პოეზია

თაკო შუკაკიძე – ხანდახან ჩემს მეგობარ პოეტებს დავცინი” და სხვა ლექსები

***

მე მუშათა კლასის ოჯახში დავიბადე,
რაც თავი მახსოვს დედაჩემი სულ მუშაობს,
ამუშავებს მიწას, უვლის შინაურ ცხოველებს და ადამიანებს.
დადის ტყეში შინდისა და მაყვლის მოსაგროვებლად,
ის მსგავსად ყველა ომგამოვლილი ქალისა
ეროვნული გმირია,
რომელსაც სახელმწიფო თვეში  45 ლარს უხდის,
გაწეული გმირობისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის.

დედაჩემი ყველაზე ოპტიმისტი ადამიანია,
ის ხშირად მღერის ძველ სევდიან სიმღერებს
დაკარგულ სიყვარულსა და სამშობლოზე.
ჩემი დარდი მასთან შედარებით არაფერია,
სასაცილოდაც კი მეჩვენება.

ჩვენ მუშათა კლასი ვართ,
არავინ გვეკითხება რას ვგრძნობთ
ან რა გვაწუხებს.
პოლიტიკოსები და სასულიერო პირები განგვიხილავენ
როგორც ერთ-ერთ პრობლემას,
რომელსაც რაც მალე მოაგვარებენ, მით უკეთესი მათთვის.

ჩვენი ოცნებები მიწის ქვეშ კარტოფილებივით მარხია
და ფრთებს ვეღარასოდეს შეისხამენ.

დედაჩემი ეროვნული გმირია,
ჩვენ მუშათა კლასმა გამოგვზარდა
და რაც თავი მახსოვს სულ ვშრომობთ.

 

* * *

ხანდახან ჩემს მეგობარ პოეტებს დავცინი,
ღმერთო რა სულელები და ჩვეულებრივები არიან ისინი,
არაფერი რაინდული და მომხიბვლელი არ გააჩნიათ,
უსაშველოდ იხრებიან წელში,
დილით მთვლემარე სახით მიაბიჯებენ სამსახურებში და
გამონაკლის შემთხვევებში, ღვინოს სვამენ იაფფასიანს.
ვწვებით.
არა როგორც ქალი და კაცი,
არამედ  ორი იმედგაცრუებული ადამიანი,
რომლებსაც მარტოსულობისაგან თვალები და ხელები ჩამოწელვიათ
და სჭირდებათ ვინმე, ვინც კიდევ უფრო გაუსაძლის გახდის მათ ყოფას.

როდის ჩამოწვა ჩვენს ფანჯრებთან ნისლი?

როდის გაფრინდნენ საყვარელი კაცები და ქალები ჩვენგან?

როდის დაემსგავსა ცხოვრება საყვარელ პიესებში ამოკითხული პერსონაჟების ყოფას?
“დაძინება რომ შემეძლოს, სიყვარულსაც შევძლებდი”
ადექი გავიქცეთ, ვეუბნები მას,
ის კი მპასუხობს, – კარგიო,  და უძრავად დგას.

რატომ არაფერს ვცვლი,
რატომ ვუყურებ ჩემს გაწელილ დაკრძალვას,
რატომ არ ვაჩენ შვილებს,
რატომ გავრბივარ ყველა შესაძლო ბედნიერებისგან,
ვინ ჩაინიშნავს ჩვენს კითხვებს, რომ მერე პასუხების გაცემა არ დაავიწყდეს?????

ხანდახან ჩემს მეგობარ პოეტებს დავცინი (გულიანად)
როგორი უბრალოები და ხელშესახებები არიან,
უსაშველოდ იხრებიან წელში და მოთმინებით მიაგორებენ აღმართზე სევდას.

 

* * *
როგორია თანამედროვე პოეტის თვალები ან ცხოვრება?
როგორია მისი ანთროპოლოგია, მრწამსი?
ფსიქოლოგია?
ფიზიონომია?
ფსიქიკური, სოციალური, თუ სხვა მდგომარეობა?
რატომ გამოიყურება ასე მარტო, მიუსაფარად და გამოთიშულად
რატომ ირხევა მისი სხეული, როგორც პორტის გრძელ რიგში მდგომი ნავები?
რატომ არავის ახსენდება მისი მოხსნა მისაბმელიდან,
რატომ არავინ გაიყვანს შემოდგომის ზღვაში,
იქნებ დარდი დაუგროვდა.
თვალები ფიქრით აევსო და სული ეკვრის?
როდის იქნება, რომ ყველა გრძნობა, რომელიც შესაძლოა დაუფლებოდა,
დაიფარება მიწის ან წყლის ქვევით?
ჩვენ ვცხოვრობთ ერთმანეთის პირისპირ,
მაგრამ არაფერი გვაქვს საერთო ან წინააღმდეგობრივი,
როგორ ვერ შეძელი ზღვარის გავლება ცხოვრებასა და ლექსებს შორის?
ნუთუ იმდენად იდიოტი ხარ, რომ იმ ამბების გმირებს დაემსგავსე,
რომლებზეც წერ?
რატომ შეგემთხვა ასეთი გაუგებრობა,
შენ ხომ პრაქტიკულ და გონიერ ადამიანად მიგიჩნევენ მეგობრები,
როგორ შეძლებ მათთვის თვალის გასწორებას, ვინც იმედები აგკიდა მხრებზე
და აღმართისკენ ისე აუყევი გზას, არავისთვის შეგიხსენებია, რომ დაბრუნდებოდი,
ნეტავ გაურკვევლობის მსხვერპლი ხარ თუ გმირი?
სიტყვები სიცარიელის საბურველში გაეხვივნენ,
რატომ არავის გაახსენდი მთელი ეს დრო?
რატომ ხმას არ იღებ?
როდის იყო მკვდრები დუმდნენ?!
გამოიღვიძე!

 

* * *
კითხვები თოვლის ფიფქებივით ნადგურდებიან
და რჩება მხოლოდ მოგონება,
რომ ოდესღაც რაღაც გამოვტოვეთ,
გადავაბიჯეთ, თვალი დავხუჭეთ.

ჩვენი სურვილები ჩაეფლო სევდის მორევში

დაივიწყე,
დაივიწყე,
დაივიწყე,
რაც იყო!

ანგელოზებმა სახე იცვალეს და მოწყვლად ღმერთებს დაემსგავსნენ.

შორს სამოთხე და შორს ჯოჯოხეთი

დაიბადე, ნიშნავს ვეღარ იხილო
ზღვებს  ვერ გააპობ,
მთებს ვერ დაძრავ,
ღვინოდ ვერ აქცევ…

თვალებიდან ამოიგდე  ზეთისხილის რტოები,
სისხლი,
სისხლი,
სისხლი!!

ყვავის ჩხავილი ემსგავსება დედის გალობას,
მარტოსულების სანუგეშოდ რეკავს ზარები,

დაივიწყე,
დაივიწყე
დაივიწყე!!!

* * *
ზოგი მკვდარი მიწაში ღვივდება,
როგორც თესლი ახალხნულებში,
ეს ძირითადად მათ ემართებათ,
ვინც ბოლომდე ვერ ჩაძაღლდნენ.

რა უნდა შეგემთხვეს ამაზე შემზარავი?
ვიდრე თავიდან შობა აქოთებული ჭაობის ფსკერზე,

რა სასაცილოა და რა სევდიანი
ამოიზარდო სიკვდილიდან თანდათან
და გამზეურდე.
* * *

შეგიძლია  თვალები დახუჭო და საკუთარი თავი გამოიხმო.
ახლა არსად გეჩქარება.
არაფერი გევალება.
არავინ გელოდება მეტროს გამოსასვლელთან.

ქაფქაფა ღრუბლები და ცხელი ქარი…

ყველა ცხოვრებამ ჩაიარა, რაც უნდა გეცხოვრა,
იასამნების ხეივანში წვები პირაღმა.
რომელია შენი ვარსკვლავი,
შენი უბედური ვარსკვლავი რომელია?

როდის დაგცვივდნენ საყვარელი ქალები და კაცები?
მათი დანატოვარი მოგონებები, ხმელი ტოტებივით ჩამოგტყდომია,
როცა მარტო რჩები, უნდა აღიარო,
უნდა აღიარო რომ შიშველი ხარ
რომ არავინ და არაფერი დაგრჩა,
რაც დაფარავს იმედგაცრუების წყლულებს,
თვალებში ქვეწარმავალივით ჩაბუდებული სევდა,
შხამით ავსებს შენს ხმას და სიტყვებს.
რატომ გიფართოვდება…
რატომ გიფართოვდება ნესტოები?
რატომ გიფართოვდება ნესტოები ატმების ბაღში???
* * *

ჩემი ქალი ძალიან ლამაზია.
როცა ვუყურებ, ვხვდები,
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი.
ვხვდები, თუ რა შორს ვარ ქალურობისგან.
ის ყოველთვის ნატურალურია,
მისი კანის ფერი,
თმა,
მანერები,
ყველაფერი ჰარმონიაშია!
ჩემი ქალი ყოველთვის სასურველია;
კაცები აღგზნებული მზერით უყურებენ, –
ერთი სული აქვთ მის სხეულს შეეხონ,
შეისრუტონ მისი სურნელი.
ჩემი ქალი ჩემი ერთგულია,
თვალებში მთელი ძალით ჩამყურებს,
მტვრიან გუგებს ამომისუფთავებს და
მეუბნება, რომ ის ძალიან ბედნიერია,
როცა მარტო ვართ…

ჩემი ქალი ყველაფერს ხვდება,
ხვდება, რომ  მე იგი არ მიყვარს,
რომ როცა მასთან ვარ, სხვაზე ვფიქრობ,
თუმცა არასოდეს უსაყვედურია.

ჩემი კაცი იდიოტია,
ჩემი კაცი მოღალატეა,
მას  არაფერი გაეგება
სიყვარულის და ეგეთი რამეების,
ჩემი კაცი მეზიზღება.
რატომ არ შემიძლია, აღარ მიყვარდეს?!
რატომ არ შემიძლია,
ჩავუსაფრდე და შუბლში ტყვია დავახალო?!
რატომ არ შემიძლია,
მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო ჩემს ქალთან?!
ის ხომ ისე მომხიბვლელია,
ისე ნაზი,
ისე მომთმენი…

© არილი

Facebook Comments Box