პოეზია

ირაკლი ლომოური – ვიქსები (ვითომ ლექსები)

irakli lomouri-28

VX

 ისეთი ლექსის დაწერა მინდა,

 რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა

ვალერიან გაფრინდაშვილი

ლექსებს ვერა ვწერ, ვწერ ვითომ ლექსებს, ვეძახი „ვიქსებს“, და ასე ვშიფრავ სიმოკლისათვის: VX (უცნობი). მაშასადამე, ისეთი VX მინდა დავწერო, რომ არ დამჭირდეს ლექსების წერა, რომ ამიკრძალონ დაჭერა ხელში კალმის თუ პასტის, ნახშირის, ფუნჯის, ფანქრის თუ წკირის, ანდა კაკუნი კლავიატურის, რომ მოვისვენო, გავთავისუფლდე ამ მარაზმისგან, როდესაც მინდა დავწერო VX-ზე, აბჯარასხმულზე, და ბანალური გამომდის ლექსი, დონდლო და დუნე, როგორც მედუზა, რომელიც მხოლოდ კომიკურია ჩემს ერთობ მწიფე, გადამწიფებულ, სულაც, ასაკში, როდესაც კაცი ლექსების წერას კი აღარ იწყებს, ასრულებს კაცი წერას ლექსების, და განისვენებს საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც დავკრძალეთ ზაზა თვარაძე, ჩვენი გურამი და ჩვენი გენა, და მათვე გვერდით ჩამფლავენ სადაც, თუმც კი მშობლები მყავს მუხათგვერდში… აღვწერო მინდა ისეთი VX, „ვიტალის იქსუს“, ანუ უცნობი, სიცოცხლისმფენი, იდუმალი და შიშისმომგვრელი, აბჯარასხმული შავი რაინდი, რომლისა სახეს ვერავინ ხედავს, რომელიც მუსრავს ყველას, ყველაფერს, ვინც კი ღირსია, ან არცთუ ღირსი (ანუ უღირსი), მაგრამ სიცოცხლეს ამკვიდრებს მაინც, ოღონდ რის ხარჯზე, ვერავინ ხვდება, არავინ უწყის და ვერც გაიგებს… შავი რაინდი სადაც გაივლის, სად გადაჯეგავს ღობეს და ყორეს, სად მტერს განგმირავს მახვილის სხარტი, მძლავრი მოქნევით, მის ნაკვალევზე თუ ნამუსრევზე რატომ ამოდის ლურჯი ყვავილი, შენ რომ მოგართმევს?

რკინის გემი

 უკუღმართობას ვარქმევ სიყვარულს

გაგა ნახუცრიშვილი

ვარ კაპიტანი რკინის გემისა, სახელად ვარქმევ „უკუღმართობას“. წყალქვეშა არის ეს ჩემი გემი, მას ვერვინ ხედავს, არავის ესმის და არვის სჯერა – მართლა არსებობს, რადგან გემს ასეთ სახელს არავინ მისცემს… მაგრამ მე ვარქმევ „უკუღმართობას“ და მიხარია, რადგან ვგულისხმობ სულ სხვა რაღაცას… პირდაპირ ართქმა არის მთავარი, კარგად შენიღბვა არის მთავარი, რომ ვერ გიპოვნოს ვერც შენმა მტემა და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაზე… თუ გინდა გაძლო, ცოცხალი დარჩე, იწექი მშვიდად შლამიან ფსკერზე, გარინდებული და გატრუნული… ყველა სფეროში ასე არ არის? რაც მეტად ჩანხარ, მეტად გერჩიან… ხელოვნებაშიც ზუსტად ასეა – უნდა შენიღბო სათქმელი კარგად, სულ სხვა რამე თქვა, სხვა – იგულისხმო… და, აი, ასე მიაღწევ მიზანს, ფარული არსი გახდება ცხადი, თუკი შენიღბავ ლაზათიანად… მე ვინიღბები და ვიღებ შედეგს, არსი თავისით ამოვარდება წყლის ზედაპირზე, როგორც კაფსულა ავარიული წყალქვეშა ნავის, სადაც ყველა ზის, კაპიტნის გარდა – ვარ კაპიტანი რკინის გემისა, მე ვიღუპები ჩემს გემთან ერთად…

 

ვებღაუჭები

ვებღაუჭები და წინ მივიწევ, თითქოს ავდივარ მაღლა კიბეზე, უსასრულობის კედელზე მიდგმულ, ხის გადასატან უგრძეს კიბეზე… ვებღაუჭები მის საფეხურებს, ანუ ხარიხებს, ვიწევი მაღლა, ოღონდ ხელებზე, ფეხებს მივათრევ, ჯარისკაცივით წინ-წინ მივიწევ, ამ ბრძოლის ველზე, ხელებს ვაწვები, ხელია ჩემი გადამრჩენელი, ჩემი იმედი… ვებღაუჭები უბრალო ფანქარს, როგორც ხარიხას სიცოცხლის კიბის, ამ ვითომ ლექსის მოკლე სტრიქონთა დახავსულ სიტყვებს, სიტყვა-ხარიხებს… სიტყვა ხსნაა და სიტყვა – ხავსია…

სიზმარი სახლზე, ნავი რომ არის…

     მე ავაშენე სახლი მიწის ოკეანეში

გიიომ აპოლინერი

ეს ჩემი სახლი, ერთკაციანი, ამ გორაკებსა და ფერდობებზე, როგორც ტალღებზე აზვირთებულზე, ისე ტორტმანებს… ჩემი ნავია განსასვენებლად მყუდრო და კოხტა, სულის საოხი… მიწის ზევით ვარ ოღონდ რატომღაც. ჩემი „სასახლე“ – ჩემი ნავია… რად ამ დამფალით? რად მიმატოვეთ? რატომ აღელდა მიწა ზღვასავით? რად არ მიმიღო მიწის წიაღმა? რა დავაშავე? მოგზაურობა თუა ცხოვრება აბობოქრებულ ვნებათა ზღვაში, მე მირჩევნია შემაგდოთ მთაზე… ჩემი ნავია – ძირგავარდნილი…

 

რას ვეძიებთ?

 . . . forests
For the upper air!

                      Emili Dikinson

 ვიცი, ყოველთვის ლექსი

 იყო სიბრძნის ძიება…

ფრიდონ ხალვაში

ლექსი არაა სიბრძნის ძიება, ლექსი ესაა ძიება… წიწვის… ზეციურ ტყეში, ზეგარდმო ნაძვის, სულეთის ფიჭვის… გულში გესობა და თანაც იწვის, მარადიული მომწვანო ალით, რომლის სურნელით შენა ხარ მთვრალი, და ერთსა ნატრობ: გამოგაძინა ზეცის ფიჭვნარში, მარადიული, ზურმუხტის ძილით… წიწვის ფარდაგზე…

თავისით

ლექსი გამოდის არაფრისგან, თავისით ჩნდება ისევე, როგორც ძილში სიზმარი,

სილაში – ვარდი, მუცელში – ჩვილი, და გულში – ღმერთი.

რა სჯობს ლოგინში დაწერილ ლექსს? რა სჯობს სიზმარში დაწერილ ლექსს? რა სჯობს სიმღერით დაწერილ ლექსს? მხოლოდ უსიტყვო ლექსი, ჩვილის პირველი ამოსუნთქვა.

 

ტკივილი

ტკივილი, რომელსაც ვერ გადმოსცემს ვერც სიტყვა, ვერც ლექსი, ვერც ჰანგი, ვერც ჟესტი, ვერც მზერა და ვერც ნახატი, შეიძლება იგრძნო უცაბედად ტოტის აქნევით ხისა, რომელიც მოჩეხეს ცეცხლის დასანთებად ბუნების წიაღში კორპორატიულმა მოივენთეებმა.

 

ლექსი

როდესაც გეღვიძება ღამის, ანუ დილის ხუთ საათზე და ფიქრობ, რა გააკეთო,

ძილი შეიბრუნო თუ შუქი აანთო და ლექსი დაწერო, იცოდე, რასაც შენ დაწერ,

არ იქნება ნამდვილი ლექსი, რადგან ლექსი ფიქრით და ყოყმანით არ იწერება,

ლექსი იწერება ძილში, და იღვიძებ მხოლოდ იმისთვის, ქაღალდზე რომ გადაიტანო.

ლექსი სიზმარია…

 

მათხოვარი შემომეჩვია

მათხოვარი შემომეჩვია, ქალი ერთი თმაგაწეწილი, მგლისღიმილიანი და მაინც სათნო.

მოდის ხოლმე და ყოველ ჯერზე ერთს მეუბნება: ძველი პური ხომ არ გექნებათ? და მეც

ყოველ ჯერზე გამაქვს ლარიანი. მაგრამ ერთხელ, სულაც გუშინ, როცა მოვიდა, გამახსენდა, კარადაში დევს პური ზედმეტი, გაუხსნელი, (ცოლმაც იყიდა და მეც – შეუთანხმებლად). ჰოდა, მივართვი. გაუკვირდა, მაგრამ მითხრა: „ო, ეს მინდოდა!“ მას მერე აღარ გამოჩენილა. მე კი ვყიდულობ ზედმეტ პურს. ისე, უბრალოდ…

 

გამართლება

უკაცრიელი ქუჩის და უკოცნელი ტუჩის გამართლებაა ჩრდილი ჩახუტებული წყვილის.

დავიწყებული წყენის, დამუნჯებული ენის გამართლებაა მწველი ყაყაჩოების ველი.

მე – ორიგამი

ვარ გაუხსნელი მე ორიგამი, ჯერაც არ ვიცი, რა მაწერია იმ ჩაკეცილი ფურცლის სიღრმეში, გულის მაგივრად მკერდში რო მიდევს… გავა ცხოვრება და ორი წამი და გავიშლები, ბოლოსდაბოლოს, მე ორიგამი კოდირებული… თუ დაშიფრული… ვისია შიფრი? ვისია კოდი?… ეს მე არ ვიცი… მე ვინც დამკეცა – მერე ის გამშლის… იმან ჩაწერა რაღაცა გულში… გავა ცხოვრება და ორი წამი, გვერდზე გადადებს ცელს მომარჯვებულს და ფრთხილად გამშლის… სულს შემიბერავს… და აღმოჩნდება… მე მახატია სიცარიელიე… ფურცლის სიღრმიდან ამოიზრდება ნისლოვანება სპირალის ფორმის… ბავშვის თვალებით.

 

ტკივილი

ჩემგან ტკივილი ისე ჟონავს, ვით გაბზარული ქვევრიდან ღვინო, წვეთ-წვეთობით და ტაატ-ტაატით… ერთ მშვენიერ დღეს ქვევრს თავს მოხდიან და აღმოჩნდება, ცარიელია ძირის ძირამდე… ერთ მშვენიერ დღეს მეც დავიცლები და აღმოაჩენთ, თხემით ტერფამდე ვარ უგრძნობელი, და გაყინული, მანეკენივით, რომელსაც ერთი რამით არ ვგავართ მხოლოდ: ჩვენა გვაქვს გული, ტკივილით სავსე, მისი მკერდი კი – ცარიელია… ვგრძნობ, რომ ვიცლები, ტკივილი მტოვებს, მანეკენივით ვხდები ფუტურო… მატკინეთ გული, გადამარჩინეთ, თუკი გიყვარვართ, სულ ოდნავ მაინც.. ჩვენი ცხოვრება ხომ ერთმანეთის დარწყულებაა მწველი ტკივილით? რაც მეტად გიყვარს, მით უფრო მეტად ხარ ვალდებული, გული ატკინო, უანგაროდ და წრფელი განზრახვით, თუ უშურველად… ჩვენი ტკივილით უხილავნი არსნი ხარობენ, როგორც ქვემძრომი ქვევრის ნაჟურით თვრება, ძაგძაგებს…

ვიქსიკონი (ვიქსების ლექსიკონი)

„ვიქსიკონი“

რა არის „ვიქსიკონი“? დიდი არაფერი – სიზმრის სიზმარში სიზმრადვე მოლანდებული კითხვა მტანჯველი: „რად ვერ ვიძინებ?“ რომლის პასუხი არის მარტივი: „შენ ხარ სიზმარი, რა დაგაძინებს?“

მარაო

რა არის მარაო? დიდი არაფერი – ქარის წიქვილის ოცნება, გახდეს პეპელა…

პოეზია

რა არის პოეზია? დიდი არაფერი – როდესაც სიტყვები აბურთავებდნენ ჟონგლიორს, ჰაერში აისროლეს, ის კი მიწაზე აღარ დაეშვა, თურმე ქარს გაჰყვა…

მარტოობა

რა არის მარტოობა? დიდი არაფერი – სიმღერაა უსიტყვო: ქარის ზუზუნი მიტოვებულ სასაფლაოზე…

სასოწარკვეთა

რა არის სასოწარკვეთა? დიდი არაფერი – სემინარისტი ბიჭის განცდაა, შინ დაბრუნებულს რომ ეუფლება, როდესაც ხედავს, მთვრალი მამილო როგორ სცემს დედას, მას კი არ შესწევს ძალა იმისა, მამას კისერი რომ მოუგრიხოს, და ბიჭის გული ივსება ბოღმით, რომელსაც ჰქვია: „სოსოწარკვეთა“…

ბედისწერა

რა არის ბედისწერა? დიდი არაფერი – როდესაც დავკარ დიდ ქვას წერაქვი, გამიტყდა ხელში ტარი წერაქვის, გაფრინდა თავი ჩემი წერაქვის, შემესო შუბლში წვეტი წერაქვის, და გავხდი წერა იმ ვეება ქვის, რომელსაც ჰქონდა თურმე წარწერა: „თუ ვინმემ დაჰკრას დიდ ქვას წერაქვი, გაუტყდეს ხელში ტარი წერაქვის, გაფრინდეს თავი მისი წერაქვის, შეესოს შუბლში წვეტი წერაქვის, და გახდეს წერა იმ ვეება ქვის, რომელსაც თურმე…“

კოცნა

რა არის კოცნა? დიდი არაფერი – როდესაც მეცხრე ციდან მეცხრე ტალღას დაატყდება მეცხრე მეხი და ოკეანეს შეაძაგძაგებს, გაზაფხულის სიოდ იქცევა… კოცნა მარადისობის მოკლე ჩართვაა…

მეგობრობა

რა არის მეგობრობა? დიდი არაფერი – როდესაც ახალშობილს აკვანი გინდა შეუთხზა, მასალა არ გაქვს, გვერდით მყოფი კი გულის ფიცარს გაძლევს, გარანდულს.

უტიფრობა

რა არის უტიფრობა? დიდი არაფერი – როდესაც ბეღურა კასრის თავზე დასკუპდება წყლის დასალევად, კასრში კი თურმე ხრეში ლივლივებს.

თრობა

რა არის თრობა? დიდი არაფერი – ჟრუანტელი გარდარეული სიხარულისა, კაცის სხეულში მდგმურად მყოფი მორცხვი სულისა.

შიში

რა არის შიში? დიდი არაფერი – ლოკოკინას მოლოდინი, რომ ბილიკზე გამობობღებულს, გამვლელი ფეხს დააბიჯებს.

სიხარული

რა არის სიხარული? დიდი არაფერი – ლოკოკინას აღმოჩენა, რომ ბილიკზე გამობობღებულს, გამვლელმა ფეხი ჰკრა და ბუჩქებში ისროლა.

შეყვარება

რა არის შეყვარება? დიდი არაფერი – უსინათლოს მოლოდინი, რომ თვალს აუხელენ, არადა, არ დაბრმავებულა, უბრალოდ, შუქი უნდა აანთოს.

მიუსაფრობა

რა არის მიუსაფრობა? დიდი არაფერი – ქართა აფრობა, როდესაც ნავი ფსკერზე ეშვება, აფრა კი დაქრის თავაშვებული, თავაწყვეტილი, დაეძებს ანძას…

ბავშვობა

რა არის ბავშვობა? დიდი არაფერი – მათემატიკის დაუსრულებელი გაკვეთილია კლასში, რომელსაც ვერ იტან, სკოლაში, რომელიც გძულს, ქალაქში, რომელიც უცხოა, ქვეყანაში, რომელიც სხვისია, ამ უცაბედ დედამიწაზე… ოღონდ ეს ჩემთვის. თქვენთვის კი, ვიცი, ერთი დიდი კარუსელია, რომლის გარშემო შოკოლადის ხეები დგანან, გაიშვერ ხელს და… თანაც ბზრიალებ, ბზრიალებ, ბზრიალებ დაუსრულებლად…

ელდა

რა არის ელდა? დიდი არაფერი – როდესაც სარკეს ჩახედავ, თმის დასავარცხნად, და აღმოაჩენ, არ ჩანს არავინ, არ ირეკლები… და გახსენდება: შენ ხომ გუშინ გარდაიცვალე…

სიზმარი

რა არის სიზმარი? დიდი არაფერი – როდესაც ხედავ ზაზუნას, ცოცხალ ზაზუნას, შენი შვილის ცოცხალ ზაზუნას, მეათე სართულის აივნიდან რომ გადავარდა…. შვილთან ერთად რომ ჩახვედი და მართლაც ნახე, გროტესკულად გაბრტყელებული… და მდინარე ვერეს პირას რომ დამარხეთ სრულიად უხმოდ… და გიხარია, რადგან ხედავ ცოცხალ ზაზუნას… სიზმარი ხომ ზაზუნას მონატრებაა…

სიცოცხლე

რა არის სიცოცხლე? დიდი არაფერი – ჰაერში ასროლილი მაშხალის ნაპერწკალია, ღრუბელს რომ მოედო, თივის ზვინივით ააბრიალა… ღამე დაისის ალმურით აინთო. და უმალ ჩაქრა.

ლექსი

რა არის ლექსი? დიდი არაფერი – ძველისძველი კოკაა, კოხტა ქალს რომ გაუტყდა სოფლის წყაროზე, მეზობლის ბალღმა კი თიხის ნამტვრევზე ტალახის კვერების „ცხობა“ დაიწყო – მზე ჩახჩახებდა…

გაზაფხული

რა არის გაზაფხული? დიდი არაფერი – გულის სარკეზე არეკლილი ათინათია – შენი ღიმილი…

შემოდგომა

რა არის შემოდგომა? დიდი არაფერი – მტვრით დაფარული სარკეა გულის, რომელზეც თითით „ღიმილაკს“ ვხატავ. ისე, უბრალოდ…

 

სისადავე

რა არის სისადავე? დიდი არაფერი – ბურუსი ღამის, ნისლის თეჯირი, პირბადე მთვარის… არა ჩანს მთვარე, თუმც კი იგრძნობა, როგორც ნათელი თასი ვერცხლისა, ცივი წყლით სავსე, როცა გწყურია.

სახელმწიფო

რა არის სახელმწიფო? დიდი არაფერი – ქვასანაყია ერთი ვეება, რომელშიც კაცის ბედი იფქვება ცხარე პილპილის ბურთულებივით, რომელსაც მერე შენვე მოაყრი შემოსულ შილას.

 

მოქალაქე

რა არის მოქალაქე? დიდი არაფერი – ბეტონის ჯუნგლების ურბანული ნეშომპალაა.

 

ჟამკეთილობა

რა არის ჟამკეთილობა? დიდი არაფერი – სიტყვაა ერთი დავიწყებული მტკიცედ და მყარად, კეთილი ჟამი ამქვეყნად არვის არ ახსოვს რადგან. კი გაგვიგია „ოქროს ხანა“, ხანა თამარის, მაგრამ გვგონია ტკბილი ზღაპარი…

 

ხათრი

რა არის ხათრი? დიდი არაფერი – ბეწვია ერთი, ზედ კი ჰკიდია ბასრი მახვილი, მის ქვეშ შენ წევხარ და მშვიდად გძინავს. ხათრზე ზემტკიცე რა უნდა იყოს?

 

სიცარიელე

რა არის სიცარიელე? დიდი არაფერი – როდესაც ყველა მნათობი ჩაქრა, ცა დაიგრაგნა, და შავი ხვრელიც კი გაიწოვა, დარჩა წყვდიადი – დიადი არარა, სადაც ექოც კი აღარ ისმის, თუმც ენერგიით უხილავად დაყურსულია…

 

 

ანცობები

„ნევერმორ“

(ანცობა #48)

ვარ მარილის სიო, ვარ გუგულის ბუდე, ვარ კისკისი ყვავის, მე მქვია – „ნევერმორ“,

ვარ ფაფუკი ლოდი, ვარ ღრუბლების ზღუდე, ვარ სიზმარი კასრის და ამდის სუნი შმორ,

ვარ შიმშილი მთათა და ცახცახი ველთა, ვარ უდაბნოს სუსხი, სისხლით სავსე ტბორ,

ვარ ყინულის ზეცა და გრანიტის ფიფქი, ვარ სუნამო ქალის, შემხუთავი ქლორ,

ვარ ხარხარი ზუთხის, ვარ წკავწკავი ბელტის, მტაცებელი კრავი და კბილბასრი ხბორ,

ვარ ვარვარა თოვლი და წყალწყალა ქვიშა, უთავბოლოდ ვანცობ – რა გამომასწორ?

შინაგანი ზარმაცა

(ანცობა #25)

მე ვარ ზარმაცა. დიახ, ზარმაცა! დიახ, ეს ჩემში ცხოვრობს ზარმაცა! ასე განსაზღვრა ფეისბუქ-ტესტმა, დაეჯერება. მეცა ვგრძნობ ახლა, ჩემი ზარმაცა რომ იზმორება და თვალებს ლულავს… ხის დიდრონ ტოტზე წამოწოლილა, თვალმოჭუტული, და ცალი თვალი, ვით შავი ლულა, მოუმართია, ჩამძახის ყურში: მიდი, ჰო, მიდი! ჰო, იმუშავე! რას მომაშტერდი! რაღაცა ქენი! წერე, და თარგმნე, არედაქტირე, მიდი, იშოვე ორიოდ ცენტი! თუნდაც კაპიკი ან თუნდაც თეთრი! ჰო, იმუშავე, რომ არ ამოგხდეს სული შიმშილით, რომ არ მომიკვდე, თორემ თუ მოკვდი, მეც ხომ გავქრები, ასეთი ნორჩი და მომხიბლავი, ჰაეროვანი, მბზინავი ბეწვით!.. როგორ გამტანჯე, როგორ მაწამებ შენი ამაო, უქმი ფაფხურით და ფაცი-ფუცით! რა დაგემართა, მართლა ჩაგრეცხა დროის დინებამ? შე ბედოვლათო, დეპუტატობა რად ვერ ირგუნე? ხომ გექნებოდა ახლა ხელფასი, ანდა პენსია ხალხის რჩეულთა, სულმოსათქმელი?.. უშნო, შე უშნო, რად ვერ იშოვე შენ სამსახური?! ნუთუ არ გესმის, შენი ზარმაცა რომ შეინახო, უნდა იშრომო თავდავიწყებით!.. დახლში ჩადექი, ბოლოსდაბოლოს, თორემ რასაც წერ, ანუ რომ ჯღაბნი, ვის რაში უნდა, რაში სჭირდება?.. შე ბედოვლათო, ვაი-ზარმაცო, შრომოჰოლიკო!.. ასე ჩამძახის ჩემი ზარმაცა და მამუშავებს კატორღელივით…

დროდადრო

(ანცობა #47)

დროდადრო ვკითხულობ თეთრ-შავ ლექსებს, რომელთა ავტორია თოვლ-ჭყაპი, ან მერი რუფლი, ან შენი გახეული მაკინტოში, ან მეზობლის აივანზე გაფშეკილი აზღუდი, და რადგან ყინავს, ვიჭრი სასოების ზორბა ულუფას, ტკბილს ჰალვასავით, და ვაყოლებ პოეზიას – თითქოსდა ჩაის… რა ბედნიერებაა, რომ ცხოვრება ისევ ბავშვობით სრულდება… კვლავ ტკბილი მიყვარს, მალე პამპერსსაც გამიკეთებენ…

დღე საოცარი

(ანცობა #46)

ცხადად და ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რა ბედი მელის – კუბოს ფიცარი… ანუ პორტალი სხვა სამყაროში!.. როცა დადგება დღე საოცარი, როცა დავტოვებ გალია-ფიტულს, როგორც პეპელა – ჭუპრის შალითას, და კოლუმბივით ახალ სამყაროს მე აღმოვაჩენ, ვიტყვი: ვკარი მთას აქეთ მე წიხლი, იქით ზღვა ყლუპით დავცალე სრულად!.. ახალ სამყაროს დავეუფლები, ვეება ლუპით დავაკვირდები, ვით მოგზაური, თუ მეცნიერი, თანაც პოეტი, რომელიც ხედავს: მშვენიერია სულის საუფლო, წუხილის ნაცვლად სიხარულს ბედავს!.. ვაშა დღეს, როცა გარდავიცვლებით!

ჯერაც ვერმოუსვლელი

(ანცობა # 57)

ნუ ხარ ესოდენ სულწასულიო, ოდესღაც მითხრეს. როგორ ვიქნები მე სულწასული, თუკი ჯერაც არ მოვსულვარ… ხეირიანად?

XXI საუკუნის კოსმოლოგია

(ანცობა #55)

ის არსებობს, რასაც იჯერებ. სანამ სჯეროდათ, რომ დედამიწა ბრტყელია და სპილოებზე დგას, ჰორიზონტზე ხორთუმის წვერსაც ხედავდნენ, სპილოები კი წუხდნენ – დედამიწა ემძიმებოდათ. მაგრამ მას მერე, რაც დავიჯერეთ, რომ დედამიწა ბურთია, სპილოები თურმე გახალისდნენ, ბურთის თამაშით იქცევენ თავს… მიწისძვრაც მაშინ ხდება, ბურთს მთელი ძალით რომ გადაუგდებს ერთი მეორეს, ის კი ვერ იჭერს, ის ბოთე, ისა!..

დაკვირვება საკუთარ ჩრდილზე

(ანცობა #37)

როდესაც შენს ჩრდილს ძალიან სცივა, მზეზე კანკალებს გადარეული, ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ სულს მობეზრდა, ციმ-ციმ ატაროს შენი სხეული.

კოჭლი ძაღლივით

(ანცობა #61)

კოჭლი ძაღლივით, კუდზე ბიჭებმა თუნუქის ქილა რომ გამოაბეს, და მანაც რა ქნას, დარბის საბრალო, დააჟღარუნებს აღმა-დაღმა, შეუსვენებლად… ყანყალ-ბორძიკით დავბორიალობ და ვაჟღარუნებ ამ ვითომ ლექსებს, თუმც არაუშავს, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო, და არც ჟღარუნისგან მკვდარი ძაღლი უნახავს ვინმეს… ოღონდ ერთი რამ ვერ გამიგია, ვინ გამომაბა ყელზე ვიქსები, ვითომც ლექსები, ვინ დამცინა ასე მწარედ, ასე ბოროტად?

© არილი

Facebook Comments Box