პროზა

მაკა ჯოხაძე – ისკარიოტის ეკლები (ფრაგმენტი რომანიდან)

გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021 წლის მარტში გამოსცემს მაკა ჯოხაძის ახალ რომანს „ისკარიოტის ეკლები“.

მაკა ჯოხაძე დაიბადა 1948 წელს, თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1969 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის „მშფოთვარე ძილის ხეობებში“.

1989 წელს მაკა ჯოხაძე მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. 2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) „ჩვენი მწერლობის“ ჯერ პროზისა, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორია. 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საგურამო“ კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტების წიგნისათვის „სამოთხე უსიყვარულოდ“.

გამოცემული აქვს წიგნები: „გურამ-გურამ“ /მოთხრობები/ (1976), „გადარჩენილი პეიზაჟი“ /მოთხრობები/ (1984), „შეხვედრა“ /მოთხრობები/ (1985), „ჩემი დავით კლდიაშვილი“ /მონოგრაფია/ (1995, 2012), „მარადიული ბალაგანი“ /რომანი/ (1997), „მზერის გადანაცვლება“ /წერილები, ესეები/ (1988), „გამარჯვება შიშზე“ /ესეისტურ-პუბლიცისტური წერილები/ (1999), „სამოთხე უსიყვარულოდ“ /კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტები/ (2010), „მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები“ /რომანი/ (2013), „ჩაძირული დღესასწაული“ /ჩანაწერები/ (2013), „ფიჭვები უდაბნოში“ /მოთხრობების კრებული/ (2017). 

ისკარიოტის ეკლები

(ფრაგმენტი რომანიდან)

***

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები… მათი ჩუმი, ყოველღამიური შეხვედრების მოწმე ისევ მთვარე იყო, ცივი და ფერმკრთალი, ისეთივე ფერწასული, როგორც დამცხრალი ვნების კოცონი. ხვევნა-კოცნის მერე ქარიშხალგადავლილ ხეებს ჰგავდნენ, ტოტებდალეწილები, გაძარცვულები, მცხუნვარე ზაფხულიდან ცივ ზამთარში გამოყრილები. საკუთარ სიშიშვლეს ახლაღა აღიქვამდნენ. ერთმანეთში შეღწევის, ერთმანეთით მოყირჭების მერე სადღაც გამქრალიყო ერთობის კვალი, ერთარსებად ყოფნის ილუზია… მწარე იყო გამოფხიზლება…

სარკმლიდან ჩანდა გარე სამყარო, მდუმარების ველივით უცხო და სხვისი. სიტყვებიც სადღაც გაპარულიყვნენ, თითქოს იმალებოდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ საერთო, ერთმანეთისათვის სათქმელი ან გასამხელი…

***

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა კაცის ჩამოსვლა. ქალის ხსოვნას, რა ხანია, დაემარხა ქმარი. იუდაც საყრდენგამოცლილი სახლივით შებარბაცდა. ელინი კი სიხარულით ცას ეწია, როგორც იქნა, მშობლიურ კერას დაუბრუნდა მემკვიდრე და ერთადერთი პირმშო.

შუა ეზოში, მამის წინაშე იდგა ახლა აბიბო, გვარიანად შეფერთხილი და ჭაღარაშეპარული, მაგრამ, რაც მთავარია, საღსალამათი და უვნებელი.

– შენ რა გითხარი, ბიჭო, შენ რა გითხარი… როგორ შეგვაშინე… შენ რა გითხარი!.. – გულამომჯდარ ელინს თვალზე ცრემლი უბრწყინავდა, უთავბოლოდ  იმეორებდა ერთსადაიმავეს, შვილს კერპივით უვლიდა გარშემო, მკლავებზე ხელებს უჭერდა, ორიოდე ნაბიჯით შორდებოდა, მერე ისევ უახლოვდებოდა. მძიმე ტორებით ისევ ჩაებღუჯა შვილი, ისევ ლუღლუღებდა, შენ რა გითხარიო, იხუტებდა, მხრებზე ხელს უთათუნებდა, თითქოს ამოწმებდა, მართლა ცოცხალი აბიბო იდგა მის წინაშე თუ მოჩვენება.

დარცხვენილი აბიბოს გული კი გამალებით ცემდა. ერთი სული ჰქონდა, „როგორა მყავსო“ – ცოლზე ეკითხა, მაგრამ ეკრძალებოდა, სიხარულით შეშლილი მამის წინაშე თავს იკავებდა, ვაჟკაცურად ელოდა, თავად როდის მიხვდებოდა მამა ბატონი, როდის ინებებდა მისი სიყვარულის გახსენებას…

თითქოს ფიქრს მიუხვდა კაცი, ომახიანად ასძახა რძალს:

– ლეააა!

ძვირფასი სახელი მტრედივით აიჭრა ჰაერში და მთელი სივრცე ისე შებოჭა, აბიბოს სუნთქვა შეეკრა, კინაღამ გაიგუდა…

სარკმლის მიღმა ცოტა ხნით კიდევ შეიცადა მოდარაჯე ქალმა, ცოტა ხნით კიდევ გაწელა ქმართან შეხვედრის მოულოდნელი ელდა და კარი გამოაღო…

„რა უცნაურად გაიღო კარი… უცებ არა… ნელა, ფრთხილად…“ კიბეზე დაშვებული ქალის ნაბიჯებს კაცი ამ ფიქრებით შეეგება. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი, რამდენი რამ გადახდა, რამდენი გადატანილი განსაცდელის გაფენას აპირებდა მისთვის ფიანდაზად…

„რა მძიმედ ჩამოდის, დუნედ… არ უხარია… ამდენი ხანი დავაგვიანე… იქნებ ნაწყენია?!..“ – ბოლო მიზეზს ხავსივით ჩაეჭიდა ფიქრში.

ლეა შორიდანვე უღიმოდა. ძველებურად აღარ, სხვანაირად უღიმოდა, თითქოს ნაწყენიც, თითქოს ნიშნისმოგებით… ძალადობის კვალი აჩნდა ღიმილს, წვალების… ცოლის ყოველი მოძრაობა მოუქნელი და უსიცოცხლო ეჩვენა. ქალის შემოხედვა საყვედურს ასხივებდა. მიუახლოვდა ქმარს და მის მკერდში თავი უხერხულად ჩარგო. აბიბოც დამნაშავესავით შებორკილი, კეფაზე ხელს უსვამდა, ეფერებოდა… შინაგანად დაძაბული, დადარაჯებული თრთოლვით ელოდა მისი ხმის გაგონებას, იმ პირველ სიტყვებს, რითაც ამდენი ხნის უნახავ მეუღლეს უნდა შეგებებოდა ქალი და ლეამაც, როგორც იქნა, ამოღერღა:

– კარგია რომ ჩამოხვედი…

ეს იყო და ეს, მონატრებაზე კრინტი არ დაუძრავს, არც სიყვარულზე რაიმე მინიშნება…

„კარგია რომ ჩამოხვედი…“ კაცს სიმწრით გაეღიმა, თვალებით მამას დაუწყო ძებნა, თითქოს მისგან ელოდა პასუხს, ამ ცივი შეხვედრის გამო თითქოს მისგან მოითხოვდა ახსნა-განმარტებას.

ელინი არსად ჩანდა, სადღაც გამქრალიყო…

თავად უნდა ეპოვნა გამოსავალი. უხერხულობის გასაფანტად რაღაც უნდა ეთქვა, რაღაც არა, მნიშვნელოვანი პასუხი უნდა დაებრუნებინა ცოლისათვის. ისე, თავისთავად, ყოველგვარი ფიქრისა და აწონ-დაწონის გარეშე, რასაც გული უკარნახებდა.

– კარგია რომ დამხვდი… – ეს უფრო ხურდის დაბრუნებას ჰგავდა, თვითონვე გაეცინა საკუთარ სიტყვებზე და დაამატა:

– დამხვდებოდი, აბა, სად წახვიდოდი…

ქალს ისევ ქმრის მკერდში ჩაერგო თავი, თითქოს ვიღაცას ემალებოდა, თითქოს აქ ეპოვნა ძველი, საიმედო თავშესაფარი.

აბიბო ხელის გაშვებას არ ჩქარობდა, სევდიანი ნეტარებით ყნოსავდა საყვარელი ქალის თმას. ლეას ესმოდა კაცის გახშირებული სუნთქვა და გულისცემა. თავდახსნას არც ის ჩქარობდა, თითქოს მოსწონდა ტყვეობაში ყოფნა.

მზის ათინათში გახვეულ ცოლ-ქმარს იუდამ შორიდან ჰკიდა თვალი, ნაბიჯი შეანელა, ცოტათი ჩამორჩა ელინს…

თავდახრილმა აბიბომ, ჯერაც ცოლის კეფაზე რომ ედო ნიკაპი, ჰორიზონტზე მომავალ კაცებს წარბს ქვემოდან შეაგება მდორე, დაბინდული მზერა. სანამ მოუახლოვდებოდნენ, ცოლს ხელი უშვა.

იუდას დანახვაზე ლეა ისე შეკრთა, თითქოს სამუდამოდ გამქრალი მოჩვენება დაბრუნებულიყო მათ ეზოში. შეკრული კოპებით ქალი თითქოს საყვედურობდა – შენ აქ რა გინდა, რა დაგკარგვიაო. იუდამ შენიშნა ქალის უცაბედი ფერისცვალება, ოდნავ შიშნარევი, მტრული შემოხედვა.

ელინმა გულღია სიყვარულით ერთმანეთს წარუდგინა კაცები. იუდამ ბევრი რამ იცოდა აბიბოზე. აბიბომ იუდაზე არაფერი.

– შვილო, გაიცანი, ეს ანანიაა…

იუდას გულზე მოეშვა. ამდენი ხნის მერე პირველად ესიამოვნა, სხვისი სახელით რომ მოიხსენიეს. ელინმა ღიმილით გააგრძელა:

– შენი არ იყოს, ამის თავიც ღმერთმა გამომიგზავნა…

აბიბომ გაოცებით შეხედა მამას, სათქმელის დაზუსტებას მოითხოვდა.

– დამხმარედ ავიყვანეთ, ერთია, მაგრამ ათი კაცის საქმეს აკეთებს… მერე როგორ!.. შენ რომ მაგის გახარებული ნერგები განახა… ამოვისუნთქე კაცმა…

თითქოს აბიბოც მადლიერი უნდა დარჩენილიყო, მის აქ არყოფნაში უცხო ჭაბუკმა ასე რომ შეუმსუბუქა ბერიკაცს ცხოვრება, მაგრამ რაღაც აშკარად ხელს უშლიდა, ადამიანურად, კაცურად გამოეხატა მადლიერება.

ელინი ბავშვივით განაგრძობდა ჭაბუკის კეთილი საქმეების ჩამოთვლას… ბოლოს, თითქოს რძლისგანაც დასტურს ელისო, დაამატა:

– შენი ცოლიც მაგის გამოჩენის მერე წყაროზე აღარ გასულა… დილიდან დაღამებამდე სულ ეგ ეზიდება ამოდენა წყალს.

აბიბომ ინსტინქტურად გახედა ცოლს. ქალი გაქვავებულივით იდგა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სამივე კაცი ისეთი მოლოდინით მისჩერებოდა ლეას, თითქოს მის პასუხზე იყო დამოკიდებული მათი მომავალი თანაცხოვრების ბედი.

ქალი გუმანით მიხვდა, ცოტაც და ჯანღივით ჩამოწოლილი სიჩუმე საიდუმლოს გათქვამდა. ყოველ შემთხვევაში, სანახევროდ მაინც ააფუთფუთებდა ეჭვის ჭიას. ძალა მოიკრიბა და რაც შეიძლებოდა, უდარდელად, გულგრილად წარმოსთქვა:

– ჰო, ძალიან დაგვეხმარა.

„წარსულში ჩამტოვა, უკვე წარსული ვარ…“ – ფიქრობდა იუდა და ბრაზი ახრჩობდა… მიხვდა, რომ ქალმა არჩევანი მაშინ კი არ გააკეთა, ქმრის წასვლიდან რამდენიმე თვეში უცხო კაცს ლოგინში რომ შეუგორდა, არამედ ახლა, ამ წუთებში, როცა მისი აქ დარჩენის საჭიროებას ერთი სიტყვით მოუღო ბოლო. გვეხმარება კი არა, „დაგვეხმარაო“ – ანგარიში ჩააბარა ქმარს, ამით მადლიერებაც გამოხატა და მიანიშნა კიდეც, რომ ამიერიდან ეს უცხო კაცი აღარ სჭირდებოდათ. ოჯახის საქმეს და მეურნეობას თავად გაართმევდნენ თავს.

აღმოჩნდა, რომ სიმშვიდე და მუდმივობა ყველაფერს ერჩია გამბედავ ლეას. უკვე მოესწრო ვნებით შეშლაც და დაპურებაც. ამ ტიპის ქალისაგან ეს სრულიად გასაგები იყო, მის ენაზე მოყირჭებას სიმაძღრე ერქვა და არა ღალატი. ეს ისეთივე გარდუვალი და ბუნებრივი იყო, როგორც შიმშილით გაწამებული მხეცისათვის მოულოდნელი ნადავლით გატაცება. დაკმაყოფილდა, აღარ შიოდა.

ახლა ქმარს უნდა მიბრუნებოდა, თანამეცხედრეს, მისი ცხოვრების ბედნიერ მონაპოვარს. ისევ მის გვერდით უნდა განეგრძო ცხოვრება, რომელიც ქალმა კი არა, დრომ გამოსცადა. არჩევანსაც დრომ დაუსვა წერტილი. ჯან-ღონით სავსე ლამაზ ჭაბუკს, რა თქმა უნდა, ქმარი ერჩია, მისთვის სულს რომ ლევდა, ხელისგულზე რომ ატარებდა და ცივ ნიავსაც არ აკარებდა. იუდას ეს სად შეეძლო, რომც შესძლებოდა, უქონელსა და უპოვარს როგორ აირჩევდა. უცხოს თავისი ყოფა ჰქონდა მოსაწყობი, თავისი ცხოვრების უმთავრესი ქალი – დედა ჰყავდა ტყვეობიდან გამოსახსნელი. თან მასზე ბევრად უმცროსიც იყო და გამოუცდელიც, ამიტომ კაცმა არ იცის, როდის რა მოუვლიდა თავში, რა ზნით რას იზამდა, რას დაატრიალებდა… იუდა აქედან უნდა წასულიყო. ელინი უკმაყოფილოს არ დატოვებდა. ერთგულება ძვირი ღირდა, გულუხვად გაისტუმრებდა. იუდა თავის გზას უნდა სწეოდა…

ამ ფიქრებით დაეკლილ იუდას ტანში ცრიდა. ბავშვობიდან მოყოლებული ეს მერამდენედ უნდა აყრილიყო, მერამდენედ გაქცეულიყო თავშესაფრის ძებნაში. ამის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა, აღარც სურვილი და ილაჯი. როგორც ლეას, იუდასაც სიმშვიდე სჭირდებოდა, გარკვეულობა, კუნძულზე დასახლება და ფესვის გადგმა. ამიტომ გადაწყვიტა ლეასათვის დროზე, სადმე ცალკე, მოფარებულში აეხსნა: – კი ბატონო, შენ – შენთვის, მე – ჩემთვის, მაგრამ ელინთან მოურავად ვრჩები, სახსარს ვაგროვებ და გარკვეული დროის მერე იქნებ წავიდე კიდეც აქედანო.

ასეთ ქალთან თხოვნა არ სჭრიდა, ეს მოთხოვნა უნდა ყოფილიყო და ერთ საღამოს, როგორც იქნა, დაიმარტოხელა. მოლოდინით გადაღლილმა იუდამ ლეას მღელვარედ აუხსნა:

– ვიცი, გეშინია, ერთი სული გაქვს, როდის მომიშორებ, მაგრამ აქედან წასვლას არ ვაპირებ იცოდე! – ეს სიტყვები ისე სწრაფად წარმოსთქვა, ქალმა გააზრებაც კი ვერ მოასწრო… გაკვირვებით მიაჩერდა.

– კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ მეშინია და რატომ უნდა მოგიშორო?! – ალმაცერად გაეღიმა, მრავალმნიშვნელოვნად.

იუდა დაიბნა. ქალი ჯიუტად მისჩერებოდა, საპასუხო განმარტებას მოითხოვდა.

– მესმის, რომ ერთად ვეღარ ვიქნებით, მაგრამ…

– რატომ ვეღარ ვიქნებით? – ურცხვად შეაწყვეტინა ქალმა.

იუდა კიდევ უფრო მეტად დაიბნა და ყოყმანით უპასუხა:

– იმიტომ, რომ შენი ქმარი დაბრუნდა.

– მერე რა რომ დაბრუნდა?! – ისევ ჯიქურ გაუყარა თვალი თვალში.

– მერე, არ გეშინია?

მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

– მე მგონი, შენ უფრო გეშინია… ნუ გეშინია, არაფრის თქმას არ ვაპირებ… თავისით მილიონი წელი ვერაფერს გაიგებს, – ისევ დამცინავად გაეღიმა ლეას.

იუდა ვერ მიხვდა, ეს დაცინვა ქმარს ეკუთვნოდა თუ საყვარელს…

***

დრო ძველებურად გადიოდა, თუ არ ჩავთვლით, რომ იუდა და ლეა ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ. ღონე ეცლებოდა შემოდგომის მზეს. მიდამო ზურმუხტისფერს კარგავდა. სიყვითლეში ჩაწოლილი კუნძული ბედს შეგუებული ავადმყოფივით ზამთრის სუსხს ეგებებოდა. თუმცა ზამთრამდე ჯერ კიდევ შორი იყო.

იუდა ელინთან ერთად თავგამოდებით შრომობდა. ტყიდან ჩამოტანილ შეშას ჩეხავდა და ფარდულში მწყობრად ალაგებდა. თონის გასახურებელ ფიჩხებსა და ნაფოტებს, ცალკე უყრიდა თავს. კოდიდან მოზიდული წყლით სპილენძის ვეება ვარცლებს ავსებდა, მორჩენილ თივას უღონო მზისგულზე ანიავებდა, ცდილობდა, ბოლომდე გამოეშრო ნესტშეპარული ბალახის ძნები. ზვინებიდან მონარჩენი თივით ივსებოდა ნალია, ქვევრები ღვინით იყო გალიცლიცებული, ბეღელი – ფქვილით. საღამოობით თამბაქოს ჟანგისფერ გამხმარ ფოთლებს ხელისგულებით სრესდა და მიტკლის ტოპრაკებში აფასოებდა. მთელს ეზოში თუთუნის მძაფრი, გამაბრუებელი სუნი იდგა.

ლეაც საოჯახო, ქალური საქმეებით იყო გართული. სელის სხვადასხვაფრად შეღებილ ძაფებს ხალისიანად ართავდა ხის კოჭებზე. ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა, თეთრეულსა და ღამის პერანგებს გულმოდგინედ აგვირისტებდა. ხანაც თონეს ახურებდა, წინაღამით მონაზელი, აფუებული ცომით პურს აცხობდა, ნაირნაირი კერძებით ანებივრებდა კაცებს. ჯარასავით ტრიალებდა და ბზინავდა მისი სამფლობელო.

მხოლოდ აბიბო დალასლასებდა მოჩვენებასავით, იშვიათად გაკრთებოდა ეზოში ლანდივით. ძირითადად ბანზე იჯდა, უძილობით თვალებამოღამებული, სევდიანად გასცქეროდა სივრცეს. სხეულში გამუდმებით სიცივე თარეშობდა, გულში – მტანჯველი სიცარიელე.

ელინიც იტანჯებოდა, შვილის შემხედვარეს გული ეკუმშებოდა. სულ ემზადებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაებედა, რაღაც ბორკავდა, აბრკოლებდა, სიტყვა ჩამოეგდო შვილთან, ასეთი შეცვლის, ნაღვლიანობის მიზეზი ეკითხა… ვინ იცის, რა გადაეტანა, რას მალავდა, რის გამხელას გაურბოდა…

ლეაც ვერაფერს უხერხებდა გაუცხოებულ, მდუმარე ქმარს. მზვერავივით შორიდან აკვირდებოდა, ხან მზაკვრულად უვლიდა გარშემო. მერამდენედ ცდილობდა ახლო ურთიერთობის აღდგენას. ცოლ-ქმრული მოვალეობის შესასრულებლად კაცის სარეცელთან მიტყუებას…

თვალს არიდებდა, აღარ იკარებდა აბიბო…

რამდენჯერ შუაღამისას განგაშით წამომჯდარა ლოგინში, ბნელში ხელისცეცებით რამდენჯერ აღმოუჩენია, რომ მარტო იყო, მის გვერდთი ქმარი აღარ იწვა… იცლებოდა ლეას მოთმინების ფიალა, სამაგიეროდ, იზრდებოდა აკრძალული სიყვარულის ნაყოფი. ორსულად იყო ლეა. საგონებელში ჩავარდნილი, ახლა იმაზე ფიქრობდა, რას მოიმოქმედებდა, როგორ დაარიგებდა, რით დაეხმარებოდა ყოფილი საყვარელი. დრო აღარ იცდიდა, გადადება აღარ ღირდა, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.

ერთ საღამოს გახურებული თონის მოლივლივე ეთერში ლეამ იუდას განგაშით გაუმხილა:

– აბიბომ იცის ჩემი ორსულობის შესახებ.

შეშფოთებულმა იუდამ ჩუმად, თითქმის ჩურჩულით იკითხა:

– დარწმუნებული ხარ?

– ეჭვიც არ მეპარება, ისე გაბოროტებული მიყურებს ხოლმე…

– იქნებ გეჩვენება?!

– არა! – მკაცრად მოუჭრა ქალმა და გააგრძელა, – არ მეჩვენება!.. ჩამოსვლის დღიდან აღარ მიმიკარა, ეტყობა, მაშინვე შემამჩნია…

– შეგამჩნია?! – გაიკვირვა იუდამ და ლეას მუცელს ფრთხილად შეავლო თვალი.

– მე რომ მეგონა, არც ისეთი გულუბრყვილო აღმოჩნდა, – ისევ იმ მზაკვრული, საშინელი ღიმილით გამოსცრა.

– რაღაც უნდა ვიღონოთ, – სწრაფად, ანგარიშმიუცემლად თქვა იუდამ.

– მაინც რა? – ყურადღებით მიაჩერდა ქალი.

– ჯერ არ ვიცი… მოვიფიქრებ რამეს!

– ჰოდა მოიფიქრე! დროზე! სანამ მოხუციც შემამჩნევდეს…

ეს ბრძანებაც იმ ალმაცერი, ირონიული ღიმილით გაასრულა ქალმა, ასე რომ აცოფებდა იუდას.

***

უკვე იცოდა აბიბოს მუდმივსამყოფელი. აღარც ეზოში ჩამოდიოდა და ოთახებში ყოფნასაც შუაღამემდე თავს არიდებდა. გამუდმებით ბანზე იდგა, ან იჯდა, სივრცეს მიშტერებული, გაუთავებლად ეწეოდა თუთუნს. ზეზეურად ჩამოხმა, სახის ნაკვთები უსიამოდ გაუმკაცრდა, გამოეკვეთა. წარბებშუა იარასავით გაჩენილმა ღრმა ნაოჭებმა ბოროტი გამომეტყველება შესძინა.

აბიბო წასვლაზე ფიქრობდა, შინ დარჩენა აღარ შეეძლო, აქ აღარაფერი აკავებდა. ისე უნდა გამქრალიყო, ეჭვი არავის არაფერზე მიეტანა. იქნებ ბარათიც დაეტოვებინა – სავაჭრო საქმეებში რაღაც დამრჩა მოსაგვარებელი, მივემგზავრები და იმედია, ამჯერად მაინც დავბრუნდები მალეო…

აღარ დაბრუნდებოდა. მამასაც იმეტებდა? მამასაც „ღმერთის გამოგზავნილს“ უტოვებდა, არაფერს გაუჭირებდათ… მწარე ფიქრებში ჩაძირული დუმდა.

აბიბოს დუმილი, თითქოს მთელს სახლ-კარს გადაედო. ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა კარ-მიდამოში. აღარც ძაღლი ყეფდა, აღარც კრუხს გაჰქონდა კრიახი. შემოჩვეული შაშვიც იშვიათად შეარხევდა ხის ტოტს. იჯდა ხმაგაკმენდილი, აღარ გალობდა. შუადღის ნირვანას სკის ირგვლივ მოფუსფუსე ფუტკრების ზუზუნი აღარ ატკბობდა. ყველა და ყველაფერი რაღაც უჩვეულოს მოლოდინში გაყურსულიყო…

***

შუაღამისას ბანის დასავლეთის სვეტს იუდა გამალებით უთხრიდა ძირს. მეორე ღამეა, მთვარის შუქზე ამოყრილ ქვა-ღორღს ფრთხილად, უხმაუროდ აბრუნებდა ფუძემორყეული ძელის სიღრმეში. ნაშალი ხრეშით ამოვსებულ ორმოს, თვალშისაცემი რომ არ გამხდარიყო, საგულდაგულოდ ტკეპნიდა, ფეხით ასწორებდა.

ბავშვობის მერე პირველად იყო მთვარის მადლიერი, ღამის მნათობი თითქოს იმიტომ ეკიდა ცაზე, რომ მისი ზრახვების მოწმე კი არა, ამჯერად თანამონაწილეც გამხდარიყო. დედამიწის ზურგზე სხვას არავის უნდა სცოდნოდა იუდას ჩანაფიქრი. მათ შორის, არც ლეას, ქალს, რომელმაც ერთბაშად დაკარგა მხურვალე მიმზიდველობა. ცივი გულგრილობით ასე უცნაურად დაემსგავსა ღამის მნათობს. ოღონდ მთვარე უტყვი იყო და სანდო. ლეას კი აღარ ენდობოდა.

იუდამ სვეტს სქლად დაგრეხილი თოკი შემოახვია და მარჯვედ გამონასკვა ყულფი. სხვენზე გასაშრობად დაყრილი ტყაპუჭებიდან რამდენიმე ძელთან მიყარა. მათ ქვეშ კი ბაწრის ბოლოები ფეხის წვერით საგულდაგულოდ შემალა. მოსცილდა, შორიდან გამოხედა ძელს, ტანში გასცრა, მოეჩვენა, რომ ტყავქვეშ დაგრაგნილი მაჯის სიმსხო თოკი უხსენებელივით სუნთქავდა. მძიმედ მიუახლოვდა. ტყავის ამობურცულ ზედაპირს ფეხით შედგა და დაბებკა. ცოტა ხანს კიდევ იდგა მონუსხულივით, თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა… სანამ გამობრუნდებოდა, ერთხელ კიდევ გახედა ბანს, აღარაფერი ჩანდა საეჭვო.

„ყველაფერი მზადაა, ახლა მთავარია, გამოჩნდეს…“ – გაიფიქრა იუდამ და კიბეზე ფრთხილად დაეშვა.

© არილი

Facebook Comments Box