კრიტიკა,  პოეზია,  პორტრეტი

ქეთევან კოკოზაშვილი – სარკმლიდან დანახული

 

ჩვეულებრივი წერილი ცოტა უჩვეულო ჩანართებით თემურ ჩხეტიანს, რომელიც ახლა ვაჩნაძიანშია

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სათაური შენივე ლექსის პერიფრაზია.
ჩემთვის შენს პოეზიაზე წერა ადვილიც არის და ძნელიც. ადვილია იმიტომ, რომ უნდა დავწერო ახლობელ ადამიანზე, მეგობარზე, რომლის ყოველდღიურობა კარგად ვიცი, თითქმის წვრილმანებიც კი, ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ძნელიც სწორედ ამიტომ არის, ვფიქრობ, რამე არ გამომრჩეს, არ გამომეპაროს, ან პირიქით, თუნდაც ოდნავ არ გადავაჭარბო, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაზე მეტად თავად არ მოგეწონება.
ასე ვიწყებ წერას შენზე და შენს ლექსებზე, თითქოს ხელს გკიდებ და ნელ-ნელა გესაუბრებით შენც და მკითხველსაც.
თემურ ჩხეტიანის პოეზია საბოლოოდ მაინც ერთ წიგნშია თავმოყრილი, თუმცა, ბევრი კარგი ლექსი რატომღაც არ არის შესული ბოლო კრებულში და ჩემთვის ისინიც საყურადღებოა, ვერ გამოვტოვებ.
ჩვენს პრაგმატულ, ტექნიკურ, აჩქარებულ და ,,საბაზრო ეკონომიკის“ მერკანტილურ დროში თითქოს პოეზიის ადგილი აღარ არის, აღარ კითხულობენ, სულიერება თითქოს სულს ღაფავს, თითქოს პოსტმოდერნულმა მიმართულებამ პოეზიის ონტოლოგიური ბუნება ჩრდილში მოაქცია, განდევნა ლირიზმი, ,,კიჩი“ წამოსწია წინ და მხოლოდ აბსტრაქტულ ტერმინად და მოვლენად აქცია პოეტური მეტაფიზიკა. თუმცა ამ გაუდაბნოებულ გარემოში უცებ ოაზისივით გამოჩნდებიან და მაინც გამოანათებენ ხოლმე პოეტები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს გვაზიარებენ. ასეთ ვითარებაში თემურ ჩხეტიანის პოეზია ნამდვილი კომფორტის სივრცეა რაფინირებული, დახვეწილი სიტყვისა და ღრმა აზრისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. ეს არის მარტოსულობის, დიდი, ,,თბილი ნაღვლით“ გაჯერებული სამყოფელი…
,,ბალახის სიმაღლე“ პოეტის ბოლო, ყველაზე მოზრდილი კრებულია და მასში რჩეული ლექსებია თავმოყრილი. საინტერესოა წიგნის სტრუქტურა. ეს არის ერთი მთლიანობა, რომელსაც პოეტი ციკლებად ჰყოფს, აქ ერთი მხრივ, მისი, როგორც საჭადრაკო კომპოზიტორის, სვლებივით გათვლილი წესრიგი იგრძნობა, მეორე მხრივ კი, ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის, ხან მაღალი და ხან დაბალი ტონალობების გამათა მონაცვლეობა ერთიანი მელოდიური დრამატული ქმნილების შეგრძნებას აჩენს. ეს არის საოცრად სევდიანი, ტკივილიანი და გრძნობიერი სივრცე, მძაფრი შეგრძნებებით განმსჭვალული.
ჯერ წიგნის სათაურს მივყვეთ, მისი შემადგენელი სიტყვები საინტერესო სინტაგმას ქმნის. რაზე მიგვანიშნებს მათი კონოტაცია – ,,ბალახის სიმაღლე“? ბალახი დაბალია, ზოგჯერ შეიძლება, შეუმჩნეველიც, ,,დიდი-დიდი ადამიანს მუხლამდე ან წელამდე მივწვდე“, – ამბობს თავად პოეტი იმავე სახელწოდების ლექსში. ეს ერთგვარი მინიშნებაა მცირეზე, მოკრძალებულზე, ,,ჩემი სიმაღლიდან რას დავინახავ?“ ისმის ასეთი კითხვაც, თუმცა მეორე სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ისევ ლექსშია, ეს ის ,,სიმაღლეა“, საიდანაც მშვენივრად მოჩანს მზის ნათება და შეიგრძნობა მისი სითბო, აქედან ,,ვარსკვლავებსაც აჰყურებს ნამიანი თვალებით“. აქ მისი ერთი მინიმაც მახსენდება:
 ,,ყველაზე დაბლა ვდგავარ,
მაგრამ ჩემ ზემოთ
მხოლოდ ღმერთია.“

ასე ბალახიდან მზემდეა განფენილი პოეტის ხედვა სივრცეში, ასე ფართოა მისი ფიქრებისა და განცდების მიმოქცევის ამპლიტუდა.
თემურ ჩხეტიანი ერთნაირად თავისუფლად გრძნობს თავს ვერლიბრშიც და კონვენციურ ლექსშიც, ერთნაირი ოსტატობით ფლობს ვრცელ სალექსო ფორმებსაც და მინიმალისტურსაც. ის სიტყვისა და ენის ნამდვილი გურმანია, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვის თნდაყოლილი ალღო, გემოვნება და განსაკუთრებული გრძნობა აქვს, ამიტომაც კარგად სწვდება ენის უფაქიზეს ნიუანსებს. მისი სიტყვიერი ქსოვილი, ერთი შეხედვით, მარტივია, უბრალო, მაგრამ პოეტური სახეები ისეთი ზუსტი და მძაფრია, ზოგჯერ კი ისეთი ნატიფი და ლირიული, რომ შეგრძნებების დონეზე აღწეევს მკითხველამდე. ზოგჯერ კი ისეთი ხილული და ცხადი ხდება სათქმელი, ისე ტრაგიზმამდეა აყვანილი პოეტის განცდები, ამ დროს თითქოს მის შიშველ ნერვებს ხელით ეხები და ზოგჯერ პოეტის სულსაც მოიხელთებ. აქ არის იმედი და უიმედობა, სიხარული და წუხილი, შვება და დარდი, მონატრება და მოგონება; გრძნობებისა და განწყობის ასეთი თანაბარზომიერი მონაცვლეობით იქმნება ლექსის მთლიანობა, რომელსაც ხშირად სრულყოფს ხოლმე მოულოდნელობის ეფექტით დატვირთული ფინალი.
თავის დამკვიდრება თემურ ჩხეტიანისთვის არ ყოფილა იოლი, შემოქმედი ადამიანებისთვის, ზოგადად, ეს საკმაოდ რთული პროცესია და მისთვის, მითუმეტეს, ძნელი აღმოჩნდა. ლექსში ,,ველის შროშანი“ ის წერს:
 ,,მე კი სულ უნდა ვეცადო,
რომ დავიმკვიდრო სივრცე
და ბევრსაც უნდა ვეწამო… „
თუმცა ნამდვილად ღირდა ,,წამება“… დღეს პოეზია თემურ ჩხეტიანისთვის თავისუფლების სივრცეცაა და, ამავე დროს, გაცილებით მნიშვნელოვანი სამყაროა, მისი საყრდენია, გადარჩენისა და გაძლების საშუალებაა. მას გარკვეული გარემოებების გამო ასე მოუწია, სიმარტოვეში უმკლავდება ტკივილსაც და სიხარულსაც, თუმცა მარტოობას მოაზროვნე ადამიანისთვის, შემოქმედისთვის თავისი დადებითი მხარეც აქვს, ერთგვარი სიამოვნება და კომფორტია, ბიძგს აძლევს თავის თავში ჩაღრმავებისთვის, ფიქრისთვის, ათასგვარი დაკვირვებისთვის, ადამიანური და პოეტური მედიტაციისთვის. თემურ ჩხეტიანი ერთ ლექსში თავადვე აფასებს თავის შემოქმედებას და აღნიშნავს, რომ ბევრს არ წერს, ტომეულებს არ ითვლის მისი ლექსები, თუმცა მან მშვენივრად იცის, რომ ,,ცოტა იყო, ის რაც მართლა ღირდა სათქმელად“. ეს არის გულწრფელობაც და პასუხისმგებლობაც ნამდვილი შემოქმედისა:
,,მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,
რამდენიც შემეძლო,
ვწერდი ცოტას,
რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი“.
სწორედ ამ ,,ცოტაში“ და მის ერთგვარად ჩაკეტილ სივრცეში თემურ ჩხეტიანისთვის სამყარო მთელი თავისი დაფარული შრეებით, უხილავი სახილველით იხსნება, პოეტი მის ყოველ ნიუანსს სწვდება და შეიგრძნობს საოცარი უნარით და ასე იქმნება, ასე იწერება, ასე იხატება და ყალიბდება მისი მიკროკოსმოსი; პოეტი რამდენადაც გამუდმებით თავისი თავის შესწავლაშია, რამდენადაც თავის თავშია ჩაბრუნებული და საკუთარი არსების დაფარულ წიაღშია ჩაღრმავებული, იმდენად საოცრად გახსნილი და მიმღებია.
თემურ ჩხეტიანის პოეზიაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის დეტალები, გარემოს შემადგენელი ცალკეული ვიზუალური ფრაგმენტები, საერთოდ საგნობრიობა. ,,ღუმელზე მოშიშინე ყვითელი ჩაიდნიდან“ ,,კახეთის ძველ მატარებლამდე“ მთელი პორტრეტები, პეიზაჟები და ხასიათები იხატება. „ერთი დღის ერთი სურათი“ სათაურიდანვე მიგვანიშნებს, რომ პოეტი აქ მთელ ტილოს ხატავს:
 „…თეატრის წინ, კიბის საფეხურზე ვისხედით ორი პოეტი,
ვსაუბრობდით და სიგარეტს ვეწეოდით.

ვსაუბრობდით და გავყურებდით
თეატრისწინა მოედანზე მოძრავ მანქანებს;
გავყურებდით შენობებსაც:
საცხოვრებელი სახლი, სამუსიკო სასწავლებელი, ბანკის
შენობა…

თვალს ვაყოლებდით მტრედებს, რომლებიც
დროდადრო ფრინდებოდნენ მოედნიდან,
ფრინდებოდნენ და აქეთ-იქით იფანტებოდნენ…“

თემურ ჩხეტიანს ზოგიერთი ლექსის ეპიკურ თხრობაში ვლინდება პოეტისთვის დამახასიათებლი სივრცის საოცარი გრძნობა. აქ კინოკადრებივით მიჰყვება ერთმანეთს ფრაგმენტული ხატები და სურათები, მოქმედება იშლება სივრცეში და დროში და კადრებად აკინძული მძაფრი დინამიურობით ვითარდება. საბოლოოდ ასე იქმნება შთამბეჭდავი მთლიანობა, ერთიანი სურათი. განსხვავებით, მაგ. ჟაკ პრევერისგან, თემურს არასდროს ჰქონია კინოხელოვნებასთან კავშირი და სასცენარო მუშაობის გამოცდილება, ამიტომ ეს არის საკუთრივ მისთვის და მისი თვითმყოფადობისთვის დამახასიათებელი. ეს არის შთამბეჭდავი პოეტური კინონოველები, ლამის ნეორეალისტური კინოს ხერხებთან მიახლოებული, ზოგჯერ ამბის მძაფრი, დრამატული განვითარებით, ზოგჯერ ნელი, მშვიდი, თანდათათან ერთმანეთს მიდევნებული, დუნე მდინარებით გადავლილი კადრებითა და სურათებით პოეტის ,,ეზოს სულ ადვილად გამოხმობილი მანჰეტენიდან“ ნიუ-იორკის ,,მანჰეტენის ბრწყინვალებადე“. ამ მხრივ ჯერ მინდა გამოვყო ,,ქოხი“ :
 ,,ქოხში შევასწარით წვიმას..
მანამდე ერთად დავდიოდით ტყის ბილიკებით;
ვუყურებდით, ვუსმენდით და ერთად ვხარობდით:
ვუყურებდით ხეებს და ყვავილებს;
ვუსმენდით ჩიტების ხმას და ფოთლების შრიალს;
გვიხაროდა ბევრი ჰაერი, კამკამა წყალი და ერთმანეთი…

 ქოხში შევასწარით წვიმას,

 რომელიც ფეხდაფეხ მოგვყვა და კიდევაც დაგვასველა,

 მაგრამ ქოხის კართან დარჩა

 და შინ აღარ შემოგვყოლია;

 შინ, სადაც უკვე ქოხის კედლებს

 აწყდებოდა ჩვენი სიცილი.

 

 მერე ჩვენ ერთი პირსახოცით

 ვუმშრალებდით ერთმანეთს თმებს, თვალებს – სახეებს…

 წვიმა კი გრძელდებოდა და ხმაურობდა ქოხის სახურავზე,

 და ქოხის კართან ატყაპუნებდა.

 მერე ბინდდებოდა და მაინც კარგად ვხედავდით ერთმანეთს.

 ბოლოს სულაც ბნელოდა, მაგრამ

 ანათებდნენ შენი მხრები, ძუძუები და თეძოები;

 გრილოდა, მაგრამ თბილი იყო შენი მკლავები

 და მხურვალე იყო შენი ბაგეები;

 და რბილი და ვრცელი იყო

 ქოხში ფიცრებისგან შეკრული ვიწრო საწოლი…“
,,აღმოსავლეთის ექსპრესი“ კი მთელი ფილმია, ბავშვობისა თუ მოზრდილობის
ფრაგმენტების სურათ-ხატების კასკადით, ხან ,,ვენახებს შორის, სახნავ-სათეს“ ადგილებში, ხან ,,ლიანდაგებზე“, ხან სადგურების ფუსფუსში, ხან მატარებლის ტალანში, სახალისო ამბები თუ ტრაგიკული – მოულოდნელად გაჩენილი ხანძარი:
 ,,სადგურებში ხომ ყოველთვის ფუსფუსი იყო:
მიდიოდნენ ან ჩამოდიოდნენ,
აცილებდნენ, ელოდებოდნენ,
წასაღები მიდიოდა,
მოსატანი შემოდიოდა.“

მოგონება მოგონებას ერთვის, კადრი კადრს მისდევს, მოქმედება მოქმედებას მიჰყვება და ბოლოს თემურისთვის დამახასიათელი მოსხლეტილი ფრაზა –,,მოდიოდა მატარებელი, მას თავისი ახლდა სინათლე…“
თემურ ჩხეტიანის მინიმალისტური პოეზია, რასაკვირველია, მისი ერთიანი პოეტური სივრცის განუყოფელი ნაწილი და ორგანული შემადგენელია, მაგრამ იმსახურებს ცალკე განხილვას. აქ განსაკუთრებით იგრძნობა მისი პოეზიის სრულიად ბუნებრივი, თავისთავადი და პირველქმნილი სისადავე და უბრალოება. იგი ცდილობს, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის სიტყვებით, ხშირად ზმნების გარეშე, მოკლედ, მაგრამ მეტყველად, დაწეროს დიდი ამბავი, დახატოს მონუმენტური ტილო, ზოგჯერ ესაა მთელი ნოველა, ჩატეული რამდენიმე სიტყვაში:
 „Nescafe Gold“-ის მწვანე გემო,

 ფანჯრის მიღმა კი

 ნირწამხდარი ვარდი

 შემოდგომაა.

ან მეორე მინიმა:

 ვან გოგი – ,,ჩიბუხიანი კაცი“


სურათი კიდია კედელზე,
თუ კედელი ჰკიდია სურათს?!“
 მისი მინიმები თითქოს უმცირესი ნამცვრევებია, საოცარი სიმსუბუქითა და დიდი ემოციით დატვირთული:
,,ბევრი ვიფიქრე და ბოლოს
ღიმილი წავაფარე
ტკივილს.“

თემურ ჩხეტიანის პოეტური ენისთვის ზოგადად დამახასიათებელია ლაკონურობა, ზუსტად შერჩეული სიტყვა. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა მის ჰაიკუებში, რომელთაც პოეტი ცოტა მოკრძალებული სათაურის ქვეშ აერთიანებს – ,,ჰაიკუს მცდელობა“. ეს ციკლი აღმოსავლურ პოეტურ ტრადიციებზეა დაყრდნობილი. როგორც ცნობილია, ჰაიკუ არის წამიერი შთაბეჭდილება, დროში მოხელთებული უეცარი განცდა თუ შეგრძნება, ეს არის კოდური ენა, რაიმე დეტალის ან მოვლენის უეცარი გაელვება ემოციის მთელი ინტენსივობით, რაც კონცენტრირებულად არის გადმოცემული მარტივი ლექსიკით. თემურ ჩხეტიანის ჰაიკუში ეს სიმარტივე ქვეტექსტებით არის გაჯერებული და სულ მიყურადებული უნდა იყო, რომ უმცირესი ჩქამი, ყრუ ხმაც გაიგონო. ეს მცირე ფორმის ტექსტები ძალიან მეტყველი, უეცრად მოსხლეტილი სტატიკური სურათებისა თუ შეგრძნებების გაელვებაა. ეს არის პატარა ექსპრესიონისტული ჩანახატები, რომლებშიც უეცრად მოხელთებული წამი მკითხველისთვის დინამიკაში გრძელდება და მას თავისებურად ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევა. ჰაიკუში კრისტალიზდება თემურ ჩხეტიანის მრავალფეროვანი წამიერი რეფლექსიები და უაღრესად დახვეწილ ფორმას იღებს. ზოგი მინიმა ან ჰაიკუ ისეთი ვულკანისებური ამოფრქვევაა, ცხადად იგრძნობა პოეტის გულის ფეთქვა:
,,დღის მზიანი გზა…
იებით სავსე ეზო
ცარიელ სახლთან.“

მისი ჰაიკუები აქ იბადება – მის სიმარტოვეში, ოთახის სიჩუმეში თუ ეზოს ყოველ კუთხე-კუნჭულში“:
 ,,შემოიძარცვა სამოსი
და გადმოყარა ძუძუები
კარალიოკმა“.

აქვე მეორე ჰაიკუც:
 ,,ფიქრი, ნაღველი
და საფერფლე ემსგავსება
კრემატორიუმს.“

თემურ ჩხეტიანი არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრს მუშაობს, კითხულობს, აკვირდება, აანალიზებს, იმახსოვრებს. ჩვენ არაერთი ლექსი გვითარგმნია ერთად და ვიცი, მისი მიდგომა, როგორ არჩევს თითოეულ სიტყვას ან როგორ მუშაობს რითმაზე. უკვე აღვნიშნე, რომ ის ერთნაირად თავისუფლად გრძნობს თავს კონვენციურშიც და ვერლიბრის სალექსო ფორმაშიც. ვერ ვიტყვი, რომ მისი პოეზია განსაკუთრებულად გამოირჩეოდეს მუსიკალური თვალსაზრისით და ამისთვის შესაბამის პოეტურ ხერხებსაც ნაკლებად იყენებს, თუმცა რითმიან ლექსებში თავად სარითმო წყვილები ისეთი დაკვირვებით, სიტყვისა და მუსიკის ისეთი შეგრძნებით არის მიგნებული და შერჩეული, თუ ამ ტიპის ლექსის რიტმულ-ინტონაციურ თავისებურებებსაც გავითვალისწინებთ, რბილი, ჰაეროვანი მელოდიურობა ყოველთვის გასდევს თავიდან ბოლომდე:
 ,,გვიანია და არ ისმის ჩქამიც,
სძინავთ სახლებს და სოფელსაც სძინავს,
შემოდგომაა, საგრძნობლად ცივა,
და იორთქლება ფანჯრები ღამით.

და ისევ მარტო და ისევ ჩუმად,
და, რა თქმა უნდა, არავინ მოდის-
არა აქვს ბოლო ფიქრსა და ლოდინს,
მოლოდინის და ფიქრის დრო თუ გაქვს.“
რაც შეეხება თავისუფალ ლექსებს, სტრუქტურულად ისეა განსაზღვრული, კონსტრუქციულად ისეთი მკაცრი რიტმული წესრიგით არის აგებული ყოველი ფრაზა, ზოგან რითმის შეგრძნებაც ჩნდება. ამ მხრივ მის პოეზიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გამეორებას, მისი საშუალებით აქცენტირებულია ესა თუ ის ფრაგმენტი, ქმედება ან სურათი და რიტმი კიდევ უფრო მძაფრდება. მის ლექსებში ფრაზას თავისებური და განსაკუთრებული სინტაქსური სიმწყობრე ახასიათებს, ეს მწყობრი კონსტრუქციები თანმიმდევრულობით, ბუნებრივი მდინარებითა და ჰარმონიით მიჰყვება ერთმანეთს და ასე იქმნება თემურ ჩხეტიანის პოეტური სივრცე.
,,მე ვერ ვხედავ განსხვავებას ხელის გულსა და ლექსს შორის“,- ეს პაულ ცელანის სიტყვებია. პატარა, ერთიბეწო ხელის გული, აღმავალ-დაღმავალი ხაზებით, ზოგი პარალელური, ზოგი მორკალული, ზოგიც ტალღოვანი, ერთმანეთის გადამკვეთი, ერთმანეთში გამავალი, სიცოცხლის ხაზი და გულის ხაზი – ეს არის მართლაც თემურ ჩხეტიანის ლექსი. ერთ ლექსში ის წერს:
 ,,თოვლის გამო თეთრია ეს დღე
და თეთრში ისევ ბევრი რამე იგულისხმება,
მე კი წინ მიდევს თეთრი ფურცელი…“

თეთრში მართლაც ბევრი რამე იგულისხმება, სიმბოლურად თუ პირდაპირ, გულწრფელი, სუფთა, ნამდვილი, პირველქმნილი, სადა, სპეტაკი, კამკამა განცდები და ეს ხელისგულისოდენა თეთრი ფურცელიც ამ ხაზებისა და განცდების დამტევი სივრცეა. თემურ ჩხეტიანი სწორედ ,,ხელის გულიდან“, თავისი შემოსაზღვრული ეზოდან, თავისი სახლიდან და ოთახიდან ხედავს, აღიქვამს და აკვირდება სამყაროში მიმდინარე პროცესებს. რაც უფრო შეზღუდულია სივრცობრივად პოეტის რეალური საჭვრეტელი, მით უფრო მძაფრია მისი ხედვა, მით უფრო ღრმაა და ყოვლისმომცველი; აქედან იბმება უხილავი კავშირები გარესამყაროსთან. აქ ეძლევა მას საშუალება უფრო მეტად ჩაუღრმავდეს თავის თავს, უფრო მეტად კონცენტრირდეს და ამ სიღრმიდან, ამ ინდივიდუალური სულიერი სივრციდან მეტი და მეტი გამოიტანოს ზედაპირზე.
თემურ, ჩემს წერილს ბოლოს ისევ შენთან ერთად დავასრულებ, ვიცი, ,,გული ბევრ რამეს“ გიგრძნობს, ,,დაჟინებული მზერა ხედავს და ყური ისმენს“ და არსებობს ის სარკმელიც, ხან ღია, ხან დახურული…
 ,,ერთი სარკმლით შეიცნობა მთლიანად სახლი…
მივჩერებივარ მე ერთ სარკმელს, მინდა გავიგო-
რითი ჰგავს ის სხვებს…“

აქ რაკურსი თავად მკითხველმა აირჩიოს – შიგნიდან გარეთ თუ გარედან შიგნით.

© არილი

Facebook Comments Box