პოეზია

ნუგზარ ზაზანაშვილი – ლექსები

 

***

კორონავირუსობის ჟამს

შეპენჰაუერიდან

 

 

ერთ მშვენიერ დღეს,

ყველა ადამიანი რომ ამოწყდეს –

დაწყდებათ გული

ამ წყაროს,

ამ ხეს,

ამ ბუკნაჭოტს?

 

***

რაღაცამ შემაწუხა ძილში

გამეღვიძა

ჩავრთე საწერ მაგიდაზე

დამაგრებული სანათებელი

ჩავიწერე:

 

შიშს

შეიქმს

სიყვარული

 

***

კორონავირუსობის ჟამს

ჰესეს “ტრამალის მგელი”-დან

 

რამდენი ხანია არ მიცეკვია…

 

კარგი მოცეკვავე არასოდეს ვყოფილვარ –

პლასტიკურობა მაკლდა,

მაგრამ მელოდიას და რიტმს ვგრძნობდი

და სიამოვნებით ვეცეკვებოდი ხოლმე

ნელ ცეკვებს ახალგაზრდა

და არც ისე ახალგაზრდა ქალბატონებს.

 

როდის ვიცეკვე ბოლოს?

აღარც კი მახსოვს,

ალბათ ასე ოცდახუთი წლის წინ.

 

მეოთხედი საუკუნეა არ მიცეკვია…

 

არადა, მიყვარდა ცეკვა, მინდოდა

კარგი მოცეკვავე გავმხდარიყავი,

საბავშვო ბაღის დროიდან,

ვარანცოვზე, “მოდელების სახლის”

მესამე სართულზე რომ იყო მოწყობილი,

სადაც ყოველ დღე, თითო საათი,

წრეში წყვილ-წყვილად ჩამდგარებს

ქართულს გვაცეკვებდნენ

4-5 წლის ბავშვებს.

 

ვერა, ვერ გავხდი კარგი მოცეკვავე.

 

მერე რა?!

მაინც ვიცეკვებ! –

როგორც შემიძლია, ისე ვიცეკვებ,

მით უფრო – ახლა კარგი დროა

საცეკვაოდ, ზედგამოჭრილი დროა –

ეპიდემია:

მთელი დღეები სახლში ვზივარ –

 

აი, ახლა ავდგები

და დავუვლი!

 

 

განჯინა

 

სადაური სიტყვაა – “განჯინა”?

 

მახსოვს ჩვენი განჯინა – პატარა მღვიმე,

ძველი, პატარა სახლის, პატარა ოთახის

კედელში.

 

ლოგინის რამე-რუმეს ინახავდა

განჯინაში დედა –

ლეიბებს, საბნებს, ბალიშებს

და მართლა მღვიმესავით მყუდრო იყო

განჯინა, მყუდრო და თბილი.

 

და მე მიყვარდა ეს სიმყუდროვე –

მიყვარდა განჯინაში შემალვა

და კოტრიალი…

მთლად არ ბნელოდა –

ხის თხელი კარები მჭიდროდ არ იხურებოდა

და ღრიჭოებიდან ყოველთვის აღწევდნენ

შუქის ზოლები…

 

განჯინა…

სიტყვაღა დარჩა…

მყუდრო და თბილი სიტყვა –

“განჯინა”,

რომლის წარმომავლობის გარკვევასაც

ვცდილობ ახლა…

 

რისთვის ვცდილობ?..

 

 

***

საღამოს ბაღი კიდევ სხვაა,

შეღამებულზე,

ლამპიონების დაბინდულ-მოყვითალო შუქში…

 

ჩამოვჯექი.

გავაბოლე…

და ვხედავ 90-ს მიტანებულ ნაცნობ პროფესორს –

ვარჯიშობს, “დარბის”, მორბენალივით ხელები

მკლავებში მოუხრია და ფეხებს მიაჩოჩიალებს,

მიბარბაცებს, მთვრალივით მიბარბაცებს –

გეგონება, აი, ახლა წაიქცევაო…

ასე, აბარბაცდება და ჩამობარბაცდება

ბაღის მოასფალტებულ ბილიკებზე…

სიკვდილს გაურბის…

 

ხასიათი გამიფუჭდა.

ამ დროს ორი პატარა ბიჭის კივილი გაისმა:

“აბრაკადაბრა, აბრაკადაბრა!”

(ნეტავ, ვინ ასწავლა ეს სიტყვა?),

ერთ-ერთი ინტერპრეტირებს კიდეც –

“აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა”

და ასე, ძმაბიჭურად ხელიხელგადახვეული,

დადიან აქეთ-იქით…

 

ვბრუნდები სახლში და ლიფტთან გამოკრულ

განცხადებას ვამჩნევ:

“გარდაიცვალა ამირან ებრალიძე”…

ახალგაზრდებს არ ახსოვთ – ჩვენს დროს

დიდად პოპულარული საესტრადო

მომღერალი და საყვირზე დამკვრელი,

ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ

“დიელოს” ლიდერი… ერთი “ორერა” იყო

და მეორე – “დიელო”…

 

და მართლაც –

აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა,

აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა

 

 

***

უცნაური გრძნობა მიპყრობს,

როცა გარდაცვლილი მეგობრის

ფეისბუქ-გვერდზე მოვხვდები ხოლმე…

ულოცავენ დაბადების დღეს…

გეგონება, ამ ვირტუალურ სივრცეში

ისევ გრძელდებოდეს მისი არსებობა…

 

უცნაური გრძნობა – რაღაც საშუალო

შეცბუნებასა და შეძრწუნებას შორის:

ვხედავ, რომ სიკვდილამდე ორი-სამი

დღით ადრე დაუპოსტია რაღაც,

რაც არც ჯანმრთელობას ეხება,

არც სწრაფწარმავლობას,

არც სიკვდილის შიშს –

პოლიტიკაზე ან სპორტზეა პოსტი,

ან ნანახ ფილმზე, ან რამე ასეთზე…

 

ეტყობა, უნდა გაითავისო,

რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ხარ:

ბავშვობაში ერთი ხარ,

სიყმაწვილეში უკვე სხვა ადამიანი ხარ,

ახალგაზრდობაში კიდევ – სულ სხვა,

შუაწლებში, სიბერის პირზე…

 

ასე მგონია, ამის გათავისებას თუ შევძლებ –

გარდაცვლილთა ფეისბუქ-გვერდებსაც

უფრო მშვიდად აღვიქვამ…

 

მაგრამ მე მაინც გავაუქმებ ჩემს გვერდს

სიკვდილის წინ,

ან თუ ვერ მოვასწარი –

ა ბატონო, დამიბარებია –

გააუქმეთ!..

 

 

***

ლექსის დაწერა მომინდა

 

ვზივარ Wendy’s-ის წინ

და ვწრუპავ ცივ ლატეს…

რითმა ჯიუტია –

მოითხოვს “პილატეს”…

 

თუმცა პილატეს დროს

სად იყო ლატე?

არა, რძე კი იყო –

“რძე უყვართ კატებს”…

 

არ არის მართალი –

რძე კატებს არ უყვართ…

აგე, ფისუნია

გზას შიშით გაუყვა

 

და კიდეც, ბაც და,

გაჭყლიტა მანქანამ –

არც დაამუხრუჭა

და არც დაახანა…

 

მეზობელი მაგიდიდან

წამოხტა გოგონა,

მივარდა გაჭყლეტილს,

ტროტუარზე ამოიყვანა,

დაასვენა ხესთან,

დახედა და უკან მობრუნდა –

მკვდარია ფისუნიაო…

 

და გოგონამ გააგრძელა

საუბარი მეორე გოგონასთან,

რომელიც არ წამომხტარა,

იჯდა და გაჰყურებდა ჩემსავით…

 

ცხელი ივლისია,

ცხელი საღამოა,

მაგრამ ეს ნიავი

ერთობ საამოა

 

და ტროტუარებზე

მოძრაობენ ახალგაზრდები –

თბილისისთვის ახალი –

მოტორიანი “სამაკატკებით”,

რასაც ინგლისურად თურმე

სკუტერი ჰქვია…

 

***

კატას ტყუილად ვარქმევთ სახელს –

კატას სახელი არ ეყურება…

და მაინც ვარქმევთ

 

 

***

რომან თოლორდავას

ყოჩივარდას ფოტოპორტრეტის

თვალიერებისას

 

რა იქნებოდა, ეს არსება

რომ არ არსებულიყო?

 

არც არაფერი…

მაგრამ რომ არსებობს –

მშვენიერია…

 

***

ჩემს ჩემნაირ მეგობარს

 

ლოთიანად, ერთი მითხარი, ძმაო, –

 

ღვინის სმისას ასე არაა? –

ერთ ბოთლს რომ გაცდები –

მეტი და მეტი გინდა,

ვიდრე “თიში” დაგემართება…

 

ლოთიანად, ესეც მითხარი, ძმაო –

 

სიცოცხლეც ასე არაა? –

60-ს რომ გაცდები  –

მეტი და მეტი გინდა,

ვიდრე “თიში” დაგემართება…

 

უბრალოდ

კიდევ

გინდა

 

ლოთიანად

 

 

***

აგვისტოა: გონიოში

დროა საარხეინო,

შიშველ-ტიტველ გარემოში,

პლაჟზე მტრედი სეირნობს.

 

დასეირნობს თეთრი მტრედი,

თან დაეძებს ნამცეცებს –

ასეთია ჩემი ბედიც,

მეც ნამცეცებს დავეძებ…

 

დავეძებ და არც კი ვიცი –

რად მინდა ან რა მინდა?..

მტრედმა იცის, აკენკა და

თეთრი

მტრედი

გაფრინდა…

Facebook Comments Box