თარგმნა დათა ხარაიშვილმა
“მესიე ბუნიუელი? – არც თუ მეგობრული მზერით შეგვათვალიერა სასტუმრო L’Aiglon-ის შესასვლელში დახლს იქით მდგომმა ხნიერმა ქალბატონმა — “ის აქ არ ცხოვრობს”.
მეგობარმა აუხსნა, რომ შეხვედრა გვქონდა დანიშნული; ქალი კვლავ ეჭვნარევი სახით დაწვდა ტელეფონს, ნომერი აკრიფა და ვიღაცას რაღაც ჰკითხა. დიახ, შეგვეძლო, ავსულიყავით. მესიე ბუნიუელი მეოთხე სართულზე გველოდებოდა. ლიფტში ჩემმა მეგობარმა მკითხა, როგორი წარმომედგინა ბუნიუელი, მივუგე, რომ იგი სამი წლის წინ, ერთადერთხელ, სულ ერთი წუთით ვნახე. მთხოვეს, რაფაელ ალბერტი მიმეცილებინა Radio Paris-ში და როცა ამავე სასტუმროში მის მოსაკითხად მოვედი, ბუნიუელიც მაშინ შევნიშნე. იგი თავისივე ხნის მამაკაცს ემშვიდობებოდა და ჩახუტებულს უმეორებდა: “გაციებას უფრთხილდი, რაფაელ”. ალბერტი კი როყიო ხმით პასუხობდა: “მალე გნახავ, ლუის”. მოგვიანებით შევიტყვე, რომ სწორედ ეს ლუისი იყო ლუის ბუნიუელი. “ცოტა დაყრუვდა, მარჯვენა ყურში თითქმის არ ესმის” – მითხრა მეგობარმა. “ეცადე, მისგან მარცხნივ დაჯდე და ხმამაღლა ილაპარაკო”.
კარი გააღო მაღალმა, ქერა, ათლეტურმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ესპანურად მკვეთრი ინგლისური აქცენტით საუბრობდა. მეგობარმა ამიხსნა, რომ ეს იყო ბუნიუელის უმცროსი ვაჟი, რამდენიმე პიესის ავტორი, რომელმაც განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო. ახალხან დაბრუნებულიყო თურქეთიდან, სადაც მოტოციკლეტით ემოგზაურა.
სანამ ბუნიუელის ვაჟი და ჩემი მეგობარი რამდენიმე სიტყვას გაცვლიდნენ, თვალი ინტერიერს მოვავლე: პატარა, თანამედროვე და მოხდენილ მისაღებში შავ-თეთრ ზოლებიანი ხალიჩა დაეგოთ (“პანტერის ტყავია” – აღნიშნავს მოგვიანებით ბუნიუელი), ვიწრო გასასვლელით გავედი მეორე ოთახში, რომელიც საძინებელს წარმოადგენდა, ოთახის მეორე მხარეს კი თეთრი კედლებითა და მოელვარე ფილებით დამშვენებული სამზარეულო იწონებდა თავს. იქ, ზურგით მდგარ კაცს ვკიდე თვალი, ნიჟარაზე დახრილიყო და ხელთ ყინულებიანი ლანგარი ეპყრა. ჩვენი შემოსვლა არც კი გაუგია. რომ შევემჩნიეთ, მთელი ოთახის გავლა და დაყვირება მოგვხიდა: “გამარჯობა, დონ ლუის”. პასუხად გაიღიმა, ყინულს თავი ანება და ხელების მშრალებით ჩვენკენ გამოემართა. ნამდვილი სამხრეთ ამერიკული მისალმებით შემოგვეგება: მოურიდებელი მოთათუნება ზურგზე, ხელის ენერგიული ჩამორთმევა. „აი, ისიც“. – თქვა მეგობარმა. “ნახავ, რომ არც ისეთი აუტანელია, როგორც მისი ფილმები წარმოაჩენენ”. ეს იყო საშუალო სიმაღლის მამაკაცი, განიერი მხრებით, შეთხელებული ჭაღარა თმით, უზარმაზარი ბრიალა თვალებითა და მსხვილი, ნერვიულად და მომლოდინედ მთრთოლვარე ხელებით. ოდესღაც გაგონილი მქონდა, რომ იერით ბუნიუელი ჭეშმარიტ ესპანელ გლეხს ჰგავს. ალბათ, მისი მკვეთრი და უხეში ნაკვთების, მის მზერასა და ხმაში ამოკითხული ჯიუტი რწმენის, ყავისფერი და ამინდით შელახული სახის გამო… ალბათ.
“შემოდით, შემოდით, დაბრძანდით” – გვითხრა მან.
შემოვუსხედით შუშის მაგიდას, რომელზეც ძვირფასად გაფორმებული წიგნი იდო: “სიბრიყვის უნივერსალური ლექსიკონი”. “რას დალევთ? ვისკის, გაზიან სასმელს თუ buñuel-ს? იკითხა ბუნიუელმა და იქვე განმარტა: “ეს ჩემი გამოგონებაა, ძალზე ძლიერია, გასინჯეთ”. სამზარეულოში გავიდა, ჭიქები და ყინული მოიტანა, სასმელი გააზავა, მოგვართვა და სანამ პირველ ყლუპს ვსვამდით, მოუსვენრად დაგვაცქერდა. „როგორია? კარგია, არა? გაიღიმა და მოეშვა. “მიხარია, რომ მოგწონთ”. შემდეგ დაჯდა და სკამი ჩვენკენ მოაჩოჩა.
“ყოველთვის მინდოდა პერუ მომენახულებინა – თქვა მან. “სამწუხაროა, რომ უკვე ძალზე გვიანაა. ამ ქვეყანას ვეღარასოდეს გავიცნობ, არც კი იცით, ამის გამო როგორ ვწუხვარ“. ვკითხე, გვიან რატომაა-მეთქი, მან კი მწუხარედ აიჩეჩა მხრები: ეჯავრებოდა მოგზაურობა, ეჯავრებოდა სახლის დატოვება. “ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როცა აუცილებლობითაა გამოწვეული, ვთქვათ, სამსახურის გამო, როგორც ახლა. თუმცა ეს უკანასკნელად ხდება, ეს უკანასკნელი მოგზაურობა, უკანასკნელი ფილმია. მორჩა, დასრულდა, ამიერიდან მშვიდად ვიცხოვრებ, შინიდან გაუსვლელად. ჩემს მეგობარს სიცილი აუტყდა. “ათი წელიწადია ამას გაიძახით, დონ ლუის, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ იმოგზაურეთ? რამდენი ფილმი გადაიღეთ“? თუმცა ბუნიუელმა თავი გააქნია და ხელის მოძრაობით უარყო: ამჯერად მართალი იყო, არც ერთი ფილმით მეტი. რატომ უნდა გავართულოთ ეს ცხოვრება, თუკი სიმშვიდის მოპოვება ძალგვიძს. მას ცხოვრების თავისებური რიტმი ჰქონდა, ჩინებულად მოწესრიგებული სისტემა და თუ ამას შეინარჩუნებდა, ყველაფერი რიგზე იქნებოდა: ექვს საათზე ადგომა, საუზმის მომზადება, ლანჩი – თორმეტ საათზე, სადილი – შვიდზე, ცხრაზე – საწოლი, მცირე ხნით კითხვა, ნათურის გამორთვა და ძილი. მოგზაურობა და ფილმები კი ყოველთვის განრიგის შეცვლასა და დარღვევას უკავშირდებოდა. თუმცა როცა ამ ყველაფრისაგან თავის დახსნას ცდილობდა, ზოგჯერ მაინც უხდებოდა გვიან დაძინება, ხალხთან შეხვედრა, ალკოჰოლის მიღება, ძილის გატეხვა. ცხადია, ადამიანები არ ეჯავრებოდა, მათთან მეგობრობა უყვარდა. „საქმე ისაა – თქვა და ხელი ლაღი მელანქოლიით მიიტანა ყურთან – როცა ცუდად გესმის, სამზე მეტ ადამიანთან ყოფნა საშინელი წამებაა. ვერაფერსაც ვერ გაიგებ, ყოველივე ბუნდოვანია, ირგვლივ ჯოჯოხეთური ხმაურია, ისეთი შეგრძნება გეუფლება, ფიქრობ, საცაა ავფეთქდებიო“.
არა, აღარავითარი მოგზაურობები, აღარავითარი ფილმები, მისთვის ყველაფერი დასრულებულიყო. ვუთხარი, რომ ჩინებული სასტუმრო უპოვია, რაღაცით სატუსაღოს რომ წააგავდა, აქ ხომ რასპაის ბულვარიდან ავტომობილების ხმაურიც ვერ აღწევს. “სწორედ ამიტომ მოვედი აქ – თოთხმეტი წლის წინ“ – მიპასუხა მან. „…სწორედ ამ ოთახში. აქაურობა მთელი გულით, დეტალურად შემიძლია აღგიწერო. იმ ხეს ხედავ ფანჯარაში?“ – ფანჯრიდან ზაფხულის დაისში აელვარებული, ფოთლებით დამძიმებული წაბლის ხის დიდებული ვარჯი მოჩანდა. “მასაც გულით ვიცნობ” – თქვა ბუნიუელმა. “შემიძლია გითხრა, რამდენი ტოტი, რამდენი ფოთოლი აქვს. ახალგაზრდობაში ცნობისმოყვარე ვიყავი, სიახლეები მიზიდავდა. ახლა კი მხოლოდ ის მომწონს, რაც ნაცნობია, სხვა არაფერი“. მერე კი ამბობს, რომ სარტრის დედაც ამ სასტუმროში ცხოვრობს, თავად სარტრს კი აქვე ახლოს თავისი საიდუმლო თავშესაფარი აქვს – პატარა ბინა, სადაც ჟურნალისტებსა და მნახველებს განრიდებული მშვიდად მუშაობს. ზოგჯერ ხვდება კიდეც, აქვე, ბისტროში, სადილობის ჟამს.
ამბობს, რომ ამ სამეზობლოსთან უამრავი მოგონება აკავშირებს. აქ, მონპარნასზე, საუკეთესო წლები გაატარა და არაერთი მეგობარიც შეიძინა. მოსწონს ის, რომ ლა დომი და ლა კუპოლი ხელის გაწვდენაზეა, აქაა ყველა ის კაფე, სადაც, ომებს შორის, იმ “სიგიჟის წლებში”, ხვდებოდა მის სიურეალისტ მეგობრებს, ესპანელებსა და ლათინოამერიკელებს, რომლებიც იმხანად პარიზში ცხოვრობდნენ. ალბერტის, ასტურიასს, ვალეხოს, კარპენტიერს. თუმცა ახლა კაფეებში სიარულს შეეშვა. ვეკითხები, იცის თუ არა, რომ მთელი ეს სამეზობლო გარდაუვალი სიკვდილისთვისაა განწირული, თუ სმენია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ამ ვიწრო ქუჩებსა და ძველ საროსკიპოებს ცათამბჯენები, პარკები და ფართო ხეივნები შთანთქავს, ის კი იღიმის; ცხადია, ჰგონია, რომ ვხუმრობ. ” იმ ქალაქთაგან, რომლებშიც ვყოფილვარ, პარიზი საუკეთესოა“ – აგრძელებს, – “არა მხოლოდ უმშვენიერესი, არამედ ყველაზე გულღია და სტუმართმოყვარეც”. ამდენი მეგობარი სხვაგან არსად შემიძენია.” ჩვენ კი ვეუბნებით, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რომ ახლა პარიზი ერთი დიდი სკაა, სადაც ყველანი ისე ცხოვრობენ, თითქოს საკუთარ გონისმიერ ციხეში იყვნენ გამომწყვდეულნი, სადაც ძალზე რთულია კომუნიკაცია და საუბარი. დონ ლუის, ახლა, აქ არავინ ცხოვრობს თვითნებურად, ისე, როგორც – იმ გიჟურ წლებში, ახლა აღარ არის ადგილი შემოქმედებითი მოცალეობისთვის და აღარავინ ფიქრობს, რომ პოეზია ჭეშმარიტ რევოლუციას შობს. ახლა ლიტერატურული და არტისტული ავანგარდი ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული და ბოჰემური ცხოვრება ამბოხს კი არა, ყველაზე საზიზღარ კონფორმიზმს გამოხატავს. გახსოვს, როგორ შეძრწუნდა პარიზის ბურჟუაზია, როცა იმ გამომწვევ წარმოდგენებს აწყობდი? გახსოვს, სკანდალი “Un Chien Andalou[1]“-ს ჩვენებით გამოწვეული? ან ბრაზი, L’Age d’or[2]-ს რომ მოჰყვა? ახლა ხომ ამ ფილმებს პარიზის საუკეთესო კინოთეატრებში უჩვენებენ და, მოგწონს ეს თუ არა, ბურჟუები პატივს გცემენ და გეთაყვანებიან. გადაშალე ნებისმიერი ჟურნალი და ნახავ, როგორ საუბრობენ კრიტიკოსები “ბუნიუელის ფესტივალზე” ლათინურ კვარტალში: ულტრა მემარჯვენე L’aurore[3]-ც კი გენიოსად გაღიარებს. როცა გადასახადები არ იზრდება და მათ კომფორტსაც არაფერი ემუქრება, როცა სახლები, ბიზნესები და მიწები არ მცირდება, ბურჟუაზიაც ლიტერატურული და არტისტული აგრესიის ნებისმიერ ფორმას ეგუება. ბუნიუელის ვაჟი ამბობს, რომ ახლახან l’age d’or-ის ჩვენებას დაესწრო ლინკოლნის ცენტრში, ნიუ იორკში; აუდიტორია უაღრესად კმაყოფილი დარჩა და არც შეძრწუნება დასტყობია. ბუნიუელი წამით ჩაფიქრდა, მარჯვენა ხელის ვეება მტევანი სახესთან ისე აიქნია, თითქოს ბუზს იგერიებსო: ჰო, თავის მოტყუება არც უცდია, დრო შეიცვალა. ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში „მოახლის დღიურის” გადაღებისას, კლიშის ქუჩაზე ანდრე ბრეტონს შეხვდა. კარგა ხანია, ერთმანეთი არ ენახათ, დასალევად და გარდასულ დღეთა მოსაგონებლად კაფეს ტერასას მიაშურეს. “რა საზარელი დროა”, – უთქვამს ბრეტონს ნოსტალგიით, “ხალხს აღარაფერი აძრწუნებს”. შემდეგ კი იმედგაცურებითა და სინანულით დასძინა, რომ საუკეთესოებიც გაიყიდნენ – მაქს ერნსტი, ვთქვათ, ისიც კი დათანხმდა ვენეციის ბიენალეს პრიზს. “მაგრამ ბრეტონის მოსყიდვა კვლავ შეუძლებელია” – თქვა ბუნიუელმა. “იგი დათმობაზე არ წავა. გაცოფდება, რომ იცოდეს, Blanco Y Negro[4]-სთვის მადრიდში ინტერვიუს რომ დავთანხმდი”. ვუთხარით, რომ ასე არაა, ბრეტონი ხომ უკვე წერდა “Le Figaro[5]“-სთვის და “Franc Soir[6]“-საც შეჰპირდა სტატიას. თუმცა ბუნიუელი კვლავ პარიზზე ჩამოაგდებს სიტყვას: ქალაქი გაიზარდა, მაგრამ ზოგიერთი სამეზობლო კვლავ ხელუხლებელია. ეს დღეებია დილაობით ქუჩებში სეირნობს, რიჟრაჟიდან შუადღემდე, ადგილებს არჩევს იმ ფილმისთვის, რომლის გადაღებასაც ოქტომბერში იწყებს. ფილმი ჯოზეფ კესელის რომანის მიხედვით იქნება. “ცუდი რომანია” – ამბობს ბუნიუელი. “არასდროს გადავიღებ ფილმს კარგი რომანის მიხედვით. მწამს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს უნდა შეეთამაშო, ცუდი რომანისგან ყოველთვის შეიძლება კარგი ფილმის გამოდნობა, შეგიძლია თავისუფლად იგრძნო თავი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე”. ვეკითხები, ნახა თუ არა “ომი და მშვიდობის” რუსული ვერსია, რომელსაც ახლა პარიზში უჩვენებენ, ის კი განცვიფრებული მიმზერს: ცხადია, არა – ის ხომ არასდროს დადის კინოში. ან, უფრო სწორად, მხოლოდ მაშინ დადის, როცა სხვა გზა არ აქვს. რომელია უკანასკნელი ფილმი, რომელიც ახსოვს? უნდა დავფიქრდეთ… ჰო, როგორ არა, ვისკონტის Vaghe Stelle Dell’orsa[7]. რამდენიმე თვის წინ ნახა, მექსიკაში. ამ ფილმში იყო რაღაც ძალიან კარგი, ნაზი ინცესტური ურთიერთობა დასა და ძმას შორის, რამაც დააინტერესა, შეაწუხა, დანარჩენი კი გადაავიწყდა. მაგრამ ახლა, საღამოობით, ფილმების ფრაგმენტებს ადევნებს თვალს, ესეც მხოლოდ მუშაობის ნაწილია: თავისი მომდევნო ფილმისთვის კატრინ დენევის კომპანიონის პოვნას ლამობს. ჯერ არავისზე შეჯერებულა, ალბათ მაინც ჟან სორელს შეარჩევს, იგი ხომ ისეთი იდუმალია ვისკონტის ფილმში. „სულაც არაა ურიგო მსახიობი, მაგრამ უნდა ვთხოვო, რომ წვერი მოიზარდოს, მისი სახე ამ პერსონაჟისთვის მეტისმეტად მშვენიერია“.
ჩემმა მეგობარმა ამბის მოყოლა გადაწყვიტა. რამდენიმე წლის წინ, მან ბუნიუელი ერთ პოპულარულ მექსიკურ კინოში შეიტყუა, სადაც The life, Passion, and Death of Our Lord Jesus Christ-ს უჩვენებდნენ. თავდაპირველად, ბუნიუელი კმაყოფილი ჩანდა, დროდადრო ხუმრობდა კიდეც, მერე კი ბრაზი მოერია და იქაურობის დატოვება მოითხოვა; ნელ-ნელა დრტვინვას უმატა, გაგულისდა და შეურაცხყმოფელი სიტყვებიც წამოისროლა. იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ, მხოლოდ ასე თუ აირიდებდნენ ლინჩის წესით გასამართლებას. ბუნიუელი თავის საათს დააცქერდა, საღამოს შვიდი იყო, სადილად გასვლაზე რას ვფიქრობთ? უნდა მივუტევოთ, მაგრამ ადრე დაძინებასაა ჩვეული. აქვე კუთხეში ერთი მშვენიერი ბისტროა, ოჯახური სამზარეულო, მყუდრო ადგილი, მარტივი კერძები, კარგი ღვინო…
სასტუმრო “L’Aiglon-დან გამოვედით, რასპაის ბულვარზე აღმართული წაბლის ხე კვლავ მზის ათინათშია გახვეული; კაფეს ტერასა სავსეა საღამოს გაზეთების კითხვით გართული ხალხით, Le Monde და France Soir, ტურისტებით სავსე ავტობუსები აქეთ-იქით მოძრაობს – “ამ ქუჩებში ჯიაკომეტიმ თავისი უკანასკნელი წლები გალია” – ჰყვება, ალბათ, რომელიმე გიდი, “ის კი მისი სტუდია იყო” – ტურისტებიც ხარბად მიიხედავენ იქით, მათი სახეები შუშებს ეკვრიან, აქა-იქ ინგლისური და გერმანული საუბარიც მოისმის. ბუნიუელის ვაჟი სასტუმროს წინ მდგარ შავი მოტოციკლისაკენ გვანიშნებს: სწორედ ესაა ის მოტოციკლი, რომლითაც თურქეთში იმოგზაურა. დიდებული მხეცია, მოვალეობას ჩინებულად გაართვა თავი.
რესტორანი საკმაოდ ელეგანტური იყო, შესასვლელი თითქოს ბისტროდ ინიღბებოდა, შიგ დიდი ოთახი მოეწყოთ, სადაც მაგიდებს მოხდენილი ლამფები ანათებდა, კედლები კი პეიზაჟებითა და ზღვის ხედებით იყო მორთული.
ბუნიუელს აქ კარგად იცნობენ, მას ქალბატონი ეგებება და პატივისცემით ესალმება, ამბობს, რომ მეპატრონე აქ არ არის, შემდეგ ეკითხება, რომელ მაგიდასთან ინებებს დაჯდომას და მენიუს აწვდის. ბუნიუელი სკალოპსა და წითელ ღვინოს უკვეთავს და ქალბატონის გადამეტებულ ყურადღებასაც, ცოტა არ იყოს, უხეშად ირიდებს. ჭამის დროს მშვენიერ განწყობაზეა, ლაპარაკის საღერღელიც აშლია. ამჯერად სიტყვა მადრიდზე ჩამოაგდო, სამოქალაქო ომსა და იმ ჩაშლილ გეგმაზე, რომლებიც ლორკას სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებას უკავშირდებოდა. ჰყვება, 1962 წელს, მრავალწლიანი ყარიბობის შემდეგ, რარიგ ამაღელვებელი იყო ესპანეთში დაბრუნება („ვირიდიანას“ გადაღებისას). შემდეგ კი მოულოდნელად დასძენს: “მწერლები იღბლიანი ხალხია, შეუძლიათ ის დაწერონ, რაც მოესურვებათ; რეჟისორებს კი პროდიუსერების ინსტრუქციების გათვალისწინება აქვთ მისჯილი, მათ თავისუფლება არ გააჩნიათ“. ჩვენ ვამბობთ, რომ მის შემთხვევაში ეს სიმართლე არაა, რადგან იგი ყოველთვის თვითნებურად მოქმედებს და რომ მისი “ცუდი ფილმებიც” კი აკვიატებებითა და გატაცებებითაა სავსე. იგი ენერგიულად გვეწინააღმდეგება: ასე არ არის, მას ხომ სრულყოფილი თავისუფლება არასდროს ღირსებია. მაგრამ არა, აზვიადებს, მისმა პირველმა სამმა პროდიუსერმა Carte Blanche და კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობა მისცა. ვინ იყვნენ ეს პროდიუსერები? სახეს ფართო, დიდებული, მზაკვრული ღიმილი უნათებს: მისი პირველი პროდიუსერი დედამისი იყო, მეორე – ფრანგი არისტოკრატი, მესამე კი – ესპანელი ანარქისტი. სწორედ დედამისმა მისცა ფული “Un Chien andalou”-ს გადასაღებად, საბრალო ქალმა, ცხადია, ისიც კი არ იცოდა, რაზე იყო ფილმი. შემდეგ ერთ ღამეს, აქ, პარიზში, ჟან კოქტო ეწვია და უთხრა რომ Noailles-ის გრაფს ენახა მისი Un Chien andalou, ენთუზიასტი იყო და კიდევ ერთი ფილმის გადაღების შემოთავაზება სურდა. “თუმცა იმჟამად უკომპრომისო ვიყავი”, – ამბობს ბუნიუელი, „კოქტოს ვთხოვე, გრაფი ჯანდაბაში გაეგზავნა. საქმის არისტოკრატთან დაჭერას ნაღდად არ ვაპირებდი“, თუმცა გრაფი უკან დახევას არ აპირებდა და დაჟინებამ შედეგიც გამოიღო: ბუნიუელი შეხვედრაზე დაითანხმა. “დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, დავმეგობრდით” – აგრძელებს ბუნიუელი. “მან მე სრულყოფილი თავისუფლება მიბოძა, წამითაც არ ჩარეულა. ის რომ არა, არასოდეს გადავიღებდი L’Age d’or-ს. საბრალო გრაფი, ფილმით ძალზე ნასიამოვნები დარჩა, მითხრეს, რომ ჩვენებაზე თავისი მეგობრები მოიპატიჟა. „ისინი კი დარბაზიდან გაცვივდნენ, შეურაცხყოფილნი, არც კი დაემშვიდობნენ“. ესპანელი ანარქისტიც გულისხმიერი და თავაზიანი გამოდგა, Las Hurde-ის გადაღებას ყოველგვარი წინააღდმეგობის გარეშე დათანხმდა. შედარებისთვის, რომ იცოდეთ, რა ბრძოლები გადაიტანა მომდევნო ფილმებზე მუშაობისას. იხსენებს, რომ ერთხელ La Fievre monte a El Pao[8]-ს პროდიუსერებმა უთხრეს: ” მისტერ ბუნიუელ, ფილმის გადაღება გვინდა ლათინურ ამერიკაზე, ოღონდ არა იმ ლათინურ ამერიკაზე, ფრანგების წარმოსახვაში რომ არსებობს“. ცხადია, რომ დათმობაზე არც ამჯერად წასულა და საკუთარი იდეების ჩაწვეთება მაინც მოახერხა. ამას ყოველ ჯერზე ახერხებდა, იმ შემთხვევაშიც, თუკი მალულად მოქმედება უხდებოდა. მაგალითისთვის, მისი ფილმები – უკლებლივ ყველა – morcillismo-ს შეიცავს; იგი ჭიქას წევს, სასმელს ეწაფება და წამით ბედნიერი, ეშმაკური ნაპერწკალი უკრთის თვალებში – ამას ვერცერთი პროდიუსერი აირიდებს თავიდან. Morcillismo რა არის, დონ ლუის? ოცდაათი წლის წინ ესპანეთში ერთი მდარე მხატვარი ცხოვრობდა, მორჩილა ერქვა, მუდამ აქეთ-იქით დაეხეტებოდა და ცნობილ ადამიანებს თავს აბეზრებდა, სახელოსნოში მეწვიეთ, ჩემს ნამუშევრებს გადახედეთო ერთ საღამოსაც მანუელ დე ფალა ეწვია. ნახატებს შორის საზეიმოდ, მაამებლად და მეგობრულად მოარული მუსიკოსი საქებარ სიტყვებს არ იშურებდა: “რა მშვენიერი პეიზაჟია”; “ჩინებულად შერჩეული ტონებია”; „ეს დეტალი შეუდარებელია”, მორჩილაც თან დაჰყვებოდა, კრძალვითა და მაზოხიზმით განმსჭვალული ეწინააღმდეგებოდა: “კარგი, რას ამბობთ, დონ მანუელ, ეს პეიზაჟი ხომ წარუმატებლადაა შესრულებული, აქ კომპოზიციაა დარღვეული, ეს ფერი კი არასწორადაა შერჩეული”. ასე და ამგვარად, მიუახლოვდნენ ნახატს, რომელიც მხატვარმა ყველაზე მძაფრი ექსპრესიით წარმოადგინა: “ეს ყველაზე უვარგისია ჩემს ნამუშევრებს შორის, დონ მანუელ”. “დიახ, ეს ჩანაფიქრი არც თუ ისე წარმატებული ჩანს”. “თქვენ ცდებით” – დაიღრიალა გაგულისებულმა მორჩილამ – “ნახატის ერთადერთი წარმატებული ნაწილი სწორედ მისი ჩანაფიქრია”. ახლა ხვდებით, რას ვგულისხმობ “morcillismo”-ში? იკითხა ბუნიუელმა.
იხსენებს, რომ სატანური ეჭვიანობის ამბავში, რომელიც მან “Él”-ში ასახა, არტურო დე კორდოვასა და დელია გარცესს შორის გამართულ საუბარს სწორედ მორჩილასა და ფალას დიალოგი დაედო საფუძვლად. ბობოქარი ქორწინების მშვიდ პერიოდში წყვილს მეგობრული მუსაიფი გაუბამს. როგორ გგონია? რა ნაკლი მაქვს? – ეკითხება მამაკაცი. არავითარი, უპასუხებს ცოლი. რაღაც ნაკლი უცილობლად მექნება, კვლავ მაცდურად, სიყვარულით უყვავებს მამაკაცი. „კეთილი, ალბათ ცოტათი ეგოისტი ხარ” – მხნედ ამბობს ქალი. “თუ კი რამ არ მახასიათებს, სწორედ ეგოიზმია” – მოულოენელად გაჰყვირის ქმარი. “აი, ჭეშმარიტი morcillismo” – ამბობს ბუნიუელი. “ჩემს ყველა ფილმში იპოვოთ მსგავს სცენას.”
ყავა საუბარს გვიხანგრძლივებს, თუმცა რესტორანს სადილად მოსული ხალხის ნაკადი ავსებს და ბუნიუელიც გველნაკბენივით წამოხტება. მოლარეს ანგარიშს სთხოვს, ძლივს უმკლავდება მეპატრონისა და მიმტანების მადლობა-დამშვიდობების ნიაღვარს და სწრაფად მიეშურება კარისკენ. გარეთ უკვე ბინდ-ბუნდია, ავტომობილების ნაკადი ნელინელ უახლოვდება დენფერ-როშერის მოედანს. უკვე ელვარებს მონპარნასის კაბარეებისა და ბისტროების განათებული აბრები. სასტუმრო L’aglon-ის წინკართან ბუნიუელი მხურვალედ გვართმევს ხელს, თავაზიანად გვემშვიდობება და ვხედავ, როგორ შედის მარდად – ლამის სირბილით – შენობაში. მე საათს დავყურებ, ღამის ცხრას სამი წუთი უკლია. დიახ, ის მტკიცედ იცავს მკაცრ განრიგს… მერე რა, რომ ახლა პარიზშია.
პარიზი, 1966 წლის სექტემბერი
[1] „ანდალუსიური ძაღლი“ (ფრან.) – ბუნიუელის პირველი ფილმი. პრემიერა შედგა პარიზში 1929 წელს.
[2] „ოქროს ხანა“ (ფრან.) – ბუნიუელის მესამე ფილმი (1930). პარიზში გადაღებულ ხმოვან ფილმთაგან ერთ-ერთი პირველი. ფილმის სცენარი ეკუთვნით ლუის ბუნიუელსა და სალვადორ დალის.
[3] ფრანგული გაზეთი, დაარსა ფრანგმა მრეწველმა, მარსელ ბუსაკმა. გამოდიოდა 1944-1985 წლებში.
[4] ესპანური ჟურნალი, გამოდიოდა მადრიდში 1891-1988 წლებში. ჟურნალი მკაცრად კონტროლდებოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ.
[5] Le Figaro – ყოველდღიური ფრანგული გაზეთი, რომელიც გამოიცემა 1826 წლიდან.
[6] „Franc Soir“ – პოპულარული ფრანგული გაზეთი, დაარსდა 1944 წელს.
[7] იგივე „სანდრა“ – იტალიელი რეჟისორის, ლუკინო ვისკონტის ფილმი (1965).
[8] „ციებ-ცხელება ელ-პაოში“ (ესპ.) – ლუის ბუნიუელის ფილმი (1959).
© არილი