ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ
გაკვეთილები
1
დილით ადრე
მინდა ვისწავლო
ქარში დარწეული
ტოტების ენა.
2
დამიბერე, ქარო, მეც
მასწავლე, როგორ
დავარწიო სიტყვები სულში.
3
გახსენი ჩემი ტოტები და
მასწავლე, როგორ უნდა ვიყო
ის ხე, რომელიც მე ვარ.
4
მიწის გულიდან ყვავილების
სურნელებამდე
გადაიჭიმა ჩემი ცხოვრება.
5
ფოთლები ცაში ადიან
და ფოთლები მიწას ენარცხებიან,
ზუსტად ჩემსავით.
ენა ამბობს
ენა ამბობს: ენის წინ
დგას ენა. ენაა აი, იქ ლაქად
დარჩენილი ნაკვალევი.
ენა ამბობს: ახლა ისმინეთ.
ისმენ: და ისმის ექო.
აჰა, სიჩუმე და ეცადე, დადუმდე.
აჰა, სიტყვები და ეცადე ილაპარაკო,
ენის გარეშე ენა ჭრილობაა,
საიდანაც სიტყვების დენას ვერ შეაჩერებ.
ენა ამბობს: არის, არ არის, არის,
არ არის. ენა ამბობს: მე.
ენა ამბობს: მოდი, ვილაპარაკო შენ.
მოდი, შეგეხო შენ; მოდი თქვი
შენ თქვი.
ტაძართან
ტაძართან /თასი გაუწვდია /და ასადი ითხოვს პურს/ აბდალა ითხოვს ფულს. / იქვე ახლოს / თილისმისა და საკმეველის ფარდულებს/ შორის მუსტაფა ითხოვს ვარსკვლავებს / ისაია ითხოვს სიყვარულს / მანსური ითხოვს სიმართლეს / ყველა გამვლელისგან / ჯალალი ითხოვს თავისუფლებას / ომარი – სიცოცხლეს. და ის? / ითხოვს არაფერს/ ჰო, ასეა, და არავინ არაფერს იმეტებს.
მისი თასი სავსეა / მზერით და ხედვით / და მზრუნველი ფიქრით / მზრუნველი სიტყვით / ჰაერით, ცეცხლით, მიწით, / ქვეყნებით / ელექსირებით / გადარჩენებით.
ის აპირქვავებს თავის ფიალას / აცარიელებს / ისევ სავსეა.
„საკუთარი თავი, ძვირფასი“, აწერს / მერე ღვინით პირამდე ავსებს / სულმოუთქმელად სვამს / და… ისევ სავსეა. ნეტავ რა ხდება!
ერთი მოქნევით / ფიალას ამსხვრევს / ის კვლავ სავსეა, / იმ ნამსხვრევებში გამრავლებული / უფრო სავსეც კი.
ტაძართან / ასადი ითხოვს ხორცს / მუსტაფა კენჭებს / ომარი კედლებს.
მასთან / ტაძართან / არსადაა ტაძარი.
ერთი კათხა ლუდი
იდეალურ მკვლელობას მიზეზი არ აქვს, თქვა მან,
იდეალურ მკვლელობას იდეალური ობიექტი სჭირდება მხოლოდ,
როგორც ოსვენციმში.
კრემატორიუმს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას,
რაც მერე იყო, სამუშაო დღეების შემდეგ.
გაირინდა, ლუდის ქაფს დააშტერდა,
მოსვა.
იდეალური მკვლელობა სიყვარულია.
იდეალური მკვლელობა არაფერს ითხოვს. იდეალური
უნდა იყოს ის, რისი გაცემაც ძალუძთ.
ყელში გაჩხერილი მოგონება
მარადიულია. ყმუილიც,
ხელები რომ ამიკანკალა,
დამზრალ სხეულზე მადლივით გადმოსული
შარდიც,
ჩექმის ქუსლით შეიძლება გააღვიძო მარადისობა.
დუმილითაც,
თქვა
და ქაფს ჩააშტერდა.
პატიოსანი შრომა ათავისუფლებს*.
იდეალური მკვლელობა კი
წვეთ სისხლსაც არ ღვრის,
როგორც ბავშვის ბაგე – დააზუსტა, –
როგორც ქვიშა და ქაფი,
როგორც შენ,
როცა მისმენ,
სვამ და მისმენ.
*Arbeit macht frei (შრომა ათავისუფლებს – წარწერა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკზე)
© არილი