ვარშავაში სტუდენტური წლები რომ დავასრულე და საერთო საცხოვრებლიდან ნაქირავებ ბინაში გადავედი, პირველსავე სუსხიან დილას სადარბაზოსთან ატუზულმა უბნის ლოთებმა შემაჩერეს და მკითხეს: აბა, ქალიშვილო, თუ იცით, ამ სახლში ვინ ცხოვრობდაო. უხერხულად ავიჩეჩე მხრები, თან სადარბაზოს შესასვლელი შევათვალიერე, იქნებ სადმე მემორიალურ დაფას მოვკრა-მეთქი თვალი. „ვინ და, მარეკ ჰლასკო, ჩვენი მარეჩეკი!“ – ნიშნისმოგებით მითხრა ერთ-ერთმა, სხვებთან შედარებით ასაკოვანმა, ნათელი დაადგესო, წაიბუტბუტა და ბოთლში დარჩენილი ლუდი გამოწრუპა. ვინმე თქვენნაირი იქნებოდა-მეთქი, გავიფიქრე, ყველაზე ახლოს მდგომს ხელში ხურდა ჩავუყარე და გზა განვაგრძე.
ასე დაიწყო ყველაფერი.
მერე რესტორან „კამერალნაში“ გადავეყარე ჰლასკოს აჩრდილს და იმ კაცს, ვინც ოცდაოთხი წლის მწერალი სამშობლოდან გააძევა. ოღონდ მაშინ აღარც „კამერალნა“ იყო საკულტო რესტორანი და აღარც ეს ადამიანი უშიშროების მაღალჩინოსანი. 50-იანი წლების ბოჰემური კლუბი „კამერალნა“, სადაც მარეკ ჰლასკოს უგვირგვინო მეფის სტატუსი ჰქონდა, ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი, მოძველებული ინტერიერის კვების ობიექტად ქცეულიყო, რომელშიც ჰლასკოს ღრმად მოხუცებული „კეთილმოსურნე“ სვენებ-სვენებით შეექცეოდა დაწესებულების თანამშრომლებისთვის განკუთვნილ დღიურ ულუფას და სიტყვის თავისუფლებით გულმოცემული იკვეხნიდა, თუ როგორ მოაშორა ქვეყანას „რეაქტიული ელემენტი“.
შემდეგ იყო პარიზი, Maisons-Laffitte, ჟურნალ „კულტურის“ რედაქცია, სადაც ასევე შემთხვევით მოვხვდი და გავიცანი ემიგრაციაში მყოფი პოლონელი მწერლების უდიდესი ქომაგი და ლეგენდად ქცეული რედაქტორი იეჟი გედროიცი. სულ რამდენიმე გვარის დასახელება – გომბროვიჩი, მილოში, ჰერბერტი, მროჟეკი – იკმარებს იმათგან, ვისთვისაც Maisnons-Laffitte-ს თავშესაფარი, საკვები, წერის საშუალება მიუცია, შემდგომ კი მათი ხელნაწერები ჟურნალში დაუბეჭდავს და წიგნებად გამოუცია. მაშინ უკვე ვიცოდი, ვინ იყო ჰლასკო და ისიც ვიცოდი, რომ 1958 წლის 21 თებერვალს პარიზში ჩასულს, მასაც სწორედ იეჟი გედროიცმა უმასპინძლა. კარგა ხნის წაკითხული მქონდა მის მიერ გამოცემული რომანი „ლამაზები, ოცი წლისანიც“ და 80-იან წლებში პოლონეთში ქსეროზე გამრავლებული და სახელდახელოდ აკინძული მოთხრობების რამდენიმე კრებულიც. მეყო სითამამე და, უკვე საკმაოდ მხცოვან რედაქტორს ვთხოვე, ჰლასკოზე მოეყოლა რამე. მინდოდა, მისგან შემეტყო სიმართლე იმ მწერლის შესახებ, რომელმაც ასაკისთვის შეუფერებლად ღრმა, მძაფრი და შთამბეჭდავი რამდენიმე წიგნის გარდა, უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა. სოციალისტური პრესა, როგორც სჩვეოდა, ცრუობდა, თავისუფალ – სკანდალურ ისტორიებს ავრცელებდა მასზე, თანამედროვეები კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მითებს ჰყვებოდნენ. უდავოა, გედროიცს ბევრი რამის თქმა შეეძლო – მწერლის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი, ერთგული მკითხველი და გამომცემელი სხვებზე ბევრად უკეთ იცნობდა ჰლასკოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან ვერაფერი შევიტყვე.
პანი იეჟის ნერვიულმა სიჩუმემ მიმახვედრა, რომ ადამიანები მეორე ადამიანის დახასიათებაში ბოლომდე ობიექტურები ვერასოდეს იქნებიან და რომ მარეკ ჰლასკოს ნამდვილი სახე ნაცნობ-მეგობარების მონათხრობში კი არა, მისსავე წიგნებში უნდა მეძებნა – ჰლასკო ხომ ისე ცხოვრობდა, როგორც წერდა.
ის ცხოვრებაშიც მეამბოხე იყო. არ ცნობდა და არ ექვემდებარებოდა საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. გაბედულად ამსხვრევდა სტერეოტიპებს; არ ცნობდა კომპრომისს. ჰლასკოს გმირები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანებიც და ისეთებიც, რომლებთან შეხვედრასაც კეთილგონიერი მოქალაქე შეძლებისდაგვარად მოერიდებოდა. ჰლასკოს ფუჭი ოცნებებითა და უიღბლო სიყვარულით სავსე სამყაროში ძირითადად თვალტანადი გოგონები და მასავით ცინიკური, მოძველბიჭო, ჩხუბისთავი ახალგაზრდა ბიჭები სახლობენ, რომლებიც გართობისთვის დაიბადნენ და ცხოვრებას აზარტული მოთამაშის თვალით უყურებენ, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობენ, ისეთზე, ფილმებში რომ უნახავთ ან წიგნებში ამოუკითხავთ.
მარეკ ჰლასკოს ერთ-ერთი მეგობარი ქალი იხსენებდა: ჰლასკო იყო ადამიანი, რომელიც უპირველესად, საკუთარ ბიოგრაფიას წერდა, ოღონდ არა კალმით, არამედ სისხლითო. საწერი და მოსათხრობი კი არ ელეოდა, რადგან ის ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. უყვარდა თავისი კერპების როლების თამაში. ის ხან ჰემინგუეი იყო, ხან ბოგარტი, ხანაც ჯეიმს დინი, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებდნენ. ნიჭიერი და უნაკლო გარეგნობის ბიჭი ორივე სქესის წარმომადგენლებში თანაბრად პოპულარული იყო. ვარშავის ქუჩებში ერთი თვალის მოკვრით ცნობდნენ ვიღაც ჯარისკაცისგან შეძენილი თეთრი ქურქით მოსიარულე ტანმაღალსა და მოდურად თმადავარცხნილ ჰლასკოს, შინაურულად მარეჩეკს, რომელიც კლუბიდან კლუბში დაეხეტებოდა, სვამდა, ჩხუბობდა, ერთობოდა, მაგრამ, ამავდროულად, რეგულარულად წერდა – ახალგაზრდა, ძლიერი ორგანიზმი ერთნაირად უმკლავდებოდა ნიჭსაც და სასმელსაც.
დღევანდელი პრესა ალბათ დაწერდა, რომ ოცდაორი წლის მარეკ ჰლასკო ერთ დღე-ღამეში გახდა პოლონური ლიტერატურის ვარსკვლავი. მის მოთხრობებს უპირობოდ ბეჭდავდნენ გაზეთები და წონიანი ლიტერატურული ჟურნალები. სამ წელიწადში მან ოთხი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია აიღო და უამრავ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რედაქციები ერთმანეთს ასწრებდნენ მისთვის ახალი მოთხრობების, რომანების, სცენარების დაკვეთას. მაგრამ სულ მალე დრო შეიცვალა. ეგრეთ წოდებული „ლხობის“ ტალღამ გადაიარა და პოლონეთის კომუნისტური პარტია ახალ იდეოლოგიურ შეტევაზე გადავიდა. ჰლასკოსთვის ამ ამბავს უკვალოდ არ ჩაუვლია. სოციალისტური წყობისა და პარტიის ღია კრიტიკისთვის, ის სულ მალე გადაიქცა განტევების ვაცად. სისტემამ მისთვის არახელსაყრელი მწერალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავიდან მოიცილა და პარიზში „გაუშვა“.
„ორლის აეროპორტში თვითმფრინავიდან რომ ჩამოვდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ვარშავაში დავბრუნდებოდი. დღეს უკვე ვიცი, რომ პოლონეთში აღარასოდეს დავბრუნდები. თუმცა ამ სიტყვების წერისას იმასაც ვაცნობიერებ, რომ ძალიან მინდა, ვცდებოდე“. ლამაზები, ოცი წლისანი
სამწუხაროდ, მწერლის წინათგრძნობა გამართლდა. მას სამშობლოში დაბრუნების უფლება აღარ მისცეს. საფრანგეთიდან ჰლასკო დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა, იქიდან – ისრაელში, ისრაელიდან 1961 წელს ის ისევ ევროპაში, ბერლინში დაბრუნდა, მერე ერთხანს ისევ პარიზში ცხოვრობდა და სწორედ ამ დროს გამოაქვეყნა პარიზულმა „კულტურამ“ მისი რამდენიმე მოთხრობა და ცნობილი ავტობიოგრაფიული რომანი „ლამაზები, ოცი წლისანი“, რომლის გამოცემის შემდეგაც პოლონეთის რესპუბლიკის კომუნისტურმა მთავრობამ ოფიციალურად შერისხა მარეკ ჰლასკო და ქვეყნის ტერიტორიაზე მისი წიგნების გამოცემა და გავრცელება კატეგორიულად აკრძალა.
მწერალს საბოლოოდ გადაეწურა სამშობლოში დაბრუნების იმედი, არადა, მას პოლონეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა და ვერსად პოულობდა ადგილს დასამკვიდრებლად. განა სულ ერთი არ არის, სად იქნები უცხოელიო, იმეორებდა. ამიტომ საფრანგეთსა და დასავლეთ გერმანიას ამერიკა მოყვა, ამერიკას ისევ ევროპა, მერე ისევ ისრაელი, ისევ ევროპა… ერთმანეთს მიეწყო უიღბლობით, მძიმე ფიზიკური შრომით და ჭარბად მიღებული სასმელით დაღდასმული წლები, რომლის დროსაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე ჰლასკოს ღირებული თითქმის აღარაფერი დაუწერია, ამან კი საბოლოოდ გაუცრუა იმედი მის უსაზღვრო სამწერლო პოტენციალში დარწმუნებულ გამომცემლებსა და რეჟისორებს.
1969 წლის 14 ივნისს დამთავრდა სამშობლოდან გაძევებული ხელმოცარული მწერლის თერთმეტწლიანი „ოდისეა“. ის ქალაქ ვისბადენში, ახლობლის ბინაში ძილის წამლებისა და ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. თვითმკვლელობა იყო ეს თუ უბედური შემთხვევა? ვერც ამ კითხვას გაეცა საბოლოო და ერთგვაროვანი პასუხი. სამაგიეროდ ასრულდა მისი გერმანელი გამომცემლის, იოზეფ კასპარ ვიჩის, წინასწარმეტყველება – ეს ბიჭი ათ წელიწადში ან ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ავტორი გახდება, ან მოკვდებაო. სწორედ ეს სიტყვები გაიხსენა ჟურნალმა „შპიგელმა“ და თავის ნეკროლოგში პოლონელი მწერლის ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრება ერთადერთ წინადადებაში ჩაატია: „მარეკ ჰლასკო, 35, ცხოვრობდა, სვამდა და წერდა“.
© არილი