილღვება, როცა მაქვს.

M        სოფელში, ბაბუაჩემის სახლის უკან, ყაყაჩოებიანი მინდორი გადმოვირბინე და სამზარეულოს კარში როცა შევვარდი, დავინახე, ბაბუას კალთაში ბებია ეჯდა. ტუჩებში კოცნიდა და ძუძუებზე ეფერებოდა. მოტრიალდნენ და დაბნეული რომ დამინახეს, ჩაეღიმათ. ათი წლის შემდეგ, დედაჩემს ეს ამბავი რომ მოვუყევი, გაოგნებულმა შემომხედა და მითხრა: „ეგ შენ არ გადაგხდენია. მე დამემართა. მამაჩემი შენს დაბადებამდე გარდაიცვალა. როცა ეს ამბავი მოხდა, შენზე ვიყავი ორსულად, მაგრამ მისი დასაფლავების დღემდე არ ვიცოდი.“

C          ჩვენ ამ ნიშნების გამტარები ვართ.

M        სადღაც ვიღაც ჩემთვის ტირის, ტირის ჩემი სიკვდილისთვის.

B          ჩემი თითები მასში, ჩემი ენა მის პირში.

C          საკუთარ თავთან ვიცხოვრებდი.

A         უმოწმეებოდ.

M        და თუ აქედან აზრი გამოგაქვს, ესე იგი, შესანიშნავად გესმის.

A         ეს ის არაა, რაც შენ გგონია.

C          არა, არაა.

M        სირივით სულ ერთი და იგივე თავის მართლება.

C          წადი.

A         დაბრუნდი.

ერთად:         დარჩი.

C          კიდევ ერთხელ ამას ვეღარ ავიტან.

A         გაოგნებული.

B          დაბოლილი.

M        მხარე მაქვს ბნელი, ძალიან ბნელი. ერთი ნათელიც, შენ რომ არ ელი.

B          ერთი ჭიქა სასმელი, ერთი სიგარეტიც.

M        ზოგჯერ ჩემი თავის ფორმა მაშფოთებს. როცა თვალს მოვკრავ ხოლმე მატარებლის ჩაბნელებულ ფანჯარაში, ზედ ჩემი თავის ანარეკლში როგორ გაიქროლებს პეიზაჟი. განა რამე ისეთი უჩვეულოა ან… შემაშფოთებელი… ამ ჩემი თავის ფორმაში, მაგრამ მაინც… მაშფოთებს.

A         ამას რატომ აკეთებ?

C          შემაშფოთებლად მეჩვენება.

M        ისე ცოტა დროა.

C          მძულს ჩემი ოჯახის სუნი.

B          ბაზა 1

ბაზა 2

ბაზა 3

ბინგო.

C          მკვდარს უკეთესი სუნი გექნება, ვიდრე ახლა გაქვს.

A         ერთმა ამერიკელმა ქალმა ერთი რომანი თარგმნა ესპანურიდან ინგლისურად. თავის ესპანელ კლასელს ჰკითხა აზრი ამ ნამუშევარზე. თარგმანი ძალიან ცუდი იყო. კაცმა უთხრა, დაგეხმარებიო და ქალმა ამ დროს ანაზღაურებად ფული შეაძლია. კაცმა უარი თქვა. მაშინ ქალმა სადილად დაპატიჟება შესთავაზა. კაცისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა და დათანხმდა. მაგრამ ქალს დაავიწყდა. ეს ესპანელი კი ახლაც ელოდება რესტორანში სადილს.

B          El dinero viene solo[1].

C          მარტო.

M        ნეტავ სიყვარული მოვიდოდეს.

B          უბრალოდ, ეს მე არ ვარ.

A         არასოდეს მოგსვლია აზრად, რომ არასწორ ადგილას ეძებ?

M        ახლა.

B          არასოდეს.

C          არა.

B          ძალიან კარგია. მეც გამიკეთებ ეგეთს?

M        კვერცხის ნაჭუჭებისა და ბეტონისგანაა გაკეთებული.

B          მეც გამიკეთებ ეგეთს?

M        ბეტონი, საღებავი და კვერცხის ნაჭუჭები.

B          მე არ მიკითხავს, რისგანაა გაკეთებული, გკითხე, ეგეთს მეც თუ გამიკეთებ-მეთქი.

M        რამდენჯერაც კვერცხს ვჭამ, იმდენჯერ ვაწებებ ნაჭუჭს მანდ და საღებავს ვასხურებ.

C          კედლებს მიღმა ხედავს.

B          მეც. თუ. გამიკეთებ. ეგეთს. მეთქი.

C          სხვა ცხოვრებებს.

A         დედა სასტიკად სცემს თავის შვილს, იმიტომ, რომ ის მანქანას წინ გადაუხტა.

M        ნუღარ ფიქრობ საკუთარ თავზე, „მე“-ზე კი არა, „ჩვენზე“ იფიქრე.

B          წამო უბრალოდ ლოგინში / დავწვეთ

C          არა არა არა არა არა არა არა არა არა

A         სურვილის დათრგუნვა.

C          უმიზეზო ბღავილი.

M        სანამ ჯერ კიდევ ქალაქში ხარ, ხელთათმანები უნდა გეკეთოს.

B          ლესბოსელი ხარ?

M        აუ, გთხოვ რა.

B          ვიფიქრე, იქნებ შვილები ამიტომ არა გყავს-მეთქი.

A         რატომ?

M        ვერ შევხვდი სანდო კაცს.

C          რა რატომ?

B          მე მენდობი?

M        შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ.

C          რა რატომ?

M        შენ არ მაინტერესებ.

C          რა რატომ? რა რატომ?

M        ვერ წარმოიდგენ, როგორ მაგრა მკიდიხარ.

A         არ ვსვამ. მძულს მოწევა. ვეგეტარიანელი ვარ. უაზროდ არ დავტყნაურობ. ბოზთან არასოდეს ვყოფილვარ და ვენერიული დაავადებები არასოდეს მქონია, რძიანას თუ არ ჩავთვლით. დიდი ეჭვი მაქვს, ამ ყველაფრის გამო იშვიათი ექსპონატი ვარ, მთლად უნიკალური თუ არა.

B          შეხედე.

C          უსმინე.

C          შეხედე. ჩემი ცხვირი.

M        რა ჭირს.

B          შენ როგორ ფიქრობ?

C          გატეხილია.

B          ძვალი არასოდეს მქონია გატეხილი.

A         ქრისტესი არ იყოს.

B          მამაჩემს – კი. თვრამეტი წლისამ ავტოავარიაში ცხვირი მოინგრია. მე კიდევ ასე მაქვს. გენეტიკურად შეუძლებელია, მაგრამ, აჰა! ჩვენ ამ ნიშნებს იმაზე სწრაფად გადავცემთ ხოლმე, ვიდრე გვგონია და ისეთი გზებით, შეუძლებლად რომ მიგვაჩნია.

C          მე რომ ვყოფილიყავი

მე რომ

მე რომ ვყოფილიყავი

M        გთხოვთ დაუჩქაროთ დროა

B          და როგორ ფიქრობ, გაუპატიურების შედეგად ჩასახული ბავშვი არ დაიტანჯება?

C          მაგრამ ასეა და.

M        შენ გგონია გაგაუპატიურებ?

C          ხო.

A         არა.

B          ხო.

M        არა.

A         არა

B          ხო.

C          ხო.

M        ეს შესაძლებელია?

C          ვეღარაფერ კარგს ვეღარ ვხედავ ვეღარავისში.

B          კაი, მე ვიყავი, კაი, მე ვიყავი, კაი კაი. მე ვიყავი, კაი, ორი ადამიანი, კარგი?

A         კაი.

B          ამ დღეებში,

C          მალე ძალიან მალე,

M        ახლავე.

A         მაგრამ გარეგნობა ყველაფერი არაა.

B          უბრალოდ, ეს მე არ ვარ.

A         პატარა ბიჭმა წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინა. მიჰყავდა ეს გოგო პლაჟზე და ზღვაში თამაშობდნენ. წყლიდან ვიღაც კაცი გამოვიდა და გოგონა წაიყვანა. მეორე დილით პლაჟზე გამორიყული გოგონას გვამი იპოვეს.

M        ეგ საერთოდ რა შუაშია?

A         მუჭში სილა ჩაებღუჯა.

B          ყველაფერი.

C          საერთოდ რა შუაშია რაიმე რაიმესთან?

M        არაფერში.

A         ზუსტად.

B          ყველაზე ცუდიც ეგაა.

M        არაფერში.

C          ვითომ სულ ეგაა?

სულ ეგაა?

M        კიდევ რამდენ ხანს

B          კიდევ რამდენჯერ

A         კიდევ რამდენად

C          გაფუჭებული თუ უუნარო.

B          მე ვერ ვივარგებ ვერავისთვის ბედის საჩუქრად.

A         მაპატიე.

C          წადი აქედან.

M        ახლავე.

C          წადი აქედან.

B          მაპატიე.

C          წადი აქედან.

A         მაპატიე, მაპატიე, მაპატიე, მაპატიე.

C          რა გაპატიო?

M        ოდესმე ვინმე გაგიუპატიურებია?

A         მაპატიე, რომ უკან დაგყვები.

B          არა.

M        რატომ არა?

A         უარესებიც ხდება, ვიდრე ორმოცდაათი წლის ასაკში გასუქებაა.

M        რატომ არა?

A         ოცდაათი წლის ასაკში სიკვდილი.

M        მე ისეთი ქალი ვარ, რომელზეც ხალხი ლაპარაკობს, ვინ იყო ეს ქალიო.

A        საკითხავი ისაა, სად ცხოვრობ და სად გინდა ცხოვრება?

M        არყოფნას სძინავს შენობებს შორის შუაღამისას.

C          არ მოკვდე.

B          ეს ქალაქი ისე მაგრა მიყვარს, სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი, ვერ შევძლებდი.

M        სად პოულობ?

C          სად ვიწყებ?

A         თავის ვირტუალურ გოგოზე შეყვარებული იაპონელი კაცი.

B          საკმაოდ ბედნიერად გამოიყურები უბედური ადამიანის კვალობაზე.

M        სად ვჩერდები?

A         მახვილები აურზაურში.

B          აქ.

C          ვეძებ დროსა და ადგილს, სადაც არაფერი დაცოცავს, არც დაფრინავს და არც ინესტრება.

M        შიგნით.

A         აქ,

M        იყავი ის ერთადერთი.

C          ის ქალი რომ წასულიყო –

M        არ მინდა ისე დავბერდე და შემცივდეს და გავღარიბდე, რომ თმის შეღებვაც ვერ მოვახერხო.

C          არეული ნიშნები იმიტომ მოგდის, რომ მე გრძნობები არეული მაქვს.

M        არ მინდა 60 წლის ასაკში ერთოთახიანში ვცხოვრობდე და გამათბობლის ჩართვა მეშინოდეს, იმიტომ, რომ გადასადახდს ვერ გადავიხდი.

C          შენთან დანაშაულის გრძნობა მაკავებს.

M        არ მინდა, მარტო მოვკვდე და ვერ მიპოვონ, სანამ ძვლები არ გამიშიშვლდება და ბინის ქირას არ დავაგვიანებ.

C          არ მინდა დარჩენა.

B          არ მინდა დარჩენა.

C          არ მინდა წასვლა.

M        ნეტავ სიყვარული მოვიდოდეს.

A         მიუშვი, მოხდეს.

C          არა.

M        გამომტოვა, დავავიწყდი.

B          არა.

C          არა.

M        კი.

B          არა.

A         კი.

C          არა.

M        კი.

B          გამიშვი.

C          აღარ მინდა, შენთვის საშობაო საჩუქრები მქონდეს საყიდელი.

B          სახელი მაინც რომ მცოდნოდა, კარგი იქნებოდა.

M        ძალიან გულუბრყვილო ხარ, თუ გგონია, რომ ასეთი არჩევანი კიდევ გექნება.

B          ზურგი მტკივა.

C          თავი მტკივა.

A         გული მტკივა.

M        რადიატორთან ახლოს ნუ გძინავს.

B          აბა სად დავიძინო?

M        გინდა მასაჟი?

C          არ შემეხო.

M        ამას არ უნდა ვაკეთებდე.

A         ერთი შეხება.

B          შარში გაეხვევი?

A         დამოუკიდებელი ქმედება.

M        არა, მე… არავის არ უნდა მივეჯაჭვო.

A         ეს ხომ ბუნებრივია.

B          შეამჩნიო როგორი შეწუხებულია სხვა ადამიანი.

C          მე ვგრძნობ

უბრალოდ ვგრძნობ

M        შენ მთხოვე, შემაცდინეო.

B          და არა – დამაბი-მეთქი.

A         მადლობელი იყავი.

C          ბავშვობაში ნოხზე ვფსამდი ხოლმე. ნოხი ლპებოდა და მე ძაღლს ვაბრალებდი.

M        უძლური ვარ გიცნობდე.

C          არ გინდა, მიცნობდე.

M        პირდაპირ შეუცნობელი.

A         ისევ აქ.

M        შვილი მჭირდება.

B          სულ ეგაა?

C          ეს ყველაფერია.

M        სულ ესაა.

B          Meni ni iz džepa, ni u džep.  [i]

C          დედა.

A         მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს.

B          ეს რომ სიყვარულის აქტი იყოს.

C          ვერ ვიხსენებ.

B          ვისი

C          უკვე ვეღარ

A         შენი აზრით, რატომ არის ასე?

C         თავი ცარიელი მაქვს.

M        რა გაცინებს?

C         ვიღაც მოკვდა.

B         შენ გგონია, ვიცინი?

M        რა გატირებს?

C         შენ ჩემთვის მკვდარი ხარ.

B         შენ გგონია, ვტირი?

C         მე ვიტირებ თუ შენ გეცინება.

B         დედად მეკუთვნი.

M        მე არა ვარ დედაშენი.

A         პატარავ.

M        ახლავე ახლავე ახლავე ახლავე ახლავე ახლავე

C         მე ზედმეტი გართულება ვარ?

B         შიგადაშიგ ნარკომანი.

A         შენ გარდა არავინ.

B         ავადმყოფობაზე დამოკიდებული.

A         შენ კი არა, მე ვარ.

C         ყოველთვის მე ვარ.

A         მინდა შენ გვერდით მეძინოს და შენს საყიდლებზე დავდიოდე და შენს ჩანთებს ვათრევდე და გეუბნებოდე როგორ მომწონს შენთან ყოფნა მაგრამ ისინი მაიძულებენ სისულელეები ვაკეთო.

M        მე კი არა, შენ ხარ.

B         უაზრო ტყნაური.

M        აღრიცხვის ფურცელი.

C         ექვსი თვის გეგმა.

A         მინდა დამალობანა ვითამაშო და ჩემი ტანსაცმელი მოგცე და გითხრა რომ მომწონს შენი ფეხსაცმელი და საფეხურებზე ვიჯდე სანამ შენ აბაზანაში ხარ და კისრის მასაჟი გაგიკეთო და ტერფები დაგიკოცნო და შენი ხელი მეჭიროს და საჭმლის მოსატანად წავიდე და არ ვიყო წინააღმდეგი როცა ჩემს ულუფას შემიჭამ და შეგხვდე „რუდისთან“ და ვილაპარაკო ამ დღეზე და ვბეჭდო შენი წერილები და ვათრიო შენი ყუთები და ვიცინო შენს პარანოიაზე და მოგცე ფირფიტები რომელთაც არასოდეს უსმენ და ვუყურო გენიალურ ფილმებს და ვუყურო ნაგავ ფილმებს და ვიწიწუნო რადიოგადაცემებზე და სურათები გადაგიღო სანამ შენ გძინავს და ავდგე და ყავა და ბეიგელები და დანიური ფუნთუშები მოვიტანო და „ფლორენტში“ წავიდე და ყავა დავლიო შუაღამისას და მოგაპარინო ჩემთვის სიგარეტები და ვეღარასოდეს შევძლო ასანთის პოვნა და მოგიყვე ტელეგადაცემებზე წინა ღამით რომ ვუყურე და წაგიყვანო თვალის კლინიკაში და არ ვიცინო შენს ხუმრობებზე და მინდოდე დილაობით მაგრამ ცოტა ხანს ძილს გაცდიდე და ზურგზე გკოცნიდე და შენს კანს ვეფერებოდე და გეუბნებოდე როგორ ძლიერ მიყვარს შენი თმა შენი თვალები შენი ტუჩები შენი კისერი შენი ძუძუები შენი ტრაკი შენი

და ვიჯდე საფეხურებზე და ვეწეოდე სანამ შენი მეზობელი შინ დაბრუნდება და ვიჯდე საფეხურებზე და ვეწეოდე სანამ შენ შინ დაბრუნდები და ვღელავდე როცა აგვიანებ და მიკვირდეს როცა ადრე მოდიხარ და მზესუმზირის ყვავილებს გჩუქნიდე და შენს წვეულებაზე მოვდიოდა და ვცეკვავდე სანამ არ გავითიშები და ბოდიშის ვიხდიდე როცა მტყუანი ვარ და ბედნიერი ვიყო როცა მპატიობ და ვათვალიერებდე შენს ფოტოებს და ვნატრობდე რატომ მთელი მარადისობა არ გიცნობდი და ყურში შენი ხმა ჩამესმოდეს და ვგრძნობდე შენი კანის შეხებას ჩემსაზე და მეშინოდეს როცა ბრაზდები და ცალი თვალი გიწითლდება და მეორე თვალი გილურჯდება და თმა მარცხნივ გადაგეყრება და სახე გიაღმოსავლურდება და გეუბნებოდე რომ გადასარევი ხარ და გეხუტებოდე როცა ღელავ და გეხვეოდე როცა მტკენ და მინდოდე როცა შენი სუნი მცემს და ჩემი შეხებით შეურაცხყოფას გაყენებდე და ვყმუოდე როცა შენ გვერდით ვარ და ვყმუოდე როცა არა ვარ შენ გვერდით და შენს ძუძუებზე ნერწყვი მადგებოდეს და ღამეში გგუდავდე და მციოდეს როცა საბანს წამართმევ და მცხელოდეს როცა დამიტოვებ და ვლღვებოდე როცა მიღიმი და ვდნებოდე როცა იცინი და არ მესმოდეს რატომ გგონია რომ თავიდან გიშორებ მაშინ როცა არ გიშორებ და მიკვირდეს როგორ გაიფიქრე რომ ოდესმე მოგიშორებდი და ვერ ვხვდებოდე ვინ ხარ მაგრამ მაინც გაღიარებდე და გიყვებოდე ხის ანგელოზზე მოჯადოებულ ტყეზე ბიჭზე რომელმაც ოკეანეს გადაუფრინა იმიტომ რომ შენ უყვარხარ და წერს შენთვის ლექსებს და მიკვირდეს რატომ არ გჯერა ჩემი და მქონდეს ისეთი ღრმა გრძნობა რომ მის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ ვპოულობდე და მინდოდეს შენთვის ვიყიდო კნუტი რომელზეც ვიეჭვიანებ იმიტომ რომ მას ჩემზე მეტ ყურადღებას დაუთმობ და საწოლში გტოვებდე როცა წასასვლელი ხარ და ბავშვივით ვტიროდე და როცა ბოლოს და ბოლოს მოიშორებ ტარაკნებს და ვყიდულობდე შენთვის ისეთ საჩუქრებს რაც არ გინდა და ისევ გართმევდე მათ და გთხოვდე ცოლად გამომყვე და შენ კიდევ ერთხელ მეუბნებოდე უარს მაგრამ მაინც გამუდმებით გთხოვდე რადგან მართალია შენ ეს არ გჯერა მაგრამ მე მაინც სულ სერიოზულად გთხოვდი ხელს პირველივე ცდიდან მოყოლებული და ქალაქში ვბოდიალობდე და ვფიქრობდე რომ უშენოდ ცარიელია და მინდოდეს ის რაც შენ გინდა და ვფიქრობდე რომ თავს ვკარგავ მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ვარ შენთან ერთად და გაგიმხილო ჩემი ყველაზე ცუდი ნაკლი და შემოგთავაზო საუკეთესო რაც შემიძლია რადგან შენ ნაკლებს არ იმსახურებ და გიპასუხო კითხვებზე მაშინ როცა მერჩივნა არ მეპასუხა და გაგიმხილო სიმართლე როცა მერჩივნა არ გამემხილა და ვცდილობდე გულწრფელი ვიყო რადგან ვიცი შენ ასე გირჩევნია და ვფიქრობდე რომ ყველაფერი დასრულდა მაგრამ კიდევ შევიცადო ათიოდ წუთით სანამ საკუთარი ცხოვრებიდან მომისვრი და დამავიწყდეს ვინ ვარ და ვეცადო უფრო მოგიახლოვდე იმიტომ რომ მშვენიერია როცა შენს შეცნობას ვსწავლობ და წვალებად ღირს და ცუდი გერმანულით გელაპარაკო და კიდევ უარესად ივრითზე და დილის სამ საათზე შენ გეალერსო და როგორმე როგორმე როგორმე მოგაწვდინო მცირედი ნაწილი იმ / დაუძლეველი უკვდავი უძლიერესი უპირობო ყოველისმომცველი გულის-გამვსები გონების-გამხსნელი ამწუთიერი უსასასრულო სიყვარულისა შენდამი რომ განვიცდი.

C          (ხმადაბლა, სანამ A მორჩება ლაპარაკს) ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს (შემდეგ ნორმალურ ხმაზე) ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს ეს უნდა მორჩეს

A         ნუთუ არ ესმით? მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს.

C          სულ უფრო უარესდება.

A         დამერხა, ამ უთავბოლო ქალის გამო მაგრა დამერხა.

B          შვილი უნდა ოღონდ ახლავე.

A         რა მეშველება როცა გამაგდებ?

C          უსმინე.

B          შეხედე.

C          უსმინე. აქ იმისთვის ვარ რომ გავიხსენო. აუცილებლად… უნდა გავიხსენო. დარდი მაწევს და არ ვიცი რატომ.

A         ყოველთვის გადასარევი ხარ მაგრამ როცა ათავებ მაშინ განსაკუთრებით.

C          ეს სასტიკი დაფეთებული დამბლადაცემული ბავშვი.

A         რაც უფრო ბრაზდება სულ უფრო მეტ ტანსაცმელს იხდის და სულ უფრო ნაკლებად მეიმედება რომ თავისთან ახლოს მიმიშვებს.

B          გული ცუდს მიგრძნობს ცუდს ამ ცუდ გრძნობაზე.

A         ისე მარტო ვარ, ისე ყლესავით მარტო.

C         მე არ

A         მე არ

C         მესმოდა

M        კონტროლი, კონტროლი, რელაქსაცია და კონტროლი.

A         ეს ის ქალია, უკაცრიელი თვალებით, ვის გამოც სიკვდილზე წავალ.

C          თმა თეთრი აქვს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო – ალბათ იმიტომ, რომ თმა აქვს თეთრი – ვერაფრით ვერ ვხვდები, რამდენი წლისაა.

M        მზიანი პეიზაჟები. კედლები პასტელის ტონებში. ჰაერის ზომიერი კონდიცირება.

A         ვცდილობ გავიგო, მაგრამ არ მესმის.

C          ვუყურებ დიდ ჩალისფერ ჯვალოს ბალიშს, ვცდილობ ვიპოვო კავშირი, ვცდილობ გავშიფრო სუფთა, ცარიელ ქსოვილში ჩაქსოვილი ჩემი თავი.

A         როდის უნდა მორჩეს?

C          და მერე შალის მწვანე ბალიშს, სრულებით რომ ვერ გამოხატავს ჩემს ვერცერთ ნაწილს – განსაკუთრებით იმ ნაწილებს, მას რომ ვუჩვენებ.

M        კაცებთან ურთიერთობებში სირთულეები გაქვთ?

A         მოუცლელი ბედნიერი მოუცლელი ბედნიერი მოუცლელი ბედნიერი

M        საერთოდ თუ გაქვთ კაცებთან ურთიერთობები?

B          ერთადერთი რისი თქმაც მინდა, უკვე ვთქვი და მაგარი ყლეობაა ისევ გამეორება, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი სიმართლეა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი აზრია, რომელიც მთელს კაცობრიობას აერთიანებს.

A         როგორ შეგიძლია ასე მიმატოვო?

C          ჩემს დარდს კაცებთან საერთო არაფერი აქვს. ვკვდები და ამიტომაც გავტყდი.

A         დიდი ხნით ადრე, როცა შენით მთლიანად ტკბობა ჯერ კიდევ არ შემეძლო, გიყურებდი და მატკბობდა მხოლოდ ის ნაწილები, რასაც ვხედავდი.

B          ქალი დრაკონის თვალებით.

A         მწვანეში გარდამავალი ლურჯი.

C          მთლიანად ლურჯი.

A         მუსიკა არ მაქვს; ღმერთო, ნეტავ მუსიკა მქონდეს, მაგრამ ერთადერთი რაც გამაჩნია, სიტყვებია.

B          Du bist die Liebe meines Lebens.[ii]

A         არ მომიკვეთო.

B          ჩემში რაღაცაა და მაგრა დამპლურად მირტყამს.

C          ყრუ ტკივილი მზის წნულთან.

B          ხახაში გადაგდებული გახრჩობს.

M        ოდესმე საავადმყოფოში დაუწვენიხართ?

A         ასოციაციით გამოწვეული ტკივილი.

C          მხოლოდ სასწაული თუ გადამარჩენს.

M        რისთვის?

A         შეშლილობა.

C          ანორექსია. ბულიმია.

B          სულერთია.

C          არა.

M        არასოდეს.

C          მაპატიე.

A         სიმართლე მარტივია.

C          მე ბოროტი ვარ, დაზიანებული ვარ და ვერავინ გადამარჩენს.

A         ერთ-ერთი არჩევანი სიკვდილია.

B          მეზიზღება საკუთარი თავი.

C          დეპრესია არაა საკმარისი. მინიმუმ სრული ემოციური კოლაფსი მაინც უნდა გქონდეს, რომ თავი იმართლო ყველასთან, ვინც დააღალატე.

A         ლაჩარი პოულობს გამოსავალს,

C          გამბედაობა არ მყოფნის.

B          შენზე ვფიქრობ

A         შენზე ვოცნებობ

B          შენზე ვლაპარაკობ

A         ჩემი სისტემიდან ვერ ამოგაგდე.

M        არა უშავს.

B          მომწონხარ ჩემს სისტემაში.

M        არაფერია შესასრულებელი.

C          ერთ მშვენიერ დილით მაისის თვეში.

B          არა ეგ არაა.

C          დედად მეკუთვნი.

M        მე არა ვარ დედაშენი.

C          თავს დამნაშავედ ვგრძნობ და არა ვიცი, რატომ.

A         მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ჩემი ხნსა და სიყვარულმა გამანადგურა.

C          მინდორი. სარდაფი. საწოლი. მანქანა.

B          ერთ-ორ დღეში ახალი საყვარლის ძებნას დავიწყებ, თუმცა ახლანდელ საყვარელთან რომანი ლამის სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

M        განაგრძე.

B          თუ არ გინდა, რომ მოვიდე, არ მოვალ. შეგიძლია მითხრა, სულერთია. არა, სულერთი არაა, მაგრამ მაინც აჯობებს, მითხრა. მეცოდინება მაინც. ასეა.

M        ზღვარს მიღმა.

A         ტკივილს მიღმა.

M        აირჩიე, ჩაუღრმავდი, გამოიყენე.

B          მგონი, კარგი შანსები მაქვს.

C          ვყიდულობ ახალ დიქტოფონს და ცარიელ კასეტებს.

B          ყოველთვის ასეა.

C          სინამდვილეში, ძველებიც მაქვს, ზუსტად ასევე რომ გამოდგება, მაგრამ სინამდვილეს ბევრი არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, არადა აზრი (თუკი იგი საერთოდ არსებობს) ისაა, რომ სიმართლე უნდა ჩავიწერო.

A         ისე დავიღალე.

C          მინდა თეთრი შავ-თეთრზე, მაგრამ ჩემი ფიქრები უსწრაფესად დაქრიან დიდებულად მყვირალა ფერებში, მაღვიძებენ, მაცლიან უხილავობის თბილ საბანს, ყოველ ჯერზე როცა იგი ჩემს გონებას არარაობაში ხვევს.

A         ადამიანების უმრავლესობა,

B          ეგუება

A         დგება

B          ეგუება

A         ფუტურო გული სიბნელით მაქვს ამოვსებული.

C          ერთი შეხებით იწერს.

A         ივსება სიცარიელით.

B          კმაყოფილდება არაფრით.

A         ერთი შეხებით.

M        იწერს.

C          ნაწლავები მეხლართება მის შეხებაზე.

A         საბრალო, საბრალო სიყვარული.

C          ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს.

ვერაფერს ვგრძნობ.

B          დავბრუნდი.

C          ის რომ წასულიყო –

A         მალე მოვკვდები.

M        ეს ძალადობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.

C          ყველგან მატლები.

B          შენი მსგავსი არავინაა.

C          როცა რაღაცას ძალიან ახლოდან ვაკვირდები, მოფუთფუთე თეთრ მატლებს ვხედავ.

A         სიშავე თანდათან ეპარება.

C          პირს ვაღებ და მეც სავსე ვარ მატლებით, ყელში მიძვრებიან.

B          რაღაც მოხდა.

A         რა საზარელია.

C          ვცდილობ ამოვიძრო, მაგრამ სულ უფრო გრძელდება და დასასრული არ უჩანს. ვყლაპავ და თავს ვიტყუებ, ვითომ არც არსებობს.

B          შეუმჩნევლად ნელა და უეცრად.

A         არაფერი შთამბეჭდავი.

B          გამუდმებით უკან ვბრუნდები ხოლმე.

A         ისე ღრმად საზარელია, რომ მხოლოდ რიტუალი შეიძლება მას შეიცავდეს,

M        ხატავდეს,

B          ხსნიდეს,

A         ინარჩუნებდეს.

B          Besos brujos que me matan.[iii]

C          ლურჯი ჯინსის კაბა, რომელიც 6 წლის ასაკში მეცვა, წელზე მოხვეული ელასტიური ლურჯ-წითელი ქამარი, ნეილონის წინდები, გადაყვლეფილ მუხლებზე ქერცლი, ფეხებსშუა მოქცეული ლითონის მილი სასრიალოზე, დეივიდ –

A         არა

M        ვერ შეგიყვარებ, იმიტომ, რომ პატივს ვერ გცემ.

C          სუფთა დაფა, ხანგრძლივი სიყვარული.

M        თვითმფრინავისთვის უნდა მიმესწრო. ნათელმხილველმა მიწინასწარმეტყველა, რეისზე დაგაგვიანდებაო, მაგრამ შენი საყვარელი მიასწრებსო. თვითმფრინავი ჩამოვარდება და ის დაიღუპებაო. არ ვიცოდი, რა მექნა. რეისზე რომ დამეგვიანებინა, წინასწარმეტყველებას ავასრულებდი და ამით ჩემს საყვარელს სასიკვდილოდ გავწირავდი. მაგრამ წინასწარმეტყველების დასაძლევად უნდა ავსულიყავი თვითმფრინავში, რომელიც ჩამოსავარდნად იყო განწირული.

A         და რა გააკეთე?

M        დაიწყე თავიდან.

A         დაიწყე თავიდან.

C          იისფერი მანანის ტოტები ფეხებს მიკაწრავს.

A         ოღონდ ეს არა.

C          სიმპატიური, ქერა, 14 წლის, ცერა თითებით ჯინსის შარვალს დაბლა ექაჩება და ტრაკი ნახევრად უჩანს, ლურჯზე ლურჯი თვალები მზით ავსებია.

B          ყელში ამომოვიდა, ძმაო, მაგრა ყელში მაქვს უკვე.

A         რა გააკეთე?

B          არაფერი, არაფერი. არაფერი არ გამიკეთებია.

M        ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ მე შენ უბრალოდ არ მიყვარხარ.

A         და ვკანკალებ, მეტირება, როცა მაგონდება ის დრო, როცა ვუყვარდი, სანამ მისი მტანჯველი გავხდებოდი, სანამ ჩემში მისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა, სანამ ერთმანეთს ვეღარ გავუგებდით, იმ პირველივე წამიდან, როცა დავინახე ღიმილითა და მზით სავსე მისი თვალები, და ისევ მაძრწუნებს ის წამი, მთელი ეს დრო თავიდან რომ ვერ მომიგლეჯია.

B          დაიწყე თავიდან, დაიწყე თავიდან.

M        გააგრძელე.

A         ვუყურებ ძუძუებზე,

C         რძით სავსე ბურთი,

M        ადრე თუ გვიან,

C         სისხლით სავსე ბუშტი

B         ან ისე, ან ასე,

C         მობუყბუყე სისხლი

B         პირში რომ ჩამდის,

C          შედედებული ყვითელი სისხლი,

A         ჩემი ტკივილი არაფერია მის ტკივილთან შედარებით.

C          მაგრამ მაგრამ მაგრამ

A         (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია)

B          უარს ნუ მეტყვი.

C          გამუდმებით უკან ვბრუნდები.

B          ასეთ ეფექტს ახდენ.

M        უარის თქმა არ შეგიძლია.

A         ბნელი ანგელოზი ღვთაებრივი.

C          ის კაცი კი არ მინდა.

A         ძაან მაგრა მენატრები.

C          ჩემი ქალიშვილობის ბრალია.

B          მენატრება შენთან ტყნაური.

C          თოთხმეტი წლისამ წამართვას ქალიშვილობა ველზე და მაუპატიუროს, სანამ არ გავათავებ.

M        ამ დღეებში

B          მალე ძალიან მალე

A         მანამდე მეყვარები

M        (და მერე?)

C          შვილები მყავს, ის კაცები მოდიან, ვჩხუბობ, მაგრამ მაინც მიჰყავთ ბავშვები, ვხვდები, ის კაცები, ისინი მოვიდნენ, ასე თქვეს, ღამით, ასე თქვეს

A         უარს ნუ მეტყვი შენ უარის თქმა არ შეგიძლია იმიტომ რომ დიდი შვებაა როცა ისევ გაქვს სიყვარული და წევხარ საწოლში და გეხვევიან და გეხებიან და გკოცნიან და გაღმერთებენ და გული საგულედან ამოგიხტება როცა ჩემს ხმას გაიგონებ და ჩემს ღიმილს დაინახავ და შენს სუნთქვას იგრძნობ კეფაზე და გული აგიჩქარდება როცა შენი ნახვა მომინდება და პირველივე დღიდან მოყოლებული მოგატყუებ და გამოგიყენებ და გიხმარ და გულს გაგიტეხავ იმიტომ რომ პირველმა შენ გამიტეხე გული და ყოველდღე უფრო მეტად შეგიყვარდები ვიდრე ამ წონას ვეღარ ზიდავ და შენი სიცოცხლე ჩემი გახდება და შენ მარტო მოკვდები იმიტომ რომ წაგართმევს იმას რაც მინდა მერე წავალ და შენი ვალი აღარ მექნება სულ აქ იყო ყოველთვის აქ იყო და ვეღარ უარყოფ სიცოცხლეს რომელსაც გრძნობ შევეცი მაგ სიცოცხლეს შევეცი მაგ სიცოცხლეს შევეცი მაგ სიცოცხლეს აჰა უკვე დაგკარგე

C          გამიგე

B          ახლა როცა გიპოვე შემიძლია საკუთარი თავის ძებნა შევწყვიტო.

C          მკლავზე შემეხო და გამიღიმა.

B          ერთ-ერთი ისეთი სახე, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი.

A         სასტუმროში ისე დავრეგისტრირდით, თითქოს სექსს სულაც არ ვაპირებდით.

C          თვალები, ჩურჩული, ჩრდილები და აჩრდილები.

M        სად მიდიხარ ვის ხვდები რას აკეთებ?

B          Jebem radoznale.[iv]

A         იქ უნდა ვიყო სადაც მინდა ყოფნა.

M        თავიდან ამას ვეღარ ავიტან.

A         ჯერ ვისიყვარულეთ, მერე იმას გული აერია.

C          არავინაა რომ მომეხმაროს არც დამპალი დედაჩემი არაა.

A         ორი მდინარე გადავლახე და ერთის ნაპირთან ავტირდი.

M        თვალებს ვხუჭავ და ვხედავ გოგო როგორ ხუჭავს თვალებს და როგორ გხედავს შენ.

A         ყვითელი ნარცისის კივილი,

M        კივილის ლაქა.

C          ვუყურებდი როგორ სცემდა მამაჩემი დედაჩემს ხელჯოხით.

A         ლაქა,

C         ექო,

A         ლაქა.

B         ვწუხვარ რომ დაინახე.

C         ვწუხვარ რომ ასე მოიქცა.

A         უიმედობა იმედებს მაცლის.

M        არაფერს ვნანობ.

A         გეფიცები, ვეღარ ავიტან, ვერ შევძლებ, შემოგხედო.

C         არაფერი არ გამიკეთებია, არაფერი.

B         არაფერი არ გამიკეთებია.

C          მინდა ფიზიკურადაც ისე ვგრძნობდე თავს, როგორც ემოციურად. ნაშიმშილარი.

M        ნაცემი

A         გატეხილი.

C          მაკიაჟის ნაკრებს ყიდულობს ჩემთვის, ფერუმარილს და პომადას და თვალის ჩრდილებს. და სახეს დაჟეჟილობებით და სისხლით და ნახეთქებით და დაბუშტვებით ვიხატავ და სარკეზე ხასხასა წითლით ვწერ „მახინჯი“.

A         სიკვდილი ჩემი საყვარელია და საცხოვრებლად უნდა გადმოსვლა.

B          რას ნიშნავს რას ნიშნავს რას ნიშნავს ეს შენი სიტყვები?

C          იყავი ქალი, იყავი ქალი, შენ შეგეცი.

M        ვერაა მთლად სასიამოვნო, როცა უნდიხარ ადამიანს, რომელიც ისეთი მთვრალია, რომ თვალში ვერ იხედება.

B          შეგეცი.

C          შევეცადე ამეხსნა, რომ არ მინდა დავიძინო ადამიანთან, რომელიც ვერ გამიგებს როგორ გამიჭირდება მომდევნო დილით, მაგრამ სანამ ამის თქმას მოვასწრებდი, უკვე გაითიშა.

M        რ.დ.გ. (რისი დამტკიცებაც გვსურდა)

C          ისევ მამიკოსთან ერთად ძილი.

A         თამაშები, ჩვენ რომ ვთამაშობთ,

M        ტყუილები, ჩვენ რომ ვამბობთ.

B          შენი თმა ღმერთის ნახელავია.

A         ვიეტნამელი გოგო, მთელს მის არსებობას აზრი მხოლოდ იმ ოცდაათ წამში აქვს, სანამ თავისი სოფლიდან გამორბის, კანი ადნება, პირი ღია აქვს.

C          ვერავინ შემიძულებს ისე, როგორც საკუთარი თავი მძულს.

A         ის კი არა ვარ, რაც ვარ, მე ვარ ის, რასაც ვაკეთებ.

M        რა საშინელებაა.

C          რა სიმართლეა.

A         ის, რაზეც დავიფიცე, არასოდეს ვიზამ მეთქი, რაზეც დავიფიცე არასოდეს –

M        მთელი ეს ტკივილი

C          სამუდამოდ

B          დღემდე.

A         ჩემი შვილების სიცოცხლეზე, ჩემი შვილების სიყვარულზე.

M        ამდენს რატომ სვამ?

B          სიგარეტი ისე სწრაფად ვერ მკლავს.

C          ჩემი სიცილი უიმედობის ბუშტია.

M        წესი პირველი.

C          არავითარი ჩანაწერები.

M        არავითარი წერილები.

A         არავითარი საკრედიტო ბარათების ქვითრები სასტუმროს ნომრებში გატარებული საღამოებისთვის, არავითარი ძვირიანი სამკაულების ქვითრები, არავითარი შინ დარეკვა და ხმის ამოუღებლად ყურმილის დაკიდება.

C          არა გრძნობა,

B          არა ემოცია,

M        ცივად ტყნაური და ოქროს თევზის მეხსიერება.

C          დამეცალა ნაწლავები.

A         მიფეთქავდა სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობით.

C          სიბინძურე. სიბინძურე.

A         მან იცის.

B          ეს მე არა ვარ.

A         არასოდეს შეინახო სუვენირი მკვლელობის სამახსოვროდ.

M        ყველაფერი ცხადია.

C          კიდევ ერთი გოგო,

B          კიდევ ერთი სიცოცხლე.

C          მე არაფერი არ გამიკეთებია, არაფერი.

B          მე არაფერი არ გამიკეთებია.

M        ზღვარს მიღმა.

A         ღმერთო მაპატიე სუფთა მინდა ვიყო.

C          მიკივის რომ დაინახოს რად გადავიქეცი.

M        განაგრძე.

C          რატომ ვერავინ მეალერსება ისეთი სიყვარულით, როგორიც მე მინდა.

M        დედად გეკუთვნი.

B          შენ არა ხარ დედაჩემი.

M        მალე ძალიან მალე.

B          ახლა.

C          ორგაზმი ადრეც გამითამაშებია, მაგრამ ახლა პირველად ვთამაშობ, თითქოს ორგაზმს არ განვიცდიდე.

A         კარს ქვემოდან გამონაჟონი შავი სისხლი გუბედ დგება.

M        რატომ?

C          რა?

B          რა რატომ?

A         რა?

M        როცა ხელგაშლილია, კეთილი, გულისხმიერი და ბედნიერი, ვხვდები, რომ საყვარელი ჰყავს.

C          ჰგონია, ჩვენ სულელები ვართ, ჰგონია, არ ვიცით.

M        ის მესამე ჩემს საწოლში, ვისი სახეც ხელიდან მისხლტება.

B          უბრალოდ მე,

A         უბრალოდ ისეთი, როგორიც ვარ,

C          ვერაფერს იზამ.

M        გაეცი, თანაუგრძნე, აკონტროლე.

B          ახლა.

C          ისე დამღალეს საიდუმლოებმა.

M        ეს მე არა ვარ.

C          ახლა რაღაც ნერვული აშლილობა აქვს და ნატრობს, რატომ შავკანიან და უფრო სიმპატიურ მამაკაცად არ დავიბადეო.

B          ჩემს თავს ვიძლევი.

C          ან მხოლოდ უფრო სიმპატიურადო.

B          ჩემს გულს ვიძლევი.

C          ან მხოლოდ სხვანაირადო.

M        ეს ხომ ნამდვილი გაცემა არაა.

C          ოღონდ კი სხვა ვინმედო.

A         სათუთია და იხრჩობა.

C          უარს ამბობს იმ ყოველდღიურ ფარსზე, როცა ყოველ საათს მხოლოდ იმით უძლებდა, რომ ცდილობდა როგორმე აღარ ეფიქრა იმაზე, რომ არ იცოდა, მომდევნო ორმოც წელიწადს ცხოვრებისთვის როგორ გაეძლო.

A         მიყვარხარ მაინც,

B          თუმცა კი არ მსურს.

C          საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობს იმიტომ, რომ მის სიამაყეს არ შეუძლია შეეგუოს იმას, გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ის არის, ვინც არის, საკუთარი თავი და სხვა არავინ.

B          მაგრა დაბოღმილი.

C          გულისრევამდე მობეზრდა საკუთარი თავი და ნატრობს ნატრობს ნატრობს რომ რაღაც მოხდეს რაც ცხოვრებას დააწყებინებს.

A         მას შემდეგ რაც საყვარელი გავიჩინე გაცილებით უკეთესი ადამიანი გავხდი.

C          თავის მოკვლა მხოლოდ მაშინ შეგიძლია როცა მკვდარი არა ხარ.

M        დანაშაულის გრძნობამ იცის ეგრე.

A         იმიტომ რომ ახლა ვიცი, ღალატი არაფერს ნიშნავს.

C          ორი ქალი ჯვრის ფერხთით.

B          ყვავილი გადაიშლება მზის მცხუნვარებაში.

A         სახე ჩაჰკივის გამოფიტულ სიცარიელეს.

B          ნამდვილია, ნამდვილია, უსიკვდილოდ ნამდვილია, უსიკვდილოდ ნამდვილია.

M        პირადი იკონოგრაფია, რომელსაც ვერ ვშიფრავ,

A         უბრალოდ არ მესმის,

C          მიღმაა ჩემი,

A         მიღმაა

B          აზრის გამოკვეთილად ჩამოყალიბების უნარსა და ინტელექტს შორის არსებობს განსხვავება. ვერ ვაყალიბებ, რა განსხვავებაა, მაგრამ ნამდვილად არსებობს.

M        ცარიელი.

A         ყელში ამოსული.

C          თეთრი.

B          შემიყვარე.

A         დანაშაულის გრძნობა სიკვდილის სუნივით შერჩება ჰაერს და ვერავინ მიხსნის ამ სისხლის ღრუბლისაგან.

C          შენ მოკალი დედაჩემი.

A         ის უკვე მკვდარი იყო.

M        თუ გინდა რომ გიხმარო გიხმარ.

A         ის მოკვდა.

B          ადამიანები კვდებიან.

M        ხდება ხოლმე.

C          მთელი ცხოვრებაა ველი, მინდა ვნახო ადამიანი, მე რომ მაგიჟებს – კვირიდან კვირამდე სულს როგორ ღაფავს, სანამ ჩვენი მომდევნო თხუთმეტწუთიანი შეხვედრის დრო არ დადგება.

A         (ტელეფონის ღილაკი 6) MNO

C          სიმართლეს ვწერ და ეს მკლავს.

B          გაქცეული.

M        ვერსად დაიმალები.

C          ეს სიტყვები მძულს სიცოცხლეს რომ მაიძულებენ

ეს სიტყვები მძულს რომ მიშლიან ახლავე სიკვდილს

B          გამოვხატო ჩემი ტკივილი ისე რომ არ გავიყუჩო.

C          ჰა ჰა ჰა

B          ჰო ჰო ჰო

M        ჰი ჰი ჰი

C          ჩემთვის მიუღებელია ის რომ მე მე ვარ.

A         ჭკუიდან იშლები ჩემ თვალწინ.

M        შეუმჩნევლად დავკარგეთ კონტროლი.

B          გამიშვი.

M        წავიდე.

A         პატარა გოგონაზე სულ უფრო მეტად ზემოქმედებდა მშობლებს შორის გახშირებული ძალადობა და ჩხუბი. ზოგჯერ დამბლადაცემულივით საათობით შეშდებოდა ტუალეტში, რადგან იმ მომენტისთვის, როდესაც მშობლებმა ჩხუბი დაიწყეს, შემთხვევით იქ აღმოჩნდა.

ბოლოს კი, როცა ჩხუბი ჩაწყნარდებოდა, მაცივრიდან ან წინკარიდან აიღებდა რძის ბოთლებს და იქ დგამდა, სადაც მოგვიანებით, შესაძლოა, უნებლიეთ გაშეშებულიყო. მისი მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რატომ პოულობდნენ ხოლმე ამჟავებული რძით სავსე ბოთლებს სახლის ყველა კუთხეში.

M        რატომ

C          რა?

B          რა რატომ?

C          რა?

M        რატომ ტირი?

A         აქ სიახლე არაფერია.

B          ისეთი მტკიცე იყავი.

C          სულ მე ვარ.

M        სულ იცოდი.

B          ვეღარ ვაკონტროლებ.

C          როგორ დაგკარგე?

A         მომისროლე.

C          არა.

M        კი

B          არა

A         კი.

B          არა.

C          არა.

A         კი.

(წამი-პაუზა)

B          არა.

C          არა.

M        კი.

B          არა.

C          არა.

A         კი.

C          არა.

(წამი-პაუზა)

A         კი.

C          არა.

B          არა.

M        კი.

A         კი.

M        კი.

C          (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

(წამი-პაუზა)

C          (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

B          (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

M        (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

B          (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

A         (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

M        (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

C          (აღმოხდება ერთმარცვლიანი, მოკლე კივილი)

(წამი-პაუზა)

M        მე ვერ დაგეხმარები, თუ არ ილაპარაკებ.

B          ეს ადგილი.

C          პალატა ES3.

A         მე კუთხეში მომწყვდეული მხეცი.

C          სიჩუმე ან ძალადობა.

B          არჩევანი შენზეა.

C          მუცელს ნუ მივსებ, თუ ჩემთვის გულის ავსება არ შეგიძლია.

B          თავს ისე მივსებ, როგორც მხოლოდ მას შეუძლია, ვინც აქ არ არის.

M        განსჯის უნარის დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია, შფოთვა, თავის ტკივილები, ნერვიულობა, უძილობა, მოსუვენრობა, გულზიდვა, დიარეა, ქავილი, კანკალი, ოფლიანობა, კონვულსიები.

C          აი რისგან ვიტანჯები ახლა.

M        არაფერია.

B          არა უშავს.

A         ეგ არაფერი.

C          ან დამაძინე ან მიმკურნალე.

A         სიცოცხლეს ვერავინ გადაურჩება.

C          და არავინ იცის როგორია ღამე.

M        ოდესმე თუ გიფიქრია, რომ არასწორ ადგილას ხარ?

C          არა.

B          არასოდეს.

A         არა.

C          თუ აქ მოვკვდი, ესე იგი შუადღის სატელევიზიო შოუებმა მომკლეს.

A         შენ გამო მოვიტყუე და ამიტომ ვერ შეგიყვარებ.

M        ნუ ითხოვ,

A         ნუ იხვეწები,

B          რატომ რატომ რატომ ვერ შევიგნე?

C          საათში ერთხელ მითიშავენ შუქს, რომ შეამოწმონ, ისევ თუ ვსუნთქავ.

B          ისევ.

C          ვეუბნები, ძილის აკრძალვა წამების ერთერთი ფორმაა-მეთქი.

B          ისევ და ისევ.

M        თავს თუ მოიკლავ მხოლოდ იმიტომ მოგიწევს უკან დაბრუნება, რომ ყველაფერი თავიდან გაიარო.

B          იგივე გაკვეთილი, ისევ და ისევ.

A         არა ჰკლა თავი შენი.

C          სიჯანსაღე კი არა, ამაოება დამიხსნის ზიანისაგან.

M        ხმები გესმის ხოლმე?

B          მხოლოდ მაშინ როცა მელაპარაკებიან.

A         ნატანჯი სულები გამშრალი ტუჩებით.

C          მე ავად არ ვარ, უბრალოდ ვიცი, რომ სიცოცხლე არ ღირს.

A         აღარ მწამს გულწრფელობის.

B          აღარ მწამს

M        წინ, მაღლა, პირდაპირ,

C          აღარ.

B          199714424

M        განაგრძე.

C          არ ვენდობი

M        არ მადარდებს

C          გარეთ, გარეთ საით?

A         ჩემი წილი სიყვარულის დამპალი შავი ხვრელი.

M        განაგრძე.

A         მძულს ყველა, ვისაც ანუგეშებენ და ვინც ანუგეშებს.

C          შენ აზრზე არა ხარ, როგორი გაბრაზებული ვარ.

A         ვერ გენდობი და პატივს ვერ გცემ.

C          აღარა ვარ გულწრფელი.

A         შენ გამო აღარა ვარ და ამიტომ ვერ შეგიყვარებ.

M        გაცოცხლება.

C          მანქანების ცარიელი პარკინგი, რომელსაც ვერასდროს დავტოვებ.

B          შიში გრგვინავს ქალაქის ცაზე.

M        არყოფნას სძინავს შენობებს შორის შუაღამისას.

C          სადგომზე მანქანებს შორის,

B          სადღაც შუაში დღისა და ღამის.

A         იქ უნდა ვიყო სადაც ჩემი ადგილია.

B          გა

C          მი

M        შვი

A         გარესამყაროს გადაჭარბებულად აფასებენ.

(პაუზა)

C          დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი

შთანთქას იგი ღამის სიბნელემ

დაუბნელდეს განთიადის ვარსკვლავი იმას

ვეღარ იხილოს ცისკრის წამწამი

რამეთუ დედის ჩემის საშოის ბჭენი დასტოვა ღია

B          ის მემართება, რისიც მეშინია.

C          მეზიზღები,

B          მჭირდები,

M        მეტი მჭირდება,

C          ცვლილება მჭირდება.

A         ეს სრულიად გულისამრევი სიცარიელე – ჩვენი ურთიერთობა, რომელშიც არაფერია მოულოდნელი.

M        ნამდვილი ცხოვრება მინდა,

B          ნამდვილი სიყვარული,

A         რომელსაც ფესვები გაუდგამს და დღის სინათლეზე სიმაღლეში იზრდება.

C          რა აქვს ისეთი, რაც მე არ მაქვს?

A         მე.

B          თუ რამე მინდა, შენთან ერთად მინდა.

M        ეს. მე. არა. ვარ.

A         საიდუმლოები აღარ არსებობს.

M        მხოლოდ სიბრმავეა.

A         ვიღაც ისეთი შეგყვარებია, ვინც არ არსებობს.

C          არა.

M        კი.

B          არა.

A         კი.

C          არა.

B          არა.

M        კი.

C          ასეც ვიცოდი,

B          ასეც ვიცოდი,

C          რატომ ვერ შევიგნე?

A         სიბნელეში ცხოვრებაზე არ ვარ თანახმა.

B          მზეს ნუ უყურებ, მზეს ნუ უყურებ.

C          მიყვარხარ.

M        გვიანია.

A         დამთავრდა.

C          (აღმოხდება სასოწარკვეთის უფორმო ყვირილი)

(სიჩუმე)

A         ჩვენ არ ვიცით, რომ დავიბადეთ.

C          რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს? რა გამიკეთეს?

M        უკვე დიდი ხარ, დედას ნუღარ აბრალებ.

A         ასეთია ცხოვრება.

B          ყვავილები,

C          მზის შუქი,

A         საღამოს მწუხრი.

C          შორდები,

B          კი არ უახლოვდები.

A         ჩემი ბრალი არაა.

C          თითქოს მიმართულება სულერთი არ იყოს.

M        ვინ იცის.

B          გული გამიტყდა.

A         ჩემი ბრალი არასოდეს ყოფილა.

M        შენ სულ ბრუნდებოდი ხოლმე.

B          ახლა და მუდამ.

A         შენთვის უკვე აღარ ვიბრძოლებ.

B          ეს ხედვა.

M        ეს დანაკარგი.

C          ეს ტკივილი.

A         ეს დანაკარგი.

B          ეს შენაძენი.

M        ეს დანაკარგი.

C          ეს სინათლე.

B          შენი სიკვდილი ძვლებს გამომაცლიდა. ვერავინ ვერ მივხდებოდა, რატომ დავეცი.

C          შენგან გათავისუფლება რომ შემეძლოს,

B          გათავისუფლება რომ შემეძლოს

M        არა, ეგ არა,

A         არა, ნამდვილად არა,

B          სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა.

A         გული გავუტეხე, მეტი რაღა მინდა?

C          ეს ხედვა.

M        ეს სინათლე.

C          ეს ტკივილი.

A         ეს სინათლე.

M        ეს შენაძენი.

B          ეს სინათლე.

C          ეს დანაკარგი.

B          წრე ერთადერთი გეომეტრიული ფიგურაა, რომელიც საკუთარი ცენტრით განისაზღვრება. ქათმის და კვერცხის ამბავს კი არ ჰგავს, ჯერ იყო ცენტრი და მერე წრეწირი. დედამიწასაც, თავისთავად ცხადია, აქვს ცენტრი. და მხოლოდ ამ ამბის მცოდნე სულელს შეუძლია წავიდეს, სადაც მოესურვება, რადგან იცის, რომ ცენტრი მას დაიჭერს და ორბიტიდან ამოვარდნის საშუალებას არ მისცემს. მაგრამ თუ ცენტრის შეგრძნება დაგერღვა და ზედაპირზე ამოქანდა, წონასწორობა დაკარგულია. წონასწორობა დაკარგულია. წონასწორობა ჩემო პატარავ დაკარგულია.

C          როცა ის წავიდა –

B          ცხოვრების ხერხემალი დამემსხვრა.

A         რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს

C          დააბრუნეთ.

A         და სულგამწარებულს – სიცოცხლე.

B          აქ რომ ყოფილიყავი –

M        მე აქ ვარ.

ა          როგორც ზაფხულის მრუმე ჩრდილი.

B          მიყვარს მენატრება.

C          დავამთავრე.

M        გააგრძელე.

C          რატომ არ მოვკვდი დაბადებისას

M        რატომ დამცალდა გამოღწევა დედის საშოდან

B          რად არ გავთავდი

A         დანისლულმა იარე ჩრდილში.

M        ტკივილი ჩრდილია.

A         ჩემი ტყუილის ჩრდილი.

C          საუკუნეთა წითელო კლდეო

B          არა ხარ ცუდი ადამიანი, უბრალოდ მეტისმეტად ბევრს ფიქრობ.

C          დამმალე შენში.

M        შეძლებ

C          იზამდი

B          იზამ (?)

M        განაგრძე

A         ღმერთს გეფიცები მეტს აღარ ვიზამ.

B          ხმას თუ დავკარგავ, დავამთავრებ.

M        ისევ აქ.

B          მაგრამ მე არა,

C          ამჯერად არა,

B          მე არა.

C          ჯერ არა.

M        თითქოს ელოდები თმა როდის გაგეზრდება.

B          Estás astravesada como el día Miércoles.[v]

C          ასეთი ვარ. სულ რყევებში ვარ. ვერასოდეს ვწყნარდები, არც აქეთ ვარ, არც იქით, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდები.

C          საყვარლობა.

A         ერთი შეხებით.

B          ძაან მაგარი საყვარლობა.

M        იწერს.

C          სად გაქრა ჩემი პიროვნება?

A         რაღა დროს ჩემი ეგეთებია.

M        ნაკლებად ვერ მეყვარებოდი.

B          მეტად ვერ მეყვარებოდი.

M        სრულიად გულწრფელად რომ გითხრათ,

C          (განა ოდესმე ვარ ”სრულიად გულწრფელი”?)

B          მეტი აღარ გინდა.

(წამი-პაუზა)

C          ეს არასოდეს მომხდარა.

(სიჩუმე)

A         ხანდახან, ექსტაზში მეშლება ის, რაც სინამდვილეში მხოლოდ უდარდელობაა.

M        ნურაფრის გეშინია.

B          ყველაფერი ან არაფერი.

C          აქედან არცერთი,

B          აქედან ყველაფერი,

M        არაფერი.

C          ემოციების პლაგიატორი ვარ, ადამიანებს ტკივილებს ვპარავ, ჩემს ტკივილებთან ვაჯამებ სანამ არ

A         ვერ ვიხსენებ

B          ვისი

C          უკვე აღარ

A         იქნებ შენ არა გიშავს,

C          იქნებ მე ვარ ცუდი,

A         მაგრამ ღმერთმა კაენის ნიშნით დამაჯილდოვა.

C          წონა.

A         არ ვიცი.

M        თარიღი.

A         არ ვიცი.

B          ბედისწერა.

C          არ ვიცი.

A         ეს სასჯელია იმისთვის, რომ თავს იზღვევდი.

M        უკან დაბრუნდი.

B          ისევ და ისევ.

A         მარადიული დაბრუნება.

B          ხმას თუ დავკარგავ დამენძრევა.

C          თეფშზე მძღნერი. სახეზე ენთუზიაზმი თუ ვერ შეგატყო, საკუთარი დედა დაგგლეჯს.

M        ღამის კაცები შემოიყვანე.

A         ჩემს ცხოვრებაში არაფერია განსაკუთრებული,

C          სხვების არ იყოს, შემთხვევითი მოვლენების ნაკადია,

A         მარილიან ოკეანეში ჩამდინარე ნაკადი, რომელიც გნესტრავს, გნესტრავს, მაგრამ არ გკლავს.

M        შენ ჩემთვის მკვდარი ხარ.

B          სიყვარულის გამოვლინება.

C          შენ დედაჩემი არა ხარ.

A         ჩვენ ბევრი რამ ვიყავით.

B          რაღაცამ გაიტკაცუნა.

M        მაგრამ არასოდეს ვიტყოდი, რომ ოდესმე ერთმანეთი გვიყვარდა.

B          ვიპოვე

A         მიყვარდა

C          დავკარგე

M        დასასრული.

(სიჩუმე)

C          რაღაც აიწია,

A         ქალაქგარეთ,

B          სანამ ეს სირობა დაიწყებოდა,

A         ქალაქის თავზე,

C          კიდევ ერთი სიზმარი,

M        გადავკვეთე მდინარე, ჩრდილში რომ მიედინება

B          In den Bergen, da fühlst du dich frei, [vi]

M        ერთი ნატვრა,

C          გრილი ზაფხული და რბილი ზამთარი,

B          არც ბრძოლები, არც წყალდიდობები,

C          სიბნელე მოსავს მოწყვეტილ ვარსკვლავს,

A         გრძელი ღრმა ძილი როცა მკლავებში მყავხარ,

B          არავინ არაფერი უეჭველი,

C          შერწყმული მაგრამ არა გამქრალი,

A         მშვიდობა,

M        არსაიდან მომავალი მბჟუტავი ნათება,

A         ბაცი ოქროსფერი ზღვა ბაცი ვარდისფერი ცის ქვეშ,

M        შორეული ზარის ხმა ცარიელ ზღვას კვეთს,

B          ღრუბლები ერთმანეთს ერწყმიან როგორც ვხედავ სფეროზე ვარ,

C          ტალღებს ქვითინი პულსივით უცემს.

(წამი-პაუზა)

B          აქ ვარ, კიდევ ერთხელ, აქ ვარ, აქ ვარ, სიბნელეში, კიდევ ერთხელ,

A         არაფრის ზღვარზე

B          აქ ვარ.

C          ხელი მომკიდე,

A         დიდება მამასა,

M        სიმართლე შენს უკანაა,

B          შენ გამო ამ ყველაფერს დავთმობდი,

C          სინათლისაკენ,

A         როგორც დასაბამიდან ყოფილა,

C          სიბნელის მიღმა,

M        და იქნება უკუნითი უკუნისამდე,

B          სინათლისაკენ,

A         საბოლოოდ მაინც ამას უბრუნდება,

B          დროის მოგება,

A         მე მიბრუნდება,

M        მაგრამ სინათლის დაკარგვა,

A         მაინც ამას უბრუნდება,

C          სქელი და მბზინავი და მკვდარივით მკვდარივით მკვდარივით უშფოთველი

M        მე ვერ გიშველი,

A         და სუფთა.

C          სხვა სიცოცხლეები

B          არცერთ ნაბიჭვარს არ შეუძლია.

M        ბურთივით მოკუნტული.

A         იხსენ სული ჩემი მახვილისაგან.

B          სიზმრად ვიღვიძებ,

M        მარტო.

A         რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია.

C          სიზმრებს უკვე ვეღარ ვხედავ,

A         სიზმრები არ მაქვს.

B          სინათლის მოპოვება,

C          გადავკვეთე მდინარე,

M        მაგრამ დროის დაკარგვა.

B          შენ უარს ვერ გეტყვი.

C          გათავისუფლდე მეხსიერებისაგან,

M        გათავისუფლდე სურვილისაგან,

C          იყო შენთვის წყნარად, არაფერი გამოიწვიო,

B          არაფერი თქვა.

A         უჩინარი.

C          როცა სიზმრებიც კი არაა პირადი.

B          აჯობებს დაივიწყო.

A         უაზრო სიხარულის შემთხვევითი გამოხატულებები.

M        მდინარის პირას ისიყვარულე.

ყველა            დაივიწყე

(წამი-პაუზა)

B          გამაუპატიურე.

(პაუზა)

M        ეს შესაძლებელია?

C          განვიკურნე სხეული, სულს ვერ ვმკურნალობ.

A         ისე დავიღალე.

B          სულ ვბრუნდები.

M        იყავი ის ერთადერთი.

C          დამაკარი და დამახატე და დამაწებე სახეზე მზერა.

B          ჩემი ცხოვრება შავ-თეთრში და უკუღმა.

M        სრული.

A         ჰქმენ რაიცა გსურს – იქნება უზენაესი კანონი.

M        ახლა.

A         სიყვარული კანონია, ნების მორჩილი სიყვარული.

C          ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ვერაფერს.

ვერაფერს ვერ ვგრძნობ.

A         სატანავ, ჩემო მეუფევ, შენი ვარ.

B          (ჩუმად, გაბმულად, სანამ A მორჩება მონოლოგს) არა არა არა არა არა არა არა / არა არა არა არა არა არა არა არა არა

A         და ნუ გავიწყდებათ, რომ პოეზია თავისთავადი ენაა. არ დაგავიწყდეთ, რომ როცა განსხვავებულ სიტყვებს არსებობის უფლებას აძლევთ, დამოკიდებულებაც სხვანაირია საჭირო.

თავდაჭერა არ დაგავიწყდეთ.

თავდაჭერა არ დაგავიწყდეთ.

(წამი-პაუზა)

B          მომკალი.

(წამი-პაუზა)

A         თავისუფალი ვარდნა

B         სინათლისაკენ

C         კაშკაშა თეთრი სინათლისაკენ

A         უსასრულო სამყარო

C         შენ ჩემთვის მკვდარი ხარ.

M        დიდებული. დიდებული.

B         და უკუნითი უკუნისამდე

A         ბედნიერი

B         ისეთი ბედნიერი

C         ბედნიერი და თავისუფალი.

 


[1] ფული მარტო მოდის (ესპ.).



[i] (სერბ.-ხორვატ.) არც ჯიბეში მაქვს, არც ჯიბის გარეთ.

[ii] (გერმ.) შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ.

[iii] (ესპ.) კუდიანების კოცნები, მე რომ მკლავენ.

[iv] (სერბ.-ხორვატ.) მოგიტყან ცნობისმოყვარეობა.

[v] (ესპ.) ჰგავხარ ოთხშაბათ დღეს.

[vi] (გერმ.) იმ მთებში, სადაც თავს თავისუფლად გრძნობ.

© არილი

Facebook Comments Box