ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

ქართული “სიყვარულის იმპერია” მწარე იაპონური “გრძნობათა იმპერიის” სანაცვლოდ

avelumi-500x500323
შოთა იათაშვილი
რეცენზია ოთარ ჭილაძის ”აველუმზე”
ოთარ ჭილაძის რიგით მეხუთე რომანი “აველუმი” ამ სამიოდე წლის წინ გამოიცა და აზრთა ისეთი სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორიც არცერთ მის ად…რინდელ რომანს არ გამოუწვევია. ერთნი მას მწერლის მორიგ და, შეიძლება ყველაზე დიდ წარმატებადაც კი თვლიან, სხვებს კი მარცხად მიაჩნიათ. სამი წელი, შესაძლოა, იყოს ის დრო, როცა უკვე შესაძლებელი გახდება ვნებათაღელვის გარეშე შევხედოთ ამ ნაწარმოებს და მკითხველთა შორის ასეთი რეაქციის მიზეზებიც ვიპოვოთ.ამის პირველი და ყველაზე გარეგნული მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ოთარ ჭილაძემ პირველად დაწერა “თანამედროვე რომანი” იმ აზრით, რომ პირველად მიმართა იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდა და ცხოვრობს, შექმნა თანამედროვე გმირი. “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”-დან მოყოლებული, სადაც მან მითოლოგიური საქართველო აღწერა, ის ნელ-ნელა მოემართებოდა თანამედროვეობისაკენ და აი, როგორც იქნა, მოაღწია კიდეც. თუმცა იგი ამ რომანში მხოლოდ დღევანდელობის აღწერით არ შემოფარგლულა. უფრო მეტიც, რომანის ძირითადი კორპუსი საბჭოურ პერიოდს ხატავს, დაახლოებით მისი ასაკის და, უნდა ვივარაუდოთ, დაახლოებით მისი თვისებების მქონე ადამიანს – ე. წ. “საბჭოთა ინტელიგენტს”, “საბჭოთა მწერალს”, რომელიც სინამდვილეში არაა არც საბჭოთა ინტელიგენტი და არც საბჭოთა მწერალი, მაგრამ არც აშკარა “ანტისაბჭოთა ელემენტია”.მსგავსი გმირების ნაკლებობას საბჭოთა პერიოდშიც კი არ უჩიოდა საბჭოთა მწერლობა, მაგრამ ოთარ ჭილაძის მიერ დახატული პერსონაჟი მაინც ბევრი რამით განსხვავდება მათგან, პირველ რიგში კი განსხვავდება იმ ინტიმურ-რეფლექსიური დამოკიდებულებით, რომელიც ავტორს აქვს გმირისა და იმ ეპოქისადმი, რომელშიც ისიც და მისი პერსონაჟებიც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. სხვათაშორის, ეს გვერდიგვერდ ყოფნა და ერთმანეთში აღრეულობა, რასაც ადგილი აქვს მთელი რომანის მანძილზე, განსაკუთრებით კი მის დასაწყისში, ასევე გასაგებია. ავტორის დამოკიდებულებას გმირისადმი რომანში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ეს ხდება იმიტომ, რომ, როგორც მე მეჩვენება, ამ ტექსტის დაწერა ოთარ ჭილაძისათვის იყო აუცილებელზე აუცილებელი, ეგზისტენციალური აქტი. ახალ ეპოქაში, ახალ საზოგადოებაში, ახალ მენტალურ სივრცეში გადატყორცნილი მწერლისათვის მწერლური და ადამიანური სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა, გადაეხედა მთელი განვლილი ცხოვრებისათვის და დაენახა მისი და მისნაირი ადამიანების ცხოვრების წესი ისეთ აბსოლუტურ კატეგორიებთან მიმართებაში, როგორიცაა თავისუფლება, სიყვარული, სიმამაცე და ა. შ. ოთარ ჭილაძემ მოახერხა ეს: შეექმნა სისხლითა და ხორცით სავსე და, ამავე დროს, განზოგადებული სახე იმ პერიოდის ინტელიგენტისა, ხოლო ასეთი სახის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ ავტორმა მიიღო სრულიად სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება, რამაც რელიეფურად დაანახა ის სივრცე, რომელშიც ადრე მოქმედებდა თუ მოღვაწეობდა.ყველაზე უფრო დამაჯერებელი, მაღალმხატვრული და ყველაზე უფრო ჭილაძისეულიც რომანის სწორედ ეს ფრაგმენტებია. აველუმის ურთიერთობები ფრანსუაზასთან, სონიასთან, მელანიასთან სულმოუთქმელად იკითხება. შესანიშნავია რომანის გამჭოლი მოდელი: აველუმის მიერ აშენებული “სიყვარულის იმპერია”, რომლითაც იგი საბჭოთა იმპერიას უპირისპირდება. თავისუფლების ყველაზე რადიკალური გამოვლინება მისთვის “სიყვარულის იმპერიის” შექმნა და ამ იმპერიაში იმპერატორად თავის წარმოდგენაა. ალბათ, არაერთი ქართველი საბჭოთა მოქალაქე იცნობს თავს აველუმში, მაგრამ შეიძლება, მათთვის აღმოჩენა იყოს ის, რომ თურმე მათი სწრაფვა შორეული სასიყვარულო თავგადასავლებისაკენ თავისუფლების არაცნობიერ აქტს წამოადგენდა. ის, რაც, როგორც წესი, ელემენტარულად სექსუალური ენერგიის გამოვლინებად ითვლებოდა ხოლმე, ოთარ ჭილაძის რომანში სხვანაირადაა გააზრებული და თეორიული საფუძვლებითაა გაფორმებული. მაშინ, როცა დასავლეთში სექსუალური რევოლუციის ბუმი იდგა და ეს ბუმი დასავლური თავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წახნაგად მოიაზრებოდა, აქ, ჩვენთან, ადამიანები სიყვარულის ძალუმი მუხტით გაკეთილშობილებულ ლოკალურ “სექსუალურ ცუღლუტობებს” სჩადიოდნენ და ამას, დასავლელთა მსგავსად, გულის სიღრმეში თავისუფლების ერთ-ერთ და, ვინ იცის, იქნებ ერთადერთ წახნაგად სახავდნენ.რამდენადაც არაცალსახა, ფერადოვანი და ემოციურად მართალია აველუმის საბჭოური პერიოდის ცხოვრების ამსახველი პერიპეტიები, იმდენადვე ამ თვისებებს მოკლებული ჩანს რომანის ის მონაკვეთები, სადაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობიდან მოყოლებული პერიოდია აღწერილი. აქ ოთარ ჭილაძემ მხატვრულ ხერხად იმ პერიოდის პრესის მყვირალა, ბრტყელი და ზოგადობას მოკლებული ენა აიღო. ჭილაძე ქმნის კოლაჟს საგაზეთო ამონაჭრებით და ამით ცდილობს, იმ პერიოდის სული გვაჩვენოს. მსგავსი “ჰიპერდოკუმენტალიზმი”, რასაც ძირითადად ახალგაზრდა თაობის ავტორები მიმართავენ ხოლმე და რაც პუბლიკაზე ეპატაჟური ხასიათის ზემოქმედების სურვილითაა გამოწვეული, ჭილაძისათვის მეტად არაორგანული აღმოჩნდა. ეს არაა ის მასალა, რომლითაც ოპერირება მას ეხერხება. ასეთმა ხერხმა საჭირო ეფექტი რომ მოახდინოს, უნდა მოხდეს მასალის ფილიგრანული შერჩევა, გროტესკის თუ პაროდიის მაქსიმალურად ამუშავება, სახეების თვით სიურეალისტურ სახეებამდეც კი გამძაფრება. ჭილაძის კოლაჟებში მსგავსი არაფერი ხდება. თანამედროვე პრესის ვულგარული ენა და კლიშეები თითქმის უცვლელადაა გადატანილი რომანში და თანაც განსაკუთრებული მონტაჟური ორიგინალობის გარეშე. აქ მხოლოდ ავტორისეული მიუღებლობა ჩანს იმ სამყაროსი, რომელშიც ის უეცრად აღმოჩნდა. ხოლო ამის ფონზე კიდევ უფრო სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ჩანს ის გვერდები, სადაც ავტორი აველუმის საბჭოურ ცხოვრებას აღწერს. შესაძლოა, გამოითქვას მოსაზრება, რომ ავტორს სურდა სწორედ ამ ეფექტისათვის მიეღწია, კონტრაპუნქტის მეშვეობით ეჩვენებინა, თუ რამდენად განსხვავებულია მის მიერ აღწერილი ეს ორი სამყარო. შესაძლოა, მაგრამ შედეგი, ამ შემთხვევაში, ისეთი არაა, როგორიც ოთარ ჭილაძეს შეშვენოდა.თუკი საბჭოური პერიოდის მეტაფორად შესანიშნავად მუშაობს აველუმის ”სიყვარულის იმპერია” და ამ ტერიტორიის შიგნით განვითარებული მოვლენები, პოსტსაბჭოური პერიოდის მეტაფორად პრესის ამონარიდების აღება მეტისმეტად სწორხაზოვან გადაწყვეტილებად გამოიყურება. მეტსაც ვიტყვი, მეჩვენება, რომ ეს ფრაგმენტები არათუ ვერაფერს მატებს რომანს, არამედ აფუჭებს კიდეც მას. განსაკუთრებით ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ამ პასაჟებს მიბმული ავტორისეული ცალსახა ”ურაპატრიოტული” გამოხდომები, რომლებიც თითქოს ისევ პრესის კლიშეებადაა წარმოჩენილი, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ მათ ავტორისეული ხმა ერთვის თან. მხატვრული ნაწარმოები რომ პუბლიცისტური სტატია არ არის, ეს ოთარ ჭილაძემ, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ რატომღაც ვერ გაურბის ცდუნებას, ”დაუფარავად” რომ არ გამოხატოს თავისი პოლიტიკური პლატფორმა. ასეა თუ ისე, ოთარ ჭილაძემ ვერ შეძლო ოთხმოციანი და ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოს განზოგადებული და მაღალმხატვრული სურათი დაეხატა, მაშინ, როდესაც იმავე ნაწარმოებში ერთი ადამიანის პირადული, ინტიმური ცხოვრების ჩვენებით საბჭოური ფსიქოლოგიის არაჩვეულებრივი ანალიზი მოგვცა.ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდა ოთარ ჭილაძის ბოლო რომანის არაერთგვაროვანი შეფასებების ძირითადი მიზეზი. მკითხველთა ნაწილმა, რომელსაც უყვარდა და შესისხლხორცებული ჰქონდა ”ძველი ჭილაძე”, ვერ მიიღო მისი ასეთი ფერისცვალება. ზოგს კი სწორედ ის მოეწონა, რომ ჭილაძემ ბოლოს და ბოლოს აქტუალური თემების დამუშავებასაც მოჰკიდა ხელი. ორივე მხარე თავისებურად მართალია, მე კი, რაც არ უნდა არ მაკმაყოფილებდეს ამ აქტუალური თემების დამუშავების ხარისხი, მაინც ვთვლი, რომ ეს მისი ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ტკივილიანი და, შეიძლება, საეტაპო წიგნიც კია. ყოველ შემთხვევაში, ”აველუმი” მეტად წინააღმდეგობრივი წიგნია, როგორც შინაარსობრივად, ასევე, ფორმისეულად, ენობრივად.დაბოლოს, ერთი ტექნიკური ხასიათის შენიშვნაც: წინა რომანებთან შედარებით ”აველუმი” ცოტა უფრო დაუდევრად დაწერილი მომეჩვენა. თითქოს ეპოქის აჩქარებულმა რიტმმა ისეთ მშვიდ მწერალზეც კი, როგორიც ოთარ ჭილაძეა, გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და ბოლომდე გაუშალაშინებელი ნაწარმოები გამოაშვებინა ხელიდან. რატომღაც მგონია, ავტორი კიდევ ერთხელ საფუძვლიანად რომ ჩასჯდომოდა ამ ექვსასგვერდიან ტექსტს, იგი ასე, ოთხას გვერდამდე დაიწურებოდა, პირველიდან ბოლო სტრიქონამდე ჭილაძისეული ”საფირმო” ქართულით ამეტყველდებოდა და ნამდვილ რომან-შედევრს მივიღებდით. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისევ ”ძველი ჭილაძის” ახალი ვარიაცია მიგვეღო, ახლა კი ჩვენ ”ახალი ჭილაძე” გვაქვს ხელთ და ეს, ჩემი აზრით უაღრესად საინტერესოა.
Facebook Comments Box