ვეშაპი ხმელეთზე
რა ვუყოთ, თუკი დაგროვდა ამდენი ლამაზი ნაგავი –
სავსე საწყობები, სავსე ვიტრინები, სავსე კარადები.
აკარდიონივით პირგაწელილია ყოველი საგანი –
გიღიმის, გიღიმის და მოდის მესიჯიც – სწრაფი განვადება.
მტვერია პატრონი. როცა ყველაფერი პატრონს ჩაბარდება
და მოიზილება ერთად – ნაცრისფერში ამდენი ფერადი,
არც განცდა იქნება, რომ ამ მატერიით ვინც კი ავადდება,
ყველა განვიკურნეთ, ასე რომ, ცხადია, ტყუილად ღელავდი.
დაგროვდეს ამდენი ლამაზი ნაგავი – ქსოვილთა ორგია.
მაგრამ დედამიწას ეს პლასტიკატები თუ სულმთლად შეფუთავს,
თუკი ამოშლიან შორი ვარსკვლავები მზის კატალოგიდან,
პლანეტას, რომელზეც ვიღაც არსებები ცხოვრობდნენ მეფურად
(ერთ დროს. დღეს ეს დროა. ხვალ რა დრო იქნება, იცის მომავალმა.) –
ძალიან სევდიან ამბავს ჰგავს. სევდაში არასდროს უჭირდა
მეფეს-ადამიანს, მაგრამ ეს ესთეტი თვალები რომ არა,
ამდენი ნაგავი არ დაიღვრებოდა ვეშაპის კუჭიდან.
რა ვუყოთ, თუკი დაგროვდა ამდენი ლამაზი ნაგავი –
ფანტაზიაში ხომ მეტიც კი ეტევა – საღი და ჭიანი.
თუ ვინმე შორიდან უყურებს, ალბათ ვერაფერს ამგვანებს
და მხოლოდ ახლოდან, ხელის გაწვდენაზე ელავს და ბრჭყვიალებს.
ჰამლეტის დაბრუნება
სახე აქვს ამ ვარდს. ვარდად ყოფნის ამბავს უსტვენს ნოემბრის ბაღში.
უფლისწულია, გვირგვინი რომ მაინც არ ერგო.
მისი ფურცლების სიტყვებს მალე ქარი გადაშლის,
ჩამოიშლება ოქროსფერი ბაღის სამეფო,
და მიწას, ზედ რომ დასცქეროდა, უნდა გაეგოს
წამიერ ნოხად მისი სახის მთელი ხავერდი.
ვინც უკვე ჩაქრა, სიცოცხლიდან ვინც კი გავიდა,
ნოემბრის ბაღში იბადება თითქოს ხელახლა.
თითქოს თავიდან, ბრმა თვალიდან გამოახედათ
უკვე მიმჭკნარმა ყვავილებმა, ბზამ და ვენახმა.
ცოცხლები ასე სიცოცხლეს ვერ შეიყვარებდნენ.
ამ სილამაზის დაჭერაა დროის მოგება.
ხოლო დანარჩენს მოერგება გველის სრიალი
და სამოსივით გაცვდებიან მოგონებებიც,
მაღალი ძაბვის გრძნობები და სერიალები,
მონოლოგებით, არავინ რომ არ მოისმინა.
უკან არ მიიხედო
წინ თუ არ წახვალ, ვერსად წახვალ, რადგან გზა უკან
აღარ არსებობს – ფითილია, თავს იწვავს რათა
წინ გაანათოს. თითქოს ჩამქრალ საუკუნეებს
აი, ამ წამის ასანთებად ეკიდა, წვავდა.
არა და წამი – ეს წამია რომ ჩაქრა, წინა
წამების წყებად თუკი ღირდა, ხომ უნდა რამე-
ნაირად მეტი ყოფილიყო. არც გაიბრწყინა,
არც გაიელვა უფრო მეტად, არც სისადავე
არ ჰქონდა მეტი; ახალ წამშიც ისე შეცურდა,
არც ანაბეჭდი გასჩენია, არც ვიწრო რკალი.
წინ თუ არ წახვალ, ვერსად წახვალ. მოკლედ, შენც უნდა
მიჰყვე შიმშილის, წყურვილის და სიზმრების ძალით
შეკოწიწებულ პროგრესს, თუ გსურს დარჩე უვნებლად.
თუმცა პოპკორნი მოუხდება უკან ყურებას.
კვირა დილა
ჩაქრა შაბათი.
ჩაქრება კვირა დღეც,
რომ ისევ სწრაფადვე
ამოყირავდეს
ქვიშის საათი
მოვალეობების,
მითიურ მომავალს
ვიდრე ვეომებით
აღჭურვილები
ბასრი მოთმინებით,
გაძევებულები
მსგავსი მოტივებით –
სურვილით გაღწევის
წრიდან, გრაფიკიდან,
თუმც მთავარ უქმეზე
ფიქრიც კი არ გვინდა.
მივყვებით ქარავანს –
საერთო კალენდარს
და ქუჩის ძაღლები
გვიყეფენ გარედან.
რა შეიძლება დაემართოს სიყვარულს
ყველაზე უარესი,
რა თქმა უნდა, სიკვდილია.
ერთ გულში რომ თავისთვის ბჟუტავს,
მეორეში კი კარგა ხანია, ჩონჩხად იქცა
და ზედ წარსულის ყვავილები თუ ამოდიან –
შემთხვევითი მოგონებები
ძველი, ძლიერი ხელით – ხელზე ჩაჭიდებული –
თითები, თითებს ისე ჩაზრდილი,
თითქოს მათი შეხორცება
ჩანდა იმ დროს გარდაუვალი.
მაგრამ დედის საშვილოსნოში ხორცდება
ყველა შიშველი ნერვი,
გულის გარშემო ჩონჩხს იკეთებს,
კანს გადაიკრავს
და თავიდანვე განწირულია –
სიყვარულშიც მარტოდმარტომ იხეტიალოს.
და იმ გულშიც, რომელშიც ბჟუტავს,
დაბერებული ფერიები
თავებს ამაოდ აკანტურებენ.
მათ ჯადოსნურ ჯოხებს წლების წინ
ახალთახალ სიყვარულზე დაუხარჯავთ
შეხების მთელი ჯადო და კენკრა.
გამაყუჩებელ ნემსებადაც არ ივარგებენ.
უღიმღამო ტიტრები რჩება ანიმაციას.
ბჟუტავს და ბჟუტავს
და მოთმინების ამბავია –
სადამდე გასტანს.
დაძინებამდე შობის სანთელს
ზოგი ცერა თითით ჩააქრობს.
ზოგი ბოლომდე ელოდება,
რომ ნამწვიდან ამოსული კვამლი
ძილში ჩაიყოლოს მწარე სურნელად.
მაგრამ ეს ხომ მშვენიერი დასასრულია,
მაშინ როცა ეკრანები თითქმის ყოველდღე
უფრო ზუსტ და გულახდილ პასუხს
გვაფარებენ რომანტიკით სავსე თვალებზე:
ახალგაზრდა ქალის გვამი
საძინებელში, ეზოს კართან, გზაჯვარედინზე –
უტყუარი მტკიცებულება,
რომ სიყვარულს შეიძლება ეს დაემართოს –
კი არ მოკვდეს,
ურჩხულად იქცეს,
ურჩხულებად, რომელთაც სჯერათ კუთვნილი ხორცის
და უფლების – კოცნონ და ხოცონ.
ტურიზმი პანდემიაში
ძველი წიგნები სავსე იყო ქოლერით, ჭირით.
ნათელ დღეებში ვკითხულობდით, როგორც ფიქციას.
პომპეის ფერფლშიც ვსეირნობდით და ლეღვის ჩირი
ხელშეუხებლად ლურჯად ენთო. თუ მიგვიცია
თავებისათვის ნება – ფიქრით ფერფლში ჩაყოლის,
სნეულებების ქვაბულებში – ისეთი სიღრმე
არ გვიძებნია, წაკითხული და მონაყოლი –
აგვკიდებოდა ტანზე კეთრად. თუმცა, ვიკითხეთ,
ვწერეთ, ვაქციეთ ფილმებად და ტილოზეც დავდეთ.
ვუცქირეთ, დავტკბით ჩვენებურად – ფასიც დავადეთ.
თანაგრძნობასაც შევეცადეთ. გულწრფელსაც ჰგავდა.
გადავავადეთ დასასრული ისევ ხვალამდე.
დღეს კი გათენდა ყველა წიგნი, ყველა ნახატი,
ჩვენ რომ გვეგონა – დავხედავდით, შევინახავდით.
ინფიცირება
იყო ედემშიც კარანტინი –
იტევდა მხოლოდ ადამს და ევას.
ვაშლის მოკბეჩა – ღალატივით,
იმ ღალატში გველის გარევა
და უხილავი ავატარი –
მათ თავზემოთ – ღმერთი მრისხანე,
მხილველი – უკვე ავად არიან,
უკვე შხამის ნაყოფს ისხამენ, –
გაფრთხილებაა პირვანდელი –
სიტყვის კანში რომ ვერ ეტევა.
დღესაც გავყურებთ პირბადიდან –
იმ კარანტინს უცხო ედემად.
ნიღბები
ვენეციური ნიღბები და აზიური, მძიმე ბურკები –
გამოფენილი პიაცებზე
და ქალების სახეებზე,
მათგან მხოლოდ თვალებს რომ ტოვებს –
გადატანილი სახადების ნარჩენებია –
ყველა უკლებლივ.
გადარჩენილთა ზეიმი და გლოვაა –
გზებზე გაბნეულ ტომებს –
კაცობრიობად აკინძულებს,
გენების და სიტყვების მწკრივით,
ქორწინებების და ომების შეჯვარებებით –
დღემდე რომ მოჰყვა,
თაობების ნაკადს მინებდა.
რაც გამორიყა, წამოვკრიფეთ სუვენირებად.
ზოგი მოვხატეთ, ჩამოვფხიკეთ ძველი ვნებები,
ზოგი ერთმანეთს შევატოვეთ,
როგორც სასჯელი
და სახეები მოვისინჯეთ.
მაგრამ ამჯერად
ახალ სახადთან ვრჩებით მარტო,
კარსაც ვიკეტავთ,
წამალს დავეძებთ,
ვერ ვიძინებთ, ეკრანს მივებით,
გარეთ გავდივართ კიდევ უფრო ერთნაირები.
Top of Form
ღამის მელომანია
მოცარტმა და აფრიკულმა რიტმებმა
იქორწინეს ამერიკის მიწაზე
და ბგერებით ამოივსო ფილტვები.
საყვირების გზა გაიხსნა. იმწამსვე –
ჩაკარგული ხმები – დოლებს, კლავიშებს
აჰყვა. მათი წმინდა წყლები ვიწამეთ.
ნაკადიდან პაუზას თუ გვანიშნებს –
შეშდებიან მხრებიცა და მუხლებიც.
ჩავისუნთქავთ – აღარსაით გაგვიშვებს.
ჩავყვებით და სიღრმეები მუქდება.
ფსკერი გვითრევს, მაგრამ ამ აუზიდან
ყველა გრძნობას ამოვიტანთ უკლებლივ.
გადაფარეს დღეები და რუკები
და ამბები – მყვირალა თუ უსიტყვო,
რითაც თვალებს ცხადი გამოვუკვებეთ.
ჩვენზე მეტი დარდი უწინ უზიდავთ.
ჩვენ რა გვიჭირს – ვტოვებთ ყრუ საუკუნეს
და ცოცხლები ამოვცურავთ ბლუზიდან.
კონვენცია
დრო მიაქანებს,
სხეულს ერევა –
ძვლებად შეკრული ტივივით.
და ყველაფერი მაინც ისე მშვენიერია,
რომ გვაქვს უფლება –
ტირილის.
გზად კი – ჩვენია,
რასაც გავივლით –
საბრძანებელი სივრცითი.
და ყველაფერი მაინც ისე სევდიანია,
რომ გვაქვს უფლება –
სიცილის.
ნატურმორტი მარწყვით
შეიძლებოდა გვეჭამა მარწყვი
უშაქროდ, მაგრამ მუდამ ვაყრიდით,
ან გულისგულში ვუდებდით ნამცხვარს,
ან იოგურტი გვქონდა ნაყიდი
მარწყვით და მოცვით ამოვსებული.
ერთ დღეს კი მივხვდით – მუდამ ვამლაშებთ –
სიტკბოს. და მსუყეს და არარსებულს
ვაკოწიწებთ და მეტად დავამშევთ
ამ თავებს, თვალებს. არა და, რა გვსურს,
თუ ასე საღი – თვალწინ აწყვია.
და რას დავეძებთ უსასრულობას,
როდესაც მარწყვი – თვითონ მარწყვია.
გაიკენკება ბაღებში კენკრა,
ცოცხალი მარწყვის სეზონი გადის,
ვიდრე თავებს და ერთმანეთს ვკვებავთ
უმადურობის ძლიერი მადით.
თავდასხმა პანდემიაში
ფრთხილად! ქალაქში დაფრინავს ყვავი,
რომელიც ესხმის მოქალაქეებს
და ვერც იჭერენ, და ვერც მოძღვრავენ,
პიროვნებასაც კი ვერ არკვევენ.
თუ მოარიდებთ ბავშვებს და თავებს,
თითო კოშმარი აგცდებათ ყველას.
ყვავის ფრთებშია ახლა სადავე
და კადრის ნახვა ან გადახვევა
ვერაფერს არგებს გამოძიებას.
დარჩით სახლებში, თუკი გდევნიან
ყვავები. სცადეთ გამოძინება
და გადალახეთ ეს პანდემია.
© არილი