ესე (თარგმანი),  პორტრეტი

იენ ბურუმა – ვ.ს. ნაიპოლი – ემიგრანტთა პოეტი

 

ინგლისურიდან თარგმნა თინათინ ფალიაშვილმა

ნაიპოლის ჭირვეული ხასიათის შესახებ ლეგენდები დადიოდა. მწერალი პირველად 1991 წელს ვნახე, ბერლინში, საზეიმო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა გერმანიაში მისი ბოლო წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით. მომღიმარმა ოფიციანტმა გოგონამ ნაიპოლს კარგი თეთრი ღვინო შესთავაზა. მწერალმა ბოთლი გამოართვა, ერთხანს ეტიკეტს ისე ათვალიერებდა, როგორც ფერწერული ტილოებით მოვაჭრე ათვალიერებს ხოლმე საეჭვო სურათს, შემდეგ ბოთლი დააბრუნა და წაიბუზღუნა, მოგვიანებით დავლევ, მოგვიანებით დავლევო (ნაიპოლს ფრაზების განმეორება სჩვეოდა).

ნაიპოლის ჭირვეულობას მწერლის საგზაო ჩანაწერებიც ადასტურებს. მას შეეძლო სკანდალი აეტეხა ნებისმიერი მიზეზის – უსუფთაო პირსახოცების, თვითმფრინავში – არასათანადო მომსახურების, რესტორანში კი – უხარისხო კერძების გამო, და ყოველივე ამას პირად შეურაცხყოფად მიიჩნევდა.

ნაიპოლისთვის დამახასიათებელი იყო გამძაფრებული თვითცნობიერება. მის პირველ სამოგზაურო ჩანაწერებში ინდოეთის შესახებ, სახელწოდებით „წყვდიადის ტერიტორია“ (1964), მოთხრობილია, როგორ მოინახულა მან თავისი სოფელი უტარ-პრადეშის ღარიბულ რაიონში, სადაც ვიღაც დედაბერმა ხელი სტაცა ნაიპოლის მბზინვარე ინგლისურ ფეხსაცმელს. ნაიპოლი იმდენად დათრგუნული იყო ნანახით, რომ მოინდომა, რაც შეიძლება სწრაფად გაცლოდა ამ მიყრუებულ სოფელს, რომელიც ბაბუამისმა მრავალი წლის წინ დატოვა. ეს ვიზიტი უსარგებლო აღმოჩნდა და მქენჯნავი ფიქრების გარდა, არაფერი მოუტანა მწერალს.

იქნებ, ნაიპოლი ქედმაღალი, გოროზი ადამიანი იყო, რომელიც ბაძავდა ინგლისელი სნობების მანერებს? ან, შესაძლოა, მას, როგორც ბრაჰმანთა შთამომავალს, არ სურდა თავი გაეყადრებინა დაბალი კასტების წარმომადგენლებისთვის? ორივე ვარაუდი არასწორია. ნაიპოლის ჭირვეულობა უფრო იმ თვისებას წააგავს, რომელსაც თვით მწერალი კოლონიური ქვეყნიდან ადგილგადანაცვლებული ადამიანის „გაშიშვლებულ ნერვებს“ – მძაფრ მგრძნობიარობას უწოდებდა, ეს კი იმით აიხსნება, რომ ნაიპოლი იმპერიის პროვინციულ შორეულ კუთხეში დაიბადა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ყოფილიყო მწერალი, რომ თავისი წვლილი შეეტანა იმაში, რასაც გლობალურ ცივილიზაციას უწოდებდა. ბინძური პირსახოცები, უხეირო მომსახურება და მისი სამშობლოს სიღატაკე შეურაცხყოფდა მწერლის ღირსებას.

გაშიშვლებულმა ნერვებმა ნაიპოლი იმპერიის აპოლოგეტად როდი აქცია. ის ვერ ივიწყებდა ბოროტმოქმედებებს, რომლებიც თეთრკანიანმა ევროპელებმა ჩაიდინეს მის სამშობლოში. მწერალი იმპერიას ყოფილი კოლონიების დაპყრობაში ადანაშაულებდა. მოთხრობაში „ელდორადოს დაკარგვა“ (1969), რომელშიც საუბარია მისი მშობლიური ტრინიდადის შესახებ, ნაიპოლი დეტალურად აღწერს, როგორ გაანადგურა დამპყრობელთა თავდასხმებმა მთელი ხალხები და მათი კულტურები. მათი თარეშის შედეგად ამ ქვეყნების მოსახლეობა დღესაც ჩამორჩენილი და დაბეჩავებულია. მათ დაკარგეს ის, რასაც ნაიპოლი ერის, კულტურის მონოლითურობას უწოდებს, და, შედეგად, რევოლუციური ფანტაზიებისა და რელიგიური ფანატიზმის ჭაობში გადავარდნენ.

ნაიპოლი მონოლითურობას უდიდეს როლს ანიჭებდა. ამ ცნებაში ის გულისხმობდა კულტურულ მეხსიერებას, სივრცისა და იდენტობის მყარ  შეგრძნებას. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ისტორია, ისევე, როგორც ლიტერატურული ტრადიციები, რომლებზეც ამოიზრდებოდა მწერალთა ახალი თაობები. ნაიპოლი წუხდა, რომ ტრინიდადი ვერ მისცემდა მას საშუალებას, დაყრდნობოდა იქაურ ტრადიციებს, გარდა მოგონებისა რამდენიმე ბრაჰმანული რიტუალის შესახებ და, ასევე, წიგნებისა შორეული ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც განუწყვეტლივ წვიმდა – ამ ქვეყნის შესახებ მას ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ნაიპოლის წარმოდგენით, ინგლისი მონოლითური (კულტურული თვალსაზრისით) ქვეყანა იყო. ბავშვობისას მას ასეთივე ქვეყნად ესახებოდა ინდოეთი (ფაქტობრივად, სამხრეთამერიკელი პედაგოგის წყალობით, რომელიც ნაიპოლს ტრინიდადის სკოლაში ასწავლიდა, მან გაცილებით მეტი რამ იცოდა ძველი რომის, ვიდრე – ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესახებ).

როდესაც მწერალმა, ბოლოს და ბოლოს, ინდოეთის მონახულება შეძლო, იმედები გაუცრუვდა. ინდოეთი „დაკნინებული ცივილიზაციის ქვეყანა“ იყო, რომელიც გააჩანაგა და გამოფიტა მაჰმადიანთა თავდასხმებმა და ევროპულმა კოლონიალიზმმა. ნაიპოლი მიხვდა, რომ ინდოეთი მისთვის ისევე უცხო იყო, როგორც – ტრინიდადი ან ინგლისი. ამიტომ მოინდომა ეპოვა თავისი ადგილი ლიტერატურის სამყაროში, სადაც წიგნები იხსნიდა მიუსაფრობის განცდისგან. მწერლის მამა, სიპერსად ნაიპოლი, ცდილობდა ამაღლებულიყო თავის სოციალურ წრეზე ჟურნალისტური საქმიანობის წყალობით. ის, ასევე, წერდა მოთხრობებს, რომლებიც (როგორც სიპერსადი ამაოდ იმედოვნებდა), შესაძლოა, ინგლისში გამოექვეყნებინათ. მწერლობა მამა-შვილისთვის პროფესიაზე მეტი რამ იყო. ეს გახლდათ მოწოდება, რომელიც, ამასთან, ერთგვარ სოციალურ უპირატესობას ანიჭებდა ამ პროფესიის წარმომადგენლებს .

ნაიპოლის ყველაზე ცნობილ რომანში – „სახლი მისტერ ბისვასისთვის“ (1961) – აისახა მწერლის მოგონებები მამამისის ჟურნალისტური საქმიანობისა და გაცრუებული იმედების შესახებ. თავისი ბავშვობის სამყაროს ასახვის მეშვეობით ნაიპოლმა შეძლო, შეექმნა საკუთარი ნიშა მსოფლიო ლიტერატურულ ცივილიზაციაში. ის ხშირად ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ მისი რეალური ცხოვრება მხოლოდ მისსავე წიგნებში მიმდინარეობდა.

მართალია, გაშიშვლებული ნერვების გამო ნაიპოლი ხშირად იტანჯებოდა, მაგრამ ისინი, აგრეთვე, ამკვეთრებდნენ მის თვალთახედვას. მწერალს კარგად ესმოდა, რას განიცდიდნენ ადამიანები, რომლებიც, კულტურული თვალსაზრისით, ემიგრაციაში იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ თავი ენუგეშებინათ რელიგიური ან პოლიტიკური ფანტაზიებით. ამ ფანტაზიებს ისინი ხშირად სხვა კულტურებიდან სესხულობდნენ და მათ ულაზათო იმიტირებას ახდენდნენ. ასეთ მცდარ ნაბიჯებს ნაიპოლი ზუსტად, და ხშირად კომიკურად აღწერდა თავის ნაწარმოებებში. მისი იუმორი ულმობელი იყო და ინტერვიუებში ლიბერალურად განწყობილ ჟურნალისტებთან ხშირად გამიზნული პროვოკაციის ფორმასაც იღებდა. საყურადღებოა, რომ მწერალი პოსტკოლონიურ საზოგადოებათა მოუშუშებელი ჭრილობების სენტიმენტალიზაციას არ ახდენდა და მათი აწმყოსა და მომავლის შესახებ საღად მსჯელობდა.

ნაიპოლის ნაწარმოებებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს არა „მისტერ ბისვასის სახლი“ ან გვიანდელი რომანი „მდინარის კლაკნილი“ (1979), არც – წიგნები ინდოეთის შესახებ ან 1987 წელს დაწერილი შედევრი „გამოჩენის საიდუმლო“, არამედ თხელტანიანი წიგნი, სახელწოდებით „ცენტრის ძიება“ (1984). ის შედგება ორი ვრცელი ესესგან, რომელთაგან ერთში აღწერილია ნაიპოლის როგორც მწერლის ჩამოყალიბებისა და მის მიერ საკუთარი სტილის ძიების პროცესი, მეორეში კი – სპილოს ძვლის ნაპირზე მოგზაურობა 1982 წელს. პირველ თხზულებაში ის მკაფიოდ ახასიათებს თავის მსოფლხედვას. მწერლის მიზანია, შეიმეცნოს საკუთარი თავი და, ასევე, იმ ქვეყნების პოლიტიკა და ისტორია, რომლებშიც მოგზაურობს. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებისას მწერალი ცდილობს ჩასწვდეს იმას, თუ როგორ მოიაზრებენ ისინი თავიანთ თავს იმ სამყაროსთან მიმართებაში, რომელშიც ცხოვრობენ.

„ცენტრის ძიების“ მეორე ნაწილს ეწოდება „იამასუკროს ნიანგები“. აქ საინტერესოდაა აღწერილი მჭიდროდ დასახლებული აფრიკული ქვეყანა. წიგნში გადმოცემულ მრავალფეროვან ისტორიებში (ზოგიერთი მათგანი ფანტასტიკურია) უცხოელები, და, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებნი ფიგურირებენ.

აფროამერიკელები აფრიკაში წარმოსახულ აფრიკას ეძიებენ. შავკანიანი მარტინიკელი ქალი გაურბის კვაზიფრანგული სნობიზმის სამყაროს, ხოლო თვით აფრიკელების მონოლითური კულტურა, ნაიპოლის აზრით, ცოცხლობს და ვითარდება მიმიკრიის თხელი შრის ქვეშ. წინაპართა კულტურა ცოცხლდება ხოლმე ღამით, როდესაც დავიწყებას ეძლევა თანამედროვე ყოველდღიური ქალაქური ყოფა.

აფრიკაში ცხოვრება ნაიპოლს აგონებს ტრინიდადზე გატარებულ ბავშვობას, როდესაც კარნავალის დროს თეთრკანიან მჩაგვრელთა სამყაროს ენაცვლებოდა ამობრუნებული მსოფლწესრიგი და მონების შთამომავლები აფრიკელ მეფეებად და დედოფლებად იქცეოდნენ. აქ თავს იჩენს აფრიკული ცხოვრების უჩვეულო, რომანტიკული ხედვა, წარმოდგენა, რომ იძულებით დამკვიდრებული ცივილიზაციის საფარქვეშ იმალება მონოლითური კულტურა. შესაძლოა, აქ ნაიპოლის ფანტაზიები უფრო აისახა, ვიდრე – ცხოვრებისეული რეალობა. მართალია, ნაიპოლი ყოველთვის ფხიზლად მსჯელობს რელიგიურ ფანატიკოსთა მიზნების, მესამე სამყაროს ადამიანთა მიმიკრიისა და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ფიგურების შესახებ, მაგრამ მისი წარმოდგენა მონოლითურობის შესახებ, ერთგვარად, სენტიმენტალურია.

მახსოვს, ზაფხულის ერთ დღეს, ინგლისში, უილტშირში, ნაიპოლთან ერთად ავტომანქანით მივემგზავრებოდი. მწერალი მიამბობდა თავისი მძღოლის – ადგილობრივი მცხოვრების შესახებ. მისი თქმით, მძღოლს განსაკუთრებით უყვარდა თავისი სამშობლო და ის მიწა, სადაც მისი წინაპრები იყვნენ დაკრძალული. ამ მიწის პირმშო იყო, და გრძნობდა, რაოდენ მყარი კავშირი ჰქონდა წინაპრებთან, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნაიპოლისთვის. „წარმოგიდგენია? წარმოგიდგენია?“, მეკითხებოდა ის.

დარწმუნებული არა ვარ, რომ ნაიპოლის მძღოლი მართლა ასე ფიქრობდა, მაგრამ ის ამგვარად წარმოუდგებოდა მწერალს. ნაიპოლს აღელვებდა ემიგრანტთა ნოსტალგია და სულიერი ტკივილები. ის ემიგრანტთა უდიდესი პოეტი იყო.

ცივილიზაციათა წარმოსახულ მონოლითურობას მწერალი ზოგჯერ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ალბათ, ამიტომაც თანაუგრძნობდა ინდურ ნაციონალიზმს. მისი აზრით, ამჟამად მთელი ინდური ცივილიზაცია აღმავლობას განიცდის მაჰმადიანური ან დასავლური თავდასხმებისა და ექსპლუატაციის შემდეგ.

არ არსებობს არავითარი მონოლითური ცივილიზაცია. მაგრამ ნაიპოლის ზოგიერთი შესანიშნავი ქმნილება გამსჭვალულია ნოსტალგიით მის მიმართ. თუმცა მწერალი წარმოდგენას მონოლითური ცივილიზაციის შესახებ ინდოეთს ან ინგლისს უკავშირებდა, მაგრამ ამგვარი წარმოსახული ცივილიზაცია არც ერთი ერის დამახასიათებელი არაა. ესაა ოდენ ლიტერატურული, სეკულარული, განმანათლებლური იდეა, რომელიც ასახულია ნაიპოლის ნაწარმოებებში. სწორედ ის იყო ნაიპოლის „სამშობლო“ და საარსებო სივრცეც.

© The New York Review of Books, 13 აგვისტო, 2018

© არილი

Facebook Comments Box