პოეზია (თარგმანი)

საბინე შიფნერი – პოეტი კარიატიდი

გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

საბინე შიფნერის სახელი კელნის პოეტურ სცენას უკავშირდება, სადაც ბრემენიდან სტუდენტად ჩავიდა და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. 90-იან წლებში მუშაობდა კელნის შაუშპილჰაუსის თეატრის რეჟისორის ასისტენტად და საკუთარ პიესებსაც იქ დგამდა, იყო სატელევიზიო გადაცემების რეჟისორიც, დოკუმენტური და ინდუსტრიული ფილმების ავტორი. ეწევა სარედაქციო საქმიანობას, როგორც რედაქტორი, მთარგმნელი, გამომცემელი (თარგმნის ესპანურიდან და კატალონურიდან). პოეტური კრებულების გარდა, გამოცემული აქვს რომანები და რადიოპიესები. 2004 წელს მიენიჭა მარტა ზაალფელდის პრემია. მისი სადებიუტო რომანი „მელოგინეთა ცხელება“ 2005 წელს იურგენ პონტოს პრემიით დაჯილდოვდა. მიღებული აქვს არაერთი გერმანული და საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის ვილა ავრორას სტიპენდია ლოს-ანჯელესში, ლიონ ფოიხთვანგერის ლიტერატურულ სახლში. 2007 წლიდან არის გერმანული პენცენტრის წევრი.

ბოლო წლებში მისი პწკარედების მიხედვით გერმანულად ითარგმნა ზურაბ რთველიაშვილის, რატი ამაღლობელის, ზვიად რატიანის საავტორო კრებულები და 35 ავტორისგან შემდგარი თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგია.

 

კარიატიდი

ასე, უთავოდ,

უთავსახუროდ, ყველა ქვაბს რომ საკუთარი აქვს

მან კი ვერცერთი ვერ მოირგო

შეჰყუდებია

და მკლავებით უჭირავს

სახლი

ოჯახი სამსახური და ილუზია

რომ შემოსავალს თუ გაუზრდის

ფიტნესკლუბშიც უნდა წავიდეს

ის მარტოხელა დედაა და ისე იქცევა

როგორც ყველა

საღამოს ჟამს კი

ჩამავალ მზის ოქროს სხივები

მოპირდაპირე სახლს რომ ეცემა

და იქიდან მის ბინას ავსებს

უსიტყვო მზერით დგას ფანჯარასთან

მერე ნელ-ნელა

ხელებს სწევს მაღლა

თითქოს საქმისგან ისვენებსო

მისი სხეული ამ დროს ჩრდილს ხატავს

ის კი თავისი კლასიკური განათლების წყალობით ამჩნევს

რომ ეს ჩრდილი ბერძნულია

და უკვე ორი ათასი წლისაც

 

კიბის თავში

გოგონა ზურგზე გყავს მიკრული

და ადიხარ

დღეს საერთოდ არაფერი დაგიწერია

და თუ ასეა რატომ მერე

დანაშაულის გრძნობა გიდგას თვალებში

აქამდე რაც გიფარავდა

ხელოვანის სტატუსი იყო

თან სულ სხვადასხვა ეტაპზე ახლა

ისე ხარ თითქოს ეს საყრდენი გამოგაცალეს

და შეჰყურებ სინათლეს სადღაც

ზემოდან რომ ეშვება შენსკენ

სულ გგონია, კიბის თავში რაღაცა იწვის

თითქოსდა ეთქვათ,

არაფერზე არ უნდა წერო

მთვარის შუქის დაისის და აისის გარდა

ზღვებისა ზღვის ნაპირების დათოვლილი პეიზაჟების

ეკლესიათა ეზოების კლდოვანი მთების და მათთა მსგავსი

ამასობაში გეკვანძება ფეხი აი

მაგნეზიუმს რომ არ სვამ ვიდრე

კიბეზე ასვლას დაიწყებდე

ის ნერვებსაც აწყნარებს თურმე

შიგნიდან რომ გიფუთფუთებენ

გარეგნული სიმშვიდეც მოაქვს და

ახლა ხომ ძალა გჭირდება

ტვირთის საზიდად

შენი გოგონა ხაზებს ხედავს რადგან ის

შენთან ასე ახლოა ხაზები სახლი

სადაც კიბე აყუდებულა

დარტყმას გრძნობ შიგნით

ასწრებ სახელურს ეჭიდები

ღრმად ისუნთქავ თავს ისე გრძნობ

თითქოს არც რა გევალებოდეს

იმ ქალს ვგავარ ხანძრისკენ რომ მიდისო

ამბობ

 

სხვაგან

წვიმას იწყებს ეშურება ჰორიზონტისკენ

წყნარი ოკეანის თავზე ახლა რომ

თვითმფრინავი წამოუფრინდა

აგურისფერი შუქის ციმციმით

ამ ღამეში

ერთი ამბობს უსაფრთხოაო

შეგიძლია მშვიდად იარო სხვა ამბობს

როცა მანქანით ხარ, მშვიდად ყოფნა არ შემიძლია

ოღონდაც კი თავს გაუფრთხილდი

დედა იტყვის ჭკუით იყავი

და გულისხმობს წვეულებას და ნარკოტიკებს

აი ამინდი იმუხტება

და ელვა ჰკვეთს წითელ ცას ტალღებს

სანტა მონიკას სანაპიროზე

თუმც ჩვენი სახლი არ ნათდება

და არც იმათი მდიდრებისა

ნასტურციებით და როზმარინით

გადაპენტილ გორაკებზე

ხოლო პატარა თვითმფრინავი

რაღაცას გვიწერს

ჩაბნელებულ ზეცაზე ნავთით

შენელებული კადრის მსგავსად

რომ ვკითხულობთ

ოღონდაც კი თავს გაუფრთხილდი

სადაც იქნები

 

როცა ქრის ქარი

ჩემს ბაღში ახლა

დაქრის ქარი

და მოუხმობს ვირთხებს და ყვავებს

ჩემს ბაღში ახლა

ქარი არწევს მელოდიას

ალუბლებში გალავნის თავზე

სახლის ჭიშკართან ჩამომომდგარი

მენაყინის მანქანიდან რომ გაისმის

მზიან დღეებში

ჩემს ბაღში ახლა

სასუქის გროვა ისე მშვიდად

ელოდება ბაბუას მოსვლას რომელიც

მოდის და ჭიაყელებს არჩევს იქიდან

ჩემს ბაღში ახლა

იორდასალამი მზეს უშვერს სახეს

მცენარეთა წიგნი ამბობს

მას ადგილის ერთგულება სცოდნია თურმე

ჩემს ბაღში ახლა

იჭრება ქარი

თან მოჰყვება უკმაყოფილოდ მოჭახჭახე კაჭკაჭის ხმები

ჩემს ბაღში ახლა

მებაღე მოდის

თოფს უმიზნებს ვირთხებს და ყვავებს

გლეჯს ჭინჭრებს ანწლებს ვარდებს მხოლოდ

იორდასალამს ხელს არ ახლებს

ის ხომ ადგილის ერთგულია

ვერ იტანს ტკივილს

მიწისპირამდე ცელავს ბალახს

ჩემს ბაღში ახლა

დაქრის ქარი მე ვახმოვანებ

ჰუუუუ ჰუუუუ ჰუუუუ

 

სად შეიძლება იყოს ჩემი ქრისტიანი

ისიც ერთი მათგანი იყო

მუცელში რომ მეზრდებოდნენ

ოდესღაც რომ ვერც მივხვდი როგორ

ჭიპლარზე მომწყდა და როცა უკვე

ვფიქრობდი აი შობის დროა

ყველაფერი უკვე მზადაა

გამქრალი დამხვდა

ერთი მათგანი ვინც კბილებს შორის მემალებოდა

და ჯაგრისითაც ვერ ვწვდებოდი

ერთი მათგანი ვინც ბრემენში გადაიკარგა

და ჰამბურგში არასოდეს არ ჩამოსულა

ერთი მათგანი ქურთუკიანი რომ ურბენდა ქუჩას

შეუსვენებლად მე კი

ხელებში შემატოვა კაპიუშონი და დამაყუდა

სუნთქვაშეკრულმა რომ გავიღვიძე

ის იყო ისიც

ვის გამოც ღამით კინაღამ მოვკვდი

ერთი მათგანი ყოველ დილით რომ ამბობდა

დღესაც ისევ ზაზუნას დღეა

სკოლაში რომ მიდიოდა და იქიდან სამუდამოდ იკარგებოდა

ერთი მათგანი ვის მოსვლასაც მუდამ ვიგებდი

რადგან კიბეზე უსტვენდა მაგრამ

კარს რომ ვაღებდი მისაგებებლად

იქ არავინ აღარ მხვდებოდა

ვინც ფიქრობდა სასტიკია ჩვენი სამყარო

და გარდატეხის ასაკისას საღამოს ჟამს

ფანჯარიდან გადახტომით იმუქრებოდა

ვინც მენატრება მთელი ეს წლები

დაბადების დღეც რომ არ ვიცი

ისიც ერთი მათგანი იყო

მუცელში რომ მეზრდებოდა

ვინც ჭიპლარით გამომება და

ერთ დღესაც უცებ სადღაც გადაიკარგა

 

ხეტიალით გატაცება

როცა ჩემგან იბარგებოდი მიხსნიდი

რომ ხეტიალი მეწისქვილის გატაცებაა

მაგრამ მე სულაც არ მხიბლავდა

იმისი ცქერა

შენი მშვენიერი თვალებით

 

ოთახში რომ წინ და უკან იყურებოდი

თან ფეხსაცმლის თასმას იკრავდი

ამბობდი ახლა სამსახურში უნდა წავიდე

უფრო სწორად ვიდრე იტყოდი

უკვე გარბოდი

 

მერე შენგან ელექტრონული წერილი მოდის

მეწისქვილის ცოლს რომ ეძღვნება

მაინც ვერ ხვდები რა ამაყები არიან

ეს მეწისქვილის ქალები და

საკუთარი ფასიც იციან

 

რომ ისინი ჩამოფქვამდე იცდიან მხოლოდ

და არც ერთი წამით ხანგრძლივად

თუნდ ტელეფონი ჩართული იყოს

სამსახურთან და წერილებსაც

ცრემლი აწვიმდეს

 

მეც აქ რაღა გამაჩერებს მივდივარ

ან სხვანაირად როგორ იქნება

მეწისქვილის ცოლი ვარ და ხელშეკრულებაც

არსებობს რომ სიყვარულისთვის კი არა და

სახეტიალოდ შექმნა ის ღმერთმა

 

სოჭის ტყე     

სოჭის ტყეში არ ბუდობენ ავი სულები

ამბობს დედა

შეგიძლია მშვიდად იყო და ერთხელაც მარტო შეხვიდე

 

სიჩუმეა სამარისებური სიჩუმეა ტყეში რაც უფრო

ღრმად შევდივარ მით უფრო მეტად ვიწროვდება გზა

და ბნელდება აღარაფერი იზრდება აქ გარდა

სოჭების ფესვებისა მიწის გულისკენ

 

სოჭების ტყეში ამბობს დედა

აქ იყვნენ ჩვენ რომ ვთამაშობდით ისევ და ისევ

წითელქუდა და რუხი მგელი ვიდრე მე ძაღლმა არ მიკბინა

 

ჰა წადი წადი მაგზავნის იქით

მოიტანე კენკრა და სოკო მანამდე კი

თუგინდ სულაც ნუ დაბრუნდები

სოჭების ტყიდან რომელიც უკვე რა ხანია აღარ არსებობს

 

ფორთოხლის ჯემი

და მთელი ის სიგარეტები მწარე ფილტრამდე

რომ ვეწეოდით სუპერმარკეტში მოპარული

ოქროსფერი კარაქი დარბილებული იოლად რომ ესმებოდა

ფუმფულა თეთრ პურს მხატვარი ასე რომ გვიყვარდა

ხშირად გვსტუმრობდა მოჰქონდა ზეკტი და თავმომწონედ

ლაპარაკობდა ნაღების ტორტი ჩვენ თვითონ რომ ვრთავდით

თხილებით და მარციპანით და ბოლოს ყველა გემრიელად

შევექცეოდით ფეხებს გვატკიებს სიგარეტი ვასკვნიდით

დილით გაღვიძებულზე და ვითვლიდით ნამწვავების

რაოდენობას საფერფლეზე ვიტაცებდით დამქრალ ნარჩენებს საღამოს

მერე იქ რომ ეყარა და პაკეტების შავ ჩაის ვსვამდით

რძითა და შაქრით ვჭამდით ხმიადებს არაფერი რომ არ ღირდა

თითქმის ვატანდით კარაქს და ფორთოხლის ჯემსაც ზემოდან

გავყურებდით ფანჯრიდან კელნს ხანდახან კიდეც

შემთვრალები ხშირად მშივრებიც ასეთი იყო სტუდენტობის ლაღი

დღეები ვიცინოდით ხმამაღლა და გადარეულად და დავდიოდით

ქუჩაში კვამლით სავსე ფილტვებით კარაქწასმული ხმიადით კუჭში

და ზემოდან ფორთხოლის ჯემით

© არილი

Facebook Comments Box