გაფუჭების სონეტი
ცუდი ფიქრებით, ცოდვიანი გულისძგერებით
თანდათანობით ცოტა მაინც თუ არ გავფუჭდით,
უფალი ჩვენში ვერაფრისგზით ლექსს ვერ გაფურჩქნის,
და ვერც ქაღალდი დამშვენდება კალმის ძგერებით.
ამიტომ არის, რომ ბუნებით ასე კეთილებს
ღმერთმა გულ-ღვიძლში დარიშხანი შემოგვირია,
და ზოგი უკვე დამპალია, ზოგიც ვირია,
მაგრამ სტროფებს ჭრის შთამბეჭდავად გამოკვეთილებს.
ღირს თუ არა ღირს? – საკითხავი აი ეს არი:
ნაზი გალობა თუ ღორული შმაგი ღრუტუნი?
მშვიდი ყოფა თუ სტრიქონები, მუდამ მკვნესარი?
ვერაფერს იტყვი, ყველასა აქვს თავის რუტინა,
და ყველამ თავის წეს-კანონით უცილობელით
უნდა აშენოს პოეტური ჭრელი სოფელი.
ჯართის სონეტი
პოეტი თუ ხარ და ცხედარზე ოდნავ ჯანმრთელი,
ერთურთისგან თუ ჯერაც არჩევ ბზას და ყაყაჩოს,
ცოდვილ მიწაზე ნაგროვები სულის ჯართები
სიზიფესავით მწვერვალისკენ უნდა აქაჩო.
და გადგე განზე, რომ დაეშვას ძირს რახარუხით
ეგ შენი ჯართი, და მეხივით თავზე დაეცეს,
მას, ვინც უღმერთოდ ნატანჯია და გალახული
და არც კი ძალუძს, რომ აუყვეს მაგ გზებს, დამრეცებს.
და თუ ეს მოხდა, შეგიძლია ქიმზე ჩამოჯდე,
ჩამოისვენო, და ელოდო, რომ კვლავ გამოჩნდეს
თავისი ბარგით ახალი და ბრიყვი სიზიფე –
ყოველ ნაბიჯზე რომ ისწრაფვის მაღლა და მაღლა,
თუმც არ ქოშინებს, არ ეტყობა ოდნავი დაღლაც,
პირიქით – ტკბება, ემატება სულის სიმწიფე.
როტვის სონეტი
წააგავს თუმც კი პოეტური შენი ეგ ბოდვა
კედელზე ცერცვის შეყრას, ნაყვას წყლის ან ქვის კოდვას,
ძილში ღრმად წასულ მაგ შენს მკითხველს მაინც მიუჯექ,
და გწამდეს, ღმერთი სუყველაფერს ადგილს მიუჩენს:
უხამსობასაც, ბრძნულ აზრსაც და ლამაზ ფრაზასაც,
და სანამ როტავ, არ დაგადებს პირზე რაზასაც,
არ მოგინათლავს არც ჯანდაბად და არც ზახრუმად
ნათქვამს ვერლიბრად, სონეტად ან სულაც ზაუმად.
შენს ირგვლივ ჯარი მოგროვდება, დასცემს ბანაკებს,
მთელი დღე, მთელი წელიწადი გალაპარაკებს,
გალაპარაკებს სიკვდილამდე გიჟზე გიჟივით,
რომ ყური მოკრას, როგორა ჟღერს შენი ჟივჟივი,
ან დაინახოს, უცნაური მოხვრა-მიხვრებით
მძინარისაკენ ჩანჩქერივით როგორ იღვრები.
გულისხეთქვის სონეტი
თუ გინდა, ლექსით დაასრულო ეს დღე, სადაგი,
იპოვე რამე ნივთი გულში მწარედ სატაკი:
ბავშვობის ფოტო, ცოლის წინდა, სანთელი, ნემსი,
ის, რაც გაგჩხვლიტავს უნებლიეთ ან თუნდაც ნებსით.
იპოვე კოცნა, ალიყური, ლოცვა, პანღური –
ქათმისფეხებზე მდგარი შენი ქოხი ზღაპრული,
სადაც ზეიმობს ყოველ ინფარქტს სონეტის ჭინკა,
და მასთან ერთად ხტუნავს წიგნი, ცოცხი თუ ჭიქა.
სადაც იწყება როკვა სულის მაჯლაჯუნების –
ხელნაწერების – დამწვრების და დაჭმუჭნულების –
ამოოხვრებით, შეკითხვებით: რატომ და ვისთვის
ეს განსხვავებულ ალფავიტთა ჩლახუნა ტვისტი?
და მაინც დღემდე წკვარამს ანთებს ტექსტი თეთრრქება –
ქებათა ქება ამისთანა გულისხეთქებას!
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“