სახელმწიფო პრემია, როგორც სოციალური დახმარება და რევოლუციის გარნირი
დათო ქარდავა
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 18–ე მუხლის 2–ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ხელოვნებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების, შემოქმედთა და მეცნიერთა ღვაწლის აღიარებისა და დაფასების მიზნით დაწესდეს:
ა) შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
ბ) საქართველოს ეროვნული პრემია შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა, ტექნიკა.
შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების მინიჭება მოხდეს 2 წელიწადში ერთხელ.
გაიცეს შოთა რუსთაველის სახელობის არაუმეტეს 3 პრემია, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით, ოქროს მედლით, ლაურეატის სამკერდე ნიშნით, მოწმობითა და დიპლომით.
გაიცეს საქართველოს ეროვნული პრემია არაუმეტეს 7, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით, ვერცხლის მედლით, ლაურეატის სამკერდე ნიშნით, მოწმობითა და დიპლომით.
ბრძანებულება, რომლის სრული დასახელებაა „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესებისა და მათი გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გია ნოდიამ საზოგადოებას 8 ივლისს გააცნეს. ბრძანებულებიდან ჩანს, რომ 1980 წელს დაწესებული სახელმწიფო პრემია ეროვნულ პრემიად გადაკეთდა, ხოლო რუსთაველის პრემია, რომელიც 1964 წლიდან გაიცემა, უცვლელი სახით შენარჩუნდა, თუმცა ის ფაქტი, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტთან არსებული პრემიების კომისია არ შეკრებილა, გვაფიქრებინებს, რომ პრემიები და მათ შორის რუსთაველის პრემიაც, გაუქმებული იყო, ხოლო 2004–2005 წლებში ინერციით, ვარდების რევოლუციამდელი დამსახურებებისა და გადაწყვეტილებების გამო გაიცემოდა.
რუსთაველის პრემია გაცილებით ადრე, 1992 წელს მიიღო მწერალმა თამაზ ჭილაძემ, რომელმაც პრემიის გაუქმების გამო გულისტკივილი კულტურის მინისტრს ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ, 2008 წლის 24 აპრილს სამინისტროს შენობაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე გაუზიარა.
„როგორ შეიძლება ის, რითაც მთელი ერი ამაყობდა, დაუკარგო მომავალ თაობებს. დაუკარგო სტიმული და აღიარება. ამის უფლება გვაქვს? რატომ გავაკეთეთ, არ მესმის… აღვადგინოთ რუსთაველის პრემია!“
კულტურის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრას ძველი და ახალი თაობის ბევრი მწერალი ესწრებოდა. მინისტრმა ლიტერატორთა ამქარს სასიხარულო ამბავი ამცნო: ხელისუფლებას გული მოუბრუნდა და ლიტერატურული პერიოდიკისა და მხატვრული თარგმანის შეწევნა გადაწყვიტაო. მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეშვილმა ხაზგასმული ყურადღებით მოუსმინა გამომცემლებს, მწერლებს, მათ შორის თამაზ ჭილაძესაც…
მივიდა, ნახა, აღადგინა
2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა და არჩევნებმა (პრეზიდენტის, პარლამენტის) კვალი დაამჩნია ხელისუფლებას. თვალშისაცემია მეტამორფოზა: გარემოვაჭრე ქალბატონებს დარბევისა და დაჯარიმების ნაცვლად, დახლთან დგომა და ნახევარი წლით გადასახადებისგან გათავისუფლება შეთავაზეს. ხელისუფლება ჩასარეცხად ვერც ძველი და ახალი თაობის ინტელექტუალებს (თუ გნებავთ, ინტელიგენტებს) იმეტებს. უფრო პირიქით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გაზითა და ნავთობით ღარიბი საქართველო, შემოქმედებითი საზოგადოების სახით, უმდიდრეს საბადოს ფლობს.
„განათლება და მეცნიერება – ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი და ფასეულობაა“, – განცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 12 ივნისს ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე.
სწორედ ბაქტერიოფაგის კვლევით ცენტრში გამოვიდა პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების აღდგენის ინიციატივით. საქართველოს რევოლუციური წარსულის გათვალისწინებთ, საფიქრებელია, რომ სიმბოლურ დამთხვევასთან გვაქვს საქმე. უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ბაქტერიოფაგი (bakteria ბერძ. ჩხირი, phagos – მჭამელი) ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია დაშალოს და მოსპოს ბაქტერიები. როგორც ჩანს, ყველა დროის რევოლუციონერთა მარადი შეკითხვა: ვინ მავნებელია (ბაქტერიაა) და ვინ რევოლუციის გუშაგი (ბაქტერიოფაგი) – მაკრო და მიკროსამყაროშიც ერთნაირად აქტუალურია: ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბაქტერიფაგებისა და ნაწლავური ჩხირების ბრძოლასთან, მეორე შემთხვევაში კი ხელისუფლებაში მყოფი ლიბერალების, ფსევდოლიბერალების, ლიტკაფეებში გამოკეტილი მემარცხენე ინტელექტუალებისა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ძველი თაობის ინტელიგენტების ჭიდილთან. სახელმწიფო პრემიების ჯერ გაუქმება, შემდეგ კი აღდგენა, ამ ჭიდილის გამოძახილი უნდა იყოს.
ცხადია, „სახელმწიფო პრემიებში“ პრეზიდენტმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიები იგულისხმა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ „პრემიებს ძალიან სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა ექნება“. თუმცა, სოლიდური ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პრეზიდენტის ბრძანებულება ასევე ითვალისწინებს სოლიდურ წარმომადგენლობას პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო კომისიაში. კერძოდ, ბრძანებულებაში ვკითხულობთ:
“კომისიას ცხრა წევრის შემადგენლობითა და ოთხი წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, კანდიდატებს კი წარადგენენ კომისიის თანათავმჯდომარეები – კულტურისა და განათლების მინისტრები. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში, კონკურსის საბოლოო შედეგს და ლაურეატთა სიას ამტკიცებს პრეზიდენტი.”
რა იყო…
საბჭოთა ბელადებმა, რომლებიც ცინიზმითაც გამოირჩეოდნენ, შეგვაჩვიეს აზრს, რომ შემოქმედებითი ინტელიგენცია „ერის სინდისია”. სინდსისი კი, მოგეხსენებათ, მაშინ არის კარგი, როცა არ გაწუხებს. სწორედ იმისთვის, რომ არ შეეწუხებინათ, მწერლებისთვის, მხატვრებისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის მოიგონეს ლენინური, სტალინური, სახელმწიფო და კომკავშირის პრემიები. მოგვიანებით ლენინურ–სტალინურ საკავშირო პრემიებს შეეხიდა ადგილობრივი სახელმწიფო პრემიები, რომელთა მიღებაზე ასევე მუშაკობდა ნიჭიერი თუ უნიჭო ადამიანების ურიცხვი ლაშქარი. იმის გამო, რომ ლაურეატის სტატუსი იყო ყველაფერი – აღიარება, შემოსავალი, კეთილგანწყობა – ბევს უჭირდა ცდუნებასთან გამკლავება. მხოლოდ საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ, ეგრეთ წოდებულ „შევარდნაძის მეორე პერიოდში“ განიცადეს პრემიებმა მნიშვნელოვანი დევალვაცია, თუმცა ამით, სტატუსზე ორიენტირებულ ქართულ საზოგადოებაში პრემიების, განსაკუთრებით კი რუსთაველის პრემიის მაძიებელთა რიცხვი დიდად არ შემცირებულა. მწერალი ნაირა გელაშვილი, ვინც ყოველთვის გულგრილი იყო სახელმწიფო პრემიების მიმართ, იხსენებს: „ეს იყო პრემია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ყველა მეტნაკლებად გამოჩენილ ადამიანს შეხვდებოდა, ოღონდ ლაურეატი ხელისუფლებისთვის რაღაცნაირად სანდო, პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო. სხვანაირად არ მისცემდნენ. მახსოვს, იყო საოცარი ბრძოლა პრემიისთვის, იყო ჩაწყობა, საშინელი ურთიერთდაპირისპირება…“
არადა, პრემიების კომისიის წევრები ლაურეატების დასახელების შემდეგ, როგორც წესი, ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნები უაღრესად ობიექტურად ჩატარდა და კომისიის წევრები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისით და გემოვნებით მოქმედებდნენ, თუმცა საზოგადოების ნაწილს არც მაშინ სჯეროდა “შევარდნაძის კომისიის” წევრთა გულწრფელობისა და არც ახლა სჯერა. პოეტისა და პუბლიცისტის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, იმის გამო, რომ პრემიები, ძირითადად, ვიწრო წრეში, ერთი თაობის ადამიანებში ნაწილდებოდა, ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა: კომისიის ერთ–ერთმა წევრმა დაიჩივლა, ვიღას მივცეთ პრემია, აღარავინ დარჩა, მეორე წრეზე ხომ არ წავიდეთო.
„კომისიის წევრები მომავალ ლაურეატებს მეგობრებსა და ნაცნობებში ეძებდნენ. არაფერს აკეთებდნენ ახალი ავტორების გამოსავლენად“, ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, „ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობით, ახლანდელი ხელისუფლებაც, კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და მთავრობის პოლიტიკის გათვალისწინებით, წინამორბედის გზას დაადგება, ანუ თვისებრივად არაფერი შეიცვლება: რუსთაველის პრემია ისევ ვიწრო წრეში დარიგდება“.
რა იქნება
კლანიზმისა და ნეპოტიზმის მდიდარი ტრადიციების გათვალისწინებით, საფიქრებელია, რომ პრემიების კომისიას საფრთხის აცილება მართლაც გაუჭირდება. გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებისა, პრემიის გაუფასურების ალბათობას ასევე ზრდის მწირი სახელოვნებო სივრცე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მწერალ ნაირა გელაშვილს მიაჩნია, რომ ორწლიანი ინტერვალი საკმარისი არაა ჭეშმარიტად ღირებული და პრემიით აღნიშვნის ღირსი ტექსტების, მუსიკალური ნაწარმოებების, ფილმებისა და სამეცნიერო ნაშრომების შესაქმნელად.
„ჩვენში პრემიებს ძირითადად სოციალური დახმარების დანიშნულება აქვს. ამიტომაა, რომ ვიწრო, ნაცნობებისა და ახლობლების წრეში გასცემენ ხოლმე. სავარაუდოდ, ამ პრემიებსაც იგივე დანიშნულება ექნებათ.“ – ამბობს ნაირა გელაშვილი.
მოვლენების ამგვარ განვითარებას არ მოელის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გიგი თევზაძე ამბობს, რომ ობიექტური მიზეზების გამო, სახელმწიფო პრემია ბოლომდე ვერ გათავისუფლდება პოლიტიკური შემადგენლისგან, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის ყურადღება მაინცდამაინც საეჭვო ღირებულების ნაშრომებზე შეჩერდება.
„ცხადია, პოლიტიკური კონიუნქტურა სრულად ვერ გამოირიცხება. ამიტომაც ჰქვია პრემიას სახელმწიფო, მაგრამ არის მთელი რიგი საშუალებებისა, რითაც შეიძლება კომისიამ საკუთარ გადაწყვეტილებებში მაღალი სიზუსტით ასახოს ხელოვნებისა და მეცნიერების ამა თუ იმ დარგში შექმნილი მდგომარეობა“.
რევოლუციის გარნირი?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია, რომელიც იმავდროულად პრეზიდენტთან არსებული პრემიების კომისიის თანათავმჯდომარეცაა, ამბობს, რომ სახელმწიფო პრემიების გაუფასურების შეჩერების გარანტი კომისიის წევრების მაღალი ავტორიტეტი და საქმიანობის გამჭვირვალობა იქნება.
გია ნოდია: „საქვეყნოდ იქნება ცნობილი კომისიის წევრთა ვინაობა, რითაც ყველა დარწმუნებდება, რომ შერჩევა პოლიტიკური ნიშნით არ ხდება, თუმცა საზოგადოების ნაწილმა შეიძლება მაინც დააბრალოს კომისიას მიკერძეობა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კომისიის მუშაობა იყოს გამჭვირვალე და განხილვაში საზოგადოებაც მონაწილეობდეს“.
სხვათაშორის, პრეზიდენტის ბრძანებულების დანართში ასევე განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რაც, გია ნოდიას თქმით, მაქსიმალურად გამორიცხავს საეჭვო ღირებულების ნაშრომების დაჯილდოვების შესაძლებლობას. კერძოდ, დანართში წერია: კომისიის გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და პრემიების მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ხმების სულ მცირე ორი მესამედით. კომისიაში კენჭისყრა საერთოა და არა დარგობრივი. ლაურეატობის ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების კანდიდატებსაც, რაც ქმნის იმის პირობას, რომ გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში და საერთოდ არ გაიცეს სუსტი ნაწარმოებით წარმოდგენილ რომელიმე დარგში. კომისია კენჭისყრის წინ განსაზღვრავს გამსვლელ ქულას.
თუმცა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაშიც, კომისიას გაუჭირდება პოლიტიკური, შეიძლება ითქვას, იდეოლოგიური წნეხისაგან გათავისუფლება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის ბრაძანებულების მიხედვით, ეროვნული პრემიის მოასაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
ბუნებრივია, არავინ აკნინებს გიორგობის დღესასწაულს, მაგრამ საფიქრებელია, რომ თარიღის შერჩევისას განმსაზღვრელი 23 ნოემბრის არა რელიგიური, არამედ საერო მნიშვნელობა იყო (23 ნოემბერს ხომ, გიორგობის გარდა, ხელისუფლება ვარდების რევოლუციის მორიგ წლისთავსაც აღნიშნავს). სხვათაშორის, ამ ფაქტის დამალვა არც უცდია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.
“23 ნოემბერი და 26 მაისი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენი სახელმწიფოსათვის და, ბუნებრივია, რომ საუკეთესო მიღწევების ხმამაღლა თქმა, მათი გამოვლენა და ლაურეატთა დაჯილოვება ამ ორ თარიღს დავამთხვიეთ. მზადება და წლიური ციკლი სწორედ ამ ორი თარიღის ღირსეული აღნიშვნისაკენაა ორიენტირებული“, ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
გამოდის, საუკეთესო მიღწევებთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი ყოფილა “თარიღის ღირსეული აღნიშვნაც”, მაგრამ ისიც ცხადია, რომ „ღირსეული აღნიშვნა“ ვერ შედგება, თუკი პრემიას ისეთი ხელოვანი (ან მეცნიერი) მიიღებს, რომელიც რევოლუციის წლისთავზე მთავარი რევოლუციონერის გასაგონად გამოვა და იტყვის, არც რევოლუციების მწამს და არც საზოგადოების მყისიერი ტრანსფორმაციისო. ცხადია, ამგვარი არჩევნით კომისიის წევრები უპატიებელ შეცდომას დაუშვებენ: რევოლუციის წლისთავზე ხომ, როგორც წესი, ყველაფერი იუბილარის, ანუ რევოლუციის მნიშვნელობისა და მიღწევების ხაზგასმას ემსახურება.
„…უნდა აღვივებდეს მომავლის რწმენას“
მწერალი ნაირა გელაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიას კარგი დღე არ დაადგება.
„რაც უფრო პოლიტიზებული, რაც უფრო მიბმული იქნება ხელისუფლების ინტერესებთან, მით უფრო მალე დასამარდება“, ამბობს ნაირა გელაშვილი.
თუმცა, საფიქრებელია, რომ დასამარებამდე პრემია თავის საქმეს მაინც გააკეთებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხანმოკლე წყვეტის შემდეგ, „ინეტელიგენციას“ კვლავ დაუბრუნოს ოქროს ხუნდები „ერის სინდისის“, „სიკეთის საყვირისა“ და „მორალის მოდარაჯის“ სტატუსის სახით. აკი, პრემიის მინიჭების პირობებშიც წერია, რომ ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად რჩეული ნაწარმოები გამსჭვალული უნდა იყოს ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადასაკაცობრიო იდეალებით და უნდა აღვივებდეს მომავლის რწმენასო.
უნდა ითქვას, რომ ამ მოთხოვნებში ახალი თითქმის არაფერია. „ჰუმანიზმსა“ და „მომავლის რწმენას“ საქართველოს შემოქმედებითი ინტელიგენცია საბჭოთა კავშირშიც წარმატებით აღვივებდა. სიახლე „პატრიოტიზმია“. არადა, იმის გაგების გარეშე, თუ რა არის პატრიტოტიმზი და ვინაა პატრიოტი, გაჭირდება პატრიოტიზმით გამსჭვალული ნაწარმოებების შექმნა. ერთ–ერთი განმარტებით, პატრიოტიზმი სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებაზე ზრუნვაა. ამ განმარტებით, ყველა კანონმორჩილი მოქალაქე, მაგალითად ბუღალტერი, რომელიც დილით მიირთმევს ყავას, მიდის სამსახურში, გზად არ არღვევს მოძრაობის წესებს, პატიოსნად ადგენს საგადასახადო ბალანს, არ იღებს ქრთამს და დღის ბოლოს შინ მშვიდობით ბრუნდება, აძლიერებს სახელმწიფოს და ამის გამო, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი პატრიოტია… მაგრამ ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ამ ადამიანების გარდა საქართველოში ასევე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც პატრიოტებად მუშაობენ პარლამენტში, სამინისტროებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში… ცხადია, ამ ადამიანებს პატრიოტიზმზე სულ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ.
როგორი?
პირველ ლაურეტებს დაველოდოთ, ისინი იტყვიან…
სტატია დაიბეჭდა 2008 წელს
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“