კონტრასტული შტრიხების პოეზია
გაგა ნახუცრიშვილი. გამგზავრება და მოლოდინი. მხატვარი თეონა მამფორია. რედაქტორი იასე ცინცაძე. თბ. “საარი”, 2002.
გაგა ნახუცრიშვილის ლექსებში აღბეჭდილი ვნებათაღელვა, ბოჰემა, სულიერი ფორიაქი 20-იანი წლების ქართული ლირიკის ასოციაციას აღძრავს. შეიძლება ეს კავშირი თუ თანხვედრა ზოგადი და არაფრისმთქმელი იყოს, მაგრამ თუკი ამგვარი რამ ნამდვილად არსებობს, არც აქ არის რაიმე დასაძრახი: “ედგარ პო, ყორანი, / მორალი – / წარსული მუსიკის / უსიტყვო და ძველი ფორანი”.
წარსული მუსიკის ჰანგები მართლაც ხმიანებს კრებულში “გამგზავრება და მოლოდინი” და ყოველივე ამას ახლავს თან ავტორის პიროვნულ-ინდივიდუალური შტრიხები. ეს პიროვნული ნიშნები ერთგვარ სიმსუბუქეს, “მიწიერებას”, პროზაულობას, ირონიანარევ ელფერს სძენს ლექსებს. ასეთია, ვთქვათ, “ძველი” ინტონაციით დაწერილი “ახალი” ლექსი: “ახედე ვარსკვლავებს, რომელნიც არ ჩანან, / ოცნება გეყოფა! / ჩადიხარ კიბეზე, ჰაერი ცივია / სხვა დადგა ეპოქა. / გამქრალი სიზმრები და ღამე შიშველი / ეძახის ფანტომებს / დაცლილი ბოთლები და შარვლის ტოტები / არაფერს გაგონებს”.
საერთოდ გაგა ნახუცრიშვილის ლექსებისთვის დამახასიათებელია მაღალის და მდაბალის, მიწიერის და არამიწიერის, ოცნების და ირონიის ნაზავი. ზოგჯერ კი რაღაც დიდი, ყოვლისმომცველი სისუფთავის წყურვილი ტანჯავს პოეტს და ასეთ დროს ამაღლებული და არამიწიერი სძლევს პროზაულს და იბადება ასეთი სტრიქონები: “ის მოდის ჩუმად, / როგორც ქურდი ან საყვარელი, / ან ნამთვრალევი / გრძნობების ჩქამი, / ის მოდის ჩუმად, / უფრო ხშირად / ის მოდის ღამით, / და რომ იცოდეს, – / როგორ გავსვრით, / აქ აღარ მოვა!.. / და იქნება ცამდე მართალი / ის – / მარტოობის თეთრი სარდალი, / სახელად თოვა!..”
ჩემზე პირადად ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს გაგა ნახუცრიშვილის ის ფრაზები, რომლებიც ემოციურად და ფსიქოლოგიურად ზუსტია. ამგვარ სიზუსტეს ინტუიციით გრძნობს მკითხველი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ვთქვათ ასეთია ამ სტროფის ბოლო სტრიქონი: “ქალები იცვლიდნენ თმის ფერს, / დღიურში ყვავილებს ახმობდნენ, / ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს, / უბრალოდ თავისთავს ართობდნენ”.
წაკითხვისთანავე მენიშნა – ქალები ხშირად იმ უბრალო მიზეზით აკეთებენ რაღაც-რაღაცებს, რომ საკუთარი თავი გაართონ. რა თქმა უნდა, შეიძლება საამისოდ მათ მოწყენილობა უბიძგებს, მაგრამ ეს ფაქტია.
მომწონს ასეთი ფრაზაც: “იყო სულელი ბედნიერება / და სულელურად ბოროტი ჟამი. “სულელურად ბოროტი” ნამდვილად არსებობს – ჟამიც და ადამიანიც. სულელურია ის ბოროტება, რომელიც არაფრით არ არის ნაკარნახევი და ამავე დროს არავითარ მიზანს არ ემსახურება (რა თქმა უნდა, ბოროტება არც სხვა შემთხვევაშია გამართლებული, მაგრამ სხვა დროს შეიძლება იყოს “მზაკვრული”, “სასტიკი”, “ვერაგი”, ოღონდ არა “სულელური”).
გაგა ნახუცრიშვილის ლექსთა ერთი ნაწილი განწყობილებისმიერ ქარგაზეა აღმოცენებული. განწყობილება რამდენიმე შტრიხით იხატება. სხვათა შორის, ამ მყისიერი მდგომარეობის ლექსში მოქცევას საკმაოდ კარგად ახერხებს ავტორი: “ქალები, ტუზი, / და ისევ ტუზი, / სამწუხაროა გაქცევა მუზის, / როცა გარეთ წვიმს… / ნუ გაშლი ქოლგას, / მოუსმინე, რას ამბობს წვეთი, / წვიმის წვეთი / და ნურაფერი / ნუ გინდა მეტი”.
გაგა ნახუცრიშვილის ლექსწერა ზოგჯერ მთლიანად ასოციაციურ აზროვნებაზეა აგებული. ასეთია ვთქვათ, ლექსები “ნაცნობი სურათი” და “მთვარის რიტმი”. ამ ლექსებში თითქოს წყვეტილი ფრაზებია, მოკლე შტრიხები, მოულოდნელი განათებები. და ამავე დროს: აქ არის რეალობა და ფანტასმაგორია, სინამდვილე და სიზმარი არეული ერთმანეთში.
ცალკე განხილვის ღირსია პოეტის მიძღვნითი ლირიკა. აი, ვთქვათ ლექსი, რომელიც ეძღვნება ამერიკელ მწერალს ჯერომ სელინჯერს: “რას ეუბნება კედელი კედელს? / რასა და ვდგავარ უძრავად ასე, / კუთხეში ალბათ შევხვდებით შემდეგ, / ასე, ნუღარ იკითხავ რაზე. / რას ეუბნება კედელი კედელს? / რასა და, ძმაო, შენთან ვარ თითქმის, გიპოვნე მგონი და მაინც გეძებ… / ტბა გაიყინა, გაფრინდა იხვი”.
ამ ლექსში უშუალოდ მოთხრობიდან აღებული ფრაზაა გამეორებული. აქ ერთი სტრიქონი: “გიპოვნე მგონი და მაინც გეძებ…” გამოხატავს ლექსის მთელ დედააზრს. ეს სტრიქონი აზრისმიერი ნათელი სხივივით ანათებს მთელ ლექსს. დანარჩენ ნაწილში კი ემოციური ფონია წარმოჩენილი, მარტოობის ძუნწი შტრიხებით დახატული განწყობილებაა დაფიქსირებული.
აქვე არის ლექსები მიძღვნილი ეგზიუპერისადმი, მოდილიანისადმი, ლორკასადმი. შთამბეჭდავია ესპანელი პოეტის ტრაგიკული ხვედრით ნაკარნახევი ასეთი გამონათქვამი: “მე ამაყი ვარ იმისთვის, რომ თავი დავინდო”, ან ასეთი წამოძახილი: “სადღაა რწმენა, როცა მლიქვნელს უჭირავს დროშა, / და, როცა მოდის შეგნებული, ტლანქი სიბნელე”. ან კიდევ ამგვარი სურათი: “მერე საფლავთან ცრემლიანი კარტს გაშლის ბოშა, / ის იგრძნობს როგორ გადამშალეს და გამიმეტეს”.
ძალზე უცნაური მდგომარეობაა დაფიქსირებული ლექსში “მოჩვენებები”. ფორმის თვალსაზრისით ლექსი შეკრულია და კონცენტრირებული. რითმა ძალდაუტანებლად, ოსტატურადაა გამართული. არაფერი აღარ არის მოჩვენებების გარდა. ეს ფაქტობრივად არყოფნაა, ოღონდ მოჩვენებების ნიშნით აღბეჭდილი. სხეული კარგავს შეგრძნების უნარს, ქრება შიმშილი და წყურვილი. ყველაფერი დროის და სივრცის მიღმა ხდება. ხდება კი რამე? მე მგონი, არა. სიწყნარე სუფევს და სიცარიელე: “სხეული გაქრა. სხვა დროა უკვე. / სილუეტს აღარ სჯერა ვნებების, / აღარც სიბრტყეა და აღარც კუთხე / მოჩვენებები. მოჩვენებები. / აღარც შიმშილი. აღარც წყურვილი. / აღარც ავდარი და აღარც დარი. / არც სიყვარული, არც სიძულვილი. / აღარც მზე. აღარც გიჟური ქარი” და ა.შ.
ვერ ვიტყვი, რომ ეს ლექსი უჩვეულოა გაგა ნახუცრიშვილის პოეზიისთვის, მაგრამ სიმკაცრით, ფილოსოფიური წვდომის ჟინით, ყოფიერების მიჯნათა დალაშქვრის სურვილით აქ პოეტი თავის სხვა ნაწარმოებებს აშკარად აღემატება. უჩვეულო მდგომარეობა ხელშესახებადაა გადმოცემული.
გაგა ნახუცრიშვილი კარგად ფლობს კონვენციურ ლექსს. ზუსტად არგებს სათქმელს რიტმს, ინტონაციას. კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას დაუთმობს ზოგჯერ რითმას, რომელსაც არა უბრალო, არამედ განსაკუთრებული აზრობრივი, შინაარსობრივი და სხვა ფუნქციები აქვს ლექსში.
ზოგჯერ პოეტი მელოდრამატულ განწყობილებას ქმნის, მაგრამ ერთი ან ორი ტრაგიკული ტონალობით აღბეჭდილი ფრაზა აქარწყლებს მყისიერ სიმსუბუქეს და სიღრმისეულობას ანიჭებს სათქმელს.
გაგა ნახუცრიშვილის ლექსებში კონტრასტული შტრიხები, პარადოქსები, ნაღველით და ირონიით შეფერილი სტრიქონები, სინათლე და წყვდიადი ერთმანეთშია გადაქსოვილი. თავისებური სიმბიოზი უჩვეულო შთაბეჭდილებას ქმნის.
© “წიგნები – 24 საათი”