ინტერვიუ

დანიელ პენაკი თავის პერსონაჟებზე, ევროპის კულტურულ ფიასკოზე და განმარტოებაზე

ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა

2016 წლის ბოლოს გამოქვეყნდა ცნობილი ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის რომანი „მალოსენის საქმე“.  ბოლო ტომის გამოსვლიდან 18 წლის მერე მწერალმა განაგრძო საგა მალოსენებზე, რომელმაც 1980-90-იან წლებში მკითხველთა უდიდესი სიყვარული მოიპოვა. მისი რამდენიმე თხზულება უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე. შავი იუმორით და პარიზული ცხოვრების გონებამახვილური აღწერით აღსავსე დეტექტივებში პენაკი გულითადად წერს ყველაფერზე: სიყვარულზე, ოჯახზე, პოლიტიკაზე თუ სხვადასხვა სოციალურ თემაზე.

დანიელ პენაკის ტექსტებში მყისვე და უკანმოუხედავად უნდა ჩაიძიროთ. უბრალოდ, მიენდეთ ავტორს და არ ეცადოთ იმის გარკვევა, თუ რამდენი პერსონაჟია რომანში და ვინ ვისი ნათესავია. ძველ პარიზულ უბანში, ბელვილში, ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევენ.

დანიელ პენაკის სტილი საოცრად ხალასია, საამო ლექსიკური აღმოჩენებით, და ზოგჯერ გმირების ცინიკური შენიშვნებით ყველაზე მტკივნეულ მხარეებს ავლენს. მაგრამ მწერალმა ყველგან, თვით ბანალურ ყოველდღიურობაშიც კი ჩადო პოეზია. პერსონაჟები სასაცილო და ექსცენტრულები, გულთბილნი და საოცრად მომხიბვლელნი არიან. ერთი შეხედვით, უცნაურნი გვეჩვენებიან, მაგრამ გულის სიღრმეში ისინი, გულწრფელნი და თანამგრძნობნი, გვიზიარებენ ამაფორიაქებელ გრძნობებს, მელანქოლიას და ხალისს, რაც მათ ცხოვრებისეული ტკივილისგან იცავს. ამ საგის პირველი რომანი „კაციჭამიათა საბედნიეროდ“, უდავოდ, დანიელ პენაკის დიდებული შედევრია. ეს, ერთი შეხედვით, გიჟური სამყარო თანდათან კეთილი, ირონიული და ხუმარა კაცის თვალით დანახულ რეალურ სამყაროდ გარდაიქმნება. მალოსენისეული ყველაფრის შემწყნარებლობა, ავტორის თქმით, «მეტაფიზიკის დონემდე აყვანილი სიფრთხილეა». საერთოდ, მალოსენი რა თქმა უნდა, წმინდანია, როგორც ხშირად ამბობენ მასზე სხვა პერსონაჟები. ჩვენი თანამედროვე წმინდანი მოწამე, რომელსაც  „განტევების ვაცს“ უწოდებენ. და მაინც, სულაც არ ჩანს ნაკლებად ბედნიერი, და ეს თხრობაში იგრძნობა. აშკარად, ბენჟამენი წუთითაც ვერ ისვენებს, მაგრამ მისი ცხოვრება არასდროს არის მოსაწყენი ბავშვთა სამყაროში. მთელი თავგადასავლების განმავლობაში კარგად ვგრძნობთ, რომ ბავშვები მას აღმერთებენ. დინამიურად განვითარებული რომანები სავსეა დიდებული სიურპრიზებით. როგორც თვით ავტორი შენიშნავს, „პასუხები იშვიათად გვიჩვენებს ჭეშმარიტებას, თანმიმდევრული კითხვები უფრო მეტს გვაგებინებს“. დანიელ პენაკი ორიგინალური, საოცარი ფანტაზიის მქონე ავტორია, შემქმნელი უჩვეულო მოვლენებისა, მიმზიდველი პერსონაჟებისა, რომლებთაც გამორჩეულად გონებამახვილურად აღწერს.

პენაკი სასხვათაშორისოდ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა გავლენას ახდენს წიგნი თანამედროვე პირობებში, როგორ იქმნება მისი პოპულარულობა, და საერთოდ რა არის წიგნი, ლიტერატურა… საშინელი მოვლენები და სიკვდილი მის რომანებში ისევე რეალურია, როგორც მულტფილმებში: ისინი ხდება, თქვენ კი არ გჯერათ, და მხოლოდ ყველაფრის დამთავრების მერე ხვდებით, რომ მართლა მომხდარა. და მაინც, პენაკი გამოუსწორებელი ოპტიმისტია. შავი იუმორი მხოლოდ ადამიანშია, როგორც მისივე ბედნიერება და ხსნა. ყველაფერი გარეგნული მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის ხელში. ბედნიერება კი არსებობს, ისევე, როგორც ურთიერთობა, თანაგრძნობა, სიყვარული და მხარდაჭერა. მისი ყველა რომანი, ბავშვებზე იქნება დაწერილი თუ ბავშვური სულის მოზრდილებზე, გვახალისებს და უამრავ საფიქრალს გვიჩენს, გულში კი კვლავ გადაკითხვის სურვილს და საოცარ სითბოს გვიტოვებს.

ბოლო წიგნშიც ჩახლართული სიუჟეტია, რომელშიც ბენჟამენ მალოსენის ზედამხედველობით ახალგაზრდა მწერალი თხზავს ავტოფიქციას, ამასობაში ერთ მდიდარ საქმოსანს მოიტაცებენ; აქ არის ტირადები თაღლითი კაპიტალისტებისა და კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ. უსაზღვრო ფანტაზიით აღსავსე სტილი. ეს რომანი იმედს არ გაუცრუებს მათ, ვისაც მოეწონა „კაციჭამიათა საბედნიეროდ“ და „ფერია კარაბინით“.

გთავაზობთ „ახალი ობსერვატორის“ ჟურნალისტის, გრეგუარ ლემენაჟის ინტერვიუს დანიელ პენაკთან, რომელიც თავის წიგნებს ჰგავს: მჭევრმეტყველია, დაუდგრომელი და სალაპარაკო თემიდან გადახვევა სჩვევია.

 

  • რამ გამოიწვია თქვენი მიბრუნება მალოსენის საგასთან?
  • წიგნების მაღაზიაში შევხვდი ერთ ძალზე ხანშიშესულ ქალბატონს, რომელმაც მკითხა, თუ როდის შევხვდებოდით კვლავ მალოსენს. მისი შვილიშვილიც, პატარა გოგონაც იქ იყო, ეს საგა მისთვის დედამისს ურჩევია, და მას კი სურდა, თავისი მეგობარი ბიჭისთვის მიეცა წასაკითხად… ურთიერთობათა ამ ბადემ დამარწმუნა, რომ მალოსენი პოპულარულია შეყვარებულებს შორის. და მეც მომინდა გამეგო, მათ რა ბედი ეწიათ. გაგრძელების დაწერა კი არ მინდოდა, არამედ მრავალი წლის წინ დაკარგული მეგობრების მოძებნა. უპირველეს ყოვლისა, მსურდა, დავბრუნებოდი სტილს, რომელიც განსაკუთრებულია რიტმის, მეტაფორული, მუსიკალური, არგოს გამოყენების თვალსაზრისით. ეს სპეციფიკური მუსიკაა, რომელიც ამ რომანებისთვის შევქმენი და ძალიან მომწონდა იმ ათი წლის განმავლობაში, როდესაც ვიყენებდი. ის მნუსხავდა ამ სიტყვის ბავშვური მნიშვნელობით. თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ეს აღტაცება დამრჩებოდა, კვლავ თუ ვიგრძნობდი სიამოვნებას, რომელსაც განვიცდიდი ამ რიტმული და მეტაფორული სტილის მოსინჯვისგან, რომელიც ჩემი სხვა თხზულებებისგან, მაგ. „სხეულის დღიურისგან“ განხვავდება. „მალოსენის“ სტილი წარმოშობს მოვლენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ის მნიშვნელოვანია უფრო თავისი განსაკუთრებულობის წყალობით: მისი მუსიკალურობით… „სხეულის დღიურის“ გამოცემისთანავე, რომელსაც 5 წელი ვწერდი, ამიტაცა რომანტიკულად წერის სურვილმა. 2 წლის განმავლობაში სხვა რამეს ვაკეთებდი. მადა კვლავ გამეხსნა და ვფიქრობდი: „ისევ ვისურვებდი მალოსენზე დაწერას…“ ცხადია, საკითხავი ის იყო, თუ როგორ გამეკეთებინა ეს: ან წინა რომანების უშუალო გაგრძელება უნდა მომეთხრო, ან უნდა გამეთვალისწინებინა ბოლო რომანის გამოსვლიდან გასული დრო და, შესაბამისად, საზოგადოების ევოლუცია, იმ წიგნებში დაბადებული ბავშვები გაიზარდნენ… და ბუნებრივად, მე თვითონ მყისვე დავინტერესდი, თუ რა ბედი ეწიათ ოციოდე წლის წინ, გამაოგნებელ ვითარებაში დაბადებულ ბავშვებს. ყველაზე უფროსებისთვის კი ოცდაათამდე წელიც გასულა (ვერდანი 29 წლისაა!). მეორე მხარე, რაც თხრობის დროს გამოვლინდა, არის ის, რომ ალსესტის პერსონაჟის გამოგონებისას მე თვითონ ძალიან დამაინტერესა, თუ „რას იფიქრებდა „ჭეშმარიტი სიმართლის“ მიმდევარი ახალგაზრდა, თანამედროვე და ენაბილწი  მწერალი მალოსენების ოჯახზე.“ ცხადია, ვერ შევეწინააღმდეგე რომანში იმ პერსონაჟის შემოყვანის იდეას, ვინც ვერ იტანს საგას მალოსენებზე, რომელსაც მოზარდობისას ყველა კითხულობდა…
  • უცვლელი რჩება ის, რომ მალოსენი კვლავ ბელვილში ცხოვრობს. თქვენც ისევ იქ ცხოვრობთ?
  • დიახ, 1969 წლიდან. ძალიან მომწონს ამ კვარტლის ცხოვრება, მისი მრავალფეროვნება, ჭრელი საზოგადოება. ადრე ვცხოვრობდი მეხუთე არონდისმანში, საუნივერსიტეტო კვარტალში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუდმივად საკუთარ თავს წავაწყდებოდი ხოლმე, როგორც „ჰორლაშია“ (გი დე მოპასანის რომანი). ბელვილში სამჯერ შევიცვალე საცხოვრებელი. ამჟამად პერ-ლაშეზის სასაფლაოს მახლობლად ვცხოვრობ. მერე კი ამ კედლის მეორე მხარეს ავიღებ ადგილს იჯარით.
  • მეორე ნაწილში მოქმედება ვერკორში ხდება.
  • ეს ბელვილის ანტიდოტია, სრული განმარტოების ადგილი! იქ 1947 წელს აშენებული ფერმა მაქვს. ყოველ წელს 5 ან 6 შევარდენი იბუდებს სარკმლის ქვეშ. ყველაფერი ძალიან ლამაზი და მყუდროა. ივნისიდან სექტემბრამდე იქ ვცხოვრობ. პატარა ქოხში ვწერ.
  • ანუ მეორე ტომსაც უნდა ველოდოთ?
  • დიახ. მასში გავიგებთ, ვინ მოიტაცა ლაპიეტა, მეორე მსხვერპლი. წიგნი გამოვა… როდესაც დავწერ.
  • წერის გარდა, კვლავ გიყვართ ხმამაღლა კითხვა?
  • დიდი ხნის განმავლობაში ვაკითხებდი ჩემს მოსწავლეებს და ზოგჯერ სკოლებშიც ვბრუნდები ამისთვის. სასწრაფოდ უნდა შემოვურიგოთ მოზარდები ლიტერატურას, ვაგრძნობინოთ მათ მარტოობასა და სიმყუდროვეში კითხვის სიამოვნება. ერთხელ ძველ მოსწავლეს შევხვდი და მან მითხრა: „მე კომერციული ხაზის პილოტი გავხდი, ავტოპილოტს ჩავრთავ ხოლმე და ვკითხულობ!“ მივუგე, შენს თვითმფრინავში არასდროს ჩავჯდები-მეთქი…
  • თქვენი პერსონაჟი ლაპიეტა, რომელიც დიდ პარაშუტს იღებს საწარმოს მმართველობის მერე, აღგაშფოთებთ?
  • მე რეალობას აღვწერ ისე, როგორც სინამდვილეშია. საწარმოების გაქრობას განსჯიან. გარკვეული რაოდენობის ლაპიეტები არსებობენ. და აგრეთვე მინისტრები, ბიუჯეტიდან რომ იღებენ ხელფასს და თავიანთ ქონებას ფინანსურ სამოთხეებში მალავენ. მაგრამ როგორც კი ამგვარ რამეებს შეახსენებენ, მაშინვე მემარცხენეები ხდებიან.
  • თქვენ წერთ ტელერეალობაზეც, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟი ხანგრძლივად აკრიტიკებს.
  • მაგრამ ეს ჩემი აჯანყებული პერსონაჟი, ალსესტი, მწერალია. მე არასდროს მოვქცეულვარ ასე! მე ეს უფრო მართობს.
  • ეს ცნობილი ალსესტი, რომელიც კიცხავს თავის ოჯახს, იმაზე წერს, რასაც თქვენ „ჭეშმარიტ სიმართლეს“ უწოდებთ. ავტოფიქცია გაღიზიანებთ?
  • დედოფალმა ზაბომ, გამომცემელმა, რომელთანაც მუშაობს მალოსენი, შეამჩნია, რომ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კრებულებს აღარ ყიდულობენ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. მან ისინი ინდივიდუალური ლიტერატურით ჩაანაცვლა. მიგნებაა! უცნაური ის იყო, რომ ალსესტს დაუპირისპირდა მალოსენი, პოპულარული ენით დაწერილი ლიტერატურის პერსონაჟი. პირადად მე მიყვარს ავტოფიქცია. ზოგი მწერალი, ანი ერნოს მსგავსად, რომლებიც მუდმივად გასაგებად წერენ, ძალზე საინტერესოა. ყველაფრის აწონ-დაწონა არ მიყვარს! მაგრამ არ დაგისახელებთ. უფრო ის მაღიზიანებს, ჟურნალისტები რომ ცდილობენ გამოქექონ, ეს ავტორები მართალ ამბებს წერენ თუ არა!

 –    წარმოდგენილი გქონდათ თუ არა ჭეშმარიტების ფუნდამენტალისტი მწერლის ნიმუში?

  • ჩემი ნიმუში იყო დოგმატური მწერალი, და ამჯერად მინდოდა, ჭეშმარიტი მწერლობის სფეროსკენ გადამეხარა. „პროზის გამყიდველში“ უკვე გამოვიყვანე დოგმატური მწერალი, მაგრამ კაპიტალისტური რეალიზმის სფეროში. მას ერქვა ჯ.ლ. ბაბელი, ძალიან ჰგავდა სულიცერს, მაგრამ ის არ ყოფილა. ალსესტის შემთხვევაშიც პრინციპი იგივეა: ეს არ არის პორტრეტი, ეს ტიპია. ლიტერატურაში რაიმე თვალსაზრისის გამოთქმისთანავე, თვითონვე ლიტერატურულ პერსონაჟად ვიქცევით. საინტერესოა არა ამა თუ იმ ტიპის ლიტერატურის მწერლის აღწერა, არამედ იმ ავტორისა, რომელიც იყინება საკუთარ დოგმაში, ანუ გაუცნობიერებლად გარდაიქმნება ლიტერატურულ პერსონაჟად.
  • თქვენ თვითონ ხომ არ გიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ ასე გემართებოდათ, ანდა შესაძლოა, „ტიპად“ ქცეულიყავით?
  • არა მგონია. მაშინ, როდესაც შესაძლოა, მხოლოდ მალოსენს დავმსგავსებოდი, სხვა რამით დავინტერესდი: ხმამაღლა ვკითხულობდი თხზულებას „რომანივით საკითხავი“, „დიქტატორს და ჰამაკს“ კი – მრავალ ხმაში, პედაგოგიკას ჩავუღრმავდი „სკოლის სევდაში“, კომიქსები დავწერე – „დებოში“ და „განსაკუთრებული სიყვარული“. ამათგან სრულიად განსხვავებული ნაწარმოებების წერაც მსურდა. საერთოდ, არც ისე დოგმატური ვარ.
  • „მალოსენისეული მუსიკა“ ადვილად დაგიბრუნდათ?
  • დიახ, აფერისტი პერსონაჟი ლაპიეტას და მისი მუდმივი მონოლოგით. აქაც შეგიძლიათ გაიხსენოთ ვინმე ბერნარ ტაპი, მედია-საშუალებები სულ თვალებში რომ გვთხრიან ამ ადამიანებს – ადამიანური ტიპები, რომლებიც ლიტერატურული ტიპები არიან, რადგან ძალიან ადრევე თავი საკუთარ თავად წარმოიდგინეს. ეს ლაპიეტა მომეწონა. ის ხარია, ამავდროულად ჰიპერაქტიური თეორეტიკოსი და დაუოკებელი ოხუნჯი. ლაღი არამზადაა. ეს ვერაგობის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ მას ღირსებებიც აქვს. ის ძალიან შეყვარებულია, ყოველ შემთხვევაში ეს იქიდან ჩანს, თუ თავისი ცოლის როგორ სახებას ქმნის. რა თქმა უნდა, არ არის გადარეული ალტრუისტი, პირველი მტაცებელია, მაგრამ სამყაროსადმი ერთგვარ ინტერესს ავლენს – სამყაროსადმი, რომელიც ისეთია, როგორსაც ის შეეფერება და რომელიც მას შეესაბამება. წიგნის მთავარი იდეა ამ ლაპიეტას გატაცებაა. ვიცოდი, ვინ გაიტაცა და რატომ. საინტერესოდ მეჩვენებოდა რომანის დაწერა ამ შემთხვევიდან გამომდინარე. სხვა რამ, რაც მართლა მაინტერესებდა, მალოსენის საქმეა: ამ ტომში ის გამომცემლობა „ტალიონში“ მუშაობს, და „ჭეშმარიტი სიმართლის“ მწერლებს იცავს მათი აღიარებებით გამოწვეული თავდასხმებისგან: ვიღაც ტიპებს სურთ მისი დასახიჩრება, მოკვლა… ამიტომ საჭიროა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სახალისო იყო განსხვავების გადმოცემა ფანტაზიებით აღსავსე თხრობით სტილსა და მეორეს სტილს შორის, რომელიც რეალობის გულმოდგინე ანალიზს მოითხოვს.
  • თქვენ თვითონ, განსაკუთრებული სტილით რომ დაწერეთ „სკოლის სევდა“, თუ ბრძანდებით „ჭეშმარიტი სიმართლის“ წინააღმდეგი?
  • არა, არა, მონტენი, რუსო, ანი ერნო მიწევენ კომპანიას.
  • მგონი, ლიონელ დურუასთან მეგობრობთ, ვინც ამის ცნობილი წარმომადგენელია…
  • დიახ, ლიონელი და მისი ოჯახი გადავიდნენ იმ ბინაში, სადაც იქამდე მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით. მაგრამ ავტოფიქციის ჟანრში ანი ერნოს ნამუშევარი უფრო მაინტერესებს. ანი ერნოს სტილი საოცრად ამაღელვებელია… გავიმეორებ, რომ ალსესტი არ არის ესა თუ ის ავტორი, ის მწერლის ლიტერატურული პერსონაჟია, ვისაც თავი საკუთარ კერპად მიაჩნია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რანაირ ლიტერატურას წერს. იმ წუთიდან, როდესაც თავს მივიჩნევთ იმად, რასაც ვქადაგებთ,  მოლიერის პერსონაჟად ვიქცევით.
  • ჩვენ წარმოსახვაში ქვენ ხუმრობთ წერისას… მაგალითად, იმ სცენაში, როდესაც პოლიციელები შეკეთებულ სიგარეტს ეწევიან.
  • ყველაზე მეტად ის მომენტები მართობს, რომლებიც მე თვითონ მაოცებს. მაგალითად, იმ სცენაში, რომელიც ახსენეთ, მძღოლის აღმოჩენა მომწონს: სულაც არ მოველოდი, რომ ეს ჯეელი მანენი მნიშვნელოვან პერსონაჟად იქცეოდა. როდესაც ტიტუსი ამ ახალგაზრდა კაცის ხასხასა წითელ ყურებს ხედავს, მას შეკითხვებს აძლევს და ამჩნევს (და იმავდროულად მეც ვამჩნევ), რომ ეს ყმაწვილი თავის დროს აღარ ეკუთვნის. უეცრად, მათი დიალოგი მართობს: მოხუცი კაცი ეკითხება ახალგაზრდას: „და მიტერანი?“ პასუხი: „ეს რესპუბლიკის პრეზიდენტია! ზუსტად ომის მერე, წინააღმდეგობა და ასეთი რამეები…“ ჰოდა, ტიტუსი თავის მოხუც კოლეგას მიუბრუნდება: არ აფორიაქდე, მენოტიე, ჩვენ გარდავიცვალეთ. კარგად ხედავ, რომ აღარ ვარსებობთ. მის გარდა ცოცხალი აღარავინ არის ამ მანქანაში!“
  • მიტერანი, კლაუდია კარდინალე თუ სერჯიო ლეონე „ანტიკვარული მოგონებებია“. ნუთუ ეს ნიშნავს თუ ამჟღავნებს ერთგვარ მელანქოლიურ განწყობას?
  • დიახ, მაგრამ არა ნაღვლიანს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემმა ცხოვრებამ ასე გაიარა [ის თითებს ატკაცუნებს კმაყოფილების ნიშნად]. 72 წლისა ვარ, მაგრამ მგონია, რომ გასულ კვირას 18 წლისა ვიყავი. და თანაც ყველაფერი ასე იყო [ისევ ატკაცუნებს თითებს]. ზოგჯერ განსხვავების შეგრძნება ჩემს თაობასა და ჩემი ნათლულების, ან ჩემი ქალიშვილის თაობას შორის, გამაოგნებელ ეფექტს ახდენს, რაც მაცინებს.
  • მაგალითად?
  • სწორედ ეს დიალოგი, რომელიც მართლა გაიმართა: „მიტერანი?“ ყმაწვილი მპასუხობს: ვიცი, პრეზიდენტი იყო!“ ვამბობ: „ჰო, მაგრამ მაინც!“ და ის მაშინვე დასძენს: „პრეზიდენტი ზუსტად ომის მერე, განთავისუფლება და ასეთი რამეები…“ ჩემი გაოგნება მართობს. სხვა მაგალითსაც მოგიყვანთ. რელიგიური საქმიანობა ამიერიდან სოციალურ საქმიანობად აღიქმება. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ჩემს ნათლულთან სტუმრობისას, პროტესტანტი მამა, რომლის ცოლიც კათოლიკეა, 12 წლის ვაჟიშვილს ეკითხება: „კი, მაგრამ შენთვის რა არის რელიგიები?“ ბიჭი პასუხობს: „არიან მუსლიმები და არიან ებრაელები, სულ ეს არის“. ეს ნიშნავს, რომ ამ ყმაწვილს ინტერნეტშიც და ტელევიზორშიც მხოლოდ ამ ორ რელიგიაზე ესმის საუბარი. და თუმცა მშობლებმა მას ასწავლეს საკუთარი რელიგიური მითოლოგია – მან მშვენივრად იცის, ვინ არიან ქრისტე და მოციქულები – ის არ აღიქვამს ქრისტიანობას, როგორც სოციალურ მოვლენას. მედია-საშუალებები მას ხომ მხოლოდ მუსლიმებსა და ებრაელებზე, მათ კონფლიქტებზე უყვებიან. მისი პასუხი სრულიად წარმოუდგენელია ჩემს ან თქვენს თაობაში. სწორედ ამ მიზეზით, „მალოსენის საქმეში“, ტიტუსი პატარა მანენს მფარველობს და ცდილობს მის გამოსწორებას.
  • მალოსენი ყოველთვის ჩამორჩებოდა მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს… მაგრამ აქ კი განსაკუთრებით, არა? ის უბედური საერთოდ ვეღარაფერს აკონტროლებს…
  • კიდევ ერთი გასართობია ჩემთვის: ამბავი მოვათხრობინო იმას, ვისაც ის შეემთხვა და წარმოდგენაც არა აქვს ამაზე. მალოსენი მკითხველს უყვება ამბავს, რომელშიც ის ბოლომდეა ჩათრეული, თუმცა თვითონ ვერ ხვდება, მკითხველმა კი იცის. ამან უნდა შექმნას შემაშფოთებელი და, ამავე დროს, სასაცილო ვითარება. ძალზე სახალისოა ამის შეთხზვა.
  • ამ რომანში არის რამდენიმე მინიშნება თავდასხმებსა და საგანგებო მდგომარეობაზე…
  • დიახ, მათ მხედველობაში იღებენ ალსესტი და მალოსენი. ეს მოვლენები ქმნიან ისეთ გარემოს, რომლის შესახებაც დაზარალებულები აშკარად დადუმებას ამჯობინებენ. საფრთხეში ჩავარდნილი საზოგადოებების მდუმარებაში ცრუმორწმუნეობა მოჩანს. ადამიანები ერთდროულად ფხიზლადაც არიან და სიტყვაძვირნიც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე არ ფიქრობენ. მაგრამ ამ თემაზე არ საუბრობენ.
  • და მაინც, გვესმის მელოდია დროის დინებაზე… „სილისტრი სულ უფრო და უფრო უარესად უძლებს ათასწლეულის დასაწყისს“, – ვკითხულობთ აქ, მაგალითად. – თქვენც ასე ფიქრობთ?
  • ტრამპის ფენომენი განვიხილოთ. ის პირწავარდნილი კლოუნია. ის „ბეტმენის“ ბოროტი კაცია. გამოგონილი არსებაა. ანუ რეალობის პროდუქტი, რომელიც ანგარიშში არ ჩაგვიგდია. და ბუმ! უეცრად, აშშ-ს პრეზიდენტად აირჩიეს. მაინც, როდესაც გარკვეულ ასაკს აღწევ, რაც ხდება ჩემს შემთხვევაში, შემზარავია იმის დადგენა, რომ ქრება წარმოების საშუალებები, სუსტდება საშუალო კლასი, აღმოცენდება კიბერნეტიკული ფანტაზმები, თითქმის ყველგან იზრდება ფაშისტური ნააზრევის პოპულარობა. ამასთან ჩვენ, ომისშემდგომი ბუმის განებივრებულ ბავშვებს, გვქონდა პატივი, გადაგვეტანა რამდენიმე ომი, მათ შორის, ჩემს შემთხვევაში, კოლონიური ომებიც, რადგან ძლივს გადავრჩი ალჟირში: ახლა კი არ არის გამორიცხული, რომ ცხოვრება კონფლიქტში დავასრულო… მეორე მხრივ, როდესაც ძალიან შვშფოთდები ხოლმე, ვფიქრობ: „ნუთუ ოდესმე, უბრალოდ, სულელ მოხუცად არ გადავიქცევი?“ ეს ელემენტი თავის როლს თამაშობს. რადგან ჩემს გარშემო ვხედავ უდრეკ ახალგაზრდებს, ვისაც კვლავ აღაშფოთებს ფაქტები, და ვინც ქმედითად რეაგირებს…
  • თქვენი პირველი სევდა?
  • „მე არა ვარ რევოლუციონერი“. რევოლუციონერი არა ვარ, მე ვმოქმედებ! განა რევოლუციონერობაა ვინმეს დადანაშაულება, როდესაც ვხედავთ, ევროპა და საფრანგეთი როგორ უშვებენ, რომ ლტოლვილები ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩონ? იცით რამე SOS Méditerranée-ს შესახებ? ესენი არიან მოხალისე მეზღვაურები, მაშველები, ექიმები; მათ დაიქირავეს გემი იმ ლტოლვილების გადასარჩენად, რომლებიც ლიბიის ტერიტორიული ზღვების საზღვრებთან იხრჩობიან. ამ მოხალისე მაშველებს არც საფრანგეთი ეხმარება, არც ევროპა. ის, რომ ჩვენ წყნარად ვცხოვრობთ და ვუყურებთ ათასობით ადამიანის დახრჩობას ისე, რომ ეს არც მოქმედებს ჩვენზე, ჩვენი ზნეობის დაკარგვას ნიშნავს. მაგრამ მე არა ვარ დაკავებული ამ ზნეობით. მე მირჩევნია, მყისვე ვიმოქმედო, შეძლებისდაგვარად, და მაგალითად, ცოტა რამით დავეხმარო SOS Méditerranée-ს (sosmediterranee.fr). თუმცა, რომ შემეძლოს თქვენი საშუალებით მათზე მცირე ინფორმაციის გადაცემა…
  • თქვენ დაკავშირებული ხართ SOS Méditerranée-სთან?
  • მე მათ შევხვდი გრენობლში, ჩემს ლექციაზე „ლა სიმადში“ (სქოლიო: la Cimade – სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ორგანიზაცია იცავს იმიგრანტთა უფლებებს). იქ ლტოლვილებისთვის ვკითხულობდი ტექსტს, რომელიც დავწერე პატარა წიგნში სახელწოდებით „ისინი ვართ ჩვენ“, რომელიც ახალგაზრდობის წიგნების გამომცემლობამ გამოაქვეყნა „ლა სიმადისთვის“ განკუთვნილი თანხის მოსაგროვებლად. SOS Méditerranée-ს ამ გუნდმა დაიქირავა გემი „აკვარიუსი“, რომლითაც ისინი ცდილობენ ადამიანების გადარჩენას ყოველღე, ყოველგვარი ინსტიტუციონალური დახმარების გარეშე (გარდა პარიზის მერიისა და რომის საზღვაო მაშველთა ორგანიზაციებისა, რომლებიც ლტოლვილებს იღებენ). ამ შემთხვევაში ჩემში ჯანყდება ის, რაც ახალგაზრდობიდან შემრჩა. ერთი მხრივ, ვფიქრობ, სიბერის შიში ხომ არ მაქვს-მეთქი? და მეორე მხრივ, მე ვგრძნობ მათი გადარჩენის ინსტინქტს… მოკლედ, აუცილებელია SOS Méditerranée-ს დახმარება, ისინი მტკიცე, აქტიური, შეგნებული ადამიანები არიან.
  • სხვა რამეებიც აღგაშფოთებთ განსაკუთრებით?
  • ევროპის კულტურული ფიასკო! აი, რა აღმაშფოთებს ჭაბუკურად! სრულიად უგუნურად მიმაჩნია, რომ ევროპა აიგოს ისე, რომ შესაძლო კულტურულ იდენტიფიკაციაზე არავინ იზრუნოს. არცერთ ბავშვს ქუჩაში, არცერთ მოზარდს თავის უბანში დღეს არ შეუძლია თავის გაიგივება ევროპასთან, რომელსაც მათ წარუდგენენ, როგორც „ღირებულებას“ (და რომელიც მართლაც არის!). მაგრამ შესაძლებელი იყო ამ იდენტიფიკაციის რეალიზება კულტურულად. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ევროპა, 80-იანი წლებიდან ჩვენი ბავშვები რომ გაგვეცვალა სკოლიდან სკოლაში, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და ბრიტანეთს შორის. ჩვენ გვეყოლებოდა პოლიგლოტი მოსახლეობა, რომლისთვისაც ახლობელია მეზობელი კულტურები და წეს-ჩვეულებები. ამის ნაცვლად, ჩვენ „ერაზმუს“-ს (სქოლიო: Erasmus – სტუდენტთა გაცვლის საერთაშორისო პროგრამა) ვჯერდებით. ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მოზრდილ სტუდენტებს, ერთგვარად თითქმის „ჩამოყალიბებულებს“. უნდა დაგვეწყო სულ პატარა ბავშვებით, რომელნიც, მაგალითად, თამაშების, საკვების, ენების, მეგობრების, სწავლების საშუალებით შეიცნობდნენ სხვადასხვა კულტურებს, რომლებიც ევროპას შეადგენენ. ამგვარად, შევქმნიდით ევროპულ „ვინაობას“, ანდა სხვათა იდენტურობისადმი სიმპათიას მაინც… ეს არ გავაკეთეთ, რადგან კულტურის სფერო ყოველთვის უკანასკნელი ბორბალია ეკონომიკის ურიკაში. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის აბსურდი და გამანადგურებელია. ცხადია, ამის შედეგია, რთულ პერიოდებში, საკუთარ თავში ჩაღრმავება. რაკი არ შეგვიძლია თავის გაიგივება ჩვენს ევროპელ მეზობლებთან, თავს ვაიგივებთ ჩვენს სოფელთან.
  • ფრანგი ახალგაზრდობა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ის ფენაა, რომელსაც ყველაზე მეტად განუზრახავს ეროვნული ფრონტისთვის ხმის მიცემა
  • ეს ნაწილობრივ ხსნის ამას. დე გოლი ამბობდა: „თიკანივით ვერ ვიხტუნავებთ და ვერ ვიყვირებთ „ევროპა, ევროპა!“. სწორედ ამას ვუკეთებთ ამ ბავშვებს კულტურის თვალსაზრისით: მათ ვუყვირით „ევროპა, ევროპა“, მაგრამ რატომ ევროპა? რა არის ევროპა? 80-იანი წლების მერე მათ ევროპაზე ესმით მხოლოდ თუ თავიანთი მშობლები როგორ აკრიტიკებენ ბიუროკრატიას, სასოფლო-სამეურნეო გადასახადებს, უცხოელების ჩამოსვლას, ბიუროკრატიულ გაუმჭვირვალობას, ლობისტების ძალაუფლებას, აბსურდულ წესებს, სოციალურ განტვირთვას, საერთაშორისო უძლურებას და ა.შ. მათ მხოლოდ ასეთ თემებზე საუბარი ესმით, ჩვენ კი არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავად ნახონ ეს ყველაფერი. უეცრად, „ევროპამ“ დაკარგა თავისი, ნათელი იმედის სტატუსი და განტევების ვაცის ტუნიკა გადაიცვა. გულისწყრომას გამოვხატავთ უცხოელების მიმართ. ძველი სიმღერაა. მემარჯვენეების პროგრესზე წუწუნის ნაცვლად დაუყოვნებლივ უნდა მოვაგვაროთ ეს გაცვლის პოლიტიკა. საზოგადოება ჭრელი უნდა იყოს, სხვაგვარად ფანატიზმის საშველი არ არის.
  • არჩევნებში ხმას აძლევთ?
  • რა თქმა უნდა.
  • ვის?
  • ამჟამად, მემარჯვენეთა განხილვის პრინციპი ცოტა არ იყო, მაშფოთებს. ბევრი ადამიანის მსგავსად, ის მაინც ზუსტად ვიცი, ვის არ მივცემ ხმას.
  • თქვენსმალოსენის საქმეშილაპიეტას მოტაცებას თან სდევს ძალზე მძაფრი მანიფესტი, რომელიც, სახელდობრ, ამხელსპოლიციის ერთგულებას ყველაზე მდიდარი უმცირესობისადმიდამმართველთადმი“, ვინც აწარმოებსღია ომს ღარიბთა წინააღმდეგ“… როგორც ჩანს, თქვენ ძალიან მოგწონთ ეს მანიფესტი.
  • ვის ძალუძს 1946 წლის კონსტიტუციის პრეამბულის კრიტიკა, რომელიც „ყველას აძლევს ღირსეულად ცხოვრების გარანტიას“? პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბაღის ქოხმახია ამ ტექსტის სიდიადესთან შედარებით. ეს იყო საფუძველი, რომელზედაც შეგვეძლო რამის აშენება. ცხადია, დროის გასვლასთან ერთად მოვიდა მონდიალიზაცია, ფინანსიალიზაცია, დემატერიალიზაცია, გაჩნდა საშუალო კლასები იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჩვენი კომფორტისთვის გვერჩივნა, რომ არ გაჩენილიყო, და უეცრად ჩვენს ქვეყნებში ძალაუფლება დაკარგა საშუალო კლასებმა.
  • და შედეგად „ომი“ მათთან, ვისაც „ვეხმარებოდით“… მაგრამ ნუთუ ეს ახალია?
  • არა… ღარიბებზე ყოველთვის ცუდად წერდნენ გაზეთებში. ამის გარანტიას გაძლევთ. მათ შორის მემარჯვენეები. კოლუშს (სქოლიო: მიშელ კოლუჩი, ფსევდონიმი კოლუში, (1944-1986 წწ.); ცნობილი ფრანგი იუმორისტი და მსახიობი. ცნობილი გახდა სარკასტული სტილით, რითაც თანამედროვე საზოგადოების ზნეობრივ ღირებულებებსა და პოლიტიკას აკრიტიკებდა. 1981 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ პოლიტიკური წრეების ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ამაზე უარი ეთქვა. 1985 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, დააარსა „გულის რესტორნების“ ასოციაცია, ყველაზე ღატაკების დასახმარებლად.) ჰკითხეთ.
  • საიდან არის თქვენში ამგვარი ანარქიზმი?
  • ალბათ, იუდეო-ქრისტიანული ფესვებიდან, თუმცა არცერთი რელიგიის წესებს არ ვიცავ. მე პარადოქსული სამხედროს შვილი ვარ. მამაჩემი მუდამ აბათილებდა დრამატულ წარმოდგენებს. ის იყო პოლიტექნიკოსი, არტილერიის გენერალი. დაიბადა კანტალში, სადაც ძალიან სციოდა, და შევიდა კოლონიურ არმიაში, რათა ძალიან დასცხომოდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ასე გვიხსნიდა. როდესაც 22 წლისა პირველ თანამდებობაზე დანიშნეს ტონკინის და ჩინეთის საზღვარზე, იქიდან მომავალ სიძეს მისწერა: „ამ ქვეყანაში ოცდაათ წელზე მეტხანს არ დავრჩებით, აქ შეგვაქვს ყველაფერი, რასაც სიჩლუნგით ვაკეთებთ და ა.შ.“. ამ მოდელით ხელმძღვანელობს მმართველი კორენსონი „მალოსენში“; ტიპი, რომელიც სისტემაში მუშაობს, მაგრამ გამჭრიახი რჩება. მამაჩემი ამავე წერილში დასძენდა: „ალჟირი გადარჩება, 150 წელზე მეტად ქვეყანაში ვერ დარჩები დაუსჯელად ისე, რომ მოსახლეობას არ შეერიო“. (იულიუს კეისარი მას ალბათ, არ დაეთანხმებოდა, მაგრამ ეს აზრი თავისთავად არც ისე ცუდი იყო).
  • ბავშვობაში კატეხიზმოს სწავლობდით?
  • დიახ, ზიარებამდე, მაგრამ ჩემი მშობლები ამ სფეროში თავისუფლებას მაძლევდნენ. არა, ჩემი თვალსაზრისი სამყაროზე უფრო კლასიკურად მომდინარეობს ჩემი განათლებიდან, მაგალითად, მონტესკიეს და სხვა განმანათლებლების კითხვიდან… მე მგონია, რომ ჩემი მეზობლის კარგად ყოფნა ჩემი კარგად ყოფნის აუცილებელი პირობაა. რაკი ეს ჰორიზონტალური რწმენა გვასაზრდოებს, შესაძლებელია კატასტროფების თავიდან აცილება…
  • თქვენი საყვარელი წიგნი…
  • ჟან მარი ლაკლავეტინის „და მე ვიცოდი, რომ ეს განძი ჩემთვის იყო“ (გამომცემლობა „გალიმარი“). ერთი კაცი და ქალი ერთმანეთს უამბობენ რომანების დასაწყისს საშინელი შეთანხმებით: თუ რომელიმე მათგანს აღარაფერი ექნება მოსაყოლი, მეორე მას მიატოვებს. კაცი წააგებს, ქალი მიდის. ერთ დღესაც კაცი აღმოაჩენს, რომ ქალი კომაშია. მის სასთუმალთან იგი ყველა იმ რომანის დასაწყისს განაგრძობს, ერთმანეთს რომ უამბობდნენ. ეს არის საოცარი ოსტატობით დაწერილი, უჩვეულო რომანების გამოგონების დღესასწაული.
  • როდესაც თქვენს წიგნებს ვკითხულობთ ნათესაობის შესახებ ფრანსუა ფილონის მსჯელობის მოსმენის მერე, თვალში გვხვდება, თუ რა გატაცებით აღწერთ სრულიად დაშლილ ოჯახებს, რომლებშიც, ამის მიუხედავად, პიროვნებები კარგად ვითარდებიან. ეს საიდან მომდინარეობს?
  • ჯერ ერთი, მე ყოველთვის ბევრ ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი. სამი ძმა მყავდა. ორი მათგანი ათიოდე წლით უფროსი იყო ჩემზე, ამან კი, ბერნარმა, ვინც ჩემთან ერთად არის ამ ფოტოზე (ფოტოზე საწერი მაგიდის ზემოთ, ორ ბიჭუნას ვხედავთ ქვის კედელზე), ერთგვარად აღმზარდა. ის ჩემზე 5 წლით იყო უფროსი. ხელის თითებივით ახლობლები ვიყავით, რამდენიმე წლის წინ დავკარგე… გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სეირნობისას, ვიგონებდით, ოდესმე თუ გვიჩხუბია: და შევამჩნიეთ, რომ ცხოვრებაში არასოდეს გვიკამათია. იმდენად, რომ ბავშვობაში ჩხუბის რიტუალებს ვიგონებდით და ასე ვთამაშობდით. მაგალითად, სამხრობისას, განზრახ უხეშად ვუბრძანებდი: ბერნარ, ჩემი სამხარი!“ ის მპასუხობდა: „გამოსულელდი? ცოტა თავაზიანად, თუ შეიძლება“. მე ისევ ვეტყოდი: „ბერნარ, გეთაყვა, სამხარს მომიმზადებ?“ დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვთამაშობდით და ეს მთავრდებოდა ამ სიტყვებით: „უძვირფასესო ბერნარ, ხომ არ დამთანხმდებოდი, შენი „გულუხვობის“ სიმაღლიდან, თვალი შეგევლო ისეთ საბრალო დამშეული მატლისთვის, როგორიც მე ვარ…“ მერე მე-5 კლასიდან სკოლის დასრულებამდე პანსიონში ვსწავლობდი. შემდეგ, როგორც მასწავლებელი, პანსიონში ვცხოვრობდი ჩემს, სწავლაში ჩამორჩენილ, მოსწავლეებთან ერთად. ამ ყველაფერმა ჩამომიყალიბა კოლექტიურობის შეგრძნება და შემაყვარა ერთად ჰარმონიულად ცხოვრება. ვფიქრობ, მალოსენების ოჯახი ჩემი ამ სამგვარი გამოცდილებიდან წარმოიშვა. მეორე მხრივ, მალოსენებთან ვხედავთ უკიდურეს მარტოსულობას, რაც ამ კოლექტიური ცხოვრების შედეგია. როდესაც ბავშვობას და მოზარდობას პანსიონატებში ატარებთ, თავისთავად გივითარდებათ თავდაცვის, განმარტოების მძაფრი საჭიროება. ჩემს შემთხვევაში ეს მოთხოვნილება დავიკმაყოფილე ვერკორში, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვენი ბელვილისგან. ვერკორი უკაცრიელია. მუდამ მჭირდებოდა ეს განცალკევება, ასევე ჩემს მეუღლესაც. სინამდვილეში, ჩვენ განცალკევება გვირჩევნია. ჩვენ გვაქვს ემოციურად ინტენსიური საზოგადოებრივი ცხოვრება, და ამავე დროს, განმარტოების, სიჩუმის მოთხოვნილება. ვერკორში სიწყნარეა. ქარის ხმაური აქტიური სიწყნარეა.
  • როგორ აღწერდით ვერკორს?
  • კირქვის მთის მასივია, საშუალოდ 1000 თუ 1200 მეტრი სიმაღლის, სიგრძეში 60, სიგანეში კი – 30 კილომეტრი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული, სადაც უბერავს მისტრალი, რომელსაც იქ, მაღლა, ბურლას უწოდებენ. კლიმატი ზოგჯერ უკიდურესად მკაცრია. იქ ცხოვრება ძალიან რთულია, საოცრად ლამაზ გარემოში ცოტა მცხოვრებია. სამხრეთ ვერკორში, სადაც მალოსენმა დაიდო ბინა ჟულისთან ერთად, 2000 ადამიანი ცხოვრობს 900 კმ ეს ძალზე მცირეა
  • იქ მართლა ბევრი მოცვია, როგორც „მალოსენის საქმეში“ წერთ?
  • ბოლო წლებში ნაკლებია. ძროხებმა შეჭამეს ჩვენს კუთვნილ ჰექტრებზე. ჩემს მეგობარ რობერს გაჩვენებთ! ნახავთ. ჩემი პერსონაჟები აქ არიან… [თავის ტელეფონში ეძებს ფოტოებს]. აი, ნახეთ, ეს ფიცრული ქოხი ჩემი საზაფხულო კაბინეტია.
  • ჰამაკით… და აქ მუშაობთ თქვენს ლეპტოპზე?
  • დიახ, მაგრამ ზემოთ, ტყეშიც, ჩემი მეგობარი მეტყევის, დედეს ქოხშიც. იქ მივდივარ სამუშაოდ, როდესაც ჩვენს სახლში ბევრი ადამიანია. სწორედ იქ მალავს მალოსენი ალსესტს. [ფოტოს მაჩვენებს] აი, ნახეთ, რობერი მოცვით ხელში… ჩემი ქალიშვილი ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ჩამოდიოდა. პატარა ბავშვებისთვის ვერკორი დიდებულია: უზარმაზარი სივრცე, სიწყნარე, ვარსკვლავები, მთები, ცხოველები, ქარი… ჩემი ცოლი მათ ხანგრძლივად აძებნინებდა ხოლმე განძს, თოვლში, შუა ზამთარში… ჰოდა, მე წარმოვიდგინე, რომ მალოსენის ბავშვები – ვერდანი, „ეს ანგელოზია“, „ბატონი მალოსენი“ და მარაკუია – აქ გაიზარდნენ. ამიტომ ისინი განსაკუთრებული ბავშვები არიან. რადგან ცხოველების სათვალთვალო ქოხი ტყეში, რომელზეც რომანში ვწერ, რა თქმა უნდა, არსებობს. იქ არიან ირმები, თხები, მელიები, მაჩვები, მტაცებელი ფრინველები… და მართალია, რომ ტახები თხილის გულს ნაჭუჭის გაუტეხავად ჭამენ. ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებენ.
  • ბოლო 30 წელი იქ ცხოვრობდით…
  • დიახ, ყოველ ზაფხულს და ცოტა ხანს ზამთარში [ფოტო]. ხომ ხედავთ, უკაცრიელი ადგილია. თითქმის სულ ქარი ქრის, ან ჩრდილოეთისა, ან სიროკო. ქარი რომ ჩადგება, ვერკორელები ამას სიფხიზლეს უწოდებენ – სიფხიზლის დროს. ეს დღეები ვერკორში სამოთხეა!
  • თქვენი სახლიდან მოჩანს ველი და მთები?
  • დიახ, ეს ხედი მოჩანს როშადან, იმ სახლიდან, სადაც დავწერე რომანები მალოსენებზე. აი, ნახეთ, რობერი და მე: სწორედ მისგან შევიძინე ჩვენი სახლი. ძროხას წველიდა, როდესაც ვკითხე:
  • რობერ, მგონი, სამხრეთში იყიდე მიწა?
  • ჰო.
  • იმ მიწაზე არის ფერმა?
  • ჰო.
  • ამ ფერმას აქვს საცხოვრებელი სახლი?
  • ჰო.
  • იმ სახლში აპირებ ცხოვრებას?
  • არა.
  • თუკი არ იცხოვრებ, მომყიდი?
  • ჰო.
  • რამდენი?
  • ახლა, როდესაც მომყიდე, მაჩვენებ?
  • ჰო.
  • მან შეფუთა ხელსაწყოები და წავედით. ჩვენს სახლებს შორის პრონსელის უღელტეხილია, კლიმატის თვალსაზრისით თავისებური. ზაფხულობით ქარიშხალია, ზამთრობით თოვლის ნამქერი. იმ დღეს წვიმდა. მე მანქანას ვატარებდი, რობერი ჩემს გვერდით იჯდა, სრულიად მდუმარე, და მე ხუმრობა დავიწყე: „ნეტავ, ჩემნაირი დახვეწილი პარიზელი რისთვის ჩამოვიდა ამ საძაგელ მხარეში, სადაც სულ წვიმს, ყიდულობს სახლს, რომელიც არც კი უნახავს, მდუმარე გლეხისგან, ძროხას რომ წველის, ალბათ, გავგიჟდი…“ სამხრეთის პლატოზე მივედით, და მზის სამმა სხივმა პეიზაჟი გაანათა. რობერმა საზეიმოდ განაცხადა: „აბა, შეავლე თვალი, შე კრეტინო, რა მიჰყიდა დახვეწილ პარიზელს მუნჯმა, რომელიც ძროხას წველის: მე სახლი კი არა, კატეხიზმოს ყდა მოგყიდე!“ ეს ჭეშმარიტება იყო: ჩვენს ბავშვობაში კატეხიზმოს ყდაზე სულიწმინდა მტრედის სახით იყო გამოსახული ღვთიური ნათელის სამი სხივით… [სხვა ფოტოები] აი, აქ შევარდნის ერთ-ერთი სახეობა იბადება: 5 თუ 6 ყოველ წელს. აი, ნახეთ, ეს უკანასკნელია, მისი და-ძმები უკვე გაფრინდნენ. თავს ცუდად გრძნობს. აი, სანამ ბარტყები  იყვნენ. მათი ბუდე სარკმელშია, ჩვენი ოთახის მოპირდაპირე მხარეს. არ არსებობს რამე შევარდნების ბუდეზე უფრო მარტივად გაკეთებული. მათ რომ ვუახლოვდებით, ბუმბულს აიშლიან ხოლმე, რომ ჩვენზე შთაბეჭდილება მოხდინონ. გარეთ ისინი შეებრძოლებიან ყვავებს  და კაჭკაჭებსაც, რომლებიც დათბობის მერე, ცოტა ხნის წინ მოფრინდნენ. ბუნებრივია, ეს პატარა არამზადები კვერცხებს შეუჭამენ კაჭკაჭებს და ყვავებს, რომლებიც მათ ვერ უგებენ.
  • წიგნის დასაწყისში ალსესტი ეუბნება მალოსენს: „უმნიშვნელო ამბებისადმი წინააღმდეგობის გაწევა წინააღმდეგობის მონაწილე პატრიოტად არ გაქცევს…“
  • დიახ, მალოსენი უდავოდ არის ანტი-მომხმარებელი, და საერთოდ არ აინტერესებს მედიის ამბები. თუმცა დილაობით ინფორმაციების გაგება აღვიძებს, რაკი ჟულია ჟურნალისტია. მაგრამ სულ ეს არის. ეს აღიზიანებს ალსესტს, რომელიც რეალობას აღმერთებს.
  • და თქვენ უფრო მალოსენს ჰგავხართ ამ მხრივ?
  • დიახ, მე საკმაოდ იშვიათად ვუსმენ ახალ ამბებს. მოზარდები რომ ვიყავით, მე და ჩემი ძმა ძაღლებს ვასეირნებდით ვანსის უღელტეხილზე, სრულიად უკაცრიელ პლატოზე. ასეთი გართობა გვყოფნიდა. ჩემი ვერკორი ამჟამად ამ ბავშვობის მოგონებაა. სინამდვილეში, სიჩუმე ჩემთვის აბსოლუტურად აუცილებელია. განსაკუთრებით მუშაობისას. იქ, მაღლა, ინტერნეტი არა მაქვს. როცა მჭირდება, კაფეებში ან რობერთან მივდივარ. მობილურები არც ისე კარგად, მაგრამ მაინც იჭერს.
  • მაინც გაცდუნებთ უკაცრიელი ადგილი… როგორც ალსესტს მოლიერთან?
  • დიახ, ჩემი ალსესტი მართალია, როდესაც მალოსენს ეუბნება: „გმირობა ადამიანის გაძლებაა“. ის მართალია, მაგრამ არ მანაღვლებს. და თანაც, მისი მოქადაგის ხასიათი და გაწონასწორებულობა აღიზიანებს მალოსენს. [ფოტო] აი, მწერლის და კატის არქეტიპული ფოტო… კნუტი იქ ვიპოვე, ცოცხალ-მკვდარი. იქამდე ცოტა ხნის წინ კატის თავი ვნახეთ ახლომდებარე მინდორში: მელია ან ქრცვინი გაუსწორდა. და აი, კატა, რომელსაც არ სურს, რომ მწერალმა იმუშაოს: პირდაპირ კომპიუტერის კლავიატურაზე ჯდება.
  • თქვენი დამოკიდებულება საფრანგეთის დასავლეთთან.
  • ჩემი მეუღლე, რომელიც საბავშვო წიგნებს წერს, ბრეტანიდან არის. ასე რომ, რეგულარულად მივემგზავრებით კიმპერში. ძალიან მიყვარს ბრეტანის მშვენიერი მხარე, ისე სასიამოვნოა იქ ყოფნა! მომწონს გარდამავალი ფერები, ზღვა, ბრეტონული აქცენტი.
  • დავუბრუნდეთ ფრაზას „წინააღმდეგობაზე“. ისეთ ადგილას, როგორიც ვერკორია, ის განსაკუთრებულად ჟღერს, მძაფრ მნიშვნელობას იძენს…
  • ვასიე-ან-ვერკორი ერთ-ერთია საფრანგეთის ხუთი კომუნიდან, რომელთაც უწოდებენ „გათავისუფლების კომპანიონს“ (პარიზთან, ნანტთან, გრენობლთან და ილ-დე-სენთან ერთად). ვერკორის ისტორია ისეთი რამაა, რაც ერთდროულად აწმყოც არის და ახლობელიც. მოთხრობები ბრძოლებზე და ბევრი მდუმარება. ისტორიული თარიღია 22 ივლისი, როდესაც გერმანელები დაეშვნენ მიწაზე თავიანთი პლანერებით და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. თუ ვერკორს გაუყვებით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, დაადგენთ, რომ ვასიედან სენ-ჟულიენ-ენ-ვერკორამდე 1940 წლამდე აშენებული ყველა სახლი SS-ელებმა გაანადგურეს, იმათ გარდა, რომლებსაც კომენდატურისთვის ან საბრძოლო მარაგის საწყობად იყენებდნენ. ვილარ-დე-ლანიდან სენ-ჟულიენამდე კი პირიქით, ვერმახტმა გაცილებით ნაკლები სახლი დაანგრია. ვასიეში ნაცისტებმა 450-დან 72 მცხოვრები მოკლეს. აწამებდნენ კიდეც… ველურები იყვნენ, რა. სამხედრო იერარქიამ ისინი დაარწმუნა, რომ „წინააღმდეგობის“ მებრძოლები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და ყველა იქ გაივლიდა, არადა, პარტიზანთა სამყოფელი ტყეები მოკავშირეებმა თითქმის მიატოვეს, რომ არა ვთქვათ უღალატესო. ამის შედეგად ნაცისტებმა უამრავი ადამიანი დახოცეს. ყოველ 22 ივლისს ვინმე ჩამოდის მთავრობიდან ვასიეში ამ ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ალბათ, გსმენიათ ადგილობრივ გმირებზე. ეს ფაბიენ რეი, მაგალითად, მარსელს რომ ეძახიან, ცნობილი იყო იმით, რომ გერმანელები ძალიან შორს წაიყვანა იმ გამოქვაბულებიდან, სადაც ისინი პარტიზანებს ეძებდნენ. მან, ტენტენის მსგავსად, უკუღმა დაიმაგრა ხის ლანჩები ფეხსაცმელებზე. როდესაც მარსელი დააჯილდოვეს, პრეფექტი მასთან მივიდა DS მანქანით. მაგრამ ფერმის ეზოში შესვლისას მძღოლმა ერთ-ერთი მისი ურიცხვი ძაღლთაგანი გაჭყლიტა. მარსელი თავისი თოფით გამოვიდა და ისინი გაყარა. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ თავშესაქცევი ამბავია… ჩემს მეგობარ მიკს ახსოვს, რომ მის ბავშვობაში მარსელი პაპამისს ასმევდა ხოლმე არაყს, რომელშიც გველგესლა ცურავდა.
  • და თქვენ როგორ შეეწინააღმდეგებოდით მაშინ რამე მტანჯველს ან საზიზღარს?
  • მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, მგონი, ვაგებდი არჩევით ოჯახს, ძალზე მრავალფეროვანსა და მყარს. ჩემს მეგობრებს შორის ცოტაა მომხმარებელი. დიახ, მეგობრობამ უდიდესი როლი ითამაშა წინააღმდეგობის მოძრაობაში… რის წინააღმდეგ? დეპრესიის, პოლიტიკური მარაზმის, ყოველმხრივი მომხმარებლობის, მისწრაფებების დაქუცმაცების წინააღმდეგ. მწერლობაც მნიშვნელოვანია. რომანი კავშირს ქმნის, რა თქმა უნდა, ჟანრის დანიშნულების მიხედვით; ადამიანები საუბრობენ რომანტიკაზე და გრძნობებზე, მაგრამ წერა ეული ქმედებაა. ჩვენი ურთიერთობა ლექსიკასთან, გრამატიკასთან, რიტმთან და ბგერასთან სრულიად პირადულია. ის არ ეხება კომუნიკაციას. ამ სიმარტოვის მერე იჭრება მისი საწინააღმდეგო: ვინმე გრეგუარ ლემენაჟი მოდის და ცდილობს, აგალაპარაკოს. და ცდილობ, არ გაუმეორო ის, რაზეც ოცდაათ წელზე მეტია, ლაპარაკობდი…
  • იმ ღირებულებებს რომ დავუბრუნდეთ, რომლებსაც გადმოგვცემს თქვენი თხზულებები: 90-იანი წლების დასასრულს „ფიგარო“ გსაყვედურობდათ, რომ „პოლიტიკურად კეთილსინდისიერი ოქრომჭედელი“ ბრძანდებით, „სათნო“ მასწავლებელს თამაშობთ. ეს პოლიტიკური კორექტულობა დიდი ხანია, სხვა რამემ შეცვალა. თავს უმცირესობის წარმომადგენლად ხომ არ გრძნობთ?
  • ეგ სულ არ მადარდებს. თუმცა „პოლიტიკურად კორექტულის“ საკითხი საინტერესოა. ისევე, როგორც „ბობოს“ კონცეფცია. კანონიერი გახდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება „ბობოს“ დაძახებით. კი, მაგრამ ვინ არის ეს „ბურჟუა-ბოჰემური“ ტიპი? მოქალაქე, რომელიც ოდნავ კულტურის მომხმარებელია, რომელსაც ამის შედეგად გააჩნია გარკვეული კულტურა, რომელიც, ვიმედოვნებთ, მას გონებას უხსნის. რაკი სატირულად აღვწერთ, რა არის „ბობოს“ ალტერნატივა? „მიმილი“, ანუ იგივე, ოღონდ უკულტურო? „ბლინ-ბლინი“: იგივე, თანაც მომხმარებლური? „ბსბჟ“: ლოდენის მანტოთი და მოკასინებით, თავიანთ ტრადიციებში ჩამწყვდეულები? მე SOS Méditerranée-ზე გელაპარაკებოდით… არც „ბსბჟ“, არც „ბლინ-ბლინი“, არც „მიმილი“ მათ არ დაეხმარებიან. „ბობოები“ კი, მთლიანობაში კეთილი ქრისტიანები, დაეხმარებიან.
  • თუმცა რომის პაპი აგულიანებს მათ ამის გასაკეთებლად…
  • კი, ის კარგი პანჩოა (სქოლიო: ფრანცისკო „პანჩო“ ვილლა, 1878-1923 წწ.; მექსიკური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, გენერალი). ერთმა არგენტინელმა მეგობარმა ქალბატონმა მას პანჩო შეარქვა.
  • ასე რომ, თქვენ არ გადარდებთ, თუ რას დაწერდნენ „ფიგაროში“…
  • „ფიგარომ“ მომიძღვნა ერთ-ერთი საუკეთესო კრიტიკული სტატია, რენო მატინიონის დაწერილი, და ერთ-ერთი ყველაზე უარესი ალენ ბოსკეს ხელმოწერით. სასაცილო ამბავს მოგიყვებით მეორესთან დაკავშირებით. მე და ჩემმა მეუღლემ ძილის წინ წავიკითხეთ მისი სტატია, რომელსაც დიდად არ უტკენია გული, და მეორე დილით, გაღვიძებისთანავე რადიოდან გვესმის, რომ ბუსკე მოკლეს. ძილ-ბურანში, ჩემმა ცოლმა წაილუღლუღა: „ო, პოლიციელები ნამდვილად დაგვკითხავენ!“ ბოსკე აერია ბუსკეში. არა, „სათნო პენაკის“ თემა ფინკელკრაუტის გესლნარევი სიტყვებია წიგნის „რომანივით“ გამოქვეყნების მერე. მაშინ ის საკმაოდ ხშირად მომიხსენიებდა თავის ცნობილ წერილებში, რომლებშიც ადამიანთა  შემრიგებლურ ტენდენციებს კიცხავდა. ამ საკითხის განხილვა,  რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. მე ვიყავი მასწავლებელი, რომელიც შეეჯახა მოსწავლეებს, ვისაც სწავლა უჭირდათ. მათი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყო შიში. მათ შორის ყველაზე აგრესიულებსაც კი ეშინოდათ, ძირითადად, იმისა, უფროსების თვალში სულელებად არ გამოჩენილიყვნენ. საკუთარ თავში იკეტებოდნენ. საშინლად ჩამორჩენილები იყვნენ სწავლაში. როგორ უნდა მეშველა მათთვის? როგორ ამეფეთქებინა ეს ციხე? როგორ მომეხერხებინა, რომ მათ თავისთვის სწავლის უფლება მიეცათ? ეს გულისხმობს ისეთ პედაგოგიურ აზროვნებას და პრაქტიკას, რომელსაც ფინკელკრაუტის ფორიაქი დიდად არ უწყობს ხელს. მე გადავწყვიტე მათ სწავლის შიშთან შებრძოლება, რათა დიდი ტექსტების პირისპირ შეეწყვიტათ ფიქრი: „ეს ჩემთვის არ არის“. ამან გამოწვია „სათნო მასწავლებლის“ კარიკატურა. ეს იმგვარი გამარტივებაა, როგორც ამჟამად ვინმესთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად, მოწყალე  ღიმილით რომ იტყვიან „მემარცხენეაო“.
  • ანუ აღიარებთ, რომ თქვენი იდეები, რომლებიც მართლაც, უფრო დომინანტური იყო 80-იან წლებში, ახლა არც ისე მნიშვნელოვანია…
  • მართალია, უმნიშვნელო გახდა. და სწორედ ამიტომ „SOS Méditerranée“-ს მოხალისეები იძულებულნი არიან თავიანთ გემზე დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე, გადაარჩინონ ადამიანები, ათასობით რომ იხრჩობიან.
  • და თქვენმა თაობამ, რომელმაც ეს ღირებულებები შეითვისა 60-იანი წლების ბოლოს, ვერ შეძლო მათი უკეთ გადაცემა მათთვის?
  • ეს იგივეა, რომ მკითხოთ: რატომ ხდება, რომ სახარების მიხედვით არ ცხოვრობენ? 2000 წელია, ასე გრძელდება. თუმცა ათი მცნება: არ მოკლა, არ მოიპარო, მშობლებს პატივი ეცი… არც ისე ცუდი სოციალური ბაზისი იყო, არა? იგივე ფარდობითად – ცოტა მოკალი, ნაკლები მოიპარე, მშობლები აიტანე – ცუდად მოქმედებს. განა ეს არის მიზეზი, რომ მათზე უარი ვთქვათ?
  • და მაინც, 1968 წლის იდეები ახლა ნაკლებ მიმზიდველია…
  • საინტერესოა ეს შენიშვნა „მიმზიდველობაზე“. ამაში არის რაღაც კომერციული. ყმაწვილმა იცის, რომ მიმზიდველია. ამაზე ვწერ „სკოლის სევდაში“: როდესაც მესმის, მოზარდები როგორ მელაპარაკებიან თავიანთ ფეხსაცმლის მარკაზე ისე, რომ სიტყვა ფეხსაცმელს ვერ იხსენებენ, ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, ძლიერია „მიმზიდველობაში“ მეტოქეობა 1968 წელთან…

იანვარი, 2017 წ. „ობსერვატორი“

© არილი

Facebook Comments Box