ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა
ბავშვობაში მეტისმეტად განვიცდიდი ადამიანთა დამცირებას. ჩემეული აღქმა ამ საკითხთან მიმართებით ყოვლისმომცველი გახლდათ, ხოლო ის განცდები, რასაც ინდივიდთა ამგვარი ქცევა აღმიძრავდა, ღრმად ილექებოდა ჩემში. სწორედ ამიტომ ვენდობი ამდენი წლის შემდეგაც საკუთარ მოგონებებს, ვინაიდან ის ბავშვი, რომელიც ამ წუთას თვალწინ მიდგას და აღწერას ვაპირებ, პირდაპირი ანარეკლია იმ ზრდასრული ადამიანისა, რადაც იგი შემდგომ იქცა. მაშინაც ისევე მახასიათებდა გადამეტებული სიამაყე, როგორც ახლა. არასდროს მქონია სურვილი, რომ საკუთარი ტკივილი სხვისთვის გამეზიარებინა. დახმარების თხოვნასაც კი ვუკადრისობდი. სიამაყე… აი, რა განაგებდა ჩემს ქმედებებს. მეჩვენებოდა, რომ ამ განცდის გავლენით ჩადენილი ყოველი საქციელი ერთგვარად გამორიცხავდა კიდეც მრისხანებას (შურის საძიებლად ისიც კმაროდა, რომ საკუთარ თავთან ვაღიარებდი ტკივილის ანდაც დამცირების მიზეზს. თითქოს შინაგანად ვგრძნობდი იმ კმაყოფილებას, რომელიც ჩემთვის ტანჯვის მომყენებელს ეუფლებოდა). ვფიქრობ, რომ გაბრაზება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ შენკენ ნასროლი ისარი მიზანს მოხვდა, დაიჭერი და ახლა სისხლი გდის. მნიშვნელობა არ აქვს მრისხანებას რა გამართლებას მოუძებნი, შეიძლება ის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განიხილო, მორალურ ანდაც ეთიკურ ჭრილში (ამ იდეას საფუძველი საკონცენტრაციო ბანაკებში არსებულმა ამბებმა ჩაუყარა), თუმცა თუკი კარგად დავფიქრდებით, მალევე შეიძლება შევნიშნოთ, რომ თუნდაც იმავე საკონცენტრაციო ბანაკის ისტორიები ადამიანებში მძვინვარე განცდების ნაცვლად, ტერორის შეგრძნებას ამძაფრებენ. უკან რომ გავიხედო და თვალი გადავავლო იმ არაერთ დამცირებას, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განმიცდია, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა – ჩემი თავდაჭერილი, ცივი, გულგრილი იერის უკან, რომელსაც ხშირად თავდაცვის ფუნქცია აკისრია, დიდი მრისხანება იმალება.
რაც უფრო მეტად ვუკვირდები საკუთარ ფიქრებს, სრულებით აღარ მიკვირს, რომ ჩემი გონება ყოველთვის სავსე იყო არაერთი ოცნებით, რომლებიც ტრიუმფალურ გამარჯვებას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ წარმოდგენათაგან არც ერთი არ ქცეულა რეალობად. ჩემი შურისძიება იმედგაცრუებათა მიმართ სხვაგვარი გახლდათ. შეიძლება ამას უმოქმედობაც კი ვუწოდოთ. მე მძულდა, როცა დამცირების შემდგომ ადამიანები ცდილობდნენ საპასუხო ქმედებაში დიდი ძალისხმევის ჩადებას. ტკივილის მიყენებას შესაძლოა ჩვენი უშუალო ჩართულობა არ სჭირდებოდეს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ ის დროის ყოველ მონაკვეთში არსებობს. ეს რაღაც წრიულ პროცესს წააგავს, რომელიც მარადიულად გრძელდება. ჩვენ ვსაჭიროებთ ჭრილობებს. ბევრგან წამიკითხავს, რომ ადამიანი, როცა თავის მტერს კლავს, საკუთარ ნაკლოვანებას ავლენს. იგი ამ აქტით ააშკარავებს, რომ მასში ღრმად იყო დალექილი დიდი ტკივილი.
შურისძიების ჩემეული ვარიაცია სრულებით სხვაგვარია. მე არ მინდა, რომ ვინმეს საკუთარი ქმედებით ტკივილი მივაყენო. ვცდილობ, ჩემი თავი დავაჯერო, რომ შეურაცხყოფილი არ ვარ. საკვირველია, მაგრამ საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება (რასაც ჩემი არაერთი მოგონება უკავშირდება) ხშირად გამხდარა მრავალი ადამიანის შურის ობიექტი. სიმართლე ითქვას, სწორედ ეს მსურდა მეც. ვოცნებობდი, რომ ჩემი ქმედების შეშურდებოდათ, ვინაიდან შურისძიების ამგვარი ვარიაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტკივილის მომნიჭებელი ობიექტის ცნობიერებაზე, თუ რამდენად შეუძლია მას ამ იდეის სრულყოფილად გააზრება.
ხშირად ვფიქრობდი, თუ როგორი ლექსები შემეძლო დამეწერა. წარმოვიდგენდი როგორ ვქმნიდი პოეზიის დიდებულ ნიმუშებს, რომელთაც მკითხველი არ აკლდა, არც ფორმისეული თვალსაზრისით დაეწუნებოდა რამე. ისინი ამ მხრივ სრულყოფილები იყვნენ. ერთადერთი დაბრკოლება, რასაც ამ ფიქრებში გართული ვაწყდებოდი, ის იყო, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობდი ამ ფორმათა სიდიადის გამოსახატავად. მე არ შემეძლო მათი სრულყოფილი ბუნების დახასიათება. თითქოს ამ ყველაფრის სიტყვებად დაშლა მიჭირდა. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ლიტერატურის ისტორიის არც ერთ მომენტში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამის აღწერა ვინმემ შეძლო. არადა, დანებებას არ ვაპირებდი. ვგრძნობდი, რომ პასუხი სადღაც უნდა ყოფილიყო, მას აუცილებლად უნდა ეარსება, ვინაიდან ჩემი მიმართება ლიტერატურისადმი ღრმა და ყოვლისმომცველი გახლდათ. მე ვაღმერთებდი ლიტერატურას. ხშირად ამ ფიქრებში გართულს თრთოლა ამიტანდა, თუმცა ამის მიზეზი სრულიად სხვა რამ იყო (წარსულში გაქვავებულ ამ განცდას, თითქოს ახლახან ამოედგა ენა და გაჩერებას არ აპირებდა). მინდოდა მთლიანად გამეგო ის უდავო ჭეშმარიტება, რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი. თითქოს რაღაც საყოველთაოდ აღიარებული კანონის პირისპირ ვიდექი, რაც ღელვის საფუძველს მაძლევდა. უცნაურია, მაგრამ ეს შიში, რომელსაც ამ მომენტის დადგომისას განვიცდიდი, არ მანადგურებდა. მას, ჩემი მტრების მსგავსად, გონებით ყველგან თან დავატარებდი. ვიცოდი, რომ ამ ადამიანებში შიში ერთგვარად ერწყმოდა სირცხვილის საზარელ განცდას. ისინი აცნობიერებდნენ საკუთარ შეცდომებს, მაგრამ არ შეეძლოთ მათი გამოსწორება. ყველაფერ ამას ემატებოდა ამ ადამიანთა ნაკლოვანება, რომელიც ხშირად ჩემს მტრებს არასწორი დასკვნების გამოტანისკენ უბიძგებდა. შურისძიების გეგმა, რომელსაც მოწინააღმდეგეთა მიმართ ხლართავდა გონება, დახვეწილი ლიტერატურული ფორმებითა და გამჭრიახობით იყო აღსავსე. ჩემი მტრები საკუთარ თავს თვითონვე სჯიდნენ, მაშინ, როცა მე, ჩვეულებრივ, შესანიშნავ განწყობაზე განვაგრძობდი არსებობას.
ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში, მცირედ სახეცვლილი ფორმით – არაერთგზის განვითარებულა მოვლენები ზემოთ აღწერილი სცენარით. ეს გახდა თითქოს მყისიერი პასუხი ყველა საჯარო თუ პირად წარუმატებლობაზე, ღალატსა და შეურაცხყოფაზე. ამავე ხერხს მივმართავდი მაშინაც, როცა საქმე უფრო ნაკლები მნიშვნელობის მქონე გაუგებრობასა და უხერხულობას ეხებოდა. ცხადია, მათგან თავის დაღწევას დიდი ძალისხმევის გარეშე ვახერხებდი, თუმცა ეს უკანასკნელი გაჩენილ იარებს მხოლოდ მალამოდ როდი ედებოდა. ის ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. აქედან გამოწვეული განცდები ლექსების წერის სურვილს მიმძაფრებდა, რაც ხშირად დაუძლეველ მისწრაფებად გადაიქცეოდა ხოლმე. წარმოუდგენელია, რომ ამგვარმა შეგრძნებებმა უეცრად, შთაგონებით დაბადებული აზრი სრულყოფილად ჩაანაცვლოს. ისინი შეიძლება ინსპირაციად, ძლიერ იმპულსად იქცნენ პოეტისთვის, რომელიც შემდგომ მათ გარდაქმნის და შესაბამის ფორმას აძლევს. სწორედ ეს განცდები მაცოცხლებდნენ და მაძლიერებდნენ მაშინ, როცა ჩემი გონება სრულად იყო პარალიზებული. შურისძიების მომენტი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი, ახლოვდებოდა. ო, როგორი სასიამოვნო და დიდებულია იმის განცდა, რომ მრავალწლიანი მოლოდინი ნელ-ნელა სრულდება – ძალთა თანაფარდობა კი შენს სასარგებლოდაა. შთაბეჭდილებები იცვლება, ახლა სრულიად სხვაგვარად განსჯი სიტუაციას. აი, ეს არის ნამდვილად დიდი შემობრუნება.
ამოსავალი წერტილი, რაც ჩემს წარმოდგენებს ასაზრდოებდა, დრო იყო. მე კარგად ვიცოდი მისი უსასრულო ბუნების შესახებ და ისიც მესმოდა, თუ რაოდენ ყოვლისმომცველია იგი. აუცილებელი იყო საკუთარი თავისთვის გამემხილა, თუ რა მანძილის გავლა იქნებოდა საჭირო, სანამ ჩემი დამცირებული „მე“ გადაიქცეოდა „ტრიუმფით-მავალ“ არსებად. შურისძიებასთან დაკავშირებული ენობრივი ფორმები მჭიდროდაა დაკავშირებული მომავალ დროსთან: ისინი მიხვდებიან, მოინანიებენ, შეწუხდებიან და ა.შ. არასდროს მიფიქრია, რომ ასაკს ჩემს წარმოდგენაში არსებულ თეორიულ დაშვებებზე რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონოდა. ჩვენ შეზღუდულები ვართ დროითი თვალსაზრისით და ხშირად სწორედ ეს არის ერთადერთი რამ, რაც საფრთხეს უქმნის გონებაში არსებული გეგმების აღსრულებას. მიუხედავად ამგვარი ფიქრებისა, ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩემს წარმოსახვაში არსებული ამბები გაუჩინარდნენ და უცბად ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. სიმართლე ითქვას, ამან გამაძლიერა.
ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როცა ადამიანი გარკვეულ ასაკს აღწევს და ხვდება, რომ დროის არც ისე დიდ მონაკვეთში იცხოვრა (რასაკვირველია, ის აღიარებს, რომ დრო მიფრინავს). იგი ამას კარგად იაზრებს და ხვდება, რომ ამ მომენტში აღძრული განცდები განსხვავებულია იმ ფიქრებისგან, რომლებიც მას მანამდე უტრიალებდა თავში. ადრე განიცდიდა, თუ როგორ უსამართლოდ და ნაადრევად შეიძლება დასრულდეს ადამიანის სიცოცხლე, ახლა კი სრულიად სხვა რამ აღმოაჩინა.
კარგად ვიაზრებდი, რომ დრო მუდამ წინ მიიწევდა, რის გამოც ვცდილობდი ჩემს წარმოსახვაში არსებული სახეები უცვლელად შემენარჩუნებინა. უსასრულოდ არსებულ მომავალში ჩემი მტრის ხატი გაყინული და სტატიკური უნდა ყოფილიყო. მე მის განადგურებას ვირტუოზულად ვგეგმავდი, იმ სულიერი სიღრმით, რომელიც გამაჩნდა. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ ეს პიროვნება ზუსტად იმის იდენტური ყოფილიყო, ვინც თავდაპირველად შეურაცხყოფა მომაყენა. აღსანიშნავია, რომ ჩემი მტრები, კრიტიკოსები, მეგობრები, კოლეგები… ყველა მათგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ისჯება და მათრახდება დროის მიერ. მე მათდამი თანაგრძნობას ან ამ შეგრძნების მსგავს რაღაცას განვიცდიდი, რამაც ჩემი შურისმაძიებელი ბუნება შეარბილა. შეიძლება ამას სახეცვლილებაც დავარქვათ, ვინაიდან ყურადღებას აღარ ვაქცევდი შურისძიების გეგმათა იერარქიას, არც ჩემში დალექილ გამოცდილებას ვუთმობდი დიდ დროს. ადრინდელი სიმკაცრე და ძალადობისაკენ სწრაფვა უცბად შემწყნარებლობამ და კეთილშობილებამ ჩაანაცვლა. საბოლოოდ ამ ცვლილებებმა ნაკლებად გაბედულ ნაბიჯებამდე მიმიყვანა. ჩემს მტრებზე კვლავაც გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ეს გულის ტკივილი სამყაროში არ განსხეულებულა, მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ენერგია არ შემელია.
ხანდახან საკუთარ თავს გამოვუტყდები ხოლმე, რომ ჩემი მტრები ძალიან მაკლია. ისინი ხომ დიდ ძალას მანიჭებდნენ. მართლაც, კარგი იყო, როცა ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ დრო გულუხვია ადამიანთა მიმართ და მეც, პატარა ნავის მსგავსად, შემიძლია ვიცურო მრავალი წლის განმავლობაში. სიმართლე ითქვას, ახლა ამ საკითხმა მომხიბვლელობა დაკარგა. ეს, რაღაც აზრით, ჩემი პრაგმატული დამოკიდებულების ბრალია. აშკარაა, რომ აღნიშნული ცვლილება ძალიან მაღელვებს. საიდან შემიძლია მივიღო ის ენერგია, რომელსაც მთელი ცხოვრება შურისძიებისგან აღძრული ვნება მანიჭებდა?
2013 წელი
[1] ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია „როგორ უნდა გავხდე“ სერიის წიგნები. იქ აღწერილია სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ცხოვრებისეული მომენტები. ავტორები ხშირად აღწერენ იმ წინაპირობებს, რამაც ამა თუ იმ პიროვნებას საქვეყნო აღიარება მოუტანა. აქ სწორედ ამ სერიის წიგნებს გულისხმობს ავტორი.
© არილი