ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 10–14 ოქტომბერს გაიმართება და მისი საპატიო სტუმარი, როგორც იცით, საქართველო იქნება. ამ უდიდესი ლიტერატურული მოვლენისთვის ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ემზადება.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ჩვენი მწერლობისთვის ისტორიული შანსია, რომ დაძლიოს ენობრივი ჰერმეტულობა და, რაც მთავარია, გახდეს უფრო გახსნილი – გაფართოვდეს მისი ინტერპრეტაციის ჰორიზონტი და გაიზარდოს ევროპულ ლიტერატურულ ბაზარზე მისი ექსპორტის მაჩვენებელი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში 70–მდე ქართველი მწერალი მიიღებს მონაწილეობას. მათ ექნებათ საშუალება, წარადგინონ საკუთარი ტექსტები და დააკვირდნენ მათი სხვა ენობრივ გამოცდილებაში მოგზაურობის პროცესს.
გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს კლასიკური ქართული ლიტერატურისთვისაც, რომელსაც გერმანულ და სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებში მეორედ დაბადების შანსი მიეცა.
რა კულტურული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ფრანკფურტში სტუმარი ქვეყნის სტატუსს და რა მოლოდონი არსებობს გერმანულენოვან მკითხველში ქართული ლიტერატურის მიმართ – ამ და სხვა თემებზე ინტერვიუ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს, დეა მეტრეველს ვთხოვეთ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, მხოლოდ ლიტერატურული თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ მსოფლიომ უფრო კარგად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი და რამდენად მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება საქართველო გერმანიაში?
როგორც მოგეხსენებათ პროექტზე მუშაობა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან და ქართველ და უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთან რამდენიმე წლის წინ დაიწყო და, შესაბამისად, აქტიური მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, 2018 წლისთვის მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამა მომზადდა.
იანვრიდან არაერთი ღონისძიება უკვე განხორციელდა გერმანულენოვან ქალაქებში, რომლებიც ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო 10-14 ოქტომბერს უშუალოდ ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში 70-ზე მეტი ქართველი მწერალი უკვე თავის გერმანელ მკითხველს ქ. ფრანკფურტში შეხვდება და თავის ლიტერატურაზე ესაუბრება.
დისკუსიები, საჯარო კითხვები, პრეზენტაციები გერმანელი მოდერატორების და კრიტიკოსების მიერ წარიმართება. რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, ამ მხრივაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება ჩვენი პროგრამა, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის გამოფენიდან თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებამდე, არაერთ გამოფენას უმასპინძლებენ ფრანკფურტის მუზეუმები. ასევე დაგეგმილია კონცერტები, სპექტაკლები და ქართული კინოს რეტროსპექტივა.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც წინასაფრანკფურტე შეხვედრები, ღონისძიებები და აქტივობები იმართება. ცოტა ხნის წინ თქვენ ქართველ ავტორებთან ერთად ბერლინის წამყვანი მედია–საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდით. ამ შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი. რას იტყვით, რამდენად ნაყოფიერია ბოლო რამდენიმე თვე, რომლებიც ფრანკფურტის ფესტივალს წინ უძღვის?
შეხვედრები გერმანულ მედიასთან ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური განწყობებია და მოლოდინებიც ძალიან დიდია. გასაოცარია გერმანელი ჟურნალისტების მხრიდან ქართველი ავტორების ნაწარმოებების მიმართ ინტერესი. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში წიგნის მაღაზიები სავსეა ქართული ლიტერატურის თარგმანებით, წიგნებით საქართველოს შესახებ. ასეთი გახსინლობა გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველოს ლიტერატურულ–კულტურული მემკვიდერეობა ძალიან საინტერესოა მათთვის.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არაერთი სტუმარი ქვეყნის მასპინძელი ყოფილა. ყველა საკუთარი ქვეყნის ამბავს განსხვავებულად ყვებოდა, ყველას განსაკუთრებული მისია ჰქონდა ამ მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმაზე. თუმცა, როგორც ბაზრობის დირექტორმა ბატონმა იურგენ ბოსმა ჩვენთან ბოლო შეხვედრის დროს ბერლინში საჯაროდ განაცხადა, საქართველო არ ჰგავს სხვა სტუმარ ქვეყნებს. ის მათთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო და ამაში კიდევ ერთხელ მთელი გერმანია უკვე ბაზრობის დღეებში დარწმუნდება.
საკუთრივ ლიტერატურული თვალსაზრისით, რას ნიშნავს საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყნის სტატუსი? ბევრი თვლის, რომ ეს ჩვენი ლიტერატურისთვის ისტორიული მომენტია. რეალურად, რა შედეგს ველით ფრანკფუტისგან?
ეს ნამდვილად ჩვენი ლიტერტურის ისტორიისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის ისტორიული შანსია. ჩვენ გავარღვიეთ ენობრივი ბარიერები და ქართველი ავტორების ნაწარმოებები თარგმანებში არაერთ ქვეყანაში ვამოგზაურეთ. ქართველ მწერლებს არა მხოლოდ კითხულობენ, არამედ განიხილავენ წამყვან საერთაშორისო მედიაში. გაზრდილია საავტორო უფლელების გაყიდვების მაჩვენებლები, ძლიერდება მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელების პროფესიული წრე. და ეს მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში ქართული ლიტერატურის მოგზაურობა ახლა იწყება და წინ კიდევ ბევრის საინტერესო ამბავი გველოდება. შედეგებს უკვე შემოდგომის შემდეგ შევაჯამებთ და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ.
როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, რამდენად კმაყოფილი ხართ შესრულებული თარგმანების ჟანრული მრავალფეროვნებით? რამდენად მოვახერხეთ, რომ ჩვენი კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების უმრავლესობა გვეთარგმნა?
ნამდვილად მეამაყება ის ფაქტი, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ძალიან ძლიერმა და პროფესიონალმა გუნდმა ეს წლები აქტიურად ვიმუშავეთ და ჩვენი მაქსიმალური შედეგი ვაჩვენეთ ქართველ გამომცემლებთან და მწერლებთან ერთად. ძალიან რთული გზა გვქონდა გასავლელი… ერთის მხრივ, საერთაშორისო გამომცემლებისთვის თანამედროვე ქართული ლიტერატურა უნდა შეგვეთავაზებინა, რის მიმართაც ინტერესი, ბუნებრივია უფრო დიდია თანამედროვე წიგნის ბაზარზე, მეორეს მხრივ კი, ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებების თარგმანების გამოცემაზეც უნდა გვეზრუნა.
ფაქტობრივად, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა იმ შედეგმა, რაც ამ წლების განმავლობაში ცენტრის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა გვაჩვენა: ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტები, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, მე-19-ე, მე-20- საუკუნის ძლიერი ლიტერატურული თაობა (დ. კლდიაშვილი, მ. ჯავახიშვილი, ი. ჭავჭავაძე, გ. რობაქიძე, ნ. ბარათაშვილი, ა. წერეთელი, ჭ. ამირეჯიბი, ო.ჭილაძე და სხვ.), სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე 21-საუკუნის თანამედროვე ქართველი ავტორები. სხვადასვა ლიტერატურული გემოვნების და თაობის უცხოელი მკითხველი ნამდვილად შეძლებს მისთვის საინტერესო ჟანრის და თემატიკის წიგნს გაეცნოს 30-ზე მეტ უცხო ენაზე – პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა, საბავშვო ლიტერატურა, სამოგზაურო წიგნები, გამოცემები ქართული ხელოვნების და ისტორიის შესახებ და სხვ.
საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში უკანასკნელი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ გამოცემული 600-ზე მეტი წიგნი მოიყრის თავს. აქედან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 300-მდე გამოცემას შეეწყო ხელი. ნაწილი დამოუკიდებლად გამოიცა, რაც მიუთითებს ქართული ლიტერატურის თარგმანების პროცესისი თვითკმარ განვითარებაზე, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
თქვენ უამრავ ევროპელ გამომცემელს, ლიტერატურის კრიტიკოსს თუ მენეჯერს ხვდებით. რა მოლოდინი აქვთ მათ ქართული ლიტერატურის მიმართ? რას ელის ფრანკფურტი ჩვენგან?
ჩვენ მიმართ საერთაშორისო აუდიტორიის მოლოდინები ნამდვილად დიდია და განსხვავებული… ისინი ელიან ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის გაცნობას და, ამასთანავე, თანამედროე საქართველოს აღმოჩენას, რომელსაც ძალიან ბევრი სათქმელი დაუგროვდა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს ჩვენი ისტორიულ–კულტურული გამოცდილებაა, რომელიც აკუმულირდა ჩვენს ქვეყანაში და ეძებს ახალ გზებს, რათა ყოველივე მსოფლიოს გაუზიაროს.
ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რომლის მთავარი მონაწილეები სწორედ ჩვენ ვართ და ეს პლატფორმა გძელვადიანი პერსპექტივის ჭრილში უნდა დავინახოთ და მაქსიმალური შედეგით დავბრუნდეთ.
Georgia Made by Cherecters არის სლოგანი, რომლითაც საქართველო ამ პროექტის ფარგლებში იღებს მონაწილეობას და ჩვენი მიზანიც სწორედ ამ სლოგანის ორმაგ გააზრებაშია – ანბანით მოთხრობილი საქართველო… საქართველო რომელზეც ნამდვილი ქართული ხასიათები (მწერლები, არტისტები) ისაუბრებენ და ჩვენი ქვეყნის ამბავს – ხმაურიანს, მხიარულს, თუნდაც სევდიანს – მოუყვებიან.
მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ქართველ მწერალს და არტისტს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და პროექტის შედეგებს ყველანი ერთად უკვე ნოემბერში შევაჯამებთ.
© არილი