Uncategorized

თამარ მღებრიშვილი – (Non-)Polish Poland – მცირე მოგზაურობა

ვარშავა

20-21 ოქტომბერი

– თბილისზე რას იტყვი?

– საოცრად ამაღელვებელია.

ვარშავისკენ მიმავალს, თვითმფრინავში, წნევისა თუ უძილობისგან გათიშულს, ჩემ უკან გამართული დიალოგის ფრაგმენტები მესმოდა. თბილისი ამაღელვებელია, მაგრამ ღელვა, რომელიც ტურისტებს იპყრობთ სხვაა, სასიამოვნო. ჩვენ კი, ვინც თბილისში ვცხოვრობთ, სხვანაირად გვაღელვებს ეს ქალაქი. ესეც სევდაა. თავისებური. „ისევ და ისევ – ის სევდა/ისევ და ისევ – ის ურვა!/ ისევ და ისევ იმ სევდამ/გულის გაგლეჯა ისურვა..“ და რომ ინათა, უკვე ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტში, დიდზე დიდი ჩემოდნით, უსაშველო რიგში ვიდექი.

ისეთი ტაქსი გვჭირდებოდა, ოთხი ადამიანის ორ დიდ და ორ საშუალო ჩემოდანს რომ დაიტევდა, გასასვლელში ვიდექით და ველოდებოდით, დიდი დრო არ დასჭირვებია, დაახლოებით 5 წუთში მოვიდა. ჩვენც ინგლისურად დავუწყეთ მძღოლს საუბარი და ჩემოდნებთან დაკავშირებული საკითხების ახსნა. უარი გვითხრა, ნოეს კიდობანს ნამდვილად არ ჰგავდა იმის მანქანა, ამდენი ბარგისთვის გაეძლო. დავიწყეთ ქართულად აზრთა მიმოცვლა, ამ მეტად „პრობლემატურ“ საკითხზე და ანეკდოტად ქცეული ჩვენი ქვეყნის სოციალური პრობლემა სიცილნარევი „ვაჰ, ქართველები ხართ“ ფრაზით გახმიანდა.  ტაქსის მძღოლი ქართველი აღმოჩნდა.  

სასტუმრო, რომელშიც ორი დღე უნდა გაგვეტარებინა, კონსტიტუციის 1-ელ ნომერში მდებარეობდა. წარმოიდგინეთ იგივე თბილისი, თავისუფლების მოედანი, ყოფილი მერიის შენობა და ხედი იქიდან, დაახლოებით მსგავსი ესთეტიკის ადგილას აღმოვჩნდი. ნომერში შესვლისთანავე ფანჯარასთან მდგარმა მაგიდამ და ზედმეტად კომფორტულმა სკამმა ლეპტოპი ხელში ამაღებინა და ამ წერილის წერა დავიწყე.

ოდესღაც არც ისე დიდი ქალაქი იყო ვარშავა.  ნელ-ნელა, თანდათანობით იზრდებოდა ვისლას ნაპირებთან და ივსებოდა ვაჭრების ხმაურით, ეკლესიების ზარებისა და სამეფო ეტლების გრიალის ხმებით. ეს ქალაქი საუკუნეების განმავლობაში იკრებდა ძალას და, აი, 1596 წელს, სამეფო კარმა კრაკოვიდან ვარშავაში გადმოინაცვლა.

რადგან ჩემი მიზანი ამ ქალაქის ისტორიის თანმიმდევრულად მოყოლა არ არის, მე-20 საუკუნეში გადავინაცვლებ, 1939 წელში,  პირველ სექტემბერს,  ვარშავის ცაზე რომ ბომბდამშენები გამოჩნდნენ.

ალბათ, იმ დილით ქალაქში ყველაფერი ჩვეულად და  ჩვეულებრივად დაიწყებოდა.  ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენიმე საათში ნაცნობი ხმები რომ  შეიცვლებოდა და  ქუჩებს აფეთქებების გრუხუნი შეავსებდა, სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრეოდა და ომი, ძალიან სასტიკი ომი, მათ სახლის კარამდე მიაღწევდა.  

ქალაქის ებრაული მოსახლეობა გერმანელებმა გეტოში გამოკეტეს.  ათასობით ოჯახი საკუთარ სახლებს, ნივთებსა და ჩვეულ ცხოვრებას მოსწყდა. ადამიანები უკიდურესად მცირე სივრცეში მოაქციეს, შიმშილისა და დაავადებების პირისპირ დატოვეს. კედელი, რომელიც გეტოს გარშემო აღმართეს, ერთმანეთისგან ყოფდა სიცოცხლესა და სიკვდილს, თავისუფლებასა და ტყვეობას.  ნაცისტებმა გეტოს განადგურება დაიწყეს,  იქ დარჩენილმა ებრაელებმა კი –  აჯანყება.  ბრძოლა თითქმის ერთი თვე გაგრძელდა. გეტოსთან  ერთად დაინგრა ათასობით ადამიანის ცხოვრება, დაიწვა სახლები, სრულიად გაქრა ოჯახების კვალი.

1944 წლის აგვისტოში პოლონეთის წინააღმდეგობის მებრძოლებმა ისევ აიღეს იარაღი და გერმანელთა ოკუპაციისგან ქალაქის გათავისუფლება სცადეს. მათ სურდათ, ვარშავა საბჭოთა ჯარების ქალაქში შესვლამდე თავადვე დაებრუნებინათ. ბრძოლამ და შეტაკებებმა ქუჩებში გადაინაცვლა, სახლები სანგრებად იქცა.

აჯანყება 63 დღე გაგრძელდა.

სამოცდასამი დღე იმედის, შიშის, დაღლილობისა და წინააღმდეგობისა.  მიუხედავად ყველა მცდელობისა, აჯანყება მარცხით დასრულდა.  გერმანელებმა მოსახლეობა ქალაქიდან გააძევეს და ვარშავის სისტემატური განადგურება დაიწყეს. ქუჩები დაცარიელდა. სახლები გადაწვეს, ისტორიული ძეგლები ააფეთქეს, ბიბლიოთეკები და მუზეუმები გაძარცვეს ან ცეცხლს მისცეს.

ქალაქის დაახლოებით ოთხმოცდახუთი პროცენტი განადგურდა.

1945 წლის იანვარში საბჭოთა ჯარები ვარშავაში შევიდნენ. მაგრამ რას ნიშნავს ქალაქის გათავისუფლება, როდესაც გასათავისუფლებელი ქალაქი  აღარ არსებობს? როდესაც მისი ქუჩები ნაცრითა და ფერფლითაა დაფარული, ხოლო  მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგულია?

ომის შემდეგ პოლონეთი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცა. გერმანელების ნაცვლად ქვეყანას ახლა კომუნისტური რეჟიმი მართავდა. შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა პოლიტიკური წესრიგი, შეიცვალა ქალაქის იერიცა და არქიტექტურაც. ვარშავაში საბჭოთა გავლენის სიმბოლოდ კულტურისა და მეცნიერების სასახლე აღმართეს, რომლის მშენებლობაც სტალინის ბრძანებით დაიწყო და ე.წ. საჩუქარი იყო პოლონელი ხალხისადმი. ამ შენობას დღესაც ნახავთ აღლუმების მოედანზე (Plac Defilad), და თუ მისი სიცივე და სიუხეშე თვალებს მოგჭრით, გაიხსენეთ, რომ აქ არაერთს, და მათ შორის ლეონარდ კოენსაც უმღერია   ……..  “There is a crack in everything. That’s how the light gets in”  …………..

ყველაფერი, რაზეც ახლა ვწერ,  21 ოქტომბერს საკუთარი თვალით ვნახე ვარშავის აჯანყების მუზეუმში.

მუზეუმი  ვოლას უბანში მდებარეობს და აჯანყების დაწყებიდან სამოცი წლის შემდეგ გაიხსნა. რამდენიმე სართულზე გაშლილი გამოფენა ოკუპირებული ვარშავის ყოველდღიურობაზე, აჯანყების დღეებსა და მისი ტრაგიკული დასასრულის შესახებ გვიყვება.  ფოტოები, ხმები, წერილები, იარაღები, ძველი გაზეთები, ტანსაცმელი  – აქ ყველაფერია, რაც იმ დროში დაგაბრუნებთ და ამასთან შეხვედრა მარტივი ნამდვილად არ იქნება.

ცალკე სივრცე ეთმობა ყველაზე ახალგაზრდა აჯანყებულებს. პატარა მეამბოხეების ოთახში ყოფნა განსაკუთრებით აუტანელია, რადგან ომი ბავშვობის საზღვრებსაც არღვევს. ვნახე აჯანყების კადრებიც და დაფერფლილი, გამქრალი ვარშავაც, რომელსაც პატარა კინო-სცენაზე,  360 გრადუსით, თვითმფრინავიდან გადაღებულ კადრებში აჩვენებდნენ.

ქალაქის ქუჩებში მემორიალური დაფები ცალკე ამბებია, ისინი გვაუწყებენ, რომ ეს არის „ადგილი, რომელიც ნაკურთხია სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული პოლონელთა სისხლით. აქ, 1943 წლის 2 დეკემბერს, ფაშისტებმა დახვრიტეს 34 პოლონელი“ ….

მუზეუმიდან გამოსვლისას დაგუბებული ფიქრებისა და ემოციების შესამსუბუქებლად ვარშავის მთავარ მოედანს მივაშურე, მეფის სასახლისკენ. ეს სასახლე საუკუნეების განმავლობაში პოლონეთის მეფეების რეზიდენცია და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, ისევე როგორც სხვა ბევრი შენობა, ისიც განადგურდა და შემდგომში ფაქტობრივად საძირკვლიდან აღადგინეს. აქეთ-იქით ხეტიალისა და შუალედებში ოფიციალური, პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ,  ვარშავის სხვა კუთხით გაცნობის დროც დადგა.  

მთავარ მოედანთან ახლოს უამრავი კაფე-რესტორანია და სულაც არ გამკვირვებია, რომ მათ შორის ყოველი მეორე თუ არ, ყოველი მეხუთე მაინც ქართული იყო, მაგრამ ამჯერად პოლონურისკენ გავეშურეთ და  ყველაზე ავთენტური გარემოც შევარჩიეთ.

რამდენიმე ნაციონალური კერძი გავსინჯე, მათ შორის პეროგი,  და თუ ჩემსავით რამე ნამცხვრისმაგვარზე გაგეფიქრათ, მწარედ შეცდით. პეროგი უფუარი ცომისგან მზადდება და პატარა ნახევარმთვარეებს ჰგავს, რომელთა შიგთავსიც შეიძლება კარტოფილისა და ყველის, ხორცის, კომბოსტოს ან სოკოსი იყოს. ტკბილი, სადესერტო ვარიანტებიც არსებობს, ხილის შიგთავსით.  ამ კერძზე პოლონურ კულტურაში ბევრი მითქმა-მოთქმა, მითი და ლეგენდაც გვხვდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თავისი მფარველიც  ჰყავს: „Święty Jacek z pierogami!“ (წმინდა სუმბული და მისი პეროგი!),  ძველ პოლონურში ეს წინადადება თურმე გაკვირვებას გამოხატავდა.

შემდეგი  იყო ბიგოსი, რომელიც  კომბოსტოს, სოკოსა და სხვადასხვა ხორცის კომბინაციაა.  ბიგოსს სხვანაირად მონადირის კერძსაც ეძახიან და როგორც გავიგე, მომზადებისთვის უმეტესად ღორის ხორცს, ბეკონს ან პოლონურ სოსისს იყენებენ.  ტრადიციების მიხედვით, ჩაშუშვის პროცესი ორიდან ოთხ დღემდე გრძელდება, რაც, ალბათ, რესტორნებში ნაკლებად გამოსდით.

ცივ ამინდს განსაკუთრებით მოუხდა ე.წ ბორშჩი, ოღონდ არა ისეთი და იმ ფორმის,  მე რომ ვიცოდი. ჭარხლისგან დამზადებული, ეს მუქი წითელი შეფერილობის წვნიანი, რომელიც ერთდროულად მოტკბოცაა და მომჟავოც, პოლონეთში ჭიქით მოაქვთ და ნებისმიერ კერძს ბრწყინვალედ ეხამება.

ბოლოსთვის კი ის შემოვინახე, რომელიც, წესითა და რიგით, მთავარ კერძებამდე მოდის სუფრაზე.  Placki Ziemniaczane, ანუ კარტოფილის ფანქეიქები. გაიფიქრებ, სად კარტოფილი, სად ფანქეიქი, მაგრამ ამის გასინჯვის გარეშე პოლონეთიდან ნუ წამოხვალთ )))

მეორე დღეც მიიწურა და აბარგების დრო დადგა, ამ წერილშიც აჯობებს,  ვარშავიდან კრაკოვში გადავინაცვლოთ, სადაც დიდი, დიდი ამბები მოხდა.

კრაკოვი

22-25 ოქტომბერი

მატარებლის ბილეთები წინასწარ შეგვიძინეს, ამიტომ სადგურში ადრე მისვლა და რიგში დგომა არ მოგვიწია, 10-ს რომ 20 წუთი აკლდა პირდაპირ ბაქანზე ჩამოვდექით და ვარშავა-კრაკოვის მატარებელში ავედით. მგზავრობის დრო დაახლოებით 2 საათი იყო და ე.წ. კუპეებად დაყოფილმა მატარებელმა ცოტა ხნით მუშაობის შესაძლებლობაც მომცა.

კომფორტულად ვიმგზავრეთ, ერთადერთი პრობლემა ინტერნერტის არქონა იყო და ჩემი ლეპტოპიც გაჯიუტდა, არაფრით უკავშირდებოდა ტელეფონის ინტერნეტს, ასე და ამგვარად ჩავაღწიეთ კრაკოვში. წვიმდა, ქოლგები კი გვქონდა და სასტუმროც ახლოს იყო, დაახლოებით ფეხით ათი წუთის სავალზე, მაგრამ წვიმამ მაინც დაგვასველა და გალუმპულებმა შევაბიჯეთ სასტუმრო „თეატრში“.  ჩემს ნომერს ჯერ კიდევ ალაგებდნენ და  ყველაზე დიდხანს ლოდინი მე მომიწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ დროის გასაყვანად ისევ პოლონურ ჩანაწერებს უნდა დავბრუნებოდი.

კრაკოვის პროგრამა შედარებით დატვირთული იყო, ამ პერიოდში  წიგნის ფესტივალიც იმართებოდა და რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც დაიგეგმა, მაგრამ მათ შორის იყო კიდევ ერთი, რომელიც, აი, იმ დიდ ამბებს გულისხმობს, ზემოთ რომ ვახსენე.

ვინ შეიძლება პოლონეთში ყოფნისას მეგზურობა გაგიწიოს, თუ არა კატია ვოლტერსმა, რომელიც 22 ოქტომბერს ჩამოდიოდა და ერთად ვაპირებდით ოლგა ტოკარჩუკის ახალი წიგნის – “Świata jest za dużo” –  პრეზენტაციაზე წასვლას.  23 ოქტომბრის დილით, ადრიანად, კატიასთან შესახვედრად წავედი, ტოკარჩუკის საღამო 5 საათზე იყო და იქამდე პატარ-პატარა ექსკურსიებისთვის დრო გვქონდა.

კატია ებრაელების უბანში ცხოვრობდა, იქვე შევხვდით და მოედანზე არსებულ სინაგოგაში შევედით. როგორც მითხრა, ამ ადგილას იშვიათადაა ხოლმე იმდენი ხალხი, რამდენიც იმ დილით დაგვხვდა, საექსკურსიო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნიდან. სინაგოგაში პირველად ვიყავი, ეს საკმაოდ ძველი სინაგოგაა, დიდი ისტორიით, რომლის მთელ შიდა სივრცეში ებრაელთა საფლავებია. ებრაელები თურმე საფლავებზე ყვავილებს არ აწყობენ, რადგან ყვავილი ხმება, მისი სიცოცხლე და სილამაზე წარმავალია, დროებითია, მარადიული ქვაა, ამიტომ საფლავებზე, ფაქტობრივად, კოშკებად იყო აღმართული ქვები, პატარა კენჭები. აქვე იყო სასწაულმოქმედი რაბინის საფლავიც. ფაშისტები რომ პოლონეთში შეიჭრნენ, თურმე ამ საფლავის განადგურება უცდიათ და როგორც კი ერთ-ერთს მახვილი აღუმართავს, ცამ დაიქუხა და ელვამ გერმანელი ადგილზე მოკლა, ასე, შიშის გამო გადარჩა ეს სასაფლაო განადგურებას. სინაგოგას კედელი არტყავს გარს, რომელიც  ძველი საფლავის ქვებისგანაა აგებული. გერმანელებს, გარეუბანში გადაადგილება რომ უჭირდათ, ეს საფლავის ქვები გამოუყენებიათ გზის მოსაწყობად, მერე კი, წლების შემდეგ, ებრაელთა სათვისტომოს მოუნდომებია და ქვები სინაგოგის გალავნად აქციეს.

შემდეგი გაჩერება კაფე „ხევრე“ (ქართულად „საძმო“)  იყო, რომელიც ადრე სინაგოგა ყოფილა –  გადაუღებიათ, გაუნადგურებიათ, ახლა კი, რესტავრაციის შემდეგ, რისი გადარჩენაც შეძლეს, გადაარჩინეს და პირვანდელი სახით დატოვეს კედლები, დღეს ამ კაფეში დღის ნებისმიერ მონაკვეთში უამრავი ხალხია.

სადღაც შუალედში მე და კატია დავიშალეთ და ტოკარჩუკის პრეზენტაციამდე ნახევარი საათით ადრე შეხვედრა დავთქვით „Audytorium Maximum”-თან. მთელი დარბაზი გაივსო და ამ ადამიანებს შორის ყველაზე მეტი ახალგაზრდა იყო, სავარაუდოდ, სტუდენტები.

უზარმაზარი, განათებული სცენა, ტოკარჩუკის ახალი წიგნი და აი, ოლგაც შემოდის. ტაშიიი, ტაშიიი, ტაშიიიიი, მქუხარე ტაში, დაინგრა და ჩამოინგრა მთელი დარბაზი.

რამდენიმე თვით ადრე არილის პოლონური ნომერი გამოვეცით და პირველივე ტექსტი ტოკარჩუკის  „როგორ დაიწერა წიგნები იაკობისა“ იყო.  მახსოვს, როგორ ვარჩევდი ფოტოებს ამ ნომრისთვის და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოლგა ტოკარჩუკი ასე ახლოს, ჩემ წინ იდგებოდა.

საუბარს გჟრეგორჟ იანკოვიჩი უძღვებოდა და შეხვედრის მთავარი თემა ახალ წიგნთან ერთად საკუთარი ხმის პოვნის ამბავიც იყო. რას ნიშნავს საკუთარი ხმის პოვნა? მხოლოდ იმას, რომ იცოდე, რისი თქმა გინდა და როგორ თქვა? თუ იმას, რომ შენი ხმის გავლით სხვათა მოსმენაც შეძლო?

ტოკარჩუკის შემთხვევაში ეს კითხვა სრულიად ბუნებრივია, მისი წიგნების სამყარო ხომ ადამიანებით არ მთავრდება და, მით უფრო, მათით არ შემოიფარგლება. აქ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამ სამყაროში ადამიანი არც ერთადერთი გმირია და არც ერთადერთი მთხრობელი. ასე და ამ გზით მივედით მის ახალ წიგნამდე, რომლის სათაურიც თავიდანვე უცხო და უცნობი ფიქრისკენ გიბიძგებს. რამდენი რამაა ამ სამყაროში, რამდენი ამბავი, რამდენი ადამიანი, რამდენი მოგონება, რამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული და ზოგჯერ ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი სიმართლე. ტოკარჩუკისთვის, როგორც ჩანს, სწორედ ეს სიჭარბეა მნიშვნელოვანი.

რომანში მოქმედება 1946 წლის ვროცლავში იწყება. ომი დასრულებულია, მაგრამ ქალაქი ჯერ კიდევ ნანგრევებითაა მოცული. ნარატიულ ცენტრში შემოდის ერთი სახლის ირგვლივ შეკრებილი 21 ადამიანი, რომლებსაც ომმა და ისტორიის სისასტიკემ  საკუთარი სახლები დაატოვებინა. როგორც თავად აღწერს, მისი ახალი წიგნი სიცოცხლის ძალისადმი რწმენის გამოხატულებაა. რწმენისა, რომ კატასტროფის შემდეგაც შესაძლებელია თავიდან აშენება, რომ განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრებაც შესაძლებელია და რომ მრავალფეროვნება ჩვენი სისუსტე კი არა, სიმდიდრეა.

საუბარი ლიტერატურის მომავალსაც შეეხო. ბოლო წლებში ხშირად გვესმის, რომ რომანი თავის მნიშვნელობას კარგავს, რომ თანამედროვე ადამიანს აღარ აქვს დიდი, ვრცელი ტექსტების კითხვის დრო და მოთმინება, რომ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში ამბის მთლიანობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება. აღმოჩნდა, რომ  ტოკარჩუკისთვის ეს უფრო ახალი შესაძლებლობების ძიების საკითხია, ვიდრე დასასრულის გამოცხადება. სამყაროში, სადაც ყველაფერი ფრაგმენტებად იშლება, რომანს ისევ შეუძლია ამ ფრაგმენტებს შორის კავშირების აღმოჩენა. შეუძლია სხვადასხვა ადამიანის ისტორია ერთ სივრცეში მოაქციოს და დაგვანახოს, რომ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილი არ და ვერ იქნება.

საუბარი იყო „(არა-)პოლონურ პოლონეთზეც“, ანუ ტოკარჩუკის თქმით, პოლონეთის იმ ნაწილზე, რომელიც ქვეყნის საერთო, ოფიციალურ ისტორიულ ნარატივში ხშირად არ ჩანს, რადგან მისი წარსული იმ მოვლენებსა და თარიღებს არ უკავშირდება, რითაც ეროვნული მეხსიერება საზრდოობს.  ტერიტორიულად აქ დასავლეთ პოლონეთის ქალაქები მოიაზრება, რომლებიც  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ამ ტერიტორიებს გერმანული წარსული ჰქონდათ. ომის შემდეგ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალა,  გერმანელების წასვლისა და პოლონელების გადასახლების შედეგად აქ ახალი საზოგადოება ჩამოყალიბდა.  ოლგა ტოკარჩუკი სწორედ ამ მრავალშრიან ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას.  მისი აზრით, პოლონეთი არ არის ერთიანი, ჰომოგენური სივრცე, რომელსაც ერთი საერთო წარსული და ერთი ისტორიული გამოცდილება აქვს. „ოცდაჩვიდმეტ მილიონ ადამიანს ერთი  და იგივე ისტორია ვერ ექნება“. და საერთოდ, ვის ეკუთვნის ქვეყნის ისტორია და ვის აქვს უფლება, განსაზღვროს მისი შინაარსი? შეიძლება თუ არა, ერთი რეგიონის, ერთი თაობის ან ერთი ჯგუფის გამოცდილება მთელი ერის გამოცდილებად წარმოვადგინოთ? მწერლის პასუხი ცალსახაა,  ეროვნული იდენტობა ვერ იქნება ერთგვაროვანი, თუ მასში ყველა განსხვავებული გამოცდილებისთვის არ მოიძებნა ადგილი.

ამ თვალსაზრისით, ისტორიის თხრობა მხოლოდ წარსულის აღდგენაც ვერ იქნება, ეს, უპირველესად, იმ ადამიანებისა და ადგილების დაბრუნებაა საერთო მეხსიერებაში, რომლებიც დიდი „ეროვნული ნარატივის“ მიღმა დარჩნენ.  რადგან ქვეყანა ყოველთვის მეტია, ვიდრე მისი ოფიციალური ისტორია, ხოლო საერთო სამშობლო – გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე მის შესახებ შექმნილი ერთიანი წარმოდგენა.

ასეთი იყო ოლგა ტოკარჩუკთან შეხვედრა, რომელსაც აუდიტორიიდან შეკითხვებიც მოჰყვა და ბოლოს ავტოგრაფების დარიგების დროც დადგა.  ყველაფერი  დასასრულს  რომ მიუახლოვდა, ოლგა ტოკარჩუკმა თავის ბანკეტზე დაგვპატიჟა და ჩვენც იქით გავემართეთ, ჩანთაში არილის რამდენიმე ნომერი მედო, მათ შორის 2020 წლის, ყდაზე ტოკარჩუკით და მისი სანობელე ლექციით, და პოლონური ნომრები…. მე კი ყოველ წუთს ვიმედოვნებდი, რომ მათი მწერლისთვის გადაცემის შესაძლებლობა მომეცემოდა.

დარბაზში უამრავი ხალხი, უამრავი კამერა და დიდი, დიდი სიხარული და ხმაურია…  ტოკარჩუკი არილს ხელში იღებს, ფურცლავს, იცინის… დიდებული შეგრძნება იყო, ვერაფერს დავამატებ.  იმ დღიდან არილის ეს ნომრები ტოკარჩუკის ფონდში შეიტანეს.

საღამო რომ დასრულდა, მე და კატია წამოვედით, მეორე დღეს ჩვენ-ჩვენი შეხვედრები გვქონდა და დასვენებაც არ გვაწყენდა არც ერთს.

დიდი ლიტერატურული ამბები კონრადის ფესტივალზე გაგრძელდა, უფრო სწორედ, დაჯილდოების ცერემონიაზე.

კონრადი – დაუმორჩილებლობა

კონრადის მე-18 ფესტივალმა, რომლის მთავარი თემა წელს „დაუმორჩილებლობა“ იყო, სხვადასხვა კულტურის, ენისა და აზროვნების წარმომადგენლები გააერთიანა. რამდენიმე დღის განმავლობაში კრაკოვი წიგნებით, საუბრებით, დისკუსიებითა და ლიტერატურული აღმოჩენებით ცხოვრობდა. მეც ამ დიდი ლიტერატურული თავშეყრის მონაწილე გავხდი და ყოველი დღე ახალ შთაბეჭდილებას, ახალ კითხვასა და ფიქრის ახალ მიზეზს მიჩენდა.

იქიდან დავიწყებ, რომ დაჯილდოების ცერემონია შესანიშნავად იყო ორგანიზებული, გარემოც და განწყობაც ბრწყინვალე. აუდიტორია სავსე იყო ხალხით, იქვე იყვნენ ორგანიზატორებიც, მოწვეული სტუმრებიც, დებიუტანტი ავტორებიც, გამომცემლებიც,  ჟიურის წევრებიც და აი, უკანასკნელთა ამბავმა კი ნამდვილად გამაკვირვა. ჟიურის ყველა წევრი გაგვაცნეს, გაგვიმხილეს მათი ინტერესები, პროფესიული ბიოგრაფია და ეჭვიც არ გამჩენია, რომ იქ არაობიექტური გადაწყვეტილების მოსასმენად ვიყავით მისულები. საკვირველი იყო ისიც, რომ ორგანიზატორებმა სცენაზე იხმეს გამომცემლები, რომლებსაც მადლობის ნიშნად ყვავილები და საჩუქრები გადასცეს. დაჯილდოების შემადგენელი ნაწილი იყო ლექციათა ციკლიც.

წლევანდელი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი ალბერ კამიუს შემოქმედებასა და მის ცნობილ ესეს, „ამბოხებული ადამიანი“, მიეძღვნა, რომლის გამოცემიდანაც 75 წელი გავიდა. კამიუს ამბოხის ფილოსოფიაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დევიდ კამიუ, მწერალი და მთარგმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატის შვილიშვილი, ისტორიკოსი იოანა ოსტროვსკა, პოლიტოლოგი ბასილ კერსკი და მაჩეი კალუჟა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კოლუმბიელი მწერლის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, ხუან გაბრიელ ვასკესის სცენაზე გამოჩენამ. მისი შემოქმედება პოლიტიკურ მეხსიერებას, კოლუმბიის სამოქალაქო ომის ტრავმას, პოლარიზაციას, შეთქმულების თეორიებსა და საზოგადოებაში გამეფებულ სიცრუეს უპირისპირდება. ვასკესმა მოხსენება წაიკითხა კონრადის დაუმორჩილებლობაზე, ხოლო იანკოვიჩმა სიჩუმით ტკბობაზე, სიჩუმე კი არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს ამბოხსა და დაუმორჩილებლობას.

ბოლოს კი იმასაც გაგიმხელთ, რომ წლევანდელი კონრადის პრემიის ლაურეატი მაია გურეცკა გახდა, რომელზეც, იმედი მაქვს,  ქართველი მკითხველი მალე ბევრს შევიტყობთ.

ბოლო გაჩერება

თბილისში წამოსვლამდე ერთი დღე გვრჩებოდა, შედარებით თავისუფალი დღე. დილით ვისლავა შიმბორსკას პარკისკენ გავეშურე, ვიცოდი, რომ იქ, უზარმაზარ კედელზე მისი ცნობილი ლექსი ეწერა –  “Nic dwa razy” („არაფერი მეორდება“) –  პოლონურად ვერ ვკითხულობ, მაგრამ კედლიდან შიმბორსკას კატა ისე შემომცქეროდა, წაკითხვა მაინც ვცადე. პარკში მთელი პოლონური ლიტერატურა დამხვდა – შიმბორსკა, მილოში, გიდროიჩი, ტოკარჩუკი …

დღის მეორე ნახევარში ოსკარ შინდლერის ფაბრიკის მონახულება გვქონდა დაგეგმილი. იქამდე როგორღაც მივაღწიეთ, მაგრამ შესასვლელთან ისეთი რიგი დაგვხვდა,  მოთმინების ძაფი  სადაცაა გაგვიწყდებოდა და უკან დაბრუნებას ვამჯობინებდით, მაგრამ ამის გამოტოვება არ იქნებაო და ჩვენც ყველა ნერვის მოხმობით ველოდით გამყინავი სიცივიდან სითბოში შესვლას, თუმცა  მუზეუმის შიდა სივრცეშიც  გამყინავი სიცივე დაგვხვდა, ოღონდ ისტორიისა და წარსულის,  მეხსიერების გამყინავი სიცივე.

„ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მთელი მსოფლიოს გადარჩენას ნიშნავს“.

ოსკარ შინდლერის ყოფილი ქარხანა და დღეს უკვე მუზეუმი, იმ ტრაგიკული ეპოქის ერთგვარი მატერიალური მეხსიერებაა, როდესაც კრაკოვი ნაცისტური ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. სწორედ აქ, Deutsche Emailwarenfabrik-ში, გერმანელი მრეწველის, ოსკარ შინდლერის ხელმძღვანელობით, ებრაელები იძულებით მუშაობდნენ. მოგვიანებით შინდლერმა დაახლოებით 1 100 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, რითაც ჰოლოკოსტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილიც დაიკავა.

ექსპოზიცია კრაკოვის 1939-1945 წლების ისტორიას აღადგენს.  რეკონსტრუირებული სივრცეები  იმდროინდელი ქალაქის ყოველდღიურობაში გვაბრუნებს, და მერე გგონია შენც იქ იყავი, შენც იქ ხარ,  ამ მეხსიერების ნაწილი და არ იცოდი.   შინდლერის კაბინეტი და ემალის ჭურჭლისგან შექმნილი სიმბოლური ინსტალაციაც ამ მეხსიერების ნაწილია. ყოველდღიური ნივთები, რომლებიც ოდესღაც ჩვეულებრივი ცხოვრების ატრიბუტები იყო, აქ გადარჩენისა და დაკარგული სიცოცხლეების სიმბოლოებია.

დავბორიალობდი ხან გეტოში, ხან ციხეში, ხან სად, ხან სად და ვფიქრობდი – რას  ნიშნავს  საერთოდ გახსოვდეს?  

იმ დილით შიმბორსკას ლექსს ვუყურებდი, არაფერი მეორდებაო, დღის ბოლოს კი ყველაფერმა აქ ნანახმა, ყველაფერი გაამეორა, ყველაფერი გააცოცხლა.

ასეთი იყო პოლონური მოგზაურობა, სასიამოვნოც და მტკივნეულიც, ყველაფერი ერთად და ყველაფერი ცალ-ცალკე.

26 ოქტომბერს თვითმფრინავი ჯერ ვარშავაში ჩაფრინდა, იქიდან თბილისში. სახლში დავბრუნდი.

და მაინც:

– როგორი იყო პოლონეთი?

– საოცრად ამაღელვებელი.

© არილი

Facebook Comments Box