პროზა

ბესო სოლომანაშვილი – ორ-ორი პანღური წმინდა გიორგის დღეს სადღაც კავკასიაში


„დღეს 2003 წლის 24 ნოემბერია, გუშინ გიორგობა იყო, ქვეყანა შეიცვალა და მე არაფერი მეშველა… რა სირობაში აღმოვჩნდი, ტო?!. გუშინაც კი ჩემთვის მოიცალა ბედმა. ბედმა კი არა, უბედობამ. დილას აღმოვაჩინე რო ძლივს შეგროვებული, ბანკში შესატანი 800 დოლარი ჩემ გერს მოუპარია და წაუღია. მთელი 800 დოლარი, დედას შევეცი, თავის მოკვლა მინდოდა, გული მიგრძნობდა რა, წინა ღამეს ცოლთან გავმაზე… და არ ამიდგა, ციოდა და… სად არი მაგდენი ფული გაზით ან ელექტროპლიტით გავათბო სახლი. ნავთის კერასინკას ვერ აანთებ, ხრჩოლავს და დაავადდნენ ბავშვები. მერე გამოყლეებული სიზმრები ვნახე და აჰა – ამიხდა. ჩემ ცოლს სულ დედის ტრაკი ვაგინე, თან მეორე ოთახში სიდედრს ეძინა და უფრო გულიანად ვიგინებოდი. ბავშვები იმასთან იყვნენ შეყუჟულები, შეეშინდათ, აბღავლდნენ, ტირილის ხმა რო გავიგე, კიდე უფრო გადავირიე და გავვარდი სამსახურში.

დერეფანში, სამზარეულოდან გამოვარდნილი ნავთის სუნი მეტაკა, დენი 1 საათში წავიდოდა, ცოლი თან საჭმელს აკეთებდა, თან რეცხავდა,- უნდა მოესწრო ყველაფერი, ყურადღება არ მოუქცევია, არა, მომაქცია, მაგრამ პასუხის დრო არ ჰქონდა.

მოვკლავ იმ დედამოტყნულ ჩემ გერს, არ მოვიდეს სახლში, თორე მართლა მოვკლავ-მეთქი, ისეთი მივაჯახუნე კარი, ცხრასართულიან კორპუსში სულ ცოტა ორბალიანმა მაინც ჩაასვრევინა მეზობლებს.

ლიფტი ორი დღეა გაფუჭებულია, წუხელ ვიღაცეები ამოდიოდნენ, დენი წავიდა და გაიჭედნენ. გამოყვანისას გააფუჭეს, ცხრა სართული სულ გინებ-გინებით ჩავირბინე.

მემონტაჟე ვარ ტელევიზიაში და საინფორმაციო სირობებს ვამონტაჟებ. მაგრა არ ვევასები ნიუსების შეფს. რატო დავევასები? ნინჩოზე აბოდებს, ანძრევს ისე ევასება და იმასაც მე ვტყნავ, – ხო ვარ იდიოტი? – ვარ. იმ შეფის ცოლი იქვე მუშაობს და ხმამაღლა ხო ვერ გამიტრაკებს, მეც არ ვიმჩნევ და რატო ამიტანს? ერთი სული აქ რამეში ძაან ჩავიჯვა რო გამაგდოს, მაგრამ კაი მემონტაჟე ვარ და ვერ მელევა. ბებია მაგისამ, გავარტყი ნიუსების სიუჟეტების მემონტაჟეობას. არადა, დიდი „კინოშნიკი“ მინდოდა გამოვსულიყავი და გამოსირებული „ტელევიზიონშიკი“ გამოვედი. მაგარი უიღბლო ტიპი ვარ, ტოო!!! ერთადერთი კარგი, რაც ამ ტელევიზიას აქ,- სითბოა. შუქი სულ არი და სტაბილური ხელფასი. მგონი ამ ნიუსების შეფს წუხელ ავუსრულე ოცნება, დღეს გავიგებ წესით, თუ გამოვძვერი აქედან. ხო, იმას ვამბობდი – მივედი ტელევიზიაში, დაცანცარებენ ეს ჟურნალისტები, გონიათ მათზეა ყველაფერი დამოკიდებული, – დარბიან საქმიანი სიფათებით. იმაზე მეცინება ხოლმე, გზადაგზა რო კითხულობენ ტექსტს, რო იმეორებენ, ვითომ ისე გვეჩქარება, წუთი არ გვაქ დრო გასაჩერებლადო. ყველას ჩემთან მუშაობა უნდა… ეხლაც ამიწიკვინდნენ, დავაგვიანე და… რა იციან, რა სირობაში ვარ, ის ფული მალე თუ არ შევაგროვე, ერთ თვეში სახლს გამიყიდის დედამოტყნული ბანკი. ტყულად ვეძველბიჭე იმ კრედიტოფიცერს, – ადრეც გავიჭედე, მაშინაც მიყიდიდნენ ბინას – გადამივადე სესხი-მეთქი, არაო – უფროსობა უფლებას არ მაძლევსო. კაი-თქო – მიდი გამიყიდე, მკიდია-მეთქი, ოღონდ იცოდე, იარაღს ვიშოვი და კი არ მოგკლავ, დაგასახიჩრებ-თქო. ციხეში მე მაგარ პატივისცემაში ვიქნები, ჰა-ჰა, ხუთ წელიწადში გამოვალ. შენი დედამოტყნული, გაუმაძღარი ბანკის დირექტორი კანარებზე იქნება, შენ კიდე რა დაგრჩება, – ინვალიდის „კალიასკა-თქო“, გაჭრა, მოახერხა გადავადება. იმას ვწერდი, რო ძაან არეულობაა ამ ტელევიზიაში, ჟურნალისტების რიგი მიდგას, მე კიდე, მაგარ ძღნერ ხასიათზე ვარ. თან მახსენდება რო არ ამიდგა, თან მოკვლა მინდა ჩემი გერის. თენგიზამ შემატყო, მოგაწევინებო და დილიდან ტრუხა პლანი მოვწიე, არაფერი აღარ მინდა, არა, – მშია, თან მაგრა. კაპიკი არ მიდევს ჯიბეში, ვერც ბუფეტში ჩავდივარ იმდენი ნისია მაქ, დააჭერინებს ჩემ თავს, რო დამინახოს რობერტა ბუფეტჩიკმა. ეს ნინჩოც არ ჩანს, – მაჭმევდა. არც თენგიზას აქ ფული, დანარჩენი სირები არიან, – ვერაფერს გააგდებინებ. შემოვიდა ეს ნაკომკავშირალი ახვარი, შეფის მოადგილე, შენი იმედი მაქო, და მე რო დაბალი ხელფასი მაქ-მეთქი? ხო ხედავ რა მდგომარეობაა, ეს რევოლუცია გადავაგოროთ და მერე მოგხედავო. ამისი ცოლიც აქ მუშაობს. გემრიელი სატყნავია, – ერთხელ კორპორატიულზე „მეზასავა“. რო იცოდეს ამ სირმა? შეილება იცის და იმიტო არ მიმატებს ხელფასს. ის დროა, მაგრა იქოქება ამბავი, მთელი ქვეყანა ქუჩაშია გამოყრილი. თავისუფლებას ითხოვენ – მოგიტყანთ თავისუფლება, იცოდნენ მაინც რა არი! მე სუ მკიდია. ისევ ისეთი ნაგავი იქნება. ხალხს ხო ვერ გამოცვლი ამ ქვეყანაში – რევოლუცია რას უშველის. მოდიან და მოდიან ცანცარა ჟურნალისტები, ხან დროშებით მორბენალ დაგოიმებულებზე ვაკეთებ სიუჟეტებს, ხან სკამებზე დაგეშილ ტურებზე, სულ ყველა რევოლუციაზე – ამის დედა ვატირე, მერამდენჯერ უნდა დაიწყოს ამ ჩათლახების ქვეყანაში ახალი ცხოვრება… სამჯერ შემოიხედა იმ შეფმა, აბა თქვენ იცითო, ნინჩოს ეძებდა ეს ნაბიჭვარი, იცის რო ჩემთან იქნება და… ბოლოს ვეღარ მოითმინა და იკითხა, სად არიო, რავი, სადაც გაუშვით იქ იქნება-თქო, რო მოვა შემოვიდესო და გაიძურწა. ნინჩო მოვიდა, მინდოდა გამეტრაკებინა, მარა გამოსირებამდე კაია ეს ჩემისა, შეილება მიყვარს კიდეც. თან თავხედია, დებილი ირინა წამოაგდო სამონტაჟოდან, მძრეველ ჩორტიკასთან გააგდო და დამიჯდა… აუ, ისეთი ტრაკი და ძუძუ აქ და თვალები და ღიმილი… და ხმა კიდე. შეფმა გიკითხა-მეთქი, აუუ, ტვინს მომიტყნავს ეხლაო და გავიდა. ისევ დებილი ირინა დაბრუნდა, მაგას ის ერთი საათი არ გამოუშვებს და მიდი რა, დამიმთავრეო, აი, ამას როგორ უნდა დავუმთავრო? ის ძაღლი როა… დობერმან პინჩერი, – უზნეო დობერმან პინჩერს გავს, პატრონსაც რო მობეზრებია და არ აჭმევს. ოღონდ მართლა დებილია, აჰა, აი რა დაწერა რევოლუციაზე: “საქართველო მიმდინარე პერიპეტიების განვითარების წინაშეაო, რევოლუციის ნიშანდობლივი საშიშროებითო…“ – მეზარება რო ვუთხრა რო სირობაა, მოსტყვნია დედა. სამი კადრი მივამონტაჟე და მობრუნდა ნინჩო, კვდება სიცილით, მაგრა ვუნდივარ მარა იმ „სტერვა“ ცოლმა მოუსწროო, ჯერ მითხრა, ეხლა გადატრიალება მოხდებაო და პირველი სიუჟეტი შენი უნდა გავიდესო, პარლამენტში შევარდება ეს ცოფიანი, ის ბებერი ხრონწი კიდე, გაიქცევა და ამაზე, ეგრევე უნდა იდოს სიუჟეტიო, შენი იმედი მაქვს და მერე ცალკე უფრო სერიოზულად დავილაპარაკოთ ჩემო სიცოცხლეო და ცოლიც მოვიდაო. რო ჩამაფრინდა მაჯაში, არ გაუშვია, ფუ რა სლიკინაა ეს სირი, თან სუ ძუძუზე მიყურებდაო… სირი ეძახე შენ და ყველაფერი მართლა წინასწარ იცის მგონიო. მე ვეუბნები, შემოგხედავს, აბა რა იქნება, თუ ესე გქონდა თავები ამდგარი, ლიფი გაიკეთე-მეთქი… გავარტყი მაგათ რევოლუციას-თქო, მიდი რა, თუ ეგრე ევასები შეჩემა, ტრაკი გაუქნიე და ჩემთვის ხელფასი მოამატებინე-თქო, დეგენერატი ხარო და თან მარტო შენთან მიდგება ძუძუსთავებიო და წავიდა. ხო იაფერისტა, მარა მაინც გამისწორდა.

ტონა კასეტები ამოიტანა. ერთი საათი ვიდეოებს ვყრიდი კომპიუტერში. ვზივარ, ვუყურებ ამ პოლიტიკოსებს, ვუყურებ და რა ნაძირლები არიან?!?! იქვე, ტელევიზორი მქონდა ჩართული და ეს დედამოტყნულები ერთი თვის წინ სხვა რამეს ლაპარაკობენ, ეხლა სხვა რამეს. თენგიზა შემოვიდა, კაი გავაძრე, მოწევო? – მშია-მეთქი, დამავიწყდა საჭმლის ფული გამომერთმია ნინჩოსთვის. ჰოდა, მოწიე, გაგეხსნება და ჩახეთქე მერე, მაგრა შეგერგებაო. უჭმელზე მოვწიე, ისეთი გამეხსნა, ჩემი გერი ხო დამავიწყდა, ბანკიც აღარ მახსოვდა და არც ის დაკუნთული კრედიტოფიცერი, დასახიჩრებას რო დავპირდი. ჭკუაზე არ ვიყავი და ნინჩოც მოვიდა, ჰამბურგერი და ყავა მოიტანა. დაბოლდი შეჩემა, ხო არ გამოყლევდიო, მითხრა, სამუშაო გვაქვსო. გაყო ოთახიდან ხელი, კუტუსავით დაანახა ყველას შუათითი და შიგნიდან ჩაკეტა, მნიშვნელოვან სიუჟეტს ვამონტაჟებ და არ შემაწუხოთო. მგონი ამასაც ვუყვარვარ, ნაღდათ ვუყვარვარ. თუ კიდე გაქ, ერთი ნაფაზი დამარტყმეინე და დავიწყოთ მონტაჟიო… თან ვილუკმებით, თან ტელევიზორში მიზიზინებს რევოლუცია, ისეთი ამბები ხდება, – მტერს. მართლა კაი მოსაწევი უშოვია, დილას რას მერჩოდა ის ჩემისა, თენგიზა. დაბოლილ-დასირებულებ-ყბაჩამოვარდნილები ვუყურებთ ტელევიზორს. ბიჭო, იმ გამოყლეებულმა მგონი მართალი მითხრა რევოლუციაზეო და დამიზასა ნინჩომ, მე კიდე ჰამბურგერის ხახვი მქონდა გაჩრილი პირში, ძლივს მოვასწარი გადაყლაპვა, დაბოლილზე მაგარი გამომშრალი აქ ტუჩები და ენა, კინაღამ მივეწებეთ ერთმანეთს. ხელების ფათური დავუწყე, დაბოლილზე მაგარია-მეთქი გათავება. ხო არ გაგიჟდი, ვერ მოვასწრებთო. ერთი იმის და ამათი დედაც მოვტყან, მოდი ჩემთან-თქო. არაო, – თუ არ უნდა, ტანკით ვერ გააკეთებინებ. ჩაწერა სიუჟეტის ხმა. სუ ორ-ორად მესმის სიტყვები. იმას კიდე, პირი რო აქ გამშრალი, ძლივს ლუღლუღებს. სასწრაფოდ უნდა დამიმონტაჟოო. დავიწყეთ მონტაჟი, ტელევიზორში ყველა ერთმანეთს აწვება – მიდის დაგა-დუგი. ნახე რა ხდებაო, წამოდგა, მაგიდას დაეყრდნო, ეკრანშია შემძვრალი, ტრაკი მომიშვირა. ვერ გავძელი, – აუ დამაცადე, ნახე რა ხდება, უნდა მოვასწრო, მართლა შედის, შეხედეო. ეს ვარდები რა არი-მეთქი? ვარდების რევოლუცია შე გოიმო, ამდენი არ უნდა მოგეწიაო. რა-მეთქი? წადი თქვენი ტელევიზორიც – თქვენი რევოლუციაც, ახალი ცხოვრებაც და ზემოდან თავისუფლებაც-მეთქი და… მოვიგდე ხელებში. დამაცადე, ნახე, შედის უკვეო. შედის გაჩვენებ ეხლა-მეთქი… უკვე ცივა გოგო, ესეთი თხელი და წვრილი რატო გაცვია, გაგიცივდება-თქო… არაა, ძაან მაგარი მოსაწევი იყო, – აუ რაას შვებიო და გაყუჩდა, მერე თავისთვის ჩაიბურდღუნა, მოვა ვინმე… სიუჟეტი უნდა გვქონდესო… ოღონდ ეწელება სიტყვები, – შედის ბიჭო შეხედე, შედისო… აბა რაა, შედის-მეთქი… შორიდან მესმის „გადადექიი“- გაკივიან… აუუუჰ, შევიდა უკვეო,… აუუუჰ, ხოოო-თქო … გადადექიიი, შევიდააა… ურტყამენ ერთმანეთს, ერთი შევიდა, მეორე გაიქცა… დამთავრდაა? ჯერ არა, ეხლააა, ეხლააა, ეხლაააა… დავეხეთქეთ ორივე პირდაპირ იატაკზე დაწყვეტილები, ძლივს ვსუნთქავთ, გონზე ნელ-ნელა მოვდივართ… და უცებ კარზე რახარუხი, ნინჩოოო, – იძახიან… – შევიდა და სიუჟეტი სად არი, ნინჩოო?!?!?

სიუჟეტი ერთი საათით გვიან გავიდა, მე დამიბარეს და ხვალ დაგელაპრაკებით უფრო სერიოზულადო, შეფის მოადგილემ: “ბიჭოო, ქვეყანაში ნახე რა ხდება? ახალი ცხოვრება იწყება და შენ რას შვებიო… მოწეული იყავიო?“ – ვისი ცოლიც მეზასავა ის მეუბნება. რას ვეტყოდი, – არა-მეთქი. ნინჩოც მაგრა დატუქსეს. წასვლის წინ შემხვდა, ამ მანიაკს ეტყობა კამერები აქ თავის კაბინეტში, მგონი გვიყურებდაო. რა იცი-მეთქი, თითქმის ყველაფერი მომიყვაო, აბა შიგ არა აქ ეხლა? შენობიდან რო გამოვედი, იდეა მომივიდა უცებ, კართან დამონტაჟებული კამერის წინ სკამი მივიდგი და შუათითი გავუშალე. მეც მაგრა შიგ მაქ რა, გამაგდებენ აბა რა იქნება. გამოვედი გამწარებული, ხალხი მირბი-მორბის, დროშებს დააფრიალებენ, მღერიან. რა ყლეები არიან ეე, ამათ რა უხარიათ… ეტყობა ელოდებიან რო, მერე რამეებს ჩამოურიგებენ, აბა ტყუილად დარბიან, ტო?… პირველი საათია ღამის, სახლში რითი წავიდე, ტრანსპორტი არ არი, ყველა რევოლუციაზეა. ტაქსის ფული არ მაქ, ხო არ გადავაგდო-მეთქი ვინმე, მარა გადავიფიქრე, აღარ მინდა შარი. მეტროსკენ გავიქეცი, სანამ პირველი გახდება, იქნებ მივასწრო ბოლო მატარებელს… აი, უნდა შევაღო კარი და პოლიციამ, – „ვსიო, მორჩა დაიკეტაო“. კაი ეხლა-მეთქი, რევოლუციაა, შემიშვი-თქო, ჰოო და, რევოლუცია როა, იმიტო არ გიშვებო. ძაან შორს ვარ ფეხით წასასვლელი-თქო, ყრუდ მომიკეტა კარი. მეტისმეტად ბრტყელი შუბლი ჰქონდა, რამე რო გაეგო. თან ჰალსტუხიც ყლესავით ეკიდა და ყელში უჭერდა, ფუ შენი კარგი მოვტყან-თქო, ჩავიბურდღუნე. რააო? – მინის იქიდან დამიძახა, შევაგინებდი მარა, ჩემს ზურგს უკან, გოგონების ჟღურტული გავიგე, იქნებ შევყვე-თქო. რუსებს გავდნენ (რა მნიშვნელობა აქვს, მარა ისე, მაინც), დააკაკუნეს, ყელი გამოუწიეს და შეუშვა ამ ახვარმა! მეც მინდა შევყვე და მომიჯახუნა ამ ნაბიჭვარმა, „შენ მგონი შემაგინეო“ – ორი წუთი ვარახუნე, გამოიხედა, გამომღრინა. ნაშები კი კაკანით ჩაქანდნენ კიბეებზე და ბოლო მატარებლის ჩაქროლების ხმაც გავიგე. ამოვედი კეთილ-კარგებ-დედის-ოჯახ-მკვდარცოცხლის გინებით და წავედი ფეხით. მგონი მართლა გადაირია ხალხი, რას ელოდებიან? ერთმა ნაძირლებმა გააჯმეინეს მეორე ნაძირლებს, ამათ კიდე მესამე ნაძირლები გააჯმეინებენ და მე სულ ესე სირივით უნდა ვიყო მათხოვრად, თქვენც!!! ისა, ბოდიში, ეს ხალხიც… გადავწყვიტე გავაჩერო მანქანა ,- ან გადავაგდებ, ან, სახლში ჩემ ცოლს ექნება ჩაკუჭული სადმე რამე და ჩამომიტანს, მარა ისეთი დროა, საკუთარი ძმის გეშინია, ვინ გაგიჩერებს. ერთი გაფიქრება ვიფიქრე, რევოლუციონერებს გავყვები-მეთქი, ესეც გადავიფიქრე, ბევრი მაქ წაკითხული და ვიცი რევოლუციას გაყოლილებს რა მოსდით. მივუყვები ქუჩას, ფეხები ამტკივდა და შემცივდა, ნოემბერის ბოლოა მაინც. ყველას და ყველაფერს ვაგინებ: ჩემ გერს; ბანკს; თავისუფლებას; რევოლუციას; ნინჩოს; ჩემ ცოლს; ჩემ თავს, ყლის ჭკუაზე რო დავდივარ; სამშობლოს; პოლიციას; ყოფილ და ახალ მთავრობას; კეთილებს, ბოროტებს ვაგინებ, ბოროტებს – კეთილებს; დედაჩემს და მამაჩემს, რო ამ ქვეყნიდან არ წამიყვანეს თავის დროზე, მოკლედ, ყველას, ვინც ცხოვრებაში ხელს მიშლის. ჩაივლიან დროშიანები, ბღავიან, მეც მივაყოლებ ბღავილს – გაუმარჯოოს – თქვენ მოგიტყააანთ…!!! ვუშვებ ადრენალინს და ვერთობი. კვარტლები მოკლეზე გადავჭერი, ქუჩაზე უნდა გავიდე და გაჩერებაზე იქაური უბნის ტიპები დგანან, არაყი აქვთ ორი ბოთლი – ერთს ცლიან, მეორეს ხსნიან. პური, ვაშლი, ძეხვი კი არა, აი, „კალბასი“, დიდი თეთრი ქონებით, ცოტა რო გადაზელილია დანარჩენ წითელ მასაში, სასაზე რო გეგლისება და რო ვერ იცილებ… კიდე, ორი ცალი მჟავე კიტრი, ეგრევე ცელოფნის პარკზე გაშლილი. ჩაიხრიალეს ისევ დროშიანებმა, ძმაა – დამიძახეს გაჩერებიდან, შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ფუ თქვენი დედას შევეცი, – გავიფიქრე, ოღონდ ღიმილით გავხედე, მოდი ძმა, ახალი ცხოვრება დალოცე, პლასტმასის ერთჯერადში დაუშვეს და აყროლებული თითებით ქონიანი „კალბასის“ ბუტერბროდიც მოამზადეს. დავლევ, გავთბები-მეთქი და მივედი. ჭიქა გაავსეს ბოლომდე, ბევრია-თქო, მიდი კაცო, გვაქ კიდეო. ბუტერბროდიც მომაწოდეს და დაილოცე ძმაო, ნახე რა ხდება ქვეყანაში, ის ბებერი ახვარი და მაგის ღორები გაიქცნენ და ახალგაზრდა ცოფიანები მოვიდნენ, ორი გზა გვაქ – ან გვეშველება ან დედა მოგვეტყნა, საშუალო არ არსებობსო – თან გიორგობაა, დიდი გოთვერნები არიან, მაინცდამაინც გიორგობას დაამთხვიესო. ჰოდა, გიორგობას გილოცავთ-მეთქი. ჩაიქროლეს ისევ დროშიანებმა, ერთი ძაან მთვრალი იყო, გახედა დროშიანებს, არ მევასება ეს რევოლუციები და თუ გინდა შემეცითო, წავედი მე, სახლში შარს არ გადავეყაროო, ადგა და წავიდა. მეორემ, ვინც არაყი მომაწოდა, შორიდან რო ვიცნობ, შიგა აქ ამ ჩემისასო, რაც ცოლი მოუკვდა, სულ დაყლევდაო. მესამემ, ვინც ბუტერბროდი გამიკეთა, კიდე კარგად უძლებდა ის ცოლიო. ამასობაში ჩავიცალე ის მთელი ჭიქა, ვუკბიჩე „კალბასს“ და მგონი ის თეთრი ცხიმი სასაზე ამეკრა, ენით ძლივს მოვიცილე და დაუღეჭავად გადავყლაპე, გემო რო არ გამეგო. ფუ, როგორ ჭამენ მართლა ეს გამოყლევებულები, წამომაზიდა, არ შემატყონ-მეთქი და გავუღიმე, გმადლობთ ძმებო – ვუთხარი, კიდე დალიეო, არაა, არა-თქო, აღარც დამაძალეს, სად ჰქონდათ უცხოსთვის მისაწოდებელი არაყი. მოვცილდი, ხეს ამოვეფარე და რაც პირში მქონდა ხო ამოვაფურთხე და ნარჩენი იქვე მივაგდე დედისტრაკის ჩუმი გინებით.

არაყმა თავისი ქნა და ეგრევე მომათბო, ჯანზე მომიყვანა. სახლამდე დამრჩა ნახევარი კილომეტრი. ეს დროშიანები ისევ ბღავიან, მეც კიდე ჯანიანად მივაყოლე ბღავილს ბღავილი – გაუმარჯოოს – თქვენ მოგიტყააანთ…!!!

გვერდით ამომიდგა თეთრი რუსული მანქანა, 07 როა, ახალგაზრდა კაცმა გადმოყო თავი – „პრივეტო“. „პრივეტ“-მეთქი გავუღიმე ცოტა აცანცარებულმა, მაინც ამიტანა რა ამ რევოლუციის გოიმურმა ავარდნამ. „რამ გაგამწარაო“, ცხოვრებამ-თქო. გამიცინა და “გაგაზა”. ერთი კი ვიფიქრე, რაღაცა ახვრობას აქვს-მეთქი ადგილი, თან მეტროს გამოცდილება მქონდა და ხმამაღლა აღარ შევაგინე, მარა გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა, დამცინა ამ შობელძაღლმა – ვფიქრობ და თან მიზიზინებს ის ერთი ჭიქა ტრუხა არაყი ტვინში. აი, სულ ახლო ვარ სახლთან, ვხედავ უკვე. იქვე ჩვეულებრივი ძაღლობა, ბოდიშები, რაა, – პოლიციის განყოფილებაა, დაგმანულ-ჩარაზული. წითელი ქართულ-ინგლისური წარწერით “პოლიცია- POLICE”. ეს ის ძაღლობაა, ოთხმოცდაათიანებში, ომის დროს, ვიღაც პატარა ბიჭი რო დაიჭირეს, ამ ბიჭის ხუთი ძმაკაცი მიუვარდა, ისეთი დამართეს, პოლიციის უფროსი ეხვეწებოდა, წაიყვანეთ თქვენი ძმაკაცი და წამოვდგებით ასფალტიდან, ყვერები დაგვეყინაო. ერთი თვე გარეთ არ გამოდიოდნენ და ფანჯარას ვერ აღებდნენ, – ეხლა სულ სხვები იქნებიან ალბათ, უფრო მაგრები. ვინც მიცნობს, ემოციური ტიპი ვარ და ამ “პოლიცია-POLICE“-ს დანახვაზე ყველაფერი გამახსენდა, რაზეც დაბოღმილი ვარ. რა მეტაკა ეხლაც ვერ ვხვდები, – ამეჭრა რა, გამიგებთ, თქვენც ხო მოგსვლიათ. გავჩერდი, პოლიციისკენ ხელი გავიშვირე და ამოვიხავლე, ხმამაღლა მომივიდა რა, და შევიგინე, ორჯერ შევაგინე… ამოვანთხიე რა, მე სირმა და დამშვიდებული ავუყევი აღმართს. პატარა აღმართია ჩემ სახლამდე, 200 მეტრი უნდა გავიარო. მოულოდნელად მოდის ის თეთრი 07. ბოდიშიო რა, – თავი გამოყო ისევ იმ ბიჭმა, გვეჩქარებოდა, მაგრა გაგვიტყდა ქუჩაში რო დაგტოვეთ და აგიყვანთო, – კეთილად მითხრა. არა, აქვე ვცხოვრობ-მეთქი. იმის გვერდით ტიპი ზის, ბოროტი თვალები აქ, – მივხვდი, შარში ვარ. უკანა ფანჯარაც ჩაწია ვიღაცამ, სამხედრო ქურთუკი ეცვა, ჩაეგდე თორე დედას მოგიტყნავთო, ამ რევოლუციაში ერთით ზედმეტი ერთით ნაკლები, – ვინ გაიგებსო. ეუჰ, დამიარა ფეხებში, რატო მაგინებ-თქო – გამიკვირდა ჩემი თავხედობა და იმათ როგორ გაუკვირდებოდათ, ხო ხვდებით? გაბრაზებულმა მაკაროვი ამოაძრო სამხედრო ქურთუკის უბიდან. მეოთხეც გამოჩნდა,- ეს მეოთხე ძალიან დიდი აღმოჩნდა, იმხელა იყო, რო გადმოდიოდა მანქანიდან, აღარ დამთავრდა,- იზრდებოდა და იზრდებოდა, მომიახლოვდა, „ნაზად“ ამიტაცა და მანქანის უკანა სავარძელზე აღმოვჩნდი ბრაზიან მაკაროვიანსა და „აღარდამთავრდას“ შორის გაჭედილი. უცებ ბოროტთვალებიანი მოტრიალდა და იარაღის ტარი ჩამარტყა ყვრიმალში, მოწითალო მომწვანო ნაპერწკლები გავყარე, გამაზრიალა თავში. რამე საბუთი გაქო? ამოვიღე ტელევიზიის პირადობის მოწმობა, სადაც ეწერა რო მონტაჟის რეჟისორი ვარ, – უი, შენ პიდარასტი იქნები და ეხლა ტრაკში მოგტყნავთო. რატო ვართ-თქო პიდარასტი, მივხვდი – სექსუალური უმცირესობის „თავგადადებულ დამცველებს“ შევხვდი. მძღოლის გარდა ყველამ ორი-სამი მითავაზა, სხვათა შორის, ყველაზე მსუბუქად “აღარდამთავრდამ“. წადი ჩვენ რო ვიცით, იქო, ბოროტმა თბილად უთხრა კეთილ მძღოლს. გარეთ დაქრიან დროშიანები, გავცდით ამ დროშიანებს, აღარავინ დაქრის. ბოლო ლამპიონმა ჩამიქროლა. სადღაც სიბნელეში გააჩერეს, ეტყობა სახალხოდ მაინც არ მაკადრებენ ხმარებას. გინებ-გინებით გადმომათრია ოთხივემ მაქანიდან, არადა, რო ეთხოვათ, მე თვითონ გადმოვიდოდი, რაღა თქმა უნდა, მაგრამ არა, არ უნდოდათ რო ვეწვალებინე სექსის წინ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, „აღარდამთავრდამ“ მანქანის საბარგული ახადა და „დამაბაგაჟნიკა“ – აღარ მინდა აქედან გადმოსვლა. აი, ვიწვებოდი და ვიწვებოდი ესე ბედნიერად. მანქანა მიდის. რა კაი ბიჭია ეს ჩემი გერი, აღარასოდეს გავუტრაკებ – რა ქნას, დაჭირდა ფული; ან იმ კრედიტოფიცერს რას ვერჩი, მშვენიერი კაცია, სახლიც რო გამიყიდოს, ქირით გადავალ; ის ჩემი ნიუსების შეფი ძალიან კარგი ტიპია, ძალიან. გამაგდოს სამსახურიდან, – მართალი იქნება, ოღონდ ამ საბარგულში ვიწვე და ვიწვე. მანქანა გაჩერდა. ოთხივე კარის გაღება-მიჯახუნების ხმა გავიგე. კაია, სახლში რო აჯახუნებ ხოლმე კარს გაბრაზებულზე? ჰა, როგორია? აბა, ეხლა ამათ აგინე შე… აღმოვაჩინე, რო არც ერთი უწმაწური სიტყვა არ მომდიოდა თავში.

ნელა მოქმედებდნენ: ნელა მოვიდნენ საბარგულთან და ნელა გახსნეს. საკეტს ისეთი ხმა ჰქონდა, ჯერ ტვინი გაიარა რიხინით, მერე გული, სადღაც კუჭსაც ჩაუარა, რა თქმა უნდა, ყვერებში ჩაიელვა და კოჭებთან რო დაეცა, მე უკვე საბარგულიდან ამოთრეული ვიყავი, მანქანის წინა მხარეს ვიდექი და „დალნები“ მქონდა მონათებული. ნეტა ქართულად როგორ არის „დალნები“ და „ფარები“, შორი მაშუქები? ნათელში ვიყავი, ოთხი სილუეტი ჩემ წინ ტრიალებდა. “კონტრაჟური“ როგორ არის ქართულად? „ჩხაააკ!!!“ გრუხუნით გადაწია ვიღაცამ ჩახმახი… ჩახმახი… რანაირი სიტყვაა ჩახმახი…

 

*

– მართლა ესროლეთ, ბიჭო???

სამივემ თავი დახარა.

– კაი, დამაცადეთ.

“…გრუხუნით გადაწია ვიღაცამ ჩახმახი, რანაირი სიტყვაა ჩახმახი… კინოებშია ხოლმე, შენელებული კადრი როა, იარაღიანი ხელი რო იწევა დაძაბულობის გასაძლიერებლად. მერე მოსაკლავის თვალები ან ხელები, შარვალზე რო იმშრალებს ოფლს, თუ გოიმური კინოა, შეიძლება გულისცემის ხმა ისმოდეს, მერე „კუროკზე“ თითი…“კუროკი“ როგორ არი ქართულად, „კუროკ, კუროკ, კუროკ“- ჩახმახი არა, სასხლეტი… არა ჩახმახი, ამის დედაც მოვტყან, ან ჩახმახი იქნება ან სასხლეტი… ჰო, ეხლა სად შეიძლება მესროლონ? ანუ მოკვლით მგონი არ მომკლავენ… რაში ჭირდებათ… ჰაჰა, კოჭებში მესროლონ… აურელიანო ბუენდია ვარ ეს დედა

მოტყნული… აღმოვაჩინე რო გინება ისევ დავიწყე, ვითომ გინებისთვის ვისჯები? არა და, მართლა გინებისთვის ვისჯები და გამეცინა…

– რა აცინებს ამას, შიგ ხო არა აქ?

– გარეკა ამ სირმა… მიდი ფეხებში დაუშვი და გავაჯვათ, არა მაქ ამის ნერვები…

– რა გაცინებს შე ყლეო?

– ისა… რავი… – მგონი მე მეუბნებიან, ისევ ის ხმაა, მანქანაში პირველად რო შემაგინა, სამხედროქურთუკიანი, – ყლეც ხარ და ტრაკიც, – როგორ მომინდა მეთქვა, მარა…

– ისა კი არა… ესროლე რა შეჩემისა, შენც კაი ქვეშაჯვია ხარ, ამ სირის არ იყოს.

როგორ იყო… რა გაიხსენა, სად იდგა?… კედელთან ჰოო… ფეხები გამიბუჟდა და მუცელში მომიარა, „კალბასი“ ფუუჰ, დამიტრიალდა მუცელში ტკივილი… კუჭი ამეშალა მგონი… აუუ, ძალიან მომაწვა და გაკუება მომინდა… ოოო, მოგიტყაააან-ამოვაყოლე.

– ფუ შენი დედა მოვტყან… მოკალი დროზე თორე ჩაიჯვა ამ შობელძაღლმა! – ან ისა, ის სირი შეფი, აუ რა გაუსწორდებოდა ეხლა ამათ რო დამადუღონ გასაგდები რო აღარ ვეყოლები სამსახურიდან… თან სკანდალური სიუჟეტი, თან უმტკივნეულოდ მომიცილებს… და ნინჩოსაც აღარ მოუტყნავ…

“ბადაახ, ბადაახ, ბადააახ!!!”

 

*

– გაკუებისთვის ესროლეთ თქვე ნაბიჭვრებო თქვენა?

– არა… რა გაკუებისთვის?

– აბა, ისე რამ გასროლინათ?

– რა გაკუებისთვის… სირობები უწერია… აფერისტია… გაკუებისთვის რატო ვესროდით, ტოოო??

– ბიჭო რაღაც მიზეზი ხო უნდა, რო კაცს ესროლო… სადღაც ქუჩაში შეიგინა და ადექით, დააბაგაჟნიკეთ და ესროლეთ… გაკუებისთვის მაინც გესროლათ, რაღაცით გაგამართლებდით… თან რა გჭირთ ეს, რახან რეჟისორია ან ხატავს ან წერს ყველა პიდარასტი როგორ არი, თქვე შობელძაღლებო, თქვენ რო გკითხოთ კაცმა, ვაჟა ფშაველაც პიდარასტია და შოთა რუსთაველიც ხო, ლექსებს ვინც წერს ყველა ხო?

– ეგ რა შუაშია დავიდიჩ, ჩვენც ვიცით რაღაც… კაი რა დავიდიჩ… პოლიციას შეაგინა და… ამ არეულობაში შეილება პოლიციისთვის გინება?

– რა დავიდიჩ, შე ჩემისა, სროლით ხო ნაღდად ესროლეთ?

– ჰოო… სროლით ვესროლეთ… ეგრე იმდენისთვის…

– ხო არ დაჭერით ეე, როგორ არი??

– არა, რა დავჭერით… არი რა??

– მოიცა ბოლომდე ჩავიდე… მერე უნდა მოგიტყნათ კეთილები… აურელიანო ბუენდია ვინ ჩემი სირია იცით ვინმემ?

ყველამ მხრები აიჩეჩა.

 

 

*

“…ეგრევე დავამონტაჟე, აი ეგრევე, ჩახმახი, ჩახმახი კი არადა, სასხლეტი კი არადა… თითი, ნელი მოძრაობა… გავასხმეინებ ამ სირს, ამის დედა მოვტყან, ოღონდ რატო გამასხმეინებს, არ იცის. მეორე ტვინავს, რას შვები, ტოო… ამ სირის გულისთვის გვიხმარენ ტრაკში… თან ტელევიზიაში და რავი… გადავაგდოთ და ვსიო, ამ რევოლუციაში ვინ დაუწყებს ძებნას… რაზბორკებს შეტენიან – ამათი სიფათები ცალ-ცალკე, სახეები დაძაბული, მე უკვე ვერ ვხედავ მარა… მარა დაძაბულები იქნებიან… მერე ერთმა, აუ, თქვე სირებო, დაამთავრეთ დროზე… მეორე გადატენვა გავიგე, თუ ატრაკებთ, ბოლომდე ქენით რაა?!?!

და – ბადაახ, ბადაახ, ბადააახ!!!

ყველაფერი დაზრიალდა… მე კიდე, აი ეგრე, ტერფებიდან შემდიოდა და თავში ამდიოდა ცხელი ზიზინა ტყვია. აი ეგრე, ხარშავდა და წვავდა გავლისას ყველაფერს, შემწვარი ღვიძლის სუნიც კი მომივიდა – ჩემ ცოლს ვუწვავდით ხოლმე ფეხმძიმე რო იყო მეორეზე, სისხლში რაღაც ქონდა, გემაგლობინის ნაკლებობა… და ექიმებმა დაუნიშნეს… სისხლი გასდიოდა, ისეთი უნდა ეჭამა და ვერ ჭამდა, გული ერეოდა. მე კიდე ეგრევე ვასკდებოდი, ვჭამდი, თან მაშინ მაგარი შიმშილობის პერიოდი იყო… რეებზე ვფიქრობ ეს დედამოტყნული. მგონი მართლა სირი ვარ, ეეე… ჰოდა, ეგრევე ამიარა ტყვიამ რა, ცხელმა, და დგაცან, თავის ქალას მიასკდა ქვემოდან… აუუ, მტკივნეულია, – გარეკავ. აი, რო დაეჯახა ძვალს, წკაპან ამობზარა ცოტა და მიეჭყლიტა შიგნიდან გადადუღებული ტყვია… მეორეც ეგრევე… ზანზარებს ფეხებთან მიწა… ფეხის თითებიდან ბჟუილი… მესამედ მომინდა გაკუება… ისე უნდა მოვახერხო რო ხმა ვერ გაიგონ, იქნებ მესამეთ მესროლონ და ხმას დავამთხვევ, … აუ, მესროლეთ თორე… გამიმართლა, მესროლეს: „ბადაახ, ბადაახ, ბადაახ“ – და დავამთხვიე… აუ ეხლა ნინჩო რო მხედავდეს. მაგრა დამცინებდა.

– ფუ, კიდე გააკუა მგონი… – იღრიალა, რომელმა, არვიცი – დააბაგაჟნიკეთ და გადავაგდოთ სადმე”.

 

*

– მე თქვენი დედა მოვტყან თქვენი – სამივეს სახეში მიაგინა.

– კაი რა, დავიდიჩ, დედას ნუ გვაგინებ რა… რეები უწერია, გიჟია ტოო… რა შემწვარი ღვიძლი… რა გადავაგდოთ…

– ხმა ჩაიგდე-თქო, შე ყვერო შენა, ვერ წაიკითხე ხო, რას წერდა? კითხვაც არ იცი ხო, შე ჩლუნგოო… – ღმუოდა დავიდიჩი გამწარებული – მართლა გასაყრელები ხართ და აი, რო მოვა ახალი მთავრობა, ეგრევე თქვენ საკითხს დავაყენებ.

– ეეე? – გაიკვირვა სამივემ და ერთმანეთს გადახედეს.

– რა, ეეე?? ჯერ ისევ თქვენი უფროსი ვარ, ეეე?!?! რამე ხო არ გეშლებათ, ბიჭო? ვინმეს რო წაეკითხა, ხო მოგვიტყნავდნენ დედის ტრაკს… კიდე კაი რა, რო მე მოვედი დროზე… ვინმეს შემთხვევით ხო არ წაუკითხავს?

უარის ნიშნად სამივემ ერთდროულად გაიქნია თავი.

– რავი დავიდიჩ, ერთი კვირაა ამ გამოყლეებულების რევოლუციის გამო არ მიძინია… გუშინ ეტყობა ჩამეძინა და…

– როგორ გააჯმეინეს ტოო… ჩაი როგორ დალია იმ ჩემისამ… რას ურტყამდნენ

ერთმანეთს… ისე, ცოტა ხანში მაყუთებს გააიასნებენ და დალაგდება ყველაფერი… ყველას უნდა ჭამა… ბლიად, ყველას… პროსტა ესენი როდის გაძღებიან ტოო…

– ჰე, ბიჭო ჩაიგდე ხმა… დამაცადე ჩავამთავრო.

 

“… თავის ქალაზე ტყვიას მიდუღება არ აცალეს და ისევ „ბაგაჟნიკში“… კი არა და, საბარგულში აღმოვჩნდი… ამ ნჯღრევაში, მიდუღებელი ტყვია თავის ქალას მოძვრა, ჩამოვარდა და ზედ ტვინზე დამეცა, აუ ესეც რა მტკივნეულია… ბავშვობაში ხო გიოცნებიათ, ცოტა ხანი მომკვდარიყავით და დაგენახათ, როგორ განიცდიან უთქვენობას… მე დაჟე მიტირია… ჰოდა აჰა… ნეტა ვინ იტირებს… ჩემი ცოლი? კი იტირებს… დედაჩემიც… ნინჩოც, რამე რო იყოს… მოადგილის ცოლს მაგრა გაუსწორდება, ხო მაინც ეშინია რო გაუბაზრებ და… ეგრევე დავინახე, მთელი ტელევიზია როგორ დალაგდება პანაშვიდზე, ის დედამოტყნული ნიუსების შეფი, თავის „იაზვა“ ცოლით და იმისი მოადგილე თავისი ბოზუკა ცოლით, თავში ჩაუდგებიან ჟურნალისტების კოლონას, ჟურნალისტები კიდე, ვითომ ეჩქარებათ, ხელში ტექსტები ეჭირებათ და თან წრეს დაარტყამენ და თან ნიუსების ტექსტებს იდუდღუნებენ… ისე, იმდენი ფული შეგროვდება, ერთი წელი კი გადამიხდიდა ამ კრედიტს და ის დაკუნთული ბანკის ოფიცერიც დაოკდებოდა…“

 

*

– ბიჭო, სად არი მართლა… ხო ცოცხალია?

– რავი, ბოლოს იყო და…

– ჩაეთრიე და ამოიყვანე ეხლა… ისა, ერთი წუთი, მოდი აქ… ახლო… ძალიან ჩუმად კითხე აურელიანო ბუენდია ვინ არი… ვინმე ისეთი არ იყოს, დიპლომატიური სირობა არ მოგვივიდეს, ხო იცი რა დროა… და ეგრევე ჩუმად მითხარი… და ხელი არ დაარტყა, იმდენი პატრონები ყავს და ისეთები, ყვერებს დაგვაჭრიან ქალაქის ცენტრში.

– იმას ტო?

– ჰო, ჰოო… იმას ტოო?! – ან ტელევიზორს არ უყურებთ, ან რავი… იცი ვინ არი

ცოლი? ნინო როა… ფუ, რა გვარია, აი, ის გადაცემა რო მიყავს, ყველას რო აჯმევინებს, ამ სირ პოლიტიკოსებს…

– ვახ შენი… რაღა ამას ვეტაკეთ, ტოო?! – გადახედეს ერთმანეთს.

– აუ, მოგიტყანთ კეთილები… გითხარით ხო, რო თავი დავანებოთო… არა,

გაერთეთ ხო? – აბუზღუნდა ყველაზე დიდი და წვრილხმიანი.

– გაერთეთ… გაერთეთ… ფუ თქვენი – გამოაჯავრა უფროსმა ოპერს – რა სირები

ხართ, თქვენ თუ გგონიათ რამე პასუხისმგებლობას ავიღებ, მოგაწმინდავთ ხელებს…

– დავიდიჩ, ჩვენც ხო ყველაფერში გიდგავართ გვერდზე, – ნაწყენი და

ჩასაფრებული ხმით ამოიხავლეს ოპერებმა.

– დავიდიჩ კი არა… რა, არა ხართ ღირსები??? დამამთავრებინეთ ეხლა – მოლბა

დავიდიჩი.

 

*

“… ჰოდა, მოვკვდი, მორჩა… ვინც განსაჯე, იმან განგსაჯა, ოო, ეს რა შუაშია, რა სიტყვებით ლაპარაკობ… კი არა და, ფიქრობ… ისე, რო იცოდე, მკვდრები არც ფიქრობენ და არც ლაპარაკობენ… ნეტა სად გადამაგდეს… 40 დღე სული ტრიალებსო, ტრიალებს არა ის… თორე ხო მეცოდინებოდა სად გადამაგდეს… აუუ, თავში ის ტყვიის „შარიკი“… კი არა და, ბურთულა, როგორ რაკუნობს ეეე, სათამაშოში რო ნაწილი ჩატყდება, რო ვერც ამოგაქ და რო რაკუნობს და გარეგნულად რო არაფერი ეტყობა, მაგრამ რო იცი რო შიგნიდან უკვე გაფუჭდა… მკვდარიც კია უკვე და ნერვები გეშლება… აი ეგრე ვარ გაფუჭებული სათამაშოსავით…“

 

– გამარჯობა.

– გამარჯობა.

ოთახში ვინც შემაცილა, იმის გარდა კიდევ სამნი იყვნენ, სამივე წუხანდელი იყო, პირველმა რომ დამარტყა, ის ვიცანი, ბოროტთვალებიანი, რომელმა მესროლა არც მახსოვდა და ვერც გავიხსენებდი ვერსადროს, ალბათ შიშმა იცის. “აღარდამთავრდაც“ აქ იყო და ყველაზე შეშინებული ჩანდა. კეთილი, საჭესთან რომელიც იჯდა, დაბოღმილი მიყურებდა, მგონი ბოდიში უნდა მოვუხადო. მეოთხე, სამხედროქურთუკიანი, არ ჩანდა და კიდევ ერთი, მაგიდასთან, ამათი უფროსია ალბათ. სანდომიანი გარეგნობა აქვს უფროსს, აი, ბიძია რომ გყავს კეთილი, – მამის ძმა ან დედის ძმა და მამის ან დედის აგრესიისგან რომ გიცავს ყოველთვის და მესაიდუმლე როა, პირველად ის რომ წაგიყვანს ბოზებში, პირველად რო დაგალევინებს და მერე მოგაწევინებს კიდეც… და თუ ძალიან კეთილია და ძალიან მესაიდუმლე, შეიძლება უფრო სერიოზული გართობაც კი გიწილადოს, გიწილადოს კი არა, შეგსვას კიდეც… აი, დედა და მამა რო დაგსჯიან რაიმეს დაშავებისთვის და ის რომ მაინც შენკენ არის, რო გრყვნის, აი ესეთი კეთილი ბიძიას გარეგნობა ჰქონდა. მისი პროფესიისთვის უცნაური მაღალი შუბლით და ღრმად ჩამჯდარი თვალებით.

– აი, დავიდიჩ, ჯანმრთელია ეს პატივცემული ადამიანი – გაკვირვებით შევხედე, – რა გაკუება… რა შემწვარი ღვიძლი… რა ტყვიის შარიკი… საღსალამათი ჯანმრთელი…

– აი, ხო ხედავ, შეგძლებია გინების გარეშე – მივხედე ჩემს გიდს, რომელიც,

სარდაფის პატარა კამერიდან რომ მოვყავდი, გზადაგზა თბილად მიხსნიდა, სად რა იყო პოლიციაში. მივხვდი, რაღაც საინტერსო ხდებოდა, სავარაუდოდ, ნინჩომ ჩართო მძიმე სატელევიზიო არტილერია, თორემ, წუხელ ჩვენებას რომ მაწერინებდა, წინ მეჯდა, მაგიდაზე ბანჯგვლიანი ტორები ედო და იმხელა თითებს არახუნებდა, თავზემოთ მცდებოდა. ორჯერ მსუბუქად წამარტყა, იმისთვის მსუბუქად თორე… მერე ჩაეძინა… პერიოდულად ეღვიძებოდა, დამინახავდა, რომ ისევ ვწერ, დედას მაგინებდა, რამდენს წერ შენი შოთა რუსთაველი დედა მოვტყანო, არ აგდებ ხო „რუჩკას“, აკი არ გევასებით ძაღლებიო.

 

– ბიჭოო!! – ღრენით ჩაახრშო მაღალშუბლიანმა უფროსმა დავიდიჩმა ქვეშევრდომის ჩემდამი დაუოკებელი აგრესია – გამიგე რაც გითხარი? – მერე მე მომიბრუნდა, – დაბრძანდით… აი, აქ, მაგიდასთან გავისაუბროთ, მოვილაპარაკოთ… შევთანხმდეთ… ადამიანები ვართ, რა არ ხდება – ოთახში მყოფები დაიბნენ. შიში თუ არა, სიფრთხილე მაინც დავინახე თვალებში.

– რა მითხარით დავიდიჩ, რა უნდა გამეგო?

– ფუ შენი…

– ააა… ისააა.?… მოიცა… – უკან გამოიხედა, რომ არავის გაეგო საიდუმლო დავალების პასუხი, განსაკუთრებით მე დამემალა, – ვიღაც კოლუმბიელის ვიღაც რაღაცააო… ასიო… ვერ გავიგე კარგად, და შარში არ გავეხვეთ კოლუმბია ის არ არი… აი, კოკაინი და ესკობარი და რამე… ხო კოლუმბიაა?

– რააა? აუ… გადი გადიი… გადი… –  ჩემი წუხანდელი დარაჯი გავიდა – და აღარ მოხვიდე, სანამ არ დაგიძახებ – იღრიალა დავიდიჩმა.

– ჩვენც? – იკითხეს დანარჩენებმა ფრთხილად.

– თქვენც… არა, ჯერ არა… მაიცა… წუხელ ესენი იყვნენ? – მკითხა დავიდიჩმა, თვალი მისი მაღალი შუბლიკენ გამექცა.

– ესენი და კიდე ერთი…

– სამხედრო ოპერაცია გქონდათ თქვე შობელძაღლებო? ის სად არი?

– ცოლი მშობიარობს, გთხოვათ რო…

– იმის ცოლი მშობიარობს და ამ პატივცემული კაცის შვილები, რო უმამოდ დარჩენილიყვნენ, მოსულა?

– რა უმამოდ, შევაშინეთ დავიდიჩ! გვაგინა – ამოღერღა ბოროტთვალებამ, ამან ჩამილურჯა ყვრიმალი.

– პირადად შეგაგინა?

– მთელ პოლიციას, ხელს იქნევდა ესე… – თქვა “აღარდამთავრდამ“. სასაცილო ხმა ჰქონდა, არც წვრილი – არც ბოხი, აი, გარდატეხის ასაკში რომ გვაქვს ბიჭებს, გამკივან -ხრიანწიანი ხმა, ისეთი, ეხლა გამახსენდა, რომ იქ ხმა არ ამოუღია.

– მთელ პოლიციას მთელი ქვეყანა აგინებს და მიდით ყველა დააბაგაჟნიკეთ და მერე დაუკოჭეთ… ისე შენ კი დააბაგაჟნიკებდი… ამ დეგენერატს – მომიბრუნდა დავიდიჩი – ერთი თვის წინ ვიღაც ზაკონიკმა სამი ტყვია ესროლა და სამი საათის მერე იგრძნო, ფილტვში ჰქონდა სამივე გაჩერებული, ძლივს გადარჩა – შემაცოდა ოპერი. “აღარდამთავრდამ“ დაიმორცხვა.

– ააა, მივხვდი… მერე ჩემზე იყარა ჯავრი ეტყობა… მე კიდე მეგონა, ისე მესროლა, თავისთვის – გავიღიმე, მასაც უხერხულად გაეღიმა, ოპერს ყბა მოექცა და რაღაც ჩაიბურდღუნა, სავარაუდოდ შემაგინა.

– მე არ მისვრია – ამოიკნავლა „აღარდამთავრდამ“.

– ვაა, რა უცებ გაბოზდი? შენც ხო არ დაწერ ჩვენებას? – გაეცინა დავიდიჩს – ეხლა გაეთრიეთ აქედან… თქვენ მერე მოგხედავთ… თუ, რა თქმა უნდა, დამტოვეს აქ – ყველა თავჩაღუნული გავიდა.

– აუ, ერთი წუთით რა… შეიძლება რაღაც ვკითხო? – ვგრძნობდი, ჩემ უკან, მთელი მასმედია იდგა და მოთხოვნების წამოყენება დავიწყე, დავიდიჩს გაოცება დაეტყო, ოდნავი, მაგრამ მაინც გაოცება, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მაღალმა შუბლმა თვალი მომჭრა, ვერ მივხვდი რა მეუცნაურა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და კარში გაჭედილ ოპერებს შევაცქერდი, გამოცნობა მინდოდა, რომელმა მესროლა, ვერ გამოვიცანი – რომელმა მესროლეთ მითხარით რა? – ხმა არ ამოიღო არც ერთმა, დავიდიჩს მივუბრუნდი – ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით თუ არ მეტყვიან – და მივხვდი, რომ კორუფციის ჭაობში ვეფლობოდი. გავხალისდი.

– რომელმა ესროლეთ – შეღრინა უფროსმა – სამივემ იმ კეთილს შეხედა, თავიდან რომელიც გამომელაპარაკა.

– აი, კაცურად, რატო მესროლე? რო მომხვედროდა იმ სიბნელეში, სად მიდიოდი მერე? თუ მართლა ერთით მეტი, ერთით ნაკლები ამ რევოლუციის დროს, ჰა? – სასაცილოდ დავსერიოზულდი.

– რავი – დაიძაბა კეთილი.

– თუ არ უნდოდა არ მოგხვდებოდათ, ერთი თვის წინ პირდაპირ კუროკში გაარტყა ვიღაც პრესტუპნიკს… რაც იცის, იცის… ისე, რამ გაგამწარა ბიჭო?

– ხო, რავი… მაგრა ვისვრი… შესაშინებლად რა…

– აი, მართლა რამ გაგამწარა – გადავწყვიტე ადამიანობაზე მემოქმედა, – ან ოჯახი არ გყავს, ან ძმა, ან ძმაკაცი… რა პონტია ტო… რა კაცობაა – მგონი მართლა გავბრაზდი, – შენთვის რო ექნათ ეგრე?

– ისე მართლა შენთვის რო ექნათ ეგრე? – ამყვა დავიდიჩი.

– აუ, ჩესნად გითხრათ რატო შევაშინე? – არ ველოდი გულწრფელობას.

– რატო?

– რატო და, დილას, ძმაო, – აი ამ რევოლუციის თუ რაღაც სირობის მიტინგზე რო გამაგზავნეთ დავიდიჩ, ამ წვიმაში და სიცივეში ვდგევარ და ამ გამოსირებულ მუსიკოსებს ვუსმენ, მაგათ დასაცავად ვარ რა მისული და უცებ ტოო… სცენიდან ჩემი სახელი და გვარი მესმის… ერთმა მიცნო… უცნობი მომღერალია, არც გინახიათ მაგისი სიმღერა, ტრაკს ათამაშებს რა, თავისუფლების პონტში და პირდაპირ სცენიდან სიმღერ-სიმღერით სულ ახვარი პოლიციელი მეძახა… მერე ვიცანი რო ჩემი უბნელია, ცხოვრებაში არ შემიწუხებია… ბოლოს რას მეუბნება ტოო? მიკრაფონში, ეგრევე ხალხში, სცენაზე რო არ ვიყო, უარესად მოგმართავდიო. კი გავიფიქრე, სცენაზე არ იყო, რას მომმართავდი იმასაც ვნახავდი-მეთქი, ყველამ მე დამიწყო ყურება, სუ ფურთხებით გამომაგდეს, მერე მოვეფარე რაღაცას, იქ უნდა ვყოფილიყავი, რო მიბძანეთ, დავიდიჩ… რა მექნა… იმათ დასაცავად ვიყავი და მე გამომაჯმეინეს და მაგინეს…

– და მე რა შუაში ვარ?

– და მართლა ეს რა შუაში იყო შე ჩემისა – გაბრაზდა დავიდიჩი.

– რავი ტო… თავიდან, ქუჩაში, მომეჩვენა რო ის იყო, – მივამსგავსე… მერე შეგვაგინა პოლიციას… მანქანაში მივხვდი, რო ეს ის არ იყო, მარა… მერე მაინც რო რავი…

– მორჩა, გადით – ოთხივე თავჩაღუნული გალაგდა – კარიი!! – კარიც მოხურეს – მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც თქვენ ხართ ანგელოზი – გამიღიმა თბილად – ეს ისე, ხუმრობით, სხვათა შორის, ჩვენც გვწყინს ძაღლებს რომ გვეძახიან, მაგრამ რას ვიზამთ… გავისაუბროთ?

– მე ბოდიშის მოხდით დავწერე… თქვენებს ჯერ არ მოუხდიათ ბოდიში… გავისაუბროთ, გისმენთ – ცოტა გამაკვირვა კულტურული პოლიციელის ირონიამ. ისევ შუბლისკენ გამექცა თვალი და მივხვდი, – არავითარი მაღალი შუბლი, შუბლი ჰქონდა ვიწრო, ოღონდ თმა აეპარსა შუბლიდან ისე, რომ ნორმალურს კი არა, მაღალშუბლიანსაც კი ეტყოდი. ეტყობა ყოველ დილას საგულდაგულოდ იპარსავს, შუბლის სივიწროვე რომ არ შეემჩნეს, მაგრამ ჩემს ცინიკურ მზერას ხომ არაფერი გამოეპარება, მაგალითად, ეს რუხი წვრილი წინწკლებისგან შემდგარი ზოლი შუბლზე. ეს უკვე კაია, ესე იგი, უნდა რომ უკეთესი იყოს, ვიდრე არის და ამისთვის ზრუნავს კიდეც.

– მე უნდა გისმენდეთ, მაგრამ დავიწყებ… ის გავარკვიეთ, რო ტელევიზიაში უკვე ერთი წელია აღარ მუშაობთ, თუმცა თქვენ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოგსვლიათ და იმიტომაც წამოსულხართ, ამის გამო საბანკო ვალები რომ გქონიათ რთულად, ეგეც ვიცით… სხვათა შორის, სათვალთვალო კამერებს მართლაც უყურებს თქვენი შეფი კაბინეტში.…

– ჩემი შეფი აღარ არის.

– კი ბატონო, შემდეგ ისიც გავარკვიეთ, რო ნინჩო თქვენი მეუღლეა, თან ასეთი ცნობილი ჟურნალისტი და არანაირი ნაშა – ბოდიში ამ სიტყვაზე, ჰოოო… კიდე მთავარი აღმოვაჩინე, გავარკვიეთ, რომ მწერალი ხართ და ძალიან ცნობილიც კი… ისიც გავარკვიეთ – აი, დავკითხე ესენი და არც, ბოდიშით ამ სიტყვისთვის და, ჰაერი გაგიფუჭებიათ, მაგრამ მაგრა შეუშინებიხართ, ამისთვის მიიღებენ… ის თქვენი მეგობარი, რომელთანაც ვითომ ანაშა მოწიეთ, გუშინ საერთოდ არ ყოფილა სამსახურში… კიდევ ის გავიგეთ, რომ თქვენი შეფის მოადგილე უშიშროების თანამშრომელია… კიდევ მისი მეუღლეც დავკითხეთ… ანუ მარტო მე დავკითხე, არ იღელვოთ და ძალიან დიდი სიყვარულით მოგიხსენიათ, როგორც მამაკაცი მამაკაცს, გეუბნებით, რომ მართლაც კარგი ქალია ფიზიკურად… პირად ცხოვრებაში არ ჩავერევით რა თქმა უნდა… ჰო, გავიგეთ რომ გერი მართლა გყავთ, თუმცა ჯერ პატარაა და საკმაოდ წარმატებული ბიჭი ყოფილა და ფულის მოპარვა კი არა, ამჟამად ევროპაშია სამეცნიერო კონფერენციაზე, მათემატიკოსი ხო? თქვენგან განსხვავებით, იმან დათვლა ეტყობა კარგად იცის…

– რა დათვლა… ვერ მივხვდი? – აპარსული შუბლისკენ მზერა გამექცა, გულის რევის გრძნობამ ჩამირბინა გულიდან კუჭისკენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მომეწონა კორუფციობანას თამაში.

– რა დათვლა და… იმედია ყველაფერზე შევთანხმდებით.

– და რაზე უნდა შევთანხმდეთ? – დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან გავხალისდი, კორუფციობანას ადრენალინი ცოდნია.

– აი, მაგალითად, არ იტყვით, რომ ჩემებმა მართლაც გესროლეს.

– მაშანტაჟებთ?

– არა კაცო, რა შანტაჟი… ამდენი ტყუილი ჩვენება რომ მომეცი, ამაზე მეც შემიძლია მუხლი მოგიყენო და… ამ ჩემს ცხოველებს კი ვერ გააგებინებთ, ეს რა არის… წიგნის წაკითხვა კი არა… წიგნი სკოლის მერე არ უნახავთ, ეგეთ რაღაცეებს უცებ ივიწყებს მაგათი ტვინი, ნუ, იმას, რაც თავში უდევთ, თუ შეიძლება რომ ტვინი დაარქვა… აი, თქვენ რო გაჭედილი გაბრტყელებული ტყვია გირაკუნებდათ თავის ქალაში, ძალიან მინდოდა გაცინება, რომ ვკითხულობდი, მაგრამ ესენი ვერ გამიგებდნენ, ის კი არა, პანიკაში ჩავარდნენ, ექსპერტიზა ჩავუტაროთო… ძალიან მიხარია რომ გაგიცანით, ვწუხვარ რომ წაკითხული არ მაქვს არაფერი. ისეთი პროფესიაა, ხანდახან ჩვენების წაკითხვის თავი არ მაქვს, თუმცა ამან თავიდანვე გამიტაცა…. კიდე, ესე დაწერა იმიტო გაბედეთ, რომ იცოდით გიშველიდნენ, არა? თქვენი მეუღლე, ნინო, გარეთ დგას და გელოდებათ… სულ არ მეგონა, რომ ესეთი მკაცრი ჟურნალისტი, ასეთი თბილი ადამიანი აღმოჩნდებოდა… გადაყოლილია თქვენზე, რაც მაგან იწვალა… აქ რაც წერია, არაფრის არ სჯერა… რა თქმა უნდა, მწერლის მოგონილი ჰგონია და ეცინებოდა, რომ კითხულობდა, თუმცა მე ხომ ვიცი რა არის აქ მართალი და ტყუილი… ისეთი მომიწყო ამ შუა რევოლუციაში, ჟურნალისტები მარტო თქვენთვის მოიცლიანო, მითხრა, მაგრამ შევთანხმდით და მე თქვენ გაგიშვებთ, ის კი, რამე რომ იყოს, სიტყვას შემაწევს, რომ კარგი პოლიციელი ვარ… აი ასე… ხომ არ ბრაზობთ?

– აგიწყვიათ უჩემოდ ცხოვრება.

– ნუ, არეულ დროს ერთმანეთს დავეხმარეთ, ასე შევთანხმდეთ.

– კარგით… ძალიან მეძინება, მშია და წავალ რა…

– ანანოოო!!! ყავა შემოიტანე.

ოთახში გაქერავებული, პატარა ტანის გაბუტულტუჩებიანი და წვეტიანძუძუებიანი ანანო შემოვიდა. მოტკეცილ ჯინსებში გამოჭედილი კოხტა ტაკოს მოძრაობაში და დიდ, შავ, რაღაცნაირად…მოსულელო თვალებში დავიდიჩის მიმართ უღრმესი აღფრთოვანება და ძაღლური ერთგულება ეტყობოდა. და კიდევ, აბსოლუტურად ტრივიალური და ბანალური პლასტიკუროპერაციაგამოვლილი, სხვა სახეზე დაკოპსებული სხვისი პაჭუა ცხვირი, გაშიშვლებული ნესტოებით, აი, დანებებულ ვაგინას რო ჰგავს, ისეთი. ანანო, ალბათ, იმ სუნამოთი ყარდა, დავიდიჩს რომ მოსწონს. დავიდიჩსაც ეტყობა, რომ მოსწონს მისი მორჩილება. ანანოს კი ის მოსწონს, დავიდიჩს რომ მოსწონს ყველაფერი, რაც თვითონ მოსწონს, დავიდიჩს რაც მოსწონს – და ასე, ჩაკეტილ წრეზე.

– ცოტა ხანი კიდევ ვისაუბროთ, სულ ნახევარი საათი დამითმეთ და… ანანოო,

გარეთ ახალგაზრდა სიმპათიური გოგონა დგას, სხვანაირად არ გამიგოთ… – მომხედა, გამიღიმა – იცნობ ეგრევე… ცნობილი ჟურნალისტია, ქალბატონი ნინო, შემოიყვანე და ყავით გაუმასპინძლდი, ნახევარი საათი გაართე… დღეს მაინც არავის სცალია ჩვენთვის, ერთი წუთით დავაკვალიანებ ხალხ… – სელექტორს თითი დააჭირა.

– გისმენთ დავიდიჩ – გაისმა სელექტორიდან.

– არ უნდა გადაეჩვიოთ ხო ამ რუსულ მიმართვას? ბიჭო, სულ რო კვდებოდეთ სამორიგეო არავინ დატოვოს… სამივე ჯგუფი უბნის გარშემო მოძრაობთ – პატრულირებთ… არავის ატერორებთ, გაიგეეთ? არავის ატერორებთ, იქნებ გადარჩეთ თქვე გამოსირებ… – გამომხედა – თქვე ბედოვლათებო თქვენა… – ადვილად იპოვა სიტყვა – მარტო ადმინისტრაციის და საგამოძიებოს უფროსი დარჩეს… და ყველა ოპერი გამოიძახეთ, დანარჩენები სახლში… ნომერ პირველი მზადებაა! გესმიით… თუ ჩამოვიდე?

– ყველაფერი გასაგებია… ნომერ პირველი მზადება… დავიდიჩ… კი არა და, ისა…

– კაი… მორჩა… – გათიშა სელექტორი, ანანო ოთახიდან გამქრალიყო.

– რად გინდათ ესეთები სამსახურში?

– გაგეცინებათ და, ამათ რომ წიგნი წაიკითხონ და დაფიქრდნენ, იმ საქმეს ვეღარ შეასრულებენ, რასაც ასრულებენ… ყოველ შემთხვევაში, ამ გარემოში…

– ვხვდები. ისე, წუხანდელის მერე თქვენნაირ კაცს არ ველოდი ამ ოთახში –

დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი, კიდევ უფრო ჩავეძიებოდი სიღრმეებში, მაგრამ ძალიან დამეზარა და ისევ კორექტულობა ვარჩიე, რაღაცის გამო უნდოდა ჩემი გულის მოგება, თორემ უბრალოდ ამომკრავდა პანღურს და გამომაგდებდა, ან სულაც ნინჩოს მოიპატიჟებდა სასაუბროდ და იმას ელაქუცებოდა, იციან ამათ მიზნობრივი საუბარი, სად აქვთ ტაქტის და დიპლომატიის დრო. ან უბრალოდ, დრომ მიმაჩვია შეთქმულების თეორიებს. ისევ დამეზარა ფიქრი.

– გმადლობთ კომპლიმენტისთვის… ალბათ სწორედ ამიტომაც ვარ ამათი უფროსი.

– სხვათა შორის, მშვენიერი ქართულით ლაპარაკობთ.

– აი, სწორედ მაგაზე მინდოდა მელაპარაკა…

– გისმენთ! – ყურადღებად ვიქეცი.

– თქვენ სულ პირიქით ხართ ჩემგან განსხვავებით; ნორმალურად, გამართულად საუბრობთ, მოწესრიგებული… კულტურა, ზრდილობა… თუმცა 30 წელია პოლიციელი ვარ და ესეთი უხამსი, რაც თქვენ დაწერეთ, არ წამიკითხავს, ლიტერატურაზე ხომ საუბარი არ არის… ვერც წარმოვიდგენდი…. მე ახალი მწერლების არაფერი წამიკითხავს… აი, მე უფრო… აი, ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე… შეილება საერთოდ ეგრე წერა?… თან ალბათ ამას დაბეჭდავთ ხო, ბევრი წაიკითხავს, ყველა გაიგებს და მერე იმ საინფორმაციოს ხელმძღვანელმა რომ შავი პიარით გადაგიხადოთ სამაგიერო? ის კი არა, ჩვენ, სხვათა შორის, თქვენი მეგობარი თენგიზას დაკავება შეგვეძლო…. კი არა და, ახლაც შეგვიძლია. კიდე… აი, მაგალითად, არ გააპროტესტებს თქვენი მეუღლე?… თან ძალიან გაბრაზება იცის, როგორც მივხვდი.

– ოოო… კი… გამოსცადეთ უკვე? ისე, ნეტა მაგდენი კითხულობდეს, რომ

სკანდალი იყოს შესაძლებელი და მეტი არაფერი მინდა…

– მე მაგალითად მეუხერხულება ასეთი ენით წერა, ვერაფრით დავწერ ასე…

მით უმეტეს, წაკითხვით ვერავის ვურჩევ…

– მართალი ბრძანდებით. იცით, ერთხელ წიგნების მაღაზიაში შევედი და დავინახე, ახალგაზრდა გოგონა როგორ ათვალიერებდა წიგნებს და ჩემს წიგნს მიადგა, გადმოიღო, გადაფურცლა… კრებული იყო, პირველი მოთხრობის პირველივე წინადადება ბოდიშით და, დედისტრაკის გინებით იწყებოდა… აი, ხო არის ცნობილი დასაწყისები: „- ტომ! პასუხი არ არის – ტომ! პასუხი არ არის…“ – ტომ სოიერი… მარკ ტვენი…. ან ისა, მარკესი – „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს…“ ან კაფკას – რა ქვია, კაცო, მეტამორფოზა – „ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ…“

– ა, ჰო… ტომ… კი არა და, ტომ სოიერი ხო? და ის რა მითხარით, მეორე?

– მეორე ? მეორე რა გითხარით… აა… ჰო მარკესი…

– ეგ მოთხრობაა?

– გაბრიელ გარსია მერკესი, კოლუმბიელი მწერალია, მარტოობის 100 წელიწადი აქვს რომანი და გმირია აურელიანო ბუენდია – დავიდიჩმა ფურცელზე გაკრული ხელით სწრაფად დაწერა, კისერი წავიგრძელე: მარკესი 100 წელი… ურრ… ბეინდ…

– აურ… ბუენდ… აურელიანო ბუენდია ანუ – ვაგრძნობინე უპირატესობა – ჰოდა,

მეც მინდოდა ესეთი ეფექტური დასაწყისი გამომსვლოდა და დავიწყე ესე, ხულიგნობით – და იმ გოგომ, მაღაზიაში, წიგნის თაროსთან, გადაშალა პირველივე გვერდი, ველოდები რო გადაირევა და ეგრევე იყიდის, გულიც კი ამიჩქარდა და იმან კიდე, წაიკითხა პირველი წინადადება, სახე მოექცა და ფუ, შენი დამწერის ბოდიშით და დედას შევეციო…

– აჰა… მერე თქვენ? – წარბები გაექცა დაწინწკლულ შუბლზე.

– მე ჯერ ძირს დავენარცხე და მერე ამიტყდა სიცილი… გოგომ გამიღიმა, ალბათ ეგონა, რომ გამოსირებული მწერლების ამბავში სოლიდარობა გამოვუცხადე… რა იცოდა, რომ წიგნის ავტორს უყურებდა თვალებში… მიაგდო წიგნი თაროზე და გავიდა, ეტყობა სხვა წიგნის წაკითხვის სურვილიც გავუქრე…

– აი, ხო ხედავთ? გინება არასოდეს კარგად არ მთავრდება.

– კიი… იმ გოგოსი არ ვიცი, მარა ჩემი რო ცუდად დამთავრდა, ეგ ვიცი და ეჭვი მაქვს, თქვენი ბიჭებისაც შეიძლება არ დამთავრდეს კარგად…

– ააა… ისა, გასაგებია – დაიძაბა დავიდიჩი – ცუდი სიტყვები… ცუდი სიტყვები,

ერთხელ ბებიაჩემმა ძალიან დამსაჯა ცუდი სიტყვებითვის და მერე ვერიდები, ნუ, როგორც ეს საქმე მაძლევს საშუალებას.

ამ დროს ანანომ ყავა შემოიტანა, რაღაცნაირად გააცურა ლამბაქები მაგიდაზე. მთელი ტანით დაწვა და გააცურა, ძალიან მორჩილად და სექსუალურად. ცხელი ყავა მოვხვრიპე.

– ჩემი მდივანია… სხვათა შორის, მან გიცნოთ… და ქალბატონ ნინოს მერე

დავუკავშირდით.

– ძალიან სასიამოვნო… გმადლობთ, ანანო… და ისა, ერთი კითხვა მაქ… – მივხედე დავიდიჩს, – აი, რო ვერ ვეცნე და ჩემი ცოლიც რო არ იყოს ტელევიზიაში და ჟურნალისტი და რამე… მაშინ რა მოხდებოდა? ალბათ წამალს დამიდებდნენ ბიჭები არა… ნუ მინიმუმ ჰაშიშს. – დავიდოვიჩმა გვარიანი პაუზა გაწელა, ანანოს აპარსული შუბლის ქვემოდან ახედა, რომელსაც მორჩილი ღიმილი ჩემი უმადურობისგან სახეზე შეყინვოდა, ანიშნა რომ გამქრალიყო. ანანო გაქრა.

– ჩათვალეთ, რომ გადარჩით – ვერ მოთოკა ნერვები.

– თუ პირიქით, თქვენ გადარჩით… ამ ჟურნალისტებმა, ამ რევოლუციისას

რო მოგაკითხონ და ატეხონ ამბავი ადამიანების უფლების ამბავში არ გეშინიათ? – გავღიზიანდი ცოტა.

– კარგით, ნუ ვიკამათებთ – გაიღიმა. მეც გამეღიმა, ყავა მოვსვი, დავმშვიდდი,

მესიამოვნა დავიდიჩის დაძაბულობა. ეხლა შევუტევ – გავიფიქრე, მაგრამ ისევ დამეზარა.

– ჰო… ის მინდოდა გამეგო, მართლა ესე შეილება წერა… მე მეუხერხულება… –

გადაიტანა საუბრის თემა.

– რა?

– ეგრე წერა… მე ვერ ვახერხებ.

– რისი წერა, რას ვერ ახერხებთ?

– ნუ წერა – დავიდიჩი კიდევ უფრო დაიძაბა. მე ყურადღებად ვიქეცი, რაღაც

საინტერესოს მიმზადებდა. დავიდიჩმა თვალი გამისწორა. ცოტა მეც დავიძაბე. მიყურა, მიყურა, მივხვდი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. აპარსულ შუბლზე ოფლის წინწკლებიც კი გაუჩნდა.

– მოდით, პირდაპირ გეტყვით – ამოხეთქა – ოღონდ….

ვაჰ, რა უნდა? „ოღონდ რა“ – მინდოდა მეკითხა, მაგრამ ციცქნა სადისტმა გაიღვიძა ჩემში და არ ვკითხე. ნეტავ რამდენი ხანი იწვალებს? არ დავეხმარები. რამდენ ხანს დაიტანჯება, რა უნდა? პირდაპირ ფულს ვერ მთხოვს, თანამდებობის თხოვნას აზრი არ აქვს, ჰა-ჰა ნინჩოს სთხოვოს, კარგად გამოუძიებია და იცის. დაჟინებით მომაშტერდა და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება მიიღო. ოფლისგან სველი, აპარსული შუბლი მოიმშრალა, ღრმად ჩაისუნთქა და:

– მოკლედ – თქვა მოწყვეტით, დაიხარა ისე, რომ აღარ ჩანდა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში გასაღები ააჩხაკუნა, გამოაღო და ამომხედა, ხელს ვერ ვხედავდი, მარტო თავს – ოღონდ დამპირდით, რომ არსად არ იტყვით – და მოულოდნელად დავიდიჩი ქუჩის ბიჭად იქცა, აი, ისეთად, ჩემს უბანში მთელი ცხოვრება, ჩემს გვერდზე რომ იზრდებოდნენ, ზოგთან რომ ვმეგობრობ… რაღას ვმეგობრობ, 16 წლისები რომ იყვნენ, მერე 26, მერე 36, მერე 46 წლისები რომ გახდებიან და სულ თექვსმეტისებად რომ რჩებიან, მარადიულ თავდაცვა-შეტევის პოზაში რომ დგანან, მარადიულად დაძაბულები, მარადიულად რომ კაცური შეცდომის ეშინიათ, სულ რომ თავის სიმართლეს ამტკიცებენ და სულ რო ჩხუბობენ, აი, ისეთ ბიჭად იქცა – კაროჩე, ბრაატ, უნდა შემიფასო გაუბაზრებლად, ღირს თუ არ ღირს რა… – ისევ უხერხულ პოზაში ზის, ხელი ქვემოთ, უჯრასთან და მარტო თავი უჩანს მაგიდის ზემოდან, – პროსტა, რამე რო იყოს დაჟე გამოქვეყნებაზე ვარ წამსვლელი, ოღონც სხვა სახელით, ჩემი არა, ტეხავს მაგრა… 10 წუთი მომე ძმა, ეგრევე დაჩოტკავ რა და როგორ და გაიქაჩება. ოღონც ფაიზაღს მეუბნევი… რამე ზდილობა და ამბები არ გაუშვა… ეგრევე შეგილია მაჯახო… მიდი, გულიანათ ქენი და შენი ძმა ვარ ცხოვრებაში… მე ისეთ პონტში ვარ აქ, სუ რო ამერიკელები დაჯდნენ… – გრძელი პაუზა – ნუ დაჟე რუსები, მე მაინც დავჭირდები… აჰა, მიდი ძმა – და მაგიდაზე სქელი ალბომი დააგდო – სხვა პონტში, გენდე ძმაო და რამე იაღლიში რო მოხდეს, მაგრა დაგსჯი, აი, ძაან მაგრა, ჩემი დედა მოვტყან.

ვერაფრით მივხვდი, რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა. კარადის მუქ მინაში ჩემი პორტრეტის ანარეკლს მოვკარი თვალი, აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა ღირდა შეხედვად: გადიდებული თვალები, ოდნავ ჩამოშვებული ყბა, ლეკვებმა რო იციან უცნაური ამბის დანახვისას თავის გვერდით გადაწევა და ხშირი სუნთქვა, წინ გადმოგდებული ენით, აი, იმ ლეკვს ვგავდი. აბსოლუტურად მექანიკურად ავიღე ალბომი და მექანიკურადვე გადავფურცლე. ვკითხულობდი და ვერ ვხედავდი, ისე მომნუსხა ამ მეტამორფოზამ – „ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ…”.… ეტყობა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანის დაცვა დაიწყო. ვაჰ, რა მაგარია, მართლა გულწრფელად შემეცოდა, ძალიან მინდოდა მეკითხა, რა ოჯახში გაიზარდა, – მამა ხომ არ სცემდა და დედა იცავდა, ან დედა სცემდა და მამა იცავდა. როგორ მინდოდა, მაგრამ კითხვის ფორმა ვერ მოვძებნე, პირდაპირ შეკითხვას კარგად ვერ გაიგებდა.

რა ვქნა, როგორ გამოვძვრე ეხლა ამ ამბიდან? – “შენ ტახტო…სულის ასაოხრებლად”, – რა ვუთხრა, რით ვანუგეშო? – „სინაზე შენგან შთენილი” – რისი იმედი მივცე – წავედი პათეტიკურ ფიქრებში, – ”დაისერა სახის ღარები”, – მართლა გულწრფელად, ადამიანურად შემეცოდა,- “ყვითელი ჯვრებით… ხელზე დაღვრილი…“.

ნინჩო მეუბნება, რბილი ხასიათი გაქვს, დამყოლიო, არ ვუჯერებ და აჰა – ესე გული არასოდეს მომლბობია, – “…თაროზე ხოხავს… მოდი გაშიშვლდი საყვარელო… “ – ტირილი მინდა, დედას გეფიცებით, – ” …ცრემლთა თარეში…ფოთოლზე წვეთად დარჩენა… … “, – მართლა ტირილი მინდა, – “…სამყაროს მხილებით მე დავიზაფრები…” – ვერ ვპოულობ სიტყვებს, ჩავშტერებივარ ფურცლებს, – “…ძველი შანდალი… რუხ დალალებთან…” – ყველა ლექსის… – “…ძარღვთა წრეწირი… მკერდის გამყინვარება…” -ყველა სიტყვის ყველა ასო მხატვრული გრეხილით იყო გამოყვანილი, – ”…გამაძღე ცქერით… მძინარე მთვარე აირეკლება…“ – უაზროდ ვათვალიერებ – ” …და მაშინ შენთან მოვცოცდები…” – ვცდილობ, დრო გავწელო, ამას კი ჰგონია, თვალს ვერ ვწყვეტ, – “…ფოთლების ბნედა… “, – ერთხელ ავხედე და კიდევ უფრო დამეწვა გული, – “…მაგრამ ქუჩები, ვით ობობები… ჭლექიან ფილტვებში…” – გადიდებული, მავედრებელი – რა სიტყვა ეს მავედრებელი, – ”…ნებივრობ მარტო…შენით ქანაობს… უშენობით გულში დაჭრილი…” – მოკლედ, მავედრებელი თვალებით შემომცქეროდა, მოწყლიანებოდა – რა მაგარია, ე? მავედრებელი მოწყლიანებული თვალები, უუხ, გამაჟრიალა ტანში, – ”…წევხარ საწოლში, ჩემი სულის სამეფო… შემკრთალი სახე… ეს გულიც მკერდში…” – და აპარსულმა შუბლმა გადამარჩინა, დავიდიჩს ავხედე და შუბლის შავი წინწკლები თვალებში დამეჯახა, წამომაზიდა და რეალობაში დამაბრუნა, მოვახერხე რომ არ შემმჩნეოდა – ისევ მოვაცილე მზერა და ჩავხედე ასოგრეხილებს.

– გამოვა რამე მეგობარო… ძმაო… ერთადერთი ხარ ვისაც ვანდე, – გავიგე

მავედრებელი ჩურჩული, ეს სულ სხვა დავიდიჩი იყო, რბილი და დამყოლი. ყველაფრის ღირსი ვარ. იმის მაგივრად რო მეთქვა, წადი შენი დედაც მოვტყან და შენი ლექსებისაც, გაიკეთე ტრაკში ეგ შენი ასოგრეხილ-სიტყვაკაზმულები და შენი მავედრებელ-მოწყლიანებულები, გირჩევნია შენი საქმე წესიერად აკეთო… მაგრამ ჩავისვარე, ოღონდაც დროზე წავსულიყავი აქედან და ჩავისვარე. ამის მაგივრად კი ვუთხარი, – იცით რა არის, უკაცრავად, თქვენი სახელი? – ნიკოლოზი – მიპასუხა, აღელვებას ახშობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა – ბატონო ნიკოლოზ, ძალიან ემოციურია, ასე ვერ წავიკითხავ, გინდათ გამატანეთ? (გიჟი არა ვარ ეხლა?) გადავხედავ, თუმცა მე პროზას ვწერ და პოეზიის ექსპერტს მივუტან, ჩემს მეგობარ გამომცემლებს, ჯერ სჯობს, ერთი-ორი ლექსით დავიწყოთ, ეს გამომცემლებიც ხომ იცით, როგორები არიან, ეშინიათ ახალი ავტორის. თან ეს ხელნაწერია და… იქნებ… – მე წამოვდექი იმის ნიშნად, რომ მოლაპარაკება შედგა და უნდა დავიშალოთ.

– აი ნაბეჭდიც მაქვს, – ხელის კანკალით ამოაძრო თაბახის ფურცლების დასტა – ოღონდ ნაბეჭდი არა, აი, გავაკოპირე, ქსეროქსი… კარგად ავაკინძინე, წიგნივით, რომელსაც მეტყვით დავაბეჭდინებ, შემილია გადავიხადო… ყველა ხომ არ დავაბეჭდინო?

ღმერთო მიშველე, მაგრამ რაღა დროსია, ხელში მეკავა დასტა. ნიკოლოზ დავიდიჩიც მიხვდა ჩემს დიპლომატიურ მინიშნებას – შენც დასვენება გჭირდება, განერვიულეს ამ დედ… კი არა და, – დაება ენა, მე კარისკენ გავიწიე – ამ ესე იგი… ისა… გიჟებმა, – გაჭირვებით შეარჩია სიტყვა, მე კიდევ უფრო ახლო მივედი კართან და სახელურს მოვეჭიდე – ისე, ნამდვილი გაწვრთნილი მგლები არიან, ნუ, ხდება ხანდახან, – წამოდგა გასაცილებლად.

– არა, ყველას დაბეჭდვა არ არის საჭირო, რომელსაც გამომცემლები ამოირჩევენ, მხოლოდ ის დააბეჭდინეთ, გეტყვით მე – შემეცოდა მბეჭდავი. ნიკოლოზ დავიდიჩი მოვიდა, კარი თვითონ გააღო და რამდენიმე წამში მომაცილებდა პოლიციის დერეფნების ჯურღმულებიდან ფოიესკენ. პატარა ნათელ ოთახში ნინჩო და ანანო გველოდნენ.

დერეფნებში ნომერ პირველ საბრძოლო მზადების ეტაპზე მყოფი პოლიციელები დაიზლაზნებოდნენ, არა, დათრთოდნენ – ეს სიტყვა ჯობს აქ. ნამდვილად დათრთოდნენ და ვინც იცოდა ჩემი ამბავი, პატივისცემანარევი სიძულვილით სავსე მზერით თუ პირიქით, სიძულვილნარევი პატივისცემით შემომცქეროდნენ.

 

ანანო და ნინჩო სიგარეტს ეწეოდნენ.

– როგორ ხარ? – მეტაკა ნინჩო.

– აგერ გაბარებთ უვნებელს და ჯანმრთელს, ქალბატონო ნინო – გაიბადრა

ნიკოლოზ დავიდიჩი.

– ეს არის უვნებელი? აბა მაჩვენე? – ფრთხილად შემეხო ჩალურჯებულ ყვრიმალზე, – რა უვნებელი და ჯანმრთელი… ხო არ გაგიჟებულხართ, აქედან მესამედიც რომ მართალი იყოს, პასუხს გაგებინებთ – ააფრიალა ჩემი ჩვენების ასლი ნინჩომ, მერე ტელეფონი ამოაძრო და ფოტო გადამიღო.

– ეე, რას შვები და მომე ეგ აქ – გავღიზიანდი, ეხლაღა შევატყე, რომ ანანო დაძაბული იყო და ნერვიულად, ღრმა ნაფაზებით ეწეოდა სიგარეტს.

– რა რას ვშვები? შენ მერე დაგელაპარაკები – შემომღრინა – ამათ რო მივხედავ. – ანანო კიდევ უფრო დაიძაბა და თვალები მოუცრემლიანდა. დავიდიჩს შავ წინწკლებიან შუბლზე ოფლის წვრილმა, მბზინვარე წინწკლებმა დააყარა.

– ისა და… – ამოილუღლურა დავიდიჩმა – ჩვენ ყველაფერზე…

– ეხლა ყურადღებით მომისმინეთ ბატონო, როგორ მოგმართოთ?

– დავიდიჩი… კი არა და… უუუუჰ

– ეს რუსული მიმართვა მომაცილეთ… სახელი არ გაქვთ?

– ჰე ბიჭო, წამო რააა, ნერვებს ნუ მიშლი – უკვე სერიოზულად გავბრაზდი.

– მე გიშლი ხო ნერვებს… როგორ მოგმართოთ?

– ნიკოლოზი.

– ჰოდა, ბატონო ნიკოლოზ, ეგ შეთანხმება ჩათვალეთ ჟურნალისტურ ხრიკად,

პოლიციურ ხრიკებთან შედარებით, ალბათ, ხვდებით როგორი კეთილშობილია… მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ იმათ არ დავსჯი… გამოიყვანეთ სულ ყველა, ისიც, ცოლი რო მშობიარობს… ის თუ ცოლია, მეც ცოლი ვარ და უნდა მიხვდეს….

– ისა და…

– არანაირი ისა და… დაველოდებით…

– ქალბატონო ნინო – ვედრებით გაჟღენთილი საყვედურით ერთდროულად თქვეს დავიდიჩმა და ანანომ.

– გელოდებით… თორე მთელი ჟურნალისტური კორპუსი აქ იქნება, კი იცით რა შემიძლია.

დავიდიჩმა მხრები აიჩეჩა და შენობაში შევიდა. მერე გამობრუნდა და ლექსების ალბომი ხელიდან ამართვა – აბა თქვენ იცით – ნაწყენი ანანო უკან გაყვა. ნინჩომ თვალი გააყოლა.

– ვიცით, ბატონო ნიკოლოზ, ვიცით.

– წამო რა – მოვკიდე ხელი წასაყვანად, თან მიხარია, თან მეჩქარება წასვლა, პოეტმა პოლიციელს რომ აჯობოს და უკან გამოიტანოს ალბომი?

– შენ კიდე რამ გამოგაყლევა, რეები დაწერე ეს?

– ოოო, გავერთე რა, აბა რა მექნა?

– რა ხდებოდა იცი ტელევიზიაში – ბასა გაგიჟებული დარბოდა, – ამ კოტეს ცოლს ხო განსაკუთრებული დაკითხვა მოუწყეს… მართლა ეზასავე?

– აუ, ნერვებს ნუ მიშლი და წამო – ძალიან დაღლილი ვიყავი უკვე და ფეხზე

მეძინებოდა.

– რა სისულელეს მელაპარაკები, ეხლა შენ გინდა რო ის სირები ეგრე დატოვო და იძახონ ვიღაც გამოსირებული მწერალი დავიჭირეთ, ვეკაიფეთ, აი, ის ცნობილი ჟურნალისტი როა, იმის ქმარი, რაღაც სირობები წერაო… ამ სირობას მერე გამოდებენ სადმე და შენ რა გენაღვლება, შეილება რამე ლიტერატურულ ამბავზე კარგად იმოქმედოს და აბა მე მკითხე, ჟურნალისტი რო ვარ და თან ესე ცნობილი…

– აბა რა ვქნათ, ვიჩივლოთ და სასამართლოებში ვირბინოთ? თან ეხლა? შენთვის რო არავის სცალია?

– გოიმი ხარ რა…

– რატო??

– აუ, მართლა დავიწყებ გარკვევას ეზასავე თუ არა იმას და

რომელმა იდიოტკა ჟურნალისტკამ გახმარინა თავი, თან ჩემი სახელი რო დაარქვი… და საერთოდ, რა ხდება ჩემს თავს.

– გაგიჟდი ხო?

– ბიჭო, ყურადღებით მომისმინე, არ ვღადაობ, ამათ ესე უპასუხოდ ვერ დავტოვებ, პოლიციელები არიან, მტერი ენდო ამათ, თან ცნობილები რო არ ვიყოთ, კიდე შეიძლებოდა, კაცმა არ იცის, რა აქვთ ჩაწერილი და რას შეკერავენ, შენ ხო მარტო ქსეროასლი მოგცეს ჩვენების… თან ჩემთვის დანაშაულის დაფარვაა – ერთი, ჟურნალისტური უპასუხისმგებლობა – მეორე… კაცმა არ იცის, ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში ვის რა მოუვა თავში… შეილება ნაბიჯი არ გადაგადგმეინონ წინ და არც უკან…

– აბა რა ვქნათ?

– ეხლავე… – ნინჩომ ტელეფონზე ნომერი აკრიფა – ანანო, გენაცვალე, ბატონ ნიკოლოზს დაუძახე… ბატონო ნიკოლოზ გელოდებით… ძალიან კაი….

ხუთ წუთში ანანო ქვემოთ იყო, ოფიციალური, მკაცრი და გულნატკენი.

– წამობრძანდით.

ავედით მეორე სართულზე, ისევ დავიდიჩის კაბინეტში შევედით. სამნი იჯდნენ, – მეოთხე? – იკითხა ნინჩომ.

– მოვა – გვიპასუხა უხეშად დავიდიჩმა – და საყვედურით გადმომხედა, ცოლის მონა – მითხრა თვალებით და ალბომი დემონსტრატიულად, ჩემს დასანახად ჩაკეტა სეიფში.

დაახლოებით 10 წუთი ვისხედით ასე ჩუმად.

– მოეთრეს რა დროზე – წამოიკნავლა „აღარდამთავრდამ“.

დერეფანში ჩქარი ნაბიჯის ხმა გაისმა. კიბეზე ვიღაცამ ამოირბინა და კარი გაიღო. ესეც ვიცანი. ამას ეცვა სამხედრო ქურთუკი, პირველი ამან შემაგინა.

– ესეც მეოთხე, … როგორ არიან? – ჰკითხა ღიმილით ნინჩომ.

– კარგად, რა ვიცი, – დაიბნა შემოსული, ეტყობა ნინჩო იცნო, უაზროდ გაეღიმა, – გიორგი დავარქვი, გიორგობის ამბავში, ნორმალურად არიან, – მოათვალიერა ოთახი და დამინახა, დაიძაბა – ისა… რა ხდება?

– გუშინდელ თქვენ ვაჟკაცობაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, ქალბატონ ნინოს ხომ იცნობ, გუშინდელი თქვენი ოპერაციის ფიგურანტი მისი ქმარია და თან ცნობილი მწერალი…

– მერე?

– მერე ეხლა რაღაცებს გკითხავთ ქალბატონი ნინო, სანამ ტელეკამერები

გამოუძახია. გარკვევა უნდა, შენთვის თუ იყო გიორგობა, მისი ოჯახისთვის არ იყო?

– აუუუჰ – გულწრფელად ამოიოხრა ოთხივემ.

– ისა… გისმენთ?

– კარგით, რახან ბავშვი გაგიჩნდათ და გეჩქარებათ, თქვენგან დავიწყოთ, ანანო,

გენაცვალე, – ნინჩომ ჩანთიდანპატარა ვიდეოკამერა ამოიღო, გადასაღებად მოამზადა და ნინჩოს მიაწოდა – აი, ჩემო კარგო, აქ დააჭირე და გადაიღე ყველაფერი, შევამოწმებ იცოდე და… წაიკუზე – უთხრა ოპერს.

– რა?

– წაიკუზე… აი, მაგიდას ხელებით დაეყრდენი.

– რას შვები ტო? – გადავირიე.

– შენ ხო გითხარი, მერე მოგხედავ-თქო, თუ არ გსიამოვნებს, გადი, გუშინ

გესიამოვნა, ხო, რო გიხმარეს კინაღამ და ქმარი რო მომიკლეს კინაღამ? გინდა მეორე თვალიც ჩაალურჯებინეთ, მერე ბოდიში მოვუხადოთ და თუ ნებას მოგვცემენ, სახლში წავიდეთ. დამანგრეველი არგუმენტები იყო, გავჩუმდი.

– შეშინება გვინდოდა, მეტი არაფერი – აღშფოთდნენ ოპერები.

– ჰოდა, მეც შეშინება მინდა, წაიკუზეთ ეხლა, სანამ მსუბუქ შეშინებას ვჯერდები, – ოპერი მაგიდას ხელებით დაეყრდნო – ჯერ იტყვი შენს სახელს და გვარს, მერე იტყვი რო 2003 წლის 23 ნოემბერს დაატერორე ესა და ეს და ეგრე ოთხივე… აბა ჰე…

მე გავიჯახუნე კარი და გარეთ გავედი.

შიგნიდან ყრუდ მესმოდა დარტყმის ხმა, ყველას ორ-ორ პანღურს ურტყამდა. წამოძახილებიც ორ-ორი იყო, მოგუდული, მაგრამ გულიდან წამოსული. ყოველი დარტყმის ხმა იმ გასროლებივით მძაბავდა, თვალებს ვხუჭავდი და მთელი ტანი მეკუმშებოდა, იატაკიც კი მიზრიალებდა ფეხებთან.

ნიკოლოზ დავიდიჩის ოთახიდან ერთიმეორეს მიყოლებით გამოდიოდნენ აჭარხლებული და გაბრაზებული ოპერები.

ჯერ კეთილი გამოვარდა, – გიჟია ეს დედამოტყნული – დამინახა, შეცბა, – ბოდიში – მომიგდო და გაიქცა.

მერე ახალშობილის მამა გამოვიდა, წელში მოხრილი ვერ სუნთქავდა, ზედ მომადგა, თავი ასწია და ტკივილისგან სუნთქვა შეკრულმა ამოიხავლა:

– მაგ შენ ცოლს ყვერების და ტრაკის გარჩევა ასწავლე.

– იცის, ეგ არაფერია, შვილი ხო გყავს უკვე? – მივაყოლე.

– წადი თქვენი – დამიტოვა და გაბობღდა.

– ღირსები ვართ რაა – გამოვიდა კნავილით „აღარდამთავრდა“.

მერვე დარტყმის შემდეგ ბოროტთვალებიანი გამოჩნდა კარში, კოჭლობდა, წელს ძლივს მოათრევდა.

  • რა გჭირს? – მართლა შევწუხდი.
  • კუდუსუნიიი… ამას სახლში როგორ უძლებ შე ჩემისა… – და ეგრევე წვალებით

ჩაუყვა კიბეს.

ბოლოს ნინჩო გამოვიდა.

– აჰა შენ მოთხრობის ფინალიც!… ნახე – მომაწოდა ვიდეოკამერა და კიბეებს ჩაუყვა.

– სახლში ვნახავ – წავიბურდღუნე და გავყევი უკან. მციოდა, მშიოდა და

მეძინებოდა. ჰო, მეღიმებოდა კიდე.

2003 წლის 24 ნოემბრის წვიმიანი საღამო იყო, მთელი მსოფლიო ახალ რევოლუციაზე ლაპარაკობდა, რომელიც სადღაც კავკასიაში მოხდა.

© არილი

Facebook Comments Box