თარგმანი,  ინტერვიუ

ლუიზ გლიკის დუმილის ხელოვნება – ინტერვიუ ლუიზ გლიკთან

 

ინგლისურიდან თარგმნა ინგა ჟღენტმა

 

ელიზა გონსალესმა, რომელიც ლუიზ გლიკის სტუდენტი იყო იელის უნივერსიტეტში, ეს ინტერვიუ ,,ვაშინგტონ სქვეასთვის“ 2014 წლის 18 ოქტომბერს ჩაწერა პოეტის სახლში, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს.

,,როგორც კი მექმნება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი თავი ვიპოვე და შემიძლია მასზე საუბარი, მაშინვე საპირისპიროს გაკეთების სურვილი მიჩნდება“ – ამბობს ლუიზ გლიკი. მისი შემოქმედება მოულოდნელობის ეფექტისკენ უწყვეტი სწრაფვაა: ერთ-ერთ ინტერვიუში პოეტმა თქვა, რომ ლექსების მეორე კრებული „მარშლენდის სახლი“ პირველი წიგნის, ,,პირმშოს“, იმ რეცენზიის საპასუხოდ დაწერა, რომელშიც ავტორი ამტკიცებდა: ,,დღეს ჩვენ უკვე ვიცით, მომავალში რას უნდა ველოდოთ ლუიზ გლიკისგან.“ გლიკი ხშირად აღნიშნავს, რომ  პოეტის შემოქმედებითი სრულყოფისთვის ცვლილებები და სიახლე აუცილებელია: ,,მე თუ რამე მაქვს სათქმელი რომელიმე თქვენგანისთვის, ვინც წერთ, უნდა გითხრათ, რომ ერთხელ უკვე ნათქვამის გამეორება სიმშვიდეს არ უნდა განიჭებდეთ. ეს უდიდესი მარცხია, რადგან ხელოვნება არ მიისწრაფვის არსებულის რამე ფორმით მტკიცებისკენ, არამედ დამალულის და უხილავის აღმოჩენისკენ.“

ბოლო კრებულ ,,ერთგულების და სათნოების ღამეში“ გლიკი პირველად საუბრობს დუმილის კონცეფციაზე. პოეტისთვის შემოქმედებითი პაუზა დუმილის ყველაზე შემაძრწუნებელი და შემზარავი ფორმაა, რადგან ხელოვანი მხოლოდ შემოქმედებით პროცესში ყალიბდება: „სიტყვა ,,პოეტი“ ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ; პოეტობა მისწრაფების აღმნიშვნელია და არა საქმიანობის. ,,პოეტი” არ არის ის არსებითი სახელი, რომელიც კონკრეტული რამის მიღწევის შესაძლებლობას აღნიშნავს“ – ამბობს გლიკი ესეში „პოეტის განათლება.“  შემოქმედის დუმილი ტანჯვაა – არა როგორც აწმყოსმიერი აგონია, არამედ როგორც ამ დუმილის მუდმივად გაგრძელების შიში. კრებულში ამბის გადმოცემის პროცესში ერთმანეთს ენაცვლება ორი ხმა – კაცი მხატვარი და ქალი პოეტი. ამ პერსონაჟების მეშვეობით გლიკი სხვადასხვა რაკურსიდან შლის მტკივნეულ თემებს. მხატვარი ყველაზე დაუფარავად საუბრობს, თუ როგორი დამანგრეველია დუმილი ხელოვანისთვის. ,,ერთგულების და სათნოების ღამე“ ბევრად მტკივნეულ დუმილს ეხება – სიკვდილს და დაბერებას. სიკვდილი და მოკვდაობა გლიკისთვის ახალი თემატიკა არ არის, მაგრამ პოეტის ბოლო წიგნში ამ საკითხების აღქმა და მათზე დაკვირვება ისეთი შეუპოვარია, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევ, ვერ შეებრძოლები. წიგნის პირველი ლექსი ,,სიკვდილის საუფლო“   სიცოცხლესთან გამოთხოვებას აღწერს  და ასე იწყება – ,,მე გავხდი დიდებული რაინდი – მივექანები ჩამავალ მზისკენ.“ სწორედ თავისუფლების ეს შეგრძნება უნარჩუნებს კრებულში სიკვდილის და დაბერების მძიმე თემას ჰაეროვნებას. წიგნი გაჯერებულია თავისუფლების განსაკუთრებული შეგრძნებით – მკითხველს არ ტოვებს განცდა, რომ ყოველი მოგზაურობა იმ უსასრულო ძიების გზაა, სადაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე თვით ბედისწერა და გარდაუვალი დასასრული. წიგნში ჩანს გლიკის უსაზღვრო წარმოსახვა – პერსონაჟი მხატვრის ამბის გადმოცემის სტრუქტურულ ქარგად ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია გამოყენებული, დაწყებული ჭაბუკობის ასაკიდან, ხანდაზმულობამდე. კრებულში თავმოყრილია სიურრეალისტური ლექსები, სადაც სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ზღვარი წაშლილილია, რადგან სწორედ ეს ზღვარი მოიაზრება ადამიანის ცნობიერების მთავარ დაბრკოლებად. თავისუფლების შეგრძნება ტონალობების და ემოციების ფართო სპექტრითაა გამძაფრებული – წიგნში ყველაფერია: ფიქრის უსასრულობა, გარდაუვალ სიკვდილთან სტოიკური შეგუება, იმედგაცრუება, სიხარული, გასხივოსნება (ეპიფანია), ექსცენტრიკულობა და იუმორი.

ფილოსოფიური წიაღსვლებითა თუ სიურრეალისტური ლექსიკით გლიკი ასევე პირველად გვამოგზაურებს პროზაული ლექსის სამყაროში. პოეტის მეტყველება მინიმალისტურად მარტივია, მაგრამ, ამავე დროს, ეს სიმარტივე იტევს აზრის შეუზღუდაობას და მასშტაბურობას – წიგნში სიტყვები სათქმელთან ისეა შეკავშირებული, რომ ღრმად ჩაფიქრებასთან ერთად ამოსუნთქვის საშუალებასაც იძლევა – სიმბოლოებით დატვირთული ვრცელი ლირიზმი პერიოდულად ნეიტრალდება და სიმსუბუქით ივსება. სიკვდილის საუფლოსთან მიახლოების მიუხედავად, საბოლოოდ, სიცოცხლე იმარჯვებს. ლექსში ,,ჰორიზონტთან ახლოს“ მხატვარი უახლოვდება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს. სწორედ ამ დროს ის საცხოვრებლად გადადის მონტანაში, სადაც სიყვარულს პოულობს.

 

– სანამ ახალ წიგნზე ვისაუბრებთ, მინდა თქვენს სემინარებზე გკითხოთ, კერძოდ, თქვენი სემინარის სტრუქტურის შესახებ. ვფიქრობ, ფორმატი, რომელსაც იყენებთ, უნიკალურია: თითოეული სტუდენტი ყოველ კვირას ირჩევს ერთ ლექსს. სემინარზე, რომელიც დაახლოებით ორ-ნახევარი საათი გრძელდება, მხოლოდ სამი ლექსის განხილვას ვასწრებთ. თითოეულ ლექსს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა – ოც წუთში ყველაზე მთავარს ვამბობთ, დანარჩენი დრო კი სიღრმეებში ჩაწვდომას ვცდილობთ.
 – კი, ასეა.

 – ეს შესანიშნავი და ძალიან პროდუქტიული პროცესია. მაინტერესებს, როგორ მიხვედით ამ ფორმატამდე. იყენებდით თუ არა იმავე მეთოდს, როდესაც პირველად დაიწყეთ ლექციების წაკითხვა? როგორ დაიწყო და დაიხვეწა ეს პროცესი?

– ვცდილობ გავიხსენო, როგორ მიმდინარეობდა სემინარები. ვფიქრობ, პირველი სემინარებიც მსგავსი უნდა ყოფილიყო, რადგან პედაგოგიკისთვის დიდი დრო არასდროს დამითმია. რა თქმა უნდა, ხუთი წუთის განმავლობაში სრულიად შესაძლებელია ბევრი მნიშვნელოვანი რამ თქვა. ჩემთვის ასევე ცხადია, რომ მსჯელობის პირველ ეტაპზე ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს მოგვიანებით ეჭვქვეშ ვაყენებთ. იმასაც ვაცნობიერებ, რომ წერის პროცესში საოცარი გასხივოსნების შეგრძნება გეუფლება, თუმცა, საკუთარი აზრისგან დროში დისტანცირების შემდეგ ყოველთვის ჩნდება რაღაც „მაგრამ“… და როცა ასე ხდება, უკვე საინტერესოა. მერე ცდილობ, რაღაც გრანდიოზული გამოსავალი იპოვო და ამ დროს ლექსის თითოეული ნიუანსი ზედაპირზე ჩანს. მიყვარს ეს მომენტი. უილიამსის კოლეჯშიც ასე ვასწავლიდი – განვიხილავდით სამ ლექსს და ვწერდით ანოტაციებს. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. არის მომენტი, როდესაც ფიქრობ, რომ ეს საშინელებაა, რადგან წაკითხული მხოლოდ სიცარიელის განცდას გიტოვებს, შემდეგ კი ფიქრობ, ნუთუ, ეს არის ცხოვრება? და როგორ მტკიცდება, რომ სწორედ აქ, ამ პროცესში ცხოვრობ და არა სხვაგან? ხელოვანიც აქ ცოცხლდება – მკითხველის ტექსტთან ურთიერთობის პროცესში. ეს კი ხშირად ცვლის ადამიანებს. ვფიქრობ, რომ სწორედ დაკვირვების ეს სიღრმე აძლევს ადამიანებს საკუთარი ბრწყინვალე გონების გამოყენების შესაძლებლობას. თუმცა, ეს ყოველთვის არ ხდება.

– მე ყოველთვის ვამბობ, რომ მასალის რედაქტირება და გადამუშავება თქვენგან ვისწავლე. გადამუშავებაში ვგულისხმობ არამხოლოდ ტექნიკურ შესწორებას, არამედ მთლიანად საკითხის და ხედვის გადააზრებას, სათქმელთან მიბრუნებას, ახალი იდეის ამოქმედებას. ეს პროცესი რთული ბრძოლაა და დიდ გამძლეობას მოითხოვს. ვერ ვიხსენებ, ოდესმე თუ გვისაუბრია თავად როგორ წერთ, როგორ მუშაობთ.

 – არ გვისაუბრია.

მაინტერესებს რა ხდება ამ შემთხვევაში თქვენთან და ეს პროცესი სხვადასხვა წიგნის მიხედვით რამდენად განსხვავებულია.
   – რა თქმა უნდა, განსხვავდება. ზოგიერთი წიგნი იმდენად სწრაფად იწერება, რომ ხშირად არაფერი იცვლება და პირველივე ვერსია იბეჭდება. თავდაპირველად, როდესაც წერა დავიწყე, მუდმივად ვარედაქტირებდი ლექსებს. ეს ჩვევა ჩამომიყალიბდა და ახლაც ასე ვიქცევი, რადგან მსურს დავწერო ისეთი ლექსი, რომელიც რაღაც გავლენას გამოიწვევს ან სიახლის განცდას მოიტანს. მე საკითხს ასე ვუდგები და ვფიქრობ, მაქვს ამის შეფასების კომპეტენცია. ლექსში უსიცოცხლო და ინერტულ ადგილებს ინტუიციით ვგრძნობ. სტეინლი კუნიცი[1]  არასდროს ტყუვდებოდა, როდესაც ასეთ ადგილებზე მიმითითებდა. ის მამხნევებდა და შრომისკენ ასე მომიწოდებდა: ,,მოდი, აბა, დავუბრუნდეთ გზის მშენებლობას.“ მჯეროდა, რომ ეს პროცესი ერთგვარი თავდადება იყო. ჩემს თავს ვეკითხებოდი: რამდენი ნამდვილი ლექსის დაწერას ვაპირებ? მიმაჩნდა, რომ ჯობდა დავტანჯულიყავი, ტკივილი განმეცადა და თითოეულ ლექსში სრულყოფილებას შეძლებისდაგვარად მივახლოებოდი.

 – რედაქტირების პროცესი ლექსის სრულყოფის ქვეცნობიერ სურვილს ჰგავს.

– თითოეულ ფრაზას რუდუნებით ვეპყრობი. მით უმეტეს, თუ ეს სიკვდილის და იმედგაცრუების ნიუანსებს ეხება. ,,არარატის“[2]  შემთხვევაში წერის პროცესი ნელი და ხანგრძლივი იყო. სწრაფად წერის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება. ,,გარდამავალი სილუეტი“[3]  საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწერა. შემდეგ უკვე ,,ველური ზამბახიდან“[4]  მოყოლებული წერის პროცესი ძალიან სწრაფად მიდიოდა და იშვიათად თუ დავარედაქტირებდი რამეს. ბოლო რამდენიმე წიგნზე შრომატევადი რედაქტირება დამჭირდა, რადგან პარალელურად ვმუშაობდი. ჩემი ბოლო წიგნები ძალიან განსხვავდება წინამორბედებისგან. ,,ცხოვრება სოფელში“[5]  სრულიად განსხვავებული იყო. როდესაც კრებულზე მუშაობას ვამთავრებდი, ლექსები ცოტათი კონვენციური მომეჩვენა. მივხვდი, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე. ამიტომაც გავიფიქრე, მოდი, დასასრულის გაგრძელებას დავწერ-მეთქი. ვიგრძენი, რომ ეს საოცარი აღმოჩენა იყო. რეალურად, ეს რაღაცები ახალგაზრდა პოეტების ლექსების შეფასების პროცესში ვისწავლე. როდესაც სპენსერ რისის[6] „კლერკის ზღაპრის“ ხელნაწერს გავეცანი, ვხედავდი, სავსე იყო საოცარი პასაჟებით, მაგრამ ბევრი რამ ზედმეტი იყო. ლექსები ლაკონური ორტაეპედებით მთავრდებოდა, ხოლო კრებულის სათაურად გამოტანილი ლექსი მოცულობით სამჯერ პატარა იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი. ასე რომ, როგორც კრიტიკოსი, რედაქტორისთვის საჭირო გამოცდილებას მანამდე ვიღებდი, სანამ იგივე ხარვეზებს ჩემს ნამუშევარში აღმოვაჩენდი. ვგრძნობდი, რომ რისის ლექსები მოულოდნელად მთავრდებოდა, რადგან ავტორმა ვერ გაიაზრა, რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი. ცხადი იყო, რომ მას რაღაც თავიდან უნდა დაეწყო. მაშინ მე მისი შემოქმედება იმდენად კარგად მესმოდა, რომ შემეძლო მისთვის მერჩია, რომელი ტაეპი სად ჩაესვა, რომელი სტროფი სად გადაეადგილებინა, რომელი ლექსი სად, როგორ დაესრულებინა და რომელი უნდა გაეგრძელებინა. სწორედ ამ მუშაობის პროცესში ვისწავლე რედაქტირებისთვის საჭირო ტექნიკა. დღის განმავლობაში ჩვენ ოთხ-ხუთჯერ ვსაუბრობდით ტელეფონზე. მე მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ინტენსიური სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა – მწვრთნელის ფუნქციას ვითავსებდი და სულ ვეუბნებოდი – ახლა ეს სცადე, ახლა კი ეს. ეს ყველაფერი ლექსის ხანგრძლივი სიცოცხლის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ის მიდიოდა იმ ეტაპამდე, სადაც ლექსის ტაეპი უნდა დაესრულებინა, მაგრამ ეს დასასრული მხოლოდ დროებითი პაუზის  შთაბეჭდილებას ტოვებდა – იგრძნობოდა, რომ სათქმელი უნდა გაგრძელებულიყო, რადგან სიცარიელე აგვერიდებინა. მესმის, რომ ეს მეტისმეტად აბსტრაქტული ახსნაა, მაგრამ ეს ასეა და მეც ამ პროცესში ვისწავლე.

–  ,,ცხოვრება სოფელში“ ნამდვილად ძალიან განსხვავებული წიგნია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყოველი ახალი კრებული წინა წიგნის ერთგვარი უარყოფაა.
– ასეა, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ეს თავგადასავალს უნდა ჰგავდეს, გართობას, ისეთ რამეს, რაც მანამდე არასდროს გაგიკეთებია. მე წინა, დასრულებული ნამუშევრის სრულყოფა არასდროს მაინტერესებდა.

– მაინტერესებს რას ეხმაურებით, რის თქმას ცდილობთ ,,ერთგულების და უმანკოების ღამეში“ და ეს წიგნი როგორი თავგადასავალი იყო.

– ეს სრულიად განსხვავებული რამ იყო. მე ყოველთვის ბევრ პროზას ვკითხულობ – მაშინ აირის მერდოკს ვკითხულობდი. მიყვარს აირის მერდოკი, მისი სიბრძნე და სილაღე, მათი ერთდროულად მიღწევა ხშირად შეუძლებლადაც კი მიიჩნევა. კითხვის დაწყებამდე დაახლოებით ორ-ნახევარი წელი  შემოქმედებითი პაუზა მქონდა და მეშინოდა, რომ წერას ვერ შევძლებდი. რაღაც მომენტში დავიწყე თითქოს უმნიშვნელო ლექსების წერა და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი-  ხომ ვწერდი და  ტრივიალურობა არც კი მადარდებდა. უბრალოდ მადლიერი ვიყავი, რომ  ვწერდი. მგონი, პირველი, რაც დავწერე, იყო პატარა ლექსი “წარსული.” ეს იყო ლირიკული ლექსი, ჩვეულებრივი ლირიკა, პიტერ სტრექფასის[7] გავლენით დაწერილი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არ ვიყენებდი მის ენას და ჩემი თავი ვყოფილიყავი. ეს მისწრაფება მე თვითონ აღმაფრთოვანებდა და საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ რამე ამაღლებულს, ან საინტერესოს ვქმნიდი. უბრალოდ წერა მაბედნიერებდა, განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია, ეს კი ჩემთვის რაღაც ახალი იყო. და იმ ერთი ტონალობით, რაც კრებულის ყველა ლექსში ისმის, დავწერე პირველი ვრცელი ლექსი, რომელშიც მხატვარი ლაპარაკობს. წიგნის პირველ ვერსიაში მხატვრის ნაცვლად ბავშვი იყო, რომელიც დედასთან ერთად ფერმაში ცხოვრობდა. დედა კერვით იყო გატაცებული.  კერვას ტექსტში ბევრი სტრიქონი ეძღვნებოდა, მაგრამ დაახლოებით სამი სტროფის შემდეგ ძალა გამომეცალა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა ამ ლირიკული ხმით რის თქმას ვაპირებდი. ჩემს შენიშვნებს და კომენტარებს ჩანაწერებად ვინახავდი – ვფიქრობდი, იქნებ რამეში გამომადგეს-მეთქი. შემდეგ იმ ლექსის წერას შევუდექი, რომელიც კრებულის სათაურად უნდა გამომეტანა, მაგრამ სასტიკად არ მომწონდა, მეგონა, სანაგვეზე უნდა მომესროლა, რადგან ღირებულად არ მიმაჩნდა.

 – მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ წიგნზე მუშაობის პროცესი სხვებთან შედარებით ხანგრძლივი იყო.
– ხუთი წელი. დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საუკეთესო ნამუშევარია, მაგრამ მასზე მუშაობის პროცესში ასე არ ვფიქრობდი. უფრო მოგვიანებით აღმოვაჩინე ის რაღაცები, რასაც თავიდან ვერ ვხედავდი.

– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ეს ერთი ამბავია, სხვადასხვა რაკურსიდან მოყოლილი. როდესაც კრებულზე მუშაობა დავასრულე, ისევ დაბრკოლების პირისპირ აღმოვჩნდი – მხოლოდ რამდენიმე ლექსი მომწონდა, რომლებიც წიგნის მთლიანი ჩანაფიქრისთვის არ იყო საკმარისი. მაშინ კეტი დევისმა[8] კაფკას მოთხრობების წაკითხვა მირჩია. ასეც მოვიქეცი და ეს ძალიან დამეხმარა – პროზაული ლექსი დავწერე.

– და ეს პირველად როდის მოხდა?
– სწორედ მაშინ, როდესაც გავიფიქრე, ეს რა ნაგავი დამიწერია-მეთქი. იმ საღამოს ფრენკ ბიდარტთან[9] უნდა მევახშმა და ვიფიქრე, სანამ მე თვითონ გადავაგდებ ლექსებს, ფრენკს ვაჩვენებ-მეთქი, რადგან მისგან მწვავე კრიტიკის მოსმენა ჩემთვის პრობლემა არ არის. ახლო მეგობრებს ბევრჯერ მწარედ გავუკრიტიკებივარ. ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა აზრთა სრულიად საპირისპირო პლასტებზე ყოფნა.

– პირველი პროზაული ლექსი რომელი იყო?

– ,,მეხსიერების თეორია“. შემდეგ ამ სტილში წერა გავაგრძელე და უფრო გამიადვილდა. ისე ვღელავდი, თითქოს ექსტაზში ვიყავი. დაგროვილ მასალას უკვე მთელ წიგნად აღვიქვამდი და  მივხვდი, კრებული  როგორი უნდა გამოსულიყო – ეს უნდა ყოფილიყო ერთდროულად მსუბუქი და ჰაეროვანი, მღელვარე და მტკიცე, სიურრეალისტური  და ექსტაზური, მაგრამ, ამავე დროს, სრულიად რეალური და ნამდვილი.

– ექსტაზსა და სიმსუბუქეზე თქვენმა ნათქვამმა დამაფიქრა. როდესაც ,,ნიუ იორკერში“ პირველად გამოქვეყნდა ამ კრებულიდან ლექსი ,,თავგადასავალი“, მაშინვე წავიკითხე და გავიფიქრე, რომ ეს სრულიად სხვა რამ იყო. ლექსში მოცემული სურათ-ხატების და ხმების შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი – რაინდი, ცხენის ჭიხვინი, მუდმივი დაეჭვების და უარყოფის მდგომარეობა, ასევე ის იუმორი და სილაღე, რაც ამ ყველაფერს ახლდა. თუ კრებულმა ,,ცხოვრება სოფელში“ თქვენი პოეტური ფორმების არეალი გააფართოვა, ამ წიგნის შემთხვევაში სიახლეა არა ფორმის თვალსაზრისით, არამედ აქ ვხედავთ წარმოსახვის მეტ თავისუფლებას, მოგზაურობის მეტ მასშტაბს და სიმბოლიკას.

– ამ აქცენტებში მეც გეთანხმებით. ეს უმეტესწილად იმის დამსახურებაა, რომ საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს ვუწესებ, მაგრამ, ამასთან ერთად, ნაკლებს ველოდები.

– კრებულში ერთმანეთს ენაცვლებიან მხატვარი და პოეტი. ის თემები, რომლებზეც აქ საუბრობთ – მოკვდაობის გაცნობიერების ტრაგიზმი, კომუნიკაციის შეუძლებლობა და ურთიერთობათა სირთულე, ადამიანის უსუსურობა, ძიების, პოვნის და დაკარგვის ურთიერთმონაცვლეობა და ერთმანეთისგან განუყოფლობა, სიკვდილთან მიახლოება, თქვენთვის ახალი არ არის, მაგრამ მე მაინტერესებს, როდესაც ამ თემებზე მხატვარს ალაპარაკებთ, ეს რამდენად განიჭებთ თავისუფლებას თქვენი აზრების გადმოსაცემად?

– ერთადერთი რამ, რაშიც თავს ნამდვილ ექსპერტად ვგრძნობ, დუმილის ხელოვნებაა. იყო ჩემს ცხოვრებაში საშინლად მტანჯველი დუმილის, შემოქმედებითი პაუზის პერიოდები, როდესაც ვერ ვწერდი, თუმცა ეს არ მაღელვებდა, რადგან ამ სიჩუმემდე ეიფორიული დასკვნის შემდეგ მივედი. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო დავდარდიანდი. თავიდან მეგონა, ამის მიზეზი იმის გაცნობიერება იყო, რომ არაფერი შემიქმნია ისეთი, რითაც შეიძლება გამიხსენონ. შემდეგ გავაცნობიერე, რომ უსუსურობის და სიცარიელის ეს განცდა იმან განაპირობა, რომ ემოციები ქაღალდზე არ გადმომქონდა. ვეცადე, დიდი ენერგია ჩამედო წერის დაწყებაში, მაგრამ არ გამომივიდა. გარკვეული დროის შემდეგ კი ვიგრძენი, რომ ამ განსაცდელისგანაც შეიძლებოდა რამე მესწავლა. ამის შესახებ არასდროს დამიწერია პირველ პირში, ყოველ შემთხვევაში  ჩემი სუბიექტური გამოცდილების გავლენით.

 – ალბათ, ამ ყველაფრისგან დისტანცირება გჭირდებოდათ.

მინდოდა, იგივე ამბავი მომეყოლა სხვის შესახებ. არ მსურდა, პირდაპირ მეთქვა, რომ ,,სიტყვებმა მიმატოვეს.“ ამ პათოსის ლექსები წამიკითხავს და არ მომწონს. მე სიჩუმეზე არ მისაუბრია, მაგრამ მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრების მანძილზე შეპყრობილი ვიყავი სიკვდილის და მოკვდაობის თემებით. ლექსები, რომლებიც კრებულში – ,,ერთგულების და უმანკოების ღამე“ – ამ თემას ეხება, განსხვავებულია. მათში არ არის სიკვდილთან დაპირისპირების პათეტიკა და გადმოცემული განცდები არ გამოხატავს მიწიერი ცხოვრების ლიმიტირებულობით გამოწვეულ აღშფოთებას. არ ვარ დარწმუნებული, ამ უდარდელობის განცდას თუ მომავალშიც შევინარჩუნებ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ცხოვრება სიკვდილთან დაპირისპირების შემდეგ რაღაც ეტაპზე გიჩნდება სურვილი, რომ სიკვდილიც კი ,,დაიკიდო“ და თქვა: ,,წადი, შენი.“

– როდესაც თქვენი სხვადასხვა წიგნიდან შერჩეული ლექსების კრებული სახელწოდებით ,,ლექსები 1962-2012“ გამოვიდა, წინააღმდეგი იყავით, ამ წიგნისთვის ,,კრებული“ ეწოდებინათ, რადგან  მიგაჩნდათ, ეს თითქოს მიანიშნებდა იმაზე, რომ ამ კრებულის შემდეგ არაფერი ახალი არ იყო მოსალოდნელი.

 – ნამდვილად ასე იყო.

–  მახსოვს ასევე, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით ფრაზა ,,უდროო სიკვდილიც“ კი გამოიყენეთ.

– ,,გამოსათხოვარი სიტყვა.“

„გამოსათხოვარი სიტყვა.“ იმ დროს იცოდით, რომ ,,ერთგულების და უმანკოების ღამე“ დაიწერებოდა?

– არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ამაზე ფიქრის უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს – რატომღაც ყოველთვის თან დამყვება მაგიური განცდა, ჩემი ყოველი წიგნი აღვიქვა გამოწვევად, რომ შევქმნა ახალი. ხანდახან ყველა ჩემს წიგნს ერთად მოვაგროვებ და ვფიქრობ, ყოჩაღ, ფუჭად არ გაგივლია ცხოვრება, მაგრამ შემდეგ მალევე მიპყრობს ფიქრი, რომ წიგნის დასრულებასთან დაკავშირებული სიამაყე კარგი სულაც არ არის. ერთი რამის დანამდვილებით თქმა შემიძლია ,,ერთგულების და უმანკოების ღამესთან“ დაკავშირებით – მგონია, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც ზუსტად ისე იგებს ამ წიგნის სათქმელს, როგორც მე, დაახლოებით ოცდახუთიდან ოცდაათ წლამდეა.

 – და თქვენი აზრით ეს რამ განაპირობა?
– ვფიქრობ, ჩემი ასაკის ადამიანები წიგნთან მოკვდაობის შესახებ თავიანთი განცდებით მიდიან, რადგან სიკვდილი ძალიან აშინებთ. წიგნი სულაც არ არის შიშზე, არამედ იმ ნეტარების მდგომარეობას ეხება, როდესაც ყველა შიში და მოლოდინი დაძლეულია. კითხვის პროცესში გრძნობ, რომ შეგიძლია სიკვდილზე ხელი ჩაიქნიო, რადგან სიკვდილით თავად ხარ გაჟღენთილი, ამის გაცნობიერებისთვის წიგნი სულ არ გჭირდება. ეს რაღაც ღვთაებრივი უდარდელობის მდგომარეობაა. ხანდაზმულ ადამიანებს კი უფრო ის ლექსები მოსწონთ, რომლებშიც მოკვდაობის თემაა წამყვანი ან სადაც ვინმე კვდება.

– როგორიცაა მაგალითად ლექსი ,,ჰორიზონტთან ახლოს“?

– დიახ. ეს ერთ-ერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ლექსია იმ წიგნში, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანები სწორედ მასზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს.

– ამ ლექსში ნამდვილად არის საავადმყოფოს მონიტორი და სიკვდილი.

– მაგრამ შემდეგ მხატვარი მონტანაში მიდის, სადაც სიყვარულს იპოვის.

– ძალიან მომწონს ეს მონაკვეთი.

– მეც. უბედური ცხოვრების შემდეგ მე ხელოვანი ადამიანი სიყვარულით დავაჯილდოვე – მას უკვე ბოიფრენდი ჰყავს!

– არაჩვეულებრივი რამეა, როდესაც სიცოცხლის მიწურულს სიყვარულს პოულობ. ამ ლექსში ასევე მომწონს ის, რომ გგონია დამთავრდა, მაგრამ ამ დროს სრულიად მოულოდნელად გრძელდება და ეს გაოცებს. ასევე რამდენიმე სასაცილო ადგილზე გავამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ სასაცილო პოეტად არ მიიჩნევით.

– სინამდვილეში მე ძალიან სასაცილო პოეტი ვარ, მაგრამ კრიტიკოსები უფრო იმაზე შეშფოთდნენ, რომ ჩემგან  ამას არ ელოდნენ. მე ყოველთვის მინდოდა ქაღალდზე რაც შეიძლება მეტი ემოცია გადმომეტანა და მუდმივად მეცვალა სიჩქარეები.

– მე მაინტერესებს, წერის პროცესში ფიქრობთ თუ არა მკითხველზე, ან თუ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა სხვის აზრს და ეს რამდენად ახდენს თქვენზე გავლენას?
– არა…   ვფიქრობ, წერის პროცესში ერთდროულად ორივე როლი გაქვს მორგებული- მკითხველიც ხარ და მწერალიც. ბევრნაირი მკითხველი არსებობს სამყაროში – გონიერი  მკითხველი, მიუხვედრელი, მაგრამ მგზნებარე მკითხველი, ინფორმირებული მკითხველი, არაინფორმირებული მკითხველი, რომელსაც სტილის შეგრძნება აქვს ან არ აქვს. სტილს კონკრეტულ მკითხველს ხომ არ მოარგებ? მე არ მესმის ეს რას ნიშნავს… საკმაოდ თავდაჯერებული ვარ, რადგან რედაქტორის კარგი ალღო მაქვს და მომწონს, სხვადასხვა ტიპის ნამუშევარს რომ ვეცნობი. მე ჩემი წიგნებისგან სრულიად განსხვავებულ წიგნებზე მიმუშავია. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, განსაკუთრებული სიახლოვე მაკავშირებს ახალგაზრდა თაობის პოეტებთან. ეს საოცარი რამაა – დიდი ენერგიით გმუხტავს. მებრალებიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ აქვთ გააზრებული. მიყვარს, როდესაც სხვებს ვასწავლი. ყოველთვის ვპოულობ აღფრთოვანებას იმაში, რასაც ვაკეთებ – სტუდენტებთან ურთიერთობა ხომ სრულიად განსხვავებულ შეხედულებებთან და აზროვნებასთან კავშირია.

– ბოლოს აუცილებლად ამ სიტყვებით უნდა დავასრულოთ: ,,ისევ გლიკი იმარჯვებს.“

– და ერთი სურათიც უნდა გადავიღოთ.

 

[1] სტეინლი კუნიცი (1905-2006) – ამერიკელი პოეტი

[2] ,,არარატი“ – ლუიზ გლიკის #5 კრებული (1990)

[3] გარდამავალი სილუეტი- ლუიზ გლიკის #3 კრებული (1980)

[4] ველური ზამბახი – ლუიზ გლიკის #6 კრებული (1992)

[5] ცხოვრება სოფელში – ლუიზ გლიკის #11 კრებული (2009)

[6] სპენსერ რისი (1963- ) – ამერიკელი პოეტი

[7] პიტერ სტრექფასი (1969- ) – ამერიკელი პოეტი

[8] კეტი დევისი (1956- )- ამერიკელი პოლიტიკოსი

[9] ფრენკ ბიდარტი (1939- )- ამერიკელი პოეტი

© არილი

Facebook Comments Box