დღეს კლინიკიდან ადრე დავბრუნდი. მოკლე დღე მქონდა. გერმანელებს სულ რაღაც დასვენების დღეები აქვთ. ვერაფერი გავუგე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ წამდაუწუმ ისვენებენ, რაღაცას ზეიმობენ, ოღონდ არ ვიცი რას.
ჰოოო, ფსიქიატრიულ კლინიკაში ვმუშაობ, სადაც სულიერად ავადმყოფები წვანან. არა, არა… საშიში არაფერია. მძიმე ავადმყოფები არ ჰყავთ. იმას ვგულისხობ, რომ არავინ გერჩის. ხანდახან ისეთ სიჭკვიანეს ამბობენ, გადაირევა კაცი. ერთი გავიცანი აქ, ტანად ზორბა, კეთილი სახით, შუახნის, სიმპათიური კაცი. ქალებს რომ მოეწონებოდათ – ისეთი. მისი შეშლის მიზეზი არ ვიცი ან რა ჩემი საქმეა. მკურნალი ექიმი ხომ არ ვარ. მოკლედ, ყველაფერი მისალმებიდან დაიწყო. როგორც კი დამინახა, თავისი ბოხი ხმით თავაზიანად მკითხა: Hallo, junger Frau! Wie geht es ihnen? რომელი „იუნგე ფრაუ” მე ვარ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ასეთი კომპლიმენტი. მეც, რა თქმა უნდა, თავაზიანად გადავუხადე მადლობა და ვუპასუხე, რომ კარგად ვარ. მას შემდეგ ვესალმებით ერთმანეთს. ვხედავდი, ყოველდღე თავქუდმოგლეჯილი როგორ არბოდა-ჩამორბოდა კეთილსახიანი კაცი კიბეებზე ხელში წერილით, რომელსაც დროშასავით აფრიალებდა და არ ავიწყდებოდა ჩემთვის ეკითხა: Hallo, junger Frau! Wie geht es ihnen? ერთხელაც ასე, წერილით ხელში მოქოშინებდა კიბეებზე, — გამომელაპარაკა. ალბათ სურდა, სიხარული გაეზიარებინა ვინმესთვის. ჰოდა, მახარა, რომ საბერძნეთიდან მიიღო წერილი და ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში წამყვან თანამდებობას სთავაზობდნენ. კი გამიკვირდა, მაგრამ როდესაც ადამიანს ხელში წერილი უჭირავს და ასეთი გახარებულია, რა უფლება გაქვს, არ დაუჯერო, თუნდაც შეშლილი იყოს. შემეცოდა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა ამ შემოთავაზების მიღებას. კეთილსახიანმა ჩემგან რაღაც სითბო იგრძნო, დამიმეგობრდა და დღეგამოშვებით მამცნობდა ხოლმე თავის ამბებს. წერილებმა მოუხშირეს. საიდან აღარ წერდნენ: საფრანგეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან და ჰოლანდიიდან… რამდენჯერმე სხვადასხვა ენაზე წამიკითხა წერილები. ხუთ თუ ექვს ენას ფლობდა. კი მინდოდა მეთქვა, რომ არაფერი გამეგება, მაგრამ ისე გატაცებით მიკითხავდა, მაგალითად, ფრანგულად, რომ ვეღარ შევაწყვეტინებდი. შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ერთი და იმავეს წერდნენ, ანუ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სამუშაო ადგილებს სთავაზობდნენ. ერთ მშვენიერ დღეს მომვარდა და გახარებული მეუბნება, ლორენსუ-მარკიშიდან მომწერეს და მთხოვენ, რომ სამშენებლო კომპანიას ვუხელმძღვანელოო. დაბნეულმა გავუღიმე, რადგანაც არ ვიცოდი არანაირი ქალაქი სახელწოდებით – „ლორენსუ-მარკიში “. ისე კი მიკვირდა, ვფიქრობდი, ალბათ ოჯახს ეუხერხულება გახმაურება და ამიტომაც არავინ იცის კეთილსახიანი კაცის უბედურების ამბავი-მეთქი. მოკლედ, იმ დღეს როგორც კი სახლში მოვედი, ვიკიპედიაში ლორენსუ-მარკიშის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით ამოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ 1975 წლამდე, ასე ერქვა მოზამბიკის დედაქალაქს — პორტ მაპუტუს. მაპუტუ ერთ-ერთი უზარმაზარი დედაქალაქთაგანია მსოფლიოში. მისი პორტი ინდოეთის ოკეანის პირასაა, მოსახლეობა მილიონ ნახევარზე მეტია. საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა. აქ ბევრი არალეგალური ნაგებობაა. გამიკვირდა, რომ მაპუტუ ძველი სახელით მოიხსენია, მაგრამ ჩემი აზრი უფრო გამყარდა იმ მხრივ, რომ აბა საიდან უნდა მოეფიქრებინა ასეთი ქალაქის სახელი, რომელიც სადღაც აფრიკაშია, თუკი წერილი მართლა არ მიუღია-მეთქი?! თანაც ეჭვი მთლად გამიქარწყლდა, რადგან ლორენსუ-მარკიშიდან ყველაზე ხშირად მოდიოდა წერილები. ამასთან დაკავშირებით უცებ ღელვამ ამიტანა, რაიმე ხიფათს არ გადაყროდა ეს კეთილსახიანი კაცი, თუკი იქ სახლებს არალეგალურად აშენებდნენ. მერე ჩემივე ფიქრზე გამეცინა, აბა, ვინ გაუშვებდა სულიერად ავადმყოფს სამუშაოდ სადღაც მაპუტუში? მოკლედ, ასე დროშასავით აფრიალებდა ამ წერილებს კეთილსახიანი კაცი, დღეგამოშვებით მიყვებოდა მათ შინაარსს და იმ ადამიანთა ვინაობას, ვინც წერილებს წერდა.
ამ ერთი თვის წინ, კლინიკის პროფესორმა დამინახა, როგორ ვყავდი მიმწყვდეული კეთილსახიან კაცს კიბის უჯრედის კუთხეში და მორიგ წერილს მიკითხავდა. პროფესორმა თავისთან დამიბარა და მითხრა: ფრაუ მენაბდე, ასე სერიოზულად ნუ მიიღებთ ჰერ ვალტერის მონათხრობს და დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ მის ილუზიებზე. წერილებს თავისთავს თვითონ უგზავნისო. მოკლედ, იმ დღეს შევიტყვე, რომ კეთილსახიან კაცს ჰერ ვალტერი ერქვა და რომ ეს წერილები მისი ფანტაზიის და წარმოსახვის ნაყოფი იყო.
ერთ რამეზე მწყდება გული, რომ პროფესორმა ასე დაუნანებლად გადაუსვა ხაზი ვალტერის მრავალწლიან შრომას და მისი საიდუმლო გათქვა. რა მოხდებოდა, ერთ ადამიანს მაინც სცოდნოდა ამ ქვეყანაზე, რომ ჰერ ვალტერი მართლა იღებდა წერილებს და მას როგორც წამყვან სპეციალისტს სხვადასხვა ადგილას სამუშაოდ იწვევდნენ — პატივს სცემდნენ.
სამწუხაროა. ცოტამ თუ იცის სხვისი საიდუმლოს შენახვა. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ვაგრძელებ ჰერ ვალტერთან მეგობრობას და მისთვის ის ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ასე გულდასმით უგდებს ყურს მის წაკითხულსა და მონათხრობს. მომეჩვენა, რომ პროფესორს ჩემი ერთგულების შეშურდა და წერილებთან დაკავშირებით ყველაფერი მოიგონა. სურს ეს პროფესორს თუ არა, წერილები ლორენსუ-მარკიშიდან მაინც მოდის და ამაზე მეტი საბუთი რაღად სჭირდება ადამიანს.
© არილი