ესე,  პორტრეტი

დევიდ მეისონი – სეფერისის გვერდით

პოეტს, არსებითად, ერთი თემა აქვს: მისი ცოცხალი სხეული.

იორგოს სეფერისი, “პოეტის დღიური”

იორგოს სეფერისი, პირველი ბერძენი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო, ჯერ კიდევ არ არის ისე ღრმად გააზრებული და სათანადოდ დაფასებული, როგორც იმსახურებს. ის ნამდვილი გმირი იყო – სიცოცხლეშიც და ხელოვნებაშიც, თანამედროვე ლიტერატურის ოდისევსი, მარადიული დაბრუნების იდეით შეპყრობილი, ნოსტალგიით გაჟღენთილი პოეტი, რომელიც არასოდეს ყოფილა სენტიმენტალური. პირადმა თუ საზოგადო ჭრილობებმა იგი ისეთ სანიმუშო კაცად აქცია, როგორიც, ემერსონის აზრით, საერთოდ ყველა პოეტია. სეფერისი, მკაცრი და მუდამ სიახლის მაძიებელი მწერალი, ყოველთვის კეთილგონიერების მსახური იყო იმ მშფოთვარე ეპოქაში, პრინციპებს არ ღალატობდა, რის გამოც ხშირად შეურაცხყოფის ატანა უხდებოდა. ინგლისელი მკითხველები მას თომას ელიოტს ადარებენ, მაგრამ ეს შედარება მეტად არაზუსტია. სეფერისი გაცილებით მგრძნობიარე და უფრო დიდი გამოცდილების მქონე პოეტი იყო, ვიდრე ელიოტი. მის ლექსებში კი ნამდვილად არ შეიმჩნევა იმ ანტი-სემიტიზმის კვალი, რამაც ამერიკელის შემოქმედება დააბინძურა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სეფერისი ელიოტზე ნაკლებად ცნობილი და ცუდად შესწავლილია, მხოლოდ ის არის, რომ იგი ბერძნულად წერდა. ამ ენაზე მხოლოდ თხუთმეტი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ყველა არ კითხულობს პოეზიას. მიუხედავად ამისა, ბერძნულ ენაზე მოსაუბრეთა უმრავლესობას სეფერისის ტექსტი ერთხელ მაინც უმღერია. მისი რამდენიმე ლექსი მემარცხენე კომპოზიტორმა, მიკის თეოდორაკისმა, მუსიკალურ ნაწარმოებად აქცია. ერთხელ, ათენის ღია კაფეში საგრძნობლად შემთვრალები ვსაუბრობდით და სეფერისის “ნათლისღება 1937”-ის რამდენიმე ტაქტის მელოდია ვუმღერე ერთ სირიელ ბერძენს, რომელიც სამშობლოდან დევნილობის განცდის აღწერას ცდილობდა. საპასუხოდ, ამ ბიჭმა ხელი მიჰკრა ბიძაშვილს და უთხრა: “მან იცის, კარგად იცის, როგორია ჩვენი ცხოვრება”. სინამდვილეში ეს სეფერისმა იცოდა, დანაკარგებისა და უწყვეტი კავშირების პოეტმა, მდარე გემოვნებისა და საშინელი რეალობის წინააღმდეგ ამბოხებულმა ინდივიდუალისტმა. ის უდავოდ რთული პოეტი იყო, მისი ზოგიერთი ლექსის პოპულარობაც ამტკიცებს, რომ ასეთი სახის შეგრძნებები ფაქტობრივად ნებისმიერ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა.

ამ ლექსებში უამრავი იდეა, სხვადასხვა სტილი, ალუზიები, თვალთმაქცობა, საიდუმლოებიც კი გვხვდება. მიუხედავად დროდადრო ნაგრძნობი სიმწრისა და ერთგვარი იმედგაცრუებისა, მრავალფეროვანი ინტონაციებითა და არომატებით სავსე ლექსები სიამოვნებით იკითხება. თითქოს ეგეოსის ზღვა ცოცხლდება მათში. საკუთარი ლექსის, “შაშვის” შესახებ წერისას სეფერისმა აღიარა, რომ ჰქონია “მეტად ორგანული განცდა, რომელიც ბერძნულ ლანდშაფტს ასულიერებს”. რასაკვირველია, საბერძნეთის სისხლიანი ისტორიის მიუხედავად, ნამდვილად არის რაღაც ამ კლიმატში, ნახევრად-ლეგენდარულ სინათლეში, ტოპოგრაფიულ მრავალფეროვნებაში, ზღვაში და ჰომეროსის დროიდან დღემდე გაბმულ ენობრივ უწყვეტობაში, რაც ბევრ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ზოგ პოეტს ენა შობს, ზოგს – ენა და კონკრეტული ადგილი, სიტყვისა და გამოცდილების ურთიერთ-გაჯერება. სეფერისი სწორედ ასეთი პოეტია. თუმცა, მას არა მხოლოდ წერის ტექნიკა და მნიშვნელოვანი გავლენები აქცევს დიდ პოეტად, არამედ, ამ ყველაფერთან ერთად, მისი ეპოქა (1900 – 1971) და საკუთარ ტრავმებსა თუ ცდუნებებზე საუბრის უნარი. პოეტის მთელი შემოქმედება კარგად თარგმნეს, მაგრამ საუკეთესო მთარგმნელებიც კი აღიარებენ, რომ ლექსების მდიდარი კეთილხმოვანების შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

1931 წელს, როცა მისი პირველი კრებული “სტროფები” დაიბეჭდა (ერთდროულად “ლექსებს” და “შემობრუნების წერტილს” რომ ნიშნავდა), სეფერისმა ყდაზე საკუთარი ნახატი, “გორგონა” მოათავსა – ორკუდიანი ქალთევზა, საპირისპირო მიმართულებით აპრეხილი ბოლოებით. ბერძნული ფოლკლორის მიხედვით, ალექსანდრე დიდის და სწორედ ამ შურისმაძიებელ არსებად გადაიქცა. მეთევზის ბადეს თუ ამოჰყვებოდა, ის აუცილებლად ერთ კითხვას დაუსვამდა: “სად არის ალექსანდრე დიდი?” საბრალო მეთევზეს სწორად უნდა ეპასუხა: “ალექსანდრე დიდი ცოცხალია და იმპერიას განაგებს” – თუ არადა, გორგონა მის ნავს ფსკერისკენ ჩაითრევდა, მეთევზეს კი საიქიოს გაისტუმრებდა.

ძნელია ისეთი კულტურის წარმოდგენა, სადაც ისევ იმ ახალგაზრდა იმპერატორს ეთაყვანებიან, ორი ათასი წლის წინ რომ ცხოვრობდა, თუმცა ეს ზღაპარი თანამედროვე საბერძნეთის ფარულ ოცნებებს გვისურათებს. ელინისტური ეპოქის დაცემის, რომის მიერ დაპყრობის და ბიზანტიის კომიკური კულტურის შემდეგ, თურქთა დამამცირებელი ბატონობის ოთხასწელგამოვლილი ერი, რომელიც 1820 წლის დამოუკიდებლობის ომში თავიდან დაიბადა, საკმაოდ მცირე მიწას ფლობდა იმასთან შედარებით, რაც ადრე “საბერძნეთად” მოიაზრებოდა – სინამდვილეში მხოლოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულის კუდს და ერთ-ორ კუნძულს თუ მიითვლიდა. თანამედროვე ნაციონალიზმის გარიჟრაჟზე, ყველა ევროპული ერის მსგავსად, ბერძნები საკუთარი ენის სისწორეშიც არ იყვნენ დარწმუნებულები და მასზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ერთი მხრივ, ხელოვნურად “დაწმენდილ” ენას ქმნიდნენ, ხოლო მეორე მხრივ, ხალხურ მეტყველებას, დემოტიკას, შეისწავლიდნენ. მეცხრამეტე საუკუნის ბერძენი პოეტები ლინგვისტურ ძიებებში ღრმად ეფლობოდნენ, ახლად გამოჩეკილი ერი კი, ნათხოვარი ბავარიელი მეფით და მოქიშპე პოლიტიკოსებით, ძველი ტერიტორიის აღდგენაზე ფიქრობდა. კულტურის შენარჩუნებისა და ნაციონალური საზღვრების დადგენის გამძაფრებულმა სურვილმა “ბერძნული იდეის”, იმ ერთგვარი “საბედისწერო მანიფესტის” წარმოშობა განაპირობა, უფრო დიად საბერძნეთს რომ გულისხმობდა. ეს არც ისეთი გრანდიოზული იდეა იყო, თუ გასული ორი ათასი წლის გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გავითვალისწინებთ.

თანამედროვე საბერძნეთში ძალაუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ძალებს შორის მონარქისტებს და რესპუბლიკელებს აღმოვაჩენთ, რომლებიც კრეტელებთან, ანუ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა “ელეფთერიოს ვენიძელოსთან” ერთიანდებოდნენ ხოლმე და მილიტარისტებს, მაშინვე რომ ჩაერივნენ საქმეებში, როგორც კი დანარჩენმა ორმა ფრაქციამ გავლენა დაკარგა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ სეფერისი საბერძნეთის ტერიტორიული მთლიანობის რომანტიკით შეპყრობილი ვენიძელისტების წრეში გაიზარდა. იგი თურქთა იმპერიის ქალაქ სმირნაში უბრალო მოქალაქედ დაიბადა და ადრეულ ასაკში მისი ცნობიერება იმგვარად ყალიბდებოდა, რომ ბევრი რამ იქიდან, რაც უყვარდა – ნიობესა და ანაქსაგორასის მიწის ჩათვლით – სულთანის მმართველობის წესს ემორჩილებოდა.

წარსულში ღრმადმიმავალი და რთული იდენტურობა პოეტს მოსვენებას არ აძლევდა მთელი ცხოვრების მანძილზე. 1963 წელს, სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, სეფერისმა ლექცია წაიკითხა, რომელშიც სწორედ ნეო-ელინიზმის დილემას ჩაუღრმავდა:

“არ ვამბობ, რომ ჩვენც ის სისხლი გვაქვს (რაც ჩვენს წინაპრებს) – რადგან რასისტური თეორიების მეშინია – მაგრამ ჩვენც იმავე ქვეყანაში ვცხოვრობთ და იმავე მთებს გავყურებთ, სანაპიროდან პირდაპირ ზღვაში რომ ეშვებიან”.

ყველა მემკვიდრეობის მსგავსად, ბერძნული იდენტურობაც შეიძლებოდა მძიმე ტვირთად ქცეულიყო და ეს გაურკვევლობა უთუოდ ამ სიმძიმის ნაწილი იყო. გარდა ამისა, მისი თანამედროვე თურქი ორეული, პოეტი ნაზიმ ჰიქმეთი, მუსტაფა ქემალის მსგავსად, სალონიკში დაიბადა – ქალაქში, რომელიც საბერძნეთმა მხოლოდ 1912 – 1913 წლებში, ბალკანეთის ომის დროს დაიბრუნა.

როგორც სეფერისის შესანიშნავი ბიოგრაფიის ავტორი, როდერიკ ბიტონი, მიუთითებს, ნობელის პრემიის პირველი ბერძენი ლაურეატის გვარიც კი არ იყო ბერძნული: “სეფერ” თურქულ ენაში არაბულიდან შემოსული სიტყვაა და იმავე ძირიდან მოდის, საიდანაც ინგლისურში დამკვიდრებული სიტყვა “safari” (ექსპედიცია). მისი მთავარი მნიშვნელობა მეცხრამეტე საუკუნის თურქულსა და თანამედროვე ენაშიც ერთი და იგივეა: “მოგზაურობა, გამგზავრება, ლაშქრობა, ომის მდგომარეობა”. კითხვის პროცესში თანდათანობით ხდება თვალსაჩინო, რამდენად ამართლებს პოეტი საკუთარ გვარს.

დაბადებისას ის იორგოს სეფერიადესი იყო, მოგვიანებით კი, თავდაცვის მიზნით, ფსევდონიმად საკუთარი შემოკლებული გვარი შეარჩია. მამამისი, სტელიოსი, ადვოკატი და პოეტი, ხშირად მრისხანე ტირანის სახით ჩნდებოდა იორგოსის ცხოვრებაში. ამ დროს დედამისი, დესპო, თბილი ემოციების წყაროდ იღვრებოდა, თუმცა ამ უკანასკნელს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. თავიდან მთელი ოჯახი დიდებულ პირობებში ცხოვრობდა, ზამთარს სმირნაში ატარებდა და ზაფხულს – ზღვის სანაპიროზე, სოფელ სკალაში. მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვდა სეფერისს ეს იდილია და სკალას მეზღვაურებისა და უბრალო სოფლელების “შესანიშნავი, ხალხური ბერძნული”, ისევე როგორც ბებიამისის სახლი იმავე სოფელში და მის ეზოში მოშრიალე უზარმაზარი ჭადრის ხე. აღმოსავლური ჭადარი, ჩვენებურის, ამერიკულის მონათესავე ჯიშია, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ხმელთაშუაზღვისპირა სოფლებში, ძირითადად შადრევნების სიახლოვეს. ზაფხულის ხვატში მას მოსაჩრდილად იყენებენ და როგორც წესი, ხალხის თავშეყრის ადგილად არის ხოლმე ქცეული. იოლად შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ დიდ გავლენას მოახდენდა სეფერისის ოცნებებზე ასეთი ხე და იქვე, ახლოს გაშლილი ზღვა. მაგრამ მას თითქმის ყველაფრის დაკარგვა მოუხდა, რასაც სკალა აძლევდა და ეს სეფერისის ერთ-ერთი მოუშუშებელი იარა იყო მთელი ცხოვრების მანძილზე.

1914 წელს, შესაძლოა, კარიერის გაკეთების მიზნით, ან იმის გამო, რომ ბალკანეთსა და მცირე აზიაში საკმაო დაძაბულობა იგრძნობოდა, სტელიოსი მთელი ოჯახით საცხოვრებლად ათენში გადავიდა, სადაც ვენიძელოსთან სიახლოვე სამართლის სფეროში პროფესორის ტიტულის მიღების გარანტია იყო. როგორც ჩანს, ის ნაწილობრივ მაინც დაემსგავსა იმ იმედგაცრუებულ ადამიანებს, საკუთარი წარუმატებლობა შვილებზე რომ გადააქვთ. თავის მხრივ, იორგოსსაც მოუხდა ამ მძიმე ტვირთის ზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ, მამამისის მსგავსად, მასაც აშკარად ჰქონდა ხელოვნებისადმი მიდრეკილება, იორგოსი იძულებული იყო პარიზში, 1918-24 წლებში, სამართალი შეესწავლა და საბოლოოდ, კარიერაც საზღვარგარეთ გაეკეთებინა. თავიდან იგი პრესაში იწყებს მუშაობას, შემდეგ კი, ჩვეული შეუპოვრობისა და მძიმე შრომის წყალობით, დაწინაურებას აღწევს, ხოლო 1957 წელს ელჩად ნიშნავენ ბრიტანეთში. სეფერისის ცხოვრების გააზრების ერთ-ერთი გზა იქნება, თუ მას ისე შევხედავთ, როგორც მომაბეზრებელი ყოველდღიური სამუშაოს ხაფანგში გაბმულ პოეტს. ეს მისთვის მუდმივი კონფლიქტის წყარო იყო, როგორც ოდესღაც მამამისის შემაწუხებელი ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, სეფერისი მაინც გულიანად მუშაობდა, ზოგჯერ არც ის არასტაბილური ხელფასი ეთმობოდა, რომლის დაკარგვაც არაჯანსაღი კონკურენციისა თუ ინტრიგების წყალობით ემუქრებოდა – რომ აღარაფერი ვთქვათ ნაჩქარევად შეცვლილ მთავრობებზე, მეორე მსოფლიო ომზე, საბერძნეთის სამოქალაქო ომსა და კვიპროსის ტრაგიკულ მოვლენებზე.

სეფერისი გადარჩა, მან ტაქტიკური შორსმჭვრეტელობა ისწავლა და არაერთხელ ემსახურა იმ ხალხს, ვინც სძულდა. საბერძნეთის პოლიტიკური კატაკლიზმები გულთან ახლოს მიჰქონდა, 1922 წლის ტრაგედია კი მისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. იმ დროს, როცა პირველ მსოფლიო ომში მონარქიამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და გერმანიის კეთილგანწყობის მოპოვება არ სცადა, ვენიძელისტური მთავრობა ბრიტანელების მხარეს დადგა და, ომისშემდგომი მოლაპარაკებების შედეგად, საბერძნეთმა კიდევ ერთხელ იპოვა დასაყრდენი მცირე აზიაში. არმია საკმაოდ ღრმად შეიჭრა თურქეთის ტერიტორიაზე, იმპერიის დაცემით გამხნევებულმა მუსტაფა ქემალმა კი საკუთარი ნაციონალისტური ჯარი შექმნა და ბერძნები უკან, ზღვის სანაპირომდე გამოდევნა.

ბიტონის დაწერილი ბიოგრაფია კარგად გვიჩვენებს იმ მოვლენებს, რისი ცოდნაც თანაბრად საჭიროა უახლესი ისტორიით დაინტერესებული სტუდენტებისთვისა და სეფერისის პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის. ამ კონტექსტში მისი ცხოვრება ამტანობისა და საკუთარი თავისგან გაუცხოების ამბავს წარმოადგენს: მამის მბრძანებლობა, სმირნას დაკარგვა, კარიერა, რომლის გამო ხშირად პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებაც კი აუცილებელი ხდებოდა, ქალების ცვლა, შემდეგ დიქტატურა, ომი, ლტოლვილობა და ომისშემდგომი მთავრობის მიერ განხორციელებული დევნა. და მაინც, პოეტმა გაუძლო ამ ყველაფერს და ლირიკული პოეზიის ტკივილი მის აღთქმად იქცა. მიუხედავად ცხოვრებისეული წარუმატებლობებისა, სეფერისმა, როგორც ხელოვანმა, გაიმარჯვა, თუმცა ხანდახან მაინც მწარედ აღნიშნავდა ხოლმე იმ საფასურს, რაც ამის სანაცვლოდ გადაიხადა.

ჰენრი მილერმა, რომელმაც სეფერისი 1939 წელს გაიცნო, მის შესახებ თქვა: “ყველა იმ ბერძენზე მეტად აზიელია, რომლებსაც ვიცნობ”, “ხარისა და ავაზას ნაჯვარია”. პოეტის სახე შესანიშნავად შეესატყვისებოდა მილერის აღფრთოვანებას საბერძნეთის ფიზიკური და ინტელექტუალური სიმდიდრით: “მისი ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა, ცოდნა კი – ვრცელი და მრავალფეროვანი. ყველაზე მოდური ჯაზური კომპოზიციების მოსმენით თავშექცევის შემდეგ მკითხა, უფრო ეგზოტიკური მუსიკის მოსმენას ხომ არ ვისურვებდი და საკმაოდ დიდი, საინტერესო არჩევანიც შემომთავაზა”.

მილერი ინტუიციით ბევრს მიხვდა, მაგრამ მთლიანი სურათის წარმოდგენა მაინც ვერ შეძლო. ოცდაათიან წლებში სეფერისმა, როგორც პოეტმა, საბოლოოდ თქვა უარი ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელ სიმბოლისტურ გადახვევებზე და ბოლომდე არც სიურეალიზმს მინებებია, ისე იპოვა საკუთარი დაღვინებული ხმა პოემაში “მითიური ისტორიები”. ეს ოცდაოთხი ურითმო ლექსია, რომლებიც ჰომეროსის “ოდისეას” სხვადასხვა თავებს შეესაბამება. პოემა მითებსაც ეხება და ისტორიასაც (სათაური “მითისტორემა” ბერძნულად “რომანს” ნიშნავს). მასში ისეთი ამბებია გაერთიანებული, როგორიცაა ოდისევსის ან არგონავტების მოგზაურობა და თანამედროვე ფსიქოლოგიური წიაღსვლები, რაც ხშირად ავტორის პირად ტკივილზე, მონატრებასა და სასოწარკვეთაზე მიანიშნებს. სანამ მილერს გაიცნობდა, სეფერისი კონსულად დანიშნეს ალბანეთში, რის გამოც იმ გათხოვილი ქალისგან განშორება მოუხდა, რომელიც უყვარდა. თუმცა, საბოლოოდ, მარო ზანუ მაინც მისი ცოლი გახდა. მარტოობაში გატარებული ეს პერიოდი მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს დაიწერა “ნათლისღება 1937”:

“მაგრად მიჭირავს, ხელს არ ვუშვებ მე ჩემს სიცოცხლეს
ყვითელ ხეებში ხეტიალისას, თავსხმა წვიმაში
წიფლის ფოთლებით გადაპენტილ ფერდობებზე
უცეცხლო მთების – მწვერვალებზე ნელა ბინდდება”.*

როგორც ჩანს, მილერს ნაკლებად აწუხებდა ის ფაქტი, რომ მისი მეგობარი იძულებული იყო იოანის მეტაქსასის დიქტატურის პირობებში ემუშავა, ზიზღი კი ლექსებში შეფარულად გამოეხატა. ნებისმიერ შემთხვევაში, სეფერისთან არ მოიწყენდით, მაგრამ ოცდაათიან წლებში შექმნილი ლირიკა სავსეა ყოველმხრივ დათრგუნული კაცის სევდითა და კაეშნით. ერთ-ერთი ადრეული ლექსი, “ავზი” მან იმ ევფემიზმზე ააგო, საყვარელ ქალთან, ლუკია ფოტოპულუსთან ერთად რომ მოიფიქრა. მოგვიანებით, “მითიურ ისტორიებში” ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ამ იდუმალ წყლებს:

“სიცოცხლე, ჩვენთვის ნაჩუქარი, უკვე ვიცოცხლეთ.
ვაი მათ, ვინაც მორჩილად ითმენს და შავ დაფნაში
დაკარგულა, დიდრონ ჭადრებში და მარტოდმარტო
ვინც ჩასძახის ჭებსა და ავზებს და
ხმის რკალებში იხრჩობა ნელა.”

სეფერისი, რომელიც ისევე იყო წყლის პოეტი, როგორც – მიწის, გვთავაზობდა ორივეს: ნუგეშს და სევდას, იმის მიხედვით, რა დროს რას განიცდიდა. ის “ალტერ ეგოების”, ანუ ისეთი პერსონების პოეტი გახდა, როგორიც იყო მათიოს პასკალისი და სტრატის ზღვაოსანი. სეფერისის ლექსებში ესქილეც ცოცხლობდა და მოდერნისტების თაობაც – ფართო ინტელექტუალური თვალსაწიერი მას კავაფისთან ანათესავებდა. კავაფისის მსგავსად, პირადულის შესახებ საუბარი შეეძლო, როგორც ამ უსათაურო ფრაგმენტში:

“ეს სხეული, ყვავილის ყლორტად აყვავებას რომ ნატრობდა,
რომ ნატრობდა ტკბილი ნაყოფით გადაპენტვას,
და ყინვაში ფლეიტად ქცევას,
წარმოსახვამ ხმაურიან სკაში ჩარგო.
ოდესმე მოვა მუსიკის ჟამი და დაუნდობლად მასაც დატანჯავს”.

ეს გაქცევის სურვილია, კიტსს, იეიტსს და ფროსტს რომ გვახსენებს, და, ამავე დროს, სამყაროში უბრალოდ, მარტივად ცხოვრების სურვილი, იმ სიმშვიდის სურვილი, რომელსაც ის ასე ხშირად იყო მოკლებული.

1946 წლის შემოდგომით, დროებით უმუშევარმა სეფერისმა და მარომ რამდენიმე კვირა უზრუნველად გაატარეს კუნძულ პოროსზე. ისინი 1941 წელს დაქორწინდენენ, ქორწინების პირველივე წელს კი გერმანელთა შემოჭრის თვითმხილველები გახდნენ. მთავრობისგან დევნილნი თავს ხან კრეტას აფარებდნენ, ხან – ეგვიპტესა და სამხრეთ აფრიკას. ამ დროს მათთვის ძვირფასი ადამიანები ოკუპირებულ საბერძნეთში ცხოვრობდნენ. შემდეგ იმ სამოქალაქო ომის სისხლიან სპაზმებს გაუძლეს, ყოფილმა პარტიზანულმა დანაყოფებმა რომ წამოიწყეს – ერთდროულად, მემარჯვენეებმაც და მემარცხენეებმაც. ისინი ძალაუფლების მოპოვებისთვის ექიშპებოდნენ ერთმანეთს და “ოფიციალურ” საბერძნეთს, რომლის პოლიტიკური მთლიანობა ისედაც დარღვეული იყო. სეფერისი ხშირად იხსენებდა კუნძულ პოროსზე მდებარე სახლს, რომელშიც “წლების მანძილზე პირველად იგრძნო, რომ მყარ შენობაში ცხოვრობდა და არა სახელდახელოდ გაშლილ კარავში”. ოქტომბრის ერთ საღამოს მან დღიურში ჩაწერა: “გავიღვიძე… იმ სიზმრებით, რომლებმაც სიხარულით ამავსო. ასე მგონია, 1940 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ყველა ჩემი სიზმარი სახალხო კოშმარი იყო”. მომდევნო დღეს აღნიშნა: “დილით მთელი ერთი საათი ნავით ვისეირნე, მერე ორი საათი ვიარე. დაბრუნებისას, მზე რომ კაშკაშებდა, გავცურე კიდეც. შუადღით დავიძინე. საკუთარი თავიდან გამოვედი”.

კუნძულ პოროსზე საკმაოდ სწრაფად დაწერა სეფერისმა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლექსი “შაშვი”, რომელიც შთააგონა “სამხედრო მომარაგების პატარა გემმა, გერმანელთა შემოჭრის დროს რომ ჩაიძირა”. ამ ლექსში ის ყველაზე მეტად უახლოვდება ელიოტის წერის მანერასა და გადმოცემის მეთოდს, ფრაგმენტული მისტიკური დიალოგებითა და მთელი რიგი ალუზიებით. თუმცა ეს სიზმარეული ლანდშაფტი კოკტოს თანამედროვე სამყაროში გახლართულ ძველებურ ფიგურებს მახსენებს, მოჩვენებებივით ან ნახევარ-ადამიანებივით რომ ლაპარაკობენ. სეფერისისთვის “სახლი” პიროვნულ სიმბოლოდ იქცა, რომელიც მუდამ სმირნაში გატარებულ ბავშვობასთან აბრუნებდა. ამ ლექსში კი ბერძნული სამყაროს სახასიათო ფიგურები განადგურებული და გამანადგურებელი აწმყოს ფანტომებად გვევლინებიან.

“ავზის” დაწერის დროსვე აწუხებდა სეფერისს სინამდვილესა და მის მიღმა ყოფნის პრობლემები. ოცდაათიანი წლებში დაწერილ ყველაზე ცნობილ ლექსში, “აზინის მეფე”, თავისებურ მედიტაციაში მყოფი ჰომეროსის სახე ასე ფრაგმენტულად გახსნა:

“…ან იქნებ არა, სულაც არ რჩება არაფერი
გარდა სიმძიმის
იქნებ სიმძიმე გვენატრება ჩვენ ცოცხლად ყოფნის
უფესვებონი მორჩილად რომ ვითმენთ და ველით….”

მისი პოეზიის ცოცხალი და ფიზიკურად საგრძნობი რეალობა იმთავითვე განწირული იყო ეგზისტენციალური შფოთვისთვის.

“შაშვის” შესახებ დაწერილ “წერილში” ის წარსულის შესახებ ელიოტისებურად ამბობდა:

“…ესქილეს ტიტანად ან ციკლოპად კი არ ვთვლი, როგორადაც ხანდახან მიიჩნევენ ხოლმე, არამედ საკმაოდ მგრძნობიარე კაცად, რომელიც ჩვენს მსგავსად გამოხატავდა საკუთარ შეგრძნებებს, ისევე იღებდა ბუნებრივ მოვლენებს და რეაგირებდა მათზე, როგორც ჩვენ ყველა”.

და მაინც, ჩანს, რომ მისი გონება უფრო მეტადაა მოცული წარსულით, ვიდრე ელიოტის და ეს უდავოდ სეფერისის ენისა და ლანდშაფტის დამსახურებაა. რამდენადაც მისი ცხოვრება ერთ დიდ მტანჯველ მოგზაურობას წარმოადგენდა, იმდენადვე იყო იგი “ადგილის პოეტი”. თუ მის ესსეს, “კავაფისი და ელიოტი – შედარება”, ამ მონაკვეთს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, როგორ უღრმავდება პოეტი ამ ყველაფერს:

“ელიოტი უფესვებო მიწიდანაა, უწარსულო მიწიდან. ის კარგად ხვდება, სინამდვილეში როგორ ქაღალდივით სიფრიფანა, ნიადაგგამოცლილი, არარეალური და ანარქიულია ის წესრიგი და მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური კეთილდღეობა, რომელსაც დღევანდელი მექანიზირებული ცივილიზაცია გვთავაზობს. მას მშვენივრად ესმის, რომ შთაგონების წყაროები დაშრობის პირასაა”.

სეფერისი ელიოტის შემოქმედებას ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობდა, როცა ლონდონში პირველი თანამდებობა მისცეს, ოცდაათიანი წლების დასაწყისში. ამ პერიოდში მან ბევრი რამ თარგმნა ბერძნულად. თუმცა, მოდერნისტული მგრძნობელობა მაინც ფრანგი მწერლების გაცნობის შემდეგ ჩამოუყალიბდა და ეს მანამდე მოხდა, სანამ ელიოტის გასაგებად საჭირო ინგლისურს ისწავლიდა. მისმა წინააღმდეგობრივმა ელინიზმმა და ბიუროკრატიულმა პროფესიამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ისტორიის მიმართ ჩამოყალიბებული ინდივიდუალური პოზიცია. სეფერისის კულტურული გამოცდილება, გარკვეულწილად, ალექსანდრიელი ოსტატისას უახლოვდება:

“კავაფისს მძიმე ტვირთად არ აწვება ტრადიციების არარსებობა. პირიქით, ათასწლოვანი მკვდარი ტრადიციის სიმძიმეს ის ყველაზე კარგად გრძნობს და იცის, რომ არაფერი გაუკეთებია მის გასათავისებლად, თუმცა მაინც “ატარებს საკუთარ თავში” ბერძნების ამ “დიდებულ” მწიგნობრულ ტრადიციას. იგი ელინიზმის ბოლო პერიოდის, მეოცე საუკუნის განდეგილია”.

სეფერისი კრიზისში მყოფი ელინიზმის პოეტია, რომელსაც, კავაფისისგან განსხვავებით, ნაკლებად აწუხებს სექსუალობის იდუმალი მხარეები და გაცილებით მეტად – ზოგადი გაყოფა ადამიანის პიროვნული და საზოგადო “მე”-ებისა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამი პოეტიდან სწორედ სეფერისმა დაწერა ომის საწინააღმდეგო სულისკვეთების საუკეთესო ლექსები, მაგრამ შეიძლება გვითხრან, რომ ეს პოზიცია კავაფისის პოეზიის უმეტეს ნაწილშიც იკითხება. ვგულისხმობ ორ ლექსს სეფერისის კრებულიდან “გემის ჟურნალი 3” – წიგნიდან, რომელშიც ყველაზე კარგად იგრძნობა ის მძაფრი განცდები, კვიპროსის მიმართ რომ უჩნდება პოეტს. პირველ მათგანს, “ელენეს”, ჰომეროსის მითის ევრიპიდესეული გამანადგურებელი ვერსია უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც ელენე არასდროს ყოფილა ტროაში და ამხელა ომი მხოლოდ მოჩვენების გამო გაჩაღდა. მთხრობელი, ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი, ვერ ახერხებს, ჩასწვდეს იმ ფაქტს, რომ “ამდენი ტკივილი, ამდენი სიცოცხლე / მიეცა უფსკრულს / ელენეს ცარიელი ღამის პერანგის გამო”. მეორე ლექსი, რომელიც ომის საწინააღმდეგო თემაზეა, ჩემი აზრით, არის “მეხსიერება I”, რომელიც ასე იწყება:

“ხელში მხოლოდ ლერწამი მქონდა –
ცარიელ ღამეს ჩამქრალი მთვარით,
და ბოლო წვიმის ოხშივარი სდიოდა მიწას.
დავიჩურჩულე: მოგონებებს თუ შეეხები, მწარედ

გატკენენ,

ცა შეიკუმშა, ამოშრა ზღვები,
დღისით მოკლულებს, საღამოთი გადაათრევენ სადღაც მთებს

მიღმა.

დავიწყებამდე ვუკრავ თითებით იმ სალამურზე,
რომ მისახსოვრა მოხუცმა მწყემსმა, მშვიდი საღამო
ვისაც ერთხელ ჩუმად

ვუსურვე;

სხვებმა კი ყველა მისალმება ამოიშალეს;
ისინი დილით წვერს იპარსავენ,
ხოცავენ თავის დღიურ მსხვერპლს ისე,
თითქოს ბაღში ხეებს სხლავდნენ, უგულოდ
და გაუჩერებლად;
ტკივილი მკვდარი პატროკლეა – შეცდომებსაც არავინ უშვებს”.

სეფერისის გაბრაზება იეიტსის რისხვას არ ჰგავს და ბიტონიც სწორად შეგვახსენებს, რომ პოლიტიკური ძალმომრეობის პირისპირ დარჩენილ პოეტს ისევე ვერ მიიჩნევდით ანგაჟირებულ შემოქმედად, როგორც ძოწისფერ მარტორქად. სეფერისი ზედმეტად პატიოსანი იყო იმისთვის, რომ ხელოვნება პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა. ბუნებით, ის პოლიტიკური ცხოველი არ ყოფილა, თუმცა, გარემოებების წყალობით, პოლიტიკური მოვლენების შუაგულში ხშირად ტრიალებდა. მისი ცხოვრების ბოლო ორი კრიტიკული სიტუაცია კი – კვიპროსის საკითხი და 1967-74 წლების დიქტატურა – მთელი ერის კრიზისი იყო.

უცხოელ მწერლებთან მეგობრობისა და მისი პოეზიის ახალი თარგმანების წყალობით, სეფერისი თანდათანობით საზოგადო მნიშვნელობის პერსონად იქცა. როგორც ელჩს დიდ ბრიტანეთში, მას საშუალება ჰქონდა, პირისპირ ესაუბრა ელიოტთან, რომელიც ამბობდა, რომ სეფერისი მისი ლიტერატურული ტყუპისცალი სულაც არ იყო. მოგვიანებით, ამ უკანასკნელმა დაწვრილებით აღწერა დღიურში ეს საუბრები ასაკით უფროს პოეტთან, სამსახურის შესახებ ელიოტის იმ ცნობილი შენიშვნის ჩათვლით: “…მჯერა, რომ პოეტური შემოქმედების დიდი ნაწილი გაუცნობიერებლად ჩნდება და ამიტომაც უნდა იყოს ისეთი პერიოდები, როცა სულ სხვა რამით იქნები შთანთქმული”. ომის წლების შესახებ საუბარმა კი ეს ორი კაცი სხვა აღმოჩენამდე მიიყვანა:

“ – კრეტას განუწყვეტლივ რომ ბომბავდნენ, – ვთქვი მე, – თავს ყველაზე კარგად იმ ბაღში ვგრძნობდი, სადაც მოხუც გლეხს ძველ ლექსებს ვუკითხავდი, ის კი მათ იხსომებდა.
– და ახალგაზრდები? ისინი არ იხსომებენ?
– შედარებით ნაკლებად.
– აი, ასეა: განათლება პოეზიას კლავს”.

ორივე მიხვდა, რომ მათი შემოქმედების შთამბეჭდავ ასპექტებს ანალიზი ასუსტებდა. ორივე არაკომფორტულად გრძნობდა თავს პოპულისტებსა და კრიტიკოსებს შორის – ეს მაინც ჰქონდათ საერთო. სეფერისი მეტად აფასებდა “ეროტოკრიტოსს”, მეთექვემეტე საუკუნეში კრეტაზე გავრცელებულ სახალხო ეპოსს, რომელსაც მსახურები გამოთქმით კითხულობდნენ მის ბავშვობაში. ის თვითნასწავლ გენერალ მაკრიანისსაც აღმერთებდა, ვისი ბიოგრაფიაც პირველი ნაშრომი იყო დემოტიკაზე – სალაპარაკო ბერძნულ ენაზე, მეცხრამეტე საუკუნეში. გარდა ამისა, იგი ყოველთვის აქებდა თეოფილოსის პრიმიტიულ ნახატებს. ასეთი გემოვნება მაშინდელ ინტელიგენციას საკმაოდ აღიზიანებდა, ამავე დროს, მისი რთული პოეზიის ნიმუშები ფართო მკითხველთა წრეს აფრთხობდა. მხოლოდ მეგობრების, იორგოს კასტიმბალისის და იორგოს სავიდისის თავგანწირული შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი სეფერისისთვის შესაფერისი რეპუტაციის დამკვიდრება. და მაინც, როცა სავიდისმა სასეირნოდ წაიყვანა პლაკაში, 1960 წელს, პოეტი სულაც არ აღმოჩნდა კმაყოფილი, მის სტრიქონებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები ქუჩის ავტომატებში აღრიალებული რომ მოისმინა. შემოქმედების ადრეულ პერიოდში დაწერილმა სამიჯნურო ლექსმა, “უარყოფამ” კი, როგორც თავისუფლების ჰიმნმა, დიქტატურის დროს მოულოდნელი მასშტაბის პოპულარობა მოიპოვა:

“გულით და ოხვრით
ნდომით და ვნებით გავითავისეთ:
ჩვენი ცხოვრება სატყუარაა.
და შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება”.

როცა რომელიმე პოეტი დიდი ხნის მანძილზე გიყვარს, ბიოგრაფიის გაცნობას ურთიერთსაწინააღმდეგო განცდებით ელოდები: გინდა, ყველაფერი იცოდე მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ შიშობ, რომ ბიოგრაფი მხოლოდ ფაქტების გადმოცემით შემოიფარგლება. როდერიკ ბიტონის მიერ დაწერილი ბიოგრაფია სეფერისის ცხოვრებას ნამდვილად არ აუბრალოებს, პირიქით, მას მარტივად და ხატოვნად წარმოგვიდგენს საკმაოდ გამჭვირვალე ისტორიულ კონტექსტში. ბიტონი განსაკუთრებულ ყურადღებას ლექსების ფორმებსა და ქვეტექსტებზე ამახვილებს. მისი წიგნი ნამდვილად ამდიდრებს ჩვენს ცოდნას.

თუმცა, რამდენიმე კრიტიკული შენიშვნაც მაქვს. ცალკეულ შემთხვევებში ბიტონი პარაფრაზირებას ახდენს იქ, სადაც, წესით, ციტატას უნდა გვთავაზობდეს. ამდენად, ჩვენ არა გვაქვს ნიმუშები იმ “უხარისხო სტროფებისა” და პორნოგრაფიული ლექსებისა, რომლებითაც სეფერისი მეგობრებს მიმართავდა პირად წერილებში. ცხოვრება ხშირად იყო მელანქოლიური, მაგრამ, როგორც ჩანს, სეფერისს შეეძლო ძალიან მხიარულიც ყოფილიყო და ვისურვებდი, რომ მისი იუმორი უფრო მეტი დოზით შეეთავაზებინათ მკითხველისთვის. პოეტის ნაღვლიანი გონებამახვილობის ნიმუშებს კი მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. მაგალითად, 1926 წლით დათარიღებული ჩანაწერი: “22 აგვისტოს, სახელმწიფო გადატრიალების გზით, გენერალ პანგალოსის საძულველი დიქტატურა დაემხო. იორგოსმა დღიურში ჩაწერა: “აქ ახლახან დიქტატურა დაემხო…, ისე ჩუმად, თითქოს თივის ზვინი იყო”. ჩვენ ვხედავთ, როგორი განაწყენებული და დამწუხრებულია იგი კალიფორნიაში ტრაგიკულად დაღუპული უმცროსი ძმის მიმართ მამამისის მხრიდან გამოვლენილი სიმკაცრის გამო. მიუხედავად ამისა, შეიძლებოდა, ცოტა მეტად დეტალური აღწერა გვქონოდა იმ კაცისა, ასე ძალიან რომ უყვარდათ უახლოეს მეგობრებს.

და მაინც, ბიტონის წიგნი მიმზიდველი სტილით დაწერილი აკადემიური ნაშრომია, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს. ხელოვნურად გაწელილი ბიოგრაფიების ეპოქაში ეს ნაშრომი საკმაოდ ეკონომიურია – მრავალფეროვანი დანართების ჩათვლით, მხოლოდ 500 გვერდზე ცოტა მეტს შეიცავს. თუმცა, შესაძლოა, დასარულისკენ მოგვეჩვენოს, რომ ავტორი ნაჩქარევად წერდა ბოლო გვერდებს. პენსიაზე გასულ სეფერისს ნამდვილად არ ჰქონია იმის დრო, რომ 1967 წლამდე რაიმე სიამოვნება მიეღო საკუთარი პოპულარობისგან. ბიტონიც ზედაპირულად აღწერს ამ წლებს, არადა, შეეძლო, ცოტა მეტი ყურადღება დაეთმო. კარგი იქნებოდა, სეფერისის სწორხაზოვანი პოლიტიკური პოზიციის შესახებ გაერძელებინა მსჯელობა, ან დიქტატურის წინააღმდეგ გამოთქმული მისი შერბილებული, მაგრამ მაინც დამაჯერებელი ბრალდებები გაეხსენებინა, – თუნდაც, ათენში, 1971 წელს გამართული პოეტის დაკრძალვა, რომელიც მღელვარე სახალხო პროტესტად გადაიქცა.

კევინ ენდრიუსი გაცილებით დეტალურად და ამაღელვებლად აღწერს ამ დაკრძალვას 1980 წელს გამოცემულ რომანში, “საბერძნეთი წყვდიადში”, რომელის პოვნაც დღეს თითქმის შეუძლებელია. მწერალი იქ მყოფ მსახიობ ანა სინოდინუსაც ახსენებს, “ვინც ერთხელ დაკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, მან კი ყველა გამოლანძღა და ანტიგონეს სიტყვების დეკლამირება დაიწყო, შეუვალი და თავისუფალი სინდისის სახელით”. სწორედ მან გაუხსნა გზა ერთ-ერთი სტუდენტის მშვენიერ გამოსვლას: “მე იმ ახალგაზრდების ვეკუთვნი, ვისაც თქვენ უყვარდით და ვიტყოდი, რომ ამ მიწისთვის კრიტიკულ წუთებში ჩვენი შორსმჭვრეტელი ინტელექტუალი წინამძღოლი და სულიერი მოძღვარი იყავით. თქვენ გვასწავლეთ მისი სიყვარული და თანაგრძნობა. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც მოგვეცით და დღესაც გვაძლევთ თქვენი შემოქმედებითა და განვლილი ცხოვრებით. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ხვალ შევძლებთ ჩვენს შვილებს ვუთხრათ: “სეფერისის გვერდით ვიყავით, როცა დაგვტოვა”.

The Hudson Review Vol. LVII, No. 1 (Spring 2004)© 2004 The Hudson Review

*ლექსები თარგმნა დავით გაბუნიამ

ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

Facebook Comments Box