„შემოხაზეთ სამი და ავლესოთ ხმალი.“
ლოზუნგი საარჩევნო პლაკატიდან
„ოპტიმისტ კაცს დედა მოუტ**ეს
და ნეტავ ბიჭი გაჩნდესო.“
კახური ანდაზა
სოფლის გამგებელს კოჭლამაზაანთ გოგიას გამგეობის წინ თავისი ნათესავები, მეზობლები და მოკეთეები შეეყარა და მოძღვრავდა:
– ყველაჲ უთხარით, თავი დედისა არა ჭამონ და ხმა კნაწაჲ ბიჭ ზაურაჲ არ მისცენ, თორენა ვერ გადამირჩებით. სუ კაპიკ-კაპიკ გადაგახდევინებთ რაც თქვენთვი პატივი მიცია. აბა, სოციალურიო, აბა, მინდვრიდან ბალახი და ხორბლი ზიდვაო, აბა, პრემიებიო. კარგია არა?! – გამგებელმა აქ ხმას ერთი ტონით აუწია: – ზაურა არ მაიყვანოთ, თორე შაბლაყუყუჲ მოგვცემს ყველასა და სოფლიდან გასაქცევად გაგვიხდება საქმე. გაიგეთ თქვენა?
ამას თქმა აღარ უნდოდა. ყველას კარგად ესმოდა საქმის არსი – თმაშეღებილი და გალსტუკიანი გაქალაქებული ზაურა სოფელში ჩამოსულიყო, კარდაკარ დადიოდა და ხმებს აგროვებდა. თანაც რისთვის? რაიონის დეპუტატობაზე კენჭის ყრას აპირებს თურმე. ბიჭს პარლამენტში მონდომებია შესვლა.
სოფელ-სოფელ დადის და თან არასამთავრობო თუ რაღაც ჭირი და სიკვდილი დასდევს – ვიღაც გოგო-ბიჭები ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით ისე დაჰყვებიან როგორც მსოფლიო ჩემპიონს. არიგებენ ფერად-ფერად გაზეთებს, სადაც ყველა გვერდზე ზაურაა გამოჭიმული. ვისთან აღარ არის გადაღებული – მსახიობებთან, მოჭიდავეებთან, პარლამენტარებთან და მღვდლებთანაც კი. იქ ანთებული სანთელი უჭირავს, აქ ყანწი. იქ ბავშვებს ეფერება, აქ რომელიღაც სათნოების სახლში მოხუცებთან ერთად წვნიანს ხვრეპს. აფერისტი ეგა! თან თურმე იმუქრება, „ქალაქიდან მხარს მიჭერენ. ჩემი ამბავი გადაწყვეტილია. არავის არაფერი შეგეშალოთ, თორემ დეპუტატი რომ გავხდები, ქვას ქვაზე არ დავტოვებ, ყველას მოვხსნი და ყველა უკანონო საქმეს სამართლდამცავებს გადავცემო“.
ამას ცუდი სუნი უდიოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ გოგიას ბრაზისგან ყელზე ძარღვები ებერებოდა:
– რაიონის გამგებელმა სუ კეთილები მაგინა, აქამდე როგორ ვერ სცემეთ, თქვენი სოფლიდან მაინც არ იყოსო? ამხელა კაცმა დავუწყო ჭიდაობა? ნახევარ სოფელ რითვინ გაჭმევთ პურსა, რითვინა, ი ჩემი გადანგრეული ვერ გიცემიათ?
გაცეცხლებულმა გოგიამ ხალხს გადახედა. ყველა გარინდებულიყო, ზოგი გამგებელს თვალს ვერ უსწორებდა და მიწასღა ჩასცქეროდა. გოგია მიხვდა, რომ ხალხს ავად თუ კარგად გააგებინა სათქმელი და გამგეობისკენ იბრუნა პირი. თან თავის ძმიშვილსა და სოფლის ჭიდაობის მასწავლებელს „ჯულა“ გოდერძას თავი ცერად გადაუქნია, „თან გამომყეო“.
კაბინეტში შესვლისთანავე ფიცხლავ მოტრიალდა და გოდერძას ლამის ხელუკუღმა გასცხო ყბაში:
– შენ რაღამ დაგადედლა, მაგითვინ ვეხვეწე რაიონში შენი ხელფასი მომატებაზე? ეგ არის შენი სანაქებო კისრული და მოგვერდი? ფეხებზე მკიდია, ან ორ დღეში შენ და შენი ძმაკაცები სადმე მაიგდებთ კარგა-მაგრა მიჟეჟავთ ან არა და შენ ადგილზე იგე მუტრუკა ჯემალაჲ დავნიშნავ. მერე არ გეწყინოჲ! ვიღუპებით შვილო. მე თუ ციხეში გამიშვეჲ, მამაშენსაც გვერდით მამისვამენ. შაუშვი მაგ გოგრაში!
„ჯულა“ გოდერძამ თქმა არც დააცალა ბიძას:
– როდი მითხარი ძიავ და დაგეზარე. დედაჲ ვუტირებთ მაგასა! შენ მარტო ის მითხარ, საღამოჲ სად არი ხოლმე და მერე მე ვიცი. იგრე გადაუარო როგორც „გრეიდერმა“.
– აბა შენ იცი შვილო, აბა შენ იცი, – აქ გოგია ცოტა დატკბა: – ი შენი ძმაკაცებიც დაიხმარე. ცემის დროს სახეები არ დაანახოთ. თავზე ქუდები ჩამაიფხატეთ. დანა არ იხმაროთ და თვალები არ დაულურჯოთ. დანარჩენზე მწვანე გაქვთ ანთებული. მაგ საქმითვინ ორი დღე მამიცია. მაზეგ უკვე არჩევნებია. ვარჯიშზე შენი ბალღებიც გააფრთხილე, მამებ უთხრან, ეგრე თქვა გოდერძა მასწავლებელმა, რომლი მშობელიც ზაურაჲ მიცემს, ჭიდაობიდან გავაგდებ-თქო. ეგე, შიბლიანელ კოლაჲ ბიჭ მიცენ. მერე რა რო შიბლიანელია. რაიონში ეგრე მითხრეჲ და გადაწყვეტილია. გოდერძო, ე ზაურა მიცემე და შემოდგომით ტონა-ნახევარ ყურძნი ჩაბარებაჲ გაგიფორმებ. რაიონში ვეტყვი გამგებელ და იქითა წელ ერთი-ორჯელა საზღვარგარეთაც გაგიშვებენ. ერთ წასვლაზე თურმე ხუთასი დოლარი რჩება.
* * *
გოდერძას ამ საქმისთვის ორი დღე შეიძლება არ ჰყოფნოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო დარჩენილი. ბიძამისი რომც არ დაეჭირათ და მხოლოდ მოეხსნათ, უკან მთელი გამგეობა უნდა გაჰყოლოდა, რადგან ყველა გოგიას ნათესავი და ახლობელი იყო. თვითონაც ჭიდაობის მასწავლებლობიდან ამოჰკრავდნენ კუკუს და სულ შავად წავიდოდა საქმე. ძია გოგია ჭკვიანი კაცი იყო და რახან თქვა, ცემეთო, უნდა ეცემათ.
სასწრაფოდ „კლუჩა“ დათუა უნდა ენახა, თავისი მეჯვარე კაკო და გუდლაყაანთ მიშა. ეგენი იყვნენ მისი ძმაკაცებიც და მუშტის კარგად მომქნევებიც. არა, იმ წიტიან ზაურას თვითონაც ეყოფოდა, მაგრამ ოთხი კაცი მაინც იმედი იყო. დედას უტირებს, დედასა! ორჯერ ხუთასი უკვე ათასია. თან თუ საზღვარგარეთ წავიდოდა, კუდს სულ ყავარზე გასდებდა. და ამ ყველაფერს მხოლოდ ზაურას ცემა აშორებდა – თმაშეღებილი და გალსტუკიანი გაქალაქებული ზაურასი.
„იგრე მიგძნეყავ, როგორც დაგიბარებია“, იმუქრებოდა გულში გოდერძა და თავის „ვილისს“ „კლუჩა“ დათუას სახლისკენ მიაქროლებდა.
– ჰაი კლუჩა, ბჯო კლუჩა, – „ჯულა“ გოდერძას „ვილისიდან“ ერთი ფეხი გადმოეყო და „კლუჩა“ დათუას ჭიშკართან მთელი ძალით ღრიალებდა. მის ღრიალზე ტუალეტიდან დათუას შეშინებული ბავშვი ნახევრადჩახდილი გამოვარდა და სახლისკენ ატირებული გაიქცა. სათონეში ქალებმა კივილი დაიწყეს. ბავშვის ტირილზე და ქალების კივილზე დათუა მარნიდან დედის გინებითა და ძველი ჟანგიანი ხანჯლის ტრიალით გამოვარდა.
გოდერძა გაშტერდა. დათუამ კი ჭიშკარი გამოგლიჯა და „ვილისზე“ შემომდგარ გოდერძას შეეჩეხა:
– ვინ იყო გოდერძ, დედაჲ ვუტირებ, ვინ გადმოხტა ეზოში, ვინ შამიშინა ბალღი?
– შენა ბიჯო ხო არ გიწუილებს? რა ვინ გადმოხტა. დაგიძახე და ბალღი ტვალეტში მჯდარიყო და შეეშინდა, ბალღის ტირილზე კიდენა ქალებმა დაიწყეს კივილი.
„კლუჩა“ დათუა სახლში გინებით შებრუნდა და ბავშვს თავში წამოარტყა, „შენი კუანა დედა კი ვატირე, შენიო“.
„კლუჩას“ გოდერძა უკან მიჰყვა და ორივე მარანში შელაგდნენ. დათუა ქვევრს რეცხავდა. კაკო და გუდლაყაანთ მიშაც ეხმარებოდნენ. თან იქვე ძველი „ბოჩკის“ თავზე სუფრა გაეშალათ – მწნილზე, დამტვრეულ კაკალზე და გუდის ყველზე შარშანდელ ღვინოს სვამდნენ.
– თქვენ გენაცვალეთ, სამივეჲ გეძებდით და როგორ დაქუჩებულხართ, თქვენი დამქუჩებლი დედაჲ…
– ჰა-ჰა-ჰააა, – ამოიყვირა ქვევრიდან გამწარებულა კაკომ და ქვევრის კედლებს ცოცხი უფრო ძლიერად გაუსვა.
– ჯერ არაფერი დაგილევია და უკვე გინებაზე გადახვედი ვერან? – გაიღრიჭა მიშა და წიწაკის მწნილი ყუნწიანად შეჭამა.
– ვიღუპებით ბიჭებო, დედები გვეტ*ვნება, – ამოიგმინა გოდერძამ და იქვე მიყუდებულ ქვევრის სახურავზე ჩამოჯდა.
ეს ისე გულწრფელად ნათქვამი იყო, რომ ვერც „კლუჩამ“ და ვერც მიშამ ხმა ვეღარ ამოიღო. კაკომაც ფეხები ააფხარკალა და ქვევრიდან ამოძვრა. არცერთს ასეთი დაბეჩავებული გოდერძა არ ენახა. თანაც ვინა?! გოდერძა! „კალობანში“ საქართველოს ძიუდოს ნაკრების ორი წევრი ერთმანეთის მიყოლებით კისრულით ძირს რომ დასცა და ფალავანი გახდა. მერე კიდენა მოგებული ჭედილა კისრით რომ ჩამოიყვანა სოფელში. ჰაი, დედასა!
ბოლოს ისევ „კლუჩამ“ მიაგნო მუცელში ჩავარდნილ ენას:
– ბჯო გოდერძ, მითხარ, ვის გადაუწყვეტია მამაჩემი გახდეჲ და მერე გაჩვენებ იმის სეირსა. დედაჩემ მარტო მამაჩემი ოთარა უბედავს და იმასაც მაშინა, როცა ცხვარში ვარ, ანდაც ვენახში.
– წეღან გოგიასთან ვიყავი, – მოხსნა სათქმელს პირი გოდერძამაც: – ზაურა იმარჯვებს არჩევნებში. მაგ… მაგ… მაგ… – ვერაფრით მიაგნო ყველაზე შეურაცხმყოფელ სიტყვას და ბოლოს ისევ „ჩემისა“ მოიშველია:
– მაგ ჩემისამ არჩევნები რომ მოიგოს, გოგიასაც და მამაჩემსაც დაიჭერენ. მე ჭიდაობი დარბაზიდან გამამაგდებენ. ვენახებ წამართმევენ და მემრე თქვენაც მოგდგებიან.
მარანში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. გოდერძამ ჯერ კაკოს შეხედა, მერე მიშას, ბოლოს „კლუჩას“ და განაჩენი გამოაცხადა:
– უნდა ვცემოთ!
სამივემ შვებით ამოისუნთქა. ეს ყველაზე იოლი გასაკეთებელი იყო.
– დღეს ჩამოდის ქალაქიდანა და ხვალ მთელი დღე ხალხში იქნება. ხვალ საღამოს უნდა ჩავუსაფრდეთ სადმე. გოგიამ დანა არ იხმაროთ და თვალებზე არ დაეტყოსო. მუცელში უნდა ვურტყათ, ფეხებშიც. ისე რომ ზეგ, არჩევნები დღეჲ ლოგინიდან ვეღარ ადგეჲ.
– შენ არხეინად იყავ გოდერძ, – გოდერძას მხარზე ხელი დაჰკრა „კლუჩა“ დათუამ: – მაშინ სიყრმე მამიკვდეჲ, თუ მაგაჲ ჩემი მუშტი გემო დაავიწყდეჲ. მთელი ნათესაობა შაყრილი მაქ ძმაო, ზაურაჲ ხმა არ მიცეთ-მეთქი. ჩვენ სოფელში წააგებს. ბალღებ გეფიცები თუ არ წააგოჲ. შიბლიანში კიდენა მაგაჲ ხმაჲ არ მიცემენ. რაიონი გამაგრებულია, მიდის აგიტაცია და ბასტი-ბუბუ. ერთი ცემაღა დაგვრჩა და მაგაში როგორ დაგზარდებით. არა ბიჭებო? – მიუტრიალდა კაკოს და მიშას.
იმათაც თავები დაუკანტურეს. გუდლაყაანთ მიშამ პერანგის სახელოები დაიმკლავა, ვითომც და თუ გინდა ახლავე წავიდეთ მაგ საქმეზეო.
გოდერძამ შვებით ამოისუნთქა – საქმეს კარგი პირი უჩანდა. საზღვარგარეთ წასვლაზე, ხუთას დოლარსა და როგორც ფიქრობდა, იმ ფულის ბიჭებთან გაყოფაზე ხმა აღარ ამოუღია. საქმე ისედაც კეთდებოდა.
– მაშინ სანამ თქვენ ამ ქვევრ ამორეცხავთ, სახლში ჩავირბენ და ბურვაკ დავკლავ. რომ მორჩებით, ჩემთან ჩამოლაგდით ყველა.
„კლუჩას“ კი უნდა დაეწყო „ჩვენთან რა წვიმა ჩამოგვდისო“, მაგრამ „ბოჩკის“ თავზე მდგარ მწნილის თეფშს დახედა, რომელიც მიშას უკვე გაენახევრებინა, მერე გოდერძას წიფელზე და რკოზე გაზრდილი ბურვაკები გაახსენდა და ხმა აღარ ამოუღია.
ცოტა ხანში გოდერძას ეზოში ბურვაკმა ჭყივილით ცა მიწაზე ჩამოიტანა. ამ ხმამ ელვასავით დაუარა უბანს და „კლუჩას“ მარანში გაზაფხულის მერცხალივით შევარდა. ისინიც თითქოს ამას ელოდნენო, გარეცხილ ქვევრს სახურავი სასწრაფოდ დააფარეს, მარნის კარი გამოკეტეს და გოდერძას სახლისკენ ფეხაკრეფით დაეშვნენ, თან ისე, რომ „ბირჟაზე“ არ გაევლოთ – არც უცხო თვალი უნდოდათ და არც ბურვაკის ხორცში შემზიარებელი.
იმ ღამეს ვიღაცამ მთვრალ გოდერძას შუა ქეიფში დაუძახა, გარეთ გაიყვანა და ჩუმად უთხრა, „ზაურა ხვალ საღამოს, ათი საათის შემდეგ სოფლის კლუბიდან სახლში მარტო წავაო“. სოფლის კლუბიდან ზაურას სახლამდე „მწარე ხევი“ იყო გასავლელი.
ჩასაფრება სწორედ „მწარე ხევში“ გადაწყდა…
* * *
მეორე დღეს ზაურა და მისი მომხრეები ოთხი მანქანით სოფლის მთავარ გზაზე ბღუილ-ბღუილით არბოდნენ და ჩარბოდნენ. ზაურას ხელში მეგაფონი თუ რაღაც ჯანდაბა ეჭირა და შიგ მთელი სოფლის გასაგონად ჩაჰკიოდა: „შემოხაზეთ სამი და ავლესოთ ხმალი!“, „დღე დაგვიდგა დარიანი – ზაურაა სამიანი“ და ასეთებს.
რაიონიდან გადმოსულ დამკვირვებელს, რომელსაც უნდა ზაურასთვის ეთქვა „არჩევნებამდე ერთ დღით ადრე საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას ნუღარ ეწევითო“, კინაღამ მანქანით ზედ გადაუარეს.
გოგია თავის კაბინეტში შეყუჟულიყო და თათბირს ატარებდა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტავდა ხოლმე ლაპარაკს, როცა ზაურას მანქანა პიპინ-პიპინით აუვლიდა გამგეობას და ზაურას გვერდით მჯდარი ვიღაც წითელთმიანი და ბნედიანივით თვალებმობრიალე ქალი მანქანიდან „ბირჟაზე“ მდგარი ხალხის გასაგონად დაიკივლებდა: „ხმა მიეცით ნომერ სამს – ზაურ ქიზიყურაშვილს!“ და აქაოდა იქნებ ზაურ ქიზიყურაშვილი ვერ გაიგონ ვინ არისო, იქვე მიაკივლებდა: „ხმა მიეცით კნაწას ბიჭს!“
გოგია კაბინეტში თავის ძმას და მეზობლებს ძლივს აკავებდა:
– თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ?! რა უნდა ცემოთ, აქა, გამგეობის წინა, მთელი სოფლი დასანახადა? მე მაგი უფლებაჲ ვერ მოგცემთ, ვერა!
გუნებაში კი კბილებს ილესავდა, „ჰაიიიი, დაღამდეჲ კნაწაჲ ბიჭო, დაღამდეჲ, შენ რაც არ გინახია, იმაჲ განახებთ!“
გოგიას გოდერძას იმედი ჰქონდა და არც სცდებოდა. გოდერძას და თავის ძმაკაცებს შუადღის მერე „მწარე ხევში“, გზის ზემოთ, მოფარებულში წიფლის ხის ქვეშ სუფრა გაეშალათ და წუხანდელ ბურვაკის ხორცს ჭაჭის არაყს აყოლებდნენ. „კატის მანძილი საბძელიაო“ და ზაურასაც ყველა ვარიანტში ამ გზაზე უნდა გამოევლო. სხვანაირად სახლში ვერ მივიდოდა.
მოსაღამოვდა.
სოფლის კლუბის წინ ზაურას ჩამოყვანილმა ქალაქელმა მომღერლებმა ცეცხლი დაანთეს – სიმღერასა და ცეკვაში სოფლის ახალგაზრდობაც კი აიყოლიეს. გამგეობაში გოგიას ამბავი მიუტანეს, სხვებთან ერთად აგრონომის გოგოც კარგად ქუსლავსო. გოგიამ იმ წუთასვე დაწერა აგრონომის გათავისუფლების ბრძანება და აგრონომის მეზობელს, ძგერანაანთ შიოს დაუბარა, „ეგრე გედეეცი, ხვალ დილაზე სამსახურში აღარ მოხვიდე. ხელფასი კიდენა შენმა გოგოჲ ცეკვი მასწავლებელმა გადაგიხადოჲ-თქო“.
საქმე გაძლებაზე იყო და უნდა გაეძლო. ერთიანობა უნდა შეენარჩუნებინა სოფელს და ამ ერთიანობის გვირგვინი ხვალ დილით ნაცემი და ცოცხალ-მკვდარი ზაურა უნდა ყოფილიყო. სოფელს დილითვე უნდა გაეგო ეს ამბავი. ხმა რომ გავარდებოდა, რომ არჩევნების დღეს ნაცემ-ნაბეგვი ზაურა სახლში წევსო, სწორედ მაშინ დაფიქრდებოდნენ ისინი, რომლებიც ყოყმანობდნენ და შიბლიანელი კოლას ბიჭის მაგივრად ზაურასთვის აპირებდნენ ხმის მიცემას. სწორედ ზაურას ცემა უნდა ყოფილიყო იმის მაჩვენებელი, რომ კოჭლამაზაანთ გოგიას გრძელი ხელი ყველას მისწვდებოდა…
ამასობაში დაღამდა.
„მწარე ხევში“ ჩასაფრებულ და არყისგან თავბრუ დახვეულ გოდერძას და იმის ძმაკაცებს ფეხის ხმა მოესმათ. რიყეზე ვიღაც მოდიოდა. ოთხივემ თავზე ქუდები ჩამოიფხატეს და გზისკენ დაეშვნენ. გუდლაყაანთ მიშას არაყი მოჰკიდებოდა და ბალახზე ფეხი უცურდებოდა. უნდა ეჩქარათ, თორემ ზაურა გაივლიდა ამ ადგილს და მერე ხმაურზე იქნება გაქცეულიყო კიდეც.
გოდერძა სირბილზე გადავიდა და ყველას ჩაასწრო გზაზე. სიბნელეში კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ სადაც მოუხვდა ხელი იქ სტაცა, დაიქნია, სწრაფადვე შეუტრიალდა, დაუჩოქა და დაუკისრულა. იმან ხმა ვერც ამოიღო, ისე აიშვირა ფეხები და მთელი სიმძიმით დაასკდა რიყის ქვებს. ამასობაში „კლუჩამაც“ ჩამოივაკა და წაქცეულს პირდაპირ მუცელში ჩასცა წიხლი. სხვებიც წამოეშველნენ. ხმას არცერთი არ იღებდა, ზაურას რომელიმე ხმაზე რომ არ ეცნო. მხოლოდ ხვნეშა და ბრაგა-ბრუგი ისმოდა. ზოგჯერ ერთმანეთს კი ურტყამდნენ, მაგრამ მაინც კარგად გრძნობდნენ მათ ფეხქვეშ ჩავარდნილ სხეულს და ცდილობდნენ მისთვის მთელი ძალით ერტყათ.
ძალა რომ გამოელიათ, სირბილის თავი აღარ ჰქონდათ და ოთხივე სწრაფი სიარულით უკან შეუყვა გზას. სოფელს შორიდან მოუარეს. გოდერძას სახლთან ცოტა ხანს იჩურჩულეს და დაიშალნენ.
* * *
მეორე დღეს უთენია რაიონიდან საარჩევნო ყუთი გადმოიტანეს და გამგეობის შუა ოთახში დადგეს.
დაიწყო არჩევნები და დაიწყო ხალხმაც დენა.
გოგიამ დილითვე მისცა ხმა, მერე „ბირჟაზე“ ჩამოდგა და ნაძალადევი ღიმილით ხალხს ლაპარაკი დაუწყო, თან თვალს იმ გზისკენ აპარებდა, საითაც „მწარე ხევი“ იყო. იმ გზიდან უნდა გამოჩენილიყო ზაურა.
შუადღე გადავიდა და კნაწას ბიჭი არსად ჩანდა.
„შენ მუშტებსა და წიხლებს ვენაცვალე გოდერძო“, გულში ფიქრობდა გახარებული გოგია, თან გუნებაში ანგარიშობდა, რაიონის გამგებლისთვის და შიბლიანელებისთვის რა უნდა დაეცინცლა.
უცბად გზაზე ზაურა გამოჩნდა…
გოგიამ თვალები მოიფშვნიტა. არა, ზაურა იყო – ზაურა და ის ვიღაც წითელთმიანი ალქაჯი.
გოგიას გულმა მწარედ უჩხვლიტა და რომ არ წაქცეულიყო, ჩუთლაშვილ თენგიზას ჩამოეკიდა მხარზე. როგორც ჩანს ზაურა რაღაც სასაცილოს უყვებოდა, რადგან ის ქალი მალი-მალ კისკისებდა. ნაცემის არაფერი ეტყობოდა. ღიმილით მივიდა გამგეობასთან, შევიდა შიგნით, ცოტა ხანში გამოვიდა და ქალაქიდან ჩამოსულ ჟურნალისტებთან ლაპარაკი გააბა.
გოგიას თავი სიზმარში ეგონა. ძლივს ამოიგმინა, „გოდერძაჲ დაუძახეთო“ და იქვე სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ სწრაფადვე მიხვდა, თვითონ უნდა წასულიყო თავის ძმის სახლში და ძმიშვილისთვის ცოცხალი და მკვდარი უნდა ეგინებინა. ამას კი „ბირჟაზე“, სახალხოდ ვერ გააკეთებდა. თუმცა გული ისე მწარედ ჩხვლეტდა, შეშინებულმა გოდერძას სახლამდე სადმე არ წავიქცეო, სახლისაკენ ნელა წალასლასდა.
არჩევნები გახურდა…
მოდიოდა და მოდიოდა ხალხი – მოვიდოდა ავტობუსი, ჩამოვიდოდა ვიღაც უცხო ხალხი, შევიდოდნენ გამგეობაში ჯგროდ, მისცემდნენ ხმას, გამოვიდოდნენ, ჩასხდებოდნენ ავტობუსში და წავიდოდნენ. მერე სხვა ავტობუსი მოვიდოდა ისევ უცხო ხალხით და ასე.
სახლში ასულ გოგიას მეზობლის ქალმა ორი ამბავი აუტანა – პირველი, თურმე „შიბლიანელები საარჩევნო სიაში თავის გვარებს ვერ პოულობენ და სამაგიეროდ, ქეშალოელი და ლამბალოელი აზერბაიჯანელები არიან სიაში და ისინი აძლევენ ხმასო“ და მეორე, „ვიღაც გოგო-ბიჭები, თავის თავს ეგზიტაპოლელებს თუ რაღაც ჯანდაბას რომ ეძახიან, ჩვენი გამგეობის ეზოში დგანან, თან ხალხში გამოკითხვას ატარებენ, „ხმა ვის მიეცით?“ და უმეტესობა სამ ნომერს ასახელებსო“.
თავის ეზოში, ცაცხვის ძირას მჯდომი გოგია უკვე იმას ფიქრობდა, „ე ხბოჲ გირკალით ხო არ ჩამოვიხრჩო ამ ცაცხვზე თავიო?“ რომ მისი ეზოს კარი შემოეხეთქა და „აჯამი“ ზაზა გალექებული შემოვარდა:
– გოგია ძიავ, ვიღაცეებ გუშინ „მწარე ხევში“ მენახირე თედუა იგრე უცემიათ, იგრე, რომ წუხელ დალეწილ-დამტვრეული საავადმყოფში წაიყვანიათ.
„თედუაოოო“.
ახლა ორი გირკალი და ორჯერ თავის ჩამოხრჩობაც ვეღარ უშველიდა გოგიას.
თავი გახურებულ საკირეს უგავდა და წუთი-წუთზე აუფეთქდებოდა.
სასწრაფოდ უნდა ემოქმედა, რადგან ახლა დრო მის წინააღმდეგ მუშაობდა. უნდა ემოქმედა, მაგრამ რა უნდა ექნა?!
უცბად ამ „მეხთატეხასა და მეორედ მოსვლაში“ გოგიას ერთმა აზრმა გაუელვა. დარწმუნებული არ იყო, რომ ეს კარგი აზრი იყო, მაგრამ სხვა გზა აღარ არსებობდა – უნდა დაეხია უკან, თუნდაც დროებით. უკან უნდა დაეხია, თავის დროს დალოდებოდა და თუ შესაფერისი მომენტი დაუდგებოდა, ჰაიიიიი, მერე გაგეშვათ გოგია, მერე საძირკვლამდე ამოთხრიდა ყველას, ვინც ამ ვიწრო ალაგას უგანა.
გოგიას ცბიერად გაეღიმა და ზაზას ღიმილით უთხრა:
– ზაზავ, შენი ჭირიმე ზაზავ, აბა შენ იცი ბიჭო, სანამ გოდერძა ამოვა. შენა ხარ ჩემი ძმიშვილიც, შვილიცა და შვილიშვილიცა.
„აჯამი“ ზაზა ვერ გაერკვა, მაგრამ გოგიას გაბრწყინებულ თვალებს რომ შეხედა, მიხვდა, რაღაც კარგ საქმეში ჰყოფდა თავს და „აქა ვარ გოგია ძია, შენი ჭირიმე, შენიო“, ამოიძახა იმანაც.
გოგიამ დააკონკრეტა:
– წყალი დადგი შვილო, აადუღე, მერე შავარდი საღორეში, სამი გოჭი დაიჭირე და დაკალი. მე ქვევრ მოვხდი. აბა შენ იცი ზაზავ.
ზაზას მეორედ თქმა აღარ უნდოდა და გოგიას ეზოში რამდენიმე წუთში ცოდვის კალო დატრიალდა – ერთმანეთის მიყოლებით იკვლებოდა გოჭები, ქათმები, ინდაურები. ზუსტად ორ საათში გოგიას ეზოში დიდი სუფრა გაიშალა.
მოსაღამოვდა…
გოგია გამგეობისკენ დაეშვა. წუთი-წუთზე საარჩევნო უბანი დაიკეტებოდა. „ბირჟაზე“ ისევ ისევ იდგა ხალხი, ოღონდ გაბევრებულიყო – ყველას აინტერესებდა არჩევნების ბედ-იღბალი. დილანდელთან შედარებით ხალხის მატებასთან ერთად ერთი მწარე განსხვავებაც იყო – წეღან სადაც გოგია იდგა, იმ ადგილას კნაწას ბიჭი ჩამდგარიყო და სოფლელებს ელაპარაკებოდა.
მომღიმარი გოგია ზაურასთან მივიდა, ხელმკლავი გაუყარა და ლაპარაკ-ლაპარაკით გვერდზე გაიყვანა. „ბირჟა“ გაისუსა. გოგიამ და ზაურამ მოშორებით ცოტა ხანი ილაპარაკეს, გოგია რაღაცას უმტკიცებდა, ზაურა არ თანხმდებოდა. ბოლოს გოგიას დაჟინებამ გასჭრა.
გოგიას ეზოში დილამდე ისმოდა ქალაქელი მუსიკოსების სიმღერა და ზაურას სადღეგრძელოები…
© არილი