პროზა

ნიკოლას მაჩაბელი – შემოდგომის არდადეგები

 

ეძღვნება პატრისიას,

სადაც არის და როგორც არის

რიკოთს იქით

ყველაფერი პირობითი და ინდივიდუალურია, ამიტომ ვერ გეტყვით, არის თუ არა კავშირი ისეთი სოციალური ქსელების ქონა, როგორიცაა tinder, couchsurfing, instagram ან ა.შ. შეყვარებულთან დაშორების უპირობო მიზეზი, მაგრამ მე ჩემსას გეტყვით, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. წინა ზაფხულს, როცა შეყვარებულმა ძალიან დამღალა, არანაირი სიახლე არ მოჰქონდა მასთან არც სექსს და არც მეგობრულ საუბარს, ჯერ იყო და tinder-ის ექაუნთი შევქმენი, მერე კი couchsurfing-საც შევუერთდი. ეს გაცნობის სოციალური ქსელები ძალიან მარტივია. ასე მაგალითად: tinder-ზე იყრება შენს მახლობლად მყოფი გოგონების სურათები, თითის მარჯვნივ გადაწევით აფიქსირებ სიმპათიას, მარცხნივ გადაწევის შემთხვევაში კი უარყოფას, იმ გოგოს სამუდამოდ ჯანდაბაში უშვებ, აი, მოწონებული გოგო კი შესაძლოა გამოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა, მასაც მოეწონე. Tinder უფრო გამძლე და მომთმენი ადამიანებისაა, მაგრამ მომზადებული და დაგეშილი მონადირე იღლება ამ გადაწევ-გადმოწევით. მას, ვისაც ურთიერთობები სპორტულ აზარტამდე დაჰყავს tinder-ის საშუალებით, თითქოს ნადირობის სეზონის მუღამს კლავს. აი, couchsufring კი უკეთესი საშუალებაა. საზრიანი მოთამაშე თუ ხარ, ადვილად აღმოაჩენ, რომ აქ ნადავლის შესწავლის საშუალება გაქვს. Couchsurfing-ზე შენს ქვეყანაში ჩამომსვლელები, უცნობი მოგზაურები იწერებიან, რომ ესა და ეს, რომ თქვენი ქვეყნის კულტურა და ტრალი ვალი, ხინკალი და ღვინო, მაგრამ ქვეცნობიერში ყველას მაინც ურთიერთბები და სექსუალური თავგადასავალი უტრიალებს, მით უმეტეს, რომ საქართველო ნელ-ნელა გადაიქცა ისეთ ტურისტულ პერიფერიად, რომელსაც სექსტურიზმის პროფილიც გაუჩნდა. საქართველოს სექსტურიზმით დაინტერესებული კატეგორიები შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: მაღალგანვითარებული ქვეყნის ტურისტები ერთგვარი კავკასიური ეგზოტიკისთვის ემზადებიან, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ისევ ქართული სუფრა და ძლიერი ქართველი მამაკაცია ინტერესის სფერო, ახლო აღმოსავლეთის და ნავთობის ქვეყნების დახამებულმა მამრებმა კი თავისუფლება კავკასიელი გოგოების ბოქვენზე შეიგრძნეს. Couchsurfing-ზე პირდაპირ არავინ დაწერს ფეხებს ავიშვერ ან ამაშვერინეთო, ამას კარგი მოთამაშე თავად უნდა მიხვდეს. ზოგიერთი წევრის პროფილი სრულ ინფორმაციას გაწვდით, უცნობი ტურისტი სად ყოფილა, რომელი მუსიკა მოსწონს, რომელ წიგნებს კითხულობს და ა.შ. აი, სწორედ ასეთ ორომტრიალში ჩავერთე მეც. დამღლელი და მობეზრებული შეყვარებულისგან თავდაღწეული შინ რომ მივიდოდი, სავარძელში მოვთავსდებოდი და ჩემს მობილურში უცხოელი გოგოების სურათები ერთმანეთს ენაცვლებოდა.

ერთ დღესაც, ივლისი იქნებოდა თუ აგვისტო, ზუსტად არ მახსოვს, მე ისევ შეყვარებულს ვპირდები თავგანწირვას, რომ couchsurfing-ზე ერთი პოლონელი გოგო გამოჩნდა, რომელიც საქართველოში ნოემბერში აპირებდა ჩამოსვლას. მის კედელს ავუარ-ჩავუარე. 33 წლის, დასაოჯახებელი, მუსიკალური გემოვნება როკ ‘ნ’ როლ, ცოტა კლასიკაც, სურათებში კი იცქირებოდა ცისფერთვალება, ყვითელთმიანი გოგონა. ის წამი იყო, ჩემს სოციალურ ქსელებში ნადირობას ხორცი უნდა შეესხა, მაგრამ, აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ ის ერთი მიწერა ასე გაგრძელდებოდა, ასე გაიზრდებოდა, ასეთ შემოდგომის ღამეებს გამატარებინებდა და ბოლოს ასეთ გაუგებარ, შეუცნობელ მდგომარეობაში ჩამაგდებდა. მე და პატრისიას შორის სასიამოვნო საუბარი წარიმართა. ცხოვრება იყო თუ წიგნი, ამას ვერ გავიგებთ, მაგრამ, ალბათ თქვენც არაერთხელ გაგიგიათ და თავადაც დარწმუნებულხართ იმაში, რომ ტყუილად არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში რაღაცეები. დიახ, შეიძლება თქვენ ერთს განიცდიდეთ, მაგრამ მეორე იქვე თავს ჰყოფდეს და მწიფდებოდეს. მუწუკებივითაა, ერთს რომ გამორწყავ, სისხლს დაიდენ და სიმწარეს იგემებ, ამ დროს მეორე სადღაც ნელ-ნელა იბურცება, შენს ტანს ეამბორხება (ამბორისა და ამბოხის სინთეზი – ახალი სიტყვა ქართულ ენაში). შენი შინაგანი სულის დაუმკვიდრებლობა და თავისუფლება გაიძულებს ისევე მოექცე ადამიანებს და ისევე მოიქცე ურთიერთობებში, როგორც შენს სხეულზე ვარსკვლავებად მოფენილ მუწუკებს ექცევი.

პატრისია ნოემბერში ჩამოვიდა. პირდაპირ ლონდონიდან  დაეშვა ქუთაისში wiz air -ის უახლესი ავიარეისით. საკმაოდ ვრცელი, ორკვირიანი ტური ჰქონდა დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მე კი, ნიკოლასი, მისი მეგობარი აგერ უკვე 3-4 თვის მანძილზე, მისი კომპანიონი და გიდი უნდა ვყოფილიყავი. მისი ჩამოსვლის გამო ორკვირიანი შვებულება ავიღე და ასე დაიწყო ჩემი შემოდგომის არდადეგებიც.

პატრისია დილის 3-4 საათზე ჩამოვიდოდა ქუთაისში, ამიტომ ჩემი ტოიოტა პრიუსით თბილისიდან ქუთაისისკენ ღამე დავიძარი. მარტო ვიჯექი ჩემს ავტომობილში და ვფიქრობდი ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა, ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო. თუმცა რაც მოხდა, იმას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, მომავლის ამოუცნობი ეშმა მხიბლავდა, ანათებდა ჩემს აწმყოს და წარსულის გამართლებასაც ადვილად ვპოულობდი. თბილისიდან ქუთაისისკენ გზა ფიქრებში, კინოკადრებივით, თანამედროვე ლიტერატურული პასაჟივით გაიპარა. მაგისტრალზე მიაჭერ გაზს ფეხს, შენი საყვარელი მუსიკა ბოლომდეა ჩართული, გზაზე შენ გარდა თითქმის არავინაა, მთავარია, პატრულის მანქანებს წყნარად ჩაუარო, დანარჩენი კი, მიდი ძმაო, დარსტ, მიდი ჩესტერ, შე ტრუპო, მიდი მერლინ, სიჩქარე 160-დან იწყება და ხანაც 180-220-ს ეთამაშება მაჩვენებლის ისარი.

ქუთაისამდე კუჭი ამიჭყრიალდა. ტრადიციულად, ზესტაფონში გავაჩერე, არადა ზუსტად ვიცოდი, რომ არ მშიოდა, კუჭი საშინლად გაღიზიანებული მქონდა, მაგრამ თანამედროვე ადამიანის კუჭს უჩვეულო ფსიქოგენური რამ შეეყარა – დაინახავს თუ არა შენი მუცელი, რომ ფულს რაღაც საკვებში იხდი, თითქოს წყნარდება. შეიძლება პირი არც დააკარო, მაგრამ მუცელი როგორც კი დაინახავს, რომ ხელიდან ფულის ჭუჭყი მოიშორე და რაღაც „პური ჩვენი არსობისა“ მოიპოვე, მშვიდდება. ასეთი მომენტი იყო ახლაც, კი არ მშიოდა, უბრალოდ კუჭის დამშვიდება მომიხდა.

ჩავაღწიე ქუთაისში. ვდგავარ აეროპორტში და ვუყურებ, ქუთაისელი ტაქსისტები როგორ სთავაზობენ ახალჩამოსულებს ქალაქამდე გაყვანას. ზოგს ტრაფარეტი უჭირავს ხელში, რომელზეც ლათინურად უწერიათ სახელები. ისეთი პატარაა ქუთაისის აეროპორტი, გეგონება ეზოში ჩახვედი პურის ამოსატანად, ეს კაცები კი ბირჟაზე ჩამომდგარან. ვიდექი და ველოდი ჩემს პატრისიას, და აი ისიც – ვიღაც თავდახრილი თითქოს იმალებაო, ისე მიიძურწება კედელ-კედელ. წინ გადავუდექი და ავეყუდე.

აქ ღიმილია საჭირო, მკითხველო, თქვენ მოგმართავთ, გაიღიმეთ, რადგან აქ, ამ ტაეპში, მე და პატრისია ერთმანეთს შევხვდით, შევხვდით ამდენი მიმოწერის შემდეგ, უცნობები, ერთმანეთს რომ ენდობიან და თან ბოლომდე არა. გაიგე აბა, ვინ ვინ არის, ან მე ვინ ვარ, ან იმას თუ ვხვდები, ის ვინ არის. ვირტუალურ სივრცეში მიწერებით განა შესაძლოა, ყველა შესაძლო რისკი გაითვალისწინოთ? პატრისიას ცისფერი წვრილი ღილები ჰქონდა, ტანით ჩემზე დაბალი იყო, პოლონური ქერა თმა ჩამოეყარა წინ, თითქოს მართლა ემალება ვინმესო. უფრო პახოდნიკ მოგზაურებს ჰგავდა. რომ გითხრათ, გადასარევი თვალისმომწყვეტი პოლონელი იყო-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მისი ეს ცისფერი თვალები და ქერა თმა თავისას შვრებოდა. პატარა სრული და კოხტა სხეული კი აუცილებლად მიგიზიდავდათ. საყვარელი ხმის ტემბრი ჰქონდა და რაც მთავარია, ძალიან მაგარი მოსაუბრე იყო, ძალიან განათლებული. მასთან საუბრებს რომ ვიხსენებდი ჩვენი არდადეგების შემდეგაც, სულ ის ფოტო-სკეჩი მახსენდებოდა, სოციალურ ქსელებში რომაა გავრცელებული – „ტვინი? ყველაზე სექსუალური რამ“.

პატრისიას ბარგის წაღებაში მივეხმარე. მაშინვე გამოავლინა ევროპელი, ძლიერი გოგოს თვისებები – მძიმეს თავად დასწვდა, გოგოშკობა სულაც არ უცდია. ის სუფთა ევროპულ ყაიდაზე „ერთ სულ ერთ ხორც“ გენდერ სტილზე აღზრდილი გოგონა იყო. მანქანაში რომ ჩავსხედით, ახმაურდა. არ ჩერდებოდა, ღამის 4-5 საათია, ეს ახლად ჩამოსული, ნამგზავრი პატრისია კი ენას არ აჩერებს, მიყვება, რა იცის საქართველოზე, რა სიტყვა როგორ გამოთქვას. ახალჩამოსულ უცხოელს რომ ვხვდებით, თავისთავად, ბუნებრივად ვამბობთ უამრავ ტყუილს, მაგრამ პატრისიასთან ეს უნდა დამევიწყებინა. მან კარგად იცოდა, როგორი ამინდი იქნებოდა ბათუმში და წარწერაც კი წაიკითხა, ლანჩხუთში სოფელ „ჯაპანას“ რომ ჩავუარეთ. ვხვდებოდი, ადვილი არ იქნებოდა ასეთ დაინტერესებულ და გამოცდილ მოგზაურთან ურთიერთობა, მე კი მთელი ინტრიგით და ინტერესით იმას ველოდი, რა მოხდებოდა ჩვენს შორის. პატრისია  ლაქლაქს განაგრძობდა. ბათუმისკენ გზა ცოტა დაზიანებული იყო და მანქანა რომ აჯანჯღარდა,  შავი ხუმრობაც გამოურია, ვოოუ, არ მინდა ბათუმისკენ მიმავალ გზაზე დავიღუპოო, მერე კი ხმას წაუწვრილა, და:

– ოო, ნიკოლას, იცი, როცა ვმგზავრობ, სულ ვფიქრობ, ვაითუ უცხო ქვეყანაში დავიღუპო-მეთქი, და  იმაზე კი არ ვდარდობ რომ მოვკვდები, არამედ  ჩემს საბრალო ოჯახზე, ჩემი ცხედარი რომ უნდა ჩაიტანონ შინ.

– რამხელა თანხა დაჯდება, წარმოგიდგენია? – სიცილით ავყევი, პატრისიამაც ღიმილით დაუმატა:

– ჰო, დიდი თანხები დაჯდება, ამიტომ არ მინდა მოგზაურობისას მოვკვდე.

დილის 6 საათი იქნებოდა ბათუმში რომ ჩავედით. ჭაობის დასახლებისკენ, ორბის შენობებთან ერთ-ერთ ახალ ცათამბჯენში იქირავა პატრისიამ ნომერი. ასეთი ცარიელი ბათუმი ცხოვრებაში არ მინახავს. გაასწორა ამ სიჩუმემ, თითქოს მთელი ქალაქი ჩვენი იყო. რომანტიკის ხასიათზე არ ვიყავი, სულ იმაზე მეფიქრებოდა, იქ, ზევით, საწოლში, როგორ დავწვებოდით. პატრისია მოიხიბლა ბათუმის უჩვეულო სიჩუმით. ყველა იმას გაიძახოდა, ეს ცხელი საქართველო, ეს ტემპერამენტიანი გრუზინებიო და, რაც ჩამოვედი, კაციშვილის ჭაჭანება არ ისმის, მხოლოდ ერთი მშვენიერი ყმაწვილი დამატარებს აქეთ-იქეთო. მისი კომპლიმენტებით ვხვდებოდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.

გამთენიისას ბინის პატრონი მოვიდა და გასაღები მოგვცა. მახსოვს სიჩუმე, რბილ იატაკზე წინდებიანი ფეხებით სიარული, ცხელი იატაკი, გათბობის გაყვანილობა იატაკში იყო მოთავსებული, მოგვეწონა… მერე კი ცივი, დიდი საწოლი. ჩვენი სახლიდან ზღვაც მოჩანდა და ცათამბჯენების ქალაქიც, ანუ აეროპორტის მხარეს ვიყურებოდით. ბოლო 22-ე სართულზე ორნი, სრულიად ახლად შეხვედრილნი ერთ საწოლში ჩავწექით…

 

* * *

პარასკევი და შაბათი დღეები ამინდი არ გამოვიდა, რუხი დღეები მოგვიწყო ზღვისპირეთმა, მაგრამ მე და პატრისიამ მაინც მოვახერხეთ და გავერთეთ. ჯერ იყო და, საბაგიროთი ვიმგზავრეთ, მერე ბაზრობაზე ვიბოდიალეთ, კათოლიკურ ეკლესიებსაც ვეწვიეთ. პატრისია კარგი კათოლიკე იყო, მოიხიბლა მართლმადიდებლური ეკლესიებით და რამდენგანაც შევიჭყიტეთ, სულ იმას ამბობდა, თუ ოდესმე ჩემს რელიგიას შევიცვლი, აუცილებლად მართლმადიდებლობაზე უნდა გადმოვიდეო. მე კიდევ მთელი ცხოვრება პირიქით ვფიქრობდი, ოდესმე თუ ჩემი მართლმადიდებლობა მივატოვე, აუცილებლად ბურჟუაზიულ კათოლიციზმს ავირჩევ-მეთქი, სიბერეში მაინც, როცა უკვე ფული მექნება დაგროვებული და ქრისტეს ქანდაკებასაც შევუკვეთავ ვინმე იტალიელ მოქანდაკეს.

პატრისია ბათუმის შემდეგ აფხაზეთში მიდიოდა. ეს ახირება კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა ამ გოგოს, 90-იანელი ბიჭის სისხლში გამჯდარი ჯაშუში ქალის ფენომენიც არაერთხელ ამომიტივტივდა, ნიკიტა გამახსენდა. ჩემთვის უცნობი იყო პატრისიას ცხოვრება, მისამართი, წარმომავლობა. ხან ჩეხი ვარო, ხან პოლონელი, ხანაც ინგლისში ვცხოვრობო და ხანაც ფრანგულად მესაუბრებოდა, სერბეთში დავმოგზაურობდი და ცოტა ბოსნიური ენაც ვიციო, რომ მითხრა, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეჭვები. აფხაზეთში მიდის-მეთქი და, ჩემმა მეგობრებმაც არ დაიჯერეს პატრისიას სერიოზულად დაინტერესება საქართველოთი, მით უმეტეს აფხაზეთით. ისინიც დარწმუნებული იყვნენ, რომ პატრისია რომელიმე მხარეს ეკუთვნოდა. მე კი ნელ-ნელა გავიცანი პატრისია და როცა უკვე კარგად ვიცნობდი, მეცინებოდა ამ პირველ წარმოდგენებზე, მით უმეტეს, მის ჯაშუშობაზე.

გონიოში რომ წავიყვანე, ძაღლი აგვეკიდა, ისე უხაროდა ჩემს პოლინკას, სულ თან დაჰყავდა. კარალიოკის ხეებთან ჩერდებოდა და სურათებს იღებდა, პოლონეთში ეს ხილი არ გვაქვს, ძალიან ძვირი ღირს და როცა ვყიდულობ, ის დღე დღესასწაულს ჰგავს, დელიკატესად მივირთმევთო. რას წარმოვიდგენდი, რომ ნოემბრის კარალიოკი სადღაც ოქროს ფასი ეღირებოდა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საინტერესო თამაშები წამოვიწყეთ. პატრისია ჟურნალისტ ქალს თამაშობდა, რომელიც საერთაშორისო მაშტაბით უვლიდა მსოფლიოს და ეცნობოდა მსოფლიოს წამყვან მწერლებს, ნობელიანტებს, ახლა კი აქ, საქართველოში, პირველ ქართველ ნობელიანტ მწერალთან, ნიკოლასთან იყო ჩამოსული და ვითომც, ეცნობოდა ჩემს ცხოვრებას და ჩემს ლიტერატურას. ინტერვიუები ფრანგულ ენაზე მიმდინარეობდა. მის გამოგონილ სცენარში ჩემი რომანი პოლონურად ახალი ნათარგმნი იყო და სწორედ ამის შესახებ მისვამდა კითხვებს, ჩავიდოდი თუ არა პოლონეთში წიგნის პრეზენტაციაზე, ან რას ვგრძნობდი სტოკჰოლმში, როცა ნობელის პრემია გადმომცეს, და თან ეს ხომ პირველი იყო საქართველოსთვის, პირველი ნობელი კავკასიისთვის. დავდიოდით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, დრო და დრო ვჩერდებოდით მომრგვალებულ თავშესაფრებში, ხან ამერიკის სექციაში, ხან მექსიკის განყოფილებაში, ხან იაპონურ ბაღში და ეს ინტერვიუ სულ ფრანგულ ენაზე მიმდინარეობდა. გადავყურებდი ზღვას და ამაყად ვპასუხოდბი პატრისიას კითხვებს. იმ დროს, იმ სეირნობისას, ის თამაში ისეთი სასიამოვნო იყო, თითქოს ანგელოზთაგან ერთ-ერთი ჩამოფრენილიყო და თავისი ჯადოსნური ჯოხით ჩემს ქვეცნობიერ ოცნებებს და სურვილებს რეალობად აქცევდა.

ბათუმში ყოფნის სამ დღეს ჩემსა და პატრისიას შორის არანაირი განხეთქილება არ მომხდარა, მხოლოდ ვგრძნობდი გადამეტებულ და გაზვიადებულ მოჯაჭვულობას, რაც მაღიზიანებდა. ამაზე რამდენჯერმე დავცინე კიდეც. ეწყინასავით, თან ჩემზე დიდი იყო. საშინლად უვლიდა თავს, ვგულისხმობ არა ჰიგიენას, არამედ იმას, რომ მალავდა თავის გოგოშკურობას, თავის სილამაზეს, ცდილობდა, თანამედროვე ევროპელი ძლიერი ქალი ეთამაშა. არადა, ძალიან სასაცილო იყო, მთლად გერმანელი რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა მიგენებებინა თავი, მაგრამ ეს პოლინკა იყო, მიცკევიჩის ლექსებს რომ მიკითხავდა ძილის წინ. მოკლედ, მის შუბლზე გადმოყრილ თმებს ვერ ვიტანდი, ჩოლკას უკან გადავუწევდი ხოლმე, სახეს გამოვუჩენდი. ამ დროს ცისფერ თვალებს ააპარპარებდა, თითქოს პროჟექტორები მიანათესო, იბნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცინიკური გათამაშებები აბრაზებდა, ვხედავდი, რომ რამდენიმე წამში იცვლებოდა. შადრევანთან იდგა და ახლა უკვე თავად იღებდა სელფებს, სანაპიროზე ფეხებზე გაიხადა და ბნელ ღამეში შავ ზღვაში შევიდა, თავისუფლდებოდა. შებოჭილი იყო ხალხში, ქალაქში, თორემ აბა, საწოლში შემოგეხედათ, იქ არ იყო საჭირო წახალისება. საწოლში პატრისია ნამდვილი ევროპელი იყო. იმ ღამეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორ განსხვავდებიან სექსში ქართველი და უცხოელი ქალები. მაინც რატომ არიან ქართველი ქალები ასეთი უმოქმედოები და უმოტივაციოები ლოგინში? სანამ ჭიდაობის ილეთებს არ გამოიყენებ, მანამდე ქართველი ქალი გაუგებრად იქნევს ხელ-ფეხს, ყბაშიც კი მოგდებს, და თან უცოდინრობით და გამოუცდელობით მოაქვს თავი. არადა, ასეთივე მდგომარეობაში უკვე მრავალჯერ ყოფილა, უბრალოდ, თამაშობს ამ მარადმწვანე პატიოსნებას. აი, ევროპელმა ქალმა კი კარგად იცის, რა უნდა და რის მიღებას აპირებს. ისეთი თამამია, თესლს მილშიც კი გაგიჩერებს, ხელს იქ დაგადებს, სადაც ჩაწყნარდები, მერე კი როცა დაკმაყოფილდება, შენც ისე გაგათავებინებს, სიკვდილს მოგანდომებს, რამდენჯერ მოგდომებიათ სექსის შემდეგ სიკვდილი?

ჩვენი ვოიაჟი აჭარაში სრულდებოდა, მაგრამ ბოლო ღამეს ისეთი უჩვეულო რამ მოხდა, რამაც შემდგომში კიდევ უფრო შეიძინა მნიშვნელობა  და დამარწმუნა, რომ პატრისია ჩემს ცხოვრებაში უბრალო ამბავი არ იყო და არც შემოდგომის არდადეგები დასრულდებოდა უბრალო გაგულ’იავებით. მე და პატრისია საწოლში ჩავწექით, ჯერ არ გვეძინებოდა და პოლინკა თავის პედში მაჩვენებდა სხვადასხვა ამბებს პოლონურ კულტურაზე. საუბარი რატომღაც პოლანსკიზე ჩამოვარდა. პოლანსკის მეუღლეზე, ემანუელ სენიეზე ვესაუბრებოდი, რომ მოულოდნელად პატრისია შეცბა და დიდი აღშფოთებით და ვაი-ვიშებით დაიწყო პოლანსკის ცხოვრებიდან იმ ამბების მოყოლა,  რომელიც მე ნამდვილად არ ვიცოდი. მომიყვა პოლანსკის ფილმის Rosemary’s baby -ს შესახებ, მომიყვა პოლანსკის მეორე ცოლის, შერონ ტეიტის საბედისწერო აღსასრულის შესახებ, როგორ აჩეხეს ის და რამდენიმე მისი მეგობარი პოლანსკის სახლში მკვლელებმა, ფეხმძიმე შერონ ტეიტს კი გამოუფატრეს მუცელი და ჩანასახი აუკუწეს. ამ მონათხრობმა ჩემზეც იმოქმედა. იმ ღამეს პატრისიას ცუდად ეძინა, მე კი ვფიქრობდი გამოფატრულ ქალზე და არდაბადებულ აჩეხილ ბავშვზე.

 

რიკოთს აქეთ

შემოდგომის არდადეგები იმით გაგრძელდა, რომ პატრისია აფხაზეთში წავიდა, მე კი მომავალ ვიკენდამდე შინ ვიყავი. წიგნს ვკითხულობდი, მუსიკას ვუსმენდი, ჩოგბურთის ჩემპიონატს ვეჯექი და ვუყურებდი, როგორ მიიწევდა წინ ინგლისელი ენდი მარი. პატრისია აფხაზეთიდან მემესიჯებოდა, გამომიგზავნა სურათები ახალი ათონიდან, მაიმუნების სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან, სოხუმიდან, სადაც ყველაფერი ქართული ჩურჩხელა თუ ხაჭაპური რუსული წარწერებით იყიდებოდა, ხალხი კი!.. პატრისია თურქულ ჰოსტელში რჩებოდა, ან ამ თურქებს რაღა უნდოდათ აფხაზეთში, „სუმა მოჟნა საიწი“.

პატრისია ერთ კვირაში თბილისში ჩამოვიდა, მეორე დღეს კი კახეთისკენ გავწიეთ. დასავლეთ საქართველოს შემდეგ ახლა აღმოსავლეთ საქართველოს ჯერი დადგა. თელავში ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში – გესტ ჰაუსში ავიღეთ ნომერი და მივაჭენებდით გომბორის უღელტეხილზე. ლამაზი ნოემბერი იდგა.

ხანდახან ვფიქრობ, რატომ არ შემიყვარდა პატრისია, მით უმეტეს, რომ გარემო და თავგადასავლები უამრავ რომანტიკულ წუთს გვთავაზობდა. ალბათ იმიტომ, რომ თავიდანვე შეყვარების მიზნით არ დავუახლოვდი მას, იმიტომ, რომ შეყვარებისთვის კი არ მომწონდა, არამედ ჩემი 2-კვირიანი არდადეგებისთვის იყო ზედგამოჭრილი, კიდევ იმიტომ, რომ ცოტა მაშინებდა მისი ასოციალური დამოკიდებულებები. ეს ფაქტორები განაპირობებდნენ უამრავ არას, რომ პატრისია რამენაირად შემყვარებოდა. მიყვარდა მხოლოდ მისი სურნელი და კისერთან დაყრილი ქერა თმები, მიყვარდა მისი საუბრები მუსიკაზე, ხელოვნებაზე, პოეზიაზე. უნდა გენახათ, თელავში ქართველი მწერლების წიგნი რომ წამოიღო პოლონური თარგმანით და  „მთაწმინდის მთვარეს“ რომ მიკითხავდა. გალაკტიონი მოეწონა. „მთაწმინდის მთვარის“ პოლონურ თარგმანში ის აღმოვაჩინეთ, რომ თუ გალაკტიონი ამბობს – „აქ ჩემს ახლოს აკაკის ლანდს, სძინავს მეფურ ძილით“, პოლონურ თარგმანში გარითმული იყო არა აკაკის, არამედ წერეთლის, რაზეც მე გამეცინა. ეტყობა პოლონური ენის ჭახაჭუხურმა თანხმოვნებმა განაპირობა ის, რომ წერეთელი ჩასვეს და არა – აკაკი.

კახეთში ყოფნის პირველ ღამეს პატრისიას ისევ გაახსენდა რომან პოლანსკი და მასთან დაკავშირებული ვიდეოები მაჩვენა იუტუბზე. FBI-ს თანამშრომლები იძლევიან ინტერვიუებს ლოს-ანჯელესში, პოლანსკის სახლში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ. არ მსიამოვნებდა ამ ვიდეოებს რომ ვუყურებდით, უფრო კი ის არ მსიამოვნებდა, პატრისია როგორ განიცდიდა ამას, ჩვილ ბავშვს, როზმარი ბეიბის ჩურჩულებდა. თან კახური წითელი მძიმე ღვინო გვქონდა დალეული და ძლივს გავითიშეთ. იმ ღამეს უცნაური რამ დამესიზმრა. ბნელ ქუჩაში ვიდექით მე და პატრისია. მას მომტირალი სახე ჰქონდა და მოულოდნელად ფეხებში ჩამივარდა, ხვეწნა-მუდარის მიმიკებით მანიშნებდა, გთხოვო, რას მთხოვდა ვერ გავიგე. თვალები გავახილე და პატრისიას ჩემს გვერდით ეძინა. მშვენიერი დილა გათენებულიყო. ვფიქრობდი სიზმარზე, ჩემს ქვეცნობიერს დავაბრალე, იმის ხომ არ მეშინოდა, ამ სენსიტიურ გოგოს რომ შევყვარებოდი, მერე როგორ უნდა დამეძვრინა თავი? არადა ეს არ ხდებოდა. ჟიმაობის დროსაც კი არაფერი შეიმჩნეოდა სახიფათო, რომ ვინმე სიყვარულს, გრძნობებსა და განცდებს ჩააკვეხებდა ამ ჩვენს შემოდგომის არდადეგებზე. ყველაფერი კარგად მიდიოდა. თანამედროვე სამყაროს მშვენიერებით მთვრალი ვიყავი. ყველაფერი სერიოზული მეზარებოდა და ეს მსუბუქი, ლაითი ურთიერთობა ისე მართობდა და ისე მახალისებდა, მადლიერიც კი გახლდით ღმერთის, რომ პატრისია გამომიგზავნა. იყო კი პატრისია ღმერთის გამოგზავნილი?

დილით კბილებს რომ იხეხავთ, ოდესმე გიფიქრიათ, რას გრძნობენ მკვდრები? აი, იმ წამს, შენ რომ პირში ქოლგეითს ახახუნებ, იმ წამს რას განიცდიან გარდაცვლილები? იქნებ ისინი აგრძელებენ ყოფას და ვიღაც ეუბნება იმ დაცოტავებულ ტვინში, რომ ამასაც გადაიტან, ისევე როგორც შენ გეუბნება ტვინი, ამასაც შეეგუები, ამასაც გადაიტანო? იქნებ მკვდრებიც იმავეს განიცდიან? ან გქონიათ ასეთი შეგრძნება, რომ საკუთარი ენა უარს ამბობს საუბარზე? აი, აბაზანაში ხარ, ბანაობ და გინდა დედას უთხრა რაღაც ახალი ამბავი, მაგრამ არა, ენას არ სურს საუბარი. სადღაც მუცლიდან მოქაჩულმა ენამ გადაწყვიტა, არაფერი აღარ თქვას და ცოტა ხანი გასტანს ეს ენის გაუგებარი ამბოხი – ენა არ გემორჩილება, არაფერს არ ჩალიჩობს, არც კანკალებს, არც მოძრაობს, უბრალოდ დადუმდა, უბრალოდ, არ სურს შენი ტვინის ბრძანებები შეასრულოს. აი, ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება სწორედ რომ მსუბუქი ურთიერთობაა და უსიყვარულო დაპირებების გარეშე მოცემული სილამაზეები, ნოემბრის ყვითელი და წითელი ფოთლები, როგორც პირდაპირ ობიექტი, კახური წითელი ღვინო, როგორც პირდაპირ გემო და ნეტარება, სილამაზე თავისთავადი, სიამოვნება თავისთავადი  – ზედმეტი ტვინის დაბოლებების გარეშე.

წინანდალში წასასვლელად ვემზადებით. პატრისია ისევ ბოტასებს და კაპიუშონს იცვამს, თითქოს მთაში მიდის სამოგზაუროდ. გავხადე, იცი, სად მივდივართ-მეთქი? აი, გუშინ რომ ვკითხულობდით ნიკოლოზ ბარათაშვილს, აი, იმ რომანტიკოს ახალგაზრდა მგოსანს უყვარდა ერთი ქალი, და იმ ქალის სახლში მივდივართ-მეთქი. ავუხსენი, რომ მაღალი წრის საზოგადოებაში უნდა გამერია. მოვუყევი ალექსანდრე ჭავჭავაძის, მისი ქალიშვილების, მისი სიძეების ამბები, დავუხატე მეცხრამეტე საუკუნის ის ეპოქა, როცა ბურჟუობა იწონებდა თავს. პატრისიას მოეწონა მონაყოლი, გადმოყარა ბარგი-ბარხანა და შავი ერთიანი კაბა ამოარჩია. შემდეგ ოქროს სამაჯურიც გაიკეთა ხელზე და, მპუა, ისეთ ფორმაში იყო. წინანდლისკენ გავწიეთ. მანქანა გავაჩერე, ბილეთები უნდა ვიყიდო და პატრისია გადმოხტა მანქანიდან. ცქმუტავს, დაცვამ უკან გამოაბრუნა, მაჩქარებს, რა უნდა, ვერ ვხვდები, იღიმის, ანათებს, სალაროსთან მოდის და:

– დროზე, დროზე შოპენის მუსიკა გესმიის? – მართლაც წინანდლის ბაღიდან მუსიკა იღვრება, ყურები დავძაბე და, ჰო, შოპენის ნოქტიურნი ვიცანი, პატრისია კი ისე ცქმუტავს, ისე უხარია. – რა იცოდნენ რომ მოვდიოდი? ო, ღმერთო ჩემო, შოპენი ხომ ყველა პოლონელისთვის ღმერთია, მე ისე მიყვარს შოპენი, და რა ლამაზია აქაურობა!. – პატრისია თავის მოხდენილ შავ კაბაში მშვენიერდება, ბაღში შევდივართ და, აი, იმ ქალს ემსგავსება, სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს რომ მოუცავს ერთდროულად. წინანდალში ბაღში სეირნობისას ყვითელ და ყავისფერ ფოთლებთან დაიჩოქა. შოპენი არ წყდება პატარა დინამიკებში და მთელ ბაღში პატარა პოლონეთი წარმომიდგა თვალწინ, აი, ის პოლონეთი, ლამაზი და სევდიანი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, შუაში მოყოლილი პატარა ბავშვივით.

  • წარმოიდგინე, აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი მოდის და ბარათს გადასცემს მოახლეს ეკატერინე ჭავჭავაძისთვის, მერე კი მამა ალექსანდრე შეეჩეხება კარში. ეს ახოვანი დიდებული მიიღებს ახალგაზრდა პოეტს და ისინი ბაღში სეირნობენ, თან საუბრობენ იმ ლამაზი ეპოქის ენით.
  • ჰო, ჰო, წარმოვიდგენ, და მერე ნახე ამ კაცის ჩავჩავაძი? იეს, ამ კაცის შვილი ექა გამოდის.
  • ჰო, და ახლა ეკატერინე და ნიკოლოზი საუბრობენ, ამ ბაღში ამ ხეებს შორის დასეირნობენ, ხელის შეხებაზეც კი აბოდებს ბარათაშვილს.

წინანდლიდან რომ მოვდიოდით, პატრისიამ ბარათაშვილის ცხოვრება გამომკითხა და დასევდიანდა, მართლა რომანტიკოსი ყოფილაო. შემდეგი გაჩერება გრემი იყო. აქ უკვე თავად პატრისიას ინიციატივით განვაგრძეთ დროში მოგზაურობა. ციხეზე ავედით, მიდამოს გადმოვხედეთ და არ დააყოვნა გამხიარულებულმა ყვითელთმიანმა:

  • მე თამარ მეფე ვარ, შენ კი ჩემი მხედარი ნიკოლას! მტერი შემოგვესია! შეხედე, იქიდან მოდიან მუსლიმები, კარი გადაკეტეთ და შეყარეთ ლაშქარი.
  • როგორც მიბრძანებთ, მეფეო! მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის სჯობს, თქვენ ამ გზით გაგაპაროთ, მეფეს რომ არაფერი შეემთხვას.

მივანიშნე ვიწრო სამალავზე, რომელიც მართლაც ჩადის გრემიდან მდინარემდე  და იქ ვდურთეთ თავი ასე სიცილ-კისკისით.

– ხომ არ მოგვდევენ, გაიხედე რაინდო?

– არა, დედოფალო! – ზასაობით და ტრაკზე ხელის მოჭერით (ნუ გგონიათ, რომ აუცილებლად გოგოს უჭერენ ტრაკზე ხელს) ჩავიარეთ გვირაბი და მდინარესთან სუფთა შემოდგომის ჰაერზე გავედით. სადღაციდან მწვადის სუნი მოდიოდა, დამწვარი შეშისა და თონის.

კახეთის ტურიდან რომ მოვდიოდით, თბილისში მოგვეჩქარებოდა. არ გვინდოდა, დაღამებულზე ჩამოვსულიყავით. ამიტომ გომბორის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ნამდვილი ავტომრბოლელივით დამყავდა მანქანა. პატრისიამ აირტონ სენას შემადარა და დაამატა, იმედია, მასავით არ აღესრულებიო. მომდევნო შავი იუმორი გამოურია და გამახსენა ნათქვამი, რომ სულაც არ უნდა უცხოეთში გარდაიცვალოს, არა იმიტომ რომ უბრალოდ სიკვდილი არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ მის მშობლებს და ოჯახს გვამს რომ ჩაუტანენ, ძვირი დაჯდება და ბევრს იწვალებენ. ახლა რომ მახსენდება ეს შავი იუმორი, თითქოს ახსნასაც ვპოულობ, რატომ ჰქონდა პატრისიას  აკვიატებული სიკვდილის თემა, რომან პოლანსკზე, მის ჩვილ ბავშვზე ლაპარაკი და ა.შ.. ჩვენ ხომ ჩვენი შიშები, მოლოდინები და ფიქრები გვმართავს, და ჩვენი პირიდანაც ის ამოდის, რაც გვინდა ან არ გვინდა.

პატრისიას მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. სულ ბოლო დღე იყო, გამთენიისას თბილისიდან მიდიოდა. კარგად მახსოვს ოთხშაბათი საღამო. მომწერა, მოდი, ამ ღამით ჩემთან დარჩი, თბილისში სპეციალურად ჩვენთვის ერთი სახლი ავიღე, მარტო ჩვენ ორნი, და ეს ბოლო ღამეც გემრიელად გავატაროთო. ამ საღამოსთვის საგანგებოდ მოვემზადე. სალონში ვიყავი, ნამდვილ კავალერს დაემსგავსა ავანწიურისტი ნიკოლასი, საჩუქარიც ვუყიდე პოლინკას და შეხვედრის ადგილას გავწიე. შეხვედრის ადგილიც პატრისიამ დათქვა, მოდი, რახან მე ასე მომწონს მართლმადიდებლური ტაძრები, სამებაში შევხვდეთ და მერე იქიდან ფეხით ჩავუყვეთ სოლოლაკშიო. 9 საათზე სამების აღმართს მივუყვები, რომ მირეკავს პატრისია და მიხსნის, რომელიღაც ბარშია და იქ მივიდე. კარგად ვერ მივხვდი, სად იყო და უცბად ტელეფონი სხვას გადააწოდა. ვიღაც ბიჭი ქართულად მეუბნება:

  • სალამი, მეგობარო, ბარს ჰქვია „საამო“ და სამების გვერდითა შესასვლელის აღმართთანაა, ეგრევე დაინახავ, ჰო, მოდი, გელოდებით.

ო, ლა, ლაა, ეს კი სრული მოულოდნელობა გახლდათ, ორი კვირის განმავლობაში პატრისია არ მომცილებია, და ეს ბიჭი ვინ იყო? საიდან გაიჩითა? მოკლედ, მოვემზადე, რომ კიდევ ვიღაც უნდა ყოფილიყო ამ ბარ „საამოში“. მართლაც ადვილად მივაგენი, თამამად შევაბიჯე ფოიეში და რას ვხედავ: ეს უდავოდ კინოკადრია და დაბეჯითებით გთხოვთ, განსაკუთრებული მონდომებით გადაიღეთ. სცენასთან მდგარ მრგვალ მაგიდებს შორის ერთ-ერთთან, სხედან პატრისია – გამოწყობილი ბოლო საღამოსთვის, და სათვალიანი, წვრილი, მაღალი ახალგაზრდა ბიჭი, მაგიდაზე კი დევს ვიოლინოს ჩანთა, რომელიც გადახსნილია და შიგ ვიოლინო ასვენია. დიახ, დიახ არც მეტი არც ნაკლები, აი, ეს სურათი იშლება ჩემს თვალწინ. ამ მომენტმა ჰერმანე ჰესეს „ტრამალის მგელი“ გამახსენა და ჰარი ჰალერის მევიოლინე. მივედი მათთან და პატრისიამ გამაცნო ახალგაზრდა ბიჭი, ბაქარი ერქვა, და ამ ბარ-რესტორან „საამოში“ მევიოლინედ მუშაობდა. პატრისიამ ამიხსნა, ვერ მივხვდი, როგორ მეთქვა შენთვის სად ვიყავი და ამიტომ  ვთხოვე მას დახმარებაო. ეს მითხრა, მაგრამ პატრისია პატრისიას არ ჰგავდა, თვალები ელულებოდა, ეპარებოდა, პირი უვარდებოდა, სხეული მომჩვარულივით უპონწიალებდა მაგიდასთან და სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. მევიოლინე ბაქარი კი ოდნავ შემცბარი სახით ჩაის მიირთმევდა. პატრისიამ  ჯერ მე გამიღიმა, მერე ბაქარს გახედა და დადებილებული თვალები შეანათა. ბაქარმა უხერხულობა იგრძნო და საუბარი გამიბა მუსიკაზე. ამასობაში პატრისია ადგა და ტუალეტში გავიდა. მოგვშორდა თუ არა, ბაქარს დავუძაბე:

  • რა ხდება? რამე ხო არ მოაწევინე? ასეთი არასდროს მინახავს.
  • არა, რა მოვაწევინე, გამომელაპარაკა და დავეხმარე.
  • სიმართლე მითხარი, რამე ხო არ დაალევინე, აბა, ასე არაადეკვატურად რატო იქცევა?
  • არ ვიცი, იცი, (შინაურულად მესაუბრება ეს ბაქარი) მე მეგონა, შენ მეტყოდი რა ჭირდა, ასეთი არაადეკვატურია ზოგადად თუ ახლა ჭირს რამე. მე მართლა არაფერი არ ვიცი, საერთოდ ეხლა ვნახე პირველად.

ამასობაში პატრისია გამოვიდა ტუალეტიდან და სკამზე დაეზღლართა. ფეხები წინ აქვს გაშლილი, თვალები ებნიდება. ბაქარმა ჩანთიდან ვიოლინო ამოასვენა და სცენაზე ავიდა. იწყებს დაკვრას, ძველი თბილისური ჰანგები აჟღერდა, მე კი პატრისიას ვუბღვერ:

  • რა გჭირს? რამე მოწიე? – პატრისია ყურადღებას არ მაქცევს, სცენაზე შეჰყურებს მევიოლინეს, მერე კი წამში ტირილს იწყებს:
  • იცი, ნიკოლას? ბაბუაჩემი მოკლეს, როცა ვიოლინოზე უკრავდა. იცი, რატომ მოკლეს ბაბუაჩემი ნიკოლას? ზუსტად ასე, სცენაზე იდგა და მოკლეს. მომიტრიალდა და ნამტირალევი ხმით განაგრძობს:
  • წავიდეთ რა, აქედან, ნიკოლას, გთხოვ არ დამტოვო, გთხოვ გადამარჩინე. სერიოზული გაბრაზება დამეტყო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. სხვა სტუმრებიც ჩვენ გვიყურებენ. პატრისია კი ლამისაა თავისი სკამიდან ჩემზე გადმობობღდეს. ხვეწნა-მუდარით მთხოვს პასუხს, რატომ მოკლეს ბაბუამისი, და რომ გადავარჩინო. წამოვდექი, ავიღე მისი ჩანთა და გარეთ გამოვიყვანე, კართან გავაჩერე და თვალებში ვუყურებ:
  • რა გააკეთე პატრისია? მოწიე რამე? – თავს აქნევს არაო. გაიკეთე რამე? – ისევ ისე – არაო, აბა, დალიე?
  • არა, ნიკოლას, არ დამილევია, არა, შენ არ გესმის, არაფერი არ გესმის, მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში არაფერი არ გესმოდა!
  • რა არ მესმის? რა გჭირს? რატომ გააკეთე ასე, რომ ბოლო დღეს ასეთი არაადეკვატური ხარ?
  • ნიკოლას, შენ ამას ვერ გაიგებ! მე მე მოვკვდები მალე! – მეუბნება, თავს დაადებს და ქვევით ეშვება. მიდის, მაგრამ ამას სიარულიც არ ჰქვია, ხან კედლებს ენარცხება, ხანაც ტროტუართან დაპარკინგებულ მანქანებს. უკან მივდევ და ვუყვირი:
  • რატომ? რა გჭირს პატრისია? რას ჰქვია, მოკვდები?
  • ჰო, აი, ასე, არ გეუბნებოდი, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე მოვკვდები და არ მინდა ეს, ნიკოლას!
  • რატომ მოკვდები კი მაგრამ? რატომ? რა გჭირს? ყველანი მოვკვდებით, პატრისია, შეიძლება ახლა მანქანა გამოვარდეს და მოგვკლას, ეგ არავინ არ იცის, ვინ როდის მოკვდება. – ვცდილობ დავამშვიდო და ავახსნევინო, რატომ ამბობს რომ მოკვდება. ამასობაში პირშიც ჩავსუნე და რაღაც წამლის სუნი ამოსდის, უფრო პიტნის კანფეტის. მაინც გაუგებარია რა დაემართა. ამასობაში შიშმა დამიარა, პატრისია ისეთი თავგანწირვით ამბობდა, რომ მოკვდებოდა, გავიფიქრე, ვაითუ ამას შიდსი სჭირს და ახლა მეც გადამედოს, ნუთუ ამის სათქმელად ამომიყვანა აქ, სამებაში, ღმერთთან-მეთქი. ვეღარ მოვითმინე და ამ არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფს ვუღრიალე. უკვე ავლაბრის მეტროს გამოვცდით და ღვინის დაღმართზე ჩავდივართ რიყისკენ.
  • შიდსი გაქვს? – ეს რომ გაიგო, გაჩერდა და მოტრიალდა, შეეცადა, მთელი ძალებით სერიოზულობა მოეკრიბა და გამოექანა ჩემკენ, ხელებს მიშენს სახეში, თან ყვირის:
  • რეებს მიბედავ! შენ კარგად ხარ? რახან შენთან ვიწექი, იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველასთან ვწვები, ფუ, ბინძურო, ფუ, გული მერევა შენზე, რა თქმა უნდა, არა, არა ნიკოლას, არ მაქვს შიდსი, დამშვიდდი, მაგრამ მაინც მოვკვდები და შენ ვერაფერი ვერ გაიგე, ვერაფერს ვერ მიხვდი. ვეხუტები, თავზე ვკოცნი და ბილიკის პირას ვსხდებით. ლუღლუღებს:
  • სიმსივნე მაქვს, ნიკოლას, მკერდში, ანალიზები გავიკეთე, საოპერაციო ვარ, და შეიძლება ვერ გადავრჩე. ამოვისუნთქე, რაღაც უფრო ხელჩასაჭიდი დავინახე. მთლად წასული არ ყოფილა ჩვენი საქმე-მეთქი, გავიფიქრე და დავიწყე ახალი ენერგიებით მისი დამშვიდება, რომ უკვე გამოიგონეს სიმსივნის წამალი, რომ აგერ დედაჩემის დაქალმა იმკურნალა, რომ ის, რომ ის და ა.შ.. ის კი არ წყნარდება, თითქოს იმ წამს წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მკერდის გარეშე. და იმ წამს მეც წარმოვიდგინე, როგორი რთულია და როგორი უბედურებაა ქალისთვის მკერდის მოჭრა, როცა სიმსივნე გებრძვის და მთელს შენს არსებობას ემუქრება, შენ კი სამსხვერპლოზე შენი ლამაზი და შემავსებელი ორგანო უნდა გაიტანო. ვერ დავამშვიდე, წამოხტა და ჩარბის, ძლივს დავეწიე, და ისევ ვეკითხები:
  • კარგი, გასაგებია, რომ სიმსივნე გჭირს, მაგრამ ასეთი არაადეკვატური რატომ ხარ, დალიე? – ისევ თავს აქნევს. – მოწიე? – ისევ თავს მიქნევს, არაო. აბა, რა გჭირს-მეთქი, ვეკითხები, მაგრამ არ მცემს პასუხს,ისევ არაადეკვატურია. იმ წამს ვიფიქრე, ეს სიკვდილის შიშის, განგაშის ზარის მაგვარი რამ ხომ არ არის, დეპრესიული ფონი, რომ წინ ოპერაცია ელოდება, რომლიდანაც არ იცის გამოძვრება თუ არა-მეთქი. და პატრისია ამ დროს ალუღლუღდა:
  • იცი, რა ცუდია, ნიკოლას, როცა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ?
  • რა? ახლა რაღას გულისხმობ?
  • ჰო, მე სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ, და დავიღალე მთელი ცხოვრება ამ ორმაგი ცხოვრებით, ძალიან დავიღალე.
  • რას ბოდავ, პატრისია, ახლა რაღა მოხდა გამაგებინე.
  • აი, შენ არაფერი არ გესმის და რას გაიგებ!
  • თუ არ მეტყვი, როგორ უნდა გავიგო, პატრისია, კარგი რა, როგორი მაგარი ორი კვირა გვქონდა, თამარ მეფე რომ იყავი გახსოვს? შოპენი რომ დაგახვედრეს? დიდი შავი ზღვა არ გახსოვს ფეხებს რომ ისველებდი? ჟურნალისტი რომ იყავი და ნობელიანტისგან იღებდი ინტერვიუს? – ვცდილობ გავახალისო, პოზიტიურ რამეებზე გადავატანინო ყურადღება. მაინც არ გამომდის, არ მისმენს, თავისას მიერეკება:
  • მე რომ გავჩნდი, ერთი არ გავჩნდი. ნელ-ნელა ხსნის თავს საიდუმლოს.- ტყუპები დავიბადეთ – მე და ჩემი და. ორნი გამოვდიოდით მუცლიდან, მაგრამ შეუძლებელი იყო ორივეს გადარჩენა, უნდა გადაწყვეტილიყო – ერთი მოკვდებოდა, მეორე კი იცოცხლებდა, და იცი? ეს მე ვარ, ის მეორე, რომელიც ცოცხლობს, მაგრამ ამას ცხოვრება არ ჰქვია, ნიკოლას, გესმის? სულ ვფიქრობ იმას, რომ ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებ, რასაც მე განვიცდი, იქნებ იმას უნდა განეცადა? ჩემს დას, ჩემს ტყუპისცალს, მე კი წავართვი არსებობის უფლება!!! გესმის ეს შენ? რა თქმა უნდა, არ გესმის! მე კი მთელი ცხოვრება ვცხოვრობ და ვხედავ ჩემს დას. იქ, ბათუმში რომ ვიყავით, იმ სახლში, ბოლო სართულზე, იქაც კი მომელანდა ჩემი და, იქაც კი ვფიქრობდი, რომ ის იქ იყო ჩემთან ერთად, იქნებ ის წოლილიყო შენთან, იქნებ ის უფრო ლამაზი ყოფილიყო? – და აი, ამ მონოლოგისას უკვე ფეხები მეკვეთებოდა.

ამასობაში, მშვიდობის ხიდი გადავლახეთ, ერეკლეს ქუჩას ავცდით და ბნელი ქუჩებით მივიწევთ კოტე აფხაზის ქუჩისკენ. რომ წარმოვიდგინე პატარა ბავშვის სული და მოლანდება, ისევ შევშინდი, ერთ საღამოს ამდენი შიში გამომეაროს, არ მახსოვს. პატრისია უკვე ძალიან მაშინებდა და განაგრძობდა თავის კონცერტებს.

  • კი, მაგრამ, პატრისია, 33 წლის ხარ, შენ კიდევ ტყუპისცალზე ლაპარაკობ, რომელიც არასდროს არ გინახავს, რომელსაც არც უცხოვრია, და ეს მარტივად უნდა მიიღო, ამაზე არ უნდა იფიქრო, რადგან ღმერთს ასე სურდა, ასე გადაწყდა, რომ შენ გეცხოვრა და იმ ჩანასახს – არა. – პატრისია კი თავისას აგრძელებს და თან უკანმოუხედავად მირბის. თავისუფლების მოედანზე გავედით და ლეონიძეს ავუყევით. იმ ღამეს ბნელი სოლოლაკის ქუჩები, შემოდგომის ფერებით შეფერადებული ჩიხები და მოსახვევები, პატრისიას მონოლოგი და შოპენის რაღაცნარი ჩუმი, სევდიანი მუსიკა ისეთ დაზაფრულ განწყობას ქმნიდა, რომ თავი პოლანსკის ფილმში მეგონა. მაინც ამოუხსნელი რჩებოდა, რამე მოწია, დალია თუ პანიკაში და შიშებში იყო ჩემი პოლინკა, ისიც გაურკვეველი იყო, ნამდვილად სიმსივნე ჰქონდა თუ დის მოჩვენებას გაურბოდა. ის კი განაგრძობდა:
  • იცი, რატომ დავმოგზაურობ ასე ნიკოლას? ქვეყნიდან ქვეყანაში? იმიტომ, რომ მას ვასიამოვნო, ჩემს დას, ჩემს ტყუპისცალს, მანაც მინდა ნახოს ეს სამყარო და გაიხაროს. მე ხომ ვიცი, მისი სული არ მშორდება. განა ბოროტია? – არა! უბრალოდ, დამყვება და ტკბება ყველაფერ იმით, რასაც ვნახულობ. შენ ეს არ გესმის და ამას ვერც გაიგებ. შოპენი მასაც უყვარს, განსაკუთრებით 72-ე ნოქტურნი, იცი შენ, ნიკოლას, 72-ე ნოქტურნი? – ჩერდება და მიყურებს. ალბათ შეამჩნია, როგორ შემაშინა, უკვე საცაა კანკალი ამიტანს, ყველაფერი ეს ერთად ბევრია, ვერ ვუმკლავდები. არადა, მე ხომ მწერალი ვარ და არანაკლები მგრძნობიარე, სუსტი ნერვების და ფაქიზი ფსიქიკის პატრონი. სახეზე დამეტყო ეს ყველაფერი და პატრისიამ თითქოს ფირფიტა შეცვალაო:
  • შენ ხომ ამბობ ღმერთის ნებააო, ანუ გინდა მითხრა, რომ ჩვენ რომ შევხვდით, ესეც ღმერთის ნება იყო?- ქიქოძის ქუჩის კუთხეში ვდგავართ, გამოვერკვიე, ის სიზმარი გამახსენდა, თელავში რომ ვნახე. მე კი უკვე წასვლას ვაპირებ, ვეუბნები რომ მასთან ვეღარ დავრჩები ამ ღამეს, რომ ძალიან შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ არ მოველოდი ასეთი არაადეკვატური თუ დამხვდებოდა და ამ დროს ფეხებში მივარდება, აი ისიც! სიზმარი vs რეალობა, ჯერ კიდევ 3-4 დღის წინ ნანახი სიზმარი აღესრულა წმინდა რუდუნებით, „სიკვდილის გზა არრა არის ვარსდიფერ გზის გარდა“.
  • გთხოვ, ნიკოლას, არ დამტოვო, ამ ღამეს, გთხოვ, მე ხომ ჩვენთვის ავიღე ეს სახლი, რომ ერთად გავატარებდით ბოლო ღამეს, გთხოვ, არ დამტოვო ჩემს დასთან მარტო, გთხოვ, არ წახვიდე, რატომ უნდა წახვიდე? – ფეხზე ვაყენებ და ირონიულად ვეკითხები:
  • ახლა არ მითხრა, რომ შეგიყვარდი და ეს ყველაფერი ამიტომ მოიფიქრე. – მადლობა ღმერთს, ისეთივე ირონიით მიპასუხა:
  • „რა თქმა უნდა, არა, ნიკოლას, ასე უცბად არ უყვარდებათ, და ნამდვილად არ შემყვარებიხარ, მოწონებით კი მომწონხარ, მაგრამ ძალიან სასტიკი ხარ და პრინციპული, უაზროდ პრინციპული ხანდახან. არ წახვიდე, გთხოვ, აღარ ვიტყვი არაფერს, ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ დარჩი ამ ღამეს…

უკვე ძალიან მეშინოდა. გინახავთ თქვენ მეტრი და 80 სმ სიმაღლის ყმაწვილი – ახოვანი, საკმაოდ ჯიგიტა, თან ავანწიურისტი? ალბათ ისედაც იცნობთ მწვანეთვალება და ბობოქარი სულის პატრონ ნიკოლასს, და აი, ეს ნიკოლასი იდგა ქიქოძეზე პატარა, ყვითელთმიანი, ცისფერღილა პოლონელის წინაშე და კანკალებდა. მოვტრიალდი და გავიქეცი. პატრისია არ გამომკიდებია, საპირისპირო მხარეს წავიდა, იმ სახლისკენ გასწია, რომელიც ჩვენთვის აიღო. მეტრომდე სანამ არ მივაღწიე, მანამ ვიხედებოდი უკან. მეტროში უკვე მშვიდად ჩავედი, ნელ-ნელა ვწყნარდებოდი, ნელ-ნელა შევძელი, ამ ყველაფერზე არ მეფიქრა, ამდენ ამბავზე არ გამემახვილებინა ყურადღება, არც პატრისიას სიკვდილზე, არც ტყუპისცალის მოჩვენებაზე და არც იმაზე, რომ შესაძლოა პატრისიას შევყვარებოდი…

გამთენიისას პატრისიამ ბოდიშები მიხადა, მწერდა, რომ ბევრი ჭაჭა ჰქონდა დალეული და ძალიან ნასვამი იყო. რომ ვკითხე, სუნი რატომ არ აგდიოდა-მეთქი, დამამშვიდებელი წამლებიც დავლიე და, შემდეგ კი, მენთოლის საღეჭ რეზინს ვღეჭავდი, სანამ შენ მოხვიდოდიო. მაშინ მივხვდი, თუ რატომ ასდიოდა ისეთი უცნაური წამლების გემო და რატომ არ ყარდა ალკოჰოლის სუნად. ბოდიშები მიხადა, რომ ასე გააფუჭა ბოლო ღამე და მითხრა, რომ უკვე მიფრინავდა პოლონეთში. ბოდიშები და მადლობა – ეს იყო მისი ბოლო მესიჯები საქართველოში ყოფნისას.

 

პატრისია მშვიდობით ჩავიდა, მეც გავაგრძელე ჩემი თბილისური ცხოვრება. ვაიბერში განვაგრძობდით საუბარს ზოგად თემებზე, თუმცა იმ ღამის არცერთ საკითხს შეგნებულად არ ვეხებოდი, არ ვიცოდი, რა იყო მართალი და რა ტყუილი. იქნებ ყველაფერი მართლა ჭაჭის ბრალი იყო? მაგრამ ერთ დღესაც პატრისიასგან შემაშფოთებელი წერილი მივიღე. აი ისიც:

„ნიკოლას, როგორც აღმოჩნდა, გადაუდებელი ოპერაცია უნდა გამიკეთონ. არ ვიცი როგორ დასრულდება, მაგრამ, იმედია, კიდევ შევხვდებით ოდესმე და ისევ ვესტუმრები შენს საქართველოს.

მინდა მადლობა გითხრა ჩვენი ერთად გატარებული წუთებისთვის და გისურვო ყველაფერი კარგი, შენი ოცნებების ასრულება.

მინდოდა შენთვის ეს მომეწერა, რადგან ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდი. როგორც წესი, მე ჩუმი, წყნარი და პასიური ადამიანი ვარ, შენ კი სიცოცხლის ისეთი დაუოკებელი წყურვილი გაქვს და ისეთი განსაკუთრებული იყავი ამ შემოდგომის არდადეგებზე ჩემთვის…

თავს მიხედე, იმედია მალე გავიმეორებთ ჩვენს თავგადასავლებს“.

 

ეს წერილი ცოტა გვიან ვნახე და რომ ვუპასუხე, უკვე აღარ იყო ონლაინ, მას მერე ორი კვირაა გასული და პატრისია აღარ გამოჩენილა არც ვაიბერში, არც სკაიპში, არც ქაუჩსერფინგზე. სპეციალურად ვამოწმებ, როდის იყო ბოლოს ამ ქსელებში, ან ხომ არ ნახა ჩემი მიწერილები, seen – მაინც რომ დაეწეროს, არა, არანაირი ხმა არ ისმის მისგან.

დეკემბრის ლურჯი საღამოები მალე დგება და ეს მწუხრი ყველაზე მეტად არის მწუხრი, რაც კი ოდესმე მინახავს თბილისში. სახლისკენ მივუყვები გზებს თუ ოფისისკენ, სულ იმაზე ვფიქრობ, პატრისიას მართლა ოპერაცია ესაჭიროებოდა და გარდაიცვალა? ამის დაჯერება არ მინდა. თქვენ ოდესმე მოგკვდომიათ ყოფილი საყვარელი? ადამიანი, ვისთან ერთადაც კარგ დროს ატარებდით? გასაგებია, რომ სიყვარულით არ ვიწვოდით, მაგრამ მეგობრობით და ინტიმებით ხომ გადავეხლართეთ ერთმანეთს? ნუთუ მართლა ოპერაცია გაიკეთა და სავალალოდ დასრულდა ეს ყველაფერი? თუ მატყუებს და გააუქმა ყველა სოციალური ქსელი? მისი სახელი და გვარი არაერთხელ დავძებნე ინტერნეტში. არაფერი არაა შექმნილი ახალი, დავიჯერო ეს ტყუილი მოიფიქრა, რომ მე მასზე მეფიქრა? რატომ? რაში სჭირდებოდა? შეიძლება მოვეწონე, მაგრამ დავიჯერო ისე შევუყვარდი, რომ ასეთი ტყუილებით მატკინოს გული?

და რა მოხდა, თუ მართალია და გარდაიცვალა? განა ყველა არ დავიხოცებით? შენ თვითონ არ ამბობდი ამას, ნიკოლას? მაგრამ არა ახლა, ამ ასაკში. 33 წლისა? ქრისტეს ასაკში? მას ხომ იმდენი რამ უნდოდა კიდევ ამ ცხოვრებაში? საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. ახლა უკვე მთებში წავალ, კავკასიონი უნდა დავლაშქროო, მას ხომ ასე ძალიან უყვარდა მთები… ან მისი ოცნება? GUESTHOUSE უნდოდა გაეხსნა მშობლიურ პოლონეთში, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, აზიიდან, ვეროპიდან, აფრიკიდან ესტუმრებოდნენ პატრისიას guesthouse-ს და იქნებოდა დიდი საერთაშორისო, ზოგადსაკაცობრიო ნადიმები. მას ხომ უნდოდა კიდევ სიცოცხლე, ასე არ შეიძლება, ასე არ უნდა ხდებოდეს! ღმერთო, ტეხავს რომ უშვებ და ახალგაზრდებს კლავ, თავადაც ხომ იცი? ტეხავს, რომ შესაძლოა 33 წლის პატრისია სიმსივნემ იმსხვერპლა. ისიც კი წარმოსადგენი ხდება, რომ შეიძლება თავად ნიკოლასიც კი 33 წლისას მოკვდეს, ან საერთოდ, 33 წლამდეც ვერ მიაღწიოს. და მკითხველი? მკითხველს როდემდე უწერია არსებობა? არა, ჩვენ, ყველანი ერთად, პერსონაჟები, მწერალნი, რედაქტორნი თუ მკითხველნი, ვწერთ პეტიციას – „არა უდროო სიკვდილს“,  მსხვერპლად კი ლიტერატურას გწირავთ, ღმერთო! მოკალი პერსონაჟები – პატრისია, ნიკოლასი, ბაქარი, მკითხველი, მწერალი, რედაქტორი, მაგრამ ცხოვრებაში არ შეგვეხო! არ გაბედო ჩვენთან მოახლოება, სანამ სიცოცხლე გვიყვარს, სანამ ოცნებები გვაქვს და სიცოცხლით ვტკბებით! ამ ნოველაში, ვხვდები, რომ ნელ-ნელა რეალური ადამიანები გაპერსონაჟდნენ და, თუ რეალური ადამიანები სხვადასხვა წვეულებებზე ვირგებთ პერსონაჟების – დონ კიხოტის, დორიან გრეის, ჰარი ჰალერის, გრაფ დრაკულას და კიდევ სხვაც ბევრი პერსონაჟის კოსტიუმებს, რატომ არ შეიძლება, პერსონაჟებმა რეალური ადამიანები მოირგონ საკუთარ თავზე? ახლა სწორედ ეს მოხდა.

და მაინც, პატრისია გარდაიცვალა? თუ ცოცხალია და მატყუებს?

 

ამ ბოლო სიტყვებს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვწერ. რეისზე თბილისი-ვარშავა ჩასხდომა მალე გამოცხადდება, მე მივდივარ სიმართლის დასადგენად, უნდა გავარკვიო, პატრისია მართლა გარდაიცვალა თუ არა. და თუ გარდაიცვალა, მაშინ რას ვიზამ, რას მოვიმოქმედებ? არ ვიცი, მივუსამძიმრებ ოჯახს, დედას, მამას, ძმებს, მის საფლავზეც წავალ, შოპენს ჩავურთავ მობილურში, შეიძლება საფლავის ქვაზე მისი საყვარელი „თამარ მეფეც“ წავაწერო და, ალბათ, ბევრს ვიტირებ. ცოცხალი რომ იყოს? გავუბრაზდები განა იმისათვის რომ არ მოკვდა? ეს ხომ სისასტიკეა? მაგრამ ისიც ხომ სისასტიკეა, ასეთი რამ მოგატყუონ? თუ აღმოვაჩენ რომ მომატყუა, გავიხარებ ამ ტყუილით, დავრწმუნდები, რომ ყველა ქალი მატყუარაა… არ ვიცი, მოკლედ, მკითხველო, ჩემთან ერთად იყავი, გთხოვ, ჩამკიდე ხელი და გადამატანინე ყოველივე…

2017 წლის 19 ნოემბერს კალიფორნიის შტატის ციხეში 83 წლის ასაკში ჩარლზ მენსონი გარდაიცვალა, ჩარლზ მენსონი, რომელმაც რომან პოლანსკის ცოლი შერონ ტეიტი და მუცლად მყოფი არშობილი ბავშვი მოკლა. 19 ნოემბერს მე და პატრისია სამებაში უნდა შევხვედროდით, მაგრამ რაც მაშინ მოხდა, კარგად იცით. ახლა მთავარია, რა მოხდება პოლონეთში…

აეროპორტში გაისმა:

„რეისი თბილისი – ვარშავა, პოლონეთის ავიახაზები LOT, ჩასხდომა დაიწყო…“

© არილი

Facebook Comments Box