პოეზია

ლევან ზარიძე – ლექსები

***

იყო სადგური ზღვასთან,
თანმიმდევრულად მშვიდი,
ვიდექი წითელ სკამთან,
ცოლით და ორი შვილით.

ცამ ჩაგვყლაპა თუ მიწამ,
მდევარმაც ვერ მოგვაგნო,
მივყავდით ნომერ პირველ
შვეიცარიულ ვაგონს.

 

***

ცრემლი – ორგანული შუშა,
თვალში ოვალური ხვრელი,
ასო კი არა და სიტყვა
არის აღარაფრის მთქმელი.

ზოგჯერ მესიზმრები სამჯერ,
ნისლი სულზე წმინდა არის,
მცირე სინანულის დროა,
როცა იწელება წამი.

ყრია მიწის პირზე ქვიშა,
ღიმილს ვერ იშორებს მიწა,
მოკვდე არასოდეს ნიშნავს
იწვე.

 

 

თბილისი 2040″

არავითარი ვითარ,
ცა – სიშორეზე სწორი,
გზა – გამზირებზე გრძელი
(გაზეთს კითხულობს თოვლი).

თვალში სინათლის ბოლო,
ფრენას ვისწავლი მალე,
დარი, დური და დარი
და გაბზარული დოლი.

არ მეჩვენები, გნახე,
(გამადიდებელ შუშით)
ხე მოჭრილივით იდგა,
გვითავდებოდა შეშა.

ამ სიცივეზე ცოტა,
იმ სიცივეზე ბევრი,
იყო ქუჩებში ჩიტი,
(უთავშესაფრო მრევლი).

არავითარი ვითარ,
ცა – სიშორეზე სწორი,
ბალახს ყიდიდა ქალი
და მოდიოდა თოვლი.

 

***

ოქტომბრის ცივი დილა,
ფოთლებს მიაფსა ძაღლმა,
ქარმა წაიღო წუხელ
მათი ფერი და ძალა.
აღარც ნიავი არის,
არც მეეზოვე წამლად,
ერთდროულია ჩვენში
ფრენის და კვდომის სწავლა.
ცვლიან წამები წამებს,
მკვდარი ფოთლები მწვანეს,
სიახლოვეთი ხდება
განშორებები მწარე.
დრო გასულია რადგან
საღამოების გარეთ,
წამომყევი და თეთრი
ის წამიც მოიპარე.
ოქტომბრის ცივი დილა,
ფოთლებს მიაფსა ძაღლმა,
ქარმა წაიღო წუხელ
მათი ფერიც და ძალაც.

 

 

***
ყველა მოგონება შავ-თეთრია,
ფიქრებს იმეორებ გადახვევით,
ვიცი ამოჭრილი სიზმრებიდან
მზისთვის მისაცემი განახლება.

როგორ უცნაური გართობაა:
წარსულს აკატავებ სხვისი ფულით,
ვის გაქვთ გასაბერი მარტოობა?
(დაკარგული).

 

 

***
ჩრდილი (გახვეული გაზეთში)
სულში დარჩენილი ჰაერის,
თვალთან მიტანილი თითები,
თითებთან ნამყოფი თვალები.

რამდენი სიზმარი ვერ ნახე,
რომელმა სიშორემ ვერ გნახა,
შენ უკრავ აწყვეტილ ღილებზე,
ვერა ხარ.

 

***
ყველგან ერთნაირი ომია,
(სიკვდილში სიჩუმეც ეტევა)
დაკეტილ კარებზე ნულები,
ნულებთან ქოლგები (მეტყველი).

მიწაში ნამყოფი ჰაერი
ელექტრო კიბეზე ცოცხლდება,
ფერი აქვს ყველა ცა მოვლილი,
ყველაზე უბრალო ოცნების.

დრო მიდის და ფერფლის მანქანა
უტევს უსასრულო საცობებს,
ყველგან ერთნაირი ომია,
შენ მხოლოდ წასვლისას მაკოცე.

 

***

მომავლის ცოდნის ნაცნობი ბოლო,

ნაზი ბურუსი სინათლის ზემოთ,

მე მომეწონა მზისა და სიზმრის

(გემო).

 

დათვლილი ფიფქი თითებზე ცოტა,

თბილი შეხვედრა ჩრდილის და წამის,

იჯდა ბუდეში მოცლილი ჩიტი,

ფოთოლზე მწვანე.

 

***
გაჩერებული სიზმრების დროით,
შენი ცალმხრივი სხივების გავლით,
ცა – ერთნაირად ცივიც და შორიც
კადრიდან გავა.

იყო ხილული (როგორც ამბობენ)
სიშორის გვერდით ფიქრების ზოლი,
ჩვენ ვარსებობდით და სინათლესთან
გავთანასწორდით.

 

***
გაფუჭებული ტელეფონები
და მოციმციმე შენი თვალები,
გაფუჭებული შენი თვალები,
ცის ერთდროული კეტვა – გაღებით.

თეთრი სანთლები ლურჯი ზოლებით,
(გაფუჭებული კელაპტარები)
არარსებული სამოთხეები,
შესაბამისად – შენი თვალებიც.

ცრემლზე მაღალი ბედის განედი,
ღია კარების არითმიები,
ჩემი სიზმრები – უბრალოები,
ან ღამე სივრცეს როგორ მიება.

ჩვენი შეხვედრის დასასრულები,
არარსებული სიშორის გამო,
შესაბამისად შენი თვალებით
მოდის საღამო.

გაფუჭებული ტელეფონები
და მოციმციმე შენი თვალები,
გაფუჭებული შენი თვალები,
ცის ერთდროული კეტვა – გაღებით.

 

***
რაც არ ეტევა ჩარჩოში,
თვალებში რაც არ ეტევა,
ეს შიშის გეოგრაფია,
და სიხარული წყვეტილი.

მზესთან მისული სინათლე,
დასახლებული ნახევრად,
მსუბუქი, როგორც ტკივილი,
რომ არაფერი არ ხდება.

ბედის მაღალი ხარისხი,
გაცხადებულად აურევს,
ცაზე ფერადი ხაზები,
განულებული ხმაურით.

რაც არ ეტევა ჩარჩოში,
თვალებში რაც არ ეტევა,
ეს შიშის გეოგრაფია
და სიხარული წყვეტილი.

 

***

როდესაც სიჩუმე არ არის

და როცა ხმაური არის,

სამყაროს მამალი აღვიძებს,

მამალი ბავშვივით ღნავის.

 

თეთრ სიზმარს, ბედივით საოცარს,

მზის გვერდით დადებულ მთვარეს,

როდესაც ხმაური არ არის,

როდესაც სიჩუმე არის.

 

სიგრძეზე გავლებულ მდინარეს,

წყალსავსე გუბეს, თუ თვალებს,

როდესაც სამყარო არ არის

და მაინც ხმაური არის.

 

***

სიზმრების ასლი – ფერადი,

უნიკალური მიგნება,

თვალებით აშენებული,

სინათლე რომ დაინგრევა.

 

ცრემლში სამყაროს ნაწილი,

გადატეხილი პრიზმებად,

და დიდ ეკრანზე თავიდან

საჩვენებელი სიზმარი.

 

მზემ იცის როგორ ანათოს

და მერე როგორ ჩავიდეს,

მარტივი, როგორც საწყისის

და დასასრულის არჩევა.

 

…და როცა გარემოებას

ლანდები გადაფარავენ,

შენთან იქნება სინათლე,

მაგრამ სიზმარში – არავინ.

 

სიზმრების ასლი – ფერადი,

უნიკალური მიგნება,

თვალებით აშენებული,

სინათლე, როგორ ინგრევა.

 

 

***

ანათებ თვალებს, სხვანაირს,
უცნაურია სამყარო,
ღრუბლების შორისდებული
და ხელნაკეთი საყურე.

ანათოს ცხრავე სინაზემ,
შენი ამბები მაცნობონ,
მიმოწერა გვაქვს სინათლით,
ყველგან და არსად არ ცხოვრობ.

ოცნება გვაპირისპირებს,
(რას ვიტყვი ახლა წესიერს)
მარადიული ბილეთი
და ფრენის შენი წესები.

ანათებ თვალებს, სხვანაირს,
უცნაურია სამყარო,
ღრუბლების შორისდებული
და ხელნაკეთი საყურე.

 

***
ხე შემომხედავს ფოთლის თვალებით,
მაღალი წვიმის გამოტირებით,
რომ მზის გარშემო იყოს ნათელი
და არაფერი – მუდამ პირველი.

… და ამ სიზმრების დროში გადასვლით,
ცისფერი ორთქლის გადაციებით,
შენ ჩადიოდი სველი თვალებით,
და გაცილებდი.

 

***

შენს თვალებს – სარკეში ნამყოფებს,
ღია თუ გახელილ ბარათებს,
არყოფნით რა უნდა გამეგო
(მაგათზე).

რა უნდა მომსვლოდა, ვიცოდი,
სად უნდა გამევლო, ამიხსნეს,
რომ ფერი უნდა წამსვლოდა
(არც ისე).

არ არის იმედი საჭირო,
მზე უფრო ადვილად მოგძებნის,
ბილეთზე მოხეულ სინათლით
შევდივარ დაწყებულ კონცერტზე.

შენს თვალებს – სარკეში ნამყოფებს,
ღია თუ გახელილ ბარათებს,
არმოსვლით რა უნდა გამეგო
(მაგათზე).

 

 

***

ამ ხეებს შორის მათივე ლანდი,
ამ ლანდებს იქით ტყეების ჩონჩხი,
ჩიტის თვალებით რაც გვფენდა ნათელს,
ზღაპრულად მორჩა.

რაც უფრო მეტი სიჩუმე იტყვის,
რომ უფრო მეტი სიჩუმე არის ,
ამ ხეებს შორის საკუთარ ლანდით,
სინათლე დადის.

 

***

სიზმარი, როგორც პირადი აზრის
გაუმართავი მოწყობილობა,
რკინის ჩიტების შიგნით თვალები,
თავისებურად მოწყენილები.

ფეხზე დადგომის საპირისპიროდ,
არის გაფრენა სავალდებულო,
ბარტყი ბუდიდან გადმოახედეს,
ცასთან და შიშთან შორისდებული.

 

 

***

ის იდგა ნახევრად ჩასული,
სხივებზე არცერთი ბორკილი,
სიბნელე – კარებზე გაკრული,
წარწერით: მიმოსვლა ორმხრივი.

… და თვალი, ბნელის და კარების
გაღება, ორმხრივი მიმოსვლით,
ის ჩადის, მიდის და გადადის,
ყოველთვის სხვა სანაპიროთი.

© არილი

Facebook Comments Box