ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

მანანა ბოსტოღანაშვილი – ამელი ნოტომი – “სიტყვების მიღმა არ ვარსებობ“

amelie-76676

ხელოვანი მხოლოდ მაშინ არის ხელოვანი, როდესაც გაორებულია

და თავისი გაორებული ბუნების არცერთ ფენომენს არ უარყოფს.

                                                                                                        შარლ ბოდლერი

ბელგიელ მწერალს, ამელი ნოტომს (ფაბიენ კლერ ნოტომი, დაბ. 1967 წ.) აღარ სჭირდება თავისი რომანების რეკლამა რეკორდული რაოდენობის წიგნების გასაყიდად. უკვე მისი ცხოვრებით, მოგზაურობითა და ამომავალი მზის ქვეყნისადმი აღფრთოვანებით გაჟღენთილი  27 რომანია გამოქვეყნებული. ისინი ოცდათხუთმეტ ენაზეა თარგმნილი, მის თხზულებებს ლიცეუმებშიც სწავლობენ, იწერება დისერტაციები. 2001 წლის ნოემბერში კი ნოტომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. მისი რომანების მიხედვით დადგმულია 14 სპექტაკლი, გადაღებულია ფილმები.

 

„ჭეშმარიტი, ბოლოს და ბოლოს აღმოჩენილი და გასხივოსნებული, და ამგვარად, ერთადერთი, ნამდვილად განცდილი ცხოვრება არის ლიტერატურა“, მიაჩნდა პრუსტს.

ამელი ნოტომის მიერ განცდილი ცხოვრება მისი რომანებია.

როდესაც ღმერთი მიხვდა, რომ არც ღმერთი იყო და არც ღვთის ავატარი, ზეცას, შესაძლოა, ბევრი არაფერი დაუკარგავს, მაგრამ დედამიწამ ერთი კარგი მწერალი შეიძინა; თუმცა ეს მოხდა ოციოდე წლის შემდეგ, 1992 წ., როდესაც ამელი ნოტომის პირველი რომანი „მკვლელის ჰიგიენა“ ლიტერატურულმა კრიტიკამ „წლის აღმოჩენად“ აღიარა საფრანგეთში. ბევრ კრიტიკოსს იმდენად უცნაურად მოეჩვენა ეს რომანი, სერიოზულ ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ამ ფსევდონიმით ვინმე ხანშიშესული კაცი წერდა. ასე უჩვეულოდ შემოიჭრა ამელი სამწერლო სარბიელზე.

ამელი ნოტომის შექმნილი რეალობა ნამდვილ ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ჭეშმარიტად აღიქმება. იგი არღვევს სტერეოტიპებს ამაღლებული სტილით, რაც საბოლოოდ ყოველ რომანს პარადოქსულად აქცევს. დიდი თავშეკავებით დაწერილ რომანებში, ახალ-ახალი სიუჟეტების მიუხედავად, არ ღალატობს თავის სადა, ლაკონურ სტილს. მათში სოციალური კონფლიქტების თუ მთლიანად სამყაროს მკაცრ კრიტიკასაც ვხვდებით. თუმცა მწერალი ყოველთვის უტოვებს მკითხველს არჩევანს, ამიტომაც მისი თხზულებები ხშირად ერთმანეთის საპირისპირო აზრებს იწვევს. ამელის პერსონაჟები ცდილობენ, იცხოვრონ არა მატერიალურად, არამედ მეტაფიზიკური თვალსაზრისით, ამასთან მათი ერთგვარი იდუმალება ყოველთვის გამანადგურებელ ირონიასთან არის გადაჯაჭვული. ნოტომის ყოველი წიგნი თეატრალური მინი-პიესაა, დახურული სასამართლო პროცესი, არენა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი, სამი ან ოთხი პერსონაჟი. სხვასთან პაექრობა ყოველი პერსონაჟისთვის საკუთარ თავში ცვლილებების აღმოჩენას მოასწავებს. სწორედ სხვისი აზროვნების ერთგვარი არეკვლის შედეგად ვლინდება ლიტერატურის, როგორც „მხსნელის“ ფუნქცია. „ამ მწერალთან სისასტიკე და იუმორი ერწყმის რომანტიზმს, რომელიც თანამედროვე სამყაროში ქრება“ (მარკ კაგებერი, „რეალობასა და სიურეალობას შორის“, ბელგიის ფრანგული ლიტერატურის ანთოლოგია). მის თხზულებებს ხშირად ახასიათებენ ეპითეტებით – სასაცილო, აბსურდული, ორიგინალური… მომხიბვლელია მისი იშვიათი უნარი – იხუმროს ყველაფერზე, და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე.

ამელი ნოტომის თხზულებებში მულტიკულტურიზმის აშკარა გავლენა იგრძნობა, თუმცა ისინი ყველაზე მეტად იაპონური კულტურის განსაკუთრებული სიყვარულითაა გაჟღენთილი.

მწერალი ყოველ დილით, უთენია, დაახლოებით ოთხ საათზე დგება, სვამს მაგარ ჩაის და რამდენიმე საათის განმავლობაში ხელით წერს სასკოლო რვეულებში. უკვე სამოცზე მეტი ხელნაწერი დაუგროვდა. ისე სწრაფად წერს, თითქოს შინაგანი განგაში აქვს ჩართული, – წელიწადში დაახლოებით 3-4 რომანს. გადაკითხვის მერე გამოსაცემად არჩევს ერთს, რომელიც არც ისე ინტიმური ან პათეტიკურია; ვერავინ ვერასდროს წაიკითხავს დანარჩენ ხელნაწერებს.

იგი ყოველდღე პასუხობს მკითხველთა უამრავ წერილს. მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში, მასზე მრავალ სტატიას წერენ ჟურნალ-გაზეთებში. ბევრი ადამიანი ცოტა უცნაურად მიიჩნევს, რაკი მედიაში ხშირად ჩნდება უჩვეულო შლაპებით, კაშკაშა წითელი ფერის ტუჩსაცხით და მიამიტური სითამამით საუბრობს საკუთარ თავზე. ის ძალზე სპონტანურია, დიდი იუმორის გრძნობით პასუხობს უხერხულ შეკითხვებს; ცდილობს, შენიღბვის საშუალებით თავი და საყვარელი ადამიანები დაიცვას. თავს არ მიიჩნევს ექსცენტრულად, თუმცა სხვების აზრი არ აცბუნებს. აკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ მისი მოკრძალებულობა, ხალისიანობა, გადამდები სილაღე მაინც ბევრს ხიბლავს. მუსიკის, კინოს, თეატრისა და ლიტერატურის სიყვარული მას სინატიფეს ანიჭებს. ემოციებით ცხოვრობს, მაგრამ მისი მრავალსახეობა რომანებში უკეთ ჩანს, ვიდრე ცხოვრებაში: „ვფიქრობ, თხზულებებში უფრო თავისუფლად ლაპარაკობ საკუთარ თავზე… წარმოსახვას აღაგზნებს ის, რაც განვიცადეთ“, – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნოტომი, უპირველეს ყოვლისა, წერს, რათა ბოროტებას და სიკვდილს შეებრძოლოს: „წერა ჩემი შვებაა. რაკი არ ძალმიძს, ცხოვრებაში კონფლიქტებს დავუპირისპირდე, ამას ქაღალდზე ვინაზღაურებ“. ავტორი თითქოს საკუთარ თავს ეჭიდება: მისთვის ყოველი რომანი სასიცოცხლოდ აუცილებელი საწინდარია საკუთარი საზიანო ძალების მოსათოკად, რათა წითელ ღილაკს არ დააჭიროს თითი. მორიაკი ამბობდა, რომანები რომ არ დამეწერა, მკვლელი გავხდებოდიო. ამასთან დაკავშირებით ამელი ნოტომი აღიარებს, მეც მკვლელი გავხდებოდი, ოღონდ საკუთარი თავისაო; მას არ ძალუძს სხვისთვის ზიანის მიყენება. „ჩემი რომანები უამრავი წარსული თუ ამჟამინდელი ნაკლის ნაკრებია. ყოველ დილას გაღვიძებისას თავს ვეუბნები, რომ არაფერი მაქვს და ბევრი უნდა ვიწვალო რამის მისაღწევად […] წამითაც არ ვვარდები დეპრესიაში, სიცოცხლით სავსე ვარ“.

იგი აღიარებს, რომ მასში უდავოდ არის უკიდურესად რომანტიკული მხარე, მაგრამ ის მუდმივად უპირისპირდება მისი პიროვნების მეორე პოლუსს – მკაცრ, მებრძოლ ხასიათს. სწორედ ამ ორ პოლუსს შორის მუდმივი ჭიდილია მისი ენერგიის წყარო. „რომანტიკული პოლუსი სავსეა კლასიკური არქეტიპებით (მუდმივი ქალურობა, უმანკო ქალწული), მეორე კი მეუბნება: „კი, მაგრამ ვერ ხედავ, რომ ეს სასაცილოა? სწორედ აქედან მომდინარეობს ზოგჯერ მწარე ფრაზები“. იგი თითქოს ცდილობს, მოხიბლოს მკითხველი, ოღონდ არა სიცრუით, მაქინაციებით, არამედ მოკრძალებით. „ისე დიდხანს ვიცხოვრე მარტოსულმა, რომ მივხვდი, რა საოცრად მჭირდება სხვები, აქედან გამომდინარეობს მათი მოხიბვლის მნიშვნელოვნება“. უცნაურია, მაგრამ ბევრი არაფერი გაეგება ფროიდისა, მასზე მეგობრებისგან თუ იცის რამე. თვითონ არასდროს მისულა ფსიქოანალიტიკოსთან, თუმცა დარწმუნებულია, ბევრი რამ ექნებოდა გასარკვევი; ძალიან აინტერესებს და თან შიშობს. „არ მსურს, უფრო მეტი გავიგო. ვგრძნობ, რომ ამაში ბევრი რამ არის ძალიან იდუმალი, მაგრამ მირჩევნია, დაშიფრული ტექსტი არ მქონდეს წასაკითხი“.

სამყაროს მისეული აღქმა და პირველი განცდები მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ცხოვრებასთან, რომელიც დაიწყო 1967 წ. ქალაქ კობეში, იაპონიაში, ბელგიის ელჩის ოჯახში. ისინი მთის პატარა, ულამაზეს სოფელ შუკუგავაში, ქ. კობეს გარეუბანში ცხოვრობდნენ, რათა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს განრიდებოდნენ. იაპონიაში გატარებულმა 5 წელმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა გოგონაზე, რომელიც უკვე სრულყოფილად ფლობდა იაპონურ და ფრანგულ ენებს. მაშინ თავი იაპონელი ეგონა და უკვე ახასიათებდა საკუთარი თავის რწმენა, სამყაროს ლირიკული და ამაღლებული ხედვა. ამ „მითიური“ პერიოდის განმავლობაში ამელი, რომელსაც კარგად ახსოვს ბავშვობა, თავს სამყაროს შემქმნელად აღიქვამდა; ამიტომ იაპონელი ძიძის მიერ გაღმერთებული გოგონა დაფრთხა, როდესაც სკოლაში უეცრად შეეჯახა ცხოვრებას. ამელიმ გაითავისა იაპონელთათვის დამახასიათებელი სხვათა პატივისცემა, თავაზიანობა და ყოველგვარი უთანხმოებისთვის თავის არიდება, უპირატესობის მინიჭება ჰარმონიისთვის; თუმცა დასავლური ყოფა მას ზოგჯერ აღაშფოთებს. ბავშვობა მისთვის ყველაზე ინტენსიურად ცხოვრების პერიოდია, რომლისკენ მიბრუნების სურვილიც მისი თითქმის ყველა რომანის პერსონაჟებში ვლინდება.

იაპონიიდან გამგზავრებისას ამელი მიხვდა, რომ ენა შეიძლება იქცეს სიტყვების მემორიალად, რომელიც წარსულის აღდგენას უზრუნველჰყოფს: თუ ახერხებ შენი სამოთხის საოცრებების ჩაწერას ტვინში, სასწაულებრივ მოვლენებს თუ არა, მათ სიმძაფრეს მაინც აღიქვამ. სხეულის მსგავსად, ენასაც აქვს ძალა, აკურთხოს სამყაროს ელემენტები, გარდასახოს რეალობა, უარყოფითი გადააქციოს დადებითად, განცდილი ტანჯვა – შემოქმედებად, რათა მისთვის შესაფერისი ვერსია ჩამოაყალიბოს. ბავშვობაშივე უყვარდა ზღაპრების გადასხვაფერება, თავისი დასასრულის მოგონება. მაგრამ უპირატესობას ანიჭებდა ბიბლიას, რომელსაც ხშირად პოეტურად და კრიტიკულად ცვლიდა. იმ დროიდანვე დაეუფლა შიში სიცარიელისა, რომელსაც შეუძლია მისი „შესრუტვა“, და ეს შეგრძნება მწერლის წარმოსახვის ერთ-ერთ განმსაზღვრელად იქცა მომავალში. ამელის თავისებურად იზიდავს სიკვდილიც, თუმცა პატარაობიდანვე აფორიაქებს ახლობლების დაკარგვის შიში. მის რომანებში ასახული სიცოცხლის კონტროლის სურვილი სწორედ ამ ნაადრევი მოწიფულობის შედეგია.

ნოტომი გადაწყვეტს, ყოველდღიურობა ამაღლებულ მოვლენებად გარდასახოს. ის ერთგვარ ევდემონიზმს ახორციელებს – რეალობიდან ტანჯვის გადატანას, მის პოზიტიურ ფორმად გადაქცევას ცდილობს. მისი ნათქვამი „ტკივილისგან ვერ გამოვკეთდებით. მხოლოდ ტკივილის სიკეთედ გადაქცევა შეგვიძლია“ ასახავს აზიურ სიბრძნესაც: „არ შეეწინააღმდეგო ნგრევას“.

იგი არ სჯერდება იმას, რაც მოცემულია, თავისი სურვილისამებრ გარდაქმნის რეალობას და მას ნაკლულ სიმძაფრეს ანიჭებს. მის პარადოქსულ რომანებში მძაფრ ლირიკულობას არღვევს პერსონაჟების მკვეთრი გამონათქვამები. ნოტომი ეძებს ნორმიდან გადახრის მიზეზებს, რადგან ხშირად დიდებული, ძლიერი, მშვენიერი ლიტერატურაში, სიყვარულსა თუ ცხოვრებაში სწორედ იმის საპირისპიროშია მოთავსებული, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავთ ჰგონიათ ან იმედოვნებენ. აქედან გამომდინარეობს მწერლის მისწრაფება, უცნაური წესები ლოგიკას მიუსადაგოს. ამელი ნოტომი ამტკიცებს, რომ რეალობას აღწერს, ცხოვრებას კი სისასტიკე ასაზრდოებს. მისი გმირები, რომლებიც ემოციების უკიდურესი დაძაბულობის ზღვარზე ცხოვრობენ და ტანჯვას არ ეპუებიან, არ ემორჩილებიან მიღებულ ტრადიციულ მორალს ან სამართლებრივ ნორმებს, რეალობას უმორჩილებენ ფაქტების მათებურ აღქმას და ხშირად მკითხველსაც აცვლევინებენ თვალსაზრისს. საკუთარ თავთან თუ მეტოქესთან ჭიდილით აღსავსე რომანები, ხშირად მოულოდნელი დასასრულით, მკითხველს წამითაც არ აძლევს მოდუნების საშუალებას.

ამელი ნოტომის საუნივერსიტეტო განათლების შედეგად, ბარტის თანამედროვე ლიტერატურის თეორიის, აგრეთვე ფილოსოფოსების – ნიცშეს, პასკალის და კიერკეგორის, ჟორჟ ბერნანოსის ნააზრევის ზეგავლენა მეტ-ნაკლებად მის ყველა რომანში შეიმჩნევა. კრიტიკოსები, რომლებიც მის რომანებს როლან ბარტისა და მიხეილ ბახტინის იდეების საფუძველზე განიხილავენ, ხშირად ახსენებენ სხვადასხვა მწერლის გავლენას; მისი საყვარელი მწერლები არიან დიდრო, მიშიმა, ტანიძაკი, მონტერლანი, პრუსტი, სელინი, ერიკ-ემანუელ შმიტი, სიმონ ლეისი, ჟაკლინ ჰარპმანი, იოკო ოგავა, კაზუო იშიგურო…

მაგრამ თვითონ ნოტომი აღნიშნავს, რომ მართალია, უამრავ წიგნს კითხულობს, მაგრამ მაგ., ნიცშემ ან რილკემ უდიდესი გავლენა მოახდინეს არა იმდენად მის შემოქმედებაზე, რამდენადაც მის ცხოვრებაზე. მათმა თხზულებებმა სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა. „ნიცშე ერთადერთი ავტორია, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ გადამარჩინა“. იგი დარწმუნებულია, რომელიმე მწერლისთვის მიბაძვა მისდამი აღფრთოვანების ყველაზე უარესი გამოვლინება იქნებოდა. თუმცა მის რომანებში ზოგჯერ აშკარად იგრძნობა, თუ რომელი მათგანი უყვარს ყველაზე მეტად. ნოტომის აზრით, მის რომანებში არის რაღაც ბელგიური სიურეალიზმისა, თუმცა ზოგადი განსაზღვრება უკეთ ესადაგება მის ლიტერატურას – უბრალოდ, რომანებია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მას ჰგონია, რომ ბელგიელობა მშვენიერი ასათვლელი წერტილია, რაც ხელს უწყობს წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნების გამოვლენას, მასზე მაღლა რომ დგას, ვისი გაგებაც თვითონაც არ ძალუძს და რომელიც ვერანაირ ეროვნულ ჩარჩოებში ვერ მოექცევა.

კრიტიკოსებს ჯერ კიდევ ზუსტად ვერ განუსაზღვრავთ ამელი ნოტომის რომანების ჟანრი, რადგან მათ აქვთ გოთური, ფანტასტიკური, სათავგადასავლო, დეტექტიური, სიურეალისტური რომანის თუ კომედიის ნიშნები. დიალოგებით ძალიან ჰგვანან თეატრალურ დრამას. მწერალი ჯერ თავში აწყობს დიალოგებს, დაწერის მერე კი არაფერს ასწორებს. იგი მუდამ ზრუნავს რიტმზე, როგორც ყოველ ფრაზაში, ისევე მთელ რომანში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება დაძაბული და ნათელი მომენტები. „თანამედროვე ერა დანაწევრების, ფრაგმენტაციის ერაა, მაგრამ აზრის დაშლის თვალსაზრისით, მე კი პირიქით, ჩემებურად მინდა შევქმნა აზრის წარმოშობის საშუალებანი. აზრის გარეშე ფონს ვერ გავალთ“, – გვიზიარებს ნოტომი. რაც მთავარია, მასთან ვერ შეხვდებით უხამსობას, თუნდაც ამორალური ვითარების აღწერისას. მისი სიახლოვე სიურეალიზმთან აგრეთვე იუმორისტულ და მოულოდნელ განსაზღვრებებში, უცნაურ შედარებებში ცხადდება. იგი სიტყვების დახმარებით ცდილობს, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი გახდეს, და მუდმივად ქმნის საკუთარ თავს. იგი აცხადებს: „სიტყვების მიღმა არ ვარსებობ“.

ზღაპრული ბავშვობის 5 წლის შემდეგ ამელი იძულებულია, სათაყვანებელი იაპონიიდან ოჯახთან ერთად გადავიდეს ჩინეთში, პეკინში. ამელი არაერთ რომანში შეეცდება საოცნებო ბავშვობის წვრილმანების აღგენას, – მხოლოდ ენას, ლიტერატურას თუ ძალუძს გადმოსცეს მისი თავდაპირველი განცდები და დაუბრუნოს ბედნიერება, ის დრო, როდესაც თაყვანისცემას იმსახურებდა „დაუმსახურებლად“, უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობდა.

ამელი ნოტომის აზრით, ბავშვობა ცხოვრების ყველაზე რთული და სასტიკი, თუმცა უმშვენიერესი დროა. გაზრდას მოზრდილის დაკნინებად მიიჩნევს, რადგან მხოლოდ ბავშვია ჭეშმარიტად ბრძენი, მარტო ის აღიქვამს ცხოვრებას გრძნობათა მთელი სიმძაფრით. თუნდაც მოზრდილობისას ძალზე მღელვარედ ვიცხოვროთ, მაინც თითქოს ზედაპირულად ვარსებობთ, თანაც როცა ვიზრდებით, ვცრუობთ, სისასტიკეს კარგი მანერების მიღმა ვმალავთ… „ჩემთვის მშვენიერი ცხოვრება ბედნიერს კი არა, მგზნებარე ცხოვრებას ნიშნავს, მომწიფების წლებში ძალიან განვიცადე, თითქოს ჩემი რომელიღაც დაცული ნაწილი გაუფერულდა“. ამელი პატარაობაში თავს არც გოგოდ აღიქვამდა, არც – ბიჭად. მერე კი მიხვდა, რომ ღმერთი არ არის, მაგრამ ილტვოდა ყოვლისშემძლეობისკენ, რომ ყოფილიყო ბიჭიც და გოგოც; ამას კი არარად ყოფნის ოცნებამდე მივყავართ. მისი აზრით, გაზრდა არ იძლევა ცოდნის, სიამოვნების მომატების ანდა თავისუფლების მიღწევის საშუალებას. „ყოველთვის ვიცოდი, რომ მოწიფულობის მერე ცხოვრება ეპილოგია და სხვა არაფერი“. მოგვიანებით რომანში „საკუთარი სახელების ლექსიკონი“ გაჩნდა თვალსაზრისი, რომ „მოზრდილობის ასაკშიც შეიძლება იყო ბედნიერი“. ბავშვობის გახსენებისას ამელი ნოტომის სტილში რომანტიზმითა და პოეზიით გატაცება იგრძნობა.

ავტობიოგრაფიული ხასიათის რომანში „შეყვარებულის ამხედრება“ მან აღწერა ხუთი წლის გოგონას მიერ სამყაროს აღმოჩენა დიად, მაგრამ ტოტალიტარიზმით დაკნინებულ ჩინეთში 1972-75 წლებში; ამასთან მწერალი აზუსტებს, რომ ეს ამბავი არსად ხდება, ანუ რაკი ჩინეთმა დაკარგა უძველესი ლეგენდარული წარსული, ის თითქოს აღარც არსებობს. გოგონა კი თავს ლეგენდარულ ჩინეთის მაცხოვრებლად აღიქვამს. წარმოსახვითი ქვეყანა, ჭეშმარიტი იმპერია, სადაც უჩვეულო გმირობისა და თავგანწირვის ატმოსფერო მეფობს, ამელის იცავს კიდეც გარემოსგან, რომელიც მის მშობლებს და გამოცდილ დიპლომატებსაც კი თრგუნავს; მშობლები სულ დაკავებულნი იყვნენ, ამიტომ ამელი ჩინეთში აღმოაჩენს, თუ რა არის სრული თავისუფლება, როცა არავინ მეთვალყურეობს. ის გრძნობს, რომ დიდებზე, „დაცემულ ბავშვებზე“ მაღლა დგას. ამ რომანში მწერალი თავდაყირა აყენებს პრინციპებს, რომელთა მიხედვით ბავშვი უმწიფარი არსებაა, უფროსი კი – უცილობელი ბატონი. თუმცა ჩინურმა კომუნიზმმა ქვეყანას ფიზიკური, კულტურული და სოციალური ძალადობის სამარცხვინო დაღი დაასვა, გოგონა ყოვლისშემძლე წარმოსახვის საშუალებით გარემომცველ სიმახინჯეს უგულვებელყოფს და ლირიკულად, ამაღლებულად და ამასთან საოცარი ირონიით გადმოგვცემს რეალობის ეპოპეას. პატარა გოგონას ბრძნული პესიმიზმი სიცოცხლის მძლავრ სიყვარულს თუ შეედრება.

დიპლომატიურ გეტოში ჩაკეტილი ბავშვების ომის აღწერისას ვლინდება მწერლის წუხილი, რომ ადამიანები ურთიერთობაში უპირატესობას ანიჭებენ ძალადობას. მაგრამ სისასტიკეს და ცინიზმს მიამიტობა და უმანკოება უპირისპირდება.

მწერლის ფანტაზია კვლავ ნიცშეს ეხმაურება, რომლის აზრით, მტრების ყოლა სასარგებლოა; როდესაც მტერი არ არის შინაგანი, ის გარესამყაროშია. გოგონა ცდილობს, ჩასწვდეს ყველაფრის ღრმა აზრს და პაექრობა შეძლებისდაგვარად დადებითად გადაიტანოს, როგორც ამას პარადოქსებისადმი მიდრეკილებაში ამჟღავნებს: „მტერი მესიაა. მისი არსებობაც კი კმარა იმისთვის, რომ ადამიანი ენერგიით აღივსოს.“ ბრძოლის შედეგად ცხოვრებას აზრი ენიჭება და ადამიანი ვითარდება. ჭიდილი საკუთარი თავის ამაღლების შესაძლებლობაა, თუკი ღირსებას არ დაკარგავ. ჯალათების და მსხვერპლთა მონაცვლეობა, სიტყვიერი თუ ფსიქოლოგიური სისასტიკე გულწრფელი, ფანტაზიით აღსავსე თამაშის ფონზე მიმდინარეობს.

მოქიშპეთათვის არც სიყვარულის აღმოჩენაა უცხო. ამელის, როგორც რომანის გმირს, იტალიელი გოგონა, „ილიადას“ პერსონაჟის სეხნია, ცივი, გულგრილი, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი ელენე სიყვარულის შეუწყნარებელ ომში ჩაითრევს. ამელი, არმიის მზვერავი, ცხენად გარდასახული ველოსიპედით რომ მიაჭენებს და ესწრაფვის სიკვდილს, ხოტბას ასხამს იმ სიამოვნების განცდას, როდესაც თავში უქრის სისწრაფისგან, და ოცნებობს, „გმირობის თავსატეხად“ დანაწევრდეს აფეთქებისას. სიკვდილისადმი სწრაფვა ბავშვობის, განდიდების მანიით შეპყრობილის პარადოქსული ოცნებებია. მიუხედავად ამისა, სიყვარულში ამელი სრულ განსხვავებას ეძიებს. მთხრობელისთვის ელენე პირველი „სხვაა“, ვისი არსებობაც თითქმის მუქარაა, რადგან უეცრად გოგონა აღარ არის თვითკმარი. თუმცა იგი ამაღლებულად გამოხატავს სიყვარულს, რაინდივით შეჰფიცავს ელენეს ერთგულებას და მორჩილებას.

მწერალი სიყვარულს მისტიურ საბურველში ხვევს. მაგრამ მას სავალალო შედეგებიც მოაქვს – სიყვარულში ხომ, როგორც ომში, ყველანაირი დარტყმა ნებადართულია; მისი აზრით, სიყვარული ყველაზე სასურველი ომია, იმიტომ, რომ „დუელის შედეგად სიყვარული გვრჩება… როგორც უპირატესი დაპირისპირება“. ის ფიქრობს, რომ სიყვარულის საფუძველი ხშირად მეორე ადამიანის განადგურებაა.

ნოტომს სამურაების იაპონურმა ეთიკამ ჩაუნერგა თვითმკვლელობისადმი მისწრაფება. თავგანწირვის იაპონური ტრადიცია ესთეტიკური არჩევანიდან მომდინარეობს: მშვენივრად და ღირსეულად უნდა იცხოვრო და მოკვდე. რომანში გოგონა არ ეპუება განსაცდელს და სიცოცხლის გარისკვისას გარკვეულ სიამოვნებასაც გრძნობს, რადგან უკვე ხვდება, რომ მთავარი ღირსებაა – შეგეძლოს სიყვარული. ამიტომაც იმარჯვებს საკუთარ თავზე და ტანჯვას ამაღლებულ გრძნობად აქცევს. ამ თემასთან დაკავშირებით ნოტომი აღიარებს: „შესაძლოა, მაშინ ჩემი თვალსაზრისი იყო განსაკუთრებული, მაგრამ – სიმართლე. აქ ჭეშმარიტების დასაწერად არ მოვსულვარ, ჩემი ჭეშმარიტება უნდა დავწერო. […] ცხოვრებაში ვითმენ ძალადობრივ ურთიერთობებს, რათა ისინი არ ავიტანო სიყვარულში, რომ სიყვარული და სექსი შორს იყოს ძალადობისგან“.

სისასტიკეში გარდამავალი უკიდურესობებით აღფრთოვანება მწერლის ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან მომდინარეობს. წარმოსახვაში შეჭიდების მნიშვნელოვნობას მიხვდება, როდესაც სუმოისტთა ორთაბრძოლას უყურებს იაპონურ გადაცემებში. სწორედ ეს სანახაობა აღიბეჭდება ამელის გონებაში და შთააგონებს მას უზარმაზარი, შემზარავი, იდუმალი ღვთაებების მსგავს პერსონაჟებს, როგორიცაა პრეტექსტატი, პალამედი და ბერნადეტი. ამასთანავე უზომოდ აფასებს XIX ს.-ის ბოლოს გამქრალი მეომართა კლასის, სამურაების ფილოსოფიას, რომლისთვისაც უმთავრესია თავგანწირვა, წესრიგი, ზემდგომთა უსაზღვრო ერთგულება. მეომრებს არ ჰქონდათ ტანჯვის ნიშნების გამოვლენის უფლება, უჩვეულო ძალისხმევითა და თავშეკავებით უნდა გაეძლოთ ყველანაირი განსაცდელისთვის. სამურაების იდეალიდან ნოტომი საბოლოოდ ამ განმსაზღვრავ განტოლებას აღიქვამს: სიკეთე არის ენერგიის ფიზიკური და გონებრივი გამოვლინება, ბოროტება კი – სიკვდილია, არარა.

იაპონიის შემდეგ ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთში, ბირმაში (ამჟამად მიანმარის რესპ.), ტაილანდში, ნიუ-იორკში ცხოვრებამ მას სხვადასხვა კულტურის ფაქიზი ემოციური აღქმა ჩამოუყალიბა. ერთი ჟურნალისტი მის ცხოვრებას უწოდებს „კულტურულ ხეტიალს, რაც მის ცნობისმოყვარეობას ზრდის და მის მოუთმენლობას აძლიერებს“. ხშირი გადასვლა ერთი საცხოვრებელი ადგილიდან მეორეზე ამელის სიცოცხლის მერყეობის გრძნობასაც უღვივებს. წარსულის მიტოვების (თუ დაკარგვის) შეგრძნება უმძაფრებს იმ საშინელ განცდას, რომ შეიძლება, თვითონ აღმოჩნდეს მიტოვებული. სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანის ეულობის გრძნობა კი მას ნელ-ნელა საკუთარ თავში კეტავს.

1984 წ. 17 წლისას, პირველად ჩასულს მშობლიურ ქვეყანაში, ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში კლასიკური ლიტერატურის შესასწავლად, მარტოსულობის შეგრძნება გამძაფრებია. დასავლურ კულტურას და ცხოვრების სტილს მასზე ერთგვარი შოკი მოუხდენია; და ფესვებს მოწყვეტილმა, თავის ამხანაგებს განრიდებულმა ამელიმ გადაწყვიტა, მწერლობისთვის მიეძღვნა თავი. თუმცა იგი ყოველთვის წერდა, – თავს „გრაფომანს“ უწოდებს. იქამდე სერიოზულად არც აღიქვამდა თავის ნაწერებს, ვერც კი ბედავდა, ეფიქრა მწერლობაზე, მალევე მისთვის უდიდეს აუცილებლობად, სიამოვნებად და გატაცებად რომ იქცა; ახლა კი ვერც წარმოუდგენია ცხოვრება შემოქმედების გარეშე.

პროფესიული გზის ძიებაში, სწავლის დასრულებისთანავე 1 წელი თარჯიმნად მუშაობდა იაპონიაში. როდესაც მრავალი წლის მერე დაბრუნდა იქ და ამომავალი მზის ქვეყანასთან, თავის ძიძასთან და პირველ შეყვარებულთან ამაფორიაქებელი შეხვედრები გადმოგვცა რომანში „ნათელი სევდა“ (ან „ბედნიერი ნოსტალგია“, 2013 წ.), თხრობა ასე დაიწყო: „ყველაფერი, რაც გვიყვარს, წარმოსახვად იქცევა“. თურმე მხოლოდ 2012 წლის აპრილში მიხვდა, რომ „…სიტყვები „ნათელი სევდა“ დასავლეთში ერთმანეთის გამომრიცხველია, ოქსიმორონია. იაპონიაში კი ეს ჭეშმარიტებაა! …ყოველთვის ვამბობდი „ნაცუკაშიის“ და მეგონა, რომ ეს ნამდვილ იაპონელად მაქცევდა, არადა, სუფთა დასავლური აზრით ვიყენებდი!… 44 წელია, ყველას ვუმეორებდი, რომ იაპონელი ვარ ნოსტალგიის გამო, და ვცდებოდი! ეს იმას ამტკიცებს, თუ როგორ შეიძლება რაღაც ააგო მცდარ აზრზე…“

თუმცა მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი ჟაკლინ ჰარფმანი შეგვახსენებს, რომ ავტობიოგრაფია ყოველთვის თვალში ნაცრის შეყრაა, რადგან მეხსიერება მატყუარაა, როდესაც წერის დროს მნიშვნელოვან ავტობიოგრაფიულ ფაქტებს აღვწერთ, ემოციების ჭეშმარიტებას გადმოვცემთ; მოვლენათა ჭეშმარიტებას კი არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სახლებისა და ქალაქების მუდმივმა ცვლამ ამელი ნოტომი უამრავ საყვარელ ადგილს, ნივთსა თუ ადამიანს მოაშორა, ამან იგი აიძულა, თავშეკავებით მოქცეოდა ყველას, აღარაფერზე მიჯაჭვულიყო გულით, რათა განშორებას აღარ დაეტანჯა. იგი გვიზიარებს: „ჩემს ცხოვრებაში მართლაც განვახორციელებ ეკლესიასტეს სიტყვებს: „შენი გული იქ იქნება, სადაც შენი საუნჯეა“. ვცდილობ, არ მქონდეს საუნჯე სადმე, ჩემს გარეთ, თორემ დროს ტანჯვაში გავატარებ, ეს კი სულაც არ მსურს“.

რამდენადაც მარტოსული იყო მოზარდობის პერიოდში, იმდენად სწყურია ახლა ადამიანებთან შეხვედრები. დედამისი აზუსტებს: „ამელი ძალიან მოსიყვარულეა და სურს, ისიც უყვარდეთ“. მარტოობის მოთხოვნილებასა და სიყვარულისკენ სწრაფვას შორის გახლეჩილი მწერალი ურთიერთობებს მეტაფიზიკურ განსაცდელებად აღიქვამს. შეხვედრებისკენ ლტოლვა ჯაბნის სიმორცხვესა და მიტოვების შიშს. ცხადია, სიყვარული შეიძლება, მხოლოდ მარადიული იყოს, მეგობრობა კი – დახვეწილი. სტენდალის სიტყვებმა, „ბევრი რამ მოგეტევება, რადგან ძალიან გყვარებია“ – უდავოდ დიდი კვალი დატოვა მის თხზულებებში.

შესაძლოა, ამიტომაც მის რომანებში მეფობს სიყვარულის აბსოლუტიზმი, ეს გრძნობა სიკვდილის ანტიდოტად აღიქმება. გმირები მარადიული სიყვარულის ძიებასა და საკუთარ თავთან ჭიდილში უკიდურეს წერტილს აღწევენ და თანდათან ღმერთს უტოლებენ თავს. შეყვარებულთა შეუწყნარებელ ომში ყველანაირი საშუალება გამართლებულია, სიკვდილიც კი ბუნებრივად აღიქმება ერთადერთი პირობით – თუკი სიყვარული მარადიული და აბსოლუტურია. თუმცა სიყვარულმა ჯერ ვერცერთ გმირს ვერ მიანიჭა სრული ბედნიერება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ყველა რომანში აშკარად ჩანს უკიდეგანო მარტოსულობა „დრომოჭმული“ სიყვარულისა თუ მეგობრობის იდეების გამო. გმირების სურვილი, შეაჩერონ დროის დინება ესადაგება მარადისობაში შეღწევისკენ ლტოლვას, „სამუდამოდ გაყინული დროის სასწაულს“ („მკვლელის ჰიგიენა“). თუმცა სიკვდილის, როგორც სიყვარულით გამოწვეული ბედისწერის, უდრტვინველად მიღებაც მისი გმირების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. „მერკურში“, „მკვლელის ჰიგიენასა“ და „მტრის ნიღაბში“ მწერალი ქალისა და კაცის ურთიერთობას ბატონი-მონის დიალექტიკით ანაცვლებს. სისასტიკეს თან სდევს მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენების სურვილი: „სიყვარული სნეულებაა, რომელიც გაბოროტებს“ („მერკური“).

ნოტომი ქმნის ამაღლებულ, დიდებულ და, ამავე დროს, მდაბალ, შემზარავ, თანაც იდეალებისკენ იმდენად მისწრაფებულ გმირებს, რომ ამის გამო ისინი დამნაშავენი ხდებიან. მათი სიყვარული აღარაფრით განსხვავდება საყვარელი ადამიანის განადგურების მცდელობისგან, გარეგნული სიმახინჯე კი შინაგან სილამაზეს და ძალიან ნათელ სულს ავლენს. მწერალი დარწმუნებულია, რომ მშვენიერების მიღწევა მხოლოდ სიმახინჯის გავლით არის შესაძლებელი. სილამაზეს გააჩნია მოჯადოების უნარი, რომელმაც შესაძლოა, ადამიანს უკიდურესობებისკენ უბიძგოს და შეიძლება ჭეშმარიტ სისასტიკესაც მალავდეს. მისი აზრით, ყველანაირი ტანჯვიდან არსებობს გამოსავალი, ყოველთვის შესაძლოა, ხელში აიღო საკუთარი ბედისწერის აღვირი და მშვენიერებისკენ ისწრაფვოდე. ნოტომი ცდილობს, გააუქმოს დესტრუქციული დუალიზმები და კონფლიქტების გადასაწყვეტად ერთმანეთს შეურწყას საპირისპირო თვისებები, ღვთაებრივი და ეშმაკისეული. ის უბრალოდ, აფხეკს ზედაპირს და სულის სიღრმეში ჩაჰყავს მკითხველი.

ბავშვობის პირველი ორი წლის განმავლობაში, ამელი თითქოს სრულ სიცარიელეში, თავისივე სხეულის ორგანულ ციხეში ჩაკეტილი ცხოვრობდა. ეს არაერთხელ გამოვლინდა მის რომანებში და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი იმთავითვე შეზარა სიცარიელემ. სიცარიელის შიში გვხვდება მის რომანში „კატილინას წინააღმდეგ“, პალამედ და ბერნადეტ ბერნარდენების პერსონაჟთა აღწერისას. მისი თვალსაზრისი სხეულზე ესადაგება იდეებს, რომლებიც გამოხატულია მწერლისთვის ერთ-ერთ ფუძემდებლურ წიგნში „ზარატუსტრა“. ნიცშე უპირისპირდება „სხეულის მგმობელებს“ და აღაფრთოვანებს ძლიერი, სრულქმნილი სხეული, უარყოფს ტრადიციულ ქრისტიანულ თვალსაზრისს, რომ გონება უნდა მართავდეს სხეულს და ინსტინქტებს. ეს უზნეო სხეული სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. პერსონაჟების საშუალებით ნოტომი კიცხავს სისულელეს მორალისტებისა, რომელნიც მგრძნობელობას და ჭკუას ერთმანეთს უპირისპირებენ, რადგან „უფიქრიათ ოდესმე იმათზე, ვისაც გრძნობები არ ანათებენ?“

რომანში „კატილინას წინააღმდეგ“ პენსიაზე გასვლის მერე სოფლად დასახლებულ, ლათინურისა და ბერძნულის მასწავლებელს, ემილ აზელს ცოლთან, ჯულიეტასთან ერთად განმარტოება კოშმარად ექცევა; მას აფორიაქებს მეზობლის და მისი გონებაჩლუნგი ცოლის შემზარავი შინაგანი სიცარიელე, უფრო კი ექიმი პალამედისა, ვისი ცხოვრებაც ჯოჯოხეთად მიაჩნია. რომანში ემილ აზელი ამბობს: „მეც შემიძლია, უნიათო არარაობა ვიყო: ყველას აქვს თავში დიდი, უძრავი რამ. საკმარისია, ნება დართო და გამოვლინდება. არავინ არის ვინმეს მსხვერპლი, გარდა საკუთარი თავისა“. აღშფოთება სრულიად გარდაქმნის სიყვარულით აღსავსე მასწავლებელს და მის უფაქიზეს მეუღლეს, და მათ დანაშაულისკენ უბიძგებს. მოკრძალებული ემილი მოულოდნელად აცხადებს: „თუ არ ძალგვიძს სხვისი დატანჯვის გარეშე ცხოვრება, ჯობს, არ ვიცოცხლოთ“. იგი ბოროტებას ადარებს აირს, რომლის დანახვაც შეუძლებელია, მაგრამ ყველგან ვრცელდება; თვით იდეალური, მოსიყვარულე წყვილიც კი არ არის მისგან დაზღვეული. რომანის კითხვისას არ გვასვენებს ერთი კითხვა: იქნებ მთელი ცხოვრება ერთადერთი გამოცდისთვის მზადებაა?

ნოტომის რომანებში ყველაზე ხშირად ასახულია აზრთა ჭიდილი ორ პერსონაჟს შორის. გარეგანი მტრის გამოჩენა წარმოშობს ანდა აღვიძებს მის შინაგან მტერს, და გაორება ყოველთვის აგრესიულად გამოიხატება. მაგრამ უკუღმართი ტირანი, რომელიც უყოყმანოდ გარდასახავს რეალობას თავისი სურვილისამებრ, ყოველთვის არ არის დამნაშავე, განრისხებული მსხვერპლიც შეიძლება ბოროტების გამომწვევი იყოს და თავად იქცეს ჯალათად. ერთი შეხედვით სუსტი ადამიანები, თუკი სხვის ხსნას განიზრახავენ, ძლიერდებიან, ჯალათებად იქცევიან და სასტიკ პაექრობაში სიამოვნებასაც იღებენ; ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, ამიტომ ერთბაშად უშვებენ იმ ურჩხულს, რომელიც თურმე მათ სულში ბინადრობდა. შეიძლება, იმ მიზეზითაც, რომ პერსონაჟების უმეტესობა მოწყვეტილია თავის სოციალურ გარემოს, მშობლებს, ახლობლებს, ერთგვარ ცხრაკლიტულში ჯალათთან ერთად აღმოჩენილებს კი აგრესიული ამბოხებაღა დარჩენიათ მტრის წინააღმდეგ. მათი „სისხლიანი“ დიალოგი შემზარავ ჟღერადობას აძლევს მორალურ და ფსიქოლოგიურ დაპირისპირებას, რასაც ხშირად თან სდევს ფიზიკური სისასტიკე. ცინიზმით და ირონიით აღსავსე სიტყვები უმძლავრესი იარაღია მკვლელობისთვის.

იაპონური ცხოვრების კონცეფციის ზეგავლენით, ნოტომი თავის თხზულებებს უკიდურესობებზე, წინააღმდეგობებზე აგებს: ახალგაზრდობა და სიბერე, სილამაზე და სიმახინჯე, სიმსუქნე და სიგამხდრე, ადამიანობა და ღვთაებრიობა, უმწიკვლობა და სიბილწე. იაპონელთა ღირებულებათა ცენტრში ღირსება დგას; მნიშვნელოვანია, ყველა შემთხვევაში ისე მოიქცე, რომ სხვათა და საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნო. აქედან გამომდინარეობს სულიერი და ფიზიკური სიწმინდის თაყვანისცემა და უწმინდურობის სიძულვილი. იაპონური მხატვრობის მსგავსად, მის რომანებშიც დახვეწილად აისახება ჩრდილისა და ნათელის, სისრულისა და სიცარიელის დაპირისპირება; მაგ., ბუნება მის რომანებში მცირედ, პირობითადაა აღწერილი. ადამიანთა ურთიერთობაც სტილიზებული, მეტ-ნაკლებად რიტუალიზებულია. მწერალი იაპონიის მადლიერია, რადგან მისი წყალობით მიაპყრო ყურადღება სილამაზეს, ისევე, როგორც სიმახინჯეს: „იაპონიაში ესთეტიზმი ღრმად არის ფესვგამდგარი და სილამაზით დაინტერესება აუცილებლად მისი საპირისპიროთი დაინტერესებასაც ნიშნავს.“ მას აჯადოებს იაპონური საოცრებები, უყვარდება სპეტაკი თოვლი, რაც მის რომანებში აისახა. მისთვის იაპონელობა მშვენიერებისა და თაყვანისცემის წიაღში ცხოვრებას ნიშნავდა.

მოზარდობისას მარტოსული ამელი უფრო მეტად მიეჯაჭვა კლასიკურ ლიტერატურასა და ენებს. იგი გრძნობდა, რომ ენა და ლიტერატურა მუდამ მისი თანმდევი იქნებოდნენ, გონების ღუზად იქცეოდნენ, ამიტომ მისი პიროვნების განვითარება სიტყვების ფლობის ოსტატობას შეერწყა. რომანებში მისი ბევრი პერსონაჟი მოგვაგონებს ბერძნული თუ რომაული მითოლოგიის გმირებს; მწერალი სიტყვების ეტიმოლოგიასაც არანაკლებ ყურადღებას აქცევს. ნოტომი ხშირად სარგებლობს სიტყვის ორმაგი მნიშვნელობით. მაგ.: „მერკურში“ სიტყვა, რომელიც სამეურვეო ობოლს აღნიშნავს, თვალის გუგასაც ნიშნავს თარგმანში. ომერი ანარეკლით მანიპულირებს და აზელს წაართმევს მის საკუთარ მზერას იმით, რომ სახლიდან მოაშორებს ამრეკლავ ზედაპირებს, თვით სახელი ომერი კი ბერძენ ბრმა პოეტს, ჰომეროსს მოგვაგონებს.

რომანებში ნოტომმა მრავალჯერ გამოიყენა მითი ორფევსზე, ოღონდ სახეცვლილად. ევრიდიკეზე შეყვარებული პოეტი და მუსიკოსი ორფევსი ჯოჯოხეთში ჩადის სატრფოს დასაბრუნებლად. მაგრამ ევრიდიკე ვერ ასრულებს პლუტონისთვის მიცემულ პირობას და მეორედ და უკვე სამუდამოდ კარგავს ევრიდიკეს. ნოტომის სამყაროში ორფევსს აქვს როგორც ურჩხულის, ისე ამაღლებული ხელოვანის თვისებები. კრიტიკოსი იოლანდა ჰელმი მიიჩნევს, რომ ნოტომი სახეს უცვლის მითის ყოველ კომპონენტს „მკვლელის ჰიგიენაში“. ევრიდიკეს სიკვდილი ორფევსის ნახელავი აღმოჩნდება ლეოპოლდინა-პრეტექსტატის წყვილში. შემდეგ მწერალი ტაში საყვარელ ქალს რომანების წერით ეძიებს. ნოტომი ისწრაფვის ევრიდიკეს მკვდრეთით აღდგომას ნინას პერსონაჟში, რათა მან შური იძიოს ორფევსზე. მწერალი გარდასახავს ევრიდიკეს მკვლელ გველს იმ ენად, რომელსაც მოკვლა ძალუძს. რომანში „მერკური“ ომერი აღნიშნავს ფრანსუაზას შესახებ: „ის გველია, რომელიც ჩემს ევას ელაპარაკება. რატომ ძალუძს სამოთხის განადგურება ისეთ სულელურ რამეს, როგორიცაა ენა?“ მწერლისთვის ლაპარაკი სხვის გასანადგურებლად ნიშნავს მეტაფორული თვალსაზრისით ერთადერთი აზრის მოხვევას, ეს კი შინაგანად კლავს მსმენელს.

საინტერესოა ნოტომის დამოკიდებულება მეტაფორასთან. „მკვლელის ჰიგიენაში“ პრეტექსტატი მეტაფორის გამოყენებას მოვლენის ერთიანობაში, „მარადისობაში“ შეღწევის უნარს ანიჭებს. ის თავისი ცხოვრების მთავარ მოვლენას, ბიძაშვილის გაგუდვას, ტექსტის შექმნას ადარებს: „შეხედეთ თითებს, ხრტილებს რომ აწვებიან, ფოროვან სხეულში შედიან, ამ ქსოვილში, რომელიც ტექსტად იქცევა“. ნოტომი მეტაფორის გამოყენებით მიზნად ისახავს, ჩვეულ წესებს წაართვას განსაკუთრებული ღირსება – სიყვარული ან მშვენიერება. მეტაფორა აღარ არის შედარება, რომელიც წარმოგვასახვინებს რეალობას სხვა რეალობის საშუალებით. მეტაფორა თავისთავად არის მნიშვნელოვანი.

ამელისთვის წიგნები არა მარტო თბილი კერაა, რომელიც გიცავს და ცხოვრებაში გეხმარება. ისინი მისთვის ბავშვობის ძირითადი შემცვლელია. კითხვა და გადაკითხვა სიამით აღავსებს მის ცხოვრებას, ბავშვობის შეგრძნებებს აპოვნინებს. აზელი „მერკურში“ აცხადებს, რომ ლიტერატურას გათავისუფლებაზე მეტი ძალუძს – ის მხსნელია. „მკვლელის ჰიგიენაში“ პრეტექსტატ ტაში აზუსტებს, რომ თეზისებიანი და ზუსტი ინფორმაციის მიმწოდებელი წიგნები კი არ ახდენენ შთაბეჭდილებას და გარდაგსახავენ, არამედ ისინი, რომლებშიც ასახულია მისწრაფება, სიამოვნება, გენიალური წიგნები და, განსაკუთრებით, მშვენიერი წიგნებიო.

ამელისთვის ძალზე ახლობელია ადამიანის ცხოვრების ტრაგიკული აღქმა, ბედისწერის მიღება ყველა თავისი საშინელებით, თუნდაც ეს სიკვდილი ან დაცემა იყოს. ცხოვრება განისაზღვრება, როგორც უწყვეტი შექმნა და მოსპობა დიონისურ თამაშში. დიონისეს, ორსახოვან ღმერთს, კეთილისმყოფელ და ავისმომტან, სიცოცხლისა და სიკვდილის ორბუნებოვან ღვთაებას, მოგვაგონებს ნოტომისეული სამყარო. ამელი აცხადებს: „ვფიქრობ, რომ ზრდა-განვითარება ჰეგელისეული პროცესია; ბავშვობა – თეზა, მოზარდობა – ანტითეზა, მოწიფულობა კი – სინთეზი. საოცრად მიყვარდა ბავშვობა, რადგან ის შექმნა, კონსტრუქცია იყო, მძულდა მოზარდობის პერიოდი, რადგან ის მოსპობა, დესტრუქცია იყო, მოწიფულობა კი ნიცშესეულია“. ნიცშეს ფილოსოფია დაფუძნებულია კონსტრუქციულ-დესტრუქციული დიონისეს ორბუნებოვნებაზე, იმავე თამაშში რომ არის ჩართული – ხელოვანისა და ბავშვის თამაშში, რომელთაც ძალუძთ განვითარება და დაცემა, შექმნა და მოსპობა ყოველგვარი ზნეობრივი კატეგორიების მიღმა, მარადიულად თავიანთი მსგავსი უმანკოებით. ნიცშეს კითხვა ამელის აგულიანებს, რომ სიცოცხლე ესთეტიური თვალსაზრისით აღიქვას. მის თხზულებებში ადგილები, საგნები, აზრები და ადამიანები ესთეტიკის მიხედვით განიხილება. ნოტომის მრავალი გმირი ცხოვრების უკანასკნელ დღესაც კი ხელოვნების ნიმუშად აქცევს. რომანის წერის ხელოვნებაც ხომ მშვენიერების ძიებაში მდგომარეობს, მით უმეტეს, როდესაც შინაგან მტერს ებრძვი. მწერალი არ იზიარებს ნიცშეს ყველა თვალსაზრისს, მაგრამ მისი ფილოსოფია ნოტომისთვის კითხვების დასმის მარადი წყაროა. ფილოსოფოსის გავლენით ამელი დარწმუნებულია, რომ ცხოვრებისეული ომის სკოლაში ყველაფერი, რაც არ კლავს, განავითარებს და აძლიერებს ადამიანს. ისევე, როგორც ნიცშესთვის, ნოტომისთვისაც ყველაფერი – მშვენიერი თუ შემზარავი ხელოვნებაში – გარდასახვის და ცოდვების გამოსყიდვის საწინდარია.

კრიტიკოსი კლარა დიუპონ-მონოს აზრით, ნოტომი თავის თხზულებებში ერიდება წარსულ ტანჯვასთან პირისპირ დარჩენას. რომანში ყოველთვის გარდასახვაა წინწამოწეული. ნოტომი აზუსტებს: „ლიტერატურა, რომელიც შეეხება ტკივილის უპირატესობას, სარგებლიანობას და მორალურ ფასეულობას, ამორალურია, ის თავს გვახვევს განდიდების ერთ-ერთ სახეობას. ლიტერატურული თემა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეულ მანძილს იცავ“.

საპირისპიროდ კრიტიკოს მარკ ლამბრინის აზრისა, რომ თანამედროვე ლიტერატურულ ეპოქაში იფურჩქნება „დესტრუქცია, მაზოხიზმი, ნიჰილიზმი“, ნოტომმა კვლავ დაიკავა მებრძოლი ლიტერატურის პოზიციები. თუმცა ნოტომი ქალთა პოზიციას იცავს, იგი უარყოფს ფემინისტის იარლიყს: „ჩემი ფემინისტური ქცევა მოქალაქეობრივი, კანონიერი ქცევაა, რომელიც ბევრ სხვაგვარ საქციელსაც აერთიანებს, მაგალითად, ბრძოლას რასიზმისა და უთანასწორობის ყოველგვარ ფორმასთან“. უამრავი სოციალური კონფლიქტის ასახვით იგი უსინდისობასა და თვალთმაქცობას ებრძვის. მისი აზრით, სოციალური ძალადობა, რომელიც იმალება თავაზიანობის მიღმა, მას უფრო სახიფათოს ხდის. სწორედ ეს მოვლენაა აღწერილი რომანში „კრძალვით და ცახცახით“, სადაც მწერალი იკვლევს ძალაუფლებას და ეკონომიკურ სისტემას დაქვემდებარებულ ადამიანთა ფსიქოლოგიას, თან თანამედროვეობას აკრიტიკებს. ნოტომი გვიხსნის, რომ თავის მიზანს ემსახურება; შეიძლება, ეს ბრძოლა უმნიშვნელოა, მაგრამ პოლიტიკის უმცირეს ნაწილაკებს, ანუ სხვასთან ურთიერთობას ეხება. ერთადერთი ჭეშმარიტი შეკითხვა, რომელსაც ამელი ნოტომი სვამს, არის „როგორ მოვახერხოთ, რომ ადამიანთან ურთიერთობამ თვითგანადგურებამდე არ მიგვიყვანოს? როგორ მივაღწიოთ ჭეშმარიტ ცივილიზაციას?“

ბელგიელ მწერლებს საერთოდ ახასიათებთ მებრძოლი, თამამი, გამამხნევებელი სტილი, მათ ხომ ეროვნულობა უნდა შეინარჩუნონ, ამასთანავე წინამორბედი ფრანგული ლიტერატურის ფონზე წარმოჩინდნენ. ანდრე ბრეტონის აზრით, „ზრდასრული ადამიანებისთვისაც უნდა დაიწეროს ზღაპრები“. ნოტომი თავის რომანებს ზღაპრის მნიშვნელობას ანიჭებს და აცხადებს, რომ საჭიროა „რეალობას ნაკლული ნაწილი შევძინოთ“. მისი სიახლოვე სიურეალიზმთან აგრეთვე იუმორისტულ და მოულოდნელ განსაზღვრებებში, უცნაურ შედარებებში ცხადდება.

კრიტიკოსი სესილ ჟილბერი აღნიშნავს, რომ ამჟამად ლიტერატურის მრავალჯერადი „შევიწროების“ მოწმენი ვართ: ის ან „ეგოცენტრულია“, ან სექსუალური და სოციალური უბადრუკობის წარმოჩენას ცდილობს. ნოტომი, თავის მხრივ, სექსუალობის გადაჭარბებულად აღწერას ერიდება. მწერლის აზრით, „ზოგჯერ რამის სახელდების მცდელობა ანგრევს მას“.

ნოტომის „განმწმენდ იუმორს“ ხშირად ახსენებენ ჟურნალისტები. მისი მსუბუქი, ზოგჯერ მწარე იუმორი არასდროს იქცევა პათეტიკურად ან მელანქოლურად. რაც უფრო სერიოზულია თემა, ნოტომი მით უფრო მსუბუქად საუბრობს მასზე; იუმორიც ხშირად მის უცნაურ თვალსაზრისს ასახავს ადამიანთა ურთიერთობის უზნეობაზე. ეს მწერალს საშუალებას აძლევს, შემოვლითი გზით აღწეროს მტკივნეული ვითარებანი და შენიღბოს მეტისმეტად ინტიმური მხარეები, რასაც იგი „უხამსობას“ უწოდებს.

ნოტომისთვის ირონია უბრუნდება ბერძნული სიტყვის არსს, რომელიც გამოკითხვას ნიშნავს. იგი რეალობას ეკითხება, რაც შეცნობის ერთ-ერთი ფაქტორია. მწერალი გესლიან სოციალურ კრიტიკას იყენებს. ეს ირონია მის თხზულებებში ამაღლებული განწყობით არის გაწონასწორებული. კრიტიკოსი ეველინ ველვერტი აღნიშნავს: „ცინიზმი დაფარავდა მხოლოდ იმას, რომ სუსტი და მგრძნობიარე, ისევე, როგორც გულანთებული ადამიანი, თავდავიწყებით შეუდგებოდა რამის შექმნას, რათა საკუთარი თავი მძლავრად და დიადად წარმოეჩინა“. რომანებში ნოტომს უამრავი ცინიკოსი პერსონაჟი გამოჰყავს, მაგრამ ფიქრობს, რომ ღირსეული ცინიზმი ჭეშმარიტი ინტელექტუალური სკოლა, წმინდა წყლის, რთული ასკეტიზმია: „ამჟამად ცინიზმს უწოდებენ ადამიანის განადგურებას გონების მოხმობის გარეშე. მე არ ვწერ ცინიკურად“.

ნოტომი აშკარად არცერთი გმირის მხარეს არ არის, შესაბამისად, არჩევანს უტოვებს მკითხველს, რომელსაც ზოგჯერ ჰგონია, რომ მწერალი სიკეთის მხარეზეა, მაგრამ საბოლოოდ, შესაძლოა, საპირისპირო გაირკვეს. როდესაც ერთმა ჟურნალისტმა ამელის მკითხველთა სექტა ახსენა, მან უპასუხა: „თუკი არსებობს რაიმე სექტა, მე ნამდვილად არაფერ შუაში ვარ, და უეჭველად, გურუ არა ვარ. იყო გურუ – გულისხმობს, რომ რამე უნდა ასწავლო კაცობრიობას, მე კი ვერავის ვერაფერს ვასწავლი“.

ზოგ კრიტიკოსს მოსწონს მისი სრულყოფილად ორიგინალური სტილი, სხვები კი ექსცენტრულობისთვის კიცხავენ, რაც მას მარგინალურ ავტორად აქცევს. გვაგონდება პრუსტის აზრი, რომ „…მწერლისთვის სტილი, ისევე, როგორც მხატვრისთვის ფერები, არა ტექნიკის, არამედ წარმოსახვის საკითხია. ის ზეშთაგონებაა…. „ და ყველა ადამიანის მიერ სამყაროს თავისებურ აღქმაზეა დამოკიდებული.

ამელი ნოტომი არ ქმნის ესთეტიკურ თეორიებს, არ გვთავაზობს არცერთ დოქტრინას, თუმცა ლიტერატურას „აღქმის უნარზე მუშაობად“ მიიჩნევს. ცდილობს, თვალსაზრისის სიწმინდე აღმოაჩინოს; უარყოფს გულგატეხილობას და სამყაროს გაოცებით აღიქვამს. მწერალი ტაში („მკვლელის ჰიგიენა“) აცხადებს, ჩვენი ფილოსოფიური ქვა თვალსაზრისის შეცვლა არისო: „სინამდვილეში, ახალი რომანის თეორეტიკოსები დიდი მატყუარები იყვნენ: ჭეშმარიტება ის არის, რომ შემოქმედებაში არაფერი შეცვლილა. უფორმო და უაზრო სამყაროს პირისპირ მწერალი იძულებულია, დემიურგის როლი შეასრულოს“.

ამელი, როგორც დალის „გენიოსის დღიურის“ თაყვანისმცემელი, ბელგიურ სიურეალიზმს მიეკედლება. ჟაკ დე დეკერი იმასაც აღნიშნავს, რომ ნოტომს გააჩნია „ბრიუსელის ჯგუფის“ წევრების ნიშნები: სკუტენერის სათქმელის ჩამოყალიბების უნარი, მარიენის განმწმენდი იუმორი, პოლ ნეჟეს პარადოქსალური მიდგომა. იგი გასული საუკუნის უდიდესი ბელგიელი პოეტის, ანრი მიშოს მემკვიდრედაც გვევლინება. მრავალმხრივი მწერალი თავის თავს აღიქვამს „სიურეალიზმის ჩვეულ ასპექტში, რომელიც ბანალური ელემენტის ცამდე აყვანაში მდგომარეობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან შეხედავთ რეალობას“.

დღემდე არ წყდება კამათი იმაზე, თუ რამდენად ავტობიოგრაფიულია მისი რომანები და რა არის მათში გამოგონებული. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?! ერთგული მკითხველები, ვისაც ხშირად ხვდება სხვადასხვა ქალაქებში და რომლებიც ყველა სოციალურ თუ კულტურულ წრეს განეკუთვნებიან, ენდობიან მას და მოუთმენლად ელიან ახალ, უკიდურესად გულწრფელ რომანებს. ამელი ნოტომს ყველაზე დიდ ქათინაურად მიაჩნია, როდესაც ვინმე ეუბნება, რომ მისი რომანების წაკითხვის მერე დაიწყო ან კვლავ შეუყვარდა კითხვა. მისი აზრით, ადამიანისთვის კითხვის შეყვარება ყველაზე მშვენიერი მისიაა, რაც კი მას შეიძლება ჰქონდეს დედამიწაზე. იგი ეთანხმება პრუსტს იმაში, რომ ყოველი ადამიანი კითხვისას საკუთარი თავის მკითხველია. მწერლის თხზულება ხომ მხოლოდ ერთგვარი ოპტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც ის სთავაზობს მკითხველს, რათა დაეხმაროს იმის მიხვედრაში, რაც თვითონ ვერ შეამჩნია. ნოტომის რომანებში დიდი მისია ეკისრება „იდეალურ მკითხველსაც“, როგორც მწერლის თანაშემოქმედს. ამელი ამბობს, რომ მუდამ შიშობს, იმედი არავის გაუცრუოს. თუმცა ეს, ალბათ, არ მოხდება, მისი თხზულებები ხომ ნებისმიერ ადამიანს უტოვებს აღქმის და თავისი თვალსაზრისის ქონის თავისუფლებას და მათ ფანტაზიას ფრთებს ასხამს.

© არილი

Facebook Comments Box