პროზა (თარგმანი)

სემუელ ბეკეტი – ხელმოცარულობანი

beckett-4343

ფრანგულიდან თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ხელმოცარულობა 1

ის თავშიშველია, ფეხშიშველი, გამოწყობილი მაისურსა და მისთვის მეტისმეტად მოკლე შარვალში, თავისმა ხელებმა უთხრეს ასე, ისევ და ისევ, და თავისმა ფეხებმა, რომ ედებოდნენ ერთმანეთს და თეძოებს რომ ეხახუნებოდნენ, წვივებისა და დიდი ძვლის გაყოლებაზე. ამ ცოტა არ იყოს საპატიმრო სამოსს ჯერაც არცერთი მისი მოგონება არ ეხმიანება, მაგრამ ყოველივე სიმძიმეა, ამ სფეროში, და სისავსე და სისქე. უშველებელი თავი, რომელშიც მისი სატანჯველი მიმდინარეობს, აღარაფერია სიცილის გარდა, ის კვლავ მიდის, კვლავ დაბრუნდება. ერთ დღეს ის საკუთარ თავს იხილავს, მთლიან წინა ნაწილს, მკერდით ფეხებამდე, და მკლავებს, და ბოლოს ხელებს, დიდხანს უყურებს, ხელისზურგებს და ხელისგულებს, თავდაპირველად გაშეშებულებს მხრის სიგრძეზე, მერე ახლოდან, კანკალით, თვალებთან ახლოს. ის ჩერდება, პირველად მას მერე, რაც იცის, რომ გზას ადგას, ერთი ფეხი მეორეზე წინ, რომელიც მაღლაა – სიბრტყეზე, რომელიც დაბლაა ფეხისწვერებზე, და გადაწყვეტილებას ელის. მერე სვლას განაგრძობს. სიბნელის მიუხედავად, ის არ მიდის ხელის ცეცებით, წინ გაშვერილი მკლავებით, გაშლილი მხრებით, დაბიჯებამდე შეყოვნებული ფეხებით. ასე რომ ხშირად, ანუ ყველა მოსახვევში, ასკდება კედლებს, რომლებიც გზას უღობავენ, მარცხენა კედელს, როცა ხელმარჯვნივ უხვევს, მარჯვენას, როცა ხელმარცხნივ უხვევს, ხანდახან ფეხით, ხანდახან თხემით, იმის გამო, რომ მოხრილია, აღმართის გამო, და იმის გამო, რომ ყოველთვის მოხრილია, ზურგმორკალული, კისრით წინ გადახრილი, თავჩაქინდრული. სისხლს კარგავს, მაგრამ მცირე რაოდენობით, მცირე იარებს დრო აქვთ, შეხორცდნენ, მანამ, სანამ კვლავ გაიხსნებიან, ისე ნელია მისი ნაბიჯი. ზოგ ადგილას კედლები თითქმის ეხებიან ერთმანეთს, ჰოდა მაშინ სიმძიმე მის მხრებზე მოდის. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სვლა შეწყვიტოს და სულაც უკან გაბრუნდეს, სიტყვებით, აი აქ მთავრდება გასეირნება, ახლა უნდა დავბრუნდე მეორე ბოლოში და ხელახლა დავიწყო, რის ნაცვლადაც გვერდებით ეკვეხება ჭრილში და ბოლოს და ბოლოს ახერხებს გაძრომას, სავალალოდ თავისი მუცლისა და ზურგისთვის. ხომ არ იწყებენ მისი თვალები, ამდენხნიანი ზემოქმედების შემდეგ, სიბნელის გარღვევას? არა, და ესაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უფრო და უფრო მეტად ხუჭავს მათ, უფრო და უფრო ხშირად, უფრო და უფრო ხანგრძლივად. რადგან არის მასში მარადზრდადი ზრუნვა, აიცილოს ყოველგვარი არასაჭირო დაღლილობა, როგორიცაა, მაგალითად, იყურებოდე წინ და სულაც გარშემო, საათებისა და დღეების მანძილზე, ისე რომ ვერასდროს ვერაფერს ხედავდე. ეს არაა შესაფერისი დრო საკუთარ შეცდომებზე სალაპარაკოდ, მაგრამ იქნებ მაინც შეცდა, რომ არ დაიჟინა, თავის ძალისხმევებში, გაერღვია სიბნელე. რადგან შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, თავისი გაეტანა, გარკვეულწილად, და მაშინ მეტი მხიარულება იქნებოდა, სინათლის სხივი მაშინვე ყველაფერს ამხიარულებს. და კიდევ შეიძლება, ყველაფერი განათდეს, თვალის დახამხამებაში, თავიდან შეუგრძნობლად და შემდეგ, როგორ ვთქვა, მერე მეტად და მეტად, სანამ ყველაფერს არ დატბორავს სინათლე, გზას, მიწას, კედლებს, თაღსაც კი, სინათლით დატბორილი ეს ყოველივე, ისე, რომ მას არც კი ეცოდინება. შეიძლება მთვარე მოთავსდეს პერსპექტივის სიღრმეში, ცის ზეწარი მეტ-ნაკლებად განათებული მზით ან ვარაკვლავებით მოჭედილი, ისე, ის კი ვერც კი შეძლებს, გაიხაროს და ნაბიჯს მოუმატოს, ანდა პირიქით, ნახევარწრე დაარტყას, სანამ ჯერ კიდევ დრო აქვს, და უკან გაბრუნდეს. სხვამხრივ, ამჟამად ყველაფერი რიგზეა, და ესაა მთავარი. განსაკუთრებით ფეხები. ფეხები, როგორც ჩანს, კარგ დღეში აქვს, ეს მნიშვნელოვანია, მერფის ჩინებული ფეხები ჰქონდა. თავი ჯერაც ოდნავ სუსტადაა, დრო სჭირდება მოსაყოჩაღებლად, მაგ ნაწილს. შეიძლება ასეც დარჩეს, შეიძლება მეტადაც დასუსტდეს, ისე, რომ ამას არაფერი მოჰყვეს. სიგიჟის კვალიც არ ჩანს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანია. ტვირთი შეთხელებულია, მაგრამ კარგად გაწონასწორებული. გული? გულს არა უშავს. იძვრის. დანარჩენი? არა უშავს. თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ აი, ახლა, მას მერე რაც, ვთქვათ, მარჯვნივ შეუხვია, იმის ნაცვლად, რომ, ოდნავ მოშორებით, მარცხნივ შეეხვია, ის ისევ ხელმარჯვნივ უხვევს. და აი, სულ რამდენიმე ნაბიჯში, კვლავ, იმის ნაცვლად, რომ ბოლოს და ბოლოს, მარცხნივ შეუხვიოს, კიდევ ერთხელ უხვევს ხელმარჯვნივ. და ასე გრძელდება იმ მომენტამდე, სანამ, იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთხელ შეუხვიოს ხელმარჯვნივ, როგორც მოელოდა, ბოლოს და ბოლოს მარცხნივ არ შეუხვევს. და გარკვეული დროის მანძილზე მისი ზიგზაგები ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან, მიმოათრევენ მას მარჯვნიდან მარცხნივ, ესე იგი წინ მიჰყავთ, ასე თუ ისე, მაგრამ გეზით, რომელიც აღარ ემთხვევა საწყისს, უფრო სწორად იმ მომენტისას, როდესაც გააცნობიერა, რომ იძვროდა, ან იქნებ გეზი მაინც უცვლელია. რადგან თუკი არის ვრცელი პერიოდები, როდესაც მარჯვნივ მას მარცხნივ მიათრევს, არის აგრეთვე ისეთებიც, როდესაც მარცხნივ მიათრევს მარჯვნივ. რა მნიშვნელობა აქვს, ბოლოს და ბოლოს, რამდენადაც ცოცვას მაინც განაგრძობს. მაგრამ აი, ოდნავ მოშორებით, ქანობი წყდება ისე უეცრად, მას უწევს უკან გახტეს, რათა არ დაეცეს. მაშ სად ელის მას სიცოცხლე, სვლის საწყის წერტილთან მიმართებაში, ან, უკეთ, იმ წერტილთან, სადაც უეცრად გააცნობიერა, რომ იძვროდა, ზემოთ თუ ქვემოთ? თუ, ბოლოს და ბოლოს, გაქარწყლდებიან, გრძელი საამური აღმასვლები და მოკლე, უეცარი თავდაღმართები? მაინც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც სწორ გზას ადგას, სწორ გზას კი ადგას, რადგან სხვა გზა არაა, თუ რა თქმა უნდა, ისე არ აუარა ყველა მათგანს გვერდი, ერთი მეორის მიყოლებით, რომ არც კი შეუმჩნევია. კედლები და ჭერი, თუ მთლად ქვის არა, არც სიმაგრე აკლიათ, თუ ხელს შეახებ, და არც სისველე. დროდადრო ის ჩერდება, პირველთა სალოკად. ფაუნა, თუ არის ასეთი, მდუმარეა. ერთადერთი ხმა, გარდა მიმავალი სხეულის ხმისა, დაცემისაა. მსხვილი წვეთი, რომელიც ეცემა, ბოლოს და ბოლოს, ძალიან მაღლიდან, და სკდება, მძიმე წონა, რომელიც უეცრად ტოვებს თავის ადგილს და თავქვე მიექანება, მსუბუქი მატერიები, რომლებიც უფრო ნელა იხლიჩებიან. შედეგად ექო გაისმის, თავდაპირველად იმდენადვე ძლიერი, რამდენადაც ხმაური, რომელმაც ის გამოაღვიძა, და ლამის ოცჯერ მეორდება, ყოველ ჯერზე ოდნავ უფრო სუსტი, არა, ხანდახან უფრო ძლიერი, ვიდრე წინა, სანამ არ მიყუჩდება. მერე კვლავ მდუმარება, დარღვეული მხოლოდ ხმით, სუსტი და ჩახლართული, რომელსაც გამოსცემს მოძრავი სხეული. მაგრამ ეს დაცემის ხმები არაა ხშირი, უმეტესწილად დუმილი მეფობს, დარღვეული მხოლოდ ხმით, რომელსაც მოძრავი სხეული გამოსცემს, და შიშველი ფეხების, ნოტიო მიწაზე, ოდნავ დაძაბული სუნთქვის, კედელზე მინარცხებული ან ნაპრალში გაკვეხილი სხეულის, ტანსაცმლის, მაისურისა და შარვლის, რომ მისდევენ სხეულს და ეურჩებიან მას, რომ განეკვრიან დაცვარულ სხეულს სანამ ისევ მიეკრობიან, რომ ეფლითებიან და დაფრიალებენ ადგილებს, ისედაც დაგლეჯილებს უეცარი აღელვებებისგან, იმავე წამს რომ წყნარდებიან, და, ბოლოს, იმ ხელების ხმით, რომ ევლებიან, აღმა-დაღმა,სხეულის იმ ნაწილებს, რომლებსაც დაქანცვის გარეშე მისწვდებიან. თავად ჯერ არ დაცემულა. ჰაერი ყარს. დროდადრო ჩერდება და კედელს ეყუდება, მეორე კედელზე ფეხებმიბჯენილი. მას უკვე აქვს რამდენიმე მოგონება, იმ მოგონებიდან მოყოლებული, რომელშიც უეცრად გააცნობიერა, რომ იქ იყო, იმავე გზაზე, რომელიც ჯერაც მიათრევს, ვიდრე უკანასკნელ მოგონებამდე, რომელშიც გაჩერდა, რათა კედელს მიყრდნობოდა, უკვე აქვს მცირეოდენი წარსული, ჩვევები ლამის. მაგრამ ყოველივე ეს ჯერაც არამყარია. და ხშირად წაასწრებს ხოლმე საკუთარ თავს, სიარულისას ან სულის მოთქმისას, მაგრამ მეტწილად სიარულისას, რადგან სულს იშვიათად ითქვამს, ისევე მოკლებული ისტორიას, როგორც პირველ დღეს, ამავე გზაზე, რომელიც მისი დასაწყისია, დიდი მოგონების დღეებში. მაგრამ ახლა, უფრო ხშირად, გაივლის რა პირველი გაოცება, მას უბრუნდება მეხსიერება და აბრუნებს, თუ ის ისურვებს, ბევრად უკან, ვიდრე იმ წამამდე, რომლის მიღმაც არაფერია, და რომელ წამსაც ის უკვე ბებერი იყო, ესე იგი სიკვდილთან ახლოს, და იცოდა, თუმცა ის არ ახსოვდა, თუკი იცხოვრა, რა არის სიბერე და სიკვდილი, სხვა მნიშვნელოვან რამეებთან ერთად. მაგრამ ყოველივე ეს ჯერაც არამყარია და ხშირად ის დაიწყებს, მოხუცი, თავის შავბნელ მიმოკვლაკვნებში, და კარგა ხნის მანძილზე განაგრძობს თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმას, სანამ არ მიხვდება, რომ ეს ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელია, ანდა სულ ახლანდელი. ჰაერი ისე ყარს, რომ მხოლოდ ის თუ გადარჩება მასში, თითქოს, ვისაც არასდროს უსუნთქია სხვა, ნამდვილი, მაცოცხლებელი, ან მეტისმეტად დიდი ხნის მანძილზე არ უსუნთქია ასეთი. და ამგვარი ნამდვილი ჰაერი, უეცრად რომ ჩანაცვლებოდა ამ ადგილისას, უდავოდ მომაკვდინებელი იქნებოდა მისთვის, სულ ერთი-ორი ჩასუნთქვისთანავე. მაგრამ გადასვლა ერთიდან მეორე ჰაერზე, უდავოდ, მშვიდად, ნელ-ნელა ჩაივლის, საჭირო დროს, თანდათანობით, რამდენადაც კაცი მიუახლოვდება გასასვლელს. და იქნებ უკვე ჰაერი ნაკლებ მყრალია, ვიდრე სიარულის დასაწყისში, ანუ როდესაც უეცრად გააცნობიერა, რომ მიდიოდა. ასე თუ ისე, მისი ისტორია ნელ-ნელა გრძელდება, გამოკვეთილი, კარგი და ცუდი დღეებით თუ არა, სულ მცირე გარკვეული შემთხვევებით მაინც, რომლებიც, მართებულად თუ მცდარად, მიეკუთვნებიან გამორჩეულის სფეროს, მაგალითად მეტისმეტად ვიწრო ჭრილი, მეტისმეტად ხმაურიანი დაცემა, ყველაზე ხანგრძლივი ჩამოშლა, ყველაზე გრძელი ექო, ყველაზე მძიმე შეჯახება, ყველაზე ძლიერი დაქანება, ერთი მიმართულებით განხორციელებული შეხვევების უდიდესი რიცხვი, უკიდურესი დაღლილობა, უგრძესი სულის მოთქმა, ყველაზე გრძელი ამნეზია, და ყველაზე ხანგრძლივი, თუ გამოვაკლებთ ხმებს, რომლებსაც სიარულისას გამოსცემს მისი სხეული, მდუმარება. ა, ჰო, კიდევ, ერთი მხრივ, ხელების, მეორე მხრივ, ცივი და ნოტიო ფეხების ყველაზე ნაყოფიერი გადაადგილება სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებსაც მისწვდებიან. და კედლის საუკეთესო ლოკვა. მოკლედ, ყველა მიღწევა. და მერე კიდევ დანარჩენი მიღწევები, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაგალითად მინარცხება იმდენად მძლავრი, რომ თითქმის უმძლავრესს უტოლდებოდა. და კიდევ სხვა მიღწევებიც, თითქმის თანაბრად ღირსშესანიშნავი, მაგალითად კედლის იმდენად კარგი ალოკვა, რომ თითქმის აღემატებოდა იმას, რომელსაც საუკეთესომდე სულ ცოტა აკლდა. მერე სულ მცირე, თითქმის არაფერი, იოტისოდენა, ისინიც თანაბრად დაუვიწყარი, დიდი მოგონების დღეებში, დაცემის ხმა იმდენად სუსტი, დაშორების გამო, ან წონის ნაკლებობის გამო, ან განვლილი მანძილის სიმცირის გამო, დაძვრიდან გაჩერებამდე, რომ შესაძლოა, სულაც, თვითონ წარმოიდგინა, ან კიდევ, სხვა მაგალითი, როდესაც ორად ორი შესახვევი სდევს ერთმანეთს, გინდა მარჯვნივ, გინდა მარცხნივ, მაგრამ ეგ ცუდი მაგალითია. კიდევ სხვა ღირსშესანიშნაობებით მას პირველი ჯერები ამარაგებდნენ, და სულაც მეორე ჯერები. პირველმა ჭრილმა, მაგალითად, უდავოდ იმ მიზეზით, რომ არ მოელოდა, მასზე ნაკლებად არ იმოქმედა, ვიდრე ყველაზე ვიწრო ჭრილმა, ისევე, როგორც მეორე ჩამოშლამ, უდავოდ იმის გამო, რომ მას უკვე მოელოდა, ისეთივე შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, როგორიც იმან, რომელმაც ყველაზე მცირე ხანს გასტანა. მოკლედ, რითაც არ უნდა იყოს, მისი ისტორია ამგვარად გრძელდება, იცვლება, სულაც, რამდენადაც ახალი უმაღლესი და უმდაბლესი წერტილები ჩრდილსა და დავიწყებაში მიერეკებიან იმათ, რომლებსაც მანამდე ერგოთ პატივი, და როდესაც ახალი ელემენტები და მოტივები, როგორც, მაგალითად, ეს ძვლები, რომლებზეც უფრო დაწვრილებით სულ მალე, და სიღრმისეულად, გამო მათი მნიშვნელობისა, ჩნდებიან მის გასამდიდრებლად.

ხელმოცარულობა 2

ჰორნი ღამით მოდიოდა. მე მას სიბნელეში ვიღებდი. ყველაფრის ატანა ვისწავლე, ოღონდ არ დავენახე. თავდაპირველად, ხუთი ან ექვსი წუთის მერე ვუშვებდი. მოგვიანებით თავისით ისწავლა წასვლა, როგორც კი დრო გაუვიდოდა. თავის ჩანაწერებში ელექტრული ფანრის შუქზე იქექებოდა. მერე ჩააქრობდა და სიბნელეში ლაპარაკობდა. სინათლე დუმილი, სიბნელე მეტყველება. ხუთი ან ექვსი წელი იყო უკვე, რაც აღარავის დავენახე, ჩემივე თავით დაწყებული. იმ სახეზე ვლაპარაკობ, რომელსაც ამდენი ველოლიავე, უწინ. ახლა ვცდილობ, განვაგრძო ეგ თვალიერება, გაკვეთილად რომ წამადგეს. გადმოვალაგე, ამდენი ხნის მერე, ჩემი სარკეები. იმდენს ვიზამ, ვინმე დამინახავს. გავძახებ, თუ კაკუნი მოისმება, მობრძანდით! მაგრამ ხუთი-ექვსი წლის წინანდელზე ვლაპარაკობ. ეს მინიშნებები ხანგრძლივობაზე, წარსულსა და მომავალზე, და სხვები, რომლებსაც აწი ვიტყვი, რათა შეგვექმნას დროის შეგრძნება. სხეული მეტ ტკივილს მანიჭებდა. მე მას ვნიღბავდი როგორც შემეძლო, მაგრამ საწოლიდან რომ ვდგებოდი, მთელი ძალით მახსენებდა თავს. იმიტომ რომ ახლა მაშინ, თუ გნებავთ, ვიწყებდი საწოლიდან წამოდგომას, კიდევ ერთხელ. მერე მისი ჭრილობები. ამას მაინც არაუშავს დიდად. მაგრამ სახეს ვერაფერს უზამ. ჰორნი, ესე იგი, ღამით. როდესაც თავისი ფანარი ავიწყდებოდა, ასანთებს იყენებდა. ვკითხავდი, ვთქვათ, და მისი კაბა იმ დღეს? მაშინ გაუკიდებდა, გადაფურცლავდა, დაკვალიანდებოდა, ჩააქრობდა და მომიგებდა, ვთქვათ, ყვითელი. მას არ უყვარდა, რომ ეჩრებოდნენ და, უნდა ვაღიარო, იშვიათად მეძლეოდა შემთხვევა. ერთ ღამეს შევაწყვეტინე და ვთხოვე, თავისი სახე გაენათებინა. ასეც მოიქცა, ნაჩქარევად, ჩააქრო და განაგრძო. კიდევ შევაწყვეტინე და ვთხოვე, ერთი წამით გაჩუმებულიყო. ამაზე შორს საქმე არ წასულა. მაგრამ მომდევნო დღეს, ან, შეიძლება, იმის მომდევნოს, შემოსვლისთანავე ვთხოვე, გაენათებინა თავისი სახე და ასე გაჩერებულიყო, სანამ ახალ ბრძანებას არ მიიღებდა. სინათლე, თავდაპირველად საკმაოდ მძლავრი, თანდათან მინელდა, სანამ არ დარჩა მისგან მხოლოდ ყვითელი ნაპერწკალი, რომელიც, თავისმხრივ, ჩემდა გასაკვირად, დიდხანს შეყოვნდა. მერე, უეცრად, დაბნელდა და ჰორნი წავიდა, იმის გამო, უდავოდ, რომ ხუთი თუ ექვსი წუთი უკვე გასულიყო. მაგრამ აქ ორიდან ერთი რამეა, ან ჩაქრობა ბუნებრივად, ბედისწერის უცნაური ხრიკის წყალობით დაემთხვა სეანსის დასასრულს, ან კიდევ ჰორნმა, რადგან იცოდა რომ წასვლის დრო მოსულიყო, თვითონ მოსპო სინათლის წყაროს უკანასკნელი ნარჩენები. დღემდე, ხანდახან, ვხედავ ამ მიმქრალ სახეს, რომელშიც უფრო და უფრო ნათლად მესახებოდა, რაც მეტად ეუფლებოდა მას ჩრდილი, ის, რომელიც მეხსიერებაში დამრჩა. ბოლოს, სანამ ის ასე აუხსნელად აგვიანებდა სრულებით გაქრობას, ჩემს თავს ვუთხარი, უდავოდ ისაა. გარე სივრცე, მეორეში არ ავურიოთ, არის მსგავსი სახეების წარმოქმნის ადგილი. საკმარისია ხელი ავიფარო, ან თვალები დავხუჭო, ან კიდევ სათვალეები მოვიხსნა, რომ ისინი გაქრნენ. ეს უპირატესობაა. მაგრამ დიდი თავდაცვა არაა, როგორც მალე გამოჩნდება. ამიტომ ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, როცა ვდგები, ვუყურო იმგვარ ერთიან ზედაპირს, როგორსაც ჩემი საწოლიდან განვაგებ, ვგულისხმობ ჭერს. რადგან ხელახლა წამოვიწყე წამოდგომები. მჯეროდა, რომ განვვლე ჩემი ბოლო მოგზაურობა, ის, რომლის ნათლად დანახვაც ახლა კიდევ ერთხელ უნდა ვცადო, იმისთვის, რომ გაკვეთილად გამომადგეს, და რომლიდანაც აჯობებდა, არ დავბრუნებულიყავი. მაგრამ მეუფლება შეგრძნება, რომ იძულებული ვიქნები, კიდევ ერთხელ გავეშურო. ჰოდა ისევ დავიწყე ადგომა და ჩემს ოთახში ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა, ისე, რომ თან საწოლის მოაჯირებს ვეჭიდები. სინამდვილეში ათლეტიზმმა დამღუპა. ამდენი რომ ვიხტუნე და ვირბინე სიყმაწვილეში, ამდენი მუშტი-კრივი და დაკა-დაკა ახალგაზრდობაში, და მის მიღმაც გარკვეულ საკითხებში, მანქანა დროზე ადრე გადავწვი. ჩემი მეთოთხმეტე წელი გაფრენილიყო და მე ჯერ კიდევ ჭოკით ვხტუნავდი.

ხელმოცარულობა 3: შორს ერთი ჩიტი

იავარქმნილი მიწა, მან მთელი ღამე იარა, მე დავნებდი, ღობეებს ვეხახუნე, გზასა და თხრილს შორის, გაქექილ ბალახზე, პატარა ნელი ნაბიჯები, მთელი ღამე უხმოდ, ხშირ-ხშირი გაჩერებებით, ყოველ მეათე ნაბიჯზე ან ასე, მომცრო მფრთხალი ნაბიჯები, სუნთქვის მოსაკრებად, მერე ყური უგდე, იავარქმნილი მიწა, სანამ დავიბადებოდი მანამ დავნებდი, სხვანაირად შეუძლებელია, მაგრამ დაბადება უნდა მომხდარიყო, ის კაცი იყო, მე შიგნით ვიყავი, ახლა ისევ გაჩერდა, მეასედ ამაღამ, ან ასე, ასე მიიღება განვლილი მანძილი, ეს ბოლოა, ის მოკაკვული თავის ხელჯოხზე, მე შიგნით ვარ, ეს მან იკვნესა, მან იხილა დღის სინათლე, მე არ დამიკვნესია, მე არ მიხილავს დღის სინათლე, ხელები, ერთი მეორეზე გადადებული, ხელჯოხს აწვებიან, შუბლი აწვება ხელებს, მან სული მოითქვა, ახლა შეუძლია, ყური დაუგდოს, ტანი ჰორიზონტალურად, ფეხები გაშხლართული, მუხლები ჩაზნექილი, იგივე ძველი ქურთუკი, უკნიდან გამოშვერილი გაქვავებული ბოლო, დღე იწურება, საკმარისია თვალები აწიოს, გაახილოს, აწიოს თვალები, ის ღობეს ერწყმის, შორს ერთი ჩიტი, ერთი წამი მის შესამჩნევად და მიფრინავს, ეს მან იცხოვრა, მე არ ვიცხოვრე, ავად ვიცხოვრე, ჩემს გამო, შეუძლებელია, ცნობიერება მქონდეს და მაქვს, ვიღაც სხვა განმჭვრეტს, ჩვენ განგვჭვრეტს, აი, სადამდე მივიდა, საბოლოოდ აქამდე მივიდა, მე მას წარმოვიდგენ, როგორ განგვჭვრეტს, ორი ხელი და ერთი თავი პატარა გროვას გვაძლევს, საათები გადიან, ის არ ინძრევა, ის ხმას ეძებს ჩემთვის, შეუძლებელია, მე ხმა მქონდეს და არ მაქვს, ის ხმას მიპოვის, ხმას რომელიც არ მომიხდება, რომელიც თავის საქმეს იზამს, თავისას, მაგრამ გვეყოფა მასზე, ეს სახე, ხელებისა და თავის პატარა გროვა, ტანი ჰორიზონტალურად, იდაყვები აქეთ-იქით გაშვერილი, თვალები დახუჭული და სახე გახევებული, მოსმენისგან, თვალები დამალული და მთელი სახე დამალული, დრო მასში არაფერს ცვლის, ეს სურათი და მეტი არაფერი, იავარქმნილი მიწა, ღამე უკან იხევს, ის გაიქცა, მე შიგნით ვარ, თავს მოიკლავს, ჩემს გამო, მე ამას ვიცხოვრებ, ვიცხოვრებ მის სიკვდილს, მისი სიცოცხლის დასასრული და მერე მისი სიკვდილი, თანდათანობით, აწმყოში, როგორ მოახერხებს ამას, შეუძლებელია ეგ რომ ვიცოდე, მეცოდინება, თანდათანობით, ეს ის მოკვდება, მე არ მოკვკვდები, ძვლების გარდა მისგან აღარაფერი დარჩება, მე შიგნით ვიქნები, აღარაფერი დარჩება გარდა ქვიშისა, მე შიგნით ვიქნები, სხვანაირად არაა შესაძლებელი, იავარქმნილი მიწა, ის ღობეში გაძვრა, ის აღარ ჩერდება, ის აღარასდროს იტყვის მე, ჩემს გამო, ის არავის დაელაპარაკება, არავინ დაელაპარაკება მას, თავის თავს არ დაუწყებს ლაპარაკს, აღარაფერი დარჩა მის თავში, მე მივაწვდი იმას რაც დასჭირდება, დასამთავრებლად, რომ აღარ თქვას მე, პირი რომ აღარ გააღოს, გაბნეული მოგონებები და სინანულები, დაბნეულობა, რომ ვიღაცას ეყვარები, შეუძლებელი ახალგაზრდობის დაბნეულობა, წინგადახრილი და ხელჯოხმომარჯვებული, ის მიბორძიკობს მინდვრების გადაღმა, ცხოვრება, ჩემი საკუთარი, ვცადე, არ გამოვიდა, ყოველთვის მხოლოდ მისი, ცუდი, ჩემს გამო, ის ამბობდა რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ იყო, იყო, არის ჯერაც, იგივე, მე ჯერაც შიგნით ვარ, იგივე, მე სახეებით გავავსებ მის თავს, სახელებით, ადგილებით, ერთად ავდღვებ ამ ყველაფერს, მას მოსამთავრებლად, ჩრდილებს გასაქცევად, უკანასკნელ ჩრდილებს, რათა გაექცე და გაეკიდო, მას დედამისი აერევა ამ სიძვებში, მამამისი ეგონება მელიანდაგე სახელად ბალფი, მე მას მივუჩენ ბებერ, ქეციან, სნეულ მაწანწალა ძაღლს, რათა კიდევ შეიყვაროს, კიდევ დაკარგოს, იავარქმნილი მიწა, ციცქნა გადარეული ნაბიჯები.

ხელმოცარულობა 5

დახურული ადგილი. ყველაფერი, რისი ცოდნაც საჭიროა სათქმელად, ცნობილია. მხოლოდ ის არის, რაც ითქმის. გარდა იმისა, რაც ითქმის, არაფერია. რაც არენაზე ხდება არ ითქმის. საჭირო რომ ყოფილიყო ცოდნა, გვეცოდინებოდა. არ აღძრავს ცნობისწადილს. ნუ წარმოიდგენ. დრო მიწის მხარჯველი დრო სახარჯი დასანანად. ადგილი შემდგარი არენისა და თხრილისგან. ორს შორის უკანასკნელის გაყოლებაზე ბილიკია. თხრილს იქით აღარაფერი. ეს ცნობილია, რადგან უნდა ითქვას. ბნელი ვრცელი არენა. მილიონები დაეტეოდნენ. მოხეტიალე და უმოძრაო. არც ესმით ვერც ხედავენ ვერასდროს ერთმანეთს. არასდროს ერთმანეთს არ ეხებიან. დანარჩენი უცნობია. თხრილის სიღრმე. კიდიდან მოჩან ყველა სხეული განლაგებული მის ფსკერზე. მილიონები ჯერაც იქ არიან. ბუნებრივზე ექვსჯერ პატარები ჩანან. ფსკერი ზონებად დანაწევრებული. ზონები ბნელი და ნათელი. მთელ სიგანეს იკავებენ. ჯერაც ნათელი ზონები ოთხკუთხედებია. ოთხკუთხედებს გვანან. საშუალო სხეული მასში ძლივს ეტევა. დიაგონალურად გაწოლილი. უფრო მოზრდილი უნდა მოიკუნტოს. ამრიგად ცნობილია თხრილის ზომა. უმაგისოდაც ცნობილი იქნებოდა. ბნელი ზონების შეჯამება. ნათელი ზონები. პირველთა რიცხვი დიდად აღემატება. ადგილი უკვე ძველია. თხრილი ძველია. თავიდან მხოლოდ სინათლე იყო. მხოლოდ ნათელი ზონები. თითქმის ეხებოდნენ. ჩრდილისგან ოდნავ გამიჯნული. თხრილი თითქმის სწორი ხაზია. მერე ხელახლა ჩნდება უკვე ნანახი სხეული. საქმე გვაქვს, შესაბამისად, დახურულ მრუდთან. ნათელი ზონების მეტისმეტად მანათობელი სიკაშკაშე. სიბნელეს ის არ ხელჰყოფს.სიბნელეები გაუვალია. თანაბრად მკვრივი კიდეებზე და შუაში. სამაგიეროდ სინათლე ვერტიკალურად ვრცელდება. არენის დონეზე ბევრად მაღლა. ისევე მაღლა როგორც მიწაყრილია ღრმა. ბნელ ჰაერში მკრთალი შუქის კოშკები იმართებიან. რამდენიც ნათელი ზონა იმდენი კოშკი. იმდენი ხილული სხეული ფსკერზე. ბილიკი მიწაყრილს გასდევს მთელ სიგრძეზე. მთელ გარშემოწერილობაზე. ის არენაზე მაღლაა ამოწვერილი. ერთი საფეხურით, არენის დონიდან. ის გამხმარი ფოთლებისგანაა დამზადებული. ბებერი ბუნების მოგონებად. გამომშრალი ფოთლები. მშრალი ჰაერი და სიცხე. გამხრმარი მაგრამ არა გახრწნილი. სავარაუდოდ გაცამტვერდებიან. ბილიკი სიგანეში მხოლოდ ერთი სხეულის სამყოფი. მასზე არასდროს ორი არ ხვდება.

ხელმოცარულობა 6

ძველი მიწა, გვეყო ტყუილები, მე ის ვნახე, ეს მე ვიყავი, ჩემი სხვისი ხარბი თვალებით, მეტისმეტად გვიან იყო. ის ქალი იქნება ჩემზე ზემოდან, ის იქნება, მე ვიქნები, ვიქნებით ჩვენ, არასდროს ყოფილა ჩვენ. უკვე მალე იქნება, შეიძლება არა ხვალ, არც მომდევნო დღეს, მაგრამ მეტისმეტად გვიან იქნება. უკვე მალე, როგორ ვუყურებ, და რა უარყოფაა, როგორც ის უარმყოფს, ის ასეთი უარყოფილი. ღრაჭების წელიწადია, მომდევნო წელს მეტი აღარ იქნება, არც მის მომდევნო, დააკვირდი და დაიმახსოვრე. მე ღამეს ვუბრუნდები, ისინი ფრთებს შლიან, სწყდებიან ჩემს პატარა მუხას და, გამომძღრები,ლანდებში ქრებიან. Tristi fummo nel’aere dolce. მე ვბრუნდები, ხელებს ვწევ, ტოტს ხელს ვავლებ, წამოვიწევი და სახლში ვბრუნდები. სამი წელიწადი მიწაში, ისინი ვინც თხუნელებს უსხლტებიან, მერე სანსვლა, სანსვლა ათი დღის მანძილზე, მთელი კვირა, და ყოველღამ გაფრენა. ვიდრე მდინარემდე, ალბათ, ისინი მდინარისკენ მიემართებიან. შუქს ვანთებ, ვაქრობ, შერცხვენილი, ფეხზე მდგარი ვერჭობი ფანჯარასთან, მივდივარ ერთიდან მეორე ფანჯრისკენ, გზად ავეჯს ვეყრდნობი. წამიერად ცას ვხედავ, სხვადასხვა ცებს, მერე სახეებად იქცევიან, აგონიებად, სხვადასხვა სიყვარულებად, ბედნიერებებადაც კი, ეგეთიც იყო, საუბედუროდ. მომენტები ცხოვრებიდან, ჩემიდანაც, სხვათაშორის, კი, ნამდვილად, ბოლოსდაბოლოს. ბედნიერებები, და მერე როგორი, ბედნიერები, რა სიკვდილები, რა სიყვარულები, წამით ვიცოდი, მეტისმეტად გვიანი იყო. აჰ, გიყვარდეს მომაკვდავს და უყურო სიკვდილს, უმალ ძვირფასი არსებები, და სიბედნიერე, და რისთვის აჰ, არაა საჭირო. არა მაგრამ ახლა, ახლა, უბრალოდ გაშეშდე, ზეზე ფანჯრის წინ, ცალი ხელი კედელს მიყრდნობილი, მეორე პერანგს ჩავლებული, და ხედავდე ცას, ოდნავ დიდხანს, მაგრამ არა, სლოკინი და სპაზმები, ბავშვობის ზღვა, სხვა ცები, სხვა სხეული.

© არილი

Facebook Comments Box