თანამედროვე ქართული პოეზია გერმანულად
თითქმის საუკუნენახევრის წინ დაიწყო ქართული პოეზიის თარგმნა გერმანულ ენაზე. ორი ხალხის კულტურული ურთიერთობის ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესს ჰქონდა განსაკუთრებული აქტივობის პერიოდები. სამი ასეთი პერიოდის გამოყოფა შეიძლება: ამ საქმის პიონერის, თბილისში დამკვიდრებული გერმანელი მწერლის არტურ ლაისტის გარჯა მე-19 საუკუნის ბოლოს “ვეფხისტყაოსნისა” (1898) და ქართული პოეზიის ანთოლოგიის გამოცემით (1887, 1900) დაგვირგვინდა; მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით თბილისში მოწვეული რაინერ კირში და ადოლფ ენდლერი, პოეტები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ახალი ანთოლოგიის შედგენასა და თარგმნას შეუდგნენ, რასაც 1970 წელს ბერლინში გამოცემული “რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია” მოჰყვა.
მაგრამ ვერც საქართველოს გასაბჭოებამდელი და ვერც საბჭოური პერიოდის მთარგმნელობითი საქმიანობა ვერ შეედრება თავისი მასშტაბებით იმას, რაც ახლა ამ სფეროში ხდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადების ხანაში, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროსთან საგანგებოდ ამ მიზნით შექმნილმა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წლის განმავლობაში სასწაული მოახდინა: ქართული ლიტერატურის მძლავრი ნაკადი დაიძრა ევროპისკენ.
ამჟამად ორ პოეტურ ანთოლოგიაზე ვისაუბრებთ. ორივე ბატონ მათიას უნგერის ინიციატივით მომზადდა და გამოიცა.
ჯერ ორიოდე სიტყვა მათიასზე.
საქართველოზე შეყვარებულ გერმანელებს თუ გავიხსენებთ, არტურ ლაისტის, კარლ ფონ ჰანის, ჰაინც ფენრიხისა და სხვათა გვერდით უნდა დავასახელოთ მათიას უნგერიც, რომლის შესახებ გიორგი ჩადუნელისა და ნანა აკობიძის მიერ დაარსებულ ალმანახ “სახე(ლ)ების” იმ კრებულში, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს რომ მიეძღვნა (ეს ბრწყინვალე გამოცემა 2015 წელს განხორციელდა), ვკითხულობთ:
“ბერლინელი ექიმი, რომელიც ფიროსმანის სიყვარულმა ჩამოიყვანა საქართველოში, რამაც მისი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანად შეცვალა. არ მეგულება ადამიანი, არც ქართველი და, მითუმეტეს, არც უცხოელი, ვინც ისევე იქნებოდა “მოწამლული” საქართველოთი, როგორც – მათიას უნგერი. ეს დიდი და უცნაური კაცი ყოველთვის ყველაფრის საქმის ყურშია, ყოველთვის იცის, რა ხდება ქართულ კულტურაში, ქართულ პოლიტიკაში. კვირა არ გავა, რამდენჯერმე არ მოიწეროს და შეგვახსენოს, თუ თბილისის რომელ გალერეაში ვისი გამოფენა იმართება, სად ვისი ლიტერატურული საღამო ეწყობა…”, – ასე გვაცნობს პოეტი ზვიად რატიანი მათიასს.
მათიასის შედგენილი ეს კრებულები, პოლიგრაფიულად ერთობ მიმზიდველნი, 2015 და 2017 წლებში გამოიცა ბერლინური გამომცემლობის “კორვინუს პრესეს” მიერ. ორივეს სახელწოდებად ამ კრებულებში შესული ლექსების სათაურებია შერჩეული. პირველს ჰქვია “შორიდან” (“Aus der Ferne” – ეს ელა გოჩიაშვილის ვრცელი ლექსის სათაურია, მეორეს – “კარტოფილის ამოღება” (“Die Kartoffelernte”) – ბესიკ ხარანაულის უცნობილესი მოზრდილი ლექსის თუ მცირე პოემის სახელწოდება. და კიდევ ერთი თავისებურება ამ კრებულებისა: ყველა ავტორის თითო ლექსის ორიგინალური ტექსტი ქართული ანბანითაც არის წარმოდგენილი თარგმანის გვერდით, რაც სასიამოვნო ვიზუალურ ეფექტს უზრუნველყოფს გერმანულ გამოცემაში უნიკალური ქართული დამწერლობის ნიმუშთა დემონსტირებით.
“ახალი ქართული ლირიკა” უზის ქვესათაურად ამ კრებულებს. პირველში ხუთი ავტორია წარმოდგენილი ოთხ-ოთხი ლექსით: ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, შალვა ბაკურაძე, მაია სარიშვილი, ელა გოჩიაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი.
ახალი მართლაც რომ არის პოეტური ენა, რომელსაც ბიოგრაფიით, ტემპერამენტით, ცხოვრებისეული გამოცდილებით ერთმანეთისგან ერთობ განსხვავებული ეს ავტორები იყენებენ. ახლებური ლექსიკა, ახლებური სინტაქსი, ახლებური ხატოვანება, საზოგადოდ, პოეტურობის ახლებური გაგება… აი ამ ნიშნით არიან ამ გამოცემების ავტორები შერჩეულნი.
“წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს […], წერე, რასაც არავინ გაპატიებს […], წერე, რის გამოც დაგცინებენ” [“Schreib, was dir keiner glauben wird… / Schreib, was keiner dir verzeihen wird… / Schreib, wofür man dich auslachen wird”] (ზვიად რატიანი);
“ამას წიგნის კითხვა / ვერანაირად ვერ მიგახვედრებს, / ვერც პოლიტიკა, / ვერც სიარული ეკლესიაში, / ვერც ვერაფერი, / გარდა ერთისა – / როცა კარგ ძველ კინოს უყურებ / (სასურველია: დოკუმენტურს), / მხოლოდ მაშინ ხვდები ხოლმე, / რა შემზარავი სიტყვა არის სიტყვა “თაობა” [“Keine Lektüre, / Keine Politik, / Kein Kirchgang, noch so regelmäßig, / Nichts von alldem / Zeigt es dir so klar – / Es sei denn, du siehst dir / Einen alten Film an, einen guten, / (Vorzugsweise Dokumentar-), / Erst dann begreifst du, Wie schauerlich dieses Wort ist: / Generation“] (შოთა იათაშვილი);
“გამოვიგონოთ სიცრუის კუნძული / პორტის სამხრეთ-დასავლეთით / იქ / საითკენაც მზე იძინებს / შორეული / ჯერ აღმოუჩენელი კუნძული / გამოვიგონოთ” [“Eine Lügeninsel wollen wir erfinden / Südwestlich des Schiffshafens irgendwo / Dort / Wo die Sonne schlafen geht / Wollen wir uns eine Insel denken / die noch keiner je entdeckte”] (შალვა ბაკურაძე);
“აიღებ გრძელ მდინარეს, / თოკივით გამოკვანძავ, / შეყოფ წყლის ყულფში თავს / და დაქანდება უცებ ყველაფერი” [“Man nehme einen langen Fluss, / Binde daraus einen Knoten, / Ziehe den Kopf durch diese Wasserschlinge / und alles fließt sofort herab”] (მაია სარიშვილი);
“მესმოდა, როგორ გაჰკიოდა / ქალი, რომელიც ჩუმად იდგა” [“Ich hörte, wie sie kreischte, diese Frau, / Die wortlos dastand”] (ელა გოჩიაშვილი);
“დაცული ვარ, / როგორც სიკვდილმისჯილთა საკანი, გლეხის ბეღელი, / ქვრივის ხსოვნა, / საკრედიტო ბარათის კოდი” [“Ich bin geschützt wie eine Todeszelle, / eine Bauernscheune, das Gedächtnis / einer Witwe, eine Karte mit Geheimzahl”] (ბელა ჩეკურიშვილი).
“დღესდღეობით მთელ მსოფლიოში პოეზიას უფრო ნაკლები მკითხველი ჰყავს, ვიდრე პროზას. ქართველი პოეტებიც ებრძვიან ამ მოვლენას. დაე, გერმანიაში ეპოვოთ მათ გულიხმიერი მკითხველი”, – ამ სურვილით ამთავრებს პირველი კრებულისთვის წამძღვარებულ წინათქმას ზაალ ანდრონიკაშვილი.
მართლაც, ლირიკასთან შეუმზადებლად მისვლა უმეტესად წარუმატებლად მთავრდება. ლექსთან სათანადო განწყობით უნდა მიხვიდე – ყოფითობის მობეზრებას, ყოველდღიურობიდან გაღწევის მცდელობას, უჩვეულოს მონატრებას გულისხმობს ეს განწყობა. ამიტომ ერთობ საჭიროა ლირიკული ლექსების კრებული ვიზუალურადაც ახდენდეს ამგვარი განწყობილების პროვოცირებას. ამისთვის ზრუნავენ “კორვინუს პრესეს” ამ გამოცემათა მხატვრები ჰანს შაიბი (დ. 1949) და დიტერ გოლცშე (დ. 1934) ლირიზმით აღბეჭდილი თავიანთი გრაფიკული ნამუშევრებით; ასევე წინასიტყვაობის ავტორები – ლიტერატურისმცოდნენი: ზემოთ უკვე ციტირებული ზაალ ანდრონიკაშვილი (პირველი კრებულისა) და ჰილტრუდ გნიუგი (მეორისა). ზაალ ანდრონიკაშვილი მკითხველის ინტერესს იმითაც აღვივებს, რომ გურამ დოჩანაშვილის (პროზაიკოსის!) ნათქვამს იხსენებს – ეს პატარა საქართველო პოეზიის რუკაზე დიდი ქვეყანააო. მერე კი ამ პატარა-დიდი ქვეყნის ათასწლოვან პოეზიას მიმოიხილავს საშური ლაკონიურობთ. ქალბატონი ჰილტრუდ გნიუგი ასევე სხარტად ახასიათებს მეორე კრებულის ავტორთა შემოქმედებას. ვნახოთ, როგორ ახერხებს იგი ამას:
ბესიკ ხარანაულს ქართული ლირიკის ნესტორს უწოდებს. ნესტორი ბერძნული მითოლოგიის გმირია და გერმანულ ენაში, ვითარცა ფრთიანი გამონათქვამი, რამე მნიშვნელოვანი მიმართულების ან მიმდინარეობის საფუძველდამდებს ნიშნავს. წინათქმის ავტორი ბესიკ ხარანაულს წარმოგვიდგენს როგორც ყოფითი მოტივების დამამკვიდრებელს ქართულ პოეზიაში. მისი სიტყვით, “კარტოფილის ამოღება ცხოვრების ლაიტმოტივის სახეს ღებულობს, ცხოვრებისა, რომელიც პროზას მიახლოებულ ამ ლექსში თავისი მრავალი ასპექტით გვევლინება… სასაუბრო ენა განსაზღვრავს ლექსის ტონს, და ისეთი მეტაფორა, როგორიცაა კარტოფილზე ნათქვამი “ოქროები”, იშვიათად თუ ამობრწყინდება მეტყველების პროზაულ ნაკადში (იგულისხმება ლექსის ეს ადგილი: “…ამოვყაროთ ოქროები, / პირი ვუჩინოთ…”. გერმანულ თარგმანშია: “…und das Ackergold ausheben, / um ihm Tageslicht zu geben… “. – ლ. ბ.). და ეს სიმპტომატურია თანამედროვე ქართული ლექსისთვის”.
ბესიკ ხარანაულის მაგალითზე თანამედროვე ქართული პოეზიის სტილისტიკის ამგვარი განსაზღვრა სავსებით მართებულად მიგვაჩნია. “აგიტპროპი თანამედროვე ქართული პოეზიისთვის უცხოა”, ვკითხულობთ წინასიტყვაობაში, რომლის ავტორს შეუმჩნევლი არ დარჩენია მნიშვნელოვანი სიახლე, რამაც ჩვენს ლირიკაში გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში იჩინა თავი და უკვე მის მთავარ თავისებურებად იქცა. ჰილტრუდ გნიუგი ამის თაობაზე ძალიან საგულისხმო დაკვირვებას გვთავაზობს. იგი წერს:
“თანამედროვე ქართული ლირიკა… მიმართავს ყოველდღიურობას, აღსავსეს ხიფათებით, მოულოდნელობებით, სასიამოვნო წუთებით. ლირიკული “მე” უპირატესად ბიოგრაფიული “მე”-ს სახით წარმოდგება ჩვენ წინაშე, რაც ამცირებს განსხვავებას მასსა და არტისტულ ავტონომიურ სუბიექტს შორის, – იგი (ლირიკული “მე”) თავისი სინამდვილისეული გამოცდილებიდან ამოდის. თუ პოლიტიკური ასპექტების თემატიზება ხდება, ეს ასპექტები სუბიექტური სინამდვილის გამოცდილებისმიერი მომენტებია”.
მართლაც, დოკუმენტურობა დღევანდელი ქართული ლირიკის დამახასიათებელ შტრიხად მოჩანს. პოეტური ფრაზა შეცვალა საგნობრივი სამყაროს ვიზუალურმა კონკრეტულობამ, მედიტაცია – სურათმა… ასეთია ბესიკ ხარანაულის ლექსი “ყარყატი” (რითაც იხსნება მეორე კრებული) – ვიზუალური პოეტური ხატოვანების შედევრი, ახალი ესთეტიკით შესრულებული ლექსის შთამბეჭდავი ნიმუში.
ეს თავისებურებანი მეტ-ნაკლებად ამ ანთოლოგიებში შეტანილი ავტორების თითქმის ყველა ლექსს ახასიათებს.
მაგალითად, თემურ ჩხეტიანისადმი მიძღვნილ პასაჟში ვკითხულობთ: “ლექსში იჭრება ქართული სინამდვილე, თვით სინათლის გათიშვის შემთხვევებიც კი, როცა ტელევიზორის ყურების დრო დგება და ქუჩები ცარიელდება… თემურ ჩხეტიანიც ხელს იღებს მყარ ლირიკულ სტრუქტურებზე, როგორიცაა სტროფებად დაყოფა, რითმა, მეტრი, რიტმულობა, ის ირჩევს პროზაულ მინიატურასთან მიახლოებულ ლექსს, რათა მიუახლოვდეს არტისტული ფორმით გაუფილტრავ სინამდვილეს” (ხაზგასმა ჩემია. – ლ. ბ.).
მაგრამ საგანთა სამყაროზე ყურადღების გადატანა პოეტური იდუმალების გაქრობის ხარჯზე როდი ხდება. “სიურრეალისტურ ხატოვანებასა და თამამ მეტაფორისტიკაზე” უარის თქმის მიუხედავად, “კარადა, კაბა, ტყე, მინდორი, სუნი, ბილიკი ქსოვენ ურთიერთობის იდუმალ ბადეს, რაც ჰერმეტულობის ახლებურ ფორმას ქმნის”, ვკითხულობთ წინათქმაში, როდესაც ლელა ცუცქირიძის ლექსზეა საუბარი, სათაურად “აგარაკი” რომ უზის და მართლაც რომ იდუმალების დიდი დოზის შემცველი ფრაზით იწყება: “არაფერს ვიტყოდი სიყვარულზე, / მაგრამ აგარაკის კარადა არ მასვენებს” (“Ich wollte mich über die Liebe nicht äußern, / aber der Schrank im Ferienhaus macht mir Angst”).
რუსუდან კაიშაურის ლექსებს, წინათქმის ავტორის სიტყვით, “შეიძლება გრძნობადი აღქმის პოეზია ეწოდოს, თუმცა განცდების გამომხატველი კლასიკური ლირიკისაგან ისინი მკვეთრად განსხვავდებიან, ვინაიდან ავტორის განცდები არავითარ შემთხვევაში ლირიკულ განწყობილებად, “მე”-სა და სამყაროს ჰარმონიულ ურთიერთობად არ გარდაისახება”, – და, მართლაც, სამყაროზე “გაბრაზების” დასტურია რუსუდან კაიშაურის აქ დაბეჭდილი ლექსები: “ქალი-მურაბა”, “ზამთრის შიში მაქვს”, “ბებიის გახსენება” და “შეჯიბრი”.
საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს კრიტიკოსი ნიკა ჯორჯანელის ფენტეზის ელემენტების შემცველ ლექსზე საუბრისას (ლექსის სათაურია “მექსიკური ჩიხი”), რომელიც ისევე მთავრდება, როგორც იწყება:
“რვა ერთმანეთისთვის იარაღმიშვერილი ახალგაზრდა მამაკაცი / გაშეშებული იდგა იმ ღამით გზაჯვარედინის კუთხეში” [“Acht junge Männer, die Waffen aufeinander gerichtet, / standen wie erstarrt an einer Kreuzung bei Nacht”].
ლექსში მოთხრობილი კრიმინალური შემთხვევის მიღმა კრიტიკოსს შეუმჩნეველი არ რჩება პოლიტიკური მოტივი, რომელიც ამ უცნაური ამბის შემცველ მოზრდილ ტექსტში “ბუდობს”:
“იგმობა არა რვა კაცის მკვლელობა, რაც იდუმალებით მოცული რჩება, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებრიობის მიმართ”. ეტყობა, კრიტიკოსს მხედველობაში აქვს პროკურორის დაპირება: რომ “რადაც არ უნდა დაუჯდეს, გახსნის ამ ბნელით მოცულ საქმეს, რომ სასწორზე მთელი მისი უწყების ღირსებაა”, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ახერხებს და, ეტყობა, ღირსებაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.
წინათქმის ავტორის სიტყვით, თანამედროვე ქართულ ლირიკაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის თემას, მაგრამ, მისი დაკვირვებით, გერმანულენოვანი ლირიკის მსგავსად, “რომელიც მდიდარია ლექსებით, სიყვარულის კრახს, წარმავლობას თუ სიყვარულის სიძნელეს რომ გამოხატავენ”, ქართულ პოეზიაშიც “სიყვარული აღარ არის გაგებული როგორც ორი ადამიანის სულიერი ჰარმონია, არამედ [იგი არის] ძნელი აქტი, რომელიც რისკს შეიცავს”.
კერძოდ, ნატო ინგოროყვას ლექსების წინათქმაში ასეა დახასიათებული: “…სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ბედნიერ მომენტებს კი არ აფიქსირებს, არამედ ეროტიკული ურთიერთობების რისკის თემატიზებას ახდენს”, და ეს მოსაზრება ამ ციტატებითაა დასაბუთებული:
“დაგღლიან პასუხები / და დაგაჯერებენ, / რომ / არც ისე ადვილია, გიყვარდეს ის, / ვისაც უყვარხარ”(“Die Antworten, sie werden dich erschöpfen, / und dir dämmert, / dass /, es nicht so leicht ist, den zu lieben, / der sich einst in dich verliebt hat”);
“გწერ, / თანაც გიმხელ, რომ მეშინია, / ისე არ მომკლა, / სიყვარული ვერ დამაჯერო” (“Ich schrebe dir / und gebe preis, wie ich mich fürchte, / dass ich sterben könnte, / bevor du mir beweist, dass es die Liebe gibt”).
გიორგი ლობჟანიძის რთული პოეტური სახეობრიობით შესრულებული ლექსის – “ლოგოსის” – მართებული ინტერპრეტაციის შედეგია კრიტიკოსის დასკვნა, რომ აქ ავტორი პოეზიას ერთსა და იმავე დროს მეტაფიზიკურ წარმომავლობასაც მიაწერს, როდესაც, იოანეს სახარებაზე დაყრდნობით, მას ხორცშესხმულ ლოგოსად წარმოადგენს, და ექსისტენციალურ მგრძნობელობასაც, რაკიღა იგი პოეზიას ამავდროულად სოფლელ გოგოს ადარებს, რომელსაც შიშით აღავსებს თავისი სექსუალობის შეგრძნება, – ანუ აქ პოეტი პოეზიის შინაგან წინააღმდეგობრიობაზე მიგვანიშნებს მეტად საინტერესო მხატვრული ხერხით.
მაგრამ გაოცებას იწვევს ამავე ავტორის სხვა ლექსის (“ძველმოდური ლექსი”) კომენტირებისას სიტყვა “მიზოგინიის” (“ქალთმოძულეობის”) გამოყენება (კიდევ კარგი, არა ავტორის, არამედ მისგან გამიჯნული “ლირიკული გმირის” მიმართ!), რაც დედნისეული სიტყვების “წიაღისა” და “აკუმის” არასწორი თარგმანით უნდა აიხსნას (“საით გავექცე ამ ფორიაქს, სიცრუის წიაღს, / ამ გაურკვეველ ხალხს – სულით და ხორცით აკუმებს“). “წიაღი” ამ შემთხვევაში არ არის der Schoß (ქალის სასქესო ორგანო) და არც “აკუმები” ნიშნავს “ქალურ ხალხს”, როგორც თარგმანშია.
ამგვარი კაზუსი სხვა არ შემიმჩნევია. პწკარედის ავტორებს (თენგიზ ხაჭაპურიძე, ნანა ჭიღლაძე) და მთარგმნელებს – ცნობილ გერმანელ პოეტებს ნორბერტ ჰუმელტსა და ზაბინე შიფნერს (მას მხოლოდ ნიკა ჯორჯანელის ლექსთა თარგმანები ეკუთვნის) – გულმოდგინედ უმუშავიათ და ქართული ლექსების ჩინებული გერმანული ადეკვატები შეუქმნიათ, რაშიც ორივე ამ ენის მცოდნე მკითხველი ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტების გაცნობითაც დარწმუნდებოდა.
ორიოდე სიტყვა მთარგმნელების შესახებ:
ნორბერტ ჰუმელტი (დ. 1962 წელს), პოეტი და ესეისტი, მთარგმნელი (ინგლისურიდან, დანიურიდან). კიოლნის უნივერსიტეტში სწავლობდა გერმანისტიკასა და ანგლისტიკას. თავიდან ექსპერიმენტულ ლექსებს წერდა. მოგვიანებით ტრადიციულ ფორმებს მიმართა. 1988-1992 წლებში “კიოლნის ავტორთა სახელოსნოს” ხელმძღვანელობდა, ასწავლიდა ლაიფციგის გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტში, რედაქტორობს ჟურნალს “ტექსტი+კრიტიკა”. ცხოვრობდა კიოლნში, 2006 წლიდან – ბერლინში.
ზაბინე შიფნერი (დ. 1965 წელს), პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი (ესპანურიდან, პოლონურიდან). კიოლნში სწავლობდა თეატრმცოდნეობას, გერმანისტიკას და პედაგოგიურ ფსიქოლოგიას.
“თუმცა დღევანდელი [ქართული] ლექსი თავისუფალი, პროზას მიმსგავსებული ფორმებისკენ იხრება, არც კონვენციურ ფორმებზე ამბობს უარს და, ამრიგად, მოქნილ მრავალგანზომილებიან ჟანრად წარმოგვიდგება”, – წერს ჰილტრუდ გნიუგი მეორე კრებულის წინათქმაში. ასეთი შთაბეჭდილება მართლაც დარჩება ამ კრებულების უცხოელ მკითხველს, რაც სათარგმნი ტექსტების წარმატებით შერჩევის შედეგია.
© არილი