პოეზია

ბელა ჩეკურიშვილი – სოფლის სახლი. მიწისძვრა. ბერლინი და სხვა ლექსები


სოფლის სახლი. მიწისძვრა. ბერლინი

ეკა ქევანიშვილს უნდოდა დაეწერა ლექსი

ერთ პატარა ქალაქში მომხდარ დიდ მიწისძვრაზე.

 

ცხელი ჩაი ხელზე გადამესხა

და სურათიც ჩამოვარდა კედლიდან.

მიწისძვრაა, – იყვირა ძიამ, –

ჩქარა, ეზოში, ვიდრე კიბე ჩამორღვეულა!

და ზრიალში, ფანჯრების და ჭურჭლის მსხვრევის ხმას რომ მოჰგავდა,

ქვევით დავეშვით.

ქოშები სადღაც გზაში დავკარგე,

და ფეხშიშველი, მეზობლებს შორის რომ ვიდექი,

გაზაფხულის სველ, ცივ მიწაზე,

ხელში აყვანილ შვილს მხარზე ისე ვიხუტებდი,

იქნებ როგორმე არ დაენახა,

სახურავიდან გადმოყრილ კრამიტს

ეზოს კნუტები რომ გაესრისა, იქვე კედელთან

და ქუჩიდან ხმამაღალი მოთქმაც გაისმა,

ახლა უკვე ადამიანს არ გაუმართლა…

იმ ჩოჩქოლში ყველამ ვიცოდით,

ჩვენს სახლებს კიდევ ერთხელაც თუ შეაქანებს,

დაბზარულ კედლებს, ისედაც სული დალევაზე აქვთ,

ეს ლამაზი, ძველი უბანი,

წამში აგურის გროვად იქცევა და დიდ-პატარას ქვეშ მოგვიყოლებს.

ამ მოლოდინით გათანგულ ხალხში

ბავშვს ჩავჩურჩულე:

იქნება დაჯდე, სახლიდან ფულის ჩამოტანას კიდევ მოვასწრებ,

ერთად დევს ჩემი ბეჭედი და ნათლობის ჯვრები.

და უარი რომ ვერ მოესწრო, დავამატე: სოფელში წავალთ.

სოფელში წავალთ? –

სხივად იქცნენ მისი თვალები, მხიარულად აიქნია მკლავები და ყელიდან მომწყდა.

ის მარნიანი, გრილი სახლი,

ფშავიდან ჩამოსახლებულმა ჩვენმა დიდპაპამ

ოდესღაც კახეთში რომ ააშენა,

შვილიშვილებმა რომ მოვიძულეთ და დავივიწყეთ,

გამოვკეტეთ და ფეხსაც აღარ ვდგამთ

გუშინ ბერლინში გამახსენდა,

იმ ლექსის კითხვისას,

ეკა ქევანიშვილს რომ უნდა დაეწერა

პატარა ქალაქში მომხდარ მიწისძვრაზე

და გადაფარა დიდი ქალაქის ზაფრა და შიში

როგორც მაშინ, იმ  ღამეში,

2002 წელს, მიწისძვრის დროს იმედად რომ ამოიზარდა,

ჩემი შვილის გაშეშებულ თვალებში,

სისხლიანი კნუტების გვერდით.

 

ქვრივის ვარდი და მარწყვები

ასკილის ვარდი,

მაქმანად რომ მისდევდა ღობეს
საუბნო გზაზე,
ქვრივის დიდი ბაღის გარშემო
და ეკლებით ფხიზლად იცავდა
გაზაფხულობით
იმ მარწყვის ბაღს
თან უმანკოდ, თეთრად ყვაოდა,
სიმწრის ცრემლებად რომ დაგვცალა,
გადაძრომა რომ მოვინდომეთ უბნის ბალღებმა
ერთმანეთის ზურგზე შედგომით
და მერე რაღას გავბედავდით,
ძაღლის ნაცვლად ის ასკილი უვლიდა იმ ბაღს
ნაკვერჩხლად რომ ღუოდა მარწყვი
ქვრივი კი ფრთხილად აგროვებდა ველური ვარდის ფარფატა ფურცლებს
და შაქრის ფხვნილში ფაქიზად სრესდა,
ზამთრის პირას სურნელოვან მურაბად რომ მოეხარშა ნუშის გულებით.
რას იფიქრებდა,
მეც რომ ერთი მათგანი ვიყავ,
გარეცხილს და ჯამით მორთმეულს
მოპარული რომ მერჩივნა და

ალუჩის ხეზე მივძვრებოდი მის დასაზვერად,
იქნებ ეზოდან გასულიყო,
ის ავი ქვრივი,
ბებიაჩემი.

 

იზოლდე ოლბაუმს, ფოტოგრაფს

ის ყვებოდა სულებზე,

სხეულები რომ დატოვეს ერთ დღეს,

მაგრამ სადღაც კი არ გაფრინდნენ,

ქვებში შესახლდნენ.

ყვებოდა ქვებადქცეულ ქალებზე –

ძეგლად რომ იდგნენ

საკუთარი სამარის კართან

და სიშიშვლის აღარ რცხვენოდათ,

გაფაციცებით აყურადებდნენ გულების ფეთქვას,

გამვლელების, ჭირისუფლების,

მათ სანახავად რომ მიდიოდნენ

როგორც გრანიტის, მარმარილოს ქერუბიმების

და ხელს უსვამდნენ მუხლისთავებზე

და ამოწმებდნენ,

ხომ არ შეეძლოთ გაცოცხლება,

გვერდით გაყოლა,

რომ მიეწვიათ სადმე ბარში, სადმე ყავაზე,

აკი მკერდები აბურცვოდათ

და მუცელიც ისე ვნებით ეკუმშებოდათ,

კამერას რომ უახლოებდნენ.

ყვებოდა, რომ ყველაფერს გრძნობდნენ,

კამერასთან, როგორც სარკის წინ, იპრანჭებოდნენ,

მზერას იცვლიდნენ,

თითქოს ამბობდნენ

რომ ქვად დარჩენა ბედისწერა კი არ არის, არჩევანია

და სულ არაფერს არა ნანობენ.

 

რომანა განცონის ბეჭდები

რომანა ხელს მართმევს

და თითები უყვავის.

ეს მისი ბეჭდების სხივებია,

რომლებიც ვარსკვლავებად კი არ ციმციმებენ,

მნათობებივით ბრდღვიალებენ

და შეხვედრისას ახალ-ახალ ამბებს ყვებიან.

 

ვფიქრობ:

ნუთუ, ადამიანები ყვავილებად გადაარჩინა

და  მათი ამბები ამ ბეჭდებად დაიმახსოვრა?

მაკვირვებს მათი ფერადოვნება

და ვეკითხები

(ვბედავ და ვეკითხები):

ნუთუ, ასეთი ჭრელი იყო შენი წარსული?

ციმციმებდა, სხივებს აფენდა?

 

მპასუხობს:

მხოლოდ საქორწინო რგოლი იყო

ცეცხლისმფრქვეველი,

ეს მარტივი ოქროს ბეჭედი,

სხვებმა მის გვერდით შეიძინეს ფერადოვნება,

როცა ჩემს თითებს ერთხელ შეეხნენ

და ნაბიჯი ვეღარ გადადგეს.

 

ომი არ იყო

„ისინიც ხომ ხალხია იქ, –

ამბობდა დედა, –

ნამდვილი ომი ხომ არ არის,

ისე ისვრიან, ერთმანეთის შესაშინებლად,

ან სახურავებს, სვეტებს ესვრიან“.

თუმცა ვხედავდით,

იმ ტყვიამ ერთი მეზობელი ქუჩაში დაჭრა,

მეორეს იქით აივნის კარი ჩაულეწა,

გადაღმა სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა.

კიდევ კარგი, შენობაში არავინ იყო,

თორემ ისე სწრაფად მოედო,

გაძარცვაც კი ვერ მოასწრეს უსაქმურებმა.

 

„ნამდვილი ომი ხომ არ არის,

ბუნკერში ბიჭებს არაფერი დაუშავდებათ“, –

გვამშვიდებდნენ წმინდა ნინოს ეკლესიაში

და პრეზიდენტის მომხრეთა გვერდით,

ჩემი ძმისთვისაც ანთებდნენ სათელს,

რომელიც, ჯერაც ვერ გაგვეგო,

ან იმ ადგილას როგორ აღმოჩნდა,

ან ბუნკერში რამ შეიყვანა.

 

„გამოდით ჩვენთან,

ვიდრე მაქეთ ყველაფერი ჩაწყნარდებოდეს –

გვირეკავდნენ ბიძაშვილები, –

ხომ ხედავთ, რომ პურზე გასვლაც საშიში გახდა,

ახალი წელი დადგება მალე, ერთად აღვნიშნოთ“.

„განა ომია, –

ვპასუხობდით, –

შევეჩვიეთ უკვე ამ ხმებსაც, ხანგამოშვებით ისვრიან და

ქუჩაშიც უფრო ზრდილობიანად იქცევიან,

ვიდრე მაშინ, როცა დაიწყო“.

 

და ვაგრძელებდით ყველა ისე, როგორც შეგვეძლო:

ველოდით მამას, კახეთს რომ შერჩა და ქალაქში აღარ უშვებდნენ;

ძმისაგან – ცნობას: ბოლოს და ბოლოს, უბანში იყო ის ბუნკერი,

გამოპარვა რა გაუჭირდა?

მე – ჩემი შვილის დაბადებას, ექიმის თქმით, თვის ბოლოსკენ უწევდა უკვე;

ნანა გეპეის გამოცდისთვის წერდა კონსპექტებს,

თან სამსახურში დადიოდა მოვლითი გზებით.

ომი არც მაშინ დავიჯერეთ,

ჩემი ქმარი რომ პალტოზე აკრული ავტომატით მოვარდა სახლში

და ჩუმად გვითხრა:

„ეს გავყიდოთ, როცა ბავშვი დაიბადება“.

 

ომი არ იყო.

ჩვენ ვიყავით გაძარცვულ და დამწვარ ქალაქში,

იყო სიცივე, უპურობა, სიბნელე, შიში…

 

8 აგვისტო

ნორბერტმა კატა დამიტოვა,

შვებულებაში წასვლის წინ,

ორი კვირით

და დამარიგა, რით მეკვება დილა-საღამოს

როდის მიმეცა ნუგბარი და მედიკამენტი.

 

მოიწყინა მუციმ ჩვენთან,

სახლიდან შორს, უცხო ადგილას,

მოიწყინა და ჭამა აიკრძალა,

კარადის ქვეშ შეძვრა და დარჩა.

მესამე დღეა, მუცი კუჭში არ გასულა,

რა უნდა ვქნათ, დილიდან ვდარდობ,

ნაცნობებს ვწერ, კატა ვისაც ჰყავს, ან ჰყოლია:

დავიცადო, თუ უკვე დროა, ვეტექიმი გამოვიძახო?

 

გსმენიათ რამე კატის კუჭის მოქმედებაზე? –

ვწერ მეგობრებს ჩემს ქვეყანაში,

სადაც დღეს ათი წლისთავია ბოლო ომიდან

და ისინი საპროტესტო აქციაზე დგანან თბილისში,

სასტვენს უბერავენ

და იხსენებენ,

როგორ აწამეს ცხინვალში რუსმა სამხედროებმა

ქართველი ჯარისკაცი გიორგი ანწუხელიძე,

რომელმაც საქართველოს დროშას არ დააბიჯა,

ქალაქის მიწას არ დააფურთხა,

და როგორც ტყვე, წამებით მოკლეს.

 

დღეს ათი წლისთავია ბოლო ომიდან,

როცა თბილისი დაიბომბა

და ხუთი ღამე მე და ჩემს შვილს, ზურგჩანთებზე თავმიდებულებს,

ფეხსაცმელებით გვეძინა,

მეტროს გვირაბში გაქცევა რომ სწრაფად მოგვესწრო.

 

გსმენიათ რამე კატების კუჭის მოქმედებაზე? –

ვრეკავ თბილისში, მეგობრებთან,

რომლებიც სანთლებით ხელში

შინდისში დაღუპული ბატალიონის საფლავთან დგანან

და აგვისტოს ცხელი ქარი თვალებში ასკდებათ.

 

ისინი სანთლებიან ხელებს ხეებივით იშვერენ მაღლა

და პასუხად ჩამესმის ხმები:

ოკუპაცია

სამაჩაბლო

კატაბალახა

მავთულხლართი

ლუი მეთოთხმეტე

აღარ დაბრუნდე

 

ფოტოალბომი

აღარ არის აფხაზეთი, – ამბობს ჩემი შვილი, –

როგორც ნინა ბებო, დაბერდა და გარდაიცვალა,

ჩვენ კი მის ნაცვლად ახლა ფოტოალბომს დავყურებთ,

სადაც ზოგჯერ ახალგაზრდაა, ზოგჯერ ჩვენთან ერთად იცინის.

აი, შეხედე, –

და მაჩეჩებს ხელში სურათებს,

სადაც მე და მამამისი ბიჭვინთის სანაპიროზე ერთმანეთს ვეხუტებით, –

მამაჩემიც სადღაც წავიდა

და ყველაფერი სურათებად იქცა,

ამ ფოტოსურათებად,

გადმოიღე და ათვალიერე.

 

თვითონ კი გასახსენებელი არაფერი აქვს,

თუმცა ვუყვები,

რომ მისი თავი ბიჭვინთაში ჩავიფიქრე,

როცა თაფლობის თვეში,

ორღანის მოსასმენად ტაძარში შევედით და

ქმარმა მითხრა: შენ იცი, რომ აქ ოდესღაც წარმართული ღვთაება იდგა?

მე კი გავიფიქრე: ბიჭი გვეყოლება.

 

ის ბიჭი თბილისის ომის დროს დაიბადა,

დანგრეულ, შეშინებულ ქალაქში,

არ უნახავს აფხაზეთის ზურმუხტის ტბები

ბავშვობიდან კი სიბნელე და სიცივე ახსოვს

და დედაქალაქს მომდგარი მტერი,

 

ამიტომ მპასუხობს: დღეს სხვა რამე გვაქვს მისახედი,

აფხაზეთი კი შენს ალბომშია,

თუ გენატრება, გადმოიღე და ათვალიერე.

© არილი

Facebook Comments Box