პოეზია

თემურ  ჩხეტიანი – “მთელი 180 გრადუსით” და სხვ. ლექსები


მთელი 180 გრადუსით

                                      ჩემს ძმას – ზურაბს

ღამის გზა, ცივი იანვარი…
მანქანის საჭე და მელოდია მანქანის რადიოდან –
თითქოს არსაიდან,
თითქოს არსაით –
მარტოს გზა, მარტოს სითბო, მარტოს მუსიკა.

და უცებ
გზაზე გადარბენილი რაღაც –
ძაღლი? კატა?..
და ინსტინქტურად – ტერფი მუხრუჭზე –
მკვეთრად და დაუფიქრებლად.
და მანქანა ეგრევე ცურდება მოყინულზე,
ერთბაშად ტრიალდება მთელი 180 გრადუსით
და უკუსვლით მიექანება გზიდან –
ხრამისკენ და გაურკვევლობისაკენ.

სულ ორიოდე წამში ხდება ეს
და რა ხდება, ცხადია, ვერ ხვდები.
ბოლოს რაღაც ძლიერი დარტყმა და მანქანა ჩერდება.
შენც ჩერდები, სულს ითქვამ და უკვე ხედავ:
გზის მეორე მხარეს ჩერდება მანქანა,
გადმოდის ვიღაც და შენკენ გამორბის,
და ამასობაში შენც აღებ კარს.
ის მოდის, გიყურებს, გეკითხება:
– როგორ ხარ? ხომ არაფერი გეტკინა?..
თავს გააქნევ,
გადმოდიხარ და ერთმანეთს გადაეხვევით,
მერე რა, თუ უცხო ხარ და შენთვისაც უცხოა !..

მიმოიხედავთ…
თითქოს ღმერთის დაკოჟრილი ხელიაო,
მანქანა გზისპირის ხეს შეუჩერებია
და ამის იქით აღარ გაუშვია.
მერე შენ და ის უცნობი სიგარეტს უკიდებთ –
შენსას თუ მისას, რა მნიშვნელობა აქვს?-
ეწევით სიგარეტს და გზისპირის სინათლეზე
ჩანს თქვენი სუნთქვა:
ორთქლად თუ კვამლად,
ორთქლად თუ კვამლად…

მათიას უნგერს

ეს 20-22 წლის წინანდელი ამბავია,
გასული საუკუნის 90-იანი წლების ამბავი;
ამბავი იმ დროისა,
როცა ჩვენ ყველანაირად ღრმად ვიყავით ჩაფლულნი ცუდ ამბებში
და არც ვიცოდით,
იქიდან თავი რანაირად უნდა დაგვეღწია.
ყველგან შიში,
ყველგან უნდობლობა,
გაჭირვება –
სინათლე არ იყო, იმედიც არ ჩანდა.

ერთ შაბათ დილას გვესტუმრნენ ისინი,
სამნი:
ანდრეასი, პეტერი, იზო –
ორი გერმანელი ახალგაზრდა
(ერთი – მწითური, მეორე – ჩვენფერი),
მესამე კი ქართველი, ნაცნობი ქალიშვილი,
ამჯერად უცხოელთა გიდად თუ თანმხლებლად:

– დავით გარეჯისკენ გვაქვს გეზი,
აქეთკენ მოვხვდით
და თქვენთანაც შემოვიარეთო.
სტუმარი ყოველთვის გვიყვარდა და გვიხაროდა –
მივიღეთ და გადავეხვიეთ.
იმ დროს სახლში ჩვენც სამნი ვიყავით.

დედა და მამა დაფაცურდნენ,
მე კი მეორე სართულზე ავიპატიჟე სტუმრები მცირე ხნით,
ვიდრე ჩემი მოხუცები სუფრის თადარიგს დაიჭერდნენ.

ჩემს ოთახში ვისხედით და ვლაპარაკობდით:
მე – ქართულად, ისინი – ინგლისურად.
იზო გვითარგმნიდა მეც და იმათაც,
და ჩემს ხუმრობაზე გულიანად იცინოდა,
ის ბიჭები კი მორიდებით იღიმებოდნენ.

მე კი იმაზე გამეცინა, როცა ახსენეს,
საქართველოში ჭაობებს ვიკვლევთ –
საინტერესო ჭაობებია თქვენს ქვეყანაშიო.

ვუთხარი, რასაც ვსაქმიანობდი.
დაინტერესდნენ – წაგვაკითხეო,
მაგრამ როგორ წავაკითხებდი? –
ჩემი ლექსები მხოლოდ ქართულად არსებობდნენ…

სუფრაზე ბევრი არც-რა გვქონდა:
ჩახოხბილი, ყველი, პური…
რაც მთავარია,
ოჯახის ღვინო და… გავხალისდით.

არ მოვერიდე და, ვამბობდი სადღეგრძელოებს –
ამას თუ იმას,
და ყველაფერს ისევ იზო უთარგმნიდა გერმანელ სტუმრებს.
„რაც მტრობას დაუქცევია…“
არც ამის თქმა დამვიწყებია,
ბოლოს,
დიდი გერმანიის
და პატარა საქართველოს სადღეგრძელოც ერთად ავწიეთ
და სუფრა ასე დავასრულეთ –
ეჩქარებოდათ.

ღვინით სავსე სამლიტრიანი მოვათავსეთ
ერთ-ერთის რიუკზაკში,
მათგან ერთმა „ჩესტერფილდის“ ნაკლული კოლოფი დამიტოვა,
რომელსაც მერე კარგა ხანს ვინახავდი.
გადავეხვიეთ ერთმანეთს სტუმარ-მასპინძელი
და ასე დავშორდით.


ჩემო მათიას,
მიმიხვდები, რატომ გავიხსენე
და რატომ გიამბე.
იმ ბიჭებისა უკვე აღარაფერი ვიცი,
ის იზოლდაც, რა ხანია, აღარ მინახავს –
ტელეფონები მაშინ არ გვქონდა,
მათი მისამართებიც, უბრალოდ, მიმეკარგა.

მაგრამ ის დღე მახსოვს,
მახსოვს თანამესუფრეთა სახეები…
და ის ბიჭები ახლა რომ მსტუმრებოდნენ,
არ ვიცი, სუფრას როგორ გავაწყობდი
(რა ხანია, აღარც დედა მყავს და აღარც მამა),
მაგრამ ჩემს ლექსებს
უკვე მათაც წავაკითხებდი
და ქართული პოეზიის წიგნსაც ვაჩუქებდი
მათსავე ენაზე –
გერმანულ ენაზე
თქვენს მიერ გამოცემულს.

Full House *

მიტოვებული ქალები
წერენ ლექსებს და ხატავენ ნატურმორტებს;

მარტო დარჩენილი კაცები
სვამენ ლუდს და თამაშობენ შემორჩენილი გროშებით;

მარტო ბავშვები კი
წერენ საშინაო დავალებას,
ხატავენ სუპერმენებს,
სვამენ ჩაის ან კოკა-კოლას.
თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს
და ასე ზრდიან თავიანთ პატარა აგრესიას
ხვალინდელ დღისთვის.

სახლი კი დგას,
ჯერ კიდევ დგას:
საძირკველით, კედლებით, ჭერით…

* სრული სახლი (პოკერის ტერმინი)

ჟირაფები ღამეში

ჟირაფები ღამეში,
სადღაც ტანზანიაში,
მოაბიჯებდნენ როგორც ჩამქრალი შუქურები
და ჩემი სიზმრის გავლით
უჩინარდებოდნენ –
დეკემბრის მზიან და სუსხიან დილას.

შედეგი

მარტო და მოწყენილი
გადახედავ საკუთარ ლექსებს,
გაუღიმებ
და თვალსაც ჩაუკრავ:
– რაღაც მაინც გამოგვივიდა,
ვიღაცამ მაინც დაგვიჯერა…

© არილი

Facebook Comments Box