თეკლა არჩვაძე
2021 წლის ოქტომბერში მწერალთა სახლის მასპინძლობითა და ორგანიზატორობით თბილისში მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TILF) ჩატარდა. ფესტივალი მრავალი სხვადასხვა ღონისძიებისაგან შედგება და მწერლებსა და შემოქმედებს არამხოლოდ საქართველოდან, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხიდან აერთიანებს. მოცემული კულტურულ-ლიტერატურული ღონისძიების ისტორიაში წლევანდელი პროგრამა ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა, თუმცა წინა წლისაგან განსხვავებით, ამჯერად იგი ცოცხლად, ფიზიკურ სივრცეში გაიმართა და თითოეული დღე საინტერესო დისკუსიებითა და შეხვედრებით დაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ ყოველ ფესტივალს წინ სპეციალურად შერჩეული თემა უძღვის, რაც წელს ამერიკელი პოეტის, ლორენს ფერლინგეტის შემოქმედება და კონცეფტი – „ქალაქი, როგორც სიმბოლო“ გახდა. უშუალოდ თბილისის მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის განხილვამდე საგულისხმოა აგრეთვე მისი დაბადების ისტორიაც, რაზეც მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა არილისთვის მოცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, პლატფორმის შექმნის თავდაპირველი წინაპირობა დიდი ლიტერატურული ტრადიციის მქონე ქვეყანაში ლიტერატურული ფესტივალის არარსებობა აღმოჩნდა და ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელების შემდგომ, პირველი ღონისძიება 2015 წელს ჩატარდა. ამასთან, მან ფესტივალის მნიშვნელობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
არილი: რა დატვირთვა, მნიშვნელობა შეიძინა ფესტივალმა წლებთან ერთად და, ზოგადად, რატომაა საგულისხმო ამ პლატფორმის არსებობა საქართველოში ან თუნდაც მის გარეთ?
ნატა ლომოური: (ჩატარებიდან) სულ მალე, ცხადი იყო, რომ ეს ფესტივალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც მნიშვნელოვანი ლიტერატურული პლატფორმა ხდებოდა. ფესტივალის გუნდი ცდილობს ძალიან ხარისხიანი თარგმანების, მკითხველის საყვარელ ავტორებთან შეხვედრებისა და ლიტერატურული საუბრების პარალელურად, მრავალფეროვანი სოციალური და პოლიტიკური თემებიც მოიცვას. თუ შეხედავთ ჩვენი საპანელო დისკუსიების თემებს, თავადვე დარწმუნდებით, თუ როგორი მნიშვნელოვანია საუბარი მწერლის სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ქალი მწერლების აქტვიზიმზე, იზოლაციაზე, პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში საბჭოთა ინერციაზე, ომისა და დიქტატურის დროს მწერლობის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე და ასე შემდეგ… სხვადასხვა წლებში ასევე ცნობილ საბავშვო ავტორებთან შეხვედრები, ჟანრული (სამეცნიერო ფანტასტიკა) და ბესტსელერი ავტორის ლიტერატურული სემინარებიც ჩაგვიტარებია. შესაბამისად, ფესტივალი არაჩვეულებრივი სივრცეა როგორც ქართველი მკითხველის მიერ თანამედროვე მწერლების გაცნობისთვის, ასევე მრავალხმრივი გააზრებისა და ფიქრისათვის. პროფესიული თვალაზრისით, ამგვარი შეხვედრები ქართველი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისთვისა და ლიტერატურული აგენტებისთვისაც საგულისხმოა…
ჩვენი მონაწილე ავტორები წერენ სტატიებს თბილისზე და მწერალთა სახლზე; აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას; გვაკავშირებენ სხვა მნიშვნელოვან მწერლებთან და გამომცემლებთან და ზოგჯერ თავად გამოსცემენ ქართველი ავტორების წიგნებს (მაგალითად კრისტიან კარლსონი შვედეთიდან და ლინდა მარია ბაროსი საფრანგეთიდან, რომელთაც ქართული პოეზიის თარგმნას და გამოცემას მიჰყვეს ხელი ფესტივალზე სტუმრობის შემდეგ). ერთი სიტყვით, აგრძელებენ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ელჩობას.
ფესტივალის შექმნის თავდაპირველ ჩანაფიქრსა და მის დიდ საზოგადოებრივ დანიშნულებაზე საუბრის გარდა, საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა ფესტივალის მენეჯერის, ნუკა ღამბაშიძის პასუხებიც. ნუკამ UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში გამართული რიგით მეექვსე ღონისძიებისათვის მზადების პროცესი და შიდა სამზარეულო დეტალურად გაგვაცნო, ამასთან ერთად კი, პროგრამის ფიზიკურ სივრცეში, ცოცხალი ინტერაქციების ფონზე წარმართვის არსებითობაზეც ისაუბრა.
ნუკა ღამბაშიძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითადად ყველა კულტურულმა აქტივობამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც გარკვეულწილად კულტურაში ყურადღების დეფიციტი შექმნა. ქალაქში კი, უწინ ძალიან აქტიური ლიტერატურული პლატფორმების ვაკუუმი წარმოიქმნა. სწორედ ამიტომ, TIFL-ის ფიზიკურად ჩატარება ჩვენი გუნდისთვის სარისკო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იყო. ფესტივალი კოვიდის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების გამო გავახანგრძლივეთ. ის ჩვეული ხუთი დღის ნაცვლად რვა დღე გაგრძელდა, რაც მაყურებლის თვალისთვის შესაძლოა დრამატულად შესამჩნევი არ იყო, მაგრამ საორგანიზაციო ჯგუფისთვის საგრძნობი და რთული აღმოჩნდა. უცხოელ მონაწილეებს ამჯერად ხანმოკლე დროით, 3-4 დღით ვუმასპინძლეთ და სტუმრები თბილისში რამდენიმე ნაკადად მივიღეთ… ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და მწერალთა სახლს ბოლო წლის მანძილზე მივიწყებული მნიშვნელოვანი მისია და საჯარო, საზოგადოებრივი სივრცის; თავისუფალი სიტყვისა და მსოფლიო ლიტერატურის პლატფორმის ფუნქცია დაუბრუნა.
მოსამზადებელ პერიოდში თარიღები რამდენჯერმე შეიცვალა. ამის მიუხედავად, მოწვეული ავტორების დიდმა ნაწილმა მაინც შეძლო მონაწილეობის მიღება, ჩვენ კი ფესტივალის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე მოგვიხდა საბოლოო თარიღების შერჩევა და ავტორების სტუმრობის პერიოდების მათ გრაფიკზე მორგება. აუცილებლობის გამო მიღებული გადაწყვეტილებებმა ფესტივალის ფორმატს არათუ შეუშალა ხელი, არამედ მისი განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. მონაწილეების სხვადასხვა ნაკადს მოვარგეთ რამდენიმე თემატური ფოკუსი. ტრადიციული პოეზიის საღამოების და ავტორთან შეხვედრების გარდა, პროგრამის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ისეთ მწვავე საკითხებზეც, როგორიცაა ლიტერატურული წინააღმდეგობა ტოტალიტარულ რეჟიმში, ანექსიის ან ომის დროს. პროგრამის შუა დღეები ქართველ მწერლებს და ფესტივალის თემას, “ქალაქს” დაეთმო, ხოლო დასკვნით ნაწილში მოეწყო შეხვედრები პოპულარულ პროზაიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან (ბლეიკ კრაუჩი, არიანა ჰარვიცი, იმან ჰუმაიდანი), დისკუსიები ენის და მწერლობის შესახებ, პოეზიის აუდიოვიზუალური პერფორმანსი და სამუშაო სემინარი ახალგაზრდა მწერლებისთვის. არსებული შეზღუდვების და სიფრთხილის ზომების გამო, პრიორიტერად დავისახეთ ჰიბრიდული ფორმატის შემუშავება და ღონისძიებების ხარისხიანი ლაივ ტრანსლაცია Facebook და Youtube გვერდებზე… ჩავწერეთ ინტერვიუები ლორენს ფერლინგეტის მეგობარ პოეტებთან: ბობ ჰოლმანთან და ნილი ჩერკოვსკისთან (რომელსაც ფერლინგეტის ბიოგრაფია აქვს გამოცემული), მოვიძიეთ და დავამუშავეთ ვიდეომასალა ავტორის მონაწლეობით და საბოლოოდ შევქმენით მოკლე ფილმი, რომელსაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და ფესტივალის ყოფილი მონაწილეებიც დიდი ენთუზიაზმით აზიარებენ. ვიმუშავეთ ლორენსის ლექსების ახალ თარგმანებზეც. ამ მოსამზადებელ პერიოდში ლორენს ფერლინგეტის უბრალო, მაგრამ გამორჩეულ პოეზიასთან, მის უკომპრომისო, გულუხვ და მხიარულ პიროვნებასთან გაცნობამ ყველა მოგვაჯადოვა, – მთარგმნელებიც, ორგანიზატორებიც, რედაქტორიც და ვიდეოგრაფიც. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე მწერალთა სახლში ფერლინგეტის ფილმი ვაჩვენეთ და მისი ლექსები ორ ენაზე წავიკითხეთ. ჩემთვის ეს იყო წლევანდელი პროგრამის იდეალური დასასრული.
როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ძირითად თემას „ქალაქი, როგორც სიმბოლო“ და ლორენს ფერლინგეტის შემოქმედება წარმოადგენდა. უფრო მეტი ინფორმაცია წლევანდელი თემის შერჩევის პრინციპსა და ამ განსაკუთრებულ პიროვნებაზე, ბობ ჰოლმანის სიტყვებისა არ იყოს, სან ფრანცისკოული რენესანსის მონაწილეზე, ქართველმა პოეტმა, მთარგმნელმა და, რაც მთავარია, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა იათაშვილმა მოგვაწოდა.
შოთა იათაშვილი: სულ არიან პოეტები, რომლებიც თავიანთი ქალაქის სურათ-ხატს ტოვებენ გარკვეულ ეპოქაში. მაგალითად, თბილისზე რომ ვილაპარაკოთ, 20-იანი წლების თბილისი თუ გვინდა დავინახოთ, იოსებ გრიშაშვილის ლექსებში უნდა ჩავიხედოთ, 50-იანი წლებისა – შოთა ჩანტლაძის პოეზიაში, 90-იანების თბილისი კი კარლო კაჭარავასთან, ანდრო ბუაჩიძესთან, დავით ჩიხლაძესთან, ზაზა თვარაძესთან ჩანს ძალზე შთამბეჭდავად. და მკითხველს მუდამ იზიდავს ასეთი, პირობითად რომ ვთქვათ, „ქალაქური პოეზია“. ერთ-ერთი ასეთი ავტორი იყო ლორენს ფერლინგეტიც, რომელმაც 50-60-იანი წლების სან-ფრანცისკო დახატა და მერე ხანგრძლივმა ცხოვრებამ ხელი შეუწყო, რომ ეს პროცესი გაეგრძელებინა.
არილი: ვიცით, რომ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ ყოველ წელს სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ტრიალებს. მაინც როგორ დაიბადა, შეირჩა მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თემა?
შოთა იათაშვილი: ყოველთვის თანდათანობით იკვეთება ფესტივალის თემა, მას შემდეგ, რაც მონაწილეთა სია თითქმის დადგენილია და პროგრამაზე იწყება მუშაობა. სხვადასხვა იდეები ჩნდება შეხვედრების დროს, მერე ვკამათობთ, ვარჩევთ საუკეთესო ვარიანტს… ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ამჯერად ეს იდეა კონკრეტულ საფესტივალო საღამოზე მუშაობისას გაჩნდა. ამერიკის საელჩოს დახმარებით უკვე გადაწყვეტილი იყო ლორენს ფერლინგეტის ხსოვნის საღამოს გამართვა. შეგახსენებთ, რომ ეს ლეგენდარული პოეტი და გამომცემელი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა შარშან. ქართველ მთარგმნელებს შორის მის ლექსებს ვანაწილებდით, ფილმზე ვმუშაობდით… ანუ მის ტექსტებში ვიქექებოდით, როცა ამოტივტივდა მისი ფრაზა „ქალაქი, როგორც სიმბოლო“ და ნუკა ღამბაშიძისგან წამოვიდა იდეა, რომ ეს ფრაზა ქალაქის თემად გვექცია. ამის მერე საკმაოდ ბევრი ვერსია იყო, თუ როგორ ჩაგვეტარებინა ამ თემისადმი მიძღვნილი საღამოები. საბოლოოდ თემა მთლიანად ქართულ სივრცეში გადმოვიტანეთ და სხვადასხვა ქალაქებზე სასაუბროდ ორ-ორი ავტორი შევარჩიეთ. ქალაქი კი სამი: თბილისი, ქუთაისი და გორი. ცხადია გაჩნდა კითხვა, რატომ არა ბათუმი, ან ზუგდიდი ან თელავი… ცხადია მით უკეთესი იქნებოდა, რაც უფრო მეტ ქალაქს მოვიცავდით, მაგრამ საფესტივალო ფორმატი მეტის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა ეს საღამოები ისეთი საინტერესო გამოვიდა, რომ ალბათ არ იქნება ურიგო რაიმე სახით ამ ფორმატის გაგრძელება – ან საფესტივალო პროგრამაში, ან მის მიღმა.
თბილისის მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურულმა ფესტივალმა წელს ოცზე მეტ მწერალსა და შემოქმედს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოებისათვის ამ საგულისხმო და მნიშვნელოვანი კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელება მომავალ წლებშიც იგეგმება.
© არილი