ინტელექტუალები და ძალაუფლება
დიალოგი მიშელ ფუკოსა და ჟილ დელიოზს შორის
მიშელ ფუკო: ერთი მაოისტი მეუბნებოდა: “მესმის, სარტრი რატომაა ჩვენ მხარეს და ისიც მესმის, პილიტიკაში რატომაა ჩართული; შენიც, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მესმის, რადგან ყოველთვის სვამდი ჩაკეტვის საკითხს. აი დელიოზისა კი ნამდვილად არ მესმის.” ამ კითხვამ საოცრად გამაკვირვა, რადგან მგონია, რომ შენ შემთხვევაში ყველაფერი ძალზედ ნათელია.
ჟილ დელიოზი: ეს შეიძლება იმითაა გამოწვეული, რომ თეორიისა და პრაქტიკის მიმართებები დღეს ახლებური სახით წარმოგვიდგება. პრაქტიკას ხან თეორიის გამოყენებად მიიჩნევდნენ, ხანაც, პირიქით, თეორიის შთამაგონებლად, თითქოს იგი თავადაა თეორიის მომავალი ფორმის შემოქმედი. ყოველ შემთხვევაში, მათი მიმართებები გაგებული იყო, როგორც ამა თუ იმ სახის ტოტალიზაციის პროცესი. ჩვენთვის, შესაძლოა, საკითხი სხვაგვარად დგება. (…) ჩვენთვის თეორეტიკოსი ინტელექტუალი აღარ არის სუბიექტი, წარმომდგენელი თუ წარმომადგენლობითი ცნობიერება. ისინი, ვინც მოქმედებენ და იბრძვიან, აღარ არიან წარმოდგენილნი ვიღაცის მიერ, იქნება ეს რომელიმე პარტია თუ სინდიკატი, რომლებიც თავის მხრივ ითვისებდნენ უფლებას, ყოფილიყვნენ ამ ხალხის შეგნება. ვინ ლაპარაკობს და ვინ მოქმედებს? ყოველთვის რაღაც სიმრავლე, თუნდაც იმ პიროვნების პირით, რომელიც ლაპარაკობს ან მოქმედებს. ჩვენ ყველანი ნამცეცა ჯგუფები ვართ. აღარ არსებობს წარმომადგენლობითობა; აღარაფერია გარდა მოქმედებისა, თეორიის მოქმედებისა, პრაქტიკის მოქმედებისა, გარკვეული ტრანსფორმაციებისა და ქსელების ურთიერთკავშირში.
მ.ფ.: ჩემი აზრით, ინტელექტუალის პოლიტიზება ტრადიციულად ორი რამიდან გამომდინარე ხდებოდა: მისი როგორც ინტელექტუალის პოზიცია ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, კაპიტალისტური პროდუქციის სისტემაში, მის მიერ შექმნილ თუ თავსმოხვეულ იდეოლოგიაში (იგი ექსპლუატირებულია, სიღატაკემდეა მიყვანილი, უარყოფილია, “შეჩვენებულია”, დადანაშაულებულია სუბვერსიულობაში, ამორალურობაში და ა.შ.); და მისი საკუთარი დისკურსი, როგორც გარკვეული ჭეშმარიტების გამომმჟღავნებელი, რომელმაც პოლიტიკური კავშირები დაინახა იქ, სადაც მათ ვერ ამჩნევდნენ. პოლიტიზების ეს ორი ფორმა არ იყო ერთი-მეორისთვის უცხო, მაგრამ არც მათი დამთხვევა იყო აუცილებელი. არსებობდა “შეჩვენებულის” ტიპი და “სოციალისტის” ტიპი. ეს ორგვარი პოლიტიზებულობა ადვილად ირეოდა ერთმანეთში ძალაუფლების მხრიდან აგრესიული რეაქციის მომენტში – 1848 წლის შემდეგ, კომუნის შემდეგ, 1940 წლის შემდეგ: ინტელექტუალი უარყოფილი და დევნილი იყო სწორედ იმ მომენტში, როცა საგნები თავიანთ “ჭეშმარიტებაში” ჩნდებოდა; როცა არ იყო საჭირო იმის თქმა, რომ მეფე შიშველია. ინტელექტუალი სიმართლეს ეუბნებოდა იმათ, ვინც მას ჯერ კიდევ ვერ ხედავდა და ლაპარაკობდა მათი სახელით, ვისაც არ შესწევდა სიმართლის თქმის უნარი: ინტელექტუალობა უდრიდა სინდისზე დამყარებულ შეგნებულობასაც და მჭევრმეტყველებასაც.
არადა, რაც ახლახანს მომხდარი ჯანყის მერე აღმოაჩინეს ინტელექტუალებმა (1968 წელს), იყო ის, რომ მასებს ისინი არ სჭირდებოდათ, რათა რაიმე სცოდნოდათ; მათ ყველაფერი შესანიშნავად, ზუსტად, ინტელექტუალებზე ბევრად უკეთესად იციან და ამას მშვენივრადაც გამოთქვამენ. მაგრამ, ამავე დროს, არსებობს ძალაუფლების რაღაც სისტემა, რომელიც აბრკოლებს, კრძალავს და აუძლურებს მათ ამგვარ მეტყველებასა და ცოდნას; ძალაუფლება, რომელიც არა მარტო ცენზურის მაღალ ინსტანციებშია, არამედ საზოგადოების მთელ ქსელში იჭრება ღრმად და ძალზედ ეშმაკურად. თავად ინტელექტუალებიც ძალაუფლების ამ სისტემის ნაწილს შეადგენენ; იდეა, რომ ისინი სინდისის, შეგნებისა და დისკურსის რწმუნებულნი არიან, მათ თავად აქცევს ამ სისტემის ნაწილად. ინტელექტუალის როლი იმაში კი აღარ მდგომარეობს, რომ “ოდნავ უფრო წინ ან ოდნავ უფრო განზე” დადგეს საყოველთაო მუნჯი სიმართლის გამოსათქმელად, არამედ უფრო იმაში, რომ ძალაუფლების ფორმებს ებრძოლოს იქ, სადაც იგი – ინტელექტუალი – ერთდროულად ამ ძალაუფლების ობიექტიცაა და იარაღიც: “ცოდნის”, “ჭეშმარიტების”, “სინდისიერების” და “დისკურსის” სფეროში.
ამიტომაცაა, რომ თეორია ვერასოდეს გამოხატავს, გადათარგმნის ან გამოიყენებს რაიმე პრაქტიკას; იგი თავადაა პრაქტიკა, ოღონდ ლოკალური და რეგიონალური, ანუ თქვენი თქმისა არ იყოს: არა ყოვლისმომცველი. ბრძოლა ძალაუფლების წინააღმდეგ, ბრძოლა მის გამოსავლენად და შესარყევად იქ, სადაც ის ყველაზე უხილავი და ცბიერია. არა ბრძოლა რაიმის “შესაგნებად” (უკვე კარგა ხანია, რაც შეგნება როგორც ცოდნა მასების მიერაა ათვისებული, შეგნება როგორც სუბიექტი კი – ბურჟუაზიის მიერაა მითვისებული), არამედ ბრძოლა ძალაუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად და მის ასაღებად – ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამისთვის იბრძვის, და არა განზე დგომით, მათთვის ჭკუის დასარიგებლად. “თეორია” სხვა არაფერია, თუ არა ამ ბრძოლის რეგიონალური სისტემა.
ჟ. დ.: (…) თეორია არასდროს ეწევა საკუთარი თავის ტოტალიზებას, არამედ გამრავლებასა და თვითგამრავლებას ახდენს. ეს სწორედ ძალაუფლებაა, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ტოტალიზებით ოპერირებს; თუმცა თეორია– თქვენ ზუსტად შენიშნეთ – თავისი ბუნებით ძალაუფლების წინააღმდეგიცაა. მიეჯაჭვება თუ არა თეორია ამა თუ იმ საკითხს, იგი იმთავითვე ეჯახება თუნდაც უმცირესი პრაქტიკული შედეგის გამოღების შეუძლებლობას, თუ მაინცდამაინც რაიმე აფეთქება არ მოხდა, ისიც სრულიად სხვა სფეროდან მომდინარე. ამის გამოა, რომ რეფორმის ცნება ასეთი უაზრო და ფარისევლურია. რეფორმის შემუშავება ან იმ ხალხის მიერ ხდება, ვისაც რეპრეზანტატიულობის პრეტენზია აქვს და სხვების მაგივრად, სხვების სახელით საუბრის უფლებას იჩემებს, რაც ძალაუფლების მითვისებას, ძალაუფლების გადანაწილებას ნიშნავს, მზარდი რეპრესიით რომ ორმაგდება; ან ეს იმათ მიერ დაბეჯითებით მოთხოვნილი რეფორმაა, ვისაც იგი უშუალოდ ეხება, და ამით ის უკვე არა რეფორმა, არამედ რევოლუციური ქმედებაა, რომელიც, თავისი არატოტალური ხასიათიდან გამომდინარე, მიმართულია იმაზე, რომ ძალაუფლება და მისი იერარქიის ტოტალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს ძალზედ ცხადია ციხეებში: პატიმრების ყველაზე მცირე და მოკრძალებული მოთხოვნაც კი საკმარისია პლევენის ფსევდო-რეფორმის სამხილებლად. საბავშვო ბაღში პატარა ბავშვებს რომ შეეძლოთ ვინმესთვის თავიანთი პროტესტის ან, თუნდაც, კითხვების გაგებინება, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა განათლების მთელი სისტემის ასაფეთქებლად. მართლაც, სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვერაფერს ვერ იტანს: საიდანაც გამომდინარეობს მისი უკიდურესი სიმყიფე ნებისმიერ საკითხში, და, იმავდროულად, მისი საყოველთვაო რეპრესიის ძალა. ჩემი აზრით, თქვენ იყავით პირველი, ვინც თავის წიგნებშიც და პრაქტიკულ სფეროშიც რაღაც სრულიად ფუნდამენტური გვასწავლა: ის, რომ სხვების მაგივრად საუბარი უზნეობაა. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ კი დავცინოდით რეპრეზენტატიულობას, ვამბობდით, რომ ეს დამთავრდა, მაგრამ ჩვენ არ გამოგვიტანია ამ “თეორიული” გარდაქმნიდან დასკვნები, არ გაგვიცნობიერებია თეორიის მოთხოვნა, რომ იმ ხალხმა, ვისაც ეს ეხება, ერთხელ და სამუდამოდ თავად უნდა დაიწყოს ლაპარაკი თავისი ინტერესების დასაცავად.
მ.ფ.: და როცა პატიმრები ალაპარაკდნენ, მათ ციხის, სასჯელაღსრულების და სამართლიანობის შესახებ საკუთარი თეორია აღმოაჩნდათ. ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული ამ სახის დისკურსი, პატიმრების თუ დამნაშავეებად წოდებულთა ეს კონტრ-დისკურსი არის სწორედ მთავარი, და არა დამნაშავეობის შესახებ თეორია. ციხეების ეს პრობლემა ლოკალური და მარგინალურია, რადგან ყოველწლიურად ციხეებში 100 000 ადამიანზე მეტი არ ხვდება; მთლიანობაში დღეს საფრანგეთში შეიძლება 300 000 ან 400 000 ადამიანია, ვინც ოდესმე ციხეში მოხვედრილა. და მაინც, ეს მარგინალური პრობლემა თავზარს სცემს ხალხს. ძალიან მიკვირდა, როცა ვხედავდი, რომ ციხეების პრობლემით ამდენი ადამიანი ინტერესდებოდა, რომელიც თვითონ არ იყო ციხეში; და როგორ ისმენდნენ ისინი პატიმართა იმ დისკურსს, რომელიც არ იყო მათზე გათვლილი. რითი აიხსნება ეს? იქნებ იმით, რომ, ზოგადად, სასჯელაღსრულების სისტემა ის ფორმაა, რომელშიც ძალაუფლება, როგორც ძალაუფლება, ყველაზე აშკარად ავლენს თავს? ვიღაცის ციხეში ჩასმა და დატოვება, მისთვის საკვების, გათბობის მოკლება, გარეთ გასვლის, სიყვარულის უფლების წართმევა და ა.შ., ეს ყველაფერი ძალაუფლების ყველაზე მძვინვარე სახის გამოვლინებაა, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ერთხელ, ერთ პატიმარ ქალს ველაპარაკებოდი, და მან თქვა: “წარმოგიდგენიათ, მე, ორმოცი წლის ქალი, ერთ მშვენიერ დღეს ციხეში იმით დამსაჯეს, რომ ცარიელ პურზე დამსვეს.” რაც ამ ამბავში გამაოგნებელია, არის არა მარტო ძალაუფლების განხორციელების ბავშვურობა, არამედ ის ცინიზმიც, რომლითაც იგი ახორციელებს თავს, როგორც ძალაუფლება, ყველაზე არქაული, მიამიტური და ინფანტილური ფორმით. ცარიელ წყალზე და პურზე ჯდომა რაცაა, ბავშვობაში ვსწავლობთ. ციხე ერთადერთი ადგილია, სადაც ძალაუფლებას უკიდურეს განზომილებებში, შიშველ მდგომარეობაში შეუძლია თავის გამოვლენა და, ამავე დროს, თავის გამართლება, როგორც მორალური ძალის. “დიახაც, მე მაქვს მიზეზი დასასჯელად, რადგან, მოგეხსენებათ, ცუდია ქურდობა, კაცისკვლა…” ციხეებში განსაცვიფრებელი სწორედ ისაა, რომ, აქ მაინც, ძალაუფლება არ იმალება, არ ინიღბება; რომ იგი, სრულიად ცინიკურად, თავს ავლენს, როგორც უმცირეს დეტალებში გაწერილი ტირანია, და რომ, ამავე დროს, იგი სუფთაა, სრულიად “გამართლებულია”, რამდენადაც მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი თავის ფორმულირება მისი არსებობის მომცველი მორალის ფარგლებში: ამგვარად, მისი უხეში ტირანია წარმოგვიდგება როგორც სიკეთის გასხივოსნებული ბატონობა ბოროტებაზე, წესრიგისა ქაოსზე. (…)
ეს სირთულე, ჩვენი უძლურება, ვიპოვოთ ბრძოლის ადეკვატური ფორმები, იმით ხომ არაა გამოწვეული, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის ძალაუფლება? ბოლოსდაბოლოს, XIX საუკუნემდე მოგვიწია დაცდა, რათა შეგვეტყო, თუ რას წარმოადგენდა ექსპლუატაცია, მაგრამ ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა არის ძალაუფლება. და ალბათ ვერც მარქსი და ვერც ფროიდი ვერ დაგვეხმარება იმ ყოვლად იდუმალი, ხან ხილული და ხანაც უხილავი, ერთდროულად ჩვენს წინაშე არსებული და დამალული ფენომენის სრულად გასაგებად, რასაც ძალაუფლება ეწოდება. სახელმწიფოს შესახებ თეორიით, სახელმწიფო აპარატის ტრადიციული ანალიზით ნამდვილად არ ამოიწურება ძალაუფლების განხორციელებისა და ფუნქციონირების სფერო. დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოცანაა: ვინ ახორციელებს ძალაუფლებას და სად ხორციელდება იგი? ამჟამად, ჩვენ მიახლოებით მაინც ვიცით, ვინ ეწევა ექსპლუატაციას, სად მიდის მოგება, ვის ხელში გადის ის და სად ხდება მისი რეინვესტირება, მაშინ როცა ძალაუფლება… მშვენივრად ვიცით, რომ ხელისუფალნი არ არიან ისინი, ვინც ფლობენ ძალაუფლებას. მაგრამ “მმართველი კლასის” ცნება არც საკმარისად ნათელი და არც საკმარისად დამუშავებულია. “ბატონობა”, “ხელმძღვანელობა”, “მართვა”, “სახელისუფლებო ჯგუფი”, “სახელმწიფო აპარატი” და ა.შ., ეს ხომ ცნებათა მთელი თამაშია, რაც ჯერ კიდევ გასაანალიზებელია. ამასთავე, საჭიროა იმის ცოდნა, თუ სადამდე მიდის ძალაუფლება, რა ფორმებით და იერარქიის, კონტროლის, ზედამხედველობის, აკრძალვების, იძულების რომელ, ხშირად უმცირეს, ინსტანციებამდე წვდება იგი. ყველგან, სადაც არის ძალაუფლება, ხორციელდება ძალაუფლება. საკუთრივ პიროვნულად მისი მფლობელი არავინაა; და მაინც, იგი ყოველთვის ხორციელდება რაღაც მიმართულებით და ხალხის ერთ ნაწილს აქეთ მხარეს ტოვებს, მეორე ნაწილს კი – იქით; არ ვიცით, ზუსტად ვის აქვს ძალაუფლება, მაგრამ ყოველთვის ძალიან კარგად ვიცით, ვის არ აქვს იგი.
ჟ. დ.: რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ ამ პრობლემას: კარგად ვხედავთ, ვინ ეწევა ექსპლუატაციას, ვინ იღებს მოგებას, ვინ მართავს, მაგრამ ძალაუფლება ისევ რჩება რაღაც ძალიან ბუნდოვან მოვლენად. მე შემდეგ ჰიპოთეზას წამოვაყენებდი: თვით მარქსიზმმაც კი და, პირველ რიგში სწორედ მან, განსაზღვრა ეს პრობლემა ინტერესის კუთხით (ძალაუფლება უპყრია საკუთარი გამორჩენის ინტერესებით განსაზღვრულ გაბატონებულ კლასს). ამავე დროს, ვაწყდებით შემდეგ შეკითხვას: როგორ ხდება, რომ ხალხი, ვისაც არ აქვს ძალაუფლების მიმართ გამოკვეთილი ინტერესი, მიყვება, ეტმასნება ძალაუფლებას და მისი პატარა ნაგლეჯისთვის მათხოვრობს? შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ, როგორც ეკონომიკური, ისე არაცნობიერი ინვესტიციების კუთხით, გამორჩენის ინტერესი არ არის საბოლოო სიტყვა; რომ არსებობს სურვილის ინვესტიციებიც, რომლებიც ნათელს ხდიან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გვსურდეს არა ჩვენი ინტერესის საწინააღმდეგოდ (რადგან ინტერესი ყოველთვის თანმდევია და იქ იმყოფება, სადაც მას სურვილი ადგილს მიუჩენს), არამედ უფრო ღრმად და ბუნდოვნად, ვიდრე ეს ამ ინტერესს შეესაბამება. ჩვენ ვერ წავუყრუებთ ვილჰელმ რაიხის ყვირილს: არა, მასები არ შეუყვანიათ შეცდომაში, იმ მომენტში მათ სურდათ ფაშიზმი! არსებობს სურვილის ინვესტიციები, რომლებიც ან აყალიბებენ ან ფანტავენ ძალაუფლებას, და რომლებიც ახერხებენ, რომ ძალაუფლება ერთდროულად მოიპოვებოდეს როგორც ერთი ჩვეულებრივი პოლიციელის, ისე პრემიერ-მინისტრის დონეზეც, და რომ, არსებითად, თითქმის არანაირი განსხვავება არ არსებობდეს იმ ძალაუფლებას შორის, რომელსაც ერთი პატარა პოლიციელი ახორციელებს და, იმას შორის, რომელსაც მინისტრი ახორციელებს. სწორედ სოციალურ კორპუსთან მიმართებაში სურვილის ინვესტირების ბუნებით აიხსნება, თუ რატომ შეუძლიათ პარტიებს ან სინდიკატებს, რომლებიც წესით იმთავითვე, კლასის ინტერესების სახელით, რევოლუციურ ინვესტიციებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი, სურვილის დონეზე რეფორმისტული ან პირწმინდად რეაქციული ინვესტიციები ჰქონდეთ.
მ.ფ.: როგორც თქვენ ამბობთ, სურვილს, ძალაუფლებასა და ინტერესს შორის ურთიერთკავშირი იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გვგონია, და სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ იმათ არ ჰქონდეთ ძალაუფლების განხორციელების ინტერესი, ვინც მას ახორციელებს; ის, ვისაც აქვს ძალაუფლებისადმი ინტერესი, მას არ ახორციელებს, და, საერთოდაც, ძალაუფლების სურვილი ძალაუფლებასა და ინტერესს შორის ისეთ კავშირს აბამს, რომელიც ახლაც სრულიად უნიკალურია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მასებს, ფაშიზმის რაღაც მომენტში, სურთ, რომ ვიღაცებმა განახორციელონ ძალაუფლება, ვიღაცებმა, ვინც მათი მსგავსნი არ არიან, რადგან ეს ძალაუფლება მათზე და მათ ხარჯზე განხორციელდება, მათ სიკვდილამდე, მათ მსხვერპლად შეწირვამდე, მათ ამოჟლეტვამდე, და მაინც, მათ სურთ ეს ძალაუფლება, მათ სურთ, რომ ეს ძალაუფლება განხორციელდეს. სურვილის, ძალაუფლების და ინტერესის ეს თამაში ჯერ კიდევ შეუცნობია. დიდი ხანი დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ რა არის ექსპლუატაცია. სურვილის გაგებას კი ჯერ კიდევ კარგა ხანი დაჭირდება. შესაძლებელია, ის ბრძოლები, ამჟამად რომ მიმდინარეობს, ისევე, როგორც ეს ლოკალური, რეგიონალური, წყვეტილი თეორიები, რომლებიც გზადაგზა ყალიბდება ამ ბრძოლებში და მათთან კავშირში ერთ მთლიანობას წარმოადგენს, აღმოჩნდეს დასაბამი იმის გაგებისა, თუ რა სახით ხორციელდება ძალაუფლება.
4 მარტი, 1972; L’Arc, no. 49
ფრანგულიდან თარგმნა ლუკა ნახუცრიშვილმა
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
One Comment
gesho
სურვილების ინვესტიციების შესახებ აბზაცი ვერ გავიგე რაღაც