Uncategorized

ანდრო ბუაჩიძე – ტრადიცია და ინოვაცია

„ინტელექტის“ გამოცემულ ვახტანგ კოტეტიშვილის წერილებში აღბეჭდილი ნააზრევის ერთი უმთავრესი მსოფლმხედველობრივი ხაზი ქართულ კულტურაში ახალი აზროვნების წარმოჩენის მცდელობაა. ვახტანგ კოტეტიშვილის თანახმად, ერის სახე კულტურაში ირეკლება. მკვლევარი წერს: „ჩვენ მემკვიდრენი ვართ საკმაოდ დიდი კულტურის, და დღეს კვლავ შემოქმედების ასპარეზზე ხელ-გაშლით გამოსულებს ერთბაშად გვინდა ჩამორჩენილობის გადალახვაც“.
ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, ეროვნული ფსიქიკის ზრდის უკანასკნელი საფეხურია ეროვნული თვითგამორკვევიდან თვითაღზრდისაკენ გადასვლა. ამ უკანასკნელ საფეხურზე ერთმანეთს ეროვნული და უნივერსალური მიზნები ხვდება. ვახტანგ კოტეტიშვილი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს არ კვეთენ. უნივერსალურის მიღების თუ მიღწევის წინაპირობა ეროვნული ფსიქიკის განვითარებაა. საბოლოოდ კი ყოველივე ეს შემოქმედებითი ძალების აქტივობას ემსახურება. „ერის შინაგანი ბუნება შემოქმედებაში ცხადდება, შემოქმედება კი ამოძრავებს მთელ კაცობრიობას“.
მოკლედ რომ ვთქვათ, „წერილების“ ავტორის თანახმად, ქართველი ერის სახე, მისი შესაძლებლობები აწმყოში უნდა გამოჩნდეს და ეს უნდა მოხდეს შემოქმედებით საქმიანობაში. ამ ახალ გზაზე დამდგარ შემოქმედს მრავალი საცდური ელის, ყოველივე ეს მან უნდა შენიშნოს და აირიდოს.
პირველი საცდური ისაა, რომ მავანნი უკან, ძველი კულტურის ათვისებისკენ „არ იყურებიან და მოკლე ნაბიჯებით გარბიან წინ“. დიდი კულტურა კი უკან არის დარჩენილი და მხოლოდ მისი ათვისებაა წინსვლის უეჭველი პირობა; მეორე საცდური ისაა, რომ „იზმებს“ კი არ ითვისებენ ორგანულად, არამედ იმეორებენ „ლოზუნგურად“.
რას ნიშნავს ეს?
ყოველი ახალი „მემარცხენე“ კულტურის თუ მიმართულების ათვისება არ უნდა იყოს ზერელე და ფუნდამენტურ საფუძველს მოკლებული. აი, რას ამბობს ვახტანგ კოტეტიშვილი: „სტილიზაცია ხელოვნებაში მხოლოდ შემდგომი საფეხურია, რომელსაც უნდა უსწრებდეს გრძელი და სერიოზული აკადემიური მუშაობა“ და ცოტა ქვემოთ დასძენს: „სამწუხაროდ, სწორედ ეს არ არის ჩვენში“.
ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ წერილს „სიახლის ეპიდემია“ ჰქვია. მაგრამ წერილების ავტორი აქ არ გაჩერებულა. მას კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ძველების მიმართაც, ამიტომაც დაიწერა მომდევნო წერილი – „სიძველის ბალასტი“. ახალგაზრდების სახეები უჩვეულოა, აზრი სნეული და უცნაური, განცდები – გამრუდებული. კრიტიკოსს ისღა დარჩენია, იკვლიოს, რამდენადაა აქ წრფელი შინაგანი სტიმული რეალიზებული, უნდა გაირკვეს მათ თხზულებებში სიმართლისა და სიყალბის დოზა.
ვახტანგ კოტეტიშვილის კრიტიკის საგანი ახლა უკვე ძველი თაობაა. რა ირკვევა, რა ნიშნით არიან ნაკლოვანები ე.წ. „ძველები“? როგორც „წერილების“ ავტორი ამბობს, მათ დაკარგეს ის ნიადაგი, რომელზეც დიდი ქართველი მწერლები იდგნენ. ეს დიდი მწერლები არიან: ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა და სხვ.
მწერლობაში გაბატონდა ტრივიალობა, „პრიმიტიული ფორმა და თითქმის არავითარი ერუდიცია“. ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „ამ მწერალთა განვითარების დონე, შეიძლება ითქვას, უფრო დაბალია, ვიდრე არამწერალ ინტელიგენციის, და, რასაკვირველია, ასეთი ხალხის შემოქმედება ვერ იქცევა უფრო მეტის მცოდნეთა საგნად“. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ მწერალი, ყველაფერთან ერთად, თავისი წიგნიერებითაც უნდა აღემატებოდეს მკითხველს. ერთი სიტყვით, საქართველოში ახალი ხელოვნებისა და მწერლობის დამკვიდრების გზაზე ვახტანგ კოტეტიშვილმა ჯერ უმცროსი თაობა გაატარა კრიტიკის ქარცეცხლში, მერე – უფროსი. ორივეს ნაკლი უმწიფარობაა, თეორიულ-აკადემიური, ინტელექტუალური მოუმზადებლობაა. უფროსებმა ორგანული მემკვიდრეობითი კავშირი დაკარგეს საუკუნის სიტყვის ოსტატებთან, უმცროსებმა კი ინტუიციით დაიჭირეს ევროპული სიახლენი, თუმცა ასევე ორგანულად ვერ აითვისეს ყოველივე ეს, თავიანთი შინაგანი სამყაროს განუყოფელ ნაწილად ვერ აქციეს.
ვახტანგ კოტეტიშვილს აქვს ერთი უაღრესად საინტერესო წერილი „სიტყვის დაპყრობა“. აქ ნათქვამია, რომ „ყოველ სტილს აქვს თავისი ეპოქა და დღეს ეს სტილი ძიების პროცესშია. ე. ი. არც უფროს და არც უმცროს თაობას არ მიუგნია იმ სტილისთვის, რომელიც მათ ეპოქას გადმოსცემს. რა არის სტილი ვახტანგ კოტეტიშვილის მიხედვით? „წერილების“ ავტორი წერს: „ სტილი მეტია, ვიდრე სიტყვა. სტილი – სიტყვის სისტემაა“, ცოტა ქვემოთ კი დასძენს: „სიტყვა არის პატრიცი. იგი გოროზი თვალებით გადასცქერის გარემოს და უფრთხილდება საკუთარ ამპარტავნობასა“. ე.ი. საჭიროა სიტყვის დაპყრობა და ამ დაპყრობილი სიტყვების სისტემა შექმნის სტილს. ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, სიტყვა არც ისე ადვილად დასამორჩილებელია, როგორც ეს ჩვეულებრივ შეიძლება ეგონოს ვინმეს. ყოველ მწერალს თავისი ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს სიტყვასთან, ის გრძნობს მის სიმძიმეს, მოცულობას და ხმიერებას.
ვის გამოარჩევს ვახტანგ კოტეტიშვილი? „ცისფერყანწელებს“ და მათ შორის გრიგოლ რობაქიძეს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებს კიდეც მას, აკრიტიკებს ნაძალადევი ორიგინალობისა და ზერელეობის გამო. ზედაპირულობა გამოსჭვივის „ცისფერყანწელებზე“ მსჯელობაში, სადაც რობაქიძე ამბობს, რომ მასთან ერთად ამ ჯგუფში გაერთიანებულები არიან პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მერე კი დასძენს, ქართული პოეზიის გამოცხადება ჩვენით იწყება, რუსთაველი უკვე დავამარცხეთო. ეს ბოლო განაცხადი საბოლოოდ უარყო გრიგოლმა, მაგრამ ვახტანგ კოტეტიშვილმა მოწმეების მოხმობა შესთავაზა, რაც არცთუ ხელსაყრელი გამოდგა მისთვის. ვახტანგი წერს: „ ჩემს წერილს სულაც არ ვწერდი მტრული განზრახვით, პირიქით, რობაქიძეს პატივსა ვცემდი. დღესაც მსურს გულწრფელად მისი სიკეთე და, თუ დაუნდობელი ვიყავ და ვარ, ისევ რობაქიძის სასარგებლოდვე. რამდენადაც მეტ თავდაჭერილობას გამოიჩენს და სიღრმეს, იმდენად უკეთესია მისთვის.“
„წერილების“ ავტორი პაოლო იაშვილის პოეზიას მაღალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ის სტიქიური ნიჭის პოეტია, თუმცა იქვე აღნიშნავს იმას, რომ მისი შემოქმედება არათანაბარია, გაფანტულია და გაბნეული. ზოგჯერ მის ლექსებში პოეზიის მაგივრად ქრონიკა გამოერევა, ზოგჯერ კი მისივე ლირიკული თხრობა მოკითხვის ბარათს ემსგავსება. მან უნდა შეძლოს თავდაოკება – ასეთია დასკვნა.
ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან კრიტიკოსი გამოარჩევს ლექსს „ცხენი ანგელოზით“, მერე კი დასძენს, რომ ამ პოეტს გააჩნია საკუთარი სტილი, თუმცა ეს სტილი თითქოს პირობითია და დაუმთავრებელი. პოეტს აქვს თავისი ლექსიკა, მაგრამ ხშირი განმეორების გამო გარკვეული სიტყვები ძალას კარგავენ, მხატვრული ძალმოსილებისგან იძარცვებიან.
ვალერიან გაფრინდაშვილი ვახტანგს „ყანწელებს“ შორის ყველაზე დიდი ფანტაზიის პოეტად მიაჩნია. მას საკუთარი ეგზოტიკური სამყარო აქვს. ის არ ღალატობს ერთხელ არჩეულ გზას, არ ღალატობს „თავის ქიმერებს“. მის პოეზიაში მეორდება ერთი და იგივე სიტყვები და სახელები: „საფირონი“, „ორეული“, „ოფელია“, „აშორდია“ და სხვ. მისთანანი. საბოლოოდ ვახტანგ კოტეტიშვილი დაასკვნის: „ ვალერიან გაფრინდაშვილი თავისებური ფიგურაა ქართულ მწერლობაში და მისი გზა ქართული მწერლობის მონმარტრისაკენ მიდის. მიაღწევს თუ არა – ეს მისი გამძლეობის საკითხია“.
სიახლეთა წარმოჩენაზე როცა არის საუბარი, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ვახანგ კოტეტიშვილის წერილი უოლტ უიტმენზე. ეს არ არის ინფორმაციული ნარკვევი, ეს არის ესეისტური გამოკვლევა, რომელშიც ამერიკელი პოეტის შემოქმედება საუკუნის მიწურულის და საუკუნის დასაწყისის რთული მსოფლიო მოვლენების ფონზეა განჭვრეტილი. ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „დემოკრატია უოლტ უიტმენისათვის პოლიტიკური ცნება არ ყოფილა. ეს კოსმიური ფენომენია, რაღაც უფორმო და უსაზღვრო“. ეს მართლაც ასეა. უიტმენის დემოკრატიზმი კოსმიურ სახეს იღებს. ამ კოსმიურ განზომილებაში მოქცეულია მთელი დედამიწა. უიტმენი სალამს უთვლის მთელ ქვეყნიერებას, ის არღვევს დროისა და სივრცის საზღვრებს, წარსულშიც მოგზაურობს და აწმყოშიც. ის მიმართავს მასებს, სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს, სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებს, ეხმაურება მათ და თავის კეთილგანწყობასა და სიყვარულს უდასტურებს. ამერიკელი პოეტი წერს: „ხალხთა მასების გამოღვიძება და საზოგადოებრივი ღობეების დანგრევა ბრძოლაში იწვევს ასეთ პოეზიას და მე შეუგრძნობლად მივიღე იგი. ძირს ძველი თემები, არავითარი სამკაული, არავითარი დახლართული სატრფიალო ფაბულები, არავითარი საგანგებო გმირები, არც ლეგენდები, არც ლექსები, არც კეთილხმოვანება, არც რითმა“.
ვახტანგ კოტეტიშვილი ახსენებს უიტმენის ცნობილ მთარგმნელსა და კომენტატორს კორნეი ჩუკოვსკის. მან არამარტო თარგმნა რუსულ ენაზე ამერიკელი პოეტის ლექსები, არამედ წიგნიც დაწერა – „ჩემი უიტმენი“. წიგნში არაერთი ზუსტი შტრიხი გამოკვეთს უიტმენის პორტრეტს. ამერიკელი პოეტი ცდილობს გარდაისახოს იმ ადამიანად, ვისაც უმღერის და უდასტურებს სიყვარულს. მისი მრავალი პოემა სწორედ იმაზეა დაწერილი, თუ როგორ გარდაისახება პოეტი ყოველ წუთს სხვა ადამიანებად და როგორ ხდება მათი მსგავსი. ამგვარი პოეზიის არსებობის გამო გამოითქვა აზრი, რომ ის შეიძლება წინასწარ გამიზნული იყოს. ეს ნიშან-თვისება კი არ შეიძლება ლირიკულ პოეზიას თავისებურ ხიბლს არ ართმევდეს. გონებისმიერი ლექსი ემოციური მუხტის მქონე ვერ იქნება. ჩუკოვსკის თანახმად, ამერიკელ პოეტს ნამდვილად აქვს წინასწარ გამიზნული ლექსები, სადაც ერთგვარი სქემატიზმი იგრძნობა, თუმცა მასვე ეკუთვნის სახეობრივი აზროვნებით აღბეჭდილი, შემოქმედებით ექსტაზში შექმნილი შეუდარებელი ლირიკული პოემები. ასეთია, ვთქვათ, პრეზიდენტ ლინკოლნისადმი მიძღვნილი პოემა.
სადღეისოდ ტექნიკური ცივილიზაციის პროგრესის ქება ვერ მიიზიდავს უიტმენის ქომაგს, მაგრამ მისი სიცოცხლის სიყვარული, მისი სრული ღიაობა კაცობრიობის წინაშე, მისი სიწრფელე და მძაფრი ლტოლვა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხე-კუნჭულისაკენ, სადაც ადამიანთა მოდგმის თუნდაც მცირე ნაწილი ცხოვრობს, დღესაც მიმზიდველი იქნება ახალგაზრდა მკითხველისათვის. უიტმენისეული კაცთმოყვარეობა და დედამიწის მკვიდრთა ერთიანობის განცდა შეუძლებელია სადღეისოდაც არ იყოს ამაღელვებელი, ვინაიდან დედამიწა მართლაც ერთ სახლად არის ქცეული. უიტმენის ლექსები ხშირად ვრცელი ჩამონათვალისგან შედგება; ეს ვრცელი რეესტრია საგნების, ადამიანების, მოვლენებისა და ა.შ. პოეტს უნდა მოიცვას მთელი ამერიკა, მთელი დედამიწა, მთელი სამყარო; მას სურს წაშალოს ყველა საზღვარი, ყველა მიჯნა და სიცოცხლის ძალმოსილება განავრცოს ყველგან. ამ ჩამონათვალს კრიტიკოსებმა კატალოგი უწოდეს. კ. ჩუკოვსკი ამბობს: „თუკი ეს მართლაც კატალოგია, მაშინ მას გონების კატალოგი უნდა ვუწოდოთ. მართალია, იგი მკითხველისგანაც შთაგონებას მოითხოვს, მაგრამ ამ შთაგონების გარეშე რომელი გენიალურად შერაცხილი პოემის წაკითხვაა შესაძლებელი? ტყუილად კი არ ამტკიცებდა უიტმენი – ჩემი ლექსები თქვენი ლექსებიაო“.
მართლაც, უიტმენს სურს, საკუთარ ლექსებსა და მკითხველს შორისაც წაშალოს ზღვარი. ამას აღნიშნავს „წერილების“ ავტორიც.
ვახტანგ კოტეტიშვილის წერილები ეძღვნება ასევე სიახლის ნიშნით აღბეჭდილ ქართულ ხელოვნებას – მხატვრობასა და ქანდაკებას. ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილ წერილში „წერილების“ ავტორი გამოთქვამს აზრს, რომ მხატვარმა პარიზში მიღებული გამოცდილება ქართულ ესთეტიკურ ბუნებას უნდა დაუკავშიროს და ეს იქნება მისი წარმატების წინაპირობა.
ასევე წერილში გამოთქმულია აზრი მხატვარი ქალის ორ ტილოზე – ძველი ტფილისის „ეზო“ და „პარიზის კუთხეები“. ორივე ნამუშევრის განხილვისას ვახტანგი იყენებს მხატვრის გამოცდილებას: „ ავტორმა წინა პლანის შესრულება მშვენივრად შესძლო, უკანა პლანს კი ეს ძალა ვეღარ მიატანა… ამ ერთი ტილოდან, ჩვენი აზრით, ორი სურათი გამოვიდოდა და სჯობდა კიდეც. „ეზო“ იქნებოდა ერთი საუკეთესო ტილო ჩვენს თანამედროვე მხატვრობაში“. აქ მართლაც არა მწერალი, არამედ მხატვარი ვახტანგ კოტეტიშვილი ლაპარაკობს. იგივე შეიძლება ითქვას იაკობ ნიკოლაძეზე მსჯელობისას. ამჯერად კი მოქანდაკე ვახტანგ კოტეტიშვილი გამოთქვამს თავის მოსაზრებას. მისი შეხედულებით, ქართული ქანდაკება საუკუნეების მანძილზე დუმდა და მხოლოდ იაკობ ნიკოლაძის ქანდაკებების მეშვეობით ამეტყველდა. აი, რას ამბობს „წერილების“ ავტორი: „იაკობ ნიკოლაძეს კონფირმაცია ევროპაში აქვს მიღებული. მართალია, იგი თავისი უცდომელი რასსიული ინტუიციით გრძნობს ძველი ქართული პლასტიკის ხასიათს, მაგრამ ამავე დროს, თავისი შემოქმედების საერთო ხაზით იგი ორგანულად არის დაკავშირებული ევროპის ხელოვნებასთან“.
იაკობ ნიკოლაძის ქანდაკებებია: „შოთა რუსთაველი“, „მწუხარე საქართველო“, „აკაკი წერეთელი“, „ჩრდილოეთის ქალი“. ამ უკანასკნელის შესახებ „წერილების“ ავტორი ამბობს, რომ აქ მკაფიოდ ჩანს როდენის სკოლა. ეს ქანდაკება თავისუფალ თემაზეა შექმნილი და იმასაც დასძენს, რომ ამ ნამუშევარში ფორმა და შინაარსი არტისტულად არის შერწყმული, იგრძნობა ჩრდილოეთის სიცივე და თავშეკავებული, ფარული ტემპერამენტი.
კოტეტიშვილის აზრით, ნიკოლაძე უმთავრესად პორტრეტისტია. მის პორტრეტებში იგრძნობა ხასიათის კვეთა და გამომსახველი ძალა, მაგრამ „წერილების“ ავტორი იმასაც დასძენს, რომ თანამედროვეობასთან ერთად მის ნამუშევრებში კონსერვატორული ბუნებაც შეინიშნება, რაც მისივე კულტურტრეგერობით არის გამოწვეული. ის არამარტო ქმნის, არამედ სამომავლოდ ნიადაგსაც ამზადებს.
ვახტანგ კოტეტიშვილი იმ ხელოვანების შემოქმედებას იკვლევს, ვისი ნამუშევრებიც მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით არის აღბეჭდილი. ერთ-ერთი მათგანია გიგო გაბაშვილი. წერილის დაწერის საბაბი 1927 წელს თბილისში გამართული გამოფენაა. „წერილების“ კომენტარებში აღნიშნულია, რომ გიგო გაბაშვილი იყო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. 1893 წელს ის შეხვედრია საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ მოგზაურს ჩარლზ კრენის. ამერიკელმა სტუმარმა გაბაშვილს სხვადასხვა თემაზე 14 სურათი შეუკვეთა. ამერიკელისგან აღებულმა ჰონორარმა და ცნობილი მეცენატის დავით სარაჯიშვილის გაღებულმა თანხამ ქართველ მხატვარს საშუალება მისცა სწავლა განეგრძო მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 2006 წელს ნიუ-იორკის აუქციონზე კრენის შთამომავლებმა გაიტანეს გ. გაბაშვილის „სამარყანდის ბაზარი“, რომელიც ერთ მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.
„წერილების“ ავტორი გიგო გაბაშვილს დიდ მხატვრად მოიხსენიებს. მას ხიბლავს მხატვრის მაღალი ოსტატობა და ნაყოფიერება. გაბაშვილის შემოქმედება ჟანრობრივადაც უაღრესად მრავალფეროვანია: „პეიზაჟები, ბატალური სცენები, ტიპები, ნატიურ-მორტები და სხვ. ზეთი, აკვარელი, ფანქარი, ტუში, ყველაფერი ეხერხება ჩვენს მხატვარს და ყველგან იჩენს შემოქმედებითი ენერგიის ძალოვანობას“. ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, გიგო გაბაშვილის ნამუშევრები „ სამი მოქალაქე“, „ღამისთევა“, „ალავერდობა“, „ალგეთის ხეობა“ არა მხოლოდ საქართველოს გალერეებს დაამშვენებენ, არამედ ევროპის დარბაზებშიც მიიქცევენ ყურადღებას.
ასეთია ვახტანგ კოტეტიშვილის უშეღავათო კრიტიკა. ის ებრძვის დილეტანტიზმს და პროვინციალიზმს. „წერილების“ ავტორი იზიარებს ილია ჭავჭავაძის იმ აზრს, რომლის თანახმადაც „კრიტიკის უქონლობა ჩვენის ლიტერატურის უშინაარსობას კი არ უნდა დაჰბრალდეს, არამედ ჩვენს ქონდრიკაცობას, რომელიც იმოდენად უძლურია, იმოდენად უღონოა, რომ ვერც ჩვენის ლიტერატურის სიღრმისთვის გონების თვალი ჩაუწვდენია და ვერც ჩვენი პოეზიის სიმაღლისთვის თვალი გაუსწორებია…“
აქ საუბარია იმაზე, რომ დიდი ევროპელი მწერლების შემოქმედება შესწავლილია და გამოკვლეული, ქართული ლიტერატურის ნიმუშები კი, როგორც ილია ამბობდა, „უმართებულოდ არის ფასდაკარგული“. ვახტანგ კოტეტიშვილს კვლავ და კვლავ მოაქვს ილიას სიტყვები: „უშინაარსობა ჩვენის ლიტერატურისა აშკარა ტყუილია. ვინც ამ ბრალსა სდებს, იგი უმართლოდ ექცევა ჩვენს ნაწარმოებს და ნაღვაწს გულისას და ეს მოსდის ან უვიცობით, ან განგებ, რომ კრიტიკის უქონლობის სირცხვილი თავს მოაშოროს და სხვას დააბრალოს“.
ძნელი სათქმელი არ უნდა იყოს, რა გახდა ნამდვილი მიზეზი კრიტიკის უქონლობისა. რა თქმა უნდა, ე.წ. „ქონდრისკაცობა“, ქონდრისკაცობა როგორც ზნეობრივი ნიშნით, ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით. ზნეობრივში იგულისხმება პირადი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ინტელექტუალური მიზეზი კი უგემოვნობას, ან როგორც ილია ამბობს, უვიცობას წარმოაჩენს.
ვახტანგ კოტეტიშვილი ბოლომდე იზიარებს ილიას თვალსაზრისს და ილიასთან ერთად აქცენტს აკეთებს არა ცოდნაზე, არამედ დამოუკიდებელ აზროვნებაზე. კიდევ ერთი ილიასეული უაღრესად ღრმა ციტატა მოაქვს ვახტანგს კრიტიკის უქონლობის მიზეზისა: „შეიძლება კაცს აუარებელი ცოდნა და სწავლა ჰქონდეს და აქ ერთი ფეხიც ვერ წასდგას, თუ ის „სხვა უნარიც“ არა ჰშველის. ის „სხვა უნარი“ იგია, რასაც თვითმსჯელობას, თავისით მოქმედებას, თავისით სვლას ეძახიან“.
ამის შემდეგ ილია (და მასთან ერთად ვახტანგი) საუბრობს გოეთეს „ფაუსტის“ ერთ პერსონაჟზე, რომელსაც ცოდნა აქვს, საკუთარი აზრი კი „ღმერთს თუ ბედს არ მიუმადლებია“. ეს პერსონაჟია ვაგნერი.
ვახტანგ კოტეტიშვილი სვამს კითხვას: „ილიამ თვით გააკეთა რამე თუ არა ქართული კრიტიკის სფეროში გარდა ამ კრიტიკის კრიტიკისა?“ ამ შეკითხვას ის თვითონვე პასუხობს და დასძენს: მიუხედავად იმისა, რომ ილია იყო პოეტი, ბელეტრისტი, ფინანსისტი, საზოგადო მოღვაწე, მან კრიტიკოსობაც ღირსეულად გასწია. მისი კრიტიკული წერილები სწორი ხედვისა და ღრმა ანალიზის ნიმუშია.
P.S. წიგნი შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ნონა კუპრეიშვილმა.

© არილი

Facebook Comments Box