– ბლეყვე, გამოშტერებული, მატყუარა ეგა! – ქალს მეორეული ტანსაცმლით სავსე ბარდანა ტომარაში წაეყო თავი და რამდენ ნაჭერსაც ამოიღებდა იქიდან, იმდენჯერ ახალ-ახალ სალანძღავ სიტყვებს იგონებდა. ეს ფუთა წელიწადზე მეტ ხანს იდო სოფელში, გაუმართავ, უკარო ოთახში ჩამოფარებული ფარდის უკან. წინა წლის შემოდგომაზე ერთად რომ ჩამოვიდნენ დედასთან, მაშინ ჩამოიტანეს. თან მისი ხელი უნდა ეთხოვა, თან გასაყიდად ძონძები ჩამოიტანეს. ეწუწუნა, ასე მიყრია რამდენი წელია, სულ ახლებია, ობდება, ბევრი ფული „აქვს“ გადახდილი და „ერთი ვინ არ დაეხმარა“ გაყიდვაშიო. – როგორ საყვარლად ჩაესმოდა მაშინ ქართულად მონდომებით შეკოწიწებული მისი ეს სიტყვები, გული როგორ მოუთმენდა, არ დახმარებოდა? და რისთვის, რომ დღეს ასე ნერვებდაგლეჯილი იჯდეს და იმაზე ფიქრობდეს, როგორ დაემართა ეს სამარცხვინო ამბავი?
– აფერისტი, მსახიობი, ცრუპენტელა! – ისევ აფრიალდა ჰაერში ხელუკუღმა ნასროლი სულ ახალი, იარლიყიანი ნაცრისფერი შარვალი და შავ-თეთრბუებიანი საგაზაფხულო ქურთუკი. – ეგ მართლა ბუ ეგა! მეტის ღირსი ვარ, ძლივს ჩაწყნარებული ცხოვრების თავიდან აწეწვის უფლება რომ მივეცი და მაგის „შათცი“-ს და „ბუსის“ რომ დავუჯერე… თან თვითონვე რომ შევთავაზე ამ ძონძმანძების წამოღება, იქნებ დედაჩემმა მეზობლებში გაგიყიდოს-მეთქი? აბა, რა მექნა, ნამდვილი პატარძალივით თავი ოცნებისთვის მიმეცა და იმაზე მეფიქრა, ნეტავ ბეჭედი თუ მოაქვს, როგორი ბეჭედია, ან რა ფორმით სთხოვს დედაჩემს ჩემს ხელს-მეთქი? გზაში ხომ შევეცადე გადამეთქმევინებინა, არ გინდა ეს ცერემონიალი, უბრალოდ, უთხარი რომ ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება და საკმარისია-მეთქი; მაგრამ არა, გინდა თუ არა, „დედამ“ უნდა დაგვლოცოსო. ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, ჩვენთან ასეთი წესიაო. თან, ალბათ, პირველივე დღიდან რომანტიკულ და სანიმუშო სიძედ უნდოდა მოეჩვენებინა სასიდედროსთვის თავი. კი ვიწვნიე მერე იმ „წესების“ და „წესიერების“ შედეგი, მაგრამ რაღა დროს! არა, ბოლოს მეც რომ სულ გამოვშტერდი და გულის ფანცქალით ველოდი საღამოს დადგომას და ვახშამს!..
ბეჭედი არა ისა!.. თურმე იმიტომ ვერ „უღიდა“, რომ ჯერ თითის ზომა არ იცოდა! ის ხომ კარგად დაუმახსოვრებია, ერთხელ რომ ვთქვი, დედაჩემს ვაფლი უყვარს-მეთქი. ჩამობრწყინდა ბიჭი ექვსლარიანი ვაფლით ხელის სათხოვნელად და „ნამდვილი დიდი ოჯახის“ შესაძენად! – მე კიდევ, იდიოტმა, კინაღამ ვიტირე, ის ვაფლის ყუთი მოწიწებით რომ მიართვა დედაჩემს და ხელზე აკოცა. თან დედაც რომ დაუძახა ამხელა კაცმა თავისზე არც ისე ბევრად უფროს ქალს? მის სიალალეს და ბავშვურ ხასიათს დავაბრალე მაშინ ასეთი ქცევა.
არა რა, ქალის სიცანცარეს არც ასაკი შველის თურმე და არც ცხოვრებისეული გამოცდილება!
***
უცებ მთელი სხეული ჯერ აეწვა ადგილ-ადგილ, მერე აექავა. სხვა დროს მეორეული ტანსაცმლის სპეციფიკურ სუნს დააბრალებდა, მაგრამ ახლა ზუსტად იცოდა, რომ ნერვიულობისგან აუტყდა ეს ქავილი. მაშინაც ასე მოხდა, პირველად რომ იკამათეს და ის საშინელი ალერგია მისცა. – შტერო, ჩერჩეტო, ბეცო შენა! ასე რამ აგიბა და აგიხვია თვალები! – ახლა საკუთარ თავს იმუნათებდა ქალი და ჰაერში აფრიალებული მწვანე, შინდისფერი, კრემისფერი, ცისფერი ქურთუკები და შარვლებიც სულ უფრო სწრაფად იბზნეოდა ოთახში. თან იქექებოდა მაიმუნივით. ტანსაცმლითვე იფხანდა და იხოკავდა აქავებულ ადგილებს.
რამდენჯერ უთხრა ტელეფონზე დედას, რომ ჩამოვალ მანდ აღარ დამახვედრო ეგ ტანსაცმელი, გადასაყრელად თუ გენანება, დაუძახე მეზობლებს, ამოარჩევინე ვისაც რა უნდა, გააჩუქე, გაატანე, რაც გინდა ის უყავი, ოღონდ მაქედან მოაშორე, თვალით აღარ დამანახოო. მაგრამ ესეც ხომ რაღაცნაირი უსუსური და უხერხემლო ქალია, ვერა და ვერ დააყენა საშველი. ისევ მისი მისახედი გახდა. მართლა ხომ არ გადაყრის ამდენ რამეს, შედარებით ახლებს და მუქებს გადააწყობს, იქნებ ვინმეს სამუშაოდ გამოადგეს, დანარჩენს კიდევ, მოუსვამს ხელს და ცეცხლში გადაუძახებს.
როგორ მასულელებდა თურმე და მირევდა გონებას! „აი, შენი ჭკვიანი ძაღლი იქნება, სანამ სიცოცხლე აქვს… თუ უნდა შენს ფეხებთან დაწვება როგორ შენი ყარაული, არ დაიძინებს თელი ღამე… დილით, როგორც კი შენ იღვიძებ, მე უკვე მაგაზინშია წასული და მოსული და ჩაი ან ქაფეეე საწოლში ექნება ჩემი ხელით…“. ისე მაგის სიფხიზლეს და დარაჯობას რა ვუთხარი! დაწოლილი არ იყო, რომ ხვრინავდა უკვე.
ძონძები კი არა, ახალიც არაფერი მინდა მაგისი. სავაჭრო ცენტრში რომ მიყიდა ქამრიანი ჟაკეტი და ქვედაბოლო, ისინიც უნდა გავაჩუქო (კიდევ რაღაც იყო მგონი, ჰო, წინდები და თმის ფენი, ოღონდ ესენი საშობაოდ მაჩუქა). მაშინაც როგორ ამიშალა ნერვები. რომ გეკითხა, აქაური ტრადიციები ისწავლა „ჩემი გულისთვინ“. არა, ჩემი თავის მიკვირს, როგორ არ გადმოვუხტი მაშინ მანქანიდან, ტანსაცმლის „დიდ მაგაზინში“ წავიდეთო, რომ მითხრა, ახალი „ლამაზია“ ტანსაცმელები უნდა გიყიდოო, და რომ მივუახლოვდით შენობას, „ორმოცდაათი ლარი ხომ გეყოფაო, თვალებგაბრწყინებულმა რომ მომახარა. შეიძლება საერთოდ არ ეყიდა არასდროს არაფერი და ხმა არ ამომეღო, მაგრამ ასე ცირკის ცხოველივით წრე რომ შემომიხაზა და მიმითითა, მარტო შიგნით იხტუნავე, გარეთ არ გამოხვიდეო, ამან გამამწარა. შევცდი, არ უნდა შევყოლოდი მაღაზიებში, ბოდიშებს რომ მიხდიდა მერე და მეხვეწებოდა, „არალამაზია თქმა გამოვიდა“, შენ „მართალია“ ხარ რომ გეწყინაო. მაგრამ შემეცოდა, საწყლად რომ იდგა იმდენ ხალხში. ხალხისაც მომერიდა. თავის შეცოდება და მოსაწყლება, იცოცხლე, კარგად ეხერხებოდა!..
ამიტომაც არ მინდა რამე მაგის თავს მახსენებდეს. მაინც ისე ჩამოვხმი, ნათხოვარით მადგას ტანზე ეგ ჟაკეტიც და ქვედაბოლოც. როგორ მითხრა სინდიმ? – გამხდარი კი არა, დაპატარავებული ხარო… არა, დაპატარავებულიც არა, რაღაც სხვა სიტყვა თქვა… ჰო, შემცირებული ხარო. სულ რომ არ გავქრი იმ სირცხვილის და ნერვიულობის მერე, ეგეც რამეა!.. ცრუპენტელა! ალერგიაც მაგან დამმართა და მხედველობაც მაგის გამო დამიქვეითდა ასე უცბად. – როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ორსახოვანი იყოს? ან როგორ უნდა გამომეცნო მისი ნამდვილი სახე, როგორ უნდა გამეგო დღე და ღამე კართან ატუზული „შეღვარებული“ კაცის ზრახვები, რომელიც ზურგს უკან ხან ვარდებს, ხან შოკოლადებს, ხან კი ჰაერის ბუშტებს და ბანანებს მალავდა? დიახ, სწორედაც რომ მაგან გამომჭამა, გამომსრუტნა და ლანდად მაქცია!.. ვამპირი ეგა! – თავის სიგამხდრის გახსენებაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა ქალი. ტომრიდან ამოღებული დამასეს ფაქტურის მწვანე ქურთუკი ნერვიულად მიაგდო იატაკზე, ტანსაცმლის გროვას გადააბიჯა და ალეწილი სახით ოთახის მარცხენა კუთხეში მდგარი გარდერობისკენ წავიდა სარკეში ჩასახედად.
***
სანამ კარს გამოაღებდა, აბურდულ თმაზე ხელი გადაისვა, მაისური გაისწორა და ბოქვენამდე ჩახვეტილი რეზინმოშვებული სპორტული შარვალი ამოიწია. ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად მოიწესრიგა თავი, ალბათ, იმის შიშით, იმაზე უარესი არ გამოვჩნდე, ვიდრე ვარო. „ან რისთვის უნდა ჩავიხედო, მოვიმატებდი ამ ახალნერვებაშლილზე თუ რა?“ – ბუტბუტებდა თავისთვის და ის იყო, გადაიფიქრა კიდეც, რომ ძველი იატაკის მოქანავე ფიცრების ჭრიალზე, თითქოს მისაპატიჟებელი რევერანსი გაუკეთაო, გარდერობის კარი თავისით გაიღო.
თხელი მაისური ულიფო, შიშველი მკერდის ზემოთ აიტანა და კბილებით დაიჭირა. წეღან ამოწეული შარვალი ისევ სულ დაბლა, კოჭებამდე ჩაიჩაჩა. ტრუსის ამარა დარჩენილ საკუთარ სხეულს ხან წინიდან შეჰყურებდა, ხან გვერდიდან, ხანაც კისერს მოიღრეცდა და უცნაურ შრეებად დანაწევრებულ, დამჭლევებულ ახორკლილ ბარძაყებს ჩააწვდენდა უკნიდან თვალს. ბოღმა ახრჩობდა ხორცისა და ვნებისგან დაშრეტილი საკუთარი სხეულის დანახვაზე. არ სჯეროდა, რომ თავის თავს უყურებდა. ჩამოწელილ მკერდზე შეაჩერა მზერა. ძუძუსთავების სიახლოვეს ჯერ კიდევ შერჩენოდა ლამაზი, ნესვისებური ფორმა. ხელები ორივე ძუძუზე ბრტყლად დაიფარა და ხმამაღლა, სარკის მისამართით ჩაილაპარაკა: „სად წავიდა შენი სავსე მკერდი, შენი ჯანმრთელი თეძოები, სად გაქრი, ადამიანო, სად?!..
მაისურს კბილები რომ გაუშვა, ახლა სახეზე მიაშტერდა თავის თავს, თვალი თვალში გაუყარა. მანამდე იდგა, სანამ ჩატეტკილ სახეზე ფარდებივით ჩამოფენილ, ამოღამებულ უპეებზე წყვილი ცრემლი არ ჩამოუგორდა. უნდა ეტირა, აბა რა უნდა ექნა, საამისოდ საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა.
***
ირიბად იყურებოდა სარკიდან ერთმანეთზე არათანაბრად დატყუპებული ტუჩებით, მოღრეცილი, ცერად წასული ნაკვთებით და ოდნავ ელამი მზერით. დედასაც შენიშნა ერთხელ სარკეში სახის ასეთი ასიმეტრიულობა. ის სხვა სარკე იყო ოღონდ, ბებიის მზითვისა, და თვითონაც სხვა იყო მაშინ, დედაც. მარჯვენა ყვრიმალი მკვეთრ ირიბ ხაზად აჩნდა ლოყაზე, ნიკაპიც ოდნავ გვერდზე გაჰქცეოდა. ყველაზე მეტად კი ტუჩები ასცდენოდა ერთმანეთს, თითქოს უბრად არიან და ერთად ყოფნა აღარ უნდათო. გაოცდა. პირისპირ რომ უყურებდა, ვერ ამჩნევდა ამხელა სხვაობას. წლების შემდეგ, როცა დედაზე ფიქრობდა ხოლმე, ყოველთვის ასე, გვერდზე მოქცეული მრუდე სახით ხედავდა მას. ასეთი დაიმახსოვრა.
– ბლეყვე, იდიოტი ეგა! – ამოისლუკუნა საწყლად, შარვალი ამოიწია და გარდერობის კარის დასახურად გვერდზე გადგა. ახლაღა შენიშნა სარკის მარცხენა ზედა კუთხეში კედელზე ჩამოკიდებული ვითომ ფერადი, რუხ-მწვანე ფოტო. ცრემლებისგან დაბუნდულ თვალებზე მონაცვლეობით გაისვა მაჯა, რომ კარგად შეეხედა თავისი ბავშვობისთვის. გამორჩეულად უყვარდა სოფელში უბან-უბან მოსიარულე რუსი ფოტოგრაფის გადაღებული ეს ფოტო.
სანთლის სახდელ რკინის ქვაბში ჩარგულ მსხმოიარე ლიმონთან დგანან ის და ერთი წლით უფროსი მისი და ელზა. თეთრსაყელოიანი ფორმის კაბები, თეთრი გეტრები და ყავისფერი მაშიები აცვიათ. წამოზრდილი თმა ორივეს ერთნაირად, გვერდზე აქვთ გაყოფილი და ყურებზე გადაწეული. ეტყობა ჯერ ბაფთები არ უკეთდებოდათ თორემ დედა ასე არ გაუშვებდათ სკოლაში. თავები თან ერთმანეთისკენ, თან ლიმონისკენ გადაუხრიათ. თითქოს სამი და ერთმანეთს ეხუტებაო.
გარდერობის კარი ფრთხილად მიხურა. ახლა ფოტოსკენ სახით შებრუნებული შეჰყურებდა მასზე ერთი თავით მაღლა მდგომ მომღიმარ გოგოებს. მერე ხელი ასწია და თავის პატარაობას მარცხენა მუხლს ქვემოთ ჩაჩაჩულ გეტრთან ნაზად მიუტანა, თითქოს უნდა აუწიოსო.
***
– როგორ მეგონა, რომ ჩემ გამო მოვიდა, მე დამინახა, ჩემი პოვნა გაუხარდა! – ქალმა ფეხით მოიშორა ოთახის კართან საფრთხობელასავით სახელოებგაფარჩხული წითელი დუტის ქურთუკი და აივანზე გავიდა დასამშვიდებლად. მაინც ვერ მოერია ფიქრებს. გაახსენდა, ზუსტად ამ ადგილას გვერდიგვერდ რომ იდგნენ, რკინის მოაჯირზე ჩამოდებულ ხელზე თავისი ხელი რომ დააფარა და სინანულით უთხრა: „ღატომ უფრო ადრე არ იპოვა, ღატომ ბევრი წლის წინ არ შეხვდა, რომ დიდხანს ერთად ყოფნა ყოფილიყო?“
– ისე, ახალგაზრდობაში რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ნეტავ მაშინაც ასე უცებ დაამთავრებდნენ ურთიერთობას? იქნებ მაშინ სულაც არ იყო ასე რობოტივით მომართული და დაპროგრამებული დროზე, საქმეზე, ფულზე, ადამიანებზე და ათას სხვა ჯანდაბაზე; არც დასამალი ჰქონდა რამე და თქმითაც იმას ამბობდა, რასაც გულში ფიქრობდა? იქნებ დედა თავიდანვე მართალი იყო, როცა უთხრა, „ეს დაღლილი კაცი რად გინდოდა“-ო? იქნებ მასაც ნამდვილად არ ჰქონია ცუდი განზრახვა და მართლა ისეთი „დაღლილი“ იყო, რომ მაინცდამაინც მასთან უმტყუნა ნერვებმა, იქ წაიქცა, ჩაიმთხვლა და დაიშალა, სადაც და ვისთანაც ამის საშუალება მიეცა? იქნებ, საერთოდაც, სწორედ იმიტომ დაიწყო ეს ყველაფერი, რომ თავადაც შველა უნდოდა, ვიღაცაზე ჩაბღაუჭება და ეს ვერ უთხრა, ვერ გაუბედა? იქნებ მართლა შეუყვარდა კიდეც და იმის სურვილიც გულწრფელად ჰქონდა, რომ მთელი ცხოვრება ძაღლივით ეერთგულა? მაგრამ სურვილი, და არა ძალა და ენერგია, და ეს ვერ გათვალა? ისიც ხომ ახსოვს, როგორ ტიროდა ტელეფონში, როცა თავის ბავშვობაზე და მშობლებზე უყვებოდა? როგორ უფრთხილდებოდა ამხელა გზაზე წამოღებულ დედის ხელით მოქსოვილ უბრალო ფარდაგს? ან სინდის რომ უთხრა მასზე, „ჩემი დედას“ შემდეგ პირველი ადამიანია, ვინც „ამხელა დიდი სიღვარულით“ მომექცა, „კვერცღი გაუფქცვნა“ და პერანგი „გაუკერა“-ო?.. დრონს რომ მისდევდა მინდორში და ბავშვით უხაროდა, ესეც ხომ თვითონ იყო, ასეთიც ხომ ნამდვილად არსებობდა, ხომ ასეთი გაიცნო პირველად? მაშ მერე რაღა მოხდა, რატომ ეჩვენა სულ სხვა სახით, ასე რატომ შეიცვალა, რატომ გაუცხოვდა, მტრად რატომ ექცა?!..
– იმიტომ რომ ბლეყვეა, ბლეყვეეეეე, რით ვერ გაიგე! – ისევ თავიდან აფეთქდა ქალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და სახეზე წამონთებული, ისტერიკამდე მისული ყვირილით გაეხმიანა საკუთარ ფიქრებს.
– ბლეყვე ვინც არის, ზედ ეტყობა! – მაშინვე უხმოდ დაუბრუნდა პასუხი უკან.
© არილი