1
კოლეგებთან ერთად მამაძაღლი მთვრალი რომ ხელოვნებაზე ლაპარაკობ, აი იმ ლაპარაკებიდან ერთ-ერთს მოყვა “სტერილური, ნულის” იდეა. ჩემი მეგობრები ამბობდნენ რომ ხელოვნებაა ნახატი, მუსიკა, კინო, თეატრი და ჯანდაბას ინსტალაციაც და კიდევ უფრო ჯანდაბას პერფორმანსიც, და ხელოვნებას, მითუმეტეს თანამედროვეს, იმისთვის, რომ აუდიტორიამდე მიაღწიოს, სჭირდება კონტექსტი, დრო და სპეციალური ადგილი. ეს სამი ზემოთ ჩამოთვლილი, იმ შემთხვევაშიც კია საჭირო, თუ არტისტის იდეა, მისი იდეის აუდიტორიამდე არ მიტანაა, ოღონდ ამ არმიტანაშიც ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, თორემ ეგრე არ ხდება, არტისტმა თქვას – “მე მინდოდაა ხალხს ვერ გაეგო, რა მინდოდაო” თუ ეგ უნდოდა მაშინ ის მაინც უნდა გავიგოთ, რომ არტისტს არ უნდოდა მისთვის გაგვეგო და ზუსტად ამისთვის სჭირდება დრო, კონტექსტი და სპეციალური ადგილიო.
მეთქი, სპეციალური ადგილი, წიპა გამოფენა, ან თეატრი ან რამე ეგეთი?
ეს სამი ერთად უნდა იყოს, ერთ მთლიანობად თორე ცალ-ცალკე არანაირ აზრს არ იძენსო. მეთქი, ეს “აზრს არ იძენს” ნამეტანი ყალბი ხო არ არის?
პირველი გვერდია, ეგეთ რაღაცეებს გვაპატიებენ, მეტჯერ აღარ ქნაო,
მეთქი ოკეი და გავაგრძელეთ – სისულელეა, ხელოვნებას რა-რა და კონტექსტი არ სჭირდება და სპეციალური ადგილი ხომ მითუმეტეს, რას ამბობ, რო ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამე მომადან ბიკენტიეს საქაბაბეში რომ გადაიტანო, ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამე აღარ იქნება-მეთქი?
იეპ! ზუსტად მაგას ვამბობთ, პაბალშომუ ხელოვნება მარტო იმათთვის არსებობს, ვისაც ესმის და ბიკენტიეს საქაბაბეში, ორიგინალი იქნება დაკიდებული თუ ასლი, ქაბაბის კლიენტებს ბალი ათი შაური, ბოლე ილი მენეე, მაინც ფეხებზე ჰკიდიათო.
მოკლედ, ჩახლართულად ხსნიდნენ და ფხიზელი თვალით რომ გადახედო, ბევრ ნაკლსაც უპოვი მათ მსჯელობას, მაგრამ ფხიზელი ვინ იყო? მუცელში შვიდი ფენა ალკოჰოლი ირყეოდა და ეს საუბარი კი აბსენტმა გამოიწვია და აბსენტი კიდე ხო იცით როგორი ოხერია და ოხერი ვიყავი მეც და ვამბობდი, რომ რიგითი ადამიანისგანაც კი შეგიძლია ხელოვნების ნიმუში შექმნა და მაგალითად მომყავდა დონალდ ტრამპი, რომელიც საერთოდ არ მჯერა, რომ რეალური ტიპია და არა ვინმეს, ჯანდაბას, ვიხმაროთ ეს სიტყვა – ცოცხალი ინსტალაცია, და ჯანდაბას, ვიხმაროთ ლონგ რანში გათამაშებული პერფორმანსიც.
ჩემი და ჩემი მეგობრების საუბარს ცოტა კონტექსტი რომ მივცეთ, გეტყვით, რომ…
არა, მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენ… (დაძაბული დრამი, რამე-რუმე, ცოტაც გავწელოთ პაუზა, ეგაა, საკმარისია! არა მოიცა, ცოტაც, ვსო…) … ესე ვთქვათ, რომ ჩვენ მომგვარებლები ვართ და რას და როგორ ვაგვარებთ, ორი სიტყვით ვერ ავხსნი, მაგრამ თუ ამბავს ბოლომდე გაყვებით, დაახლოებითი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ ჩემზე და ჩემს კოლეგებზეც.
ჩემმა მეგობრებმა ტრამპი ლონგ რანში გათამაშებული, პლოტ ტვისტიანი პერფორმანსი კი არა, დემოკრატიის გამოცდააო.
რკინის არგუმენტია, მაგრამ რკინის არგუმენტებზე მე არ ვზადნავ, როგორც არ ვზადნავ ტექსტში ინგლისური და რუსული სლენგის გამოყენებაზე და ამიტომ, კოლეგებს და მეგობრებს ჩემსას მივუგე, რომ თუ ტრამპი არ არის ვინმეს პერფორმანსი, მაშინ მე სრული არარაობისგან შევქმნი არტს-მეთქი.
რა არტსო?
ხელოვნების ნიმუშს, სიტყვების ეს წყობა გულს მირევს და მეტჯერ ნუღარ გამამეორებინებთ-მეთქი.
და სრულ არარაობაში რას გულისხმობო?
ვის-მეთქი.
რა ვისო?
ვის ვგულისხმობ და არა რას-მეთქი!
ვერ გავიგეთო…
მეთქი, სრულ არარაობას ვიპოვი და მისგან არტს შევქმნი.
მოიცა და…
ვიცდი-მეთქი.
ჯერ ერთი როგორ გავიგოთ შენ მიერ არჩეული ადამიანი მართლა არარააობაა თუ არა და მეორე, ვინ განსაზღვრავს, რასაც შენ შექმნი, ის მართლა ხელოვნების ნიმუშია თუ არაო.
ტრამპზე ხო განსაზღვრეთ რო არ არის არტი და არც ამაზე გაგიჭირდებათ ფხიზელი დასკვნის გამოტანა-მეთქი.
ეგ ჩვენს მეორე კითხვას პასუხობს, მაგრამ პირველზე რა მოგახსენოთო.
კასტინგს დავიწყებ და ყველაზე უნიჭო, შეუხედავი და სრული არარაობა ვინც იქნება, იმას ავიყვან-მეთქი.
რა დისკრიმინაციააო? – თქვა ერთ-ერთმა და მერე ყველამ ერთად თრეშ ფილმების ბოროტი გმირებივით გადავიხარხარეთ.
ბიუჯეტიო? – მეორემ.
მეთქი, რა ბიუჯეტი?
მთელი ამ პროექტის ბიუჯეტი, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ თუ შენით იზამო?
ჩემით ვიზამ, ოღონდ…
რა ოღონდო?
ოღონდ, ისეთი ნიძლავი დავდოთ, როგორიც ფილეას ფოგმა და სხვა ჯენლტმენებმა დადეს დედამიწის გარშემო ოთხმოცდღიან ვოიაჟამდე, ფილეასი მე ვიქნები, სხვები თქვენ, და მოდი ესე ვქნათ, რომ თუ მე ჩემი სიმართლის დამტკიცება შევძელი, ამ სიმართლისთვის შეწირული თანხა, სულ თქვენი ასანაზღაურებელი იყოს-მეთქი.
მოსულა, მაგრამ თუ ვერ შეძელიო?
შევძლებ-მეთქი!
და ესე ჩამოვართვი ხელი, ხუთ, არც თუ ისე გადასარევ ჯენლტმენს, ჩემსავით არცთუ ისე სახარბიელო საქმეების მომგვარებლებს, ადამიანებს, რომლებსაც პირად საქმეში სამუშაო ადგილად ერთ-ერთი ყველასგან მივიწყებული კომპანიის მრჩევლების პოზიცია აქვთ მითითებული და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ეს კომპანია სახელმწიფო ბალანსზე ზის და არც ის გაგიკვირდებათ, რომ იმავე სახელმწიფოს ზედმეტ ტვირთად აწევს, ფინანსურად ვერასდროს გადის მოგებაში და შინაარსობრივად კი იმ დიადი ძალის ნაწილია, კეთილი რომ სურს და ყოველთვის რომ ბოროტს იქმს.
მგონი ზედმეტად ჩავახუჭუჭე, მაგრამ რა ჯანდაბა გავაკეთო? მოდი, რახან პირდაპირ ვერ ვამბობთ, ესე ვთქვათ – ჩვენ ხო ვართ მომგვარებლები? ვართ! ჩვენს ზემოთ დგანან დამკვეთები, ჩვენს ქვემოთ საჭირო ხალხი, საჭირო ხალხი კი ფართო ცნებაა და ეგეთივე ფართოა საჭირო ხალხის ნომრები, მისამართები და ეგებ მაკომპრომიტირებელი მასალები ჩემს აიქლაუდზე, გუგლ დრაივზე და სხვა კიდევ უფრო ბევრად დაცულ სერვერებზე. აი ამ გადასარევ ხალხს ქვემოთ დგანან სხვადასხვა სამინისტროს ან სახელმწიფო დაწესებულების პრესსამსახურები, პიარტექნოლოგები და გამონაკლისის სახით ისეთი არაფრის მთქმელი მინისტრები, რომელთა სახელები და გვარები პოლიტიკაში კარგად გაწაფულმა ამომრჩევლებმა კი არა, ხანდახან ჟურნალისტებმაც კი არ იციან და ეს არცოდნა კიდევ ორ რამესთანაა დაკავშირებული, ან ნამეტანი ხშირად იცვლებიან პოსტებზე, ან ნამეტანი არაფერს ამბობენ, და აქვე დასკვნის სახით დავძინოთ, რომ ნამეტანი არაფერი ვარგა. ამ ყველას ქვემოთ დგას თბილისის მერია, საკრებულოები და სხვადასხვა რაიონის თვითმართველობები. ოღონდ ამ ახალ რეალობაში ისე გამოვიდა, რომ მერია გამონაკლისია და ეგებ ჩვენს ქვემოთ კი არა, კაი ზემოთ და სადღაც დამკვეთების გვერდზეც კი დგას, მიმიხვდით ალბათ რისი თქმა მინდა და რას ვერ ვამბობ. საკრებულოებში ფეხი არ შეგვაყოფინეს, რამეთუ საკრებულოშია მთელი ქალაქის სიძვა და დიდი პოლიტიკოსების ბიზნესინტერესების გაპრავების სოდომ-გომორა, ეგ კი თურმე ისეთი თემაა, რომელიც მომგვარებლებმაც კი არ უნდა იცოდნენ, ათასში ერთხელ ვინმე თუ დარეკავს და საჭირო კაცთან დაკავშირებას გვთხოვს, ეგაა და ეგ. თვითმართველობებს რაც შეეხება, მანდ ჩვენ თვითონ არ გვინდოდა შესვლა, ძალიან დაბალი პლანკაა და აი მაგ დაბალ პლანკას კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ ვახტებოდით და ეხლა რა ღმერთი გაგვიწყრებოდა?
2
ვცდილობ გავიხსენო, მქონდა თუ არა მეორე დღეს პახმელიის სინანული. ალბათ მქონდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ გადასარევი ვისკიც მქონდა და ეგება და, ნარკოტიკებს მიძალებული კაცი რომ ვყოფილიყავი, კიდევ უფრო უებარი საპახმელიო ბალახეული და ფხვნილეული და წვეთებიც კი მქონოდა, მაგრამ მომგვარებლებს ნარკოტიკთან მეგობრობა სჯულის კანონით ეკრძალებათ, მე კი ჩემი საქმის, და სჯულის ხომ მით უმეტეს, პროფესიონალი ვიყავი და ესე განსაჯეთ, მეორე დილით სამი რამ მებადა – პახმელია, ვისკი და პროფესიონალიზმი და პახმელია ვისკის დალევას მაიძულებდა, პროფესიონალიზმი კი დამკვეთების ახალი დავალების შესრულებას.
დავალება კი იყო მეტად მარტივი, მაგრამ საპასუხისმგებლო, რამეთუ ჩვენამდე მისი შესრულება ბევრმა სხვადასხვა უწყებამ სცადა და ისე ჩაფლავდნენ რომ კაი დიდი საკადრო ცვლილებები, და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კონკრეტულ საქმეში სუს-ის ჩვენ ქვემოთ ჩამოლაგება და სუს-ის მთლად უფროსის მარეგულირებელში გაბუნძულებაც კი მოყვა. აი მარეგულირებელი რა არის, რას, როგორ და რატომ არეგულირებს, მაგას ცოტა ქვემოთ გაიგებთ.
მოკლედ, ახალი ტროლების ფერმა იყო გასაკეთებელი, ოღონდ ისეთის, რომ სოციალური ქსელის ყველაზე ორთოდოქს სტალკერსაც კი ეჭვი არ აეღო იუზერის რაობასა და სინამდვილეში.
აი აქ გამოჩნდებიან პირველად საჭირო ხალხი, კულტურის სამინისტროს (მაპატიეთ ამ დროს კულტურის სამინისტრო უკვე განათლების და კიდევ რამდენიმე ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი უწყების უხარისხო კოქტეილია) გაუგებარ ლიტერატურულ პროექტებში მონაწილე, კიდევ უფრო მეტად გაუგებარი მწერლები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ გადასარევად ჩააბარეს გამოცდა, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არწაყვანით გაწიწმატებული, იმ დროს ჩვენი დამკვეთებისთვის არასასურველი ხალხის წინააღმდეგ დავგეზეთ. მოკლედ, საჭირო ხალხი მალევე გამოჩნდა – ლიტერატურული სამყაროს ლექი!
ხოლო რატომ ავიყვანეთ ამ საქმისთვის მწერლები და არა წერა-კითხვის უცოდინარი სუს-ის აგენტები, ადვილი მისახვედრია. ამ ჩვენ მწერლებს, კალამი რომ დიდად არ უჭრიდათ, სამაგიეროდ უჭრიდათ გონება და მალევე მიხვდნენ, რომ ტროლინგს და ლიტერატურას შორის დიდი განსხვავება არ იყო. ამ საქმისთვისაც ჭირდებოდათ პერსონაჟები, მათი ბიოგრაფიები, სიუჟეტები, ინტრიგები და კულმინაციები და ნამდვილი ლიტერატურული სამყაროსგან განსხვავებით, ტექსტების დაბეჭდვაზე უარს არავინ ეტყოდათ, უარს კი არა, პირდაპირ ვუთხარი, რაც შეიძლება მეტი წერეთ, შექმენით ხუთი, ათი და ოცდაათი პერსონაჟი, დააშეარეთ მთავრობის ყველა მიღწევა, ყველაზე უმნიშვნელოც, აი ისეთი უმნიშვნელოც კი, როგორც სამინისტროს წინ პანდუსის გახსნაა, გიხაროდეთ ყველაფერი, რაც უხარია მინისტრს, იყავით ყოველთვის მორალისტები, პატრიოტები, მიულოცეთ თქვენს ფრენდებს დაბადების დღეები და რელიგიური დღესასწაულები, ნურც ხატების მიმოფენას დაზარდებით, ნურც კატების და ძაღლების, რამეთუ ღმერთის და ცხოველების მოყვარული ადამიანები, საზოგადოებაში უფრო მეტი ნდობით სარგებლობენ. დღეში ერთხელ მაინც დაპოსტეთ, ოღონდ ყველამ ერთად და ერთი და იგივე არა, ზუსტად მაგით გამოიჭირეს ჩვენი წინამორბედები. ნუ დაიცავთ გრამატიკის ნორმებს და სასვენ ნიშნებს, ათი პერსონაჟიდან გყავდეთ სამი-ოთხი, რომელიც ლათინური ფონტით დაწერს, დანარჩენებმა წერეთ ქართულად, და ბოლოს, გეშინოდეთ სტალკერების, ზუსტად ისე, როგორც გეშინიათ რედაქტორების ცივი უარის. იქითა კვირამდე ათ-ათი ტროლი მომიყვანეთ და მერე დავიწყებთ ტრენინგებს, რა თემაზე როგორ უნდა ეკამათოთ სხვა იუზერებს, როგორ მოუშალოთ ნერვები ყოვლად უვარგისი და პოპულისტური არგუმენტებით და როგორ გამოიყვანოთ წყობილებიდან. ყველა თქვენგანს გეყოლებათ ერთი რჩეული პერსონაჟი, რომელიც სხვა ცხრაზე განსწავლული და განათლებული იქნება და გაცხარებულ კამათში მოწინააღმდეგის ბოლომდე მოსასპობად მას გამოიყენებთ, რითიც ჩვენ მიმართ ლოიალურად განწყობილ, რეალურ იუზერებში გმირის სახელს დაიგდებენ და გამრავლდებიან და გაიხარებენ მომხრენნი ჩვენნი, როგორც აგენტი სმიტი ხარობს და მრავლობს მატრიცაში.
ამ ჩვენს არჩეულ მწერლებში იყო ერთი ნამეტანი მონდომებული, ბუსებრი დრამატურგი და თან პოეტი კაცი რომელმაც –
ძმებო, მოკლე გზას გაწავლით რომ არ გაწვალდეთო
და გისმენთო ძმებმა (მათ შორის დებიც იყვნენ):
ჩემს მოჩუქურთმებულ სახლში, რომელიც მამაჩემს მისი დამსახურებებისთვის მისცეს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იცოდა მთავრობამ ჩვენი ფასი, ერთი მოსკოვური კაბინეტი მიდგას და იმ კაბინეტის უჯრაში კი ერთი დიდებული წიგნი მიდევს, რომელშიც სულ ნაბიჯ-ნაბიჯ და მარცვალ-მარცვალ არის აღწერილი, როგორ უნდა შექმნა იდეალური პერსონაჟი. იქნება ასე ოცდაათიდან-ორმოცდაათ-კითხვიანი ჩამონათვალი და ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ისეთ გადასარევ გმირს მიიღებ, როგორიც, ღმერთო მაპატიე და, არც ვლადიმირი ყოფილა და ესტრაგონი ხომ მითუმეტესო.
და მოყვა მის განცხადებას ტაში და ჩემი მოწონება და მოწონება იმდენად დიდი იყო, რომ იქ და იმ წამს გაირკვა ტროლების ფერმის იდეური მამა ვინ იქნებოდა.
გულზე ხელი რომ დავიდო და სიმართლე ვთქვა, დრამატურგიაშიც და პოეზიაშიც ამ ჩვენს ტროლ მწერლებზე ბევრად მეტი გამეგებოდა და იდეალური პერსონაჟის შექმნაში ხომ მითუმეტეს, ვერცერთი ვერ შემედრებოდა. ისეთი ლპობაშეპარული ხის ნაფოტებისგან მყავს თანამდებობის პირები გამოთლილი, რომ პაპა კარლოსნაირ ფინაჩებს სანთებელისთვის განკუთვნილ ჯინსის ჯიბეშიც ჩავისვამდი, ოღონდ ეგაა, მომგვარებლებს ჯინსი, ქეჟუალ ფრაიდეიზეც კი არ გვაცვია. კაცი თუ საკუთარი გარდერობის ამბებს ვერ აგვარებ, პოლიტიკოსის რბილ ლ-ს და ტაშტის ხმიან ინგლისურ აქცენტს რას მოუხერხებ? მომგვარებელს პერანგის საკინძზევე უნდა გეტყობოდეს, რომ მომგვარებელი ხარ!
***
დრო მარტივად გადასაჭრელი პრობლემა იყო, ჩვენ ციფრულ დროში ვცხოვრობთ და ჩემი შერჩეული არარაობაც, პირველად ციფრულ სამყაროში გამოანათებდა.
კონტექსტი ცოტა რთული მოსაფიქრებელი აღმოჩნდა, მაგრამ მარტივ იდეამდე ჩამოვედი – ვქმნი, მაშასადამე დაგცინით! დავცინი ყველა ცნობად სახეს, შოუბიზნესის ვარსკვლავს, გადაცემის წამყვანს, მოკლედ, ყველას ვინც უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ეკუთვნის.
სპეციალური ადგილის არჩევა არ გამჭირვებია, ალბათ არცერთი სხვა ქალაქი ისე არ გავს მეცნიერების საექსპერიმენტო ველს, როგორც ჩვენი, მზის და ვარდების მხარე.
არარას პოვნა ცოტა გამიჭირდა. როგორია სამ მილიონნახევარ ადამიანში იდეალური კანდიდატის პოვნა? კიდე კაი ჩვენს ციფრულ ეპოქაში, ნებისმიერ საძიებო სისტემას ჭკვიანი ფილტრები აქვს და ჩემი ფილტრები კი ასეთი იყო – თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე, სიღარიბის წარსულიდან, სოციალურ ქსელებში ოცი და ნაკლები მეგობრით, რეალურ ცხოვრებაში კი მაქსიმუმ დედ-მამით და ერთი დაქალით შემოსაზღვრული, არავითარი უფროსი ძმა, შეყვარებული მითუმეტეს, არარელიგიური, უმუშევარი ან პირიქით, სამსახურით გაწამებული.
აი საძიებო სისტემის კი, რომელსაც ვიყენებდი, შეშურდებოდა ნებისმიერ ქასთინგ მენეჯერს, გინდ საქართველოში და გინდაც ქალაქ ჰოლივუდში. იუსტიციის სახლის მთლიანი ბაზა ჩემს ხელში იყო, და ჩემს ლეპტოპში იყრიდნენ თავს ნებისმიერი ასაკის, სქესის, ჯურის და მსოფლმხედველობის აიდიქარდის მქონე მოქალაქეები. ეს ბაზა კი თავის მხრივ გადასარევად ჰქონდა გადამუშავებული ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე საჭირო ხალხს და რიგითი მოქალაქეების გვარ-სახელის გვერდით ისეთ უცნაურ რემარკებს წააწყდებოდი, როგორიცაა – “ჩვენსკენ იყო, ეხლა იმათკენ გადავიდა”, ანდა – “ძმა სროკზე ყავს, შეგვიძლია გამოვიყენოთ”, ან კიდევ უკეთესი – “ამან ზედმეტი იცის”, და ბოლოს ჩემი ფავორიტი – “მოწყვლადია”. რომ იცოდეთ ვისზეა საუბარი ეგრევე მიხვდებოდით, რომ რემარკის ავტორმა იდეალურზე იდეალური სიტყვა შეარჩია ამ პიროვნების დასახასიათებლად.
მოწყვლადები, მისაჯირყვნები, ოპოზიციონერები და სხვა გადასარევი ხალხი, საძიებო ფილტრებით გავაქრე და არარაობის როლისთვის კასტინგგასავლელთა რიცხვი ხუთამდე დავავიწროვე. სამი გოგო და ორი ბიჭი – გენდერული ბალანსი დაცულიცაა და ცოტა მეტიც, კვოტირებაც გვაქვს და კიდე უკეთესიც. ჩემი ხუთეულიდან, ოთხი ეტყობა იმდენად აპოლიტიკური იყო, რომ სისტემამ მათზე რემარკების დახარჯვისთვის თავი არ შეიწუხა, მეხუთეზე კი ჩემს წინამორბედს ალალად მიეწერა – “ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, გეია თუ არა”.
რაც არ უნდა ავიწროვო ძებნის არეალი და როგორი გადასარევი ბაზაც არ უნდა გქონდეს, იდეალურ შედეგს მაინც ვერ მიიღებ, თუ ადამიანს პირისპირ არ შეხვდი და თვალებში ჩახედვით არ გაარკვიე, მის გულ-მუცელში და ტვინში რა დუღს. ერთი ეგაა, რომ შეხვედრას მიზეზი სჭირდება. არა, როგორ არ შემიძლია საჭირო ხალხს დავურეკო და ოც წუთში ხუთივე ჩემს კაბინეტში მოვაყვანინო, ოღონდ წინდახედულობა გვმართებს, მომგვარებელს არც აჩქარების უფლება აქვს და არც ჩრდილიდან ტყუილად გამოსვლის, მაგრამ… მაგრამ ამ ხუთიდან ერთ-ერთი ისეთი დაღლილი და გაწამებული სახით იყურება და ისეთი არაფრისმთქმელი თვალები აქვს, რომ ჩემი საქმისთვის იდეალური კანდიდატი მგონია.
მერე დღეები რომ გავა და საჭირო ხალხი მის მისამართს და სამუშაო ადგილს გამირკვევს, მე შემთხვევით შევბოდიალდები ჰიპერმარკეტში, სადაც ის მუშაობს და მაინცდამაინც იმ უგრძელეს რიგში ჩავდგები, რომელიც მის სალაროსთან დგას, და დამეთანხმებით, რომ რიგების გამო, სხვა ბევრად უფრო მიშვნელოვანი საქმეებიც კი გვაქვს გადადებული, მაგრამ ამჯერად არ ვიზარმაცებ და მაინც შევხვდები და მაინც ჩავხედავ თვალებში, და მაინც მივხვდები რომ ის, ისაა… იდეალური… სტერილური, ნული.
3
მე მეგონა ისე გაუხარდებოდა, რომ იმ დღესვე დათანხმდებოდა ჩემს შეთავაზებას, მაგრამ ჩემი ფეხები. არც კონსულტანტის ხელფასზე ათჯერ მეტმა ანაზღაურებამ დააინტერესა, არც თავისუფალმა სამუშაო გრაფიკმა და არც პოპულარობამ. რათ მინდა ეგეთი ფული და პოპულარობა, ექვსი თვის მერე თუ ყველამ ჩემზე უნდა იღლიცინოს და მერე ისევ რიგითი კონსულტანტი უნდა ვიყოო.
პოპულარულს მე გაგხდი და შენარჩუნებაზე მერე შენ იზრუნე-მეთქი.
როგორ, როცა ყველას ეტყვი, რომ რასაც უყურებენ, სრული სიყალბეაო.
ვახ, შენ ქართველი სტარები მართლა ისეთები გგონია, როგორადაც თავს ასაღებენ-მეთქი?
არა, მაგრამ მაგათ თამაშს წერტილს არავინ უსვამს და შენ კიდე გინდა პოპულარობის ზენიტში მომცელოო.
რამდენი მოცელილი წამომდგარა, ეგ კი არა, პარლამენტში სამშობლოს ღალატისთვის და პატიმრებზე ძალადობის მუხლით გასამართლებული პოლიტიკოსები გვიზის-მეთქი.
ეგეც მართალიაო.
ეგეც მართალია და ისიც, რომ შენს პლასტიკურ ოპერაციებში და კოსმეტიკურ რემონტში დახარჯული ფულის შედეგი სულ შენთან დარჩება-მეთქი.
მოიცა, პლასტიკას გამიკეთებო?
აბა? ცხვირი, ტუჩი, ტრაკი… მკერდი კაი ზომის გაქვს, მაგას არ დაჭირდება-მეთქი.
აქაჩვა უნდაო.
ავქაჩოთ მაშინ, მაგის დედაც ვატირე-მეთქი.
თვალებიცო – აზარტში შევიდა.
თვალებიც და ყველაფერი, რაც გინდა, და ყველაფერს, რასაც ავქაჩავთ, შენ დაგრჩება, ქამინგ აუთის მერე სახლში ხო არ წავიღებ-მეთქი არა?
ხელი სად მოვაწეროო?
მეთქი, ხელმოწერაზე ცოტა მეტი დაგვჭირდება.
რა, აბაო?
კომპრომატებზე რა იცი-მეთქი?
რა კომპრომატებიო?
გარდა იმისა, რომ ბიფორ და აფთერ პონტი კამერაზე უნდა მქონდეს, რამე ისეთი მჭირდება, რითიც დაგაშანტაჟებ-მეთქი.
ეგეთი არ მაქვს არაფერიო.
ვიცი და მაგიტომ აგირჩიე, მაგრამ ნუ ნერვიულობ, ექვსი თვე დიდი დროა, რამეს ვიპოვი-მეთქი.
მოსულაო.
მეორე დღესვე ჩემს კოლეგებს მივუყვანე და ვაჩვენე, აბა შეხედეთ, არ არის სტერილური, ნული-მეთქი?!
არისო – ყველამ ერთხმად, მაგრამ ჩვენ რა ვიცით ტანსაცმლის შიგნით რას მალავს, გოგონა აბა ერთი თუ ღმერთი გწამს, გაიხადეო.
მეთქი, არაა ადამიანის ესე დამცირება საჭირო.
შენ როდის მერე გახდი ესეთი მორალისტიო – ერთ-ერთმა.
არ ვმცირდებიო – სტერილურმა ნულმა და გაიხადა, ყოველგვარი კომპლექსის და მორიდების გარეშე, ოღონდ ისე ნელა, წვალებ-წვალებით და მოუქნელად, რომ მივხვდი, სექსუალურ ცხოვრებაშიც ვერ ქონდა ყველაფერი რიგზე, ვიცი რომ ცოტა უცნაურად ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ აი შემდეგი ვან ნაით სთენდი რომ გექნებათ, დააკვირდით, ვინც მოქნილად და სექსუალურად იხდის, ის მამაძაღლი გამოცდილების და ფანდების ოსტატია და ზლაზვნით გამხდელებთან კი ბევრს ვერაფერს გამოკრავთ ხელს. ესაა ჩემი მომგვარებლისეული დაკვირვება და ამ ამბავს თუ ბოლომდე გაყვებით, მიხვდებით, რომ დაკვირვებებში დიდად არ ვცდები, არ ვცდები კი არა, ეგებ ისეც ხდება, რომ ათიდან ცხრანახევარ შემთხვევაში მართალიც ვარ ხოლმე.
სტერილური, ნული ჩვენ წინ შიშველი იდგა და ჩემი კოლეგები ისე ათვალიერებდნენ, როგორც მონათმფლობელები ახალ საქონელს, თვითონ კი ისეთი ჯიქური მზერით გვიყურებდა, როგორც ის მონა, რომელიც ჯერ კიდევ დიდ გულზეა, რამეთუ არ უგემია ტანჯვის უღელი და პატრონის მათრახი. მე კი რაღაცნაირად გული ამიჩუყა ამ სანახაობამ, იმიტომ კი არა, რომ სტერილური, ნული შემეცოდა, უფრო იმიტომ, რომ შემეცოდა მისი სხეული, რომელსაც მოვლის მინიმალური ნიშანწყალიც კი არ ემჩნეოდა; გამოკვეთილად ასიმეტრიული მკერდი, მოშვებული მუცელი, განიერი, ცხიმ მოდებული თეძოები, იაფიანი საპარსით დაჩეხილი წვივები, აქერცლილი პედიკური და თავის ნებაზე მიშვებული, მეჩხერი ბუჩქნარივით მოუვლელი ბიკინის ადგილი.
ხომ კარგად დამათვალიერეთო.
კიო – ჩემმა კოლეგამ.
დაიმახსოვრეთ რასაც ხედავთ, ესეთს მეტჯერ ვეღარ მნახავთო.
ამ სულისკვეთებით ბევრს მიაღწევო.
ბევრსაც ვაპირებო.
წარმატებები, ექვსთვიანი წამზომი ჩაირთოო.
პირველი დღეები სტერილური, ნულის ახალი ბიოგრაფიის წერას მოვანდომეთ. წარსულს გამიზნულად გვერდს ვუვლიდით, მაგრამ თუ ვინმე მაინც ჩაგვეძიებოდა, მარტივი პასუხი გვქონდა, ნამეტანი ავყია კაცზე იყო მითხოვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში ძრომიალის უფლებას კი არა, მეგობრებთან გაგზავნილ მესიჯებსაც კი უკონტროლებდა. საზოგადოების პროგრესულ ნაწილს მსხვერპლი ქვეცნობიერად უყვარს და აი იმ “ბნელებს” კი, ვინც “კარგსაც შვებოდა, აბა ეხლა ნახე რა დღეშია, რა ფოტოებს დებს” კომენტარებს დაწერდნენ, ისევ ჩვენი ლიბერალები ჩაქოლავდნენ და ანდაც, აგერ გვერდით ოთახში არ მეჯდა ტროლების მთელი ფერმა?
გამოგონილი პერსონაჟისგან განსხვავებით, რეალურ პერსონაჟზე მუშაობის დროს მისი შესაძლებლობიდან უნდა გამოხვიდე და სტერილური, ნულის უნარ-ჩვევები კი ბევრ არაფერ გასაქანს არ მაძლევდა. ერთადერთი რაშიც გამიმართლა, ის იყო, რომ ნორმალური მეტყველება ჰქონდა და ლოგოპედთან მეცადინეობაში დროის დაკარგვა არ დამჭირდა, ჩემი ჯადოქარი ვიზაჟისტების და თმის ოსტატების წყალობით კი კვირის ბოლოს დაახლოებით გამოიკვეთა, ჩემი მთავარი გმირის მომდევნო ექვსი თვის და, ვინ იცის, იქნებ მთელი სამერმისო ცხოვრების ვიზუალიც და ამ მაკიაჟის რეალურ ცხოვრებაში გადმოსატანად კი პლასტიკის შამანებს მაქსიმუმ ორი თვე დასჭირდებოდათ, თავის ნაოპერაციები ადგილის ჩაცხრომებიანად.
და ავქაჩეთ წარბები და ავქაჩეთ მკერდი და წავუსვით ცვილი მთელ ტანზე და სადაც ცვილმა ვერ გვიშველა, ის ადგილები დავამუშავეთ ლაზერით და ვუტარეთ შლატების დასაშლელი მასაჟები და ტაკოს ასაბზეკი სავარჯიშოები და დავუგრძელეთ ჯერ ფრჩხილები, წამწამები, მერე კი თმა და მერე ყველაფერი, რაც დავაგრძელეთ შევღებეთ იმ ფერებში, რომელიც ჯდებოდა სილამაზის სტანდარტებში, რომელსაც ჩემი კოლეგები, მოდის სფეროს მომგვარებლები იგონებენ, და იგონებენ ძირითადად ქალებისთვის და თუ ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, ძირითადად ისევ ქალები გაგკიცხავენ და არავის ემახსოვრება, რომ სტანდარტებს კაცები აწესებენ და კაცებივე აწესებენ ფასებს ქალებისთვის განკუთვნილ პროდუქტზე და ამიტომ ღირს ზუსტად ერთნაირი ფორმის, ზომის, წონის და დანიშნულების თავის მოვლის საშუალებები კაცებისთვის უფრო იაფი და ქალებისთვის უფრო ძვირი და ამიტომ არის სამყარო კაცის თვალზე მორგებული და არა მარტო თვალზე, ტანზეც კი, და თუ არ გჯერათ, დაუკვირდით რომ ნებისმიერ დაწესებულებაში კონდიცირების სისტემა და ტემპერატურა კაცის პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოკვანწულ სხეულზეა გათვლილი და კაცებისავე დაწესებულ სტანდარტებში ჩასაჯდომად კოქტეილის კაბებში გამოწყობილ ქალებს უწევთ აბუზული მხრებით და აცახცახებული ძვლებით სიარული და ეგება და, ამ ძვლებისვე გასათბობად აეტმასნონ ვიღაცა ოღრაშს, მაგრამ ეგ მსჯელობა ცოტა შორს წაგვიყვანს, ამჯერად მხოლოდ იმას დავჯერდეთ, რომ მსოფლიოში თუ რამე ხათაბალაა, ყველაფერი თეთრი, საშუალო და უფრო მაღალი კლასის კაცების ხელოვნურად მოგონილი პრობლემაა და მეტი არაფერი.
ორი თვის და ორი დღის თავზე შევხედე ჩემს ქმნილებას და დავრწმუნდი, რომ ყველა საშუალო სტატისტიკური მდედრის და მამრის გემოვნებას დააკმაყოფილებდა და ვუწოდე მას გალა, შემოკლებით გალათეასგან, და ვხარობდი ძლიერ და ვსვამდი გრძელ, რთულ ქვეწყობილ სადღეგრძელოებს და წინასწარ ვტკბებოდი სანაძლეოში გამარჯვებით და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრით… მაგრამ ნაცრის სროლას ერთი დიდი მინუსი აქვს, ხელი დასვრილი და გამურული გრჩება და აი ეგ სიბრძნე კი, ისე მოხდა, რომ მაშინ გაგონილი და შესისხლხორცებული არ მქონდა.
4
პატარა საგრიმიოროსავით პავილიონი ავაშენეთ და სოციალურ ქსელებში მაკიაჟის ტუტორიალების დადება დავიწყეთ, თითო ვიდეო დღეში. საგრიმიოროს გვერდით ფოტოსტუდიაც მივუდგით და რამდენიმე ფოტოსესიაც მოვცხეთ. სულ რომ ინტერიერში არ ვყოფილიყავით გამოკეტილი, ფოტოგრაფები ლამაზ-ლამაზ ადგილებშიც წავიყვანეთ და იმდენი გაკაშკაშებული ფოტო გადავიღეთ, რომ პროფესიონალ მოდელსაც კი შეშურდებოდა. დღეში მინიმუმ ოთხ სტატიას ვწერდით თავის მოვლის საშუალებებზე, სამს ჯანსაღ კვებაზე, ორს თანამედროვე მოდის ტენდენციებზე, ერთს მოგზაურობაზე. მინიმუმ სამჯერ, ყოვლად ბანალურ და გულის ამრევი ვიზუალით გაფორმებული პაულო კოელიო/ელიფ შაფაქისებრ საინსპირაციო ციტატებსაც ვამზეურებდით სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფერს ისეთი ინტენსურობით ვბუსტავდით, რომ ერთი კვირის თავზე სამი ათასი რეალური ფოლოვერი შემოგვიჩნდა.
თავიდან სოციალური ქსელების სამართავად და სტატიების დასაწერად ორი პროფესიონალი დავიქირავე, მაგრამ გალა ნიჭიერი ჯეელი აღმოჩნდა, საქმეს მალევე აუღო ალღო და ორი კვირის თავზე, როდესაც ჩვენი ფოლოვერების რიცხვი უკვე გასამმაგებული იყო, ყველაფერს მარტო აკეთებდა – პოზირებდა და თან პოსტავდა, დამხმარეებს მხოლოდ სტატიების სათარგმნად იყენებდა, რამეთუ რა გინდა რა ნიჭიერი იყო, ინგლისურს ესე მარტივად ვერ ისწავლი.
გალას გამოთლაში და დაპიარებაში სამი თვე დავხარჯე, ამ სამი თვის თავზე კი უკვე პირველი სპონსორებიც გამოჩნდნენ. პარფიუმერიის მაღაზიებმა და ფიტნესცენტრებმა რეკლამის სანაცვლოდ ვაუჩერების და უფასო ტესტერების გამოგზავნა დაიწყეს. ღმერთი, რჯული პარფიუმერია და კოსმეტიკა იმდენი გვქონდა იმ მაღაზიებს აქეთ გავუგზავნიდით, მაგრამ აი ფიტნესის იდეამ ძალიანაც მომხიბლა. მარტო მაკიაჟით შორს ვერ წავიდოდით და გალამ სოციალურ ქსელებში ფიტნესვიდეოების გამოქვეყნებასაც მიჰყო ხელი, და თუ აქამდე მხოლოდ მდედრობითი სქესის მიმდევრები გვყავდა, ეხლა იოგას ელასტიკებში გამობზეკილი, მარწყვივით ტაკოს მოყვარული ხელმარჯვე თინეიჯერებიც შემოგვემატნენ და მაშინ მივხვდით, რომ ახალ სეგმენტზე გასვლის შანსი გვქონდა და დავიწყეთ ანაზდად სექსუალური ვიდეოების და ფოტოების დადება და პოზირებდა გალა ხან აუზში და ხანაც ჯაკუზიში და პოზირებდა კიდევ სოლარიუმში და ამზეურებდა თავის უკვე ნავარჯიშებ, გარუჯულ სხეულს და მერე ამ ყველაფერს ვახმარდით ფოტოშოპის დამქაშებს და მოდიოდა ლაიქები და კომენტარები და მამრების სავსე მთვარის დროს ყმუილივით ამოხეთქილი ისეთი პმ–ები და დმ–ები, რომ უმეტესობის წაშლა, დაბლოკვა და განდევნაც კი გვჭირდებოდა. და გამოხდა ხანი და ცხრა ათასი ფოლოვერი გადაიქცა ოთხმოცდაათი ათასად და იწვევდნენ გალას სხვადასხვა გადაცემებში და ლაპარაკობდა თავის მოვლაზე, დიეტებზე, ჯანსაღ კვებაზე და მისთანებზე და მისკდებოდა გული ყოველი პირდაპირი ეთერის წინ, მაგრამ გოგო, რომელიც ჰიპერმარკეტის დახლიდან წამოვაყენე, იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ყველანაირ დაბრკოლებას პარკურის ილეთებით ახტებოდა და მიკვირდა ძლიერ, და ის კი ფიქრობდა ახალ-ახალ ნაბიჯებზე, რამეთუ იცოდა, რომ საზოგადოებას და მითუმეტეს იუზერებს, ერთი და იგივე ხილი მალევე ბეზრდებათ და სულ რომ ქეჩოთი გყავდეს ყველა მათგანი დათრეული, ხვალ ანდა მაქსიმუმ ზეგ თუ ახალს არაფერს შესთავაზებ, ისეთივე სისწრაფით გაგექცევიან, როგორი სისწრაფითაც მოგესიენ, და ამიტომ გალამ თქვა –
რამე ეპატაჟური გვჭირდებაო.
ვახ, რანაირი სიტყვები გისწავლია-მეთქი.
საღლიცინოდ არ მცალია, ორი დღეა ახალი ფოლოვერი არ დაგვმატებიაო.
ცოტა ხანი მაგისთვის არ მცალია, მოდი ეს შაბათ-კვირა გადამაგორებინე და მერე მოგხედავ-მეთქი.
ისე ცივად და მუქარით შემომხედა, მივხვდი, რაღაც საშინელებას დაატრიალებდა, მაგრამ მართლა არ მეცალა, არ მეცალა კი არა, პირიქით, იმდენი დრო დავუთმე, რომ კინაღამ მომგვარებლის კარიერა გავიფუჭე. ბუსებრი, დიდსათვალიანი მწერალი და დრამატურგი ხო გახსოვთ? მაშინ ისიც გემახსოვრებათ, ამ ჩემის ტროლების ფერმის იდეურმა ლიდერმა, დამოუკიდებლად, თავისი რეალური გვარ-სახელის გამოყენებით, ნაციონალისტური ვიდეოების გადაღება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება რომ დაიწყო. ეგ ყველაფერი დიდი ხათაბალა არ იქნებოდა, ამ გადასარევ კაცს ტროლების ფერმა თავისი საქმისთვს რომ არ გამოეყენებინა და არც ტროლების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში იქნებოდა დიდი რამ პრობლემა, რამდენიმე სიმწრით სახელმოხვეჭილი პერსონაჟი რომ არ გაესტალკათ და ამდენ შრომადახარჯული, უშვილო კაცისთვის, შვილივით საყვარელი ტროლის ქსელიდან გამორთვა რომ არ დამჭირვებოდა.
სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და იმ თვის ხელფასის ნახევარი ჩამოვაჭერი.
ამიხტა, დამიხტა და ტლინკები ყარა – მეო, შენო, ვისაო, ჩემი ესე და ისე, მე იცი ვინ ვარ, შენ იცი რას გიზამ, მე რო კონტაქტები მაქ… ვახ ძველი დრო იყოს, შენ თუ არ გამეციმბირებენე, ვისა? როგორ ბედავ? ბაბუად გეკუთვნიო!!!
ერთი ადგილი დააყენე, თორე როგორი ღიმილიც ვიცი, ისეთივე ვიცი ყვირილიც და როგორც გადასარევი ცხოვრება აგიწყვე, ისე გადასარევად დაგინგრევ-მეთქი.
ისეთი თვალებით შემომხედა, როგორითაც გალამ ამ დიალოგის დაწყებამდე და გალას შემთხვევაში თუ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოჭიმული, სასირცხო ადგილებზე ხინკლებაკრული მისი ნახევრად შიშველი ფოტოები დამხვდა, ბუსებრმა დრამატურგმა ისეთ შარებს გადამყარა, რომ გალას ფოტოები და ფოტოებს ქვემოთ მიწერილი კომენტარები ერთი ფერის, კუბიკ-რუბიკის აწყობასავით მარტივი მოგეჩვენებოდა.
გალას ფოტოები როგორ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა და მორალის, ეთიკის და ამ შემთხვევაში ხინკლის სადარაჯოზე მყოფი ქართველები როგორ გადაუვლიდნენ და გადმოუვლიდნენ, ხო მიხვდით? იმასაც ხომ მიხვდით, რომ მისი ფოლოვერების რიცხვი ამ ქაჯური გამოხტომის მერე გაორმაგდებოდა? მაშინ იმასაც მიხვდებოდით, რომ გალამ ამ შემთხვევაში თავისი გაიტანა და საყვედური არა მეთქმოდა რა. საყვედური კი არა, პოლიტიკურად იმდენად წყნარი კვირა იყო, რომ ჩემი ტროლები მთქნარებით კვდებოდნენ და ამ ფოტოებმა ისე აღაგზნო სულ ყველა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), რომ ჩემგან მწვანე ანთებულებმა ისეთი სტატუსების და კომენტარების წერა დაიწყეს, გალა ლამის ანათემაზე გადასცეს.
აქეთ ბუსებრი მწერალი მეურჩებოდა, იქით გალა მეტუტუცებოდა და დამკვეთებმა კი როგორც იქნა წაიკითხეს ჩემი რეპორტი “არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის და მისი გამარჯვებით მიღებული ბენეფიტების შესახებ” და ცივი უარით გამისტუმრეს.
5
მომგვარებლებს ყველაზე მეტად გადაადგილებები გვეზიზღება. ბატონი თუ იცვლება ან რამე მსგავსი, კიდე ხო, რაღაცნაირი ჩელენჯია და რისი მომგვარებელი ხარ, თუ ახალ ბატონთან ვერ მოგვარდი, მაგრამ ეგ ძირითადად დეკადაში ერთხელ ხდება და აი, ტყუილ, თითიდან გამოწოვილ ცვლილებებზე კი მართლა გული მერევა.
ისევ ახალი მოურავი მოიყვანეს, თან მანცდამაინც ზედ არჩევნების წინ, ეტყობა ძველმა ზედმეტი იცოდა ან ზედმეტი ამბიცია გაუჩნდა, ან ზედმეტი მოუვიდა. პრინციპში ძველიც მკიდია და ახალიც, მაგრამ ძველთან არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის გეგმა გაპრავებული მქონდა და ამ ახალმა ჯერ ხო ჩემი უსაფრთხო მომავლისთვის ესრერიგად საჭირო იდეა დამიბლოკა და ეხლა ტვინი უნდა წამიღოს იდიოტური კაპრიზებით – “მე ეს ესე არ მინდა, ესე მინდა!” და მსგავსი ტუტუცობებით. ისე რომ გაუკეთებ, როგორც თვითონ უნდა და რომ მიხვდება, რომ ისევ ისე ჯობდა როგორც აქამდე იყო, გეტყვის, ეს რა სისულელეა, მოდი ახალი რაღაც მოვიფიქრე და ისე გავაკეთოთო, და შემოგთავაზებს ზუსტად იმ იდეას, რომლითაც ამდენი წელი ლაღად მუშაობდი, მაგრამ ახლა მისი პირიდან ნათქვამი ისე გაჟღერდება, თითქოს ამ ყველაფერზე ფიქრში მართლა ღამეები ჰქონდეს გათენებული და შენც ისე უნდა გაუღიმო, თითქოს იდეა მართლა მას ეკუთვნოდეს და უნდა დაიჯერო, იმიტომ კი არა რომ დებილი ხარ, იმიტომ რომ თვითონ არის იმბეცილი და თუ აჩვენებ, რომ მოტყუვდი, ისიც დაიჯერებს, რომ მართალია და “მართალ” კაცთან მუშაობა კი ბევრად ადვილია, ვიდრე იმასთან, ვისაც ეჭვები სჭამს, რომ რაღაცით სჯობიხარ და მასზე მეტი იცი!
ახალ ბატონთან მომგვარებლად მუშაობის შვიდი წლის თავზე, ოთხი მოურავი გამოვიცვალე და ზემოთ ნათქვამ უაზრო ნაბიჯებში დროის ხარჯვა ძალიან მეზარებოდა. ამიტომ მოურავის კაბინეტში წყნარად ვიჯექი, წყნარად ვუსმენდი მის ყვირილს, გინებას და მუქარებს, რომ ძაან თავზე გავედით, რომ ბატონს ძალიან ძვირი ვუჯდებით, რომ ნელ-ნელა დროა დაგვხურონ, რომ საერთოდაც ჩვენი მუშაობის სტილი უკვე ძალიან მოძველდა, რომ ეხლა დროა ყურადღება ჩვენს გამოწვევებზე, მიღწევებზე და ეგეთებზე გავამახვილოთ, ვიდრე ოპოზიციის შავ პიარზე და მერე რა, რომ ვერცერთ გამოწვევას ვერ გაუმკლავდნენ და მერე რა, რომ არცერთი მიღწევა ან რამე ეგეთი არ აქვთ, მთავარია, რომ თუ რამე მაქვს თავის დასაცავად სათქმელი, სჯობს აქ და ახლა ვთქვა, თორემ მერე შანსი აღარ მექნება.
ერთ რამეს ვიტყვი-მეთქი მხოლოდ.
რასო.
რას და, მე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია ჩემი საჭიროება საქმით დავამტკიცო და მერე ვილაპარაკოთ რამდენად ძვირი ვჯდები და რამდენად დასახურები ვართ-მეთქი.
მემუქრებიო?
როგორ გეკადრებათ, თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით-მეთქი.
ოფისში დავბრუნდი და ჩემს ტროლებს ინდუსი, მაროკოელი, ვენესუელელი და ნებისმიერი ჩვენგან ძალიან შორს მყოფი ქვეყნის მოქალაქე ტროლების გამოჩეკვა დავავალე.
ბიოგრაფიები და დრამატურგიული ნაბიჯები არ გვინდა, პირიქით, ეგრევე უნდა ემჩნეოდეს, რომ ფეიკ ექაუნთია, იჩქარეთ, ასობით ახალი პერსონაჟი მინდა და დრო სამწუხაროდ მხოლოდ ხვალ თორმეტამდე გაქვთ, მაგრამ ამ ღამის თევას არ დაგივიწყებთ, თვის ბოლოს მამალი ბონუსები ჩემზე იყოს-მეთქი.
ეგრე ხო გაგვსტალკავენო – ბუსებრმა პოეტმა.
შენ ის გააკეთე რასაც გეუბნებიან და გაგვსტალკავენ თუ არა, ეგ მე ვიცი-მეთქი. ხელფასი რომ დავაკელი იმ დღის მერე მაგრად მეშპილკავებოდა, თან სადღაც ხვდებოდა, რომ არჩევნების მერე პენსიაზე ვუპირებდი გაშვებას.
მეორე დღეს, თორმეტ საათზე, ახალმა მოურავმა მოსახლეობას ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. პირველის ნახევარზე სამინისტროს პრესსამსახურმა პრესკონფერენციის ვიდეო სოციალურ ქსელში დადო. პირველს რომ ოცდახუთი წუთი აკლდა, ახალგამოჩეკილმა, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ტროლებმა დასცხეს და ჯერ ხო ალაიქეს და ალაიქეს ეს ვიდეო, მერე კი არ დაეზარათ და კომენტარებში ისეთი საქებარი სიტყვები დახარჯეს, ახალ მოურავს გული რომ ჰქონოდა, აუცილებლად აუჩუყდებოდა. პირველს რომ ოცი აკლდა, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში და ინტერნეტგამოცემებში მომუშავე საჭირო ხალხს დავურეკე და აბა, თუ არ გეზარებათ, სოციალურ ქსელში მოურავის გვერდი შეამოწმეთ, ლაიქები და კომენტები საიდან მოდის ნახეთ-მეთქი და აი ესე შუადღის პირველ საათზე, ახალი მოურავის სამოქმედო გეგმის მაგივრად, ყველა საინფორმაციო საშუალება მის ახალ ტროლებზე ლაპარაკობდა. ორის ხუთ წუთზე კი თავად მოურავმაც დარეკა და ბოდიში მომიხადა, გუშინ ცოტა გავცხარდი, მოდი საღამოს შევხვდეთ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, არჩევნები გვაქვს გადასაგორებელი და ერთმანეთის დაჭმა არ გვჭირდებაო.
გეთანხმებით და თქვენც დამეთანხმეთ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის იდეას უნდა დათანხმებულიყავით-მეთქი.
გეთანხმები და თანახმა ვარ, მიხედე მაგ საქმესო.
ხოდა ეგრე-მეთქი. ეს რო გათიშა, მერე ჩემთვის დავაყოლე, არ მიყვარს მიჩმორებულის ჩაჩექმვა, იმიტო კი არა რო მორალი არ მიშვებს, უბრალოდ ჩაჩექმილი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, მომგვარებლებს კიდე ეგეთი ხალხი მეგობრებად გვიყვარს და არა მტრებად.
ორი სიტყვით “არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის და მისი გამარჯვებით მიღებული ბენეფიტების შესახებაც” უნდა ვთქვა. ორიგინალი რეპორტი სადღაც ას გვერდამდე იქნება, დიაგრამებით, ჩარტებით, ფოტო-ვიდეო მასალით და სხვა თვალსაჩინო თვალთმაქცობებით გაფორმებული, მაგრამ ეგრე არ დაგღლით და ორ სიტყვაში მოგიყვებით რას და რატომ ვგულისხმობდი.
არსებობს პოპულარული და არაპოპულარული კანონები და, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში პოპულარული კანონები ქვეყნისთვის საზიანოა და არაპოპულარული კი პირიქით. მაგალითად, კანონი დისკრიმინაციის შესახებ საჭიროა, მაგრამ რეზონანსული, რეზონანსულია და პარტიისთვის საზიანოა, საზიანოა და პარტია ზარალდება, ზარალდება და მირეკავს, რომ გამოსავალი ვიპოვო, მირეკავს და ვპოულობ გამოსავალს, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატი ქვია და აწ და მარადის ყველა არაპოპულარულ კანონს დამოუკიდებელი კანდიდატი გაუკეთებს ინიცირებას და იცხოვრებს პარტია უდარდელად და მე კი სქელი ჯიბეებით.
დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას, რომლის გამარჯვება და მთელი ცხოვრება პარტიაზეა დამოკიდებული, სხვა უზარმაზარი ბენეფიტებიც აქვს, როგორიცაა ევროკავშირის ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სკეპტიკოსებისთვის პირში ბოლოკის ჩაჩრა. ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატს და პარტიას არაფერი აკავშირებთ, მერე რა, რომ მის გასამარჯვებლად უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი და მთავრობის მიერ მიპრესილი ბიზნესის შემოწირული ფული დაიხარჯება, ფურცელზე პარტია სხვაა და დამოუკიდებელი კანდიდატი სხვა.
* * *
გალა მაგრად აგულავა ერთ-ერთმა სასტუროების კომპლექსმა, მთელი საქართველო შემოატარა, თან არაფერს განსაკუთრებულს არ თხოვდნენ, მხოლოდ ჩექ ინს და ალაგ-ალაგ ლამაზი ფოტოების დადებას, გალას კიდე ეგ ორი ისე გაუჯდა სისხლში, რომ სარკის წინ ფოტოს თუ არ იღებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ეწყება.
მოურავთან კაჩაობის მერე ერთი-ორი დღე დასვენება ჩემთვისაც მისწრება იყო და გალას გაუფრთხილებლად დავადექი თავზე. აუზზე იყო და ვიდეოს იღებდა. მას მერე რაც ფიტნესსაც გადაწვდა, ყოველ კვირა დებდა ვლოგს, სადაც ას მეტრზე ცურვაში წინა კვირის შედეგს აუმჯობესებდა, ამჯერადაც ორი წამით აჯობა საკუთარ თავს და ესე თუ გავაგრძელე, სამ თვეში ოლიმპიურ რეკორდს მოვხსნიო.
სამწუხაროდ, სამი თვე აღარ გდაგვრჩა-მეთქი.
დღეში ასჯერ თუ არ გამახსენებ კარგი იქნებაო – ისეთი წყენით მითხრა რომ გული მომიკვდა.
ნომერში ავალ, გამოვიცვლი და მერე ერთ დიდ ბურგერს გააგლახავებდა კაცი, დღეს მგონი კი დავიმსახურეო.
მიდი-მეთქი.
ფეხები აუზში, ტვინი კი ფიქრში ჩავაწე. გალას მიმართ რაღაცნაირ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, თან რომ ვხედავდი როგორი ნიჭიერი, მონდომებული და მიზანდასახული იყო, ქამინგ აუთის მერე გასაფუჭებლად და ისევ ძველ წუმპეში დასაბრუნებლად მენანებოდა. ჩემი კოლეგები მაგრად დამცინებდნენ ეს რომ გაეგოთ, გალა კი არა, ისეთი პოლიტიკოსები აგვიმაღლებია და მერე ისე უცბად დაგვინარცხებია, თან ისეთი ჰარდკორ ვიდეოებით, რომ ჩემი ლონგ რანში გათამაშებული პერფორმანსი იმასთან შედარებით მართლა ბავშური გასართობი იყო. ეს ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ეჭვები თუ სინდისი თუ რაც ქვია, მაინც მაწუხებდა, თან ვერ ვხვდებოდი რატომ, სიმართლე ჩემს მხარეს იყო, გალამ წინასწარ იცოდა რაზე მოდიოდა და რაზე აწერდა ხელს, მაგრამ ერთია იცოდე, რომ რაღაც მომენტში უნდა დაგანარცხონ და მეორე იმ მომენტის მერე რომ ვეღარასდროს აფრინდები.
არსებობს ეგეთი განათლების ცენტრივით რაღაც, მაგისტრატურას და ეგეთებს გიფინანსებენ, თავის სტიპენდიიან ჯიბის ფულიანად-მეთქი.
მერეო?
მერე მანდაც მყავს საჭირო ხალხი-მეთქი.
რო არ ვიცი რა მინდაო.
ეგრე დიპლომით მეც ხელოვნებათმცოდნე ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში რას ისწავლი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ცხოვრებაში რა ცოდნას გამოიყენებ-მეთქი.
ეგეთი ცოდნა ამ ოთხ თვეში ბლომად დავაგროვეო.
ანუ არ გინდა-მეთქი?
მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ცოდნას, თუ ვერ გამოიყენებო? – ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით. მერე ისევ გალამ იპოვე საჭირო სიტყვები –
იცი, რატომ არ ვარ მე ხელოვნების ნიმუშიო?
მეთქი, ეგ სიტყვების წყობა გულს მირევს.
კაი, იცი რატო არ ვარ არტიო?
რატო-მეთქი.
შენ ხო ამბობ რომ არტს დრო, კონტექსტი და სივრცე ჭირდებაო?
ჩემი მეგობრები უფრო, მაგრამ მგონი, მეც მაგ აზრზე ვარ-მეთქი.
ხოდა, აი დრო და კონტექსტი გასაგებია და სივრცეში იჭედებიო.
მეთქი, ვერ გავიგე.
ანუ აი სად იწყება ჩემში არტი და სად მთავრდება? ქამინგ აუთს რომ გავაკეთებ, მაგ დროს ვარ არტი თუ მაგ დროს ხდება არტი, ვინც ბოლო ექვსი თვე იცხოვრა, თუ მაგის მერე ვინც დარჩება ის იქნება არტიო – დავიბენი.
აი ტილო, ფუნჯი და საღებავი ავიღოთო.
მეთქი, მაიტა.
ეგ სამი ცალ-ცალკე ხო არაფერი არაა, სანამ ნახატი არ დაიხატება, ხოდა, ნახატი რომ დაიხატება, თუ მხატვარმა თქვა, ეს ნახატი არ არის არტიო და გადახია, რა გამოდის, სანამ ხევდა იქამდე იყო არტი თუ რაც დახია ისიც არტიაო?
ჩვენ შემთხვევაში სანამ არ დახევს, იქამდე არტი ვერ გახდება-მეთქი.
ხოდა ეგ ტილო მუზეუმში უნდა დაიკიდოს, ჰა და ჰა კერძო კოლექციაში, მე კიდე გადახეულმა უნდა გავაგრძელო ცხოვრება და მოდი ამიხსენი, ქამინგ აუთის მერეც შენი არტი ვარ თუ ჩემი ახალი მეო
გალა პირდაპირ მითხარი რა გინდა-მეთქი.
თუ გინდა, რომ სანაძლეო მოიგო, ჩემი ქამინგ აუთი არ არის საჭირო, პირიქით, იმად უნდა გავაგრძელო ცხოვრება, რათაც შემქმენი და ეგ იქნება მართლა ორიგინალური და მართლა პირველი ადამიანი იქნები, ვინც ცოცხალი არსებისგან ხელოვნების ნიმუში შექმნაო.
არტი-მეთქი.
არტიო.
არტი, რომელსაც ვერავინ გაიგებს რომ არტია-მეთქი.
შენ ჩამოყალიბდი რა გინდა, არტი, სანაძლეოს მოგება თუ საზოგადოებისთვის დაცინვაო.
სამივე-მეთქი.
სამივე არ გამოვაო – ისეთი ბოროტი სახით და ხმით თქვა ეს წინადადება, რომ მივხვდი, აწ და მარადის, ნებისმიერ ადამიანს გადაუვლიდა, ვინც კი ოდესმე გზაზე გადაუდგებოდა, ნებისმიერს, ოღონდ მე არა, მე ვერა, რაღაცნაირ პასიურ ბულინგში მყავდა, აი სკოლის ასაკში რომ გჩაგრავენ და მერე რომ აღმოაჩენ, რომ მთების გადადგმა შეგიძლია და რომ დგამ ამ მთებს ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ და მერე, წლების მერე, დიღმის გზაზე ჩამწკრივებულ რესტორნებიდან ერთ-ერთში, სკოლის დამთავრების ათი ან თხუთმეტი წლის აღსანიშნავ იუბილეზე, პარალელურ კლასელს და მამაძაღლ მჩაგვრელს რომ ხვდები და მის წინ რომ მაინც იგივე ჩმორი ხარ, რაც სკოლაში იყავი, რაღაც ეგეთი ჭირდა გალას ჩემ მიმართ. ან ჩემი პირადი გამოცდილება მატყუებდა, ან არ ვიცი, მოკლედ, ამხელა წლობით დამალული ბულინგის ქამინგ აუთი დავდე და თქვენ კიდე მაინც გალას ამბებში მიძვრებით…
მოკლედ, ეგ არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ იმავე ღამეს სასტუმროს ოთახში, საწოლზე წოლად რომ ვიდე და თი ელ სი-ზე დოქტორ ნაზარდენის, მსუქანი… მაპატიეთ, ჭარბწონიანი პაციენტების დრამებით რომ ვლაღობდი და მინიბარის, მინიალკოჰოლურ სასმელებს რომ ტორნადოს ძალით ვნთქავდი, გალამ მომიკაკუნა და რაღაი მომიკაკუნა, გავუღე და რაღაი გავუღე შემოვიდა და რაღაი შემოვიდა, ისეთ უცნაური მიხრა-მოხრა და ტყლარწვა დამიწყო, მივხვდი, რაღაც არაპროგნოზირებადის გაკეთება უნდოდა და არაპროგნოზირებადი კიდე ცხოვრებაში ამინდი მეზარება და ქალი ხომ მითუმეტეს, და გალამ რომ სასტუმროს დაბრენდილი, თეთრი ხალათი გაიხადა, ჩემს ტვინში ალკოჰოლმა კი არ დაიწყო ჭექა და უშნო სისხლის მიმოქცევამ კი არ ამაფორიაქა, არა, პირიქით, მოქანდაკის პრაგმატი თვალი ჩამერთო და კარგად შევათვალიერე ჩემი სკულპტურა და შევაფასე ჩემი ინვესტიცია და თქმად კი ერთი სიტყვა ვთქვი:
ჩაიცვი!
და ჩაწყდა რაღაც ძალიან დიდი გალას შიგნით და გაქვავდა რაღაც მძლავრი გალას სახეზე და იმხელა ენერგია გაჩერდა მის ძარღვებში, რომ წამით მართლა ქანდაკებას დაემსგავსა და სხვა ათი და ათასი თუ მის ადგილას გატრიალდებოდა და წავიდოდა და ტირილად დაემხობოდა საკუთარ ბალიშზე და ანდაც რაიმე სხვა დარდის გამქარვებელს იპოვიდა, გალამ ასკეტური სიზუსტით შეასრულა ჩემი თხოვნა თუ მოთხოვნა და მოიცვა ხალათი და მივიდა მინიბართან და გამოიღო იგივე სასმელი, რასაც რომ მე ვსვამდი და ბოთლი ბოთლს მომიჭახუნა და გაგიმარჯოსო, მითხრა.
და ნებისმიერი სიტყვა ან სიტყვათა წყობა, ან წინადადება, ან ბოდიში, ან მაპატიე ან რაც არ უნდა ამოსულიყო ჩემი პირიდან, უფრო მეტად დაამძიმებდა სიტუციას და ამიტომ დუმილში ჩავეწე და გალამ ჩაცალა ბოთლი და დადგა მაგიდაზე და გავიდა ოთახიდან, და ალბათ ჩემი ზეგავლენის სფეროდანაც.
6
რამდენიმეწლიანი ლოდინის, რემონტის და რესტავრაციის შემდეგ როგორც იქნა ოპერისა და ბალეტის თეატრი ისევ დაუბრუნდა მაყურებელს, და დაუბრუნდა როგორც ყოველთვის აბესალომთან და ეთერთან ერთად, და ქალაქში თუ ვინმეს რამე ბეწვის ქურქის მაგვარი რამ ჰქონდა, იმ საკრალურ საღამოს ყველა ოპერაში იყო და იქ იყვნენ საბჭოთა ინტელიგენციის სამუზეუმო ექსპონანტები, მინისტრები, პარლამენტარები, მღვდლები, ეპისკოპოსები, ჟურნალისტები და ალაგ-ალაგ იყვნენ ისეთებიც, ვისაც საჭირო ხალხის წყალობით როგორღაც დაეთრიათ ოქროს ასოებით მოჩუქურთმებული მოსაწვევი, მაგრამ ეგეთი ხალხი სათვალვში არ ჩავაგდოთ, ეგენი ხომ მესამე და, ჰა და ჰა მეორე იარუსზე ისხდნენ, და პარტერში, ამფითეატრში და ჯანდაბას, ბენუარის ლოჟებში მყოფი ხალხისგან განსხვავებით ვერანაირ ამინდს ვერ ქმნიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეგ კი არა, ამ ამინდის შემქმნელებს ეგება და ფონის შესავსებად დაქირავებული ხალხიც კი ეგონათ, აი ისეთი ხალხი, აქციების, მანიფესტაციების და საჯარო გამოსვლების დროს რომ ვქირაობთ ხოლმე.
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ვოლდემორივით მოიქნია დირიჟორმა ჯოხი და ალოჰამორა, განიხვნა ფალიაშვილის მუსიკის კარი და შეწყდა გადალაპარაკებ-გადმოლაპარაკებები დარბაზში და ამ ყველაფერს ჩვენს ამბავთან წესით, არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა, ბედის უკუღმართობით ისე რომ არ მომხდარიყო, რომ ჩვენი ბუსებრი პოეტი, ჩვენს მამა-მარჩენალთან, ბატონ-პატრონთან და მთავარ დამკვეთთან ერთად რომ არ აღმოჩენილიყო ამფითეატრში და თან ზუსტად ორი რიგით უკან და მერე კი ანტრაქტის დროს ნაგლად რომ არ მიეჭრა მასთან და ისეთები არ ელაპარაკა, როგორებიც ილაპარაკა და ილაპარაკა თურმე ზომიერად და ამ ზომიერ ლაპარაკში, მლანძღა უზომოდ და მთათხა და მოყვა ყველაფერი, რაც ბატონის ახალ მოურავს დავმართე და მერე კი თურმე ისეთი კითხვებიც დაუსვამს, როგორი კითხვებიც ეგება და მთელი ეს დრო თქვენც გაწუხებდათ, მაგრამ თქმას კი ვერა ბედავდით და კითხვები კი იყო ესეთი – მომგვარებლები რომ ყველას უგვარებენ, თითონ მომგვარებლებს ვინ უგვარებსო?!
სანდო წყარომ მითხრა, ბატონს ამაზე ჩასცინებია, მაგრამ ეგ ღიმილი მაშინ გაუქრა სახიდან, როდესაც ბუსებრმა პოეტმა და დრამატურგმა, შენზე სთქვა, მაგან უკვე ძალიან ბევრი იცის, უმართავი გახდა და თავი მართლა დემიურგი ჰგონიაო.
დემიურგის მნიშვნელობა ბატონს ხეირიანად არა სცოდნია, მაგრამ რაღაცნაირად მუქარის შემცვლელი სიტყვა რომ იყო, მაგდენს კი მიხვდა და ცოდვა გამხელილ სჯობია, ძველ ბერძნულ სიტყვებში მეც კაი სუსტი ვიყავი, მაგრამ ჩემმა კოლეგებმაც რომ მიხსენეს “დემიურგი” მუქარანარევ დიალოგში, მერე დავგუგლე და გავარკვიე რაც ყოფილა და მერე მივხვდი, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ჩემი მოშორება და ეხლა ეს ამ სიგრძე წინადადება როგორმე რომ შევკრათ და თან როგორმე თქვენს კითხვასაც რომ ვუპასუხოთ, გეტყვით, რომ ეგეთი პროფესია, მომგვარებლების მომგვარებელი არ არსებობს. მომგვარებლებს ისევ მომგვარებლები უგვარებენ და დემიურგზე ლაპარაკის დროს ჩემმა კოლეგებმა ისიც ახსენეს, რომ აწი მეც მოგვარებული მქონდა და ტროლების ფერმა აღარ იყო ჩემი საქმე და კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები ხომ მითუმეტეს და აწი მე გადავდიოდი ერთ-ერთ მარეგულირებელ უწყებაში სამუშაოდ, რაც იმას ნიშნავდა, რომ გავდიოდი იძულებით პენსიაზე, მართალია ღირსეული, თვეში რამდენიმე ათასიანი პენსია და თავზე საყრელი დრო მექნებოდა, მაგრამ ასევე მექნებოდა მუდმივი შიშის განცდა, რომელიც ყველა იმ ადამიანს აფორიაქებს, რომელმაც ზედმეტი იცის და საჭირო კი აღარ არის.
ამ შიშებს როგორმე გავუმკლავდებოდი, მაგრამ ჩემს აწ უკვე ყოფილ კოლეგებს შეშინებასთან ერთად ჩემი ბოლომდე გაფარჩაკება და დამცირებაც ჰქონდათ გადაწყვეტილი და სანამ ლეპტოპიდან, ტელეფონიდან, გარე ვინჩესტერებიდან და ქლაუდ სერვერებიდან, პენსიონერი კაცისთვის თავის გადასარჩენად საჭირო ყველა ხელჩასაჭიდ ინფორმაციას მინადგურებდნენ, მინადგურებდნენ თვითშეფასებასაც და მეუბნებოდნენ –
ჩვენს სანაძლეოს რაც შეეხება, ეგ ამბავიც დამთავრებულია.
რას ნიშნავს-მეთქი.
რას ნიშნავს და, გილოცავ, მოიგე, მაგრამ ქამინგ აუთზე, გალასთან ერთად მუშაობაზე და ეგეთებზე აღარ იოცნებო, ძალიან გვიხარია რომ საქმის ყველაზე რთული ნაწილი შენ შეასრულე და ესეთი გადასარევი პერსონაჟი დაგვახვედრე და დანარჩენს აწი ჩვენ მივხედავთო.
მეთქი, რა დანარჩენს?
ოო, მაგას მალე გაიგებო.
ფილეას ფოგის ნიძლავი ხო არ დაგავიწყდათ-მეთქი.
ჩვენ არ დაგვვიწყებია, მაგრამ შენ ისეთ დღეში ხარ, ეხლა მაგაზე არ უნდა ფიქრობდეო.
ჩასაბარებელი უნდა ჩაბარდეს-მეთქი.
ძველი მეგობრობის ხათრით, ჯანდაბას შენი თავი, მარეგულირებელში რომ გადახვალ, პრემიის სახით ჩაგერიცხება ეგ ფულიო.
ხოდა, ეგრე-მეთქი.
ხოდა, ეგრე კი არა, თავი ჩახარე და ეს ბოლო წლები რაც იცხოვრე, დაივიწყე, ვაიდა ისე არ მოხდეს, რომ პირიქით აქეთ შენ დაგივიწყოს ყველამო.
* * *
აი ესე, მომგვარებლიდან დამრეგულირებლად ჩამომაქვეითეს. ცოტა ხანი მაკვირდებოდნენ, ხო კარგად ვიქცეოდი, ზედმეტს ხო არ ვტლიკინებდი ან რამე უფრო მაიმუნური გეგმები ხომ არ მქონდა ტვინში და სადღაც ორ კვირაში, ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისთან რომ ვერ შემამჩნიეს და ვერც ჩემს სატელეფონო ზარებში და მეილებში რომ ვერ იპოვეს რაიმე საეჭვო, თავი დამანებეს, თან ალბათ ჩემთვის აღარც ეცალათ, წინა საარჩევნო ისტერიკები დღე-დღეზე იწყებოდა და პარტიული თუ მაჟორიტარული სიით წარსადგენი ოღრაშებისგან, სუპერ მოკლე დროში, როგორმე პოლიტიკოსთან მიმსგავსებული პერსონაჟები უნდა გამოეთალათ.
მარეგულირებლებს, რომლებიც ძირითადად გადამდგარი პოლიტიკოსები, ქალაქის ყოფილი მერები, სისტემისგან ხელშეწმენდილი პოლიციის მაღალჩინოსნები ან ბატონისგან რაღაცით ათვალწუნებული და ჯერ რომ ვერ მოუფიქრეს რა უქნან, მაგრამ ცოტა ხნით რომ უნდა მოაკეტინონ, ისეთი ტიპები იყვნენ, ერთი ოქროს წესი ჰქონდათ, პოლიტიკაზე არც ფიქრობდნენ და არც ლაპარაკობდნენ, აი ძალიან ზემოთ ნახსენებ სუს-ის მაღალჩინოსანს, რომლის მარეგულირებლად ჩამოქვეითება ჩემი უშუალო ჩართულობით მოხდა, სახლიდან ფლეისთეიშენი ჰქონდა მოტანილი და მთელი დღე საფეხბურთო ჩემპიონატებს ვატარებდით.
სუს-იდან დაქვეითებული თავიდან ყოველ ჯერზე მიბღვერდა და მის მიმართ ჩემი დანაშაულის შესახსენებლად განზრახ მაძლევდა გაფუჭებულ ჯოისტიკს, მაგრამ მერე მერვედფინალური მატჩის თხუთმეტწუთიანი შესვენებაზე, ირიბად გადავუკარი, რომ მის ცოდვებზე მეც ბევრი მსმენოდა და შეიძლება ერთი ისეთი ამბავიც კი გამეხსენებინა, რომლის გამოც, აი იქვე, გვერდით ოთახში მჯდომი მარნეულის ყოფლილი მერი, ამ ღვთისგან დავიწყებულ ადგილას აღმოჩნდა და ტვინი რომ დამეძაბა, იმ დიალოგსაც სულ დაწვრილებით გავიხსენებდი, თუ როგორ უპირებდა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს და ამჟამად ფეხბურთში მის იდეალურ მეწყვილეს დაჭერას და ნასუსარმა გაიღიმა და თქვა –
აქაო ყველა ეგეთი ცოდვილი ვართ, შენ რო მე დამაქვეითე და მე რო მარნეულის მერი, მარნეულის მერმა თავის მხრივ აი, ეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი გააფუჭა, მიწის მოხვნა-დათესვის სუბსიდიების შეჭმის ისეთი უტყუარი ფაქტები დამიდო, მეტი რომ არ შეიძლებოდაო და ამ ჩემის კარგის მინისტრმა ციხეს მხოლოდ იმით დააღწია თავი, რომა, სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორთან მეგობრობს და ეგ დირექტორი კიდე რატომღაც ბატონს ნამეტანი გულში ჰყავს ჩავარდნილი და ისეთი ფართო კალთის ქვეშ მოიქცია, რომ მაგ კალთის ნაკუწები, ამ ნამისტრალისნაირ წვრილფეხობასაც სწვდება და… ისე, მაგ ჩემისამ, რანაირი სისტემა შექმნა, კა გე ბე-ს შეშურდებოდა ჩემმა მზემო.
ეს არის ახალი, ოცდამეერთე საუკუნის კა გე ბე-მეთქი.
და ეეეჰ, ზედმეტები მოგვდის, ვინმემ არ გაგვიგოს, ჩვენ ხარჯზე ისევ არ დაწინაურდესო და ამის თქმაზე ორივეს გაგვეცინა და გადავბჟირდით და თუ თქვენ დიდად ვერ ილაღეთ ამ ხუმრობაზე, აქვე პატარა ახსნა-განმარტებას მოვაყოლებ და გეტყვით, რომ მარეგულირებელი ისეთი ფსკერია, მაგის მერე ჰა და ჰა, დაცვის პოლიციელად დაგაქვეითონ. ზემოთ ყველა გზა მოჭრილია და აი ეგ მოჭრილი გზები იყო ჩვენი ისტერიკული და შიშნარევი სიცილის მიზეზი და გავუწოდე ჩემი მარჯვენა და შენდობა ვთხოვე და ჩამომართვა ხელი მძლავრად და ერთ ნავში ვართ, რაც მოხდა, მოხდაო, მითხრა და მას მერე შევკარით ისეთი ძლიერი საფეხბურთო დუეტი, რომ სულ მალე უწყებათა შორის სამგზის ჩემპიონები, საუკეთესო ბომბარდირები და რეალური ცხოვრებიდან სრულიად მოწყვეტილი ტიპები გავხდით. მაგრამ რა სისწრაფითაც ცდილობ, რომ რეალობას გაექცე, იგივე და შეიძლება უფრო სწრაფი და ჰუსეინ ბოლტის ტემპით მოგსდევს ცხოვრება და სანამ უკან არ იყურები, გგონია რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჰუსეინ ბოლტი სწრაფია მამაძაღლი, და დგება ის დღე, როდესაც რეალობა წინ გადაგეღობება და წინ გადაგეღობება ქალაქის კედლებზე ხატებად გაკრული პოლიტიკოსთა პლაკატების სახით და გადაგეღობება ისე სახტად, რომ ამ პოლიტიკოსთა პლაკატებს შორის გალას სახეს დალანდავ… გალას სახეს… პოლიტიკოსთა პლაკატებს შორის… გალას სახეს… გალას, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატის სახეს… პოლიტიკოსთა პლაკატებს შორის… გალას… სახეს… პოლიტიკოსთა პლაკატებს შორის…
7
გალა ჩემი პროექტია, ჩემი ინტელექტუალური საკუთრება, ჩემი “საყდრისი”, გალა დაცულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით და ერთი ისეთი ვიდეოთი, რომელიც რომ სულ ბოლომდე წერტილს დაუსვამს როგორც მის, ასევე ჩემი ყოფილი კოლეგების კარიერას და ბატონის დამხობას თუ ვერა, ყვერებზე მძლავრად მოქაჩვას მაინც მოახერხებს და დამეთანხმებით, რომ საყრდენგამოცლილი, დალურჯებულყვერებიანი შოგანი დიდი ვერაფერი ტირანია და ეგეთები ეგებ მართლა არჩევნებითაც კი გადააგდოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, დემოკრატიის ჯერ კიდევ რომ სჯერა და ვერა და ვერ მიმხვდარა, რომ ავტოკრატია არჩევნებით არ მიდის… არა!
ავტოკრატია ორ მარტივ პრინციპზე დგას – შიშზე და შანტაჟზე და იმდენად, რამდენადაც ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავის ეშინია – აშინებ იმით, რომ იცნობ, იცნობ ისეთს, როგორიც იყო, იცნობ ისეთს, როგორიც არის, როგორიც სხვამ არ იცის და აი ახლანდელი ბატონის შემთხვევაში კი ავტოკრატიულ მმართველობას მიჯირყვნის კიდევ ერთი ინსტრუმენტი დაემატა, მსხვერპლს ფულს აძლევ, აძლევ უხვად და ოღონდ კი ვალად, და აძლევ შენი ბანკიდან და აძლევ იმ პირობით, რომ, ამ ნასესხებ ფულს წინასაარჩევნოდ თავის კანდიდატურის გასაპიარებლად დახარჯავს და დახარჯავს ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილს მოახმარს პარტიას და მოახმარს ბატონს და მოაწერს უმაღლეს საპროცენტო განაკვეთს ხელს, ისეთ უმაღლესს, რომელსაც რომ სესხის ძირი ჩინოვნიკობის ოთხწლიან პერიოდში ვერა და ვერ დაეფარება და ამიტომ უწევს ჩინოვნიკს, რომ სკამს, მეორე და ეგებ მესამე ვადითაც ჩაებღაუჭოს და ამიტომ ეშინია ჩინოვნიკს ბატონის და თან იცის ჩინოვნიკმა, რომ ბატონს მასზედ, იმაზე მეტი კომპრომატი, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა აქვს, ვიდრე ერთი რიგითი მონის გაფუჭებას სჭირდება და ეგებ ისიც იცის ჩინოვნიკმა, რომ სავარძელში ჯდომის დროს ერთი-ორჯერ ქრთამიც აქვს აღებული და ალბათ იმასაც ხვდება, რომ ამ ქვეყანაში ქრთამს მხოლოდ ბატონისგან მოგზავნილი ხალხი გთავაზობს და ალბათ სადღაც იმასაც იაზრებს, რომ ქრთამი საციხო საქმეა და უფრო მეტად საციხოა გაყალბებული და ცოლოურების სახელზე გაფორმებული კომპანიებისთვის მიცემული ტენდერები, მაგრამ რა ჰქნას ჩინოვნიკმა, უძიროა ჩინოვნიკის მუცელი და თან ბანკის ვალი აქვს დასაფარი და იქნებ ისეთი ჩინოვნიკებიც კი არსებობენ, ბატონთან დაახლოების დღეს და საათს რომ სწყევლიან და აბაზანაში წყლის ჭავლის ქვეშ რომ ჩუმად დგანან და კვნესით სტირიან და რომ არ აქვთ გასაქცევი არსად და რომ არიან შიშად და ძრწოლად ქცეულნი ბატონის წინაშე და სადღაც თეორიულ მომავალში, რონინად დარჩენილებს, სამ ციხეში ჯდომა ურჩევნიათ, ვიდრე აქ და ახლა ბატონის ყვირილის მოსმენა და ბრიალა თვალების წინ ერთი-ერთზე დგომა.
აი ეგ განსხვავებაა რა გინდა რა მაღალ ჩინოსან ჩინოვნიკსა და რიგით, აწ უკვე გადამდგარ მომგვარებელს შორის. იმდენად, რამდენადაც თამაშის წესები მომგვარებლის მოგონილია, მომგვარებელი სუფთაა, თხემით ტერფამდე და მომგვარებელს არ ეშინია, არც წარსულის და არც აწმყოსი, ერთადერთი უცაბედი და ყოვლად მოულოდნელი სიკვდილის შიში აქვს მომგვარებელს, ეშინია ძილის წინ გაზქურა არ დარჩეს ჩართული, ანდაც მის მანქანას მოლიპულ გზაზე მუხრუჭებმა არ უმტყუნოს, ანდაც შემთხვევით რამე მაიმუნური ნარკოტიკი არ ჩაუდონ ჯიბეში და ისეთების გვერდით არ გამომაწყვდიონ ციხეში, ვის დაჭერაშიც დიდი თუ არა პატარა და მნიშვნელოვანი წვლილი მაინც მიუძღვის.
და მიუხედავად იმისა, რომ მომგვარებელი, თუ გინდ ყოფილი, ამ ყველაფერს მშვენივრად იაზრებს და ხვდება, რა ვიწრო ბეწვის ხიდზე იდგა მთელი ცხოვრება და როგორ ნელ-ნელა უთხელდება ძაფი ფეხქვეშ, მაინც კარგავს სიფხიზლეს და საღი განსჯის უნარს. რამეთუ, მარეგულირებელი ეგეთი ადგილია, სადაც რომ დუნდები, დუნდები ისე როგორც ახალგაზრდა მამრები დუნდებიან დაოჯახების პირველ თვეებში და თუ ამათ, მამრებს, მოდუნებისგან მხოლოდ წონა და თეძოში ქონი ემატებათ, ყოფილ მომგვარებელს პირიქით, ბევრი რამ აკლდება და აკლდება უპირველეს ყოვლისა ჭადრაკული აზროვნების უნარი და ზმორებად ქცეული, პირველ, მეორე, მესამე და ეგებ მეხუთე სვლასაც კარგად ალაგებს, მაგრამ აი ქიშამდე და მითუმეტეს შამათამდე მისვლა უჭირს.
და პირველი სვლა და პირველი შეცდომა, არასწორი ადამიანის ნდობა იყო… არა, პირველი შეცდომა ზოგადად ვინმესთვის ნდობის გახსნა იყო და მეორე შეცდომა იყო, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ფეხბურთში იდეალური პარტნიორის, მაგრამ ჩახლართულ გეგმებში, ნამეტანი ზედაპირული ადამიანის საქმეში გაყვანა.
მესამე შეცდომა ყველაზე ფრაერული და ოროსნული იყო, რაღაც ისეთი კვანძი ჩავხლართე, რომლის გახსნის ინსტრუქცია მე თვითონაც არ ვიცოდი და ლოგიკურია, რომ არ ვიცოდი, ამ ხლართის გამოფსკვნის შემდეგ რამდენად მოგებული დავრჩებოდი და არც ის ვიცოდი, რომ არიან ისეთები ვიღაცეებიც, ვინც კვანძებს კი არ ხსნიან, არამედ ბასრი დანებით და კატენებით სულ ნაკუწ-ნაკუწ აქუცმაცებენ, როგორც სუ-შეფები აქუცმაცებენ ქორიანდერს..
მეოთხე შეცდომა ბოლომდე შეცდომა არ იყო, მეტიც, შეიძლება ვინმე წესიერ ადამიანს, ჩემი მხრიდან ნამეტანი პატრიოტულ ნაბიჯადაც კი აღექვა, მაგრამ რამდენადაც პატრიოტიზმზე მეტად, მერკანტილური და პრაქტიკული მიზნები მამოძრავებდა, მაინც შეცდომად მეთვლება და შეცდომად მეთვლება თუ გინდ იმ მორალური გადმოსახედიდან, რომელი მორალითაც მართალია არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ამ ჩვენი ჩახლართული ამბის დასრულებისთანავე ნამეტანი შემაწუხებს და ეგებ მცირე დეპრესია, სეროტონინის დაგდება და ისეთი უცნაური წამლების მიღებაც კი დამაწყებინოს, რომლის სახელებიც შემინდეთ და, არ მახსოვს, და ჩანთა კი, რომელშიც წამლის რეცეპტებს ვინახავ ეხლა ცოტა მოშორებით მიდევს და წვდად და მიწვდენად არ ღირს, როგორც არ ღირს მომავალში მოსახდენ ამბებზე დროის დახარჯვა და წუწუნი ჩემი მხრიდან და სამაგიეროდ ღირს იმის თქმა, რომ როდესაც მე აბლაბუდების ქსელებს ვთრთვილავდი, ქალაქის მთლად ცენტრალურ მოედანზე ისევ პერმანენტული აქციები იყო და დიდად თუ არ ვიცოდი რას და რატომ აპროტესტებნენ, სამაგიეროდ ვიცოდი ვინ იყვნენ ამა აქციების ორგანიზატორები და მათ შესახებ ისეთებიც ვიცოდი, დიდად რომ არ უნდა მცონოდა, და ვიცოდი მათი მიზნები და დარდები და ტკივილებიც კი და ეს ხალხი იყო ნამეტანი უცნაური, ზედმეტად ახალგაზრდა, პარტიით – უპარტიო, მორალით – წესიერი და შეგნებით – მოუსყიდავი და ეს სიმპტომები კი სისტემის პერმანენტულ თავის ტკივილს და ეგრე განსაჯეთ, შაკიკსაც კი იწვევდა და ზუსტად ეგეთი ორთოდოქსი ლიბერალები მჭირდებოდნენ ახლა და ზუსტად ეგეთებს ვჭირდებოდით მე და ჩემი ფეხბურთის პარტნიორი, და ჩვენ ვთავაზობდით, რომ სულ რაღაც რამდენიმე წერილის მიწერ-მოწერით მსოფლიოს მთავარ სოციალურ ქსელს დომინოს ფიგურებივით მიყოლებით და რიგრიგობით დავახურინებდით სამთავრობო ტროლების ფერმას და გამოვამზეურებინებდით ამა ფერმების დამფუძნებლების და დემიურგების სახელებსა და გვარებს და პლუს ამას, სულ რამდენიმე კვირიანი შრომის თავზე ისეთ ბასრ აპლიკაციას ჩავაბარებდით, რომლის კომპიუტერზე დაყენების შემთხვევაში, სოცქსელებში მოხეტიალე მოქალაქე იუზერი სულ ნათლად დაინახავდა ვინ ტროლი იყო და ვინ მასსავით რეალური და მატერიალური არსება და ვისთან ღირდა ხმალდახმალ დუელი და ვისთვის თავის არიდება.
ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გეგონოთ, რომ რომელიმე სამთავრობო ფეისბუქ გვერდის პაროლი ან ადმინის სტატუსი შემარჩინეს, არაფერი მსგავსი, უბრალოდ აი ეგ სამთავრობო გვერდები სულ ჩემი ხელით მაქვს ზოგი გახსნილი, ზოგი ნაყიდი, ზოგი სახელგადარქმეული და ა.შ. სულ ჩემი დაკვეთით გაკეთებული ვირუსებით არის მილიონობით ადამიანი ისეთ უდღეურ ჯგუფებში შეყრილი, როგორიცაა “ტანკლი ტუნკლი ტანკლები”, “ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი” და “ჯორჯიან მამსი”. სულ ჩემი გეგმით და დაკვირვებით იწრთობოდნენ ფეისბუქ ტროლები და ნარჩევ-ნარჩევი პროსახელისუფლებო ავტორები და რა გასაკვირია ოდესღაც წინდახედულ კაცს, ყველა ამ ფეიჯის, ჯგუფის და იუზერის კოდში რომ მცირე რამ ბომბი ჩამედო და ეს ჩადებული ბომბი კი ერთი შეხედვით ისეთი მარტივი, ისეთი ბუნებრივი და არასაშიში იყო რომ ტროლ ფერმების ახალმა დირექტორებმა და ახალმა მომგვარებლებმა ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალეს და ერთ მშვენიერ დილას, ფეისბუქის ადმინისტრაციისგან ასობით წერილი რომ დახვდათ ელ-ფოსტაზე და ამ წერილში სულ წვრილ-წვრილად რომ იყო ახსნილი მათი სოც. ანგარიშების დახურვის მიზეზები და შედეგები, მხოლოდ მერეღა გაიაზრეს, რომ ყველა ამ სამთავრობო გვერდს, ტოპიუზერს და პროსახელისუფლებო ავტორს ერთი რამ აერთიანებდა, ისინი საინფორმაციო სააგენტოებად, პრესის თანამშრომლებად და ზოგადად საღი და თავისუფალი აზრის გამავრცელებლებად იყვნენ დარეგისტრირებული და თუ თქვენ, თქვენი პირადი ექაუნთით ათასი მაიმუნობის და მარაზმის გავრცელება უმტკივნეულოდ შეგიძლიათ, მათზე სულ სხვა წესები და კანონები მოქმედებს და თან მითუმეტეს ეს ტროლები, ჩემი წასვლის შემდეგ, ყველა გაკუებას პოსტავდნენ და ბუსტავდნენ და ასპონსორებდნენ და იმაზე მეტად იქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე, ინსტაგრამის ყოვლად დაუმსახურებელი ინფლუენსერები და ამიტომ აი ესე მარტივად და რიკინ-რიკინით დაიხურა დეზინფორმაციის და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ შავია პიარის კეთების ბრალდებით რამდენიმე ათასი ექაუნთი, რამდენიმე ასეული ფეიჯი და რამდენიმე ათეული ტოპავტორი და ახლა ხომ დააფასებთ ამ ავტორების გვერდით დასმული მიკროფონის სმაილიკის და ლურჯი ვარსკვლავის ძალას და ეხლა ხომ მაინც მიხვდებიან ჩემი ყოფილი დამკვეთები, რომ პროფესიონალებს პანდებით ვერ ჩაანაცვლებ და პანდებს კი პირიქით. ერთნი ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიებზე და, ჯანდაბას ველურ ბუნებაში უნდა იყვნენ, მეორენი კი მომგვარებლის ბზრიალა, ზრიალა და კრიალა სავარძელში.
გეგმის პირველმა ნაწილმა იდეალურად ჩაიარა, სოციალურ ცელს გადარჩენილ ყალბ იუზერებს, გუგლ ქრომის მარტივი ედ ონით და ისეთი მაიმუნი ექსტენშენით ვებრძოდით, რომელიც რომ ტროლების ლუსტრაციას კი ახდენდა, მაგრამ სანაცვლოდ კაი-კაი ღირებული ინფორმაცია გაჰქონდა მთავრობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი მომხმარებლის კომპიუტერიდან და ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ეგ იყო და სწორედ მაგიტომ დავგეგმე ამხელა ფარსი და სწორედ მაგიტომ წავედი ამხელა რისკზე რომ: ა) ჩემი ყოფილი მამა-მარჩენლებისთვის მეჩვენებინა, თუგინდ განულებულსაც კი, რამდენი რამის თავი მაქვს და ბ) ისევ იგივე მამა-მარჩენლებისთვის რაიმე ღირებული მქონოდა შესათავაზებელი… მაგრამ… მაგრამ, ეგრე სწრაფადაც ნუ აიცრუებთ გულს და ნუ გადაწყვეტთ, რომ ბოლომდე არაკაცი და არარაობა ვარ, თუმც არც მაგ ორის გაჭირვება მქონია ოდესმე, მაგრამ… სადღაც პირველ თუ არა მეორე გვერდზე, ეგებ გოეთეს ციტატის ინტერპრეტაციით გაგაფრთხილეთ კიდეც რანაირი ძალის ნაწილი ვარ… მოკლედ, ჩემს რაობას გადავახტეთ და ამბავს ბოლომდე გავყვეთ. ა და ბ პუნქტი ჩემი გეგმის და ჩემი ფარსის ქვე გეგმა და ქვეფარსი იყო, დრამატურგიაში არის ეგეთი ცნება, ხილული და ფარული მოტივაცია ჰქვია და ჩემი თუ არ გჯერათ, ბუსებრ პოეტსა ჰკითხეთ და ის აგიხსნით, როგორ და რანაირად მუშაობს იდეალური პერსონაჟი და მეც როგორც რამე კარგი ფილმიდან გადმოვარდნილ მთავარ გმირს, ხილულ მოტივაციად ძველი სტატუსქვოს აღდგენა მქონდა დასახული და ფარული მოტივაცია კი, აი, ზემოთ ნახსნები შეცდომის ნაწილი და ისეთი წვრილი ძაფი იყო ჩემს ხლართში, რომელიც თუ გაამართლებდა, კაი შორს გამიქნევდა და თუ არადა ისე ცუდად დავამთავრებდი, როგორ ცუდადაც მარეგულირებლიდან კიდევ უფრო ქვემოთ დაქვეითებული ხორცმეტები, ანუ ჩემნაირები ამთავრებენ.
8
ისე, დაკვირვებიხარ, არის მომენტები, როცა სარკეში ვიყურებით და საერთოდ არა ვგავართ საკუთარ თავს, და მერე, ერთი ხელის მოსმით, აჩეჩილ თმებს გავისწორებთ და თითქოს თმასთან ერთად ყველაფერი სწორდება, ლაგდება და თითქოს რაღაი თმა ისე გვაქვს როგორსაც თვალი მიეჩვია, ცხოვრებაც რაღაცნაირ, განსაზღვრულ კალაპოტში ჯდება და ისე ვაგრძელებთ არსებობას, გეგონება დარდს რასმეს და განსაცდელს საერთოდ არასდროს შევუწუხებივართო.
მეთქი, რა ჯადოსნური მომენტი დაგიჭერია ჩემმა მზემ, რამხელა სიბრძნე ჩაგიტევია ერთ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში და სარკეში ერთი ჩახედვით რამხელა ფილოსოფიური დასკვნამდე მისულხარ-მეთქი.
ფილოსოფია არ ვიცი, მარა ამ შენმა პარიკმახერშამ ნამეტანი ამღირჯნა, ესეთ ჩემ თავს ვერ იქნა და ვერ ვგუობო.
მეთქი, დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება ნანეტს იჭრიდი და მაგის ბრალი იქნება-მეთქი.
თმას სულ დედაჩემი მჭრიდა, პირველად უცხო ადამიანმა ჯარში შემკრიჭა და ჯარში ხო ხვდები, როგორც გკრეჭენ, ერთ თარგზე და ერთ სტანდარტზე და მერე, ორი წელი რომ სულ აკვანში გაბრტყელებულ თავებს და ამ თავზე თმის სულ ერთნაირ ფორმებს უყურებ, რაღაც სტაბილურობის განცდა გაქვს და აი მაგ სტაბილურობის შენარჩუნება მინდოდა მთელი ცხოვრება და მაგიტომ ვიჭრიდი, ნანეტს თუ რაც ქვიაო.
მეთქი დღეს ბრძნად ხარ დამდგარი, ჩაინიშნე ეგ ყველაფერი, შენი ცხოვრების დაოს ნუ გაანიავებ-მეთქი.
ეეჰ, დაო რომ გვეხილა, დაო არ იქნებოდა უცვლელი. სახელი რომ გვებოძა, სახელი არ იქნებოდა უცვლელი. ჭეშმარიტად ვინც დაიპყრა ვნებები, იხილა დაო დაფარულისაო – გაკვირვებულმა რომ გადავხედე, გაკვირვებულმა გადმომხედა –
რა იყო, პოლიციელებიც ვკითხულობთ წიგნებსო.
აფერუმ, დიდად გამაკვირვე-მეთქი.
ჯერ სად ხარ, უკეთ რომ გამიცნობ უფრო და უფრო გაკვირვებული დარჩებიო – მითხრა და ხელი მხარზე მომიცაცუნა. არა, არ დამკრა, არც ჩამკრა – მომიცაცუნა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და აი, ისე კი არ მომიცაცუნა ბებიები და ბაბუები რომ გვიცაცუნებენ ხოლმე, ისე მომიცაცუნა, ღამის კლუბებში რომ ჩურებს ვუცაცუნებთ, უფრო ღრმად ჩუცუცუნების იმედით.
მარეგულირებლის შენობის სახურავზე ვისხედით, იმიტო კი არა რო რომანტიკა ან რამე ლამაზი ხედი გვეშლებოდა, უბრალოდ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც წყნარად შეგვეძლო ლაპარაკი და ვლაპარაკობდით და თან რომელიღაც აზიური ფასტ ფუდის ლაფშას ვაგლახავებდით. ხინკალზე გაზრდილ ჩემს მეგობარს ლაფშას საჭმელად განკუთვნილი ორი ჯოხი ისე მოუქნელად ეჭირა ხელში, როგორც ლატვიელ ტურისტებს უჭირავთ ჩანგალზე წამოცმული ხინკალი და ვერ გაუგიათ, კუჭში უნდა უკბიჩონ თუ გვერდში თუ ფერდში, ან კუჭი რომელია ან გვერდი ან ფერდი. ორი წუთი კიდევ იწვალა სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსამა და ერთჯერად პლასტმასის ჩანგალზე გადავიდა.
ჩემებს… ჩემებს, რა ვინც შემომრჩა სისტემაში, იმათ ველაპარაკე და რავი, მაინც რო იცოდე, დღეს მოგვაკითხავენო.
ვინები-მეთქი.
ბატონის ხალხიო.
აუ, ეგ სულ დამავიწყდა-მეთქი.
ნამეტანი მოდუნებული ხარო
მართალი ხარ, მაგაზე ერთი ორი თავით ზემოთ ვისაუბრე-მეთქი. ვერ გაიგო, ნუ როგორ უნდა გაეგო, აბა რა იცოდა რომ იმ მოთხრობის პერსონაჟად გადაიქცეოდა, რომლის ავტორიც მკითხველთან ესეთ, გულზე ხელი დავიდოთ და, კარგად გაცვეთილ და ბანალურ თამაშს დაიწყებდა.
“დამკაწვრელებს” გვიგზავნიან თუ “ჩამფარცხველებს” – მეთქი.
ზუსტად არ ვიციო.
რა მნიშვნელობა აქვს, ორივე ერთმანეთზე უარესია, “ჩამფარცხველებს”, თუ სწორად მახსოვს, ჩემმა კოლეგებმა ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ჩუმად მიყუჩება დააბარეს და ამათმა კიდე ის საცოდავი გააშიშვლეს და რამდენიმე კვირა ნესტიან სარდაფში ყავდათ გამომწყვდეული, და აი ეგ შენი “დამკაწვრელები” კიდე მაგათზე უარესები არიან, გენმოდიფიცირებული ძველი ბიჭები, თუ კაი ბიჭები თუ რასაც ეძახიან თავის თავს-მეთქი.
ისე, აი მაგ “ჩამფარცხველების” ვაჟკაცობამ დამაწინაურა, რომ იცოდეო.
ანუ-მეთქი.
ანუ, ძაან მალე გავხსენი ეგ საქმე და კიდევ უფრო მალე ჩავუგდე საჭირო ხალხს სიტყვა, რომ საჭიროზე მეტი ვიცოდი და ვუთხარი რომ ისიც ვიცოდი, რომ საქმის მასალების როგორც გამომზეურება, ისე დაშრედერება შემეძლო და საჭირო ხალხმა იმ დროინდელ მოურავთან შეთანხმებით, მეორე ვარიანტი აირჩიეს და პაგონზე ერთი ლამაზი ვარსკვლავი და ხელფასზე კი ორი ნული დამიმატეს, მაგრამ რათ გინდა, მერე შენ გამოჩნდი და ყველაფერში ჩამიჯვიო.
მეთქი, რომ ჩაიჯვი, მე მაგის მერე გამოვჩნი, რამდენჯერ უნდა განვიხილოთ ეგ თემა-მეთქი.
ნუ, როგორც იყოო.
მეთქი, ეგრე იყო, ხელებს ნუ მაწმენდ, შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს.
კაი, ბოდიში, არ მინდოდა შენი წყენინება, შევრიგდეთო? – ნეკა თითი გამომიწოდა. ავხარხარდით და როგორ უცბადაც ავხარხარდით, ისე უცბადვე გავჩუმდით და ჩვენ-ჩვენ ფიქრებში ჩავეწეთ. ღამე მამალი შარი გველოდებოდა და სანამ მომგვარებლებთან, ჩემ ალალ მეგობრებთან და ყოფილ კოლეგებთან მიგვიყვანდნენ, იქამდე მაგრად დაგვჟეჟავდნენ და ვინ იცის, ეგებ ხოშიანადაც დავესახიჩრებინეთ, ამიტომ გინდა არ გინდა, ვაბანკზე უნდა წავსულიყავით.
უნდა წავსულიყავით და წავედით კიდეც და ვაბანკიც იყო და ვაბანკიც, შიგ გალას საარჩევნო შტაბში და შიგ მის კაბინეტში და შიგ მის სავარძელში წამოჭიმული დავხვდი მომხდურებს, და ამ ჩემის ვაჟკაცურ საქციელს აზღვევდა ათობით ტელეკამერა და ასობით ჟურნალისტი და თხუთმეტ წუთში გასამართი ბრიფინგი და ჩემ დანახვაზე გალამ გაიღიმა, გაიღიმა გულწრფელად და კეთილად და იმდენად გულწრფელად, რამდენადაც ამ ღიმილს შემდეგ ჩემი საქმეები ძალიან ცუდად უნდა წასულიყო და იმდენად კეთილად, რამდენადაც შეგიძლია იმ კაცს თანაუგრძნო, რომელიც იცი, რომ სიკვდილის გზას ადგას და გალა იყო ძალიან შეცვლილი, იმაზე მეტად შეცვლილი, ვიდრე სტერილური, ნულიდან გალათეამდე ტრანსფორმაციის შემდეგ, და გალა იყო მშვიდი და ამავდროულად დაჭიმული და გალა არ იყო აღარაფერი გარდა მიზნისა და გალა არ იყო არცერთი წამის მეასედით მაინც დაფიქრება, რომ მიზანი არ ღირს საშუალებად და მიზანი საერთოდ არ ღირს არაფრად, თუ ზედაპირზე ბრწყინვალებას და სინამდვილეში კი მონობას გულისხმობს და ვუყურებდი გალას და ვხვდებოდი, რომ სადღაც მის ტვინში ნეირონები ისეთ განტოლებებს ხსნიდნენ და ალაგებდნენ, რომელსაც რომ თითონ უმარტივესად ამოხსნიდა და აი, მომგვარებლებს და თვით ბატონსაც კი ისეთ თავსატეხებს გაუჩენდა, რომ ვერა და ვერ აიღებდნენ მასზე კონტროლს, იმიტომ რომ ოდესღაც გალა სტერილული იყო და გალა იყო ნული და გალა ეხლა აქ იდგა და გალას სხვანაირად არ შეეძლო და არ შეეძლო რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად რიგრიგობით არ გაეწირა ყველა და ყოველი და მივხვდი რომ გალასთან დაწყებულ თამაშს აქ და ახლა კი არ ვაგებდი, არამედ დიდი ხნის წინ, და მასზე, როგორც ქალზე უარის თქმის მომენტში წავაგე და ახლა მხოლოდ საკუთარი თავთან და საკუთარი თავის წინააღმდეგ ვთამაშობდი და მთელ ამ აბსურდს მხოლოდ ერთი მაყურებელი ყავდა და მხოლოდ გალა მიყურებდა, როგორ ვიხლართებოდი საკუთარ გეგმებში და გალა მიყურებდა მშვიდად და ისე მშვიდად, რომ მისი სიმშვიდე გადაედოთ “დამკაწვრელებსაც” და მომგვარებლებსაც და თუ მე და ჩემი სუს-ელი მეგობარი წივილ-კივილს, იარაღების ტრიალს და დამტვრეულ ძვლებს ველოდით, ბატონის ხალხმა მხოლოდ რაციონალური და პოლიტკორექტული წინადადებები შემოგვაგებეს და გვითხრეს, რომ აფასებდნენ იმ ავ საქმეებს, რაც მათ წინააღმდეგ დავატრიალეთ და გვითხრეს, რომ ჩვენს ნიჭსა და ტალანტს პატივსა სცემდნენ და ისიც გვითხრეს რომ აქ და ახლა, ამ წინა საარჩევნო პერიოდში და მის შემდეგ თუ არა, სადღაც ოდესმე, ახლო, ან ძალიან შორ მომავალში, აი ისეთ შორში, სადაც უკვე შვილიშვილები გვყავს და ამ შვილიშვილებთან ერთად ჩვენი სახლის უკანა ეზოში, პამიდვრების ნარგავებს და კვლებს შორის ვთამაშობთ, აი მაშინ მაინც გამოგვასალმებდნენ სიცოცხლეს. და მე ვერ მოვითმინე და ეს მუქარა გავაპროტესტე, ჯერ ერთი რომ განგსტერული ფილმების დიდი მოყვარული გახლავართ და ვერაფრით ვერ ავიტანდი გადფაზერის ესეთი მნიშვნელოვანი სცენის ესეთ ბანალურ ინტერპრეტაციას და მეორეც, საერთოდ არ მინდოდა მთელი ცხოვრება შიშში მეცხოვრა, თან მითუმეტეს მაშინ, როცა ჩემს მიერ დატრიალებული ავი საქმეები, ჩემი და ჩემი სუს-ელი მეგობრის გეგმის მხოლოდ შესავალი იყო და თუ პრელუდია დიდად არ ესიამოვნათ, ეგებ პირველი აქტისთვის ეყურებინათ დიდი რუდუნებით და თანამდებობებზე აღდგენის სანაცვლოდ ჩვენგან წაეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც რომ ტროას ცხენივით შეპარულმა ტროლების ამომცნობა პროგრამამ წამოიღო ყველა მამალი ოპოზიციონერის და თვით ბატონის თავის ტკივილად ქცეული, უპარტიო აქტივისტების კომპიუტერებიდან.
ამის გაგონებაზე ჩემი ყოფილი კოლეგები დიდი დუმილით დადუდმდნენ და ერთ-ერთმა ბოდიშიც მომიხადა, ხომ იცი ეგეთ საქმეებს მარტო ჩვენ ვერ ვწყვეტთ და ამიტომ ჩვენ ერთი-ორი გადარეკვა, შენ კი ცოტა ხანი ლოდინი მოგიწევსო.
9
ჩემს არყოფნაში ყველაფერი თავდაყირა დაუყენებიათ, მამაძაღლი. დამოუკიდებელი კანდიდატის იდეის გარდა კიდევ რამდენიმე მიმართულებით მოიქოქნენ და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვით შეშინებულებმა ახალი, რიგით მეორე სატელიტური პარტიის დაფინანსება დაიწყეს. ძველი სატელიტი თუ თავს წმინდა პატრიოტულ ორგანიზაციად ასაღებდა, ახალი ღიად პრორუსული იდეოლოგიის მიმდევარი და ნაციონალისტურ-შოვინისტურ-ჰომოფობიური იდეებით ზურგგამაგრებული იყო, მათ ლიდერს ხელში ჯვარ-კომბალი ეპყრა, ვითარცა სკიპტრა და ფეხთ აზიაცკები ემოსა და მარჯვენით ეჯდა ბუსებრი პოეტი და დრამატურგი და თუ ოდითგან და აქამდის მშვენივრად იყოფდნენ სატელევიზიო ველს პატრიოტ სატელიტებთან, აწ და მარადის ჩვენი ბუსებრი პოეტის საციალური ქსელის და იუთუბჩენელის მეშვეობით აწვდენდნენ ხმას თავიანთ პოტენციურ ამომრჩევლებს და ეგ კი არა, ეკელესია-ეკლესიაც ქადაგებდნენ თავიანთი მრევლის წინაშე და ისეთ კიტჩებს და კიჩმაჩურებს ჰგავდნენ და ისეთ უთავბოლო რაღაცეებს სჩადიოდნენ, რომ მათი და პატრიოტების ფონზე მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვების ერთადერთ ღირსეულ და ადეკვატურ კანდიდატად ესახებოდა მოსახლეობას.
მოკლედ, დაყავი და იბატონეს პრინციპიდან გამოვედით, მაგრამ რაც დავყავით იმის შეერთებაც მშვენივრად შეგვიძლია, აი ის ამბები ხო ნახე, პარლამენტის წინ მთელი ამ პატრიოტების და კომბლიანების და კიდევ სხვა ფაშისტების ჯარი რომ გავაერთიანეთ და შენი წყალობოთ გაფუჭებულ უპარტიო აქციონერებს რომ მივუქსიეთო.
მეთქი, კი ვნახე, მაგრამ ეგ ამბები დიდად არ მადარდებს, რაც გულს მიჭამს ისაა რომ ბუსებრ პოეტზე შურისძიება მინდოდა და თქვენ კიდე ისე წინა პლანზე გამომიჭიმეთ, ალიყური რო ალიყურია იმასაც ვერ ავჰკრავ, ემანდ ეკრანებზე ლოყადაწითლებული არ გამოჩნდეს-მეთქი.
ჩვენ საქმეში ხო იცი არაფერია პირადული, მხოლოდ ბიზნესი და ამიტომ მოგიწევს შეუნდოო.
შენ ოღონდ გადფაზერიდან ციტატების დამახინჯებას შეეშვი და ჯანდაბას შენი თავი და ტანი, როგორმე შევუნდობ-მეთქი.
შევუნდობ არა ჩემი ფეხები, გამორიცხულია! ისეთ დროს გავაფუჭებ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდება, პარლამენტის მანდატს რომ მიიღებს, პირველ საშემოდგომო სესიამდე, ან ზედ სესიის დროს, დარბაზიდან მოსაწევად რომ გამოვა იქ დავხვდები, იქ დავხვდები და ყველა ცოდვას გავუხსენებ და ისე გავაფუჭებ, როგორც არასდროს არავინ გაფუჭებულა. თან მითუმეტეს ჩემი სუს-ელიც აღადგინეს თავის პოზიციაზე და უკვე ორნი ვართ, ორნი და მალე გალა დაგვემატება და ჩვენ სამთა გმირთა მნათობთა, ერთმანეთის მონება კი არა, სხვების დამონების სურვილი გვეჭირვება და ვაი იმათი ტყავის ბრალი, ვინც გზაზე გადაგვეღობება.
გალას მომგვარებლად აღდგომიდან რამდენიმე დღეში შევხვდი, ყოველ დილას ერთი და იგივე მარშრუტს ძუნძულით და ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნის სურვილით გადიოდა და გზად ქარხნებში ჩერდებოდა და წინა ღამეს დაკლულ ძროხებს და დეკეულებს ნეკნებს უბეგვავდა და მერე არბოდა ქალაქის ყველაზე მაღალ და გრძელ კიბეებზე და მისდევდნენ ბავშვები და სტუდენტები, პენსიონერები და მეძუძური დედები და მისდევდნენ ისე, როგორც იესოს მისდევდნენ გლახაკნი და კეთროვანნი და მისდევდნენ ისე, როგორც ფორესტ გამპს მისდევდნენ რეპორტიორები და პაპარაცები და მეც როგორც რიგითი, ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარული, ავედევნე ამ გზაზე და გზად კი ისეთ ამბებს ვახსენებდი, როგორების შეხსენებაც დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ თქმულ არს, გამეორება ცოდნის დედააო და სულ წვრილ-წვრილად და დედაზე დაფიცებით გადავიმეორეთ ის ფაქტები, რომ გალას რეალური გვარ-სახელი და პირადობის მოწმობის ასლი ჯერ კიდევ ჩემს საქაღალდეებში ინახებოდა და რომ მქონდა ერთი ისეთი ვიდეო, სადაც გალა სულ დეტალურად ჰყვებოდა საკუთარი წარსულის და გალათეად ქცევის შესახებ და ამბოდა გამოთქმით და დამარცვლით რომ ჩემი და მხოლოდ ჩემი პროექტია და არავითარი გალა არ არსებობს დედამიწის ზურგზე გარდა ჩემი მოგონილისა და ამ მოგონებას და გამოგონებას, ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარული და ერთი უშნო სანაძლეო ედგა პრეისტორიად, და ამიტომ სტერილური და თან ნული, სთხოვდა საზოგადოებას რომ არ დაუჯერონ იმ სახეებს, ვინც ხშირად სჩანან ეკრანებზე და არ დაიჯერონ არცერთი სიტყვა მათი პირიდან ამოსული რამეთუ ყველაფერი ყალბია რასაც ხედავენ და სიყალბეც კი ყალბია და დადგმულია ყველა ინფლუენსერის, გადაცემის წამყვანის, შოუბიზნესის ვარსკვლავის თუ უბრალოდ, ცნობადი სახის ცხოვრება და…
და ჩემგან რა გინდაო – გალამ.
არაფერი, საერთოდ არაფერი-მეთქი.
აბა ამ ყველაფერს რატომ მახსენებო?
მეთქი, იმიტომ რომ მართალი იყავი.
რაშიო?
რაში და შენ ხელოვნების ნიმუ…
აღარ გერევა გული მაგ სიტყვათა წყობაზეო.
არტი… კაი, ჯანდაბას არტი, მხოლოდ მას მერე გახდები, რაც თავისუფლებას მოგცემ-მეთქი.
რაღაცას მატყუებო.
არაფერს, უბრალოდ ორმაგ აგენტობას გასწავლი, ვითომ ბატონის დაკვეთებს ასრულებ, სინამდვილეში კი ჩემი ჭკვიანი გოგო, ჩემი გალა იქნები და აი მანდ და მხოლოდ მანდ შეიკვრება კვანძი და ეგ იქნება ჩემი ამბის იდეალური ფინალი-მეთქი.
ქალაქის ყველაზე გრძელი კიბეების ბოლო საფეხურები ავირბინეთ და სულის მოსათქმელად გავჩერდით.
ამ დღეს ველოდიო.
კონკრეტულად ამ დღეს-მეთქი?
არა, იმ დღეს, როცა ამ ყველაფერს მეტყოდიო და ისე მოხდა რომ ეს დღე მაინცდამაინც დღეს დადგაო.
მეთქი, მერე?
მერე აი ამ წელის ჩანთას მართლა მარტო იმისთვის კი არ ვიყენებ რომ იოგას შარვალში გამოკვანწული ტაკოს ფოტოები არ გამიბაზრონ უკან ადევნებულმა პაპარაცებმა, სინამდვილეში შიგნით ერთი კოლოფი მიდევსო.
მეთქი, კოლოფი კოლოფად და შიგნით რა დევს?
ნიშნობის ბეჭედიო.
თხოვდები-მეთქი? – ცოტა რაღაც კი ჩამწყდა გულში, მაგრამ დიდად არ შევიმჩნიე.
არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა, ყველა ვარიანტში ვიგებ, მაგრამ პოპულარობა რომ არ დავკარგო, კიდევ ახალი რაღაცის შებზრიალებაა საჭირო და რა ვქნა, ჩემიც უნდა გაიგო, მიწევსო.
ამომრჩევლის თვალში ცოტა არასერიოზული ნაბიჯი გამოგივა-მეთქი.
შენ ერთი რამე გეშლებაო.
რა-მეთქი?
ამომრჩეველების კიდევ გჯერა და სინამდვილეში ამ ქვეყანაში ამომრჩეველი კი არა, მოქალაქეც აღარ დარჩა, ყველანი იუზერები ვართ და ანტიკური რომის მერე დიდად არც შევცვლილვართ, ისევ პური და სანახაობა გვინდა, გვინდა რა, გვჭირდებაო.
ეხლა გასაგებია დაყავი და იბატონე ვისი გეგმაა-მეთქი – გამიღიმა, ორი წუთი გაჩუმდა და კიბეებთან შეკრებილ მიმდევრებს გადახედა.
რა უცნაურია, ფოლოვერები რომ მართლა მოგსდევენო.
მეთქი, ხოოო… და ისე ვის მიყვები-მეთქი ცოლად – პროფესიონალ მომგვარებელს, რომელიც ორი წუთის წინ მსხვერპლს აშანტაჟებდა, ესეთი წინდაუხედავი და ემოციური ნაბიჯი არ ეპატიება და არც მე მეპატია და გალამ შემომხედა და გამარჯვებულის ინტონაციით მითხრა,
გააჩნიაო.
დაჟე ასარჩევად გაქვს საქმე-მეთქი?
არა, გააჩნია შენ რამდენად ჭკვიანი ხარ, მაგრამ გიყურებ და აშკარად იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებო.
ანუ-მეთქი.
ანუ, კაი, ქალების არ გესმის არ გესმის, მაგრამ ჩემი მაინც როგორ არ გესმის და კაი, ჯანდაბას, ჩემი არ გესმის, იმდენს როგორ ვერ ხვდები რომ ბატონს სამიზნეში ყავხარ, რომ სისტემა აღარ გენდობა და რომ მომგვარებლად დიდხანს ვეღარ გაქაჩავო.
ამიტომ მჭირდები შენ-მეთქი.
შენ რომ გჭირდები, მეც ზუსტად მაგიტომ მჭირდებიო – წელის ჩანთიდან ნიშნობის ბეჭდის წითელი ხავერდგადაკრული კოლოფი ამოიღო და რეპორტიორებისგან დამალულად გამომიწოდა.
ცოლად მომიყვანო?
დაბნეულმა შევხედე – გპირდები რომ შენი კარგი გოგო, შენი გალა და შენი დიპლომატიური სტატუსის გარანტი ვიქნებიო.
შენ რა ხეირი-მეთქი.
ხო გითხარი, იდიოტი ხარ, ეხლა ნება იბოძე, მუხლებზე დაემხე და ხელი ისე მთხოვე რომ ყველა კამერამ, ყველაზე იდეალური რაკურსით დამაფიქსიროს… არა მოიცა, აქეთა პროფილი არ მივარგა ადგილები გავცვალოთო.
10
გალამ პირველივე ტურში და ოცპროცენტიანი ფორით მოიგო, არანაირი ჩაწყობა და გაყალბება, ნუ კაი, “დამკაწვრელებთან” აფილირებულმა ძველმა ბიჭებმა, ორასი და ჰა და ჰა სამასი სული ხმა, ციხეზე მჯდომი ძმაკაცების გისოსებიდან დახსნის იმედით მართლა მოათრიეს, მაგრამ ეგ მთლიან სურათს ვერ ცვლიდა, ვერ ცვლიდა და სადღაც წესიერი მოქალაქე, რეალური ამომრჩეველი, ქვეყნის პატრიოტი და ეგებ მომგვარებლად აღდგენილი თქვენი მონა-მორჩილი ისეთებსაც კი ფიქრობდა, რომ ამ ქვეყანას აწ და მარადის აღარაფერი ეშველებოდა და დრო იყო რომ იმდენი ბარგი ჩამელაგებინა რამდენიც გალასთან ერთად ორკვირიან თაფლობის თვეს კი არა, სამშობლოდან სრულად გადახვეწას სჭირდებოდა, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და წესიერ ამომრჩეველს ჰქონდა ფასადური დემოკრატიით რუდუნება დარღვეული, მეც აი მაგ ფასადური სიმშვიდით არა ვღელავდი და არ ვღელავდი კი არა, ისეთი გულწრფელად აღტაცებული და გახარებული ვიყავი რომ მხოლოდ ორი რამე მიღრღნიდან ტვინს, მზისგან დამცავი კრემი სამშობლოდან წამეღო კუნძულ გოაზე თუ იქ მეყიდა, და მჭირდებოდა თუ არა ორივე, ფლიპ ფლოპი და ბირკენშტოკის ჩუსტიკი და თუ ქვიშიანი სანაპირო ფლიპ ფლოპების წაღებისკენ მიბიძგებდა, ჩემში ჩამალულ მერკანტილურ მელეხს ბირკენშტოკების გამომზეურება და ამაყი მარიაჟი ჰქონდა მოწადინებული და ამა დრამებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემმა სუს-ელმა მეგობარმა დამირეკა, შენი ნახვა მწადიანო.
და ნახვად შევხვდი ქალაქის ყველაზე განაპირა და კრიმინალურ უბანში და სიგარეტით გაბუღულ ისეთ სარდაფში, სადაც რომ იქაურ, მესტნ ავყიობას ფლეისთეიშენის სათამაშო კუთხე მოეწყოთ და ბავშვებს შორის სანაძლეოები და ამ სანაძლეოებს გამო გაფუჭებული, დასახიჩრებული და ალაგ-ალაგ ხრუშჩოვკების მეცხრე სართულიდან გადმომხტარი ბავშვებიც ჩვეულებრივ, “დღეს რა კაი ამინდია არა” სასაუბრო თემად ქცეულიყო ამ პოლიციისგან მივიწყებულ ადგილას და მთელ ამ კონსპირაციას ერთადერთი მიზეზი და ისეთი მძიმე და საშიშად ხმადაბლა სათქმელი ედო საფუძლად რომ, გარემოთი უფრო ვითრგუნებოდი თუ ჯერ კიდევ არ თქმული ახალი ამბით, რომელიც ჩემი სუს-ელის პირიდან უნდა ამოსულიყო, ბოლომდე არ მქონდა გასიგრძეგანებული და –
გოაზე არ წახვიდე, იქ სიკვდილის გარდა ვერაფერს იპოვიო, რომ მითხრა, თურმე ამის თქმა არ ყოფილა ჩვენი ფარული შეხვედრის მთავარი მიზეზი და ფეხზე ხელი რომ დამადო და თვალი-თვალში რომ გამიყარა და –
შენით დაიწყებენ და შემდეგი აუცილებლად მე ვიქნები და ჯანდაბას ჩემი თავი, შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ, შენ დაკარგვას ვერ გადავიტანო – სლუკუნით რომ ამოთქვა და მერე რომ ისე ძლიერად მომიჭირა ყბებში ხელები და ისე ძლიერად რომ მიმიზიდა თავისკენ და ისეთი ვნებით რომ მაკოცა, როგორითაც არცერთ ქალს არ უკოცნია ჩემთვის, აი მანდ უკვე მართლა ვეღარ ვხვდებოდი, სად იწყებოდა აბსურდი და სად მთავრდებოდა მუქარა და რისი უფრო უნდა შემშინებოდა, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის თუ ჩემი მეგობრის, რომელსაც თურმე საერთოდ არამეგობრულად ვუყვარდი.
და ესეთ დროს ალბათ ყველაზე მეტად ფიქრი გჭირდება და ესეთ დროს ალბათ ყველაზე ნაკლებად გაქვს ფიქრის დრო და ამიტომ დაუფიქრებლად და უკანმოუხედავად გავიქეცი და გავიქეცი ჯერ იმ ჯურღმულიდან, სადაც ჩემი მეგობარი სიყვარულში გამომიტყდა და მერე გავიქეცი გალასგან და გავიქეცი მომგვარებლებისგან და გავიქეცი ბატონისგან და გავიქეცი ჩემი აწმყოდან და წარსულიდან ხომ მითუმეტეს და გავიქეცი ისეთი ძალით და სისწრაფით, როგორითაც არასდროს არავინ, და გავიქეცი პირველი რეისით და მერე ნაქირავები მანქანით და მერე გემით და მერე ფეხით და მერე ურმით და გადავჭერი ცხრა თუ ათი საზღვარი და რამდენადაც დიდი ძმა ყოველთვის და ყველგან გპოულობს, ეხლაც გავრბივარ და მთელი ეს დრო არ მასვენებს ფიქრი, რომ სანამ გავრბივარ არ მომსდევენ და როგორც კი გავჩერდები მაშინვე გამოჩნდებიან და გამოჩნდებიან “ჩამფარცხველები” და გამოჩნდებიან “დამკაწვრელები” და გამოჩნდებიან სუს-ის აგენტები და გამოჩნდებიან ბუსებრი დრამატურგები და მათი გამოჩენა და ჩემი სიკვდილი ერთი იქნება და მოვკვდები ისე, თითქოს არც ვყოფილვარ და თითქოს არც მიცხოვრია და მოვკვდები ისე როგორც სტერილური, როგორც ნული, როგორც სტერილური, ნული!
© არილი