ინტერვიუ,  კრიტიკა

ქართული პავილიონი – ქართული ანბანი

ნელი კანკავა

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რასაკვირველია, კულტურულ-ინტელექტუალური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ამავე დროს ის, თუნდაც სახელიდან გამომდინარე, ბაზრობაა – ხმაურიანი და ფერადი თავყრილობა, სადაც ახალი შთაბეჭდილებების მიღება, უცნობი, იდუმალი და მომნუსხველი მხარიდან მოსული ხალხის ნახვა, შორიდან მოტანილი საუცხოო საქონლის დათვალიერებაა შესაძლებელი. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიწვია ამდენი დავა საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციამ. თამასა ხომ ძალიან მაღალი იყო – როგორც კოკო შანელი ხუმრობდა, არასდროს გექნებათ მეორე შანსი მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება.

რამდენიმე ეტაპად ჩატარებული რთული შესარჩევი კონკურსისა და კონსულტაციების შედეგად, ცხრამეტი კაცისაგან შემდგარმა კომისიამ პავილიონის გიორგი ბოხუას სტუდიისა და Multiverse Architects-ის  მიერ მომზადებული კონცეფცია მიიჩნია საუკეთესოდ. საქართველოს – საპატიო სტუმარი ქვეყნის – პავილიონი შვიდი სივრცისაგან, განყოფილების, ან გნებავთ – საკვანძო ადგილისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს: დიდი და მცირე სცენა, კაფე, წიგნების ზონა, ტიპოგრაფიის (სიმბოლოთა) სივრცე, ფოტოგრაფიის ოთახი და ინტერაქტიული აუდიო-ვიდეო – აი, ის შესანიშნავი შვიდეული, რომელიც ქართული ლიტერატურის, ენის, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნებისა და ზოგადად, ხასიათის მაქსიმალურად წარმოსაჩენად გამოიყენება. შემთხვევითი არ არის, რომ სლოგანი Georgia made by Characteres ქართულად ორგვარად შეიძლება ითარგმნოს და ერთდროულად ანბანით, ასო-ნიშნებით გადმოცემულ და ხასიათებით მოთხრობილ საქართველოსაც შეიძლება ნიშნავდეს. პავილიონის კონცეფციის თანახმად, სწორედ ანბანის 33 ასო არის გასაღები, ერთგვარი გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოში მოგზაურობის მსურველთათვის. გარდა ამისა, მოსული სტუმრები აქ ქართული ენისა და მუსიკის ჟღერადობის აღქმას, ფოტოსურათებზე აღბეჭდილი თბილისის დათვალიერებას, ასევე ქართული სამზარეულოსა და ღვინის გემოს გაგებას შეძლებენ. სპეციალური სივრცეა გათვალისწინებული ბავშვებისათვის, სადაც ისინი ქართველ ილუსტრატორებთად ერთად არაერთი საინტერესო აქტივობის მონაწილეები გახდებიან.

რა თქმა უნდა, ერთ, თუნდაც დიდ დარბაზში მთელი ქვეყნის მისი კულტურისა და ხელოვნების, მისი წარსულის, აწმყოსა და სამომავლო მისწრაფებების მოხელთება, ალბათ, ძალიან რთული საქმეა. ეს, ალბათ, არც შეიძლებოდა მიზანი ყოფილიყო. სამაგიეროდ ინტერესის შექმნას, სტუმრისათვის პირველი შეხვედრის სამუდამოდ დასამახსოვრებელი ბედნიერების მინიჭებას, საქართველოს პავილიონი, ვფიქრობ, ნამდვილად მოხერხებს. და არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისა თუ სქესის მკითხველი შემოაბიჯებს ამ მინი-საქართველოში, ლიტერატურის მოყვარული იქნება ის, თუ უბრალოდ, გემრიელად წახემსების მოსურნე, მჯერა, ჩვენს ქვეყანასთან მეორედ შეხვედრას ის აუცილენლად მოისურვებს.

საქართველოს პავილიონის კონცეფციაზე, თანამედროვე საგამომცემლო სივრცეში წიგნის დიზაინის მნიშვნელობაზე – ცხადია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში – ვესაუბრეთ ცნობილ მხატვარს, არტისტს, ლევან სონღულაშვილს.

ლევან, მინდა საუბარი ზოგადი ხასიათის შეკითხვით დავიწყო. ლიტერატურის თანამედროვე საგამომცემლო ინდუსტრია ისე, როგორც არასდროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვიზუალურ კონცეფციებს. როგორ ფიქრობ, რა როლი და მნიშვნელობა აქვს დღეს წიგნის დიზაინს, ვიზუალურგამომსახველობით ეფექტებს ლიტერატურაში? რა როლი შეიძლება ითამაშოს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის და განვითარების პროცესში სწორად შერჩეულმა ვიზუალურმა პოლიტიკამ?

დღეს, ციფრულ ეპოქაში, რომლის უშუალო ნაწილიც ვართ, ყოველწლიურად ვითარდება ტექნოლოგიები, იხვეწება ხელოვნური ინტელექტი, გასული საუკუნის თაობები კი, თუ არ ადაპტირდნენ საუკუნის მიმდინარე გამოწვევებთან, ინტერესთა კონფლიქტი იჩენს თავს და თანამედროვე სოციუმისგან იზოლირდებიან.

საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, პლანშეტური კომპიუტერების მიერ წიგნის, როგორც მატერიის, ჩანაცვლების “საფრთხეებზე”. 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი აიპადი  გაიყიდა. შესაბამისად, ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ბუნებრივია, მთელი ბიბლიოთეკის ცალი ხელით ტარება გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია, თანაც იმავე ინფორმაციას ვიღებთ, რასაც ქაღალდის გვერდებიდან ამოკითხული ტექსტებით.

“ხატიდან ხატის ფაილამდე: ხელოვნება ციფრულ ეპოქაში”- ბორის გროისიც ეხება მსგავს საკითხს, ოღონდ საგალერეო სივრცეში “დატყვევებული” ვიზუალური ხელოვნების ნაწარმოებსა და მის ციფრულ რეპროდუქციებზე საუბრობს: “ციფრული წყალგამყოფის ორივე მხარეს ერთნაირი უკმაყოფილება იგრძნობა. ერთი მხრივ, გათავისუფლებული ხატი ხელახლა დატყვევდა მუზეუმისა და საგამოფენო დარბაზის კედლებში, მეორე მხრივ კი, სახელოვნებო სამყარო კომპრომისზე წავიდა, როცა ორიგინალების ნაცვლად ციფრული ასლების გამოფენაზე დათანხმდა.”

ფოტოგრაფიის გაჩენა ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც ხელი შეუწყო მოდერნისტული და შემდგომ, პოსტმოდერნისტული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობების წარმოქმნას. ვგულისხმობ, პროტესტის განცდისას და კრიზისულ სიტუაციებში გამოსავლის ძიებისას, სხეული ახალ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მსგავსი განვითარება შეიძინა წიგნმაც. საგამომცემლო სახლები, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, კიდევ უფრო აქტიურად და ხარისხიანად მუშაობენ, რათა წიგნის ანატომია ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც მისი შინაარსი; ზოგჯერ, დიზაინი აღემატება თავად ნაწარმოების ლიტერატურულ ღირებულებას.

მეც საზოგადოების იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომელსაც ქაღალდის გვერდებთან უშუალო შეხებით, წიგნის სურნელის მაგიით დატყვევებულს, ტექსტთან ინტიმური კავშირი უმძაფრდება. თითქოს, წიგნის გვერდებთან გონებრივი და ფიზიკური ურთიერთობა იმთავითვე აღვიძებს ადამიანის ხუთ ძირითად შეგრძნებას.

გარდა ამისა, წიგნის ყდა, ფორმა, ქაღალდის ფაქტურა, წონა, თუ შრიფტი, დანარჩენ დეტალებთან ერთად, თუ სწორად ასახავს ნაწარმოების კონცეფციას და მის ლიტერატურულ ესთეტიკას, ცოცხალ ორგანიზმად იქცევა და დამოუკიდებელ ხელოვნების ნიმუშადაც შეიძლება მოგვევლინოს. ამ მხრივ გამოვარჩევდი ნიუ-იორკში, მორგანის ბიბლიოთეკაში დაცულ “შავ ჟამს” (ინგ. Black Hours)

როგორც ვიცი, საქართველოში აქტიურად მუშაობენ ქართული შრიფტის გაციფრულებასა და ვექტორული გამოსახულების დახვეწაზე. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდი ისტორიის მქონდე ამ პატარა ევროპულ სახელმწიფოს გააჩნია უნიკალური და ვიზუალური ესთეტიკითაც ძალიან საინტერესო დამწერლობა, რაც უცხო თვალისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავია; თავის მხრივ, ქვეყნის იდენტურობის განუყრელ ნაწილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ასევე, ცხადია, კარგი ფასადი მკითხველისთვის გამიზნული ანკესია, რაც კომერციულ მიზნებსაც ემსახურება. გერმანია კი ერთ-ერთი ლიდერია წიგნის დიზაინის მიმართულებით. ბოლო ათწლეულია, ქართველ ხელოვანთა საკმაოდ დიდი ნაწილი გერმანიაში მიემგზავრება, სტუდენტები აქტიურად ეცნობიან დასავლურ კულტურას, ამ გავლენებს კი ქართულ ინსტიტუციებს უზიარებენ. ამ მხრივ, საქართველოში იხვეწება თარგმანები და წიგნის დიზაინის სკოლა, უმაღლეს სასწავლებლებშიც მეტად პოპულარული ხდება ეს სფერო, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ბოლოდროინდელი გამოცემების სახით გვაქვს. ყოველწლიურ ლიტერატურულ დაჯილდოვებებსაც თავის წვლილი შეაქვთ მწერლების, მთარგმნელების, წიგნის დიზაინერებისა და გამომცემლობების წახახალისებაში.

რამდენიმე წელია ინსტაგრამზე გვერდიც შეიქმნა სახელწოდებით Hot Dudes Reading, რომლის გამომწერთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა და მსოფლიო პრესასა თუ პოპულარულ სატელევიზიო გადაცემებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამ პლატფორმაზე განთავსებულია წიგნით ხელში მდგარი ნიუ-იორკის ხუთივე რაიონის მეტროს ახალგაზრდა მგზავრები. ამ ფორმით, გვერდის შექმნელები ყოველდღიურად მოუწოდებენ საზოგადოებას წიგნიერებისკენ, ოღონდ ქაღალდის წიგნის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

მართლაც, ცოტაა იმაზე უკეთესი სანახავი, ვიდრე ასეულობით თანამოქალაქის წიგნში ჩარგული თავი, თუმცა ამ საკითხში მობილური ტელეფონი უკონკურენტოა.

საქართველო განსაკუთრებული მონდომებით ემზადება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. უკვე დასრულების პროცესშია ჩვენი პავილიონის კონსტრუქცია, რომელსაც საკმაოდ გამორჩეული და კონცეპტუალური დიზაინი აქვს. როგორ შეაფასებდი მას? რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ქართული ანბანის ასოების მოხაზულობით შექმნილი პავილიონის დიზაინი ბაზრობის სტუმრებისთვის?

ყველაზე მნიშნელოვანი იდეაა, შემდგომ კი მისი რეალიზების ფორმა. იდეა მომწონს, თუმცა რა ფორმით იქნება განხორციელებული, ადგილზე შევაფასებთ.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიავეფხისტყაოსნისგერმანული ვერსიის ილუსტრაციებმა, რომელთა ავტორიც ცნობილი გერმანელი ილუსტრატორი კატრინ მენშიკია. როგორია თქვენი აზრი ამ თავისუფალი ვიზუალური ინტერპრეტაციების შესახებ? გასაგებია, რომ ეს ილუსტრაციები ჩვენს მკაცრად ჩამოყალიბებულ ვიზუალურ წარმოდგენებს, სტერეოტიპებს არ შეესაბამება, მაგრამ იქნებ სწორედ ამით არის საინტერესო?

“ვეფხისტყაოსანი” იმდენადაა საკრალიზებული, რომ არათუ გერმანელი ილუსტრატორის, ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებსაც ნეგატიური კრიტიკით ხვდება ქართველი მკითხველი. ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, რომ ამ პოემის ილუსტრაცია, ეკრანიზაცია თუ სცენოგრაფია, იმთავითვე განწირულია კრიტიკის ქარ-ცეცხლისთვის. თანაც პოემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქართული ენის ცოდნა მინიმუმია, მისი ილუსტრირებისთვის. სუბიექტურად, გუსტავ დორეს მიერ ილუსტრირებული ჯ. მილტონის “დაკარგული სამოთხე”, თუ დ. ალიგიერის “ღვთაებრივი კომედია” ჩემთვის სრულყოფილად ორგანულია, რაც “ვეფხისტყაოსნის” შემთხვევაში, ვერც მიხაი ზიჩმა და სხვა ხელოვანებმა ვერ შეძლეს. ლიბერალური დამოკიდებულების მიუხედავად, ალბათ მართლაც არსებობს ლიტერატურული შედევრები, რომელთა შინაარსის დრამატურგიული სურათი თავად მკითხველის წარმოსახვას უნდა მივანდოთ.

© არილი

Facebook Comments Box