ერთი ამბავი, მოთხრობილი სხვადასხვა ადამიანის მიერ
ცოლის მონათხრობი
წყნეთში ვიყავით მეგობრები. ცოტა დავლიეთ, ვიცინეთ და მერე ბიჭებმა „რისკის“ თამაში დაიწყეს. ჩემთვის გაუგებარია, ამდენი დრო რატომ სჭირდება, მაგრამ თამაში ღამის პირველ საათზე კიდევ არ იყო მორჩენილი და უკვე ისე მეძინებოდა, თვალებს ძლივს ვახელდი. ისედაც დატვირთული დღე მქონდა. თან პიემესი. თან სავსემთვარეობა… ჰოდა, ჩემს ქმარს ნაზად, მოწიწებით, ერთი 78-ედ ვთხოვე, მეძინება და იქნებ, სახლში წავიდეთ-მეთქი.
უცებ, სად იყო და სად არა, წამოხტა ეს ჩემი ქმარი, მუშტი დაჰკრა მაგიდას და მიღრიალა: რა შემჭამე, ქალოო! თუ ეგრე გინდა სახლში წასვლა, გამოგიძახებ ტაქსს და წადიო!..
მე, მისი ამ მოულოდნელი გამხეცებისგან, ენა ჩამივარდა. გავშრი. ვიდექი თავმოჭრილი, შეურაცხყოფილი, ტალახნასროლი და, მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე, თავი ხელში ამეყვანა და ძალიან მშვიდად მივუგე, კარგი, გამომიძახე ტაქსი და მე თუ შენ ეგ გაპატიო, რო დამღრიალებ აქ თავზე, თან ხალხის თანდასწრებით, ნახავ შენ, არაფერი არ გიშველის, ბენტლიც რომ მიყიდო, მაინც არ გაპატიებ, საერთოდ რაში მჭირდება ბენტლი, მანქანაზე დამჯდომი მე არა ვარ, ნახევარ თბილისს ავაკაპოტებ და მერე ციხეში ჩამსვამენ, არა, არ მჭირდება შენი ბენტლი-მეთქი…
ტაქსი რომ მოვიდა, შევტრიალდი და ამაყად გავემართე კარისკენ. გაჯახუნებას ვაპირებდი, როგორც შეჰფერის აღნიშნულ სიტუაციას და გავიჯახუნე კიდეც, თუმცა ძლიერად მომივიდა, გამოსვლა ვერ მოვასწარი და კარი ზურგში მომხვდა. ისე გავმწარდი, სულ ნაპერწკლები გავყარე თვალებიდან, მაგრამ ამის შემჩნევა არაფრით არ იქნებოდა და, შეძლებისდაგვარად, კვლავ ამაყი სახით გავემართე ქუჩისკენ.
როგორც ჩანს, მაინც დამეტყო და იკადრა ვაჟბატონმა. გამომეკიდა. დაიცა, ქალო, სად მიდიხარ ასე, შე კარგმოტყნულოო. რა-მეთქი?! კინაღამ ჭკუიდან გადავდექი. უფრო სწორად, მართლა გადავდექი და ისე შევხტი ჰაერში, სულ დამავიწყდა, ზურგში კარი რომ მქონდა მორტყმული. იმან კიდე ბატკნის სახე მიიღო და რა რაო, ასე ხო ვერ გაგიშვებო?! ამაზე სულ გავმწარდი და მე ვთქვი, დამაცადე, შენ თუ ფემინისტები არ დაგასიო და სულ სახით არ გახოხიალონ წყნეთის ქუჩებში, შე არაკაცო, ვის აგინებ-მეთქი!
რა გინებაო, – უფრო გაიბატკნა სახე და ცოტა ხანს კი გაქვავდა ერთ ადგილზე, მარა მე გამჩერებელი აღარ ვიყავი და ტაქსის კარი გამოვაღე. მძღოლს ვეუბნები, – ხო კარგად გაიგონეთ, ხო კარგად დაინახეთ, აქ რაც მოხდა-მეთქი. მაგრამ მგელი რომ მგლის ტყავს არ დახევს, აი, ეგ ქნა და არ დახია კაცმა კაცის ტყავი. რა უნდა დამენახაო, მე რა შუაში ვარო, ჩემგან რა გინდათო, პრობლემები არ მჭირდებაო, შარს კი არ ვეძებო, ცოლ-შვილი მყავს, ორი ბიჭი, ორივე სწავლობს და იმათი უნივერსიტეტის ფული მაქვს სახდელი, გამოშტერებულები ეგენი, ვერცერთი ვერ მოხვდა უფასოზეო.
მე ვთქვი, რა?! რა უნივერსიტეტი, რაებს მიყვები საერთოდ. ისე გამიკვირდა, სულ დამავიწყდა, გაცოფებული რომ ვიყავი და ჩემი ქმრისკენ გავიხედე. იმანაც, ეტყობა, ნიშნად მიიღო და ჩემკენ ორი ნაბიჯი გადმოდგა. ეგრევე გამახსენდა და მე ვთქვი, ხელი! თითი არ დამაკარო, შე დამპალო!
სწრაფად გამოვაღე უკანა კარი და მძღოლს ვეუბნები, წადი, წადი, თორე ხო ხედავ, მომდევს, რამე არ მიქნას, არა მცემოს-მეთქი.
რა მოგდევს, აბა, ვინ მოგდევსო?!
მანდ სულ გავმწარდი და ვუკივლე, დროზე დაძარი მანქანა, თორე ისეთ ისტერიკებს დაგიტრიალებ, ერთ წამში გაგცვივდება თმა-მეთქი.
ჰოდა, იკადრა, როგორც იქნა. დაძრა. წამოვედით.
მანქანის ფანჯრიდან ღამეს გავყურებდი.
მდუმარე იყო წყნეთის ქუჩები, ნაღვლიანი.
ქმრის მონათხრობი
„რისკს“ ვთამაშობდით ბიჭები და რვა საათზე რომ ჩაირთო ჩემი ცოლი – სახლში წავიდეთ, მეძინებაო – პირველ საათამდე აღარ გამორთულა. მეძინებაო, მეძინებაო, მეძინებაო, მეძინებაო…
ჰოდა, ერთი 329-ედ რომ მითხრა, ნერვები აღარ მეყო და ხმამაღლა ვუთხარი, კარგი რა, რატომ არ მაცდი, თუ ეგრე გინდა სახლში წასვლა, გამოგიძახებ ტაქსს და წადი-მეთქი.
„რაო?!“ – შეჰყვირა და ახტა ჰაერში, – შენო რას მიყვირეო! რატო დამაჩმორეო?! აა, მჩაგრავ, არაო?! მჩაგრავო?! შე ისეთოო! შე ასეთოო! როგორ მაკადრეო! ეს რა გამიკეთეო! გშორდებიო! არ მჭირდება შენი ტაქსი! უი, საფულე არ წამომიღია, ხო, კაი, მჭირდებაო! ისაო, ესაო!
ბოლომდე აღარც კი მახსოვს, იმდენი სისულელე დამაბრალა.
მერე, ტაქსი რომ მოვიდა, წამოდგა ინდაურის სახით, მაგრამ გასვლისას კარი მოხვდა ზურგში და გულმა აღარ მომითმინა.
გავყევი. ვიფიქრე, შემოვაბრუნებ, მოვუვლი.
ჰოდა, გავძახე, რო დაიცა, სად მიდიხარ ასე, ზურგში კარმორტყმული-მეთქი.
ის კიდე მოულოდნელად სულ გადაირია და რაო?! რას მაგინებო! მოდი, ბარემ დამარტყიო! შე არაკაცო, არ არსებობს, მე შენ ეს წიხლებით შედგომა გაპატიოო!
რა წიხლებით შედგომა, ხო არ გადაირიე-მეთქი! ამეშალა მეც ნერვები. მარა არაფერი იმას აღარ ესმოდა. იდგა ქუჩაში და ყვიროდა, რო ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოო! ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადიაო! თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილო! თავისუფლება ლომთა ხვედრიაო!
კიდევ ათას რამეს.
გაოცებული ვუყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი, ვაიმე, ღმერთო, აღარ მინდა აღარაფერი, ოღონდაც მალე წავიდეს, ხო მომჭრა თავი ძმაკაცებთან-მეთქი.
მაგრამ არ ეღირსა და ბოლოს მასთან მისვლა დავაპირე. იქნებ, როგორმე დამეწყნარებინა.
ამაზე სულ გაგიჟდა. ტაქსისკენ გაიქცა, მძღოლს კარი გამოუღო და უკივლა, რო მიშველე! ჩქარაო!
რა ხდებაო?! – გული გაუსკდა მძღოლს და რა რა ხდება, ვერ დაინახე, რაც გამიკეთაო?! რა გაგიკეთა, ვინ გაგიკეთა, მუსიკას ვუსმენდი ჩემთვის, არაფერი გამიგიაო.
და აქ დაიწყო მეორე მონოლოგი, რო მგელი მგლის ტყავს არ დახევსო, თაგვმა თხარა თხარაო, რაც მოგივა დავითაო, ყვავმა ყვავს უთხრა – ყვავოო.
რა დავითა, რა ყვავიო, – სულ გაგიჟდა ის კაცი. შეშინებული იხედებოდა აქეთ-იქით, – ღამე კი იყო, მაგრამ მაინც დავინახე, – არ მინდა პრობლემები, შენი ჭირიმე, ცოლ-შვილი მყავს, ბიჭებიო.
რამდენი წლისებიო?
რაო?!
რამდენი წლისები არიან შენი ბიჭებიო?
თვრამეტი და ოცი, სტუდენტები არიან, ეგ უჯიშოები, ვერცერთი ვერ მოხვდა უფასოზეო…
ჩემი ცოლი კიდევ უკანა კარისკენ გაიქცა და თან კიოდა, რა უფასო, რას მეუბნები, ახლავე წადი, თორე მკლავენ, ვერა ხედავო?!
კარი გამოაღო და სწრაფად ჩახტა მანქანაში.
მძღოლი გაკვირვებული იყურებოდა სიბნელეში.
მერე მანქანა დაძრა. წავიდნენ.
მდუმარე იყო წყნეთის ქუჩა, ნაღვლიანი.
დამსწრეთა მონათხრობი
წყნეთში ვიყავით, ვთამაშობდით და ამ გოგომ დაახლოებით 890-ჯერ რომ უთხრა – მეძინება, სახლში წავიდეთო, – ჩვენმა ძმაკაცმა მშვიდად გახედა და, კი ბატონო, არ უარვყოფთ – ხმამაღლა უთხრა, ტაქსს გამოგიძახებ და წადიო.
საერთოდ ვერ გავიგეთ, რატომ, მაგრამ მოულოდნელად ეს გოგო ტელეფონს ეცა და რეკვა დაიწყო. ჯერ მამამისს დაურეკა, რო მამა, ჩქარა, ტანკი დაქოქე, წყნეთში ამოდიო! რა ხდებაო?! – იყვირა იქიდან მამამისმა და ამან, აღარაა მაგდენი ლაპარაკის დრო, ჩქარა, ჩქარა, ტანკი, წყნეთშიო!
მერე ფეისბუქში შევარდა და დაპოსტა, რო, ხალხო, არიქა, პარლამენტის წინ, სასწრაფოდო!
ჰოდა სულ ასეთ რაღაცებს შვრებოდა, სანამ ტაქსი არ მოვიდა.
შოკში ვიყავით ყველანი. თან ჩუმ-ჩუმად ერთმანეთს ვუყურებდით და აშკარად ყველანი იმას ვფიქრობდით, საერთოდ როგორ მოიყვანა ამ ჩვენმა ძმაკაცმა ეს გოგო. ნეტა, რა ჩაუსხა, რა ჯადო გაუკეთაო…
ტაქსის ზარი ისე გაგვიხარდა, გეგონება, ტაქსი კი არა, ხინკალი მოსულიყოს. გვეგონა, დაგვადგა საშველი. წავა და მშვიდად გავაგრძელებთ თამაშს-თქო. მაგრამ სადაა…
როცა გადიოდა, კარი მოირტყა ზურგში და ერთი კი გვესროლა დედოფლური მზერა, მაგრამ შეეცოდა მაინც ჩვენს ძმაკაცს და წამოდგა, გავყვებიო.
გადავწყვიტეთ, სანამ მოაბრუნებდა, ერთი ხელი გვეთამაშა, თუმცა, გარეთ ისეთი ამბავი დაიწყო, ვის სცხელოდა თამაშისთვის…
ჯერ ჩვენი ძმაკაცის ხმა გავიგონეთ – დაიცა, სად მიდიხარ ასე, ზურგში კარმორტყმულიო! რასაც მომენტალურად მოჰყვა კივილი – რა კარგმოტყნულიო!
აი, მანდ ჩაირთო და აღარ გამოირთო.
მეო, დედაჩემმა იმისთვის კი არ გამაჩინა, ვიჯდე აქ ღამის პირველ საათამდე და ქმარს ველოლიავოო, ღრიალი და წიხლები ვითმინო და თავს ლაფი დავისხაო!
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს გრაფი კონსტანტინე ოლდენბურგი ეწვია და ქუთაისში ყოფნისას აგრაფინა ჯაფარიძეს შეხვდაო. თავადი იყო იმისი ქმარი, ტარიელ დადიანი და მივიდა ეს გრაფი და ერთი კვირით გამატანე შენი ცოლი და ფულს მოგცემო. ვალი ჰქონდა იმ ტარიელს და დათანხმდა, მაგრამ არც ერთი კვირის მერე დაბრუნებულა აგრაფინა, არც ორის და საერთოდ არასდროსო. ისე შეუყვარდათ ერთმანეთი ოლდენბურგს და ჯაფარიძის ქალს, რომ გრაფმა მას სიყვარულის ნიშნად სასახლე აუგოო. აი, ახლა ხელოვნების სასახლე როა, მაგ სასახლეზე გელაპარაკები, ნამდვილია ეგ ამბავი, კაცი ქალს სასახლეს ჩუქნიდა და შენ კიდე დამღრიალებ აქ თავზე და მაგინებო.
ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო!
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითაო!
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერსო!
ისეთ რაღაცებს ყვიროდა, კი ძალიან ვცდილობდით, არ შეგვემჩნია, მაგრამ სახეებზე გვეწერა ყველაფერი.
ვიღაცამ თქვა, ხო არ გავიდეთ, გავაშველოთო, მაგრამ დავიკიდეთ და ერთი იმასღა ვფიქრობდით, ჩაეგდოს დროზე მანქანაში, წაშავდეს, წაბნელდეს, როგორი შავი და ბნელიცაა ახლა წყეთის ქუჩები-თქო.
ჰოდა, როგორც იქნა, დაადგა საშველი.
წავიდა.
წყნეთის ქუჩა კი მართლა ბნელი იყო, ნაღვლიანი.
ტაქსისტის მონათხრობი
მაგიტოა რა. რო დაიფიცებ კაცი რაღაცას, სიტყვას არ უნდა გადახვიდე. მარა მძღნერის ჭამას რო ვერ ეშვები, ეგ ამბავია.
მოვწიე, მოკლედ. ბიჭები ეწეოდნენ და რო შემომთავაზეს, კი მიგრძნო ავი გულმა, თან დაფიცებულიც ხო მქონდა, თან სატაქსაოდ გავდიოდი, მარა მაინც მომეწევინა.
კი, სულ სამი ნაფაზი ამოვარტყი, მარა მაგრად გამიხსნა. მანქანაში რო ჩავჯექი, მალევე მოიტანა და, ბედი რო არ გაქვს კაცს, წყნეთში მოვიდა პირველი გამოძახება.
იმ მომენტში კი გამიხარდა, რა კაია, ქალაქს გავეცლები, ავალ ჩემთვის, მშვიდად, წყნარად და ეგრე წყნარადვე ჩამოვალ-მეთქი, მარა ვაი იმ ასვლას…
მივედი მისამართზე. ვდგავარ და მგზავრს ველოდები. თან მუსიკა მაქვს ჩართული. ვფიქრობ, ხანდახან რა კაია ცხოვრება, შუფუტინსკი, წყნეთის მდუმარება.
და უცებ, სად იყო და სად არა, ვხედავ, რო მორბის ქალი.
პირდაპირ ჩემკენ მორბის და მანქანის კარს მიღებს. თმა აქვს აწეწილი და კივის ბოლო ხმაზე.
გული გამისკდა. ჯერ ვიფიქრე, ძაღლი ხო არ მოსდევს-მეთქი. მაგრამ ვიყურები და არაფერი. ჭაჭანება არაა არც კაცის, არც ძაღლის. ეს ქალი კიდე არ ჩუმდება და კივის, რო მიშველეო, მკლავენო, ხო ნახე შენი თვალით, აქ რაც მოხდაო!
ვაიმე, ვფიქრობ, რა მოვწიე ამნაირი ან რომელი მელანდება ახლა, მართლა კლავენ და მე ვერ ვხედავ, თუ ქალი მელანდება თვითონ.
ქალი კიდე აგრძელებს, რო მეხუთე საუკუნე ხო არ გგონიათ ისევო! ეგ გინდათო, რო ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პურიო?! მაგისთვის ეწამა შუშანიკიო?! ცემით რო ათრია დამპალმა ვარსქენმა და სამასჯერ დაჰკრა ჯოხი, მოდი, ბარემ და შენც ჯოხი დამკარიო!..
ხოდა, მე ვთქვი, რა ვარსქენი, რა შუშანიკი, შანსი არაა, ახლა ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდეს და ლოცვა დავიწყე, ოღონდ გულში, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
ვამბობ, ღმერთო, ოღონდაც ახლა გადამარჩინე და მე თუ ცხოვრებაში კიდე მოსაწევს გავეკარო, ადექი და პირდაპირ მეხი მესროლე-მეთქი. მარა არ მშველის არაფერი. კივის ქალი, არ ჩუმდება.
მანდ კი ერთი ჭკვიანური მოვიფიქრე.
მე ვთქვი, მე მარტო ჩემსას ვიტყვი, თავს ვიმართლებ და რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა სინამდვილეში, მაინც მართალი გამოვალ-მეთქი.
ხოდა, ვეუბნები, ქალბატონო, არ მჭირდება პრობლემები. მოვედი ჩემთვის მისამართზე. თქვენთვის, უფრო სწორად. შარს კი არ ვეძებ, ცოლ-შვილი მყავს შესანახი. უნივერსიტეტში სწავლობენ ჩემი ბიჭები, ვერცერთი მოხვდა უფასოზე.
ჰოდა უცებ გამაწყვეტინა ამ ქალმა და რა უნივერსიტეტიო! ვაიმე, მკლავენო! ჩქარა, ჩქარა, წადიო! უკანა კარს ეცა და ჩახტა მანქანაში.
ერთი კი გავიხედე სიბნელეში, მარა ჩემთვის ვთქვი, რო მიდი, დაძარი ახლა მშვიდად, რა მნიშვნელობა აქვს, ზის თუ არა ქალი. უბრალოდ, მანქანა დაძარი და აქედან წადი-მეთქი…
დღემდე არ ვიცი, მართლა ჩამოვიყვანე ქალი წყნეთიდან თუ მომელანდა. ის კი ნაღდად ვიცი, რო მე პლანის მომწევი აღარა ვარ.
ჰო, და კიდევ ის მახსოვს, რო რაღაცნაირი მეჩვენა მაგ ღამეს წყნეთის ქუჩები, მდუმარე, ნაღვლიანი.
© არილი