პროზა

გოთი კოპალა – ოქრომჭედელი

ერთს რომ ერთი მივუმატოთ რამდენია ბაჭია?

არ დაიბნა ბაჭია, ორი ყური აწია.

ვცდილობ ლვოვის პროექტის კორპუსის მეხუთე სართულზე ავძვრე. ალპინისტი არ ვარ. კორპუსზე აძრომის სურვილი ყურებს უკავშირდება. ყურებს ესმის, ბგერას დიდი ძალა აქვს. იმდენად, დიდი რომ გაიძულებს იმოქმედო. მოქმედება მარტივიც შეიძლება იყოს, შეგიძლია შეხვიდე ლვოვის პროექტის კორპუსის სადარბაზოში. ლიფტით ახვიდე მეხუთე სართულზე (თუ ჯიბეში 5 ან 10 თეთრი აღმოგაჩნდა), დარეკო კარზე და თუ გაგიღებენ, ლვოვის პროექტის კორპუსის მეხუთე სართულის ბინაში აღმოჩნდები. მაგრამ ასე ვერ მოვიქცევი! მე, აქაური ვარ და რადგან ეს ასეა, წესებს ვერ დავარღვევ. რთულ მოქმედებას ვირჩევ.

მეხუთე სართულზე აძრომა ადვილი არ უნდა იყოს. აივნებიდან ვაპირებ. ეს გარკვეულ ფიზიკურ მომზადებასაც მოითხოვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თან ღამეა. ჩემს გადაწყვეტილებას ეჭვი შემოეპარა და სიმყარეს წყალი შეუდგა. მაგრამ სიჯიუტემ მაიძულა სტიმულუსი გამომეყენებინა. სტიმულუსი, ჩემი შუათითის ფრჩხილს ქვია. ასეთი შემთხვევებისთვის ვიზრდი. შემდეგ მოვხრი და ხელის გულზე ვიჩხვლეტ. შედეგი ზუსტად ისეთია, როგორც მის სეხნიის ჩხვლეტას ჰქონდა კოლიზეუმში. ჯოხზე წამოცმული რკინის ჩხირი, აიძულებდა სპილოს ან ზარმაც გლადიატორს გააფთრებული გაქანებულიყო მეტოქისკენ. გააფთრებას შედეგი ყოველთვის არ მოაქვს. არც სპილოსთვის და ზარმაცი გლადიატორისთვის მოუტანია. მეტოქეებმა ისინი მოკლეს და კოლიზეუმში შეკრებილი მაყურებელი ძალიან გაახარეს. მაგრამ მთავარია სტიმული, რაც მათ სტიმულუსმა (ჯოხზე წამოცმულმა ჩხირმა) მისცა. ასე გაჩნდა სიტყვა სტიმული, ვუყვები თენგოს. თენგო გაკვირვებული მიყურებს. სულ არ აინტერესებს რასაც ვუყვები. მაგრამ ტარაკანია და მეტი გამოსავალი არ აქვს. იძულებულია მომისმინოს. თენგო უანგაროდ არ მისმენს. იცის, რომ მისი მარტო მე მესმის და რასაც მთხოვს, მარტო მე შემიძლია შევუსრულო.

– ბავარიის იქს ორი ამიღე რა ჯიგარო… (მეხვეწება თენგო) რეალთან… სწრაფად ამატებს. რადგან ბუნდესლიგაში ბავარიას თამაში ჰოფენჰაიმთანაც აქვს (ამ კვირაში) და არ უნდა რომ ამერიოს. თენგო, რამე რომ იყოს, ატომური ბომბის აფეთქებისგან წარმოქმნილ რადიაციასაც გაუძლებს. მაგრამ ეს უნარები, ტოტალიზატორში თამაშში ვერ ეხმარება. ერთი-ორჯერ სცადა შესვლა, მაგრამ სანამ ოპერატორის ფორტოჩკამდე მიაღწევდა, ადგილობრივმა მუტრუკებმა კინაღამ გასრისეს. ამის შემდეგ აღარ უცდია, მე მიპოვა და ინტერნეტით მადებინებს ხოლმე.

თენგოს ინტერნეტი უყვარს, ჯერ ერთი ტოტალიზატორის თამაში გაუმარტივა (მუტრუკების აღარ ეშინია)… მეორეც, თავისნაირებს ბევრს ნახულობს იქ. ამერიკული ტარაკანი, რიჟა და შავი. თვითონ თენგო რიჟა ტარაკანია და ძალიან მოსწონს, როცა მისი წარმოშობის ისტორიას ვიკიპედიაში ვუკითხავ..

– ხო, ბავარია კარგი გუნდია.. მეტი გოლები მოაქვს.

გადაისვამს კმაყოფილი ულვაშებზე ხელს (რომლებიც ანტენებივით აქვს გაშვერილი)…

შავი ტარაკნების დანახვაზე ბრაზდება.

– მილანი თარსია, ხშირად ასხამს…

მარიგებს უკმაყოფილო ტონით.

თენგო მარტო ტოტალიზატორის ჟარგონით საუბრობს და მასთან დიდხნიანმა ურთიერთობამ მიმახვედრა თითოეული სიტყვის მნიშვნელობას.

* * *

ყველაფერი სკოლაში დაიწყო. ისტორიის გაკვეთილზე. ისტორიის მასწავლებელი თინა, რომელსაც პენსიის ასაკისთვის მიეღწია, მაგრამ ჯიუტად არ გადიოდა, თვალს მარიდებდა. საბოლოოდ მოახერხა სხვების გამოძახება და ახალ მასალაზე გადავიდა. ისტორიული მესხეთი.

– მესხეთი, ბავშვებო, ჩრდილოეთ ქართლშია, დღევანდელი ცხინვალის ტერიტორია. ამ ფრაზამ გონება ისე ამირია, სტიმულუსი მისით შემესო გამბედაობის მოსამატებლად და ტკივილმა ფეხზე წამომაგდო. თინა მასწი იძულებული გახდა თხრობა შეეწყვიტა და გაკვირვებული მომაჩერდა.

– რა დაგემართა ოქრომჭედელო? (მთელი კლასიც ჩემსკენ შემობრუნდა).

როდესაც ადამიანები მომმართავდნენ, ყოველთვის ასე ესმოდა ჩემს ყურებს. რადგან ყველა ასაკში ყურებზე ვართ დამოკიდებული, იძულებული ხარ მათ ენდო. მოგვიანებით, როცა გავიზარდე, გავიგე, რომ ეს ყველაფერი ტვინს უკავშირდებოდა, იმ მცირე დანაოჭებულ მონაკვეთს, რომელიც ყურის ნიჟარიდან შემოსული ბგერის სიტყვებად გარდაქმნაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ტვინის ნაწილს იუმორის გრძნობა ჰქონია (ასე მგონია მე) და გვარ-სახელს ოქრომჭედლად მიკეთებს. სხვა მხრივაც არ იქცევა ჩვეულებრივად, მაგრამ დროთა განმავლობაში მიმაჩვია თავის იუმორს, რომელიც არ იკურნება.

– თინა მასწ, მესხეთი საერთოდ არარი ქართლში… ესაზღვრება სამხრეთიდან..

წინადადება არ მქონდა დასრულებული, რომ თინა მასწი სწრაფად შეტრიალდა, თავის მაგიდას მიუჯდა, სათვალის ქვემოდან ირონიულად გამომხედა…

– ოქრომჭედელო, გამოდი დაფასთან და ახსენი გაკვეთილი!

ჯერ ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი. კლასი მხიარულად ადევნებდა ჩემს საცოდაობას თვალს.

მაგრამ რომ დავინახე თინა მასწი არ ხუმრობდა, ბავშვის გულუბრყვილობამ დამძლია (სტიმულუსმაც, სტიმული მომცა) და დაფასთან გავედი. ყველა ინტერესით მომაჩერდა, როგორც სცენაზე გასულ მასხარას.

– ისტორიული მესხეთი ქართლს… დავიწყე მოყოლა, არ გამომრჩენია მონღოლეთის დროიდან მოყოლებული პერიოდი (როცა სამ ნაწილად დაიყო საქართველოს ტერიტორია)… ბოლოს ოსმალეთის ამბებამდე. თინა მასწი ზურგით იჯდა და ქშინავდა. წინა მერხზე მჯდომებმა საეჭვოდ დაიწყეს სიცილი. თხრობა შევწყვიტე და ფრთხილად მივუახლოვდი.

მოხუცს ეძინა, იდაყვები მაგიდაზე შემოეწყო და გემრიელად ხვრინავდა.

არჩევანი ბევრი მქონდა – ვმდგარიყავი დაფასთან და თავი ისე დამეჭირა, თითქოს მოყოლას ვაგრძელებდი, რაც ასევე გულისხმობდა, რომ მის გაღვიძებას უნდა დავლოდებოდი, დავბრუნებოდი მერხს, ან ფრთხილად უნდა გამეღვიძებინა მასწი და ნამძინარევი ადამიანის აგრესია მშვიდად ამეტანა. ანდა ზარს უნდა გამოვეყვანე უხერხული მდგომარეობიდან, რომლის დარეკვამდეც 20 წუთი იყო დარჩენილი (ეს საკმაოდ დიდი დროა ბავშვისთვის).

ჩემმა ტვინმა აქაც გამაოცა იუმორის გრძნობით. ხედვის გარდამქმნელი ნაწილი ათმაგად აამუშავა. უცებ თინა მასწის თავი გაიზარდა (როგორც ლუპაში მოხვედრილი ობიექტი)… ცუდად შეღებილი თმების ღერებიც კი თავის ქალამდე გამოკვეთილად გამოჩნდა.

თმის ღერზე ტილი ამოძვრა… ჩემი ტვინის ოინების წყალობით ძალიან კარგად ვხედავდი მის მოქმედებას. ტილმა უცებ ენა ამოიდგა…

– რას ერჩი ჩემს მოხუცს, მეტი საქმე არა გაქვს? ვერ ხვდები, მთელი დღის განმავლობაში კარგი ცხოვრების  გამო რომ არ უწევს თქვენი ატანა? გადი აბა პენსიაზე შენ თუ კარგია, და იცხოვრე მერე. წნევის წამლის ფულიც კი არ რჩება მასწავლებლის ჯამაგირით. მაგის გამო ჩაეძინა ეხლა… ვერ აკონტროლებს წნევას.

ჩემი რეაქცია ტილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა..

– მე ვარ ბავშვი, მოსწავლე! მე უნდა ვისწავლო, რომ შემდეგ, როცა თინა მასწის ხნის გავხდები, წნევის წამლის ფული მქონდეს! მე თუ შემეცოდა თინა მასწი, განათლებას ვერ მივიღებ… გავიზრდები უცოდინარი და ჩემზეც არავინ იზრუნებს თინა მასწივით. ჩემი საქმე არ არის მეცოდებოდეს თინა მასწი, სხვების საქმეა, დიდების! მე ვარ პატარა! (ავყვირდი)

ალბათ შემდეგ რაც მოხდა, ლოგიკურია. ტილი თავის ბუნებრივ ზომას დაუბრუნდა. თინა მასწის თავიც. და მე მოვხვდი დირექტორთან, რადგან მასწავლებელს განათლების ცუდი ხარისხის გამო ვუყვირე.

* * *

მამაჩემს ჩემთან სეირნობა უყვარს. ჯორდანო ბრუნოს მამასავით. სეირნობა ნიშნავს მარტო სეირნობას და არაფერს სეირნობის გარდა… ანუ რაც ფულის დახარჯვას უკავშირდება. რადგან ჯორდანო ბრუნოც იგივე დღეში იყო, ჩემმა ტვინმა მამაჩემს ჯოვანი შეარქვა, გვარად ბრუნო და ამის შემდეგ ჩემს ყურებს ჰგონიათ, რომ ჯოვანი ბრუნოსთან ერთად ვსეირნობ ხოლმე.

თინა მასწმა აღარ ისურვა ჩემთან ერთად კლასში ყოფნა… პენსიაზე მაინც არ გავიდა. მე მომიწია კლასის შეცვლა ჯოვანის დახმარებით.

ახალ კლასში ისტორიის მასწავლებელს რუსუდანი ერქვა და ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც რუსუდანები გამოიყურებიან ხოლმე. არისტროკატული მანერები, სახის ცივი ნაკვთები, რელიგიურობა. დიდ დროს უთმობდა წმინდანთა ცხოვრებას, რაც ნამდვილად არ იყო ჩვენი სკოლის პროგრამაში.

– რას მეტყვით ბავშვებო, ცოტნე დადიანზე?

თან კითხვას სვამდა, თან მე მიმზერდა გამომწვევად. სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე და ჩემი წარსული თავგადასვლიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ჯობდა თავი შემეკავებინა და სხვებისთვის მეცლია პირველი ზალპის მიღება. მაგრამ ის ჯიუტად არ აქცევდა სხვების აწეულ ხელებს ყურადღებას და ჩემსას ელოდა. ჩემი სურვილით მაგ სიამოვნებას ნამდვილად არ მივანიჭებდი.

– ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი რას გვეტყვის?

ლოდინი მოსწყინდა. ყველა ჩემსკენ შემობრუნდა. კლასში ახალი ვიყავი, მაგრამ ბიოგრაფიული მონაცემები ჩემს სახელს წინ უსწრებდა.

მძიმედ წამოვდექი. პირველი ზალპის მიღება ისევ მე მერგო.

– გიცნობთ ოქრომჭედელო, კარგად გიცნობთ! (ამაზე კლასში ყველას გაეცინა… მიცნობდნენ)

რუსუდანმა მაგიდაზე კალმით წამების ათვლა დაიწყო. მაგიდასთან კალმის  თითოეული შეხება ჩემთვის გამოტანილ მის განაჩენს აახლოვებდა. ეს იყო უფროსის მიერ პატარის დათრგუნვის მცდელობა. ფსიქოლოგიური პაექრობა, რომელიც მე უნდა წამეგო, რადგან დიდების სამყაროში ბავშვმა არ უნდა გაიმარჯვოს. ბავშვი უნდა დამორჩილდეს დიდს, რადგან ასეთი წესია. დაუწერელი კანონი, რომელიც მე უპირობოდ უნდა მიმეღო და ჩემი სიჩუმე იქნებოდა ამის ნიშანი. სტიმულუსი ავამოქმედე…

– კაი ცბიერი ვინმე იყო მასწ…

– რაააო?!

მეხი გავარდა…

– როგორ ბედავ წმინდანზე ასე საუბარს? კანონიზირებულზე, ჩვენი დედა ეკლესიის მიერ!

კლასმა ეგრევე წაგებულად გამომაცხადა, რადგან დედა ეკლესია არის ჯოკერი, რომელიც ყველაფერს ჭრის.

– მასწ… თქვენ ისტორიკოსი ხართ, როგორც სტრაბონი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეჭვი ჩვენ თქვენ უნდა გვასწავლოთ. თუ არ ვიცით ეჭვის შეტანა, კითხვაც არ დაგვებადება. თუ არ დაგვებადება კითხვა, ყველაფერს ისე მივიღებთ, როგორც თქვენ, უფროსებს გინდათ რომ მივიღოთ.

კლასი დაიბნა. აბსოლუტიზმში ეჭვის შეტანა ჩემს ბავშვობაში არ იყო მიღებული. თემებიც კი ერთ თარგზე ჰქონდათ მოჭრილი. უბრალოდ უნდა გადმოგეღო და მიგებაძა.

– და რაში შეგაქვთ ეჭვი თქვენო აღმატებულებავ?… მოგვახსენეთ, გელით.

რუსუდანმა, კალმით მაგიდაზე წრე მოხაზა. წარმოსახვითი წრე. დაჯდა და მომაჩერდა როგორც ავაზა ქურციკს. ამ მოქმედებით შეეცადა, სადავე ხელიდან არ გაქცეოდა. კლასმა გაიტრუნა. იმოქმედა. მაგრამ ისიც ვიგრძენი, რომ მომხრეებიც გამიჩნდნენ. ამან ძალები შემმატა, თან სტიმულუსიც აგრძელებდა თავის საქმეს.

– წმინდანი რომ არის, ეს არის ფაქტი. შედეგი მისი მოქმედებისა, რომელიც ბევრნაირად შეიძლება ყოფილიყო გაგებული. თან, წმინდანად სულ ახლახანს შერაცხეს მასწ, 1999 წელს. მე საერთოდ არ ვეხები მის რელიგიურ მხარეს. ეს საერთოდ არ არის საინტერესო.

– აბა რა არის?

გადმოიხარა ავაზა.

– საერო მასწ. 1245 წელს (ისტორიკოსებს ძალიან უყვართ როცა წლები ზედმიწევნით იცი. თუ რამე აგერია, ჯობს არც დაიწყო), როცა კოხტასთავის შეთქმულები შეიპყრეს, გადარჩა ორი დიდებული, რაჭის ერისთავი და დადიანი. მატიანე არ გვაწვდის სერიოზულ ახსნას, რატომ. გაკვრით არის ნახსენები და მორჩა. დანარჩენი ყველაფერი მატიანეს მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოებული უფროსების ვარაუდებია, რომლის საფუძველზეც დადიანი წმინდანად აღიარეს. რაც ვიცით, იმაზე დაყრდნობით, არამარტო წმინდანად აღიარება არის მკრეხელობა, მასწ, საერთოდ ეჭვქვეშ შეიძლება დავაყენოთ თვითონ გმირობის მიზანიც.

საკლასო ოთახში კოღო შემოფრინდა და პირდაპირ მასწავლებლის მაგიდისკენ გასწია.

– ოქრომჭედელო! როგორ ბედააავ?!

ავაზად ქცეულმა რუსუდან მასწმა ხმას აუწია, ტონალობა სახიფათოდ მიუახლოვდა წერტილს, როცა ხმა წივილს ემსგავსება.

– ადამიანებს ტანთ გახადეს, თაკარა სიცხეში, თაფლი წაუსვეს, მზეზე დაყარეს!. მათი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელეს. ადამიანობას შეაფურთხეს! იცი რას ნიშნავს დამცირება? მიპასუხე ოქრომჭედელო! ყველაფრისგან რომ არაფერი ხდები, იცი რას ნიშნაავს?

რუსუდან მასწი ისე განიცდიდა, გეგონებოდა თვითონ იყო ცოტნე დადიანი.

– არვიცი მასწ. კვერცხის დადებაც არ ვიცი, მაგრამ შეწვა ვიცი ტაფაზე.

კლასში ყველას გაეცინა, რუსუდან მასწის გარდა.

– დაჯექი!

ავაზამ მიბრძანა, რომ მორჩა, ქურციკთან კამათი აღარ სურდა. დასაწყისშივე ვიცოდი, რომ რუსუდან მასწმა ეს წარმოდგენა კლასისთვის გამართა. სხვებისთვის, ჩემთვის ლაგამის ამოდება ჰქონდა განზრახული. როგორც ციხის უფროსები აკეთებენ, როცა ახალი, საეჭვო რეპუტაციის პატიმარი გადმოჰყავთ. ბუნტის ეშინიათ და დასაწყისშივე უნდათ აღკვეთა. ბუნტისთავის მორჩილად გარდაქმნა. აი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

– იმ ფაქტზე რას იტყვით მასწ, მაინცდამაინც ის დიდებულები გადაურჩნენ მონღოლებს, ვისაც უმეფობის ხანაში, თავად მონღოლებმა ჩააბარეს დასავლეთ საქართველოს მმართველობა?!

– დაეგდე!

– ან ანისის თაკარა სიცხე, შუა აზიის თაკარა სიცხე ხომ არ არის მასწ?!

ვაგრძელებდი დაპროგრამებულივით, თან კოღოსაც არ ვაცილებდი თვალს, რომელიც ავაზას რვიანი მანევრით უახლოვდებოდა.

– ფაქტია, რომ დიდებულებიდან ვიღაცამ გასცა! ფაქტია რომ, მონღოლები დიდებულებიდან რაჭის ერისთავს და ცოტნე დადიანს განიხილავდნენ მათ მიმართ ყველაზე ლოიალურ კანდიდატურად. აბა, მაინც და მაინც ამ ორს როგორ ჩააბარეს ნახევარი ქვეყნის მართვა?

ავაზა აჭარხლებული სახით მიმზერდა. მე კლასისთვის ვყვიროდი და არა რუსუდან მასწისთვის.

– ყველაფერი დასწრებაზე იყო, მასწ. მონღოლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ორი დიდებული გადარჩა! შეპრობილ დიდებულებსაც კი უდიდესი გავლენა დარჩებოდათ! შთამომავლობა დარჩებოდათ, და ვისზე მიიტანდნენ ეჭვს, როგორ გგონიათ მასწ?

– გაეთრიეეე!

ყვირილის ტონალობა სახიფათო ზღვარს გადასცდა და წივილად იქცა.

კლასში მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა, ოღონდ სეირის მოყვარულთა ხარჯზე. ასევე სუფთა პრაგმატული გათვლით მაგულიანებდნენ მათი თვალები. გაკვეთილი ხომ ცდებოდა, ეს პრაგმატიკოსებისთვის და ოროსნებისთვის კარგი იყო.

ამასობაში, კოღო მანევრირების წყალობით ავაზას შეუმჩნევლად მიეპარა, მკლავზე დააჯდა და მის გააფთრებისგან ადუღებულ სისხლს დაეწაფა.

ყვირილზე სასწავლო ნაწილი შემოვიდა, ყველაფერს მიხვდა და როგორც ტუსაღს ჯარისკაცი, გვერდში ამომიდგა.

– დირექტორისკენ, ოქრომჭედელო!

გამომიტანა განაჩენი. მე მათ აღარ ვაქცევდი ყურადღებას. კოღოს ვაკვირდებოდი, რომელიც სისხლის წოვისგან გასივდა, თვალები სიამოვნებისგან გადაატრიალა და როგორც გამძღარი ტიკი, მკლავს მოსწყდა იატაკის მიმართულებით.

– მარგალური ზისხირი, ჯგირიააა.

მოასწრო დაყვირება გაბრუებულმა ტიკმა, იატაკზე დაცემამდე..

ადრეც მქონდა ეჭვი, კოღო თუ ენას ამოიდგამდა და დაილაპარაკებდა, მარტო იმ ადამიანის ენაზე, რომლის სისხლი ცოტა ხნის წინ იგემა. ფაქტობრივად ადამიანის სისხლი ალაპარაკებს კოღოს. რამდენ ხანს გრძელდება სისხლის ეფექტის მოქმედება, ამის გადამოწმების საშუალება არასდროს მომცემია.

მაგრამ კოღოს სიტყვებმა მომცა მინიშნება ცოტნე დადიანის თემაზე. კლასიდან გასვლის დროს რუსუდან მასწს მივუბრუნდი, რომელიც მაგიდიდან აღელვებული, მაგრამ გამარჯვებულის ღიმილით მიცქერდა.

– ორმაგი ჯაშუშის ქცევას გავდა მისი მოქმედება მასწ. და თუ ვინმე ამის საფუძველზე წმინდანობის გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მხოლოდ იმ ორგანოში, სადაც უმრავლესობა მეგრელია.

ასე დავსვი წერტილი.

– ამას ასე არ დავტოვებ… არ შეგრჩება, ოქრომჭედელო!

მომაძახა ავაზამ, კლასიდან გასულს.

მართლაც არ შემრჩა. რუსუდან მასწს დიდი გავლენა აღმოაჩნდა. დირექტორიც ცოტნე დადიანის კუთხიდან აღმოჩნდა. კუთხური შუღლის გამღვივებლად გამომაცხადეს. სიწმინდეების მიმართ უპატივცემულობაშიც დამადანაშაულეს და სკოლა დამატოვებინეს.

მე და ჯოვანი სეირნობით გავუყევით გზას ახალი სკოლისკენ.

* * *

ვერც ერთ სკოლაში დიდხანს ვერ გავჩერდი (გამაჩერეს). ბავშვისთვის სიცელქე კარგია. წესიერებს, მუდოებს ეძახდნენ და ვერ იტანდნენ. მაგრამ ერთია იყო ცელქი და მეორე სიწმინდეების შემმუსვრელი უღმერთო. ყველაფერზე ეჭვის მიმტანი, რომლისთვისაც არ არსებობს არაფერი წმინდა. ჯოვანი ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა. სეირნობის დროს ხშირად მარიგებდა ჭკუას, რომ ნაპოლეონი ჩემს ასაკში სკოლაში პირველი მოსწავლე იყო. მე კი დირექტორის კაბინეტში გამოძახებაში ვარ პირველი. მინდოდა მეპასუხა, რომ ნაპოლეონი მის ასაკში საფრანგეთის იმპერატორი იყო, მაგრამ თავს ვიკავებდი. ეს კლიშე იქნებოდა. ჩემი ჭკუის დასარიგებლად თვითონ ხომ ანეკდოტს იყენებდა და მეც რომ იგივეთი მეპასუხა, ეწყინებოდა.

წლები გადიოდა. ასაკის მომატებამ არაფერი შეცვალა. გაჩნდა საფრთხე, რომ ატესტატს ვერ ავიღებდი და ბომჟი გავხდებოდი. ეს მე ნაკლებად მაწუხებდა, ბომჟობის არ მეშინოდა, რადგან ალკოჰოლს სულ არ ვეტანებოდი და მაგის შანსი ნაკლები მქონდა. ჯოვანი სხვანაირად ფიქრობდა. ბოლოს, როცა უკანასკნელი სკოლაც დამატოვებინეს, სადაც ჩემი ბიოგრაფიული მონაცემების მიუხედავად, მაინც გაბედეს  და მიმიღეს, ჯოვანიმ იმედი დაკარგა. ჩემმა სრულიად უპერსპექტივო მომავალმა მას ისეთი ნაბიჯი გადაადგმევინა, რასაც ორიგინალი ჯოვანი ბრუნო არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა. სეირნობისადმი ჩვენს განსაკუთრებულ მიდრეკილებას და სიყვარულს  უკვალოდ არ ჩაუვლია. ჯოვანიმ საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა ამის ხარჯზე. იმდენად დიდი, რომ ყველაზე ელიტურ (რაც ძვირადღირებულს გულისხმობს) კერძო სკოლას შეწვდა.

სკოლას „აღვირახსნილი კალიფორნია“ ერქვა, რომელიც ჩემნაირი პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა სიტუაციაში, ჯოვანი ასეთ სკოლაში ჩემს მიბარებას არ დაუშვებდა, მაგრამ დირექტორთან გასაუბრებაზე, რომელიც ჩემს გარეშე ჩატარდა (ჯოვანის შიშების გამო), დირექტორმა ის მყარად დაარწმუნა, სულაც საკლასო ოთახის ჭერზე რომ გავსულიყავი, ატესტატს მაინც მომცემდნენ, გამომასწორებდნენ და სემესტრის ბოლოს ფრთიან ანგელოზად მაქცევდნენ, რადგან სწავლის უნიკალური სისტემა ჰქონდათ, გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ შედგენილი. ჯოვანის იმედი მიეცა. მეორე დღეს, სეირნობით გავწიეთ „აღვირახსნილი კალიფორნიისკენ“.

* * *

„აღვირახსნილი კალიფორნია“ ქალაქის ცენტრშია, პრესტიჟულ ადგილას. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ ადვილად მოსახვედრი ადგილია, ტრანსპორტის პრობლემა არ არის. ცუდია, რადგან ყველას თვალში ეჩხირება. განსაკუთრებით, მკვეთრად ნაციონალისტურად განწყობილ ელემენტებს. გარყვნილების ბუდე, წაეთრიეთ ამერიკაში, გადავარჩინოთ ეროვნული გენოფონდი. ასეთი პლაკატებით დახუნძლული ადამიანების წრის გარღვევა მიწევს  სკოლაში მოსახვედრად. ისინი ბევრს ხმაურობენ და სკოლის დახურვას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა „მაია წყნეთელი“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ხმაურობენ, პრაგმატიკოსებიც არიან რესურსის დაზოგვის მხრივ. როგორც კი სასწავლო დრო იწყება (ყველა მოსწავლე და მასწავლებელი სკოლაშია ამ დროს), აქციის წევრები თავიანთი პლაკატებით სათაო ოფისს მიაშურებენ, არანაკლებ პრესტიჟულ ადგილას, ძალების აღსადგენად. გველოდებიან, როდის დავასრულებთ სწავლას და სკოლიდან გამოსულებს პლაკატებით გვხვდებიან, გარყვნილების ბუდისგან რომ გვიხსნან. სწავლაში ხელს არ გვიშლიან.

პირველ სასწავლო დღეს კლასი საგანგებოდ შეიკრიბა, რომ მე მომსალმებოდა. ტრადიცია, რომელიც არასდროს ირღვეოდა. ახალი მარტო მე ვიყავი.

– გამარჯობა, მე ოქრომჭედელი ვარ!

– გამარჯობა ოქრომჭედელო! (მიპასუხეს ერთხმად)

როგორც მივხვდი, ანონიმ ალკოჰოლიკთა მსგავს გამოსასწორებელ დაწესებულებაში მოვხვდი.

კლასი შედგება თხუტმეტიოდე მოსწავლისგან (ჩემი ჩათვლით). ემოები (ძირითადად გოგოები), გოთები, პანკები, რამოდენიმე მანიაკალური დეპრესიის მქონე ფსიქოპატი და ერთი ჰიპი. საკლასო ოთახი სკამებისგან შემდგარი წრეა. მაგიდით მარტო მასწავლებელი სარგებლობს და ფსიქოლოგი. ყველა კლასს თავისი ფსიქოლოგი ჰყავს მიჩენილი. მოსწავლეებისთვის მერხები საჭირო არ არის. ახალი მასალა, ნებისმიერ გაკვეთილზე, პრინტერზე წინასწარ არის ამობეჭდილი (ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია), ამიტომ არაფერს ვიწერთ. ამის საჭიროება არააა. უპირატესობა დისკუსიებს და მსჯელობებს ეთმობა, რომელსაც მასწავლებელთან ერთად, ფსიქოლოგი აკონტროლებს.

ახალი კლასელებიდან საერთო ენა ელის კუპერთან, ფრენკ ზაპასთან და გიორგი სააკაძესთან გამოვნახე. მოკლედ, ჩემმა ტვინმა ყურების დახმარებით ახალი ოინები მომიწყო.

ელის კუპერი და ფრენკ ზაპა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და თავს გოთებს უწოდებდნენ. გიორგი სააკაძე პანკობდა და ნერვებმოშლილზე, კლასის ერთადერთ ჰიპს ფარსადან ციციშვილს თავში წამოარტყამდა ხოლმე. ეს ქმედება ფსიქოლოგს არასოდეს გამოეპარებოდა და გიორგის აიძულებდა წრის შუაგულში გამოსულიყო, რომ ფარსადანისთვის აეხსნა თავისი აგრესიის მიზეზი. შემდეგ ბოდიში მოყვებოდა ამ ყველაფერს. ციციშვილი დიდსულოვნად პატიობდა სააკაძეს, როგორც ჰიპი და მთელ კლასს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა, რაც შეუძლებელი იყო.

სხვები ეჭვის თვალით მიყურებდნენ. მანიაკალური დეპრესიის მქონე ფსიქოპატებისგან არ გამკვირვებია. ეჭვიანობა მათი ბუნებაა. ესეც რომ არ ყოფილიყო, მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ ოჯახის და ფსიქოლოგის მხრიდან და მაინც არაფერი გამოვიდოდა. ემოებს, რადგან ყველა გოგო იყო, თავიანთი სექტა ჰქონდათ. მთელი სამყარო სძულდათ და მათ სამეგობრო წრეში რომ მოხვედრილიყავი, შენც ემო უნდა ყოფილიყავი ან მინიმუმ – გოთი.

კედელზე ყველას თავისი „მე“-ს ნაწილი მიეკრა. ანუ რაღაც ისეთი, რაც შენს შინაგან სამყაროს გამოხატავს. ძირითადად პლაკატები და ნახატები. გოთიკური მეტალბენდები. ცნობილი პანკები. სახელგათქმული სერიული მკვლელები (აქ დექსტერის ფოტოები ჭარბობდა, კუთხეში ჩიკატილოც ჩანდა). ცისარტყელა და იესოს ფოტო (რომელიც ფარსადან ციციშვილს ეკუთვნოდა). ვამპირები (ბინდის საგიდან). მოკლედ, მთელი საკლასო ოთახი ერთი დიდი კლიშე იყო, რომელზეც ფსიქოლოგის მოთხოვნით ჩემი შინაგანი მეც უნდა მიმეკრა. არასდროს მიფიქრია შინაგან მეზე. მომავალშიც არ ვაპირებდი რომ მეფიქრა, მაგრამ რადგან ფსიქოლოგი არ მომეშვა ჯოვანის საძინებლიდან, თავსასთუმალს გაკრული თბილისის დინამოს სამოცდაათიანი წლების პლაკატი მოვხსენი ჩუმად, ასლი გადავუღე, პრინტერზე ამოვბეჭდე და დიდის ამბით გავაკარი საკლასო ოთახში. ამის შემდეგ ეჭვი უფრო გამძაფრდა. ჯოვანის არაფერი გაუგია.

კლასის დამრიგებელი ისტორიკოსი აღმოჩნდა. ჩემს ტვინს ის ძალიან მოეწონა. იუმორის გრძნობის მიუხედავად, ზუსტი მეცნიერებების მიმართ (როგორიც არის მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ა.შ.) ალერგია ჰქონდა. მარტო ჰუმანიტარულ საგნებს იტანდა. ისტორია მისი ფავორიტი იყო. იუმორსაც აქ ავლენდა ხშირად.

– თამარ მეფე!

ასე გამეცნო კლასის დამრიგებელი.

მოულოდნელობისგან რომ არ გამცინებოდა ჩემი ყურების ოინებზე, სტიმულუსი ავამოქმედე და მზერა თამარის მკერდზე გადავიტანე, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი, ერექციის.

ასაკმა თავისი ქნა. დამამთავრებელ კლასებში ჩემში მამრმა დაიწყო გამოღვიძება. ტესტოსტერონი მოჭარბებულად მქონდა და ფიქრში მიშლიდა ხელს. ერთადერთ ნუგეშად ისღა დამრჩენოდა, რომ სხვა კლასელებიც ჩემს დღეში იყვნენ.

თამარ მეფე სულ არ გავდა ორიგინალს. უფრო ოცდაათ წლამდე პუტკუნა, შავთმიან გვინეტ პელტროუ იყო დიდი მკერდით.

ორიგინალზე რაც ვიცოდი, ტირილი უყვარდა ძალიან. ტირილის უნარი ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე ჰყავდა აყვანილი. იმდროინდელი ჯარი, ოღონდ ფეხშიშველი და მოტირალი მეფე არ ენახა და ყველაფერზე იყო წამსვლელი. ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ ხელქვეითებიც, ოღონდ მეფეს არ ეტირა. მეთორმეტე საუკუნეში ქმართან გაცილების უფლებაც კი მისცეს.

ერთხელ, პატარობაში, როცა თამარი ბიძას დაეკარგა, ისე იტირა, რომ დასამშვიდებლად, კლდეში ვარძია გამოუკვეთეს. მოკლედ დავასკვენი, რომ მისი ამ თვისების გამო, თამარ მეფე პირველი ქართველი ემო იყო. ეს ეჭვი გაკვეთილზე გამოვთქვი და შეძლებისდაგვარად დავასაბუთე.

ჩემი გამოთქმული ეჭვი ემოებს ისე მოეწონათ, თამარ მეფის ფოტო პრინტერზე ამობეჭდეს და თავიანთ საკურთხეველში წაიღეს, რომელიც, სააკაძის ვარაუდით, ერთ-ერთ სასაფლაოზე ჰქონდათ მოწყობილი.

თამარი თავისუფლად იცვამდა. ეს სკოლის პოლიტიკა იყო. მკერდით მანიპულირების ხელოვნებას მისნაირად ჩემი ნაცნობებიდან არავინ ფლობდა. სტიმულუსიც კი ვერ მაიძულებდა მზერა სახეზე გადამეტანა, როცა გაკვეთილს გვიტარებდა.

ერთადერთი, ვინც თვალებში ყურებას ახერხებდა, ფარსადან ციციშვილი იყო, ამიტომ, სააკაძე გეის ეძახდა. თავიდან, პედერასტს, მაგრამ ფსიქოლოგმა აიძულა ნეიტრალური სიტყვა გამოენახა, რომელიც ფარსადანისთვის მისაღები იქნებოდა.

ემოებს თამარ მეფის მკერდი ფეხებზე ეკიდათ. მათ ორიგინალი ჰყავდათ საკურთხეველში, თან გოგოები იყვნენ და მკერდი მათაც ჰქონდათ.

მანიაკალური დეპრესიის მქონე ფსიქოპატები ისე იყვნენ გაჭყეპილი ანტიდეპრესანტებით, რომ ზოგადად ცხოვრება ეკიდათ ფეხებზე.

რაც შეეხება გოთებს. ფრენკ ზაპა და ელის კუპერი საეჭვო რეპუტაციის ფილმების დიდი მოყვარულები იყვნენ. ხშირად ფანტაზიორობდნენ თამარ მეფეზე. დაწყებული მისიონერობიდან, დამთავრებული სამოცდაცხრამდე.

– დღეს ვისაუბრებთ ქალთა უფლებებზე საქართველოში…

გვაუწყა ფსიქოლოგმა. დისკუსიის წაყვანა ითავა.

ემოები ატირდნენ ქალების ბედზე. სააკაძემ რწყევის იმიტაცია გააკეთა და ფარსადანს გახედა.

ციციშვილი ფსიქოლოგს თვალებში უყურებდა, გაბრწყინებული სახით. მეგობარი გოთები თამარ მეფეს უყურებდნენ მკერდზე (რომელიც დისკუსიას მაგიდიდან ადევნებდა თვალს) და ფანტაზიორობდნენ. ფსიქოპატებს გაეცინათ, რადგან ფეხებზე ეკიდათ ქალთა უფლებები.

ფსიქოლოგს თამარ მუხრანბატონი ერქვა. იმერეთის დედოფალთ-დედოფალი, ასე გამაცნო ტვინმა. გამიკვირდა ტვინის არჩევანი. ორიგინალისგან განსხვავებით უფრო ეშლი ჯადის ასლს მაგონებდა. მზერაც ეშლისნაირი ჰქონდა, ყველაფერში ჩამწვდომი. ხშირად იმეორებდა სამ სიტყვას: სენსიტიური, მასკულინური და პერვერსია. თუ თავადაც ამ სიტყვებს არ გამოიყენებდი დისკუსიაში, არასერიოზულად აღგიქვამდა.

ორიგინალ თამარ დედოფალზე ინფორმაცია მწირი მქონდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ეს იყო ალბათ ერთადერთი დედოფალი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. განსაკუთრებით უყვარდა სასიძოებთან ფლირტაობა. იმდენად გახსნილი იყო ურთიერთობებისთვის, რომ ფრანგი მოგზაურიც კი გაოცებული დარჩა ამ გახსნილობით.

– მოდი, დისკუსია შენ გახსენი (შემომთავაზა, თან ხელები მხრებზე შემომაწყო, ჩემთვის უცნობი ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენა), ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია (გადახედა კლასს), შენ ახალი ხარ და საინტერსოა შენი აზრი (გამამხნევა, მხრებზე ოდნავი მოთათუნებით).

წრის ცენტრში გავედი. ყველა მე მომაჩერდა, თამარ მეფის ჩათვლით.

– ქალთა უფლებები იმ ფორმით დაცული, როგორც დასავლეთშია, აქ არასოდეს იქნება. თვითონ ქალები იქნებიან ამის წინააღმდეგები!

– რატომ?! (არ ელოდა) მესმის, ბევრი სენსიტიური თემაა ხელის შემშლელი, განსაკუთრებით მასკულინური საზოგადოება თავისი პერვერსიებით. მაგრამ ქალები?

– უფრო კონკრეტულად აგვიხსენი.

დაინტერესდა თამარ მეფეც.

– დასავლეთში ქალები თავისით მივიდნენ დასკვნამდე, რომ უფლებებისთვის უნდა ებრძოლათ. ქალ-ინტელექტუალების დახმარებით. აქ ეს უფრო მიბაძვით ხდება.

– ანუ რისი თქმა გინდა, რომ ქართველ ქალებს უფლებები არ სჭირდებათ?

– როგორ არ სჭირდებათ, უფლებები ყველას სჭირდება, მაგრამ ქართველ ქალებს შეუძლიათ დაინახონ, დასავლეთში რა შედეგი მოიტანა ფემინიზმმა და აწყობთ კი ეს?

– რაღაც ვერ გავიგე, მასკულინურს ხომ არ აწვები?

გაეცინა თამარ დედოფალს.

– არა, უფრო პრაგმატულს. ქალთა უფლებები თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება საკუთარ ცხოვრებაზე მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თუ თავისუფალი იქნები და არაფერი გამოგივა ცხოვრებაში, ვერავის ვერ აკიდებ ამაზე პასუხისგებლობას. თვითონ იქნები დამნაშავე. თან თავისუფლება საბაზრო ეკონომიკაში შესვლასაც ნიშნავს, რაც კონკურენციაში შესვლას გულისხმობს. საბაზრო ეკონომიკამ კი ასე დაალაგა – მარტო მამაკაცთან კი არ შედიხარ კონკურენციაში, არამედ ქალთანაც. ანუ ქალები ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან.

– და ამაში რა არის ცუდი, თუ ყველას თანაბარი უფლებები ექნება?

– რა ვერ გაიგე, მასკულინურს აწვება! გამომიტანა განაჩენი დედოფალმა.

– ის არის ცუდი, რომ შეიძლება ვერაფერიც ვერ მიიღოთ ქალებმა და საბაზრო ეკონომიკის კონკურენციას თუ ვერ გაუძლებთ, იგივე ქალის მეშვეობით მოგისროლოთ სანაგვეზე. ფემინიზმი კომუნიზმს მაგონებს, უტოპიაა. სანამ მასკულინური საზოგადოება და მამაკაცი არის ბუა, მუშაობს. როცა ქალი გახდება ქალისთვის ბუა? ეს შედეგი აქ ჯერ არ დამდგარა, მაგრამ დასავლეთში ხომ დადგა? თან აქ ფემინიზმის პოპულარიზაციას ძირითადად შერატონის ტიპის სასტუმროებიდან ეწევიან. თითქოს ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ უფლებები ჩვეულებრივი მოკვდავისთვის არ არის. ელიტურია აქ უფლებები, ანუ ქალების მცირე ნაწილისთვისაა. ქალთა უმრავლესობას, რომელიც ვერ რეალიზდა, წარმოდგენა არ აქვს საკუთარ უფლებებზე. მათთვის შერატონი მიუწვდომელი ფუფუნებაა და ფემინისტი სხვა ენაზე მოსაუბრე უცხოპლანეტელია, რომელთანაც საერთო არაფერი აქვს.

– არც ერთ ტრენინგზე არ უთქვამთ ჩემთვის მსგავსი, სხვათა შორის, დასავლეთში.

გადაულაპარაკა თამარ მეფეს დედოფალმა.

– ყველაფერს იესო და სიყვარული გამოასწორებს!

ჩაერია ფარსადან ციციშვილი.

პანკებს და გოთებს გაეცინათ. ფსიქოპათები ისედაც იცინოდნენ მთელი დისკუსიის მანძილზე.

მარტო ემოები განიცდიდნენ ქალთა უფლებებს საქართველოში და მიყურებდნენ როგორც „მასკულინს“.

– არაფერსაც არ გამოასწორებს! ჰიპების მიერ ტრანსფრომირებული სამოციანი წლების ბოდვაა (სააკაძეს მოეწონა).

– იესოს და სიყვარულს რას უწუნებ? ეს ხომ სრული პოზიტივია.

გაუკვირდა თამარ დედოფალს.

– არ არის სრული პოზიტივი. ქრისტიანობა, პალესტინელი მწყემსების მიერ მოფიქრებული, საკმაოდ მასკულინური და მკაცრი წესების რელიგიაა. რასაც სიყვარულს და პოზიტივს უწოდებთ, ეს არის სხვების მიერ მოგვიანებით ტრანსფორმირებული ვარიანტი. ორთოდოქსული ორიგინალი საკმაოდ მკაცრია. არ მესმის, თუ ღმერთი არსებობს, ამ ღმერთმა წესები დატოვა, რომელიც მკაცრია.  სხვები, სხვა ეპოქაში მოსული ადამიანები მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ არის. ეპოქა გათანამედროვდა და საჭიროა რელიგიაც მოარგონ მას. არ ჯობია აღიარონ, რომ ღმერთი უბრალოდ არ არის? მაშინ საწვალებელიც არაფერი იქნება, ქრისტიანობის  მუდმივი ჭრა-კერვა აზრს დაკარგავდა.

გოთებს მოეწონათ. მიხვდნენ, რომ ჩემებურად მეც შემეძლო გახურება.

დისკუსია მოტოციკლეტის ხმამ შეწყვიტა. ხმაზე თამარ მუხრანბატონს თვალები გაუბრწყინდა.

ცოტა ხანში კლასში ბაიკერის ვიდზე მყოფი გიორგი გურიელი შემოიჭრა.

– სასტავს ზდაროვა!

მოგვაძახა, წრე გაარღვია და თამარ დედოფალს ტუჩებზე დააკვდა.

„მასკულინიზმს“ პირდაპირ ასხივებდა. მაგრამ გიორგი გურიელისთვის ეს ალბათ შეიძლებოდა.

შემდეგ მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. გურიელმა დედოფალი მოტოზე შემოისვა და დაგაზეს.

*  *  * 

ყოველდღიურმა დისკუსიებმა „აღვირახსნილ კალიფორნიაში“, ტესტოსტერონმა და თამარ მეფის მკერდმა, ფანტაზიები აუშალა ჩემს ტვინს. უცნაური, საეჭვო რეპუტაციის სიზმრების ნახვა დავიწყე. სიზმარში მოქმედება ყოველთვის კლასში იწყება. დისკუსიით. ამჯერად თამარ დედოფალი, ემოებიდან სთხოვს ვინმეს, გამოვიდეს წრის შუაგულში. ნატა გამოდის.

უცნაურია. როცა ქალი გახსნილია მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის, თუ სლავური წარმოშობა აქვს, ნატაშა ჰქვია. თუ არ ჰქვია, ირქმევს, რომ მიგანიშნოს მსგავს უნარ-ჩვევებზე. ამ კლიშეს, მარიო ვარგას ლიოსაც ვერ აცდა. მაგრამ მას ზედაპირულობას პატიობენ ქალები, რადგან დიდი მწერალია. ქართული ვარიანტია ნატა. ნატალია, მოსიარულე კლიშე. ნატა ტიპიური ემოა. რომ ჩაწეროთ გუგლში ემო, ნატას ფოტოს ამოგიგდებთ. ნატა წრის ცენტრში დგას დაბნეული და არ იცის რითი დაიწყოს დისკუსია.

– ოჯახით.

ეხმარება თამარ მეფე.

– მოსაყოლი არაფერია, დედაჩემი ტიპიური ყლექალაა. მეზიზღება!

– რატომ?

ერთვება დედოფალი.

– მამაჩემმა რაც მიატოვა, სულ გამოსირდა!

– მამა არ გეზიზღება?

– კი.

– ალბათ იმიტომ, რომ მიგატოვა?

– არა, ამ ყლექალასთან რომ დამტოვა!

– ემო რატომ გახდი, რას გაძლევს ეს?

– მეგობრებს (სხვა ემოებისკენ მიანიშნა). განსხვავებულობას. დაცულობას. რაც მთავარია, დედასნაირი ყლექალა არ ვიქნები არასოდეს!

– რა გინდა რომ გააკეთო?

ნატა ნიშანს აძლევს გოთებს.

ელის კუპერი და ფრენკ ზაპა გამოდიან წრის შუაგულში. ნატა შიშველია. სიზმარია, რა გასაკვირია. მუხლებზე დგება, ელის კუპერს შარვალს უხსნის და საეჭვო რეპუტაციის ფილმის მთავარი გმირი ხდება. უკან მდგომი ფრენკ ზაპა არ იბნევა, ქამარს იხსნის და ნატას ნიშანს ელოდება. ამ სცენას წრეში მჯდომი მთელი კლასი აკვირდება. ფარსადან ციციშვილის გარდა. ის ნატას თვალს არიდებს და გოთებს უყურებს. სიზმარში ციციშვილს ბიჭები მოსწონს. გიორგი სააკაძე გახარებულია, მისი ეჭვი რომ მართლდება.

– ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის?

ვეკითხები თამარ მუხრანბატონს.

– არა. ამ შემთხვევაში ნატა დომინირებს. მისი სურვილი გადამწყვეტია. აი, პირიქით რომ ყოფილიყო, მაშინ იქნებოდა.

– თუ იდეა თანაბარ უფლებებშია… ამ შემთხვევაში ნატა დომინირებს. რა გამოდის, ერთი სქესი მეორეზე მაინც დომინირებს. თანაბარი უფლება სადღაა?

– ასეთ დროს, ვიღაც ყოველთვის დომინირებს, ოქრომჭედელო.

ეცინება თამარ მეფეს.

– აი რატომ არის ეგ იდეა უტოპია.

მეცინება მეც.

ამ დროს წრის შუაგულში გამოხტა ფემინისტი, ხუჭუჭა თმით (წითლად შეღებილი) სქლად წასმული პომადით (გამომწვევი მაკიაჟით). ნახტომი შერატონის ტიპის სასტუმროდან გააკეთა ადამიანი ობობას მოქნილობით.

– შენ ჩემს კრიტიკას ბედაავ?! ხელიდან წასულო სექსისტო! მნძრეველავ! ფუ, რას გავს ეს…

სიზმარი ისე დამიწუნა, თითქოს მე ვაკონტროლებდე მის სიუჟეტს. ქეჩოში მწვდა და სანაგვე ურნაში მომისროლა, სადაც ლიოსა, ბუკოვსკი, დოსტოევსკი და ჰენრი მილერი მელოდებოდნენ.

ასეთ საზოგადოებაში მოხვედრამ საკმაოდ გამახარა, მაგრამ შეშინებულმა ტვინმა (ფემინისტის ოინებით) სიზმრის პირველი მოქმედება დაასრულა.

შემდეგ იწყება სიზმრის მეორე მოქმედება.

უცხო ბინაში ვარ. ტვინი მეუბნება, რომ ეს თამარ მეფის სახლია. მისაღებ ოთახში ველოდები. საქმე მაქვს. სიზმრის იდეით, რომელიც ტვინმა ჩამაგონა, თამარ მეფესთან მისული ვარ, რომ გავარკვიო მისი საფლავი სად არის, მაინტერესებს სინამდვილეში ჩააყოლეს თუ არა დიდძალი განძი. სიცილი აბაზანიდან გამოდის. მეძახიან. რა მაგარი შეგრძნებაა, როცა სიზმარში ნათელმხილველი შეგიძლია იყო. აბაზანას ვერ ხედავ, მაგრამ იცი, რომ ხმა აბაზანიდან გამოდის. კართან ვდგები. აბაზანაში მარტო არ არის, თამარ მუხრანბატონიც იქაა. ყველაფერი საეჭვო რეპუტაციის ფილმის სცენარს ემსგავსება.

სტიმულუსი სიზმარშიც მოქმედებს. ოღონდ ერექციის შემკავებლის როლში. აბაზანაში მიხმობენ. თამარ მეფე მანიშნებს, რა უნდა რომ გავაკეთო..

კართან ვიღაც მუჯლუგუნით გზიდან მიშორებს.

– სექსში ბრძოლა წესების გარეშეა, ოქრომჭედელო!

მომაძახა უცნობმა და აბაზანაში შევარდა.

ვცნობ. ფიზკულტურის მასწავლებელია, დავით სოსლანი.

ამ დროს ყოველთვის მეღვიძება. ოფლში გაწურულს და „ერექციისგან“ დაცლილს.

სიზმარში სულ ხელმოცარული ვრჩები, მაგრამ, სამაგიეროდ, სწავლაში მაქვს კარგი შედეგები. ჯოვანის გასახარად, სემესტრის ბოლომდე ვძლებ. სწავლას ფრიადზე ვასრულებ და ატესტატს ვიღებ. ჯოვანის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. უნივერსიტეტის ნაცვლად, ფსიქიატრიულში მოვხვდი.

* * *

ფსიქიატრიულში თენგოს გამო მოვხვდი. ჯოვანი გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ ვასწავლიდი ქართულ ანბანს რიჟა ტარაკანს. მიზანი მარტივი მქონდა, მინდოდა, თენგოს სასაუბრო ლექსიკონი დამეხვეწა, სიღრმე მიმეცა. მომავალში, უფრო რთულ თემებზე რომ გვესაუბრა.

ყველაფერი ჩემი მეზობლიდან დაიწყო. მეზობელსაც თენგო ერქვა, თეიმურაზი. იმის მიზეზი, თუ რატომ იპოვა თენგომ თეიმურაზი, სეხნიობაში არ იყო.

თეიმურაზს საეჭვო რეპუტაციის ონლაინსაიტებზე უყვარდა ჩუკენობა. ამის გამო კომპიუტერი მთელი ღამე ჩართული ჰქონდა. ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი.

როცა თეიმურაზმა ინტერნეტში თავისთვის საინტერესო მთელი რესურსი ამოწურა, გადაწყვიტა ახალი რაღაც ეცადა. ჩუკენობაში მრავალფეროვნება შემოეტანა ვებკამერის მეშვეობით.

მისთვის საინტერესო კანდიდატურა დიდხანს ეძება, მაგრამ უფასო ვარიანტები დაიწუნა.

ბოლოს, სლავური წარმოშობის ლუნაზე შეაჩერა არჩევანი, რომლის რეკლამა მთელი ღამე ზღაპრულ წუთებს ჰპირდებოდა. პლასტიკურის მონაცემები შეიყვანა და საქმეც დაიძრა.

თავიდან ბევრი ინერვიულა. არ აღმოჩნდა ადვილი ახალი მეთოდი. მაგრამ ლუნამ აუხსნა ყველაფერი დეტალურად და რაღაც მოახერხა.

ლუნას და თეიმურაზის ინტერნეტნაცნობობა დიდხანს გაგრძელდა.

იმდენად დიდხანს, რომ ვერც შეამჩნია თეიმურაზმა, როგორ მოუკლო მასთან ჩუკენობას და საუბარზე გადავიდნენ. ლუნასაც მოსწონდა თეიმურაზთან საუბარი.

შემდეგ, თეიმურაზმა აღმოაჩინა, რომ ლუნაზე ბევრს ფიქრობდა და მასთან საუბრის გარეშე ვეღარ იძინებდა. მოკლედ, ერთ ღამესაც, მორიგი ვებსესიის დროს, კლავიატურაზე რიჟა ტარაკანი ამოძვრა და თეიმურაზს დახმარება სთხოვა.

რიჟა ტარაკანს არ მოეწონა, რაც აქ ნახა.   ლუნამ იკივლა. თეიმურაზმა დახმარების ნაცვლად, მისი კლავიატურაზე მისრესა განიზრახა.

ტარაკანმა გაქცევა მოახერხა. აივნის საშუალებით ჩემს ოთახში გადმოძვრა და საწოლში შემომიძვრა.

მეზობლის ოთახიდან გამოსულმა ხმაურმა გამაღვიძა. ჩემ წინ რიჟა ტარაკანი დავინახე.

ჯიგარო… ბავარიის მეტი გოლი ამიღე რა… ლაიფციგთან…

ეს მითხრა მაშინ პირველად. რადგან მე, ჩემი ტვინისგან მსგავს ოინებს დაჩვეული ვიყავი, ავდექი, კომპიუტერი ჩავრთე და პირველად მაშინ დავრეგისტრირდი ტოტალიზატორში, თენგოს სახელით.

* * *

ფსიხ-დისპანსერში მე და ჯოვანი სეირნობით მივედით. ახალგაზრდა ფსიქიატრმა მიმიღო.

გამეცნო როგორც სალომე ლუ. ორიგინალისგან განსხვავებით, სალომე ლუს ერთადერთი შეყვარებული ჰყავს. ზესტაფონელი მსუქანი ბიჭი, რომელიც მუნიციპალიტეტში მუშაობს. სალომე ლუ თვითონაც ზესტაფონიდანაა. კარგი ფორმების, დაბალი, ხუჭუჭა, ხორბლისფერი კანით. არჩევანი უკეთესიც შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ რადგან სალომე ლუ ფსიქიატრია, ორიგინალის ფუფუნება არა აქვს.

ფსიქიატრობა შეყვარებულის არჩევაში ვერაფრით ეხმარება. მამაკაცებს უყურებს როგორც პოტენციურ პაციენტებს. აქაურმა მამაკაცებმა კი ყველაზე კარგად იციან რომ პოტენციური პაციენტები არიან და ერთადერთი ფსიქიატრია, ვისაც მათთვის დიაგნოზის დასმა შეუძლია. ასე რომ, ყველანაირად ერიდებიან ფსიქიატრებს.

ფილოლოგებს უფრო უკეთ აქვთ საქმე. სავარაუდო სატრფო, შეუძლიათ ლიტერატურულ საიტებზე ეძებონ, ოცდაათ წელს გადაცილებულ ავტორებში.

ფსიქიატრებისთვის, ლიტერატურულ საიტზე მოღვაწე ავტორი პოტენციური პაციენტია.

ორიგინალს პირიქით, ავტორები ძალიან მოსწონდა. ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც შეძლო ნიცშეს ჭკუიდან გადაყვანა. ან პირიქით, იმ ჭკუაზე დაყენება.

– აბა მითხარით, რა გაწუხებთ?

– არაფერი. თენგოს ანბანს ვასწავლიდი და თქვენთან მოვხვდი.

– თენგო?

– ტარაკანია.

ჩაერია ჯოვანი.

– ააა, მაშინ ყველაფერი გასაგებია.

გამომიტანა განაჩენი სალომე ლუმ და ბლოკნოტში რაღაც ჩაიწერა.

– რატომ? აი, მე ცოტა ხნის წინ თეატრში ვიყავი, სადაც პიესაში, სხვადასხვა ასაკის ეროვნების ქალბატონები საკუთარ ვაგინას ესაუბრებიან (არ ვეპუები განაჩენს). თქვენ წარმოიდგინეთ, ვაგინაც პასუხობს მათ. საკმაოდ ფსიქოლოგიური და დამაინტრიგებელი დიალოგებია, მაგრამ ისინი თქვენთან არ არიან და მე ვარ.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჯოვანი გაწითლდა, რადგან მისი თანდასწრებით ვაგინა არასდროს მიხსენებია. სალომე ლუც, ალბათ იგივე მიზეზის გამო.

– თუ ხვდებით თეატრსა და რეალურ სამყაროს შორის განსხვავებას?

დაარღვია დუმილი სალომე ლუმ.

– იქნებ, მე და თენგო მსახიობები ვართ და ჩვენ ორისთვის ვთამაშობთ პიესას. რა, არ შეიძლება?

ვაგრძელებ ჩემსას, კითხვის დასმით განაჩენის მოახლოებას ვწელავ.

– ეს მართლა ასეა?

ახლა კითხვით ჯოვანის მიმართა, სალომე ლუმ.

თენგოს მოსწყინდა ხალათის ჯიბეში ლოდინი და რომ გაიგონა მასზე ვსაუბრობდით, ამოძვრა და ფსიქიატრს დაენახა.

სალომე ლუ იმ ადამაიანთა კატეგორიაში აღმოჩნდა, ვისზეც ტარაკანი ფსიქოლოგიურ შოკს იწვევს. ფსიქიატრი ისტერიკაში ჩავარდა და კივილი ატეხა.

მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. კაბინეტში სანიტარი შემოვარდა. ისტერიკაში ჩავარდნილი ფსიქიატრი რომ ნახა, გამაკავა. შემოყოლილმა ექთანმა ნემსი გამიკეთა.

ამ ყველაფრის დამნახავმა თენგომ თავს უშველა. ფანჯრის ღიობიდან გადაძვრა.

ცრემლიანი ჯოვანი დამემშვიდობა. პალატაში გადამიყვანეს.

* * *

ფსიქიატრიულში საინტერესო ადამიანები გავიცანი. უნივერსიტეტში არამგონია, მსგავსი მრავალფეროვნება დამხვედროდა. გაცნობილებიდან დამამახსოვრდნენ: ბესი რეპერი ქუთაისიდან, ქიმიკოსი H2O, მეფუტკრე, ლესბოსელი და დავით აღმაშენებელი.

დანარჩენები ზედმეტად აგრესიულები იყვნენ, ამიტომ მათ სტატისტებს ვეძახდი.

რადგან მე ყველაზე მშვიდი პაციენტი ვიყავი, მთელი დღე სეირნობის უფლებას მაძლევდნენ მოსასვენებელ დარბაზში, რომელიც გოგირდის აბანოს ჰგავდა.

მოსასვენებელ დარბაზში პირველი ყოველთვის ბესი შემოდიოდა. ბენდენიანი, ორმოც წლამდე მის ელიოტი. დილის წამლის ულუფის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა, მაგ დროს იწყებდა გარეპვას:

– ნახევარი ცხოვრება, გავატარე სასწორზე

ნუ მიყურებ ტრაკზე, შემომხედე თვალზე

თუ არ მოგწონს ჩემი ვიდი მაშინ ადი მთაზე

ცხოვრებაა დიდი ომი, წონა მოდის მასზე.

(მისამღერი ლოგიკური ჰქონდა)

fuck love დუ დუ დუ… fuck love… დუ დუ დუ…

გავიცანი თერძი ბესო, მომიკერა ზეცა

მაგრამ წონა მომემატა და მოდელებს ეცა…

მოგიტყანი მოდელები, დაგიყოლე ზეცაც…

fuck love… დუ დუ დუ… fuck love… დუ დუ დუ…

შემდეგ ბესი ჩუმდებოდა. მთელი დღის განმავლობაში ხმას არ იღებდა. საღამოს კი პალატაში ბრუნდებოდა. როგორც მითხრეს, სამი წელია, რაც ეს ყველაფერი გრძელდება. მეტი ბესისგან არაფერი გამიგია. ხმის ამოღება მარტო რეპის დროს იცოდა. არც იყო საჭირო, მისი ცხოვრება ამ ორ კუპლეტში იდო.

ქიმიკოსს, ყოფილ პროფესორს, მშვიდი დღეები ცოტა ჰქონდა. H2O – ასე აცნობდა ყველას თავს, როცა ასეთი დღეები ედგა. ხელის მიკარებას ვერ იტანდა, ფიქრობდა, რომ დაიღვრებოდა და ეს ისტერიკაში აგდებდა. მეფუტკრეს დასანახად ვერ იტანდა, რადგან ერთხელ ის შემთხვევით მიეკარა და დაღვარა.

– ყმაწვილო, ერნანდოს ხომ ხედავთ?

მამოწმებდა მეფუტკრე და ცარიელ მინის კოლოფს მომიშვერდა. ყოველთვის ვეთანხმებოდი, რომ არ გამენაწყენებინა.

ერნან კორტესი მამრი ფუტკარი იყო, რომელიც მეფუტკრეს გადასარჩენად კოლოფში ჰყავდა გამომწყვდეული. გამღერის დროს, როცა სკიდან დედოფალი გამოფრინდება, რამდენიმე ასეული მამრი ფუტკარი აედევნება ხოლმე. ზოგჯერ ათასზე მეტიც. იმ ბედნიერს, რომელიც ახერხებს დედოფლის განაყოფიერებას, სასქესო ორგანო წყდება და დედოფალში რჩება. მამრი ფუტკარი რამდენიმე წუთში კვდება.

მეფუტკრის აზრით, ასეთ ბედს მოსისხლე მტერიც კი არ იმსახურებს. და როგორც ბრილიანტს, ისე უფრთხილდებოდა მინის კოლოფში გამომწყვდეულ ერნანდოს, რომელსაც მარტო თვითონ ხედავდა. ისტერიკა მხოლოდ მაშინ ემართებოდა, თუ ვინმე კოლოფს გახსნიდა.

ლესბოსელი სამჯერ ვნახე ცხოვრებაში. საეჭვო რეპუტაციის ფილმებში, სიზმარში და ფსიქიატრიულში.

სიზმარში ლესბოსელი მუდამ ხუჭუჭათმიან ფემინისტთან ერთად მეცხადებოდა, რომელიც ყოველთვის შერატონის ტიპის სასტუმროდან ხტებოდა ადამიანი ობობას მოქნილობით და სიზმრის სექსისტური სიუჟეტის გამო უშვერი სიტყვებით მლანძღავდა.

ემილის მრავალფეროვანი წარსული ჰქონდა. რელიგიური ფანატიკოსიდან დაწყებული, ემოთი გაგრძელებული. ბოლოს გოთი გახდა, მაგრამ თავისი თავი მაინც ვერ იპოვა. სწავლობდა კიდევაც, გრანტით. ნაკითხი: ნიცშე, კაფკა, შოფენჰაუერი. ფსიქოლოგობას აპირებდა.

როცა მშობლებს გამოუცხადა ლესბოსელი ვარო, ხელი სტაცეს და ფსიქიატრიულში სამკურნალოდ წამოიყვანეს. ერთი წელი იმკურნალა. სხვადასხვა ფსიქოტროპული წამლებით გაჭყიპეს, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიღო. თავიდან არა. დამჯერი გოგო გახდა, ნამდვილი ბარბი და მშობლებმა სახლში დააბრუნეს. მაგრამ ის აღარ იყო ძველი ემილი. ბარბიმ მშობლების თაგვის წამლით მოწამვლა სცადა. არაფერი გამოუვიდა. მშობლებმა აპატიეს. მეორეჯერ სცადა. მშობლები ძლივს გადაარჩინეს. დედ-მამა მზად იყო, მის ლესბოსელობასაც შეგუებოდა და დამოუკიდებელ ცხოვრებასაც სთავაზობდნენ, როგორც მას სურდა, ისეთ ცხოვრებას. მაგრამ ის აღარ იყო ძველი ემილი. იძულებულები გახდნენ ისევ ფსიქიატრიულში დაებრუნებინათ.

ემილი ლესბოსელიდან ნამდვილ ფსიქოპატად იქცა. მარტო სანიტრის ზედამხედველობის ქვეშ უშვებდნენ მოსასვენებელ დარბაზში.

* * *

– დავით აღმაშენებელი! პოლიტიკური ორგანიზაცია „მაია წყნეთელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი!

ასე გამეცნო დაბალი მელოტი ბლანჟეიანი მამაკაცი, რომელიც სულ არ გავდა ორიგინალს.

– ოქრომჭედელი! აბიტურიენტი!

ხელი მაგრად ჩამომართვა.

– ჭირდება აბიტურიენტები ჩვენს სამშობლოს! აქ როგორ მოხვდით?

– თენგოს ანბანს ვასწავლიდი. როგორც აღმოჩნდა, მოწმეების თანდასწრებით.

– თენგო?

– რიჟა ტარაკანია… ჩემი მეგობარი… ტოტალიზატორის თამაში უყვარს.

– ააა… (პაუზა გააკეთა) ეგ არაფერი, მაგას მოევლება. მთავარია, „ცისფერთა ალიანსის“ ამომრჩეველი არ გახდეთ.

ასე ეძახდა დავით აღმაშენებელი „ვარდისფერთა ალიანსს“, ყველაზე დიდ პროდასავლურ გაერთიანებას საქართველოში.

ორიგინალზე რაც ვიცოდი, ბევრი კითხვა უყვარდა. მატიანეს გადმოცემით, ყველგან კითხულობდა. ბრძოლის დროს, ჭამის დროს, ძილის დროს. მაგრამ არ აცლიდნენ. წიგნის კითხვას სულ შუა ადგილზე აწყვეტინებდნენ, რომ ეჭამა, ებრძოლა და დაეძინა. ბოლოს ეს ყველაფერი მოსწყინდა, „გალობანი სინანულისანი“ დაწერა და მოკვდა.

ახალ გაცნობილ დავითს, ორიგინალისგან განსხვავებით, კითხვის ნაცვლად, ბევრი ლაპარაკი უყვარდა. დეტალურად ამიხსნა „მაია წყენეთელში“ მიღების წესები.

კანდიდატი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაოჯახებული. თუ საპატიო მიზეზის გამო ასე არ იყო (საპატიო მიზეზები: აბიტურიენტობა, ასაკი, რელიგიური პირი), რელიგიური პირის გარდა, ყველას უნდა გაევლო „შემოწმების რიტუალი“.

ოთახის შუაში იდგმებოდა საწოლი. გარშემო სკამები წრეზე. მაყურებელთა რიცხვში ორგანიზაციის გამოცდილი წევრები იყვნენ (მხოლოდ მამაკაცები).

საზეიმო ვითარებაში შემოჰყავდათ „სიძვის დიაცი“, რომელიც აუცილებლად ასაკოვანი, ცელულიტიანი და შეუხედავი უნდა ყოფილიყო.

კანდიდატს აშიშვლებდნენ. სექსუალურ აქტს უხუცესი აკვირდებოდა, მაქინაციებს რომ არ ჰქონოდა ადგილი. გამოცდის გავლის შემდეგ, თუ უხუცესი კმაყოფილი იყო, ამბობდა: Ovum. წრეზე მჯდარი საზოგადოება, იმეორებდა იგივე სიტყვას და ამ ყველაფერს მოყვებოდა ოვაცია.

დავითმა სიამაყით გამიმხილა, რომ ეს რიტუალი მან მოიფიქრა. „ცისფერთა“ შემოპარვა რომ აეცილებინა თავიდან. ყველაფერი აუცილებლად ვიდეოზე იწერებოდა და მასალა ორგანიზაციის ლიდერის, მათებიჭის კაბინეტში ინახებოდა, სეიფში.

სისხლის სიწმინდე  დაცული რომ ყოფილიყო, ევგენიკას იყენებდნენ. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა სასულიერო პირებთან და მათი დახმარებით სურდათ მონარქიის აღდგენა.

– როცა სამხრეთელი მეზობლების ყურადღებას მოვადუნებთ, ჩვენი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ!

– და ახლახანს დაკარგულ ტერიტორიებს, ჩრთილოეთით, რას უშვებით?

– ეგ ტერიტორიები არ დაკარგულა, ჩვენია!

– როგორ?

– ჩვენ ვართ ჩრდილოეთი (თვალი ჩამიკრა დავითმა).

– და ამ ყველაფრის უფლებას ვარდისფერთა ალიანსი მოგცემთ? ან ლიბერალები?

– რომელი ვარდისფერთა ალიანსი? ივანე ათაბაგი თუ ზაქარია მხარგრძელი? ჯერ ურთიერთობები შალვა და ივანე ახალციხელებთან გაარკვიონ! ალიანსს რომ ძალით ჩამოაშორეს!

– და, ლიბერალები?

– რომელი ლიბერალები? კლუბებში ცეკვა და ნარკოტიკების ყლაპვა რომ მოსწონთ? შემოვიღებთ დეკრიმინალიზაციას და იყვნენ თავიანთ კლუბებში, სამუდამო ოპოზიციაში.

– მემარცხენეეები?

– მემარცხენეები?! ბიზნესის სამსახურში ჩამდგარი ლაქიები! ამ ქვეყანაში, ოქრომჭედელო, მემარჯვენე და მემარცხენე მარტო მეჩუკუნეთა კლასიფიკაციის აღრიცხვისთვის თუ გამოგადგება. ეცინება დავითს.

– თქვენ როგორ მოხვდით აქ? (გავბედე კითხვა)

– ამ ყველაფრის პარტიის საარჩევნო პროგრამაში ჩაწერას ვაპირებდი, ეს რომ გაიგეს, ლიდერებმა აქ გამომაწყვდიეს.

ფსიქიატრიულის გარემო დიდად არ განსხვავდებოდა იმ ადრინდელისგან, რომელიც გარეთ დავტოვე.

ჩემი სურვილით შეიძლება იქაურობა არც დამეტოვებინა.

მაგრამ ნახვის საათებში ჯოვანის ცრემლიან თვალებს და საყვედურნარევ მზერას ვეღარ ვუძლებდი.

ერთ დღესაც, სალომე ლუს გამოვუცხადე, რომ კარგად ვიყავი.

აქაურ ფსიქიატრებთან ურთიერთობამ ერთ რამეში დამარწმუნა – ისინი პაციენტის სიტყვებს ძალიან ენდობოდნენ. ისღა რჩებოდა, ქცევითაც გაგემყარებინა სიტყვები და ეგ იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ, სალომე ლუ დარწმუნდა, რომ მართლა ჯანმრთელი ვიყავი.

შეიძლება იმიტომ, რომ გათხოვდა ზესტაფონელ შეყვარებულზე და კარგ ხასიათზე დადგა.

გამომწერეს. გამოსასვლელში ჯოვანი და თენგო მელოდებოდნენ.

თენგოს უჩემოდ თავი გაეტანა. ბოლო-ბოლო ტარაკანა იყო და არ გაუჭირდებოდა.

ჯოვანიმ ვერც შეამჩნია, ისე ჩამიხტა ხალათის ჯიბეში.

მე, თენგომ და ჯოვანიმ სეირნობით გავწიეთ შინისაკენ.

* * *

ფსიქიატრიულის შემდეგ ისევ აბიტურიენტი ვარ. სამსახურში არავინ მიმიღო.

ჯოვანი მამშვიდებს.

– მთავარია, უნივერსიტეტში მოხვდე. როცა სტუდენტი გახდები, შეგიძლია უსასრულოდ ისწავლო. იმდენად უსასრულოდ, რომ სამსახურისთვის დრო აღარ დაგრჩება.

ასე თურმე ბევრი იქცევა აქ. მეც მეტი რაღა დამრჩენია.

მჯერა და ვემზადები. ყურებმა მეტი მრავალფეროვნება შემოიტანეს ჩემს ცხოვრებაში, ტვინის დახმარებით.

ზუსტ მეცნიერებებში მომზადების დასრულების შემდეგ, მშრალ ხიდზე მიწევს გავლა.

ხშირად ხიდამდე პლეხანოვით მივსეირნობ.

ერთ დღესაც „მაია წყნეთელის“ რადიკალური ფრთის ორგანიზებული აქცია შემხვდა.

დავით აღმაშენებლის ფსიქიატრიულში გამომწყვდევის შემდეგ, რადიკალურ ფრთას საეჭვო რეპუტაციის ფილმების ყოფილი ვარსკლავი ჩუნგაჩანგა ჩაუდგა სათავეში, რომელმაც საჯაროდ ცოდვილად გამოაცხადა თავი, წარსულის გამო. სულიერ გზაზე შემდგარს, ახალი სახელი დაანათლა მოძღვარმა, „გოლგოთა“.

გოლგოთას ორგანიზებული აქცია არალეგალებს ეხებოდა.

აქციას სეირნობით გავყევი.

– გოლგოთა აქციას როგორ აწყობს, გოლგოთა ხომ მთაა?

კითხვა დავუსვი უცნაურად ჩაცმულ კაცს.

– მართალია, იქ მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ეგ არი ზუსტად მიზეზი, რატომაც აირჩია ეს სახელი ჩვენმა ლიდერმა. სამ დღეში მაცხოვარი უფალი გახდა, აღსდგა მკვდრეთით.

ვერაფერიც ვერ გავიგე…

– გაეთრიეთ საქართველოდან! თორემ თქვენს ყველა მკვდარს მოვტყნავთ!

მაღალი ხმით ნათქვამმა ლოზუნგმა საუბარი შეგვაწყვეტინა.

ყვიროდნენ „გოლგოთას“ გარშემო შეკრებილი მარტორქები.

უცნაურად ჩაცმულ კაცს მამბერი ერქვა. ჩაცმულობის გარდა, რაც დამამახსოვრდა, ის იყო, რომ შვილისთვის „ჯონ სნოუ“ დაერქმია. ალბათ იმიტომ, რომ იესოს შემდეგ ჯონ სნოუ ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო. თან მკვდარი ეგეც იყო და აღსდგა.

ფსიქიატრიულში მკურნალობამ ჩემი ტვინის იუმორი მრავალფეროვანი გახადა.

რადიკალური ფრთის წევრები სიტყვა „ტყვნას“ ხშირად იყენებდნენ. და განსაკუთრებით მრავლობით ფორმას ანიჭებდნენ უპირატესობას, რაც ლოგიკურად მეჩვენა. „გოლგოთა“ რუსულ საეჭვო რეპუტაციის კინოინდუსტრიაში ჯგუფური პატრიოტიზმის მამამთავრად ითვლებოდა. ჩუნგაჩანგას „პეტერბურგულმა თეთრმა ღამეებმა“ ამ ჟანრში ოსკარი მოუტანა.

მიკვირდა. მარტორქები თვითონაც ემიგრირებულები იყვნენ. აბა მარტორქა თუ ხარ, პლეხანოვზე რა გინდა, როცა შენი ადგილი აფრიკაშია. მოკლედ, აქციის აზრს ვერ ჩავწვდი.

აქციას სეირნობით გავცდი და მშრალი ხიდისკენ გავწიე.

როცა მშრალ ხიდზე ვარ, საღამობიით ბინის მაკლერებს შევერევი და ბუს ვუსმენ, რომელიც ჭადარზე ზის და ქადაგებს.

ბუ ძალიან გავს სერიალ სოპრანოს კლანის პერსონაჟს, ძია კორადოს, მეტსახელად უმცროსი. ბუ ქადაგებაში ყველას ლანძღავს, ბოღმას აფრქვევს. ამტკიცებს, რომ „მაია წყნეთელის“ ლიდერი მათებიჭი სინამდვილეში გადაცმული ქალია.

„ვარდისფერთა ალიანსს“ მაია წყნეთელთან გარიგებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ივანე ათაბაგი ნახევრად სომეხია და მათებიჭის საყვარელია.

ბუს ქადაგებებმა ინტერესი გამოიწვია ზოგიერთ ჩემნაირში, ვისაც ყურები (და ტვინი) აწუხებთ. სხვანაირად ბუს სიტყვებს ისინი ვერ გაიგებენ.

დღეს უკვე ბუს (მათი დახმარებით) საკუთარი არხი აქვს იუთუბზე და საკმაოდ ბევრი მნახველიც ჰყავს.

* * *

ლვოვის პროექტის კორპუსის მეხუთე სართულზე ვარ. აივანზე. მოვახერხე აძრომა.

აივანზე პატარა გოგოა, ოთხი-ხუთი წლის იქნება. ყოველთვის საღამოს გამოდის და მთვარეს სთხოვს, ნაყინი ამოუტანოს. აივანზე გამოდის, რადგან მშობლები სულ ამ დროს ჩხუბობენ და თავშესაფარი აივნის გარდა არსად აქვს.

ყოველთვის მეგონა, რომ ლვოვის პროექტის კორპუსის მეხუთე სართულის აივანზე გამოსული გოგონა ჩემი ტვინის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

მაგრამ როცა გავიგე ასე არ იყო, რთული გზა ავირჩიე. რადგან ლაჩარი ვარ, როგორც ყველა. პირდაპირ კარზე ვერ დავრეკავ ზარს! ეს აქაური წესი არ არის. ოჯახის შინაურ საქმეში ვერ ჩავერევი.

ბავშვს ნაყინს ვაწვდი. მართმევს და მადლობას მთვარეს ეუბნება.

ამ დროს აივანზე მამამისი გამოდის, ალექსანდრე მეორე, კახეთის მეფე. მე რომ მხედავს, იბნევა.

– ბავშვი საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრების საშუალება არ არის! ბავშვი პასუხისმგებლობაა!

სტიმულუსი აქაც მეხმარება.

ბრაზდება ალექსანდრე. სადაც ვარ, მისი სამფლობელოა. პირადი საკუთრებააა! ოჯახია!

ნამდვილისგან განსხვავებით, ალამზე წამოცმულ დის საცვლებს არ მაჩვენებს.

სიბრაზისგან ტორეროს ხარს ემსგასება და მეჯახება, როგორც მატადორს.

დაჯახებისგან წარმოქმნილი ინერცია აივნიდან მაგდებს. ტვინი სიურპრიზს მიწყობს.

შეგრძნებებს, ხედვას აათმაგებს და მწერს მამსგავსებს. ადამიანების სამყარო ჩემთვის შენელებული კადრია. ალბათ ჯოვანის გული დაწყდება, უნივერსიტეტში რომ არ მოვხვდები.

ბოლოს ჩემი თვალები აივნიდან გადმოხრილ ბავშვს ხედავენ. ხელს მიქნევს. ნაყინის გამო გახარებულია. ვიგრძენი, ჯიბიდან თენგო ამოძვრა და ფრთები გაშალა.

თვალებს ვხუჭავ. ველოდები, რომ აქ ალბათ წერტილიც დამესმება. ვცდები.

ლვოვის კორპუსთან უსაფრთხოდ დავეშვი. ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ ცოცხალი ვარ.

თენგო ჩემზე დიდია, ისევ რიჟა ტარაკანია და უკმაყოფილოდ მიყურებს.

– ფუ… მილანი!…

ზიზღით მიყვირის.

მისმა რეაქციამ მიმახვედრა, რომ შავ ტარაკნად ვიქეცი.

ეს უნივერსიტეტში მოხვედრაში ვერ დამეხმარება, მაგრამ, სამაგიეროდ, ატომური ბომბის აფეთქებისგან წარმოქნილ რადიაციას გავუძლებ.

ცოტა ხანში თენგო შემირიგდა და სეირნობით ჯოვანისკენ გავწიეთ.

ახლა მისი ჯერია ტარაკნების სურვილები ასრულოს.

© არილი

Facebook Comments Box