გურამმა პირველად რამდენიმე თვის წინ შეამჩნია ახალთახალ სპორტულ მაისურზე გაჩენილი მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები. ეგონა რამით დაესვარა, ან ჭუჭყიანი წყალი მიესხა, ან კიდევ რაღაც ამდაგვარი მოხდა, როცა დარბაზში ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა, მაგრამ მთელი „სასტავიდან“ (სამეგობრო – 5-9 კაცი ერთად დადიოდა ამ პრესტიჟულ და მოდურ დარბაზში და ინარჩუნებდა სპორტულ ფორმას) დათხუპნული მარტო ის იყო.
- ეგებ გამომრჩა რაღაც და ამიტომ არ მახსოვსო! თხუპნიობას ვერა და ვერ გდავეჩვიეო… – თქვა და ჩაიქნია ხელი. რამდენჯერმე საგულდაგულოდაც გარეცხა ეს მაისური, მაგრამ ლაქები ზედ მაინც მოზრდილი ჭორფლებივით დარჩა და ძვირადღირებული, „თაზა“ მხოლოდ აგარაკზე მიწაში ჩიჩქვნის დროსღა თუ ჩაიცმებოდა. მერე ახალი მაისური შეიძინა და ეს ინციდენტიც გადაავიწყდა.
ამ შემთხვევიდან ერთი თუ ორი კვირის თავზე აღმოაჩინა, რომ ძვირადღირებული ქუდი, რომელიც ერთ-ერთ ოფიციალურ – საპარტნიორო უიკენდზე ეხურა, სულ გატალახიანებოდა. ეს ამბავი ძალიან ეწყინა და გაბრაზდა კიდეც. იმიტომ, რომ ეს ქუდი გამორჩეულად უყვარდა და მოფერებით „თავსაბურავს“ ეძახდა. ფიქრობდა, რომ მასში „რაღაცნაირი“ იყო. ცოლი ეუბნებოდა:
- ეგ რომ გახურავს ძალიან „ტომნი“ ხარ!
გურამმა ზუსტად არ იცოდა, „ტომნობა“ რას ნიშნავდა, მაგრამ ცოლის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ხვდებოდა, რომ ის მიმზიდველობის, იდუმალობის, სექსუალობის, ალფა-მამრობის აღმნიშვნელი იყო.
- წვიმა იქ არ იყო! თავიდან არ მომიხდია და არც სადმე დამვარდნია და რისი ბრალია? – დაბნეული და გამწარებული უყურებდა ხელისგულისოდენა ტალახის შემხმარ ფენას, ოხრავდა და სულითა და გულით ნატრობდა – „ნეტა თავსაბურავს არაფერი დაეტყოს და მეტი არაფერი მინდაო!”.
მზაკვარი ლაქა მქრქალ, ყავის ოდნავ მუქ ნალექის ფერად მაინც დარჩა. აი, ისეთად, ახალგარემონტებულ სახლში, მეზობლიდან ჩამოშვებული წყლის გამო, ქათქათა ჭერს ოვალურ ნაგლეჯებად რომ დაეტყობა წვირიანი „ღრუბლები“. „თავსაბურავზე“ ეს „ღრუბელი“ ღამით, ანუ სიბნელეში არ გამოჩნდებოდა, მაგრამ დღისით, სინათლეში, მისი დახურვა შეცდომა იქნებოდა.
ყველზე დიდი სირცხვილი კი ისე ჭამა, რომ განგების და გამჭრიახობის წყალობით ვერავინ ვერაფერი გაიგო. საპრეზიდენტო ნომერში უზარმაზარ საწოლში იწვა და კარგად ნაბახუსევი გვარიანად ხვრინავდა. ღმერთმა იცის, რა ესიზმრებოდა, მაგრამ ფაქტია, კონდიციონერი ჩართული იყო, გრილოდა, მაგრამ საცოდავი გურამი წელს ქვევით მაინც ოფლში ცურავდა. უცებ გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საცვლები „რაღაცით“ ჰქონდა სავსე და ეს „რაღაცა“ იყო გორგლოვანი, რბილი, სველი და სლიპინა. აკანკალებული ხელი ტრუსში ჩაიყო და თითები თბილი, პლასტელინივით მასაში ჩაკრა.
- ესღა მაკლდა! – ამოიგმინა. საბანი გადაიძრო და ელვის უსწრაფესად შევარდა აბაზანაში. კიდევ კარგი, რომ განავალი არ აღმოჩნდა. ეს იყო ჩეულებრივი ტალახი.
- ტალახია, ჩვეულებრივი ტალახია! – გაუხარდა და სიხარულისგან შეხტა კიდეც.
მაგრამ რა იყო ამაში კარგი და სასიხარულო, რაა?!
- რა არის ამაში კარგი და სასიხარულო?! – იკითხა მან, როცა აბაზანის სარკეში საძინებლის ანარეკლი დაინახა. საწოლი, ზეწრები, ლეიბი, საბანი, ერთიანად ყავისფერი მასით იყო მოთხვრილი. აბაზანამდე კი ასეთივე წარმომავლობის ნაკვალევი მიუყვებოდა, – ამის დედაც…- დაახრჭიალა კბილები და გახურებული თავი ცივი წყლის ჭავლს შეუშვირა.
ეს მოხდა საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც უამრავი ადგილობრივი და უცხოური დელეგაცია იყო შეკრებილი, სადაც წამყვანი ტელევიზიები და ცნობილი ჟურნალისტები სართულიდან სართულზე დაძრწოდნენ და ყურადღებით აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს. ეს მოხდა სასტუმროში, სადაც ყველას და ყველაფერს ათასი თვალი და ყური ჰქონდა გამობმული და ყოველი გაფაჩუნება ასჯერ ფიქსირდებოდა, იწონებოდა და იგზავნებოდა იქ, სადაც ჯერ არს. მან, გურამმა, კონფერენციის საპატიო თავმჯდომარემ, საშინელება ჩაიდინა. თან ისეთი საშინელება, რომლის ახსნა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.
- ცეცხლი ყველაფერს შთანთქავს! – ჰოდა, გურამმა თავის მოჭრას თავის მოკვლა ამჯობინა და საპრეზიდენტო ნომერს, კონკრეტულად კი საწოლ ოთახს, ცეცხლი წაუკიდა… ხანძარმა დაფარა დანაშაულის კვალი, თუმცა მისი საფულე საგრძნობლად შეათხელა.
- ღმერთო ჩემო! ეს რა მომივიდა! საწოლში კი არა ისედაც აღარ მოვწევს სიგარეტს! – კამერების წინ იმართლებდა თავს გურამი და შეწუხებული სახით ხარობდა, რომ ასეთი ჭკვიანური რამ მოიფიქრა და ყველაფერი „კარგად“ დამთავრდა.
გურამი ცდებოდა. ცოტა ხანში საკმაოდ მოცულობითი და შინაარსიანი პროექტის პრეზენტაციიდან დაბრუნებულმა, აღმოჩინა, რომ „ZhenZhou“-ს ორიგინალურ პერანგს მთლიანად ფარავდა ტალახის უკვე შემხმარი, მომწვანო – მოყავისფრო ფენა. ახლა კი მიხვდა, თუ რატომ გრძნობდა მთელი დღე შმორის სუნს და ძალაგამოცლილი სავარძელში ჩაესვენა. ოთხმა პასუხგაუცემელმა შეკითხვამ ზარივით ჩამოჰკრა მის გონებაში:
„ხომ არ ვაფრენ? ეს რატომ მოხდა? რაშია საქმე? რამე დაავადება ხომ არ ავიკიდე?“
ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტის ლოგიკური ახსნა და რაიმე ადამიანური დასკვნების გაკეთება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. გურამის გონება დაძაბული მუშაობდა. მან გაიხსენა და ქრონოლოგიურად დაალაგა ტალახთან დაკავშირებული ყველა შემთხვევა. სწრაფად ჩამოიშორა ისეთები, რომელთა ახსნაც ადვილად შეძლო და დატოვა მხოლოს ისინი, რომლებიც აქ გვაქვს აღწერილი.
- თუკი ვაფრენ, მაშინ ასახსნელი არაფერია, მაგრამ თუ არ ვაფრენ და არაფერი მეჩვენება, მაშინ სწორი გზით მივდივარ!.. კარგი ბატონო! – კმაყოფილმა წარმოთქვა და სიგარეტს მოუკიდა, – დავიწყოთ გამოკვლევა ბოლო ინციდენტიდან! ასე ვითარებაში სიმართლის დადგენის ბევრად უფრო მეტი შანსი არსებობს… ა) ის ახლა მოხდა. შესაბამისად – ბ) ჩემს გადაადგილებას ბევრი მოწმე ჰყავდა და გამოკითხვის შემთხვევაში შეუძლებელია ვინმეს რაიმე გამორჩეს და გ) ზუსტად მახსოვს, რომ პიჯაკი მხოლოდ აქ მოსვლის შემდეგ გავიხადე და კარგად მახსოვს, სახლში ამ პერანგს როცა ვიცვამდი, ჯერ კიდევ ასდიოდა ახლად გაუთოებული, სუფთა ქსოვილის თბილი და სასიამოვნო სუნი. ჰოდა, საინტერესოა, საიდან ჩნდება ეს ტალახი? რაშია საქმე? – იკითხა მან და რადგან პასუხი ვერ მიიღო, აღშფოთებულმა მთელი ძალით დაჰკრა ხელი მაგიდას და გადაწყვიტა, ვიდეოოპერატორი დაექირავებინა. ის მთელი დღის მანძილზე გადაუღებდა გურამს, გურამი ამ გზით ყველაფერს გააკონტროლებდა და ბოლოს და ბოლოს, გაიგებდა როგორ, რანაირად, საიდან, და, შესაბამისად, რა ან ვინ იყო ამ ტალახის გაჩენის ნადვილი წყარო.
რამდენიმედღიანი დაკვირვებისა და ვიდეოგადაღების შემდგომ საკმაოდ ბევრი მასალა დაუგროვდა. კადრების დეტალური გაშიფრვის შემდეგ გურამმა მხოლოდ ის დაადგინა, რომ ტალახის წარმოშობის გარეგანი და თვალსაჩინო ფაქტორები, ანუ წყარო, არ ჩანდა და შეიძლება არც არსებობდა. ასევე პირადი დაკვირვებისა და კვლევის ნიადაგზე გაირკვა, რომ ტალახი იქ ჩნდებოდა, სადაც ოფლი წარმოიშობოდა. ოფლი კი მხოლოდ თმიან ადგილებზე ფიქსირდებოდა.
ნუთუ ადამიანს შეუძლია საკუთარი სხეულიდან წარმოშვას ტალახი? ადამიანი ბიბლიის მიხედვით შექმნილია მოზელილი თიხისგან, ანუ ტალახისგან! მიწა იყავ და მიწად იქეც! მაგრამ ეს ბიბლიაა, მისტიკა, თეოლოგია, რელიგია და თუკი ნამდვილად მოხდა ასეთი რამ, ეს მოხდა მრავალი ათასი წლის წინ. მის მერე არსად წერია, რომ ტალახისგან შექმნილი ადამიანი გამოიმუშავებს ტალახს. ასე იყო დღემდე, ანუ მანამ, სანამ გურამი გამოჩნდებოდა.
მანამ, სანამ გურამი გამოჩნდებოდა?
– ცოცხალი ადამიანი ვერ წარმოშობს ტალახს, ის ჩნდება ჰაერიდან უხილავი ნაწილაკების სახით, რომლებიც სველ ადგილებს ეტანებიან, ოფლით გაჟღენთილ ტანსაცმელზე ილექებიან, ერთიანდებიან, იგლისებიან და საბოლოოდ ავლენენ თავის თავს, ანუ მოყავისფრო-მომწვანოდ ხილვადდებიან. ოფლიანობა რისი ბრალია? ოფლიანობა არის სიცხის ან ცუდი ვენტილაცია-კონდიცირების ბრალი. აქედან გამომდინარე, გურამი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონდიციონერები სახლში, მანქანაში და ოფისში გაუმართავად მუშაობდნენ და აუცილებელი იყო მათი სასწრაფო ტესტირება, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა, გამოცვლაც კი.
ტესტირებამ ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინა. ყველაფერი გამართულად მუშაობდა. საბედნიეროდ, ე.წ. ტალახი აღარ გამოჩენილა და გურამიც თითქოს დამშვიდდა, დაწყნარდა და ჩვეული ცხოვრების ფერხულში ჩადგა. სამსახური, საყვარელი, სახლი. სამსახური, მეორე საყვარელი ან მეგობრები, სახლი. სამსახური, აგარაკი, სახლი, ცოლი…
მაგრამ რაღაც მომენტში სამართებელივით გაჰკრა:
- კი მაგრამ, სამსახურში ოფლიანდებიან სხვებიც. მით უმეტეს, კონდიციონერი მხოლოდ მე მიდგას კაბინეტში და, შესაბამისად, სხვა, უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი თანამშრომლები ოფლში ცურავენ, თუმცა მათ ტანსაცმელს არც ჭუჭყის და არც ტალახისი ლაქები არ უჩნდება. უფრო მეტიც, ისინი ზურგს უკან „ტალახას“ მეძახიან. ეი, ტ ა ლ ა ხ ა! არა, არ მწყინს! არც შევიმჩნევ! მეძახონ, მოვითმენ! გულს ის მიმაგრებს, რომ „ტალახა“ თავისი შინაარსით და მდგომარეობით „განავალას“ ნამდვილად სჯობს. „განავალა“ კი ჩემი წინამორბედის სამსახურებრივი „ნათლობის“ სახელი იყო.
გარკვეული პერიოდი ისევ პანიკამ მოიცვა და მანიაკივით, ყოველ ჯერზე ლამის შიშვლდებოდა და გოჯა-გოჯა ისე ამოწმებდა ტანსაცმელს. ეძებდა ტალახის ნაკვალევს, მაგრამ არსად არაფერი არ ჩანდა.
- როგორც ვხვდები, ეს ტალახი ჩემგან ჩნდებდა! ესე იგი, რა გამოდის? ყველაფერი პირადი ჰიგიენის ბრალია. ანუ მე ადვილად ვჭუჭყიანდები, ეს აბინძურებს ტანსაცმელს. დღეში ორჯერ, და თუ საჭიროდ ჩავთვლი, სამჯერაც კი უნდა მივიღო შხაპი.
გადაწყვეტილებას საქმეც მოჰყვა. ყველგან, სადაც კი ჰქონდა ამის საშუალება, საშხაპე კაბინები დადგა. სამსახურში, საკუთარ კაბინეტში, ოფისის ოთხივე საპირფარეშოში, სახლში სამივე სართულზე, სარდაფში, აგარაკზე, საყვარლებთან, საძილე ოთახის გვერდით და ბოლოს მანქანისთვისაც კი შეიძინა მისაბმელი, რომელიც მინისაშხაპეთი იყო აღჭურვილი და ისე დადიოდა ქალაქში. შესაბამისად, მის სამსახურეობრივ ზედმეტსახელს „ტალახა“, დაემატა „დუშ“ და გამოვიდა „დუშტალახა“.
ამან შედეგი გამოიღო და გურამი სრულებით დაწყნარდა. მისი აზრით, ირგვლივ ყველაფერი დარეგულირდა და ადამიანურ ლოგიკას დაექვემდებარა. ჰოდა, გაურკვევლობასა და ალოგიკურობაზე გამარჯვებას მიუძღვნა გოგირდის ცნობილ აბანოში გარყვნილების საშუალო დონის ერთი ინტიმური შაბათი. ქალი, რომელიც გამოიწერა ამ საქმისთვის, სამ თვალნათელ ეპითეტს, ანუ ხატოვან განსაზღვრებას იმსახურებდა – უზარმაზარი, ვეებერთლა და დიდებული.
არც შემცდარა.
ნეტარების მწვერვალზე მყოფი გურამი იძირებოდა, ცურავდა, ხვანცალებდა, ხტუნავდა, ნარნარებდა, იხრჩობოდა ამ დიად, ვეებერთელა და დიდებულ გრანდიოზულობაში და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა…
ბოლოს კი, სექსუალურად გამძღარი და სასიამოვნოდ დაღლილი, მარმარილოს საწოლზე მიესვენა, თეთრ ტოგაში გახვეული რომაელი სენატორივით მილულა თვალები და ხმამაღლა იკითხა:
– …А ЧТО ПОТОМ?[1]
А ПОТОМ? – СУП С КОТОМ! – ორთქლით დაფარულ ავზზე ექოსავით გაისმა სირენასავით მომაჯადოებელი ხმა და გურამს სასიამოვნოდ დაბურძგლა. „А ПОТОМ“[2] იყო მანეკენი მექისე, ქერათმიანი, სქელტუჩება, ხაჭაპურივით გოგონა, რომლის გრძელი და ნატიფი თითები ზღაპრული ფრინველის ბუმბულივით ელამუნებოდნენ მის სხეულს და ახალ სურვილებს აღუძრავდნენ. თოთო ბავშვივით სუფთა და გაწკრიალებულმა გურამმა ამ ქალბატონის მკლავებში დაახრჩო გარყვნილი შაბათი და გაათენა კვირა დილა. ვნებებისაგან დაცლილმა მხოლოდ შუადღისთვის შეძლო ფეხზე ადგომა… სრულიად კმაყოფილი და თავდაჯერებული შეიმოსა, პელიკანის ნაბიჯით გაიარა საუნის გაწკრიალებული ჰოლი, გავიდა გარეთ, მოუკიდა სიგარეტს და მანქანაში ჩაჯდა. ჩაჯდა და, წესით, აქ უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი, მაგრამ ჰეპი ენდი არა და არ შედგა.
ჩაჯდა თუ არა გურამი თავის შავად მოელვარე „ვოლგაში“, ანუ გაზ-24 B-ში, ყველაფერი საშინელი სისწრაფით განვითარდა. მზეზე გაჩერებული მანქანა ძალიან გახურებულიყო და ამიტომ ოფლმა ესევე დაასხა. ოფლს იმწამსვე მოჰყვა ყავისფერი ლაქები, ლაქებს კი ტალახი, რომელიც სხეულის ყოველი ფორიდან მოჟონავდა, კბილის პასტასავით იწრიტებოდა და ჟღენთდა მის ტანსაცმელს. გურამმა სარკეში ჩაიხედა და თვალები გაუფართოვდა. მიმიკა, ნაკვთები სადღაც გაქრა და დარჩა მხოლოდ ეს გადმოკარკლული, გაოგნებული მზერა. სახეზე, წარბებზე, წამწამებზე, თავზე, ყელზე, ხელებზე, მკერდზე – სადაც კი თმის თუნდაც ერთი ღერიც ჰქონდა, ტალახი გამოსავალს პოულობდა და მოჟონავდა და მოჟონავდა. რამოდენიმე წამში სხეული მთლიანად დაეფარა ამ მოყავისფრო – მომწვანო მასით და მანქანიდან დროზე რომ არ გადმოსულიყო, ალბათ სკამები, საჭე და მთელი სალონი ტალახით გაივსებოდა.
ეს უკვე აღარ ეთქმოდა ტალახის უწყინარი ლაქები, რომლებიც მოჟონავდნენ და ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მალევე ხმებოდნენ. მათ ამჯერად ჭაობის, კანალიზაციის აშმორებული წყლისთვის დამახასიათებელი მყრალი სუნი ასდიოდათ.
გურამი განადგურებული, სრულიად დათრგუნული და წელში ცხრაჯერ მოკაკული გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. კარგა მანძილის გავლა მოუწია, სანამ ტალახშემხმარი კარზე დააკაკუნებდა და ცოლის გაოგნებულ სახეს დაინახავდა:
- ვაიმეეე! გურამ, რა მოხდა?
- რა მოხდა კი არა, რა მოგივიდა? – შეუღრინა ტალახადქცეულმა გურამმა – ნამდვილი გულშემატკივარი მეუღლე ასე დასვამდა კითხვას – რა მოგივიდა?
- რა მოგივიდა, გურამ? – შეცდომა გამოასწორა გურანდამ.
- ვერ ხედავ, გავტალახიანდი. – ირონიულად ჩაილაპარაკა ქმარმა.
- კი მაგრამ, სად?
- სუფთა კაცისთვის ტალახი ყველაზე ადვილი საპოვნია!
- მ ა ნ ქ ა ნ ა? – იკითხა გურანდამ.
- რა მანქანა?
- მანქანა ცოცხა… როგორ არის? დ ა ა მ ტ ვ რ ი ე?!
- არა, მანქანას არაფერი სჭირს! მგონი გავაფრინე! საკითხავი ისაა, მე რა მჭირს! – წარმოთქვა გურამმა, შემხმარი ტალახი თავიდან ჩამოიბერტყა და გულით მოუნდა შეგინება, მაგრამ ამის თავიც არ ჰქონდა. მწარედ გაიფიქრა – სიბინძურე ისეც მეყოფა, კიდევ რომ არ დავამატო!
იდაყვშემოყრილმა ცოლს გახედა და აბაზანისკენ წაჩანჩალდა. გზადაგზა კი მაკაგონის პარკეტზე ტალახიან ნაფეხურებს ტოვებდა.
- საით? საით წახვედი მაგ ჭუჭყიანი ფეხსაცმლით? – მკაცრად იკითხა გურანდამ.
- ფეხშიშველი ვარ! – იყვირა გურამმა და დემონსტრაციულად სათითაოდ დაანახა შიშველი ტერფები, – იდიოტკა! – მაინც ვერ შეიკავა თავი და მკვეთრი მოძრაობით შეაღო სააბაზანოს კარი.
გურამი აბაზანის დაორთქლილ სარკეში უყურებდა ჭუჭყის, ოფლისა და წყლისგან ზოლებად დასერილ სახეს და უხმოდ ტიროდა. მეათედ თუ მეოცედ საგულდაგულოდ დაბანილს სისუფთავის არაფერი ეტყობოდა. კაფელი, საშხაპე, ჯაკუზი, ყველაფერი ტალახით იყო დაფარული და რაც უფრო მეტად იხეხავდა ტანს, მით უფრო მეტად მოსდიოდა სხეულის ყოველი ფორიდან ეს დაწყევლილი, მყრალი და წებოვანი მასა.
- გურამ სასწრაფოდ გამიღე კარი! – უკვე მთელი საათია, არ ცხრებოდა ცოლი და მთელი ძალით აკაკუნებდა სააბაზანოს კარზე.
- რა გინდა?!
- გურამ, გამაგებინე რა ხდება?! – ფოლადივით ჟღერდა ქალის ხმა, – რატომ ხარ ამდენ ხანს აბაზანაში? რა ჩაიდინე? რა დააშავე?
- ა რ ა ფ ე რ ი!
- ახლავე გამიღე კარი!!!
- მაცალე! მაცალე! მაცალე! – ემუდარებოდა გურამი.
- გამიღე კარი.
- მაცალე ქალო, გთხოვ, მაცალე!
- გური, გეხვეწები, თუ გიყვარვარ, გამიღე კარი!
- რატომ?
- გურამ შენ რაღაც გჭირს… ნამდვილად რაღაც გჭირს?! გინდა სასწრაფოს გამოვიძახებ?
- არა, არ მინდა! არაფერი… არაფერი არ მჭირს გარდა იმისა, რომ ტალახი ვიყავ და ტალახად ვიქეცი! – „ტალახადვიქეცის“ თქმა იყო და ვეღარ შეიკავა თავი გურამმა და ქალივით აქვითინდა. მთელი ხმით აბღავლდა, ვულკანივით ამოხეთქა მისი სხეულიდან ტკივილმა, შიშმა, გაურკვევლობამ, რასაც მოჰყვა თანხვედრი ფეხების ბრახუნი, თმების გლეჯა, თავის კაფელზე ხათქუნი და მკერდში მჯიღების ცემა. შეშინებულმა გურანდამ სასწრაფო არა, მაგრამ საკმაოდ კარგი, ცნობილი და ძვირადღირებული ექიმები, ანუ საკუთარი მშობლები გამოიძახა.
მკურნალობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.
გურამი სრულებით ჯანმრთელი აღმოჩნდა. ანალიზები კამკამა, ექოსკოპია – სასწაული. გული – კოსმონავტის. დანარჩენი ორგანოები – აკრობატის. მადა – კაციჭამიის, მხოლოდ ნერვები ჰქონდა ოდნავ შერყეული, რაც მისი ე.წ. „ტალახიანობის“ ბრალი უფრო იყო, ვიდრე რაიმე სხვა ფაქტორებისა.
თვით ტალახის ანალიზმაც ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. არანაირი რადიაციულობა, არანაირი ტოქსიკურობა, ესეც კი სრულებით ნატურალური და ჯანმრთელი გამოდგა – საჭირო მინერალებითა და სასარგებლო მინარევებით საკმაოდ მდიდარი მასა.
- ჯანმრთელ სხეულში ჯანრთელი ტალახი! – იხუმრა საკუთარ თავზე გურამმა.
- ასეთ შლამს, ტალახს თუ მიწას გლეხი კაცი ნატრობს! – აღფრთოვანებულმა აღნიშნა ნიადაგის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგემ და ამავე დროს ქვეყნის წარმატებული საბოსტნე მეურნეობის მთავარმა აგრონომმა.
- სად არის ის მიწის ნაკვეთი, საიდანც ეს სინჯი მოიტანეთ? გთხოვთ მითხრათ და ვალში არ დაგრჩებითო, იხვეწებოდა ამ წარმატებული მეურნეობის დირექტორიც.
სიდედრ-სიმამრი სიძეს ხომ არ გაწირავდნენ, მხოლოდ მწარედ იღიმებოდნენ და მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ:
- ეს მხოლოდ ჩვენი გურანდიკოს ქმარმა, ჩვენმა სიძემ, გურამმა იცის და სამწუხაროდ, ჩვენთვისაც საიდუმლოა ამ მიწის წარმომავლობა და ადგილმდებარეობა!
- სიძემ? ჰოო, სიძე მურდალი ნათესავია!
ამდენი გამოკვლევებითა და ანალიზებით დაღლილმა და ნევრვებდაწყვეტილმა გურამმა ახტალის სანატორიუმში გადაწყვიტა დასვენება.
იქ როგორც იცით, ტალახით მკურნალობენ და, შესაბამისად, ორ ან სამ კვირას მშვიდ და წყნარ გარემოში გაატარებდა.
ტალახიან გარემოში დასვენებამ და სიტუაციის სრულმა ანალიზმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. გურამს იმედი და საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა. ამან კი გამოსავლისკენ მიმავალი გზა დაანახა.
- სხეულიდან სრულებით უნდა მოვსპო თმის საფარი, რადგან ტალახი სწორედ თმის ფორებიდან ამოდის და ამოდის იქ, სადაც თმის ძირებია! – გადაწყვიტა გურამმა და სახლში დაბრუნებისთავე სრული ეპილაცია გაიკეთა, წარბებიც კი არ დაიტოვა. ამის შემდეგ რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა… რამდეჯერაც და როგორადაც არ უნდა გაოფლილიყო, ტანზე და მით უმეტეს ტანსაცმელზე, ტალახის არანაირი კვალი აღარ ჩნდებოდა… მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა… ტალახმა გზა იპოვა და ამჯერად პირიდან გამოსდიოდა, ჯერ პატარ-პატარა ბურთულებისა და „ბუბლიკების“, მერე კი უკვე საკმაოდ მოზრდილ ბელტების სახით.
ასე ემართებოდა ყოველი ხანგრძლივი საუბრის, მონოლოგის, ტირადების ან სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდგომ.
თუკი არაფერს იტყოდა და მუნჯად იყო – არც არაფერი არ ხდებოდა.
- რატომ მე! მე რა შუაში ვარ? – უხმოდ კითხულობდა გამწარებული გურამი.
- სიტყვა მოდიოდა ადამიანისგან. ადამიანი მოდიოდ ტალახიდან, ამიტომ სიტყვა იყო ტალახი. ადამიანებმა დაკარგეს პირვანდელი მნიშვნელობა. სიტყვებმა დაკარგეს პირვანდელი მნიშნველობა და აზრი. უკვე სიტყვებიდან მოდიან ადამიანები. უკვე სიტყვებია ადამიანები და და ადამიანები სიტყვები. სიტყვები აღარ ატარებენ იმ თვისებებს, რისთვისაც შეიქმნენ… ტალახი კი დარჩა ტალახად. სამართლიანობა უნდა აღდგეს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს! ყველაფერი უნდა გაწონასწორდეს. ღირსეულად შეასრულე შენზე დაკისრებული მოვალეობა და დანიშნულება! – ეუბნებოდა ექოდ ქცეული „სხვა გურამა“ და სასოწარკვეთილმა „ტალახა – გურამმაც“ დაიჯერა თავისი მისია.
ამასთანავე, მას უკვე აღარ ტოვებდა იმის შეგრძნება, რომ გააფრინა და მთლად დალაგებული აღარ იყო.
„ატალახების“ შემდგომ გურამს ძალიან შეუყვარდა ლაპარაკი, საუბარი, მუსაიფი. როგორც კი თავის განუმეორებლობა და განსაკუთრებულობა დაიჯერა, გულით მიუდგა ამ ე.წ. „საქმეს“ და ჩეულებრივი დიალოგები გააჯერა ღრმად ფილოსოფიური მონოლოგებით, ბრძნული შეგონებებით და მახვილგონივრული ტირადებით. პირიდან ტალახის ამდენი ნთხევისგან ხმაც თავისებური გაუხდა, ხრინწიანი და ამავე დროს გუგუნა, სულში ჩამწვდომი.
მთავრდებოდა რიტორიკა და დგებოდა ტალახის რწყევა-ნთხევის ჟამი.
დასაწყისში ასწრებდა საპირფარეშოში შევარდნას, მაგრამ კანალიზაცია ამდენი ტალახისგან იჭედებოდა და გურამმა საყვავილე ქოთნები მოიშველია. თუმცა ეს რესურსიც ამოეწურა. ჯერ კაბინეტი და მერე მთლიანად ოფისი ქოთნებითა და მასში მოყვავილე უიშვიათესი მცენარეებით გაივსო. მთელ ქალაქში სახელი გაუვარდათ. ეწყობოდა ეკოექსკურსიები და მოდიოდა უამრავი დამთვალიერებელი, ცოტა ხანში მეზობელი სკოლებიდან ბოტანიკის გაკვეთილების ჩასატარებლად მოსწავლეების მოყვანაც დაიწყეს და იყო ერთი რიარია, რის გამოც ოფისს ჩვეულ მუშაობაში სერიოზულად ეშლებოდა ხელი.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ გურამმა შეწყვიტა ქოთნების ყიდვა, ყვავილების ნაწილი სკოლებს, ნაწილი კი მოსწავლეთა სასახლეს უსასყიდლოდ გადასცა და გემის ათტონიანი კონტეინერი შეიძინა. კაბინეტიდან ოცდაათსანტიმეტრიანი დიამეტრის პლასტმასის მილი პირდაპირ შიგნით ჩააყოფინა და საქმეც მოგვარდა. კვირაში ერთხელ ტალახით დატვირთული კონტეინერი სპეციალურ მანქანას გაჰქონდა ქალაქგარეთ და იქ, წესით, სადმე უკაცრიელ ადგილას უნდა ჩამოეცალა.
მანქანის მძღოლი წინდახედული და ჭკვიანი კაცი იყო. მას უკვე კარგა ხანია პატარა ბაღ-ბოსტანი ჰქონდა გაშენებული და ლამის სუნით არჩევდა ნაყოფიერ მიწას ბერწისგან. ჰოდა, ამ დალოცვილს, ეს ტალახი იმდენად მოეწონა, რომ ჯერ თავის ნაკვეთში დაყარა, მერე კი, როცა დაინახა, რომ აღებულმა მოსავალმა ყველანაირ მოლოდის გადააჭარბა, ახლომდებარე სათბურებსაც შესთავაზა მისი შესყიდვა. ააწყო საქმე. ფულს გადაყრაშიც იღებდა და გადასაყრელის გაყიდვაშიც. დღესდღეობით რაც წარმატებული სათბურებია ჩვენს ქალაქში და მის გარშემო, სულ ამ მიწით, ანუ ე.წ. ტალახითაა გაჯერებული…
სამყაროში არაფერი იკარგება – სიტყვებმა თუ აზრის გამოსათქმელად ვეღარ ივარგეს, ნოყიერ მიწად ხომ მაინც გამოდგნენ?
მოკლედ, ოფისიდან მიწის გატანა სარგებლიანი და სასიკეთო გამოდგა ყველასათვის… თუმცა, იქ, სადაც სარგებლია და სიკეთეა, რატომღაც ყოველთვის სპეცსტრუქტურები ჩნდებიან. ისინი ჩუმად, ლამის შეუმჩნევლად აკვირდებიან ყველაფერს და მერე აკეთებენ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ – სარგებლსა და სიკეთეს შიშითა და უნდობლობით ცვლიან. ჰოდა, დაინტერესდნენ ამ კონტეინერით, დააკვირდნენ, შეისწავლეს, რაღაც საეჭვო აღმოაჩინეს და მივიდნენ გურამთან, საკმაოდ თავაზიანად დაიბარეს გაუგებრობის გამოსაკვლევად:
- იცით რა გვაიტერესებს? რას თხრით ამდენს თქვენს კაბინეტში? ჩვენი ანგარიშით უკვე ათასზე მეტი კუბმეტრი მიწა გაიტანეს თქვენგან და თუ გვირაბი გაგყავთ, იმხელა გამოდის, რომ ჰელსინკამდე მაინც უნდა გქონდეთ გათხრილი!
- თქვენ საშინლად ცდებით! რა გვირაბი, რის გვირაბი?! – კანკალებდა შეშინებული გურამი, – რა მეგვირაბება მე უბედურს?!
- თქვენი ოფისი მინისტრთა საბჭოს გვერდითაა და თუ გვირაბი არ გაგყავთ, ამ შენობას უთხრით საძირკველს? – მეტი დაჟინებით ჩააცივდნენ საცოდავს. გაგიჟების ზღვარზე მისულმა გურამმა ნერვიულობისგან თავი ვერ შეიკავა და გული აერია. აერია, მაგრამ რა აერია?!
ტალახის სქელმა ფენამ მუხლებამდე დაფარა დაკითხვისთვის განკუთვნილი მოზრდილი კაბინეტი.
ნანახმა უფრო მეტად დააინტერესა სპეცსტურქტურები. შესაბამისად, ხანგრძლივი საუბარი უფრო მეტად პროდუქტიული, ხანგრძლივი და შინაარსიანი გახდა.
ამის შემდგომ გურამის კვალი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის. მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია: სუკ-მა (საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა) გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე, სადაც ნიადაგი მარილიანია და არაფერი ხარობს, სადაც წყალი არ არის და საკმაოდ მკაცრი კლიმატია ბაღ-ვენახის გასახარებლად, საკმაოდ დიდი მოცულობის საცდელი ბიომეურნეობა გააშენა.
ღმერთო ჩემო, რას არ ნახავთ იქ! – უიშვიათეს გადაშენებულ ან გადაშენების გზაზე მყოფ ფლორას:
კუდუპულის ყვავილებს, ბახრეინის ცხოვრების ხეებს, მათსაილის ფიჭვნარს, თუთიყუშის ნისკარტების ბაღებს, ნეფრიტის ვაზების ზვრებს, ჰიბრალტარის ალპურ ტარიებს, წითელ მედდლემისტების პლანტაციას, ჩინურ თაგვაფერას ბაღებს, ედელვაისების მინდვრებს, რაიმონდას პუიას ტერასებს, ვანილის, პურის და რძის ხეების ტყეს, კაკაოსა და ყავის ბაღებს და კიდევ გადაშენების პირას მყოფ ათას ეგზოტიკურ მცენარეს.
თითქმის ყველა სერიოზული და საქვეყნოდ ცნობილი სისხლისმღვრელი თუ მშვიდობიანი სპეცოპერაცია ამ მეურნეობიდან მოპოვებული თანხებით ფინანსდებოდა.
ეგრეა რა, როცა სიტყვა ტალახად იქცევა, მას აუცილებლად გამოიყენებს სუკ-ი ან მსგავსი სტრუქტურები.
სსრკ დიდი ხანია დაიშალა.
სუკ-ის მეურნეობა გაჩანაგდა.
ჩვენ კი, მისი მეგობრები, დღესაც დავეძებთ გურამს.
– გურამ სადა ხარ?
– გურამ, ძალიან გვჭირდები!
[1] რუს. – მერე რა იყო?
– მერე იყო კატის წვნიანი! (ამ შემთხვევაში – მერე იყო თავდავიწყება)
[2] რუს. – „მერე“
© არილი