პროზა

ჯაბა ზარქუა – სიყვარული ხრუშოვკაში

პირველი მოთხრობა ციკლიდან „ხრუშოვკის ტრილოგია“

პირველი ზარი

უჩვეულო ამბის დასაწყისი

– გისმენთ!

– კარგია.

– ბოდიში, ვერ გავიგე?

– რომ მისმენ, უკვე კარგია.

– რომელი ხართ?

– შეიძლება შენობით ვილაპარაკოთ? მეუხერხულება რაღაცნაირად.

– იცი, არ მცალია ამ მაიმუნობისთვის. ან თქვი რომელი ხარ ან ამ შუაღამე ძილი მაცადე.

– იწექი?

– ყურმილს ვკიდებ იცოდე და მეორედ აქ აღარ დარეკო!

– მოიცა, მოიცა. კარგი, გეტყვი ყველაფერს, არ დაკიდო. თან დიდი აზრიც არ აქვს ამას, იმიტომ, რომ მაინც დავრეკავ მეორედ და ჯობია ვილაპარაკოთ.

– მანიაკი ხარ? პატრული გამოვიძახო?

– ვინც გინდა გამოიძახე, არ გემუქრები და საფრთხეს არ გიქმნი. უბრალოდ ლაპარაკი მინდა.

– ვინ ხარ? საიდან გაიგე ჩემი ნომერი? რატომ მირეკავ შუაღამით?

– რა ჯიუტი ხარ. ისეთ ინფორმაციას მთხოვ, რაც არაფერს მოგცემს. კარგი ჰა, გეტყვი: გოგა ამისულაშვილი, 35 წლის. ვცხოვრობ შენს ქვემოთ, მეორე სართულზე, ოროთახიანში. დაკმაყოფილდი? ნომრის გაგებას რაც შეეხება, ამ ბინაში შენამდე სხვები ცხოვრობდნენ, იქამდე კიდევ სხვები და ა.შ. მე კი სულ აქ ვარ და სახლის ტელეფონიც აქ არის, არ ვიცვლებით. აქედან ვიცი, ბავშვობიდან მახსოვს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, ჩემი მეგობარი ზაზა რომ ცხოვრობდა იქ.

– რაა??? რა გინდა ჩემგან?

– ასე კონკრეტულად არაფერი. გუშინ ფანჯრიდან ვნახე როგორ გადმოხვედი, რაღაცეებს ზიდავდი, მარტო ხარ. ნუ გეშინია, მართლა არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენ, ბოლო-ბოლო სახლიდან ვერც გამოვდივარ, რა უნდა დაგიშავო.

– ვერ გავიგე?!

– არადა არაფერი გაუგებარი არაა – სახლიდან ვერ გამოვდივარ. ისეთი დაავადება მაქვს, რომლის დროსაც ადამიანებთან და გარემოსთან კონტაქტი არ შეიძლება, რამე ინფექცია რომ შემეყაროს, თუნდაც მარტივი, ჩემი იმუნიტეტი ვერ გაუძლებს და შეიძლება მოვკვდე. დედასთან ვცხოვრობ. სხვა არავინ მოძრაობს ჩვენს ბინაში. დედა კი იშვიათად გადის გარეთ, მაგრამ როცა უწევს, სპეც-სამოსი აქვს, რომელსაც შემოსვლისთანავე იცვამს, პლიუს ამას სადეზინფექციო ხსნარები და მოკლედ, მთელი ამბავია.

– მართლა?

– ნუ გეცოდები. ამისთვის არ დამირეკავს. უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა. ისტორიების მოყოლა. შენის მოსმენა. დიდი ალბათობით პირისპირ მაინც ვერასდროს შევხვდებით და თუ ოდესმე ეს მოხდება, ნამდვილად ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება.

– ჰო… დავიბენი ცოტა. არც ვიცი რა გითხრა.

– არაფერი. მე გეტყვი. იცი, შენამდე აქ ოჯახი ცხოვრობდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ. სახელებს რა მნიშვნელობა აქვს. გოგო და ბიჭი იყვნენ. თავიდან ყველაფერი ნორმალურად დაიწყო. მეზობლები გაგვიცნეს, ჩემს შესახებ გამოიკითხეს ყველაფერი, პერიოდულად რაღაც საჩუქრებს მიგზავნიდნენ, ძალიან ყურადღებიანი ხალხი ჩანდა. ერთმანეთი უყვარდათ კიდეც. თუმცა ერთ დღეს საშინელება მოხდა.

– რა მოხდა?

– მათი საძინებლიდან არასდროს გამოდიოდა ხმაური. შედიოდნენ და იძინებდნენ. ეს ცოტათი უცნაური იყო ახალგაზრდა წყვილისთვის. ვხვდებოდი, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდათ და ამიტომაც იყო მათ საძინებელში სამარისებული სიჩუმე. ამ თხელი კედლებისა და ჭერის წყალობით, დამიჯერე, ოდნავი გაფაჩუნებაც კი მესმის და თავს დავდებ, რომ მცდელობაც კი არ ჰქონიათ სექსის. უფრო მეტიც – საძინებელში შესვლისთანავე ისე მოწყვეტით დგებოდა სიჩუმე, ასე გეგონებოდა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც გარემოსგან ისვენებდნენო. თითქოს საძინებელთან საკიდი ედგათ, რომელზეც თავიანთ მოსიყვარულე სხეულებს კიდებდნენ და ასე სხეულგაცლილები წვებოდნენ ლოგინში.

– ალბათ არ უყვარდათ ერთმანეთი სინამდვილეში და უბრალოდ თამაშობდნენ.

– რატომ თამაშობდნენ? რად უნდოდათ იმის მტკიცება, რომ ძალიან მოსიყვარულე და საყვარელი წყვილი იყვნენ და ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ? ასე მარტივად არ მეჩვენებოდა ეს საქმე და ჩაძიება გადავწყვიტე.

– მერე? რა გაარკვიე?

– ყველაფერი. თავიდან გამიჭირდა სწორ გზაზე დადგომა, მაგრამ იმ ერთ დღეს, როცა საშინელება მოხდა, სწორ გზაზე დავდექი და ყველაფერი გავარკვიე.

– რა მოხდა ასეთი? მეტი რაღა უნდა მომხდარიყო?

– მათი საძინებლიდან ხმა მოისმა, ძალიან გარკვევით.

– რა ხმა?

 

მეორე ზარი

როცა ყველაფერი გესმის და ვერაფერს ხედავ

– რატომ გამითიშე გუშინ? არ დამეძინა კარგა ხანს.

– ვიცი, მესმოდა.

– რა გესმოდა?

– როგორ ბორგავდი საწოლში. ყველაფერი მესმის.

– ჰო. მომიყევი რა, გთხოვ, რა ხმა გაიგე მაინტერესებს.

– აუცილებლად. მოკლედ, პირველად, მათი თანაცხოვრების განმავლობაში, მათი საძინებლიდან ხმა გამოვიდა. საზარელი და უცნაური ხმა. ეს ხმა ქალის იყო და ამბობდა: „მეზიზღები! რით ვერ დაკმაყოფილდი ამდენი ხანი. თვეები გავიდა. როდემდე უნდა გააგრძელო. მძულხარ! დამანებე თავი, დამანებე, გთხოვ! თუ ოდნავი ადამიანობა მაინც შეგრჩენია“. ზუსტად მახსოვს, სიტყვა-სიტყვით.

– ვაჰ, საწყალი გოგო. ნეტა რა მოხდა?

– გგონია რამე კონკრეტული მოხდა, რის გამოც გოგო გაბრაზდა?

– აბა?

– ნწ, მასე მარტივი არ ჩანდა ეს საქმე, გული მიგრძნობდა, იმიტომ, რომ ამ ხმამდე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. საძინებელში შესვლამდე ისევ მხიარულობდნენ და შევიდნენ თუ არა, ისევ ერთიანად დამუნჯდნენ. ყოველდღიური რუტინა, არაფერი განსაკუთრებული. ამ სიჩუმეში კაი ორი საათი გაატარეს, ეგეც მახსოვს ზუსტად და სრულიად მოულოდნელად მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაიმე ხელშესახები საფუძველი ამ ამბავს არ ჰქონია. არც რამეზე ჩხუბობდნენ მანამდე, არც უცნაურად იქცეოდნენ. ისევ ისე უყვარდათ ერთმანეთი და ისევ ისე საყვარლად გამოიყურებოდნენ ერთად.

– გაარკვიე მერე?

– კი. აბა თუ გამოიცნობ როგორ?

– მმმ… რავი აბა.

– არადა მარტივია. მე სხვა რა შემიძლია, გარდა დარეკვისა და ლაპარაკისა.

– ვააჰ, კარგიი…. დაურეკე? ასე პირდაპირ სახლში დაურეკე? ბიჭს რომ აეღო რას ეტყოდი?

– იმ დროს დავურეკე, როცა ბიჭი სახლში არ იყო.

– და რაო, რა მოხდა? რა გითხრა?

– ჩვეულებრივად მიპასუხა. როცა გაიგო ვინც ვიყავი, ზრდილობიანად მომიკითხა, ჩამეძია, რამე ხომ არ მიჭირდა და ჩემი ჯანმრთელობის ბოლო ცნობებითაც დაინტერესდა. მერე ისიც კი მითხრა, რომ გუგლში ჩემი დაავადების შესახებ რაღაც ახალი ამბები შეხვედრია თურმე, სადაც ამბობდნენ, რომ ახალი პრეპარატის კვლევა დამაიმედებელ შედეგებს იძლეოდა და ბოლო ფაზაში გადადიოდა.

– და შენ რა უთხარი?

– მე ვუსმინე, ვუსმინე და მერე ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ. ის თავიდან დაიძაბა და თითქოს ხმა შეეცვალა, დაინტერესდა კონკრეტულად რა ვიცოდი. მე კი ვუთხარი, რომ იმ ღამეს მისი ხმა გავიგონე, რადგან გვიანობამდე არ ვიძინებ და თან მინდა თუ არ მინდა, ყველაფერი მესმის. მან კი მითხრა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და ჯობდა დროზე შემეწყვიტა უსიამოვნო საუბარი. მე ვუპასუხე, რომ ასეც ვიზამდი, უბრალოდ უნდა სცოდნოდა, რომ მსოფლიოში ერთმა ადამიანმა მაინც იცოდა რა ხდებოდა მის თავს და მსოფლიოში ერთი ადამიანი მაინც იყო მზად მის დასახმარებლად. მან მითხრა, რომ დიდი მადლობელია და თუ საჭიროდ ჩათვლის, აუცილებლად მომმართავს დახმარების სათხოვნელად. მე დამშვიდობებას ვაპირებდი, როცა ბოლოსკენ კითხვა წამაწია: „მართლა ყველაფერი გესმის?“. რაზეც ვუპასუხე: „კი, აბსოლუტურად ყველაფერი. თუ გინდა იმასაც გეტყვი, გუშინ ძილში რამდენჯერ იცვალე მხარი“. მას გაეცინა და ყურმილი დამიკიდა. მე კი ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა შემდგომ.

– რა მოხდებოდა?

– მიზეზებს გავიგებდი. ამოცანას ამოვხსნიდი.

– როგორ? დარწმუნებული ხარ, რომ წყვილი, რომელიც ასე მალავს საკუთარ ურთიერთობას, თავის პრობლემებს შენ გაგიზიარებდა? რატომ?

– ჯერ ერთი იმიტომ, რომ უსაფრთხო ვარ – სახლიდან ვერ გავდივარ და ვერც ვერასდროს გავალ. ის წამალი წარმატებით რომც დარეგისტრირდეს, ძალიან ძვირი ეღირება და სანამ ეგ გაიაფდება, მანამდე ისედაც მოვკვდები ალბათ. მეორეც ის, რომ ქალს დახმარება უნდოდა და არ არსებობდა ადამიანი მის გარემოცვაში, რომელიც დაეხმარებოდა. შეიძლება ასე პირდაპირ ვერაფრით დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი არსებობა უკვე დახმარება გამოდიოდა. მე მას ვჭირდებოდი.

– საინტერესოა. მერე რა მოხდა? მითხარი რა, თვითონ დაგირეკა? ისევ შენ დაურეკე?

– არასდროს დამირეკავს.

– რა??

– არც იმას დაურეკავს არასდროს, თუმცა ყველაფერი გავარკვიე.

– როგორ?

– ცოტა რამეს ვხედავ, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი მესმის, ხომ არ დაგავიწყდა?

– და რა მერე?

– ის, რომ მე ვუსმენდი, ის კი მასმენინებდა. ეგ იყო და ეგ.

 

მესამე ზარი

            გაცნობა

– ვაჰ, როგორც იქნა! მგონი სადისტი ხარ, იცი? იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ ავიდე და კარზე მივუკაკუნოთქო.

– რატომ?

– გუშინ რატომ არ დამირეკე აბა?

– სტუმარი გყავდა.

– და რა მერე, სტუმრის მოსვლა თუ გაიგე, ისიც ხომ გაიგე როდის წავიდა? მთელი ღამე აქ ხომ არ ყოფილა?

– ვინ იყო?

– მეგობარია ერთი, მაგრამ მოიცა, მოიცა… რა შენი საქმეა?

– რას გულისხმობ – კითხვების დასმა რა ჩემი საქმეა? ამის მეტი საქმე არ მაქვს აბა და რა ვქნა?

– იცი რა, არ მსიამოვნებს ასე თუ ანგარიშები უნდა გაბარო ვინ იყო და რას აკეთებდა.

– აღარ გამოგკითხო?

– ჰო!

– აღარც დაგირეკო?

– აუუ… როგორც გინდა რა, გგონია ახლა თავს მოვიკლავ თუ არ დამირეკავ?

– არა, არ მგონია.

– ჰოდა, მაშინ როგორც გინდა ისე ქენი რა.

– რატომ მიბრაზდები?

– რატომ მისმენ?

– ხომ გითხარი – თხელი კედლებია და მე კი სულ სახლში ვზივარ. ერთი გენი რომ სხვანაირად ყოფილიყო ჩემს ორგანიზმში, სუუუუულ მცირედ განსხვავებული რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ახლა ნორმალური ადამიანი ვყოფილიყავი და საერთოდაც იმ სტუმრის ნაცვლად მე გწვეოდი. ან სხვა ვარიანტიცაა, შეიძლება ვერაფერი გამეგო იმიტომ, რომ ყრუ ვყოფილიყავი. ან კიდევ ერთი ვარიან…

– კაი, კაი, გეყოს ახლა. რატომ არ დამირეკე მერე? თორმეტისკენ წავიდა თუ სწორად მახსოვს.

– იმიტომ, რომ ხასიათზე არ ვიყავი. იმუნიტეტი რახან არ მაქვს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გონება და ემოციებიც არ მაქვს.

– ჰაჰა…

– რა გაცინებს?

– ხომ არ ეჭვიანობ?

– რაზე?

– ბიჭი რომ მყავდა სტუმრად.

– შენი სახელიც არ ვიცი, როგორ უნდა ვიეჭვიანო.

– აი, ზუსტად ვიცი რომ ეჭვიანობ. შეიძლება ბევრი რამე არ ვიცი ამქვეყნად, მაგრამ ინტუიცია ძალიან კარგი მაქვს. ახლა ეჭვიანობ და წერტილი.

– ჰო, კარგი.

– რა კარგი?

– ვეჭვიანობ, მართალი ხარ.

– ვაიმე… ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.

– ვიცი.

– და ძალიან მომწონს თან.

– ეგეც ვიცი.

– ნუ ეს შენი ავადმყოფური თავდაჯერებულობა, ღმერთო ჩემო.

– ავადმყოფი ვარ და აბა როგორი თავდაჯერებულობა მექნება.

– კაი, კაი, ნუ იმეორებ მაგ საშინელებას.

– რა გქვია?

– ძალიან უცნაურია, როცა ღამე რომელ გვერდზე მძინავს ის იცი, ჩემზე ეჭვიანობ და სახელი კი არ იცი.

– გეთანხმები.

– ანა მქვია.

– სასიამოვნოა, ანა. მე გოგა ვარ.

– ეგ ხომ მითხარი. მახსოვს.

– ხვალ გავაგრძელოთ, ანა.

 

მეოთხე ზარი

         შურისძიება

– ისევ ეჭვიანობ? გაგიარა?

– საიდან იცი, რომ მე ვრეკავ?

– შენს გარდა ჩემი ნომერი არავინ იცის. მეეჭვება სხვა მეზობლებსაც ჰქონდეთ იგივე ჰობი.

– ეგეც მართალია, მაგრამ იქნება და ვინმე სხვაგან მოხვდეს, რა იცი.

– მერე რა, ის სხვა არ შეიძლება ეჭვიანობდეს? რა არის აქ უხერხული. ან გამცემს პასუხს, ან ზრდილობიანად მომიბოდიშებს და იქ დარეკავს, სადაც უნდოდა მოხვედრა.

– არ გაინტერესებს რა მოხდა მერე?

– ამის მეტი არაფერი მაინტერესებს შენგან.

– მართლა?

– კარგი, ჰოო, ნუ დაიწყებ ისევ. მაინტერესებს, ყველაფერი მაინტერესებს. განაგრძე დროზე.

– თითქმის ყოველ ღამე მესმოდა მათი საძინებლიდან ხმები. ხმები, რომლებიც ყველაფერს ნათელს ფენდნენ და ხმები, რომლებიც მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი. ჰო, ასი პროცენტით ვიყავი ამაში დარწმუნებული. როცა გოგომ გაიგო, რომ ყველაფერი მესმოდა, სპეციალურად ლაპარაკობდა ისეთ ამბებს, რაც მე რომ არ ვყოფილიყავი, დიდად სალაპარაკოც არ იქნებოდა.

– მაგალითად?

– მაგალითად იმას, რაც ბიჭმა ისედაც კარგად იცოდა, თუმცა გოგო კვლავ და კვლავ ახსენებდა. ჩვენი საუბრიდან მეორე ღამეს საძინებელში შესვლისთანავე დაიწყეს. გოგომ უთხრა, რომ რაც მოხდა – მოხდა, დროა ზრდასრული და ნორმალური ადამიანებივით ცხოვრება განაგრძონ და შეეშვან ერთმანეთს. ბიჭმა კი უპასუხა, რომ ეს საკითხი გავლილი აქვთ უკვე, გადაწყვეტილებაც მიღებული აქვთ და თავიდან მიბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ყველაფერი უნდა გაგრძელდეს შეთანხმებისამებრ. გოგომ კი უთხრა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი არ იყო, რადგან არც არასდროს ყვარებია ბიჭი. როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, მალევე დაქორწინდნენ. გააზრება ვერც მოასწრო რა ხდებოდა მის თავს და, შესაბამისად, ინერციით გააგრძელა ცხოვრება. ბიჭმა კი უპასუხა, რომ თავადაც ასე იყო, რადგან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ როცა დაქორწინდნენ. გოგომ უთხრა, რომ არ უნდა დაქორწინებულიყვნენ, მიუხედავად ოჯახის ზეწოლისა და აუცილებლად ყველაფერი უკეთ იქნებოდა. ან ერთად იქნებოდნენ და ან ცალ-ცალკე, მაგრამ ორივე შემთხვევაში ყველაფერი უკეთ იქნებოდა, თუ ამას საკუთარი ნებით იზამდნენ და არა ზეწოლით. ბიჭმა კი უპასუხა, რომ თავადაც იცის ეს ყველაფერი, მაგრამ რაც მოხდა – მოხდა, დროს ვეღარ დააბრუნებს. გოგომ უთხრა, რომ დროს ვეღარ დააბრუნებენ, მაგრამ სამაგიეროდ ახალი დრო უნდა შექმნან და წამზომი თავიდან ჩართონ ახლა მაინც. ბიჭმა უპასუხა, რომ ყოველთვის ეშინოდა ღალატის, ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე. გოგომ უთხრა, რომ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომაც უღალატა, უნდოდა, რომ ცოტათი გამოფხიზლებულიყვნენ და ეს მარაზმი მანამ შეეწყვიტათ, სანამ დაბერდებოდნენ. ისიც უთხრა, რომ ზოგადად ძალიან კარგი ადამიანი იყო ბიჭი და ბედნიერი იქნებოდა თუ მოახერხებდა ბედნიერი ცხოვრების გაგრძელებას, მიუხედავად მომხდარისა. ასევე დასძინა, რომ თუ უნდოდა, საჯაროდაც ეთქვა მიზეზი და ყველაფერი გოგოსთვის დაებრალებინა, იცოდა კარგად, რომ ამის გამო დიდი წნეხის გაძლება მოუწევდა, მაგრამ არას დაეძებდა, რადგან ამ ჯოჯოხეთის ატანა სხვა მხრივ მაინც წარმოუდგენლად მიაჩნდა. ბიჭმა უპასუხა, რომ ახლა, როცა თვალებში უყურებდა, მხოლოდ ერთი გრძნობა ეუფლებოდა – ზიზღი და სიძულვილი და უნდოდა, რომ გოგო ისევე წამებულიყო, როგორც თავად ეწამა, როცა ეს ფაქტი გაიგო. გოგომ უთხრა, რომ უკვე ყელში ამოსვლოდა ყველაფერი და ფეხებზე ეკიდა, ადგებოდა და ამ წამსვე წავიდოდა სახლიდან სადმე და აღარასდროს დაბრუნდებოდა. ბიჭმა კი უპასუხა, რომ მყარად იდგა თავის აზრზე და დასძინა, რომ მგონი ავიწყდებოდა გოგოს რაღაც-რაღაცეები და შეხსენებას საჭიროებდა. გოგო დამუნჯდა და ბიჭმა ლაპარაკი განაგრძო, ეტყობოდა, რომ რაღაცას კითხულობდა. ტექსტი ასეთი იყო: „გამარჯობა პატრულის თანამშრომელო, რომელიც ალბათ სხვებზე ადრე კითხულობ ამ ტექსტს. მინდა იცოდე, რომ საქმე გაქვს ცალსახად თვითმკვლელობასთან და ძიების გაგრძელებას სხვა მიმართულებით დიდი აზრი არ აქვს. თავი მოვიკალი ოჯახური ტრაგედიის გამო. ჩემი ცოლი მღალატობდა და არ ვუყვარდი, ერთ დღესაც ვერ გავუძელი ამ ფაქტს და ვქენი ის, რაც ვქენი. მასზე საქმეს ნუ აღძრავთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ის არის ჩემი თვითმკვლელობამდე მიყვანის ავტორი, მგონია რომ მაინც არ იმსახურებს ამ მხრივ სასჯელს, რადგან ასე პირდაპირ არასდროს უბიძგებია ჩემთვის თვითმკვლელობისკენ. დედა, მამა, მიყვარხართ და მშვიდობით. პარაკლისებზე არ იდარდოთ, ეს მღვდლები ისე გაუგებრად ბუტბუტებენ, მაინც ვერავინ გაიგებს ზემოთ მათ საუბარს და დიდი აზრი არ აქვს გადამიხდიან პარაკლისებს თუ არა. აბა თქვენ იცით!“. გოგომ უთხრა, რომ შეუძლებელი იყო ასე ცხოვრება და ამხელა სასჯელი არ დაუმსახურებია. ბიჭმა უპასუხა, რომ ეს სასჯელი არც იყო, უბრალოდ სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, რადგან სძულდა ის და თუ ოდესმე შეუყვარდებოდა, ან, როგორც მინიმუმ, ზიზღით მაინც არ შეზიზღდებოდა, იქნებ დაეხია თვითმკვლელობისთვის მომზადებული წერილი და ხელახლა არც დაეწერა არასდროს. გოგომ კი უთხრა, რომ თავად მოიკლავდა თავს. ბიჭმა უპასუხა, რომ მისი ნება იყო. გოგო დაემუქრა, რომ წერილს დაწერდა და მას დასდებდა ბრალს. ბიჭმა კი უთხრა, რომ ფეხებზე ეკიდა.

– რა საშინელებაა… ანუ თამაშობდნენ ბედნიერ წყვილს და სინამდვილეში ვერ იტანდნენ და აშანტაჟებდნენ ერთმანეთს?

– ჰო, მასე იყო. როგორც ხდება ხოლმე.

– რას ამბობ, გგონია ასე ხდება ყველგან? რა სისულელეა!

– ხრუშოვკებში აშენების დღიდან სისულელეები ხდება, სხვას რას უნდა ელოდე აბა? მთავარი სისულელეები მაინც წინაა, აგერ ნახავ.

 

         მეხუთე ზარი

         ოქროს მოწმე

– ოჰ, რამდენი ხანია არ შემხმიანებიხარ. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ.

– რაზე?

– ძალიან გთხოვ, ახლა საყვედურები და საქმეების გარჩევა არ დამიწყო, კარგი? მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ვცხოვრობ დამოუკიდებლად და მაქვს უფლება, ვინც მინდა ის ამოვიყვანო ჩემს სახლში და რაც მინდა ის ვაკეთო მასთან. თუ ჩემი საძინებლიდან გამომავალი ხმები გაწუხებს, ამისთვის ბოდიშს მოგიხდი და ვეცდები, აწი როგორმე თავი გავაკონტროლო, თუმცა მერწმუნე, ეს ძალიან რთულია ხოლმე ასეთ დროს.

– ნუ მებოდიშები, აბსოლუტურად მართალი ხარ.

– ჰოდა მასე, ძალიანაც კარგი. ძალიან შევტოპეთ მგონი ამ თამაშში და არ მინდა რეალობის შეგრძნება დავკარგოთ. ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მინდა შენდამი ამის გამო რაიმე ვალდებულებას ვგრძნობდე.

– მესმის, მესმის.

– არ ეჭვიანობ ხო? მგონი მიყვარს ის ბიჭი თან, განა უბრალოდ ვერთობი. მგონი რაღაც სერიოზული უნდა გამოგვივიდეს.

– რა სისულელეა, მინდა რომ ბედნიერი იყო. რატომ უნდა მინდოდეს შენი უბედურება.

– ძალიან კარგი, მიხარია რომ სწორად გამიგე. რა თქმა უნდა, დარეკვას არ გიკრძალავ და არ იფიქრო, რომ რამენაირად მაწუხებ. პირიქითაც კი, მსიამოვნებს ეს უცნაური ურთიერთობა.

– მეც მსიამოვნებს.

– კარგია. მისმინე, რა მოხდა მერე?

– შენი წინამორბედების ისტორიაზე მეკითხები?

– ჰო, ის კი გავიგე, რომ ყველაფერი შეიტყვე მათ შესახებ, მაგრამ მერე რა მოხდა? დაეხმარე რამენაირად? გოგო კი გაგებინებდა ამ ყველაფერს, მაგრამ თუ არასდროს დაურეკავს და შენც არასდროს შეხმიანებიხარ, როგორღა იღებდა შენგან დახმარებას?

– რას გულისხმობ დახმარებაში? ხომ გითხარი, რომ ჩემი არსებობა იყო უკვე მისთვის დახმარებათქო.

– ანუ რას ამბობ, რომ მხოლოდ იმის ცოდნა შველოდა, რომ იცოდა, მის ნალაპარაკევს ქმრის გარდა ვინმე სხვაც ისმენდა?

– ჰო, ცოტაა?

– რანაირად? კარგი, თუ ასე იყო, მაშინ ის მითხარი – გამოსწორდა გოგოს მდგომარეობა დროთა განმავლობაში?

– კი, იმდენად, რამდენადაც გვამურ მდგომარეობას შეიძლება გამოსწორებული ერქვას ცოცხალ მდგომარეობასთან შედარებით. ერთ დღესაც ბრაგვანის ხმა გავიგე, თითქოს რაღაც მოწყვეტით დაეცაო იატაკზე. მივხვდი რაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი გამიკეთებია. როდესაც ბიჭი სახლში დაბრუნდა და საძინებელში შევიდა, ხმამაღლა შეიგინა და ყვირილი მორთო: „ჰეი, გამოფხიზლდი, ეს რა ქენი, რა გამიკეთე, ჰეეეი“. ძალიან ცოტა ხანში კარის გაჯახუნების ხმა გავიგე. ფანჯარასთან როცა მივედი, დავინახე როგორ გარბოდა უკანმოუხედავად. მისი ისტორია აქ დამთავრდა. მერე პატრული მოვიდა და დაიწყო ფუსფუსი და ერთი ამბავი. მეორე დღეს ჩემს კარზე კაკუნი გაისმა. დედამ გასძახა, არ გაუღია, ცხადია. გამომძიებელი იყო და ამბობდა, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს იძიებდა. მისი თქმით, თვითმკვლელს წერილი დაეტოვებინა, სადაც ეწერა, რომ ყველაფერი ქვემოთა მეზობელმა იცისო დეტალურად, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს და სახლში არ შეგიშვებთ, მაგრამ შეუძლია დაწეროს ეს ყოველივეო. გესმის რაც მოხდა? გოგომ თავი მოიკლა და მისი ოქროს მოწმე მე ვიყავი. მე უნდა მეთქვა, თუ როგორ აწამებდა ქმარი, როგორ აშანტაჟებდა თვითმკვლელობით და როგორ ემუქრებოდა. როგორ აიძულებდა გაუსაძლისი და უსიყვარულო ცხოვრების გაგრძელებას და თან თამაშს და კიდევ მთავარი, როგორ ეუბნებოდა, რომ შეეძლო თავი მოეკლა კიდეც და როგორ უწვდიდა ირონიულად ერთ ბღუჯა ტაბლეტებს და აგულიანებდა ყოველთვის, მიდი, აბა, მანახე ერთი მართლა თუ შეგიძლიაო.

– რა? ეგ არ გითქვამს აქამდე.

– შენთვის არა, მაგრამ პოლიციას ვუთხარი.

– ღმერთო… რატომ მოიტყუე?

– იმიტომ, რომ გოგოს უნდოდა დავხმარებოდი. მისი ისტორიის უბრალოდ მოყოლა კი საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ ბიჭი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ჩაესვათ. არადა გოგოს უნდოდა, რომ ბიჭი ჩაესვათ და მერე თავშიც ქვა ეხალა, გინდა თავი მოეკლა და გინდა სხვას მოეკლა ციხეში, ეს უკვე გოგოს აღარ ადარდებდა. შურისძიება უნდოდა და მე უნდა დავხმარებოდი ამ საქმეში. მე, უცხო ადამიანი, რომელმაც მისი ისტორია დეტალურად იცოდა და პოლიციისთვის ამ დეტალების განდობით მისი ყველა სიტყვა სანდოობას შეიძენდა. გადაამოწმებდნენ და ნახავდნენ, რომ ვიღაცა ქვედა მეზობელმა ამ ოჯახზე ყველაფერი იცის. გაიზრდებოდა ჩემს მიმართ ნდობა და ამის შემდეგ კი შევაპარებდი გამომძიებელს ტაბლეტების ამბავს და ეგაა, ეჭვიც არავის შეეპარებოდა. გოგოს იმედები უნდა გამემართლებინა, სხვანაირად ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას და გავამართლე კიდეც.

– რა საშინელებაა…

– ამ ისტორიაში ბევრი რამეა საშინელება, ბევრიც სისულელე, ბევრიც უბედურება. მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ მისი და აბა სხვაგვარად როგორ მოვქცეულიყავი?

– სინდისი არ გქენჯნის?

– სულაც არა. ყველამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა.

– იცი, ცოტათი მეშინია შენი. პირველივე შესაძლებლობისთანავე გადავალ ამ დაწყევლილი სახლიდან და არასდროს მსგავსში არ ვიცხოვრებ, ალბათ.

– შენს გადასვლამდე კიდევ ბევრი რამე მოხდება.

 

მეექვსე ზარი

         უწყვეტი ციკლი

– რამე ხომ არ გატკინა?

– გოგა!

– რა იყო, ნუ ბრაზობ, უბრალოდ გეკითხები.

– გოგა, მისმინე, არ არის ეს ნორმალური, ასე ელოდო როდის დავასრულებ სექსს და მერე დამირეკო და გამომკითხო ამბები დეტალურად, არ მინდა ამაზე შენთან ლაპარაკი! ეს უკვე ავადმყოფობაა!

– მთელი ეს დღეები გისმენდი, არ დამირეკავს.

– ვიცი რომ მისმენდი და არც ახლა უნდა დაგერეკა. კიდევ კარგი მიიძინა და არ ესმის ჩვენი ლაპარაკი.

– ფეხებზე მკიდია. უბრალოდ რას დავაკვირდი იცი, შენს ხმას დავაკვირდი. ზუსტად ვხვდები, როდის თამაშობ ორგაზმს და როდის გაქვს მართლა. ნამდვილი ორგაზმი სულ 7-ჯერ გქონდა ამ ხნის განმავლობაში, დანარჩენ შემთხვევებში თამაშობდი.

– გოგა! გეყოს!

– ხო მართალი ვარ? ნუ ციფრი შეიძლება ზუსტად არ გახსოვდეს, მაგრამ ის ხომ ზუსტად იცი, რომ უმეტეს შემთხვევებში თამაშობ?

– რა გინდა, შემეშვი!

– რა მაინტერესებს იცი, ახლა შენს ხმაში თამაშთან ერთად რაღაცნაირი ტკივილიც შევამჩნიე და ამიტომაც დაგირეკე, ეს აქამდე არ შემემჩნია. მგონი მოგბეზრდა. და თუ მოგბეზრდა, მაშინ კითხვა მაქვს – რატომ არ ანებებ თავს?

– გოგა, არ მინდა ამ თემაზე შენთან ლაპარაკი, ჩემს ცხოვრებას მე უნდა მივხედო, გესმის? არაფერი გესაქმება ჩემს საწოლში!

– უბრალოდ არ მესმის რატომ აკეთებენ ყველანი ყოველთვის ყველაფერს იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. ხომ ზუსტად იცი, რომ ეს ყოველივე ცუდად დამთავრდება?

– რას ბოდავ? რა უნდა დამთავრდეს ცუდად, მიყვარს და მინდა რომ ჩემთან იყოს!

– და ყალბი ორგაზმებით აიძულებ რომ შენთან იყოს? რომ გაბედო და უთხრა, რომ არ გაქვს სექსის სურვილი, გეშინია რომ წავა? და თუ წავა, რა მერე?

– გეყოს, გთხოვ…

– ანა, შენ მხოლოდ შენი ისტორიის მონაწილე ხარ, მე კიდევ 35 წლის ვარ.

– ანუ?

– ანუ ის, რომ ამ სახლში შენამდე ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. ზოგი ქირით, ზოგიც ჩვეულებრივად.

– და მერე?

– მერე ის, რომ ყველა ერთნაირად ამთავრებდა და მე ამ ყველაფერს ვუყურებდი, მეტი არაფერი.

– მერე ჩემს შემთხვევასაც უყურე მშვიდად, დამანებე თავი, რაღა ჩემთან გადაწყვიტე ჩარევა?

– შენ მომწონხარ.

– სხვა არ მოგწონებია?

– არა, სხვა არ მომწონებია.

– ასე ტელეფონზე ლაპარაკით როგორ მოგეწონე?

– ჯერ ერთი, ქუჩაშიც გხედავ ფანჯრიდან, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. შენი აზრით ბრმებს როგორ უყვარდებათ?

– როგორ?

– როგორ და მნიშვნელობა არ აქვს ტვინს რა აწვდის ინფორმაციას, მთავარი მაინც ტვინია. ჩემმა ტვინმა კი შენ ისეთი შეგქმნა, როგორიც მას მოსწონს. ესაა და ეს. მარტივია მგონი, არა?

– დავუშვათ მასეა, მერე? ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი ვერ გაგრძელდება, უბრალოდ შეუძლებელია, ფიზიკურად შეუძლებელია.

– გააჩნია რას გულისხმობ, მაგრამ დავანებოთ მაგ თემას თავი, ახლა არაა საინტერესო. ახლა მხოლოდ ის მანაღვლებს, რომ სისულელეს აკეთებ.

– არაა შენი საქმე!

– ჩემი საქმეა, იმიტომ, რომ მეც ვარ მონაწილე ამ ყველაფრის და არ მინდა შენი წინამორბედებივით დაამთავრო.

– ყველას ხომ არ მოუკლავს თავი, რას გადამეკიდე? იმ პარანოიკმა წყვილმა თუ ტრაგიკულად დაასრულა, ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მეც თავს მოვიკლავ?

– ეგ რა შუაშია. ისევ მხოლოდ ფორმაზე აკეთებ აქცენტს, არადა აქაც მთავარი შინაარსია.

– გეხვეწები რა, არ შემიძლია ეს ბუნდოვანი და რაღაცნაირი საუბრები, სურვილიც არ მაქვს და არაფერი. აქ თუ მეორეჯერ დარეკავ, პირობას გაძლევ რომ მე აღარ ავიღებ. თუ დარეკვას არ შეწყვეტ, პირობას გაძლევ, რომ ტელეფონს საერთოდ ჩავჭრი, გასაგებია? შეინარჩუნე ადამიანობა და მოიქეცი ნორმალურად, გთხოვ.

 

მეშვიდე ზარი

         უწყვეტი ციკლის გაწყვეტა

– რომელი ხარ?

– შენ რომელი ხარ?

– დროზე თქვი რომელი ხარ, თორემ მოგიტყნავ დედის მუტელს შე ყლეო, რას მეთამაშები აქ!

– აჰ, გამარჯობა ზურა.

– ვინ ხარ, სირო!!!

– მგონი ხვდები ვინც ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გარისკავდი უცხო ადამიანისთვის ტელეფონზე გეგინებინა.

– ახლა მისმინე შე ყვერო, ჩამოვალ ქვემოთ და მოგიტყნავ დედის მუტელს იცოდე, თუ დროზე არ შეწყვეტ აქ რეკვას. ყველაფერი ვიცი. ანა ყველაფერს მომიყვა და უნდა გააჯვა აქედან სამუდამოდ. დაეჯვი შენს ყლე სახლში და ისმინე წყნარად როგორ ვტყნავ ანას, მეტი არაფერი შეგიძლია მაინც, გაიგე?

– მისმინე, ის გითხრა ანამ, რომ მისი ორგაზმების უმეტესობა ნათამაშევია?

– მეჭორავები ახლა შე ყლეო? კიდევ რა იცი ანას შესახებ აბა, მომიყევი შენი ქარაქუცა დედას შევეცი მე.

– ბევრი არაფერი, მაგრამ რაც ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ის ვიცი, რომ ანა მიყვარს სიგიჟემდე, მიუხედავად იმისა, რომ პირისპირ არც მინახავს. მეორე ის ვიცი, რომ მას არ ვუყვარვარ. მესამე კი ის ვიცი, რომ შენთან ურთიერთობას ტყუილზე აშენებს, იმიტომ, რომ შენი დაკარგვის ეშინია. რატომ ეშინია შენი დაკარგვის? იმიტომ, რომ ვიღაც ჭირდება. აქ ასეა მოწყობილი ყველაფერი – ყველას ვიღაც ჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს ვინ, ვინმე სულიერი იყოს ოღონდაც. ეს სულიერი შენ გამოდექი ანასთვის, მაგრამ იგივე წარმატებით შენი რომელიმე უსახური მეგობარიც შეიძლებოდა ყოფილიყო. რატომღაც გაგიმართლა და შენ გადაეყარე გზაზე, გილოცავ!

– შენი დედის ტრაკი მოვტყან მე, შენი დედას შევეცი!

– ანასთვის სულ ერთია რომ გორილა ხარ, სექსიც წესიერად არ შეგიძლია და სიამოვნებასაც ვერ ანიჭებ ბოლომდე. ანასთვის ეს მეორეხარისხოვანია. მას უბრალოდ სჭირდები და უნდა, რომ გვერდით ჰყავდე, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ – აქ ყოველთვის ასეა, ჩემს გარდა ყველა ასე იქცევა, ყველა ვიღაცას ეძებს, ვიღაცას, ვისაც გვერდით დაიდებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აღმოჩნდება ეს ვიღაცა. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიგიყვანს და ეს დასასრული ცუდი იქნება ორივესთვის. მე კი არ მინდა ანასთვის ცუდად დამთავრდეს ყველაფერი, თორემ შენ ფეხებზე მკიდიხარ.

– შენს დედას შესცა გორილამ შე ყლის ჭუჭყო შენ!

– ახლა კარგად მისმინე, ყველაფერი რომ ისე მოხდეს, როგორც ანასთვის უკეთესი იქნება, შემდეგი რამ უნდა გააკეთო: დღეს, როცა ანას სახლიდან გახვალ, დაემშვიდობები და არაფერს შეიმჩნევ. როცა დაგირეკავს შემდეგ დღეებში, ეტყვი, რომ არ გცალია და ვერ ნახავ. ბოლოს კი ეტყვი, რომ ნუღა გაწუხებს, იმიტომ, რომ უბრალოდ იყენებდი და სინამდვილეში არ გინდოდა მასთან ყოფნა და მოგბეზრდა, ანუ როგორც რეალურადაა ყველაფერი, გასაგებია?

– რაა? შენს დედას მოვტყნავ მე შე…

– მოიცა რა, ნუ კივიხარ ერთი წუთი, წესიერად მისმინე. თუ ამას არ იზამ, მაშინ იძულებული ვიქნები ანას ვუთხრა სიმართლე, იმიტომ, რომ მინდა გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ისე, როგორც ყველა აკეთებს, რომ მერე ისე არ დაამთავროს, როგორც ყველა ამთავრებს. თუ რაც გითხარი იმას არ იზამ, ანას ვეტყვი, რომ მოთამაშე ხარ და ვალებში ეფლობი სინამდვილეში, და მასთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ გიხარია, რომ ბევრი ფული არ გეხარჯება სექსში. გგონია არ მესმის რაზე ლაპარაკობ ტუალეტიდან? გგონია არ მესმის როგორ ჩალიჩობ სასოწარკვეთილი რაღაც ფულზე და კუშებზე და ა.შ. წესიერად ვერ ვერკვევი ამ ამბებში, მაგრამ იმაში ვერკვევი, რომ როდესაც ბანკიდან გირეკავენ, ანას ეუბნები, რომ ძმაკაცია, გადიხარ ტუალეტში, წყალს უშვებ და ბანკის ოფიცერს ეხვეწები, რომ ერთი დღეც გადროვოს და ხვალ შეიტან თანხას. ჰო, ყველაფერი ვიცი.

– რა?

– ნუ გეშინია, თუ ისე მოიქცევი როგორც გითხარი, ანა ვერასდროს ვერაფერს გაიგებს და მართალია ნაგავი კი ეგონები მთელი ცხოვრება, მაგრამ სჯობს მთელი ცხოვრება ნაგავი ეგონო, ვიდრე ერთად იყოთ და წლების მერე გაიგოს, რომ ატყუებდი და სინამდვილეში დაღუპული მოთამაშე იყავი, რომელიც გამოსწორებას არც ცდილობდა. ჰო, ესეც მნიშვნელოვანია – როცა ანა დასაბანად გადის ხოლმე, გგონია არ მესმის ხმები თუ როგორ უჯდები მის კომპიუტერს და როგორ ასწრებ რომელიღაც ონლაინ-თამაშის თამაშს? სლოტებია მგონი, არა? ანას არ ესმის, წყალი აქვს მოშვებული. შენ კი ისეთი დებილი ხარ, რომ ხმას არ უთიშავ კომპიუტერს. და საერთოდაც, ახლა ისეთ რამეს გეტყვი, რაც ერთი წამითაც არ დაგაფიქრებს ამ თემაზე. გარდა იმისა, რომ ანას არ ვეტყვი არაფერს შენი ცხოვრების შესახებ, თუ იმას იზამ, რაც შემოგთავაზე, ასევე მოგცემ 1000$-ს, რომლითაც შენი ვალების მხოლოდ მეთხუთმეტედს გაისტუმრებ, მაგრამ სამაგიეროდ იმ მეთხუთმეტედს, რომელიც ძალიან გიჭერდა და სასწრაფო იყო. ან მეორე ვარიანტია, ადგები, ითამაშებ ისევ და შეიძლება მთლიანადაც გაისტუმრო ვალები მოგებული ფულით. ყველა ვარიანტში, ფეხებზე მკიდია რას იზამ, შენი ფული იქნება და როგორც გინდა ისე მოექცევი. ოღონდ ამ საჩუქარს ერთი წინაპირობა აქვს – მას მერე ჩაგერიცხება ფული ანგარიშზე, რაც დავრწმუნდები რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და თავად ანას პირიდან გავიგებ, რომ ნაგვურად მიატოვე. მერწმუნე, აუცილებლად შემომჩივლებს ამას. ჰა, რას ფიქრობ? ნუ ჯიუტდები, ჩვენს გარდა ვერავინ ვერასდროს გაიგებს ამ გარიგებას. დიდი ამბავი ახლა, თუ უიმედოდ შეყვარებული რომეო არ აღმოჩნდი, ვის ქონდა რო ამის ილუზია? შენც არ გქონია და ისევ ჯობია პრაგმატულად იმოქმედო, რომ რამეს მაინც გამორჩე ამ მდგომარეობიდან. აბა შენ იცი, იფიქრე ამაზე. სანამ ყურმილს დაკიდებ, კიდევ ერთხელ შემაგინე და დამემუქრე, რომ ანამ რამე არ იეჭვოს. კარგად.

 

მერვე ზარი

         ბიოლოგია

– რა კარგია რომ დამირეკე.

– ვიცი.

– რა იცი?

– ტელეფონზე ელაპარაკებოდი მთელი კვირის განმავლობაში. მალე ამთავრებდი ლაპარაკს. ყოველ მომდევნო ზარზე უფრო აგრესიული და ნერვული ხდებოდი. როცა თიშავდი ყურმილს, ტირილს იწყებდი და ლოგინზე ემხობოდი. ანუ დაშორდით.

– ჰო, სულ დამავიწყდა, რომ შენ ყოველთვის ყველაფერი იცი.

– ცუდად ხარ?

– ძალიან.

– რატომ?

– იმიტომ, რომ დავშორდით. იდიოტი ხარ?

– მისმინე, არ იმსახურებდა ის ნაგავი შენს თავს.

– გოგა, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

– მაშინ რატომ მითხარი, კარგია რომ დამირეკეო?

– იმიტომ, რომ სხვა რამეზე მინდა მელაპარაკო.

– კარგი. რაზე გელაპარაკო?

– მომიყევი ისტორია ამ დედააფეთქებულ ბინაში ჩემამდე მაცხოვრებელი ხალხის შესახებ. მომიყევი რამე უაზრო და საშინელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ატყუებდნენ ადამიანები ერთმანეთს, როგორ იქმნიდნენ კარგად ყოფნის ილუზიას და შენ, ასეთი ბრძენი, როგორ აკვირდებოდი მათ ქვემოდან და როგორ წინასწარ იცოდი ყოველთვის, რომ ეს ყოველივე ცუდად დამთავრდებოდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე არ იყო? იმას მიჩიჩხინებდი, რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. გიხარია ხო ახლა?

– შენი ცუდ ხასიათზე ყოფნა არასდროს მიხარია.

– ააარაააა, გიხარია, ძალიანაც გიხარია ის, რაც ხდება. მიზანთროპი ავადმყოფი ხარ, რომელსაც თავისი ცხოვრება არ აქვს და იმით იმშვიდებს თავს, რომ სხვებს არაფერი არასდროს გამოსდით.

– რა სისულელეა, უბრალოდ რასაც ვაკვირდები, იმას ვამბობ. ძალიან გაღიზიანებული ხარ ახლა.

– ცუდად ვარ გოგა, ძალიან ცუდად, რა ვქნა, რა გავაკეთო, ვკვდები ისე ცუდად ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, არაფერი არ მინდა, არაფერს აზრი არ აქვს.

– ეგ დეპრესიაა, რაც ადამიანებს გახასიათებთ ხოლმე ასეთ დროს.

– ოჰ, ეს „გახასიათებთ“ რა იყო ახლა, შენ არაადამიანი ხარ? როგორ ლაპარაკობ, მგონი გაქანებული გიჟი ხარ, შიზოფრენიკი, ავადმყოფი!

– ადამიანი კი ვარ, მაგრამ წინა ცხოვრებაში ალბათ რვაფეხა ვიყავი.

– ჰაჰა. რატომ რვაფეხა? აუ, მგონი გავმხიარულდი.

– იმიტომ, რომ ახლა უნდა მოგიყვე ერთი სახალისო და სევდიანი ისტორია წყნარი ოკეანის გიგანტური რვაფეხების შესახებ.

– მიდი.

– წყნარი ოკეანის გიგანტური რვაფეხები ცხოველთა იმ სახეობებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც სექსი სიკვდილის წინ აქვთ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, სექსი მოასწავებს სწორედ სიკვდილს. რაღაცა ტერმინიც ჰქვიათ ასეთ არსებებს, მაგრამ არ მახსოვს. მოკლედ, ეს ჩვენი გიგანტური რვაფეხები შეჯვარების შემდეგ უცნაურად იქცევიან და მდედრებიც იხოცებიან და მამრებიც, მხოლოდ განაყოფიერებული კვერცხები გადარჩებიან და გააგრძელებენ არსებობას იმ დასასრულამდე, რომელიც გარდაუვალია. მიზეზები არ გაინტერესებს რატომ და როგორ ხდება ეს? აბა თუ მიხვდები.

– აუ, წარმოდგენა არ მაქვს. მითხარი რა, რა მაგარი ისტორიაა, მსგავსი ქცევის შესახებ არც მსმენოდა. უცბად დამიბრუნდა ხალისი, ესეც დეპრესიაა მგონი – ასეთი სწრაფი ცვალებადობა, ჰეჰ.

– მდედრები შიმშილით კვდებიან. საქმე იმაშია, რომ ერთადერთი რეპროდუქციული აქტის შემდეგ დაბერების შეუქცევადი პროცესი ეწყებათ, რომელიც მალე მიმდინარეობს. მნიშვნელოვნად იცვლება მათი ქცევა და გარეგნობა, ქვეითდება მადა, თვალები უფრო ჩავარდნილი უხდებათ, არაადეკვატურად იქცევიან და მთელი სხეული თეთრი ლაქებით ეფარებათ. ეს მტანჯველი პროცესი 1-2 თვე გრძელდება, მეტი არა. მდედრები შიმშილით კვდებიან იმიტომ, რომ ნადირობას თავს ანებებენ ახალდადებული კვერცხების გამო – დედის მზრუნველობა სჭირდებათ კვერცხებს. დედა როცა მოკვდება, მერე ისინი გამოიჩეკებიან და თავისი გზით განვითარდებიან. მამრების სიკვდილი კი ნაკლებ პოეტური და ჰეროიკულია – ღია წყალში იწყებენ არაადეკვატურ და უჩვეულო ცანცარს, ძირითად დროს იქ ატარებენ და ოკეანის სასტიკ გარემოში აუცილებლად ხდებიან მტაცებლების მსხვერპლები. მილიონობით წლის მანძილზე გამომუშავებულ თვითგადარჩენის ინსტინქტს თიშავენ თითქოს. ქალები ამას უფრო დიადი მიზნისთვის მაინც აკეთებენ, კაცები კი უაზროდ, სასოწარკვეთილად, ქაოტურად.

– ჰაჰა, ძალიან მაგარია!

– ჩემი საყვარელი ისტორიაა. რატომღაც ყოველთვის ვახდენდი ამ რვაფეხებთან თვითიდენტიფიკაციას. რაღაცნაირად მომწონს მათი ქცევა. ბევრი რამის მანიშნებელია ჩემთვის. ამათ რომ ვგავდეთ და ჩვენი ქცევა ასე მკაცრად განსაზღვრული იყოს წინასწარ, მგონი ყველაფერი ბევრად მარტივი და ნაკლებ სევდიანი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

 

          მეცხრე ზარი კარზე

         წყნარი ოკეანის გიგანტური რვაფეხა

– სურპრიიზ!

– შემოდი, დედაჩემი გვიან მოვა.

– ვიცი.

– ჭუჭყიანი გაქვს ფეხები. ეს სპეცტანსაცმელი ჩაიცვი დროზე.

– ოჰ, მოიცა რა! ნუ ფუსფუსებ უაზროდ.

– რატომ მოხვედი?

– ხომ გითხარი სურპრიზიათქო.

– შენი აქ ყოფნა არ შეიძლება.

– სხვების მიყურადებაც არ შეიძლება თუ მასეა, ცუდო ბიჭო.

– რა ლამაზი ხარ. შორიდან კი გხედავდი, მაგრამ…

– შენც არ ყოფილხარ მაინცდამაინც მახინჯი. ჰაჰა.

– მთვრალი ხარ?

– ცოტა დავლიე.

– წამო, ყავას მოგიდუღებ.

– მოიცა, მოიცა. ახლა პირდაპირ მითხარი სანამ გამოვფხიზლებულვარ და გადამიფიქრებია – გინდა შემეხო?

– კი, ძალიან.

– მიდი მერე, რას ელოდები. რაც გინდა ის მიქენი, ცხოვრებაში პირველად.

ამისულაშვილების ბინიდან პირველად და უკანასკნელად გავიდა სექსის ხმა და მთელი ხრუშოვკა გააყრუა. ეს ხმა იმდენად მძლავრი და ყოვლისმომცველი იყო, რომ უფროსებმა ბავშვები დასაძინებლად შერეკეს და ცხოვრებაში პირველად შეხედეს ერთმანეთს თვალებში ვნებიანად, დარცხვენილად, დაბნეულად და ცოტათი შიშითაც კი. ეს ხმა განსხვავდებოდა ყველა იმ სტანდარტული სექსის ხმისგან, რაც ამ კორპუსიდან ოდესმე გასულა ალერსის დროს. განსხვავდებოდა იმიტომ, რომ მასში ერია ვნება და სასოწარკვეთა. ყოველი მომდევნო გათავება ბიჭს პოტენციურ სიკვდილთან აახლოვებდა და ხორხიდან ისეთ ბგერებს გამოაშვებინებდა, რომელიც აქამდე არასდროს არავის სმენოდა.

გოგას სეფსისი ელოდა წინ. შემდეგ სეფსისით გამოწვეული პოლიორგანული უკმარისობა და შემდეგ უეჭველი სიკვდილი.

ანას კი ცხოვრება ელოდა წინ, ოღონდ არა აქ და ამ კორპუსში.

© არილი

Facebook Comments Box